იდეალურად


საუზმის დროა. ჩვენ სასადილოში ჩვეული სიგრილეა და აურაცხელი რაოდენობით ხალხი ირევა. მე მარტო ვზივარ მაგიდასთან და ველოდები როდის მომიტანენ შეპირებულ მოხარშულ სოსისს და ახლად გამომცხვარ ფუნთუშას. მიხარია, რომ დღეს კვერცხი არ აქვთ მენიუში, დღევანდელი საუზმე აშკარად მოერგო ჩემ გემოვნებას. ირგვლივ ბავშვების ტვინის წამღები ჟრიამული ისმის, მე კი ერთადერთი რაზეც შემიძლია ვიფიქრო ესაა ყავა, რომელსაც ველოდები და სიგარეტი, რომლის მოწევასაც მიკრძალავენ სასადილო ოთახში. გვერდზე მაგიდასთან უცხო ეროვნების წარმომადგენლები შეკრებილან და ყურთასმენა წაიღეს იმდენს საუბრობენ, თან მოურიდებლად მაღალ ტონალობაში დაეჩვივნენ საუბარს ბოლო დღეებში, ეროვნება რა შუაშია, თუმცა ვარჩევდი, რომ ცოტა თავდაჭერილნი ყოფილიყვნენ. ბავშვებთან ერთად არიან ჩამოსული, თუმცა წუხელ არაყსა და ლუდს ისეთი მონდომებით ისხამდნენ, რომ ვერაფრით იფიქრებდი მათი ერთადერთი მოტივი ბავშვებისთვის ჰაერის გამოცვლა და მათ დასვენებაზე ზრუნვააო. შემდეგ კარგად, რომ შეზარხოშდნენ და საკუთარ შვილებში ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად ძნელად აღსაზრდელი სუბიექტები შენიშნეს, ერთი ორჯერ მადიანადაც მოსდეს და არც გაუგებარ ენაზე ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილს მოერიდნენ, მომენტალური გულის რევის რეფლექსი ვიგრძენი, დღეს კი ისეთი მზრუნველი მშობლების როლის თამაშით არიან დაკავებულნი, რომ ვერაფრით იფიქრებ თუ წუხელ შეზარხოშებული ბრბოს წარმომადგენლები იყვნენ.

ყველა მაგიდა დაკავებულია, ჩამოსვლისთანავე მითხრეს თქვენ მეთვრამეტე მაგიდაზე მიგიჩინეთ ადგილიო, უკვე მეხუთე დღე იყო, თუმცა ეს მითიური მაგიდა ვერც ერთხელ ვნახე, ყოველი შესვლისას ჩვეული მორიდებულობით ვკითხულობდი იქნებ ჩემი მაგიდა დამანახოთ მეთქი, პასუხი განსხვავებული იყო, თუმცა შინაარსი იგივე – „დღეს მეთვრამეტე მაგიდა არ დაგვიდგამს და აი აქ დაბრძანდითო“. ვერაფრით გავიგე რა აზრი ქონდა ადგილების დანომვრას თუ ამ ნიშნით მაინც არ აპირებდნენ ჩვენ განაწილებას. სასადილოს კარებთან ყოველთვის ვიკეთებდი სათვალეს, იქნებ ვერ დავინახო ჩემი ნომერი და უსაფუძვლოდ შევაწუხო მეთქი პერსონალი, თუმცა არც ამას ქონია არავითარი შედეგი.

განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ამ ხანმოკლე პერიოდში ყველა დამსვენებელზე ვფლობდი ინფორმაციას, არც სხვების საუბრისთვის მიყვარს ყურის დაგდება, ყოველთვის ვფიქრობ რა ჩემი საქმეა მეთქი, მაგრამ ისეთი მონდომებით მეჩხირებოდნენ თვალში, რომ სხვა გზას არ მიტოვებდნენ, გარდა იმისა, რომ მათში ახალი მუზის ძებნით ვყოფილიყავი დაკავებული.

ფიქრებში ვიყავი გართული და საჭმელს უგემურად შევცქეროდი, როდესაც სასადილოს კარები ღორივით ჩასუქებულმა და ტალახისფრად გარუჯულმა მამაკაცმა შემოაღო. უკან მისი წვრილ შვილი და გუშინდელი თავზე ხელაღებული არყის წვეულების მონაწილე მეუღლე მოყვებოდნენ, მამაკაცს, რომელიც ჩემში „საქონლის“ ასოციაციას იწვევდა, მაიკა ღიპზე აეწია და გეგონება ბავშვს ეფერებაო ისე ისვამდა ხელს მუცელზე, ჭეშმარიტად გულის ამრევი სანახაობა იყო, მივხვდი დრო იყო სათვალე მომეხსნა და თბილ-თბილ ფუნთუშებს შევქცეოდი.

ის ის იყო ჭამა უნდა დამეწყო, რომ უკნიდან ნაცნობი ხმა შემომესმა, ნაცნობი რა გუშინ შემომატებული დამსვენებლის ხმა, რომელსაც ბავშვი ჩამნოეყვანა  და იწვოდა ახალი ნაცნობების შეძენის სურვილით – სანაპიროზე ვიჯექი, მზეს ვეფიცხებოდი და მუსიკის სმენით ვტკბებოდი, როდესაც ტელეფონმა დამირეკა, მაშინვე გამოვრთე მუსიკა და ვუპასუხე, საუბარი, რომ დავამთავრე თავიდან ფეხებამდე სველი მამაკაცი შევნიშნე, არა, არ გამიკვირდებოდა ზღვის ნაპირზე სველი ადამიანის დანახვა, ან კი რა იყო ამაში გასაკვირი, მაგრამ ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ტანსაცმლის გაუხდელად შესულიყო წყალში და ახლა სულ სილაში ამოგანგლულიყო, ჩემ გვერდზე შუა ხნის ქალბატონი ნასიამოვნები სახით შესცქეროდა წყალს, როდესაც ეს „წვიმის კაცი“ მოურიდებლად მიეჭრა და სიგარეტი სთხოვა, შემდეგ დიდ ხანს ისაუბრეს, მივხვდი ქალბატონს დროულად უნდოდა მისგან თავის დაღწევა. მალევე ავედი ოთახში და დასასვენებლად გავემზადე, როდესაც ოთახის კარებზე კაკუნი გავიგე, კარები რომ გავაღე მეზობელი ნომრიდან ახალგაზრდა  ქალბატონი შემრჩა ხელში, რომელიც ბავშვთან ერთად ისვენებდა და გადაეწყვიტა უეჭველად მეგობრები უნდა გავმხდარიყავით, აჟიტირებული შემოვარდა ოთახში, აივანზე გავედით (იმ აივანზე, რომელიც რეალობად ქცეული ოცნება იყო, ზედ ზღვის სანაპიროზე გადიოდა, მაგიდა და სკამები იდგა, წიგნი, სიგარეტი, ყავა, და კომპიუტერი), ვკითხე ბავშვი სადაა მეთქი, თუმცა იმდენად იყო აფორიაქებული, რომ კითხვა არ გაუგია მაშინვე „საქმეზე“გადავიდა, ამასობაში გვერდზე ბუნგალოში მუსიკა ჩართეს, მთელი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი და ლამის იყო ავყევი, თუმცა თავი შევიკავე, მივხვდი უზრდელობა იყო, მას ხომ რაღაცის მოყოლა სურდა, მოაჯირს მიეყუდა და მითხრა, ეს ესაა ბანალური რომანტიული კომედიისვის დამახასიათებელი სცენა გადამხდა თავსო, აზრის გამოტანა ვერ შევძელი, მაგრამ გუმანით მივხვდი, რომ იმ სუბიექტზე უნდა დაეწყო საუბარი, რომელიც ტანსაცმლიანად ბანაობის მოტრფიალე იყო, ჩემთვის ვიწექი და მზეს ვეფიცხებოდი, როდესაც გადავწყვიტე სიგარეტი მომეწიაო (ჰოი, საოცრებავ?! ვიფიქრე ჩემთვის სარკასტულად, თუმცა შევეცადე სახეზე სერიოზული და დაინტრიგებული გამომეტყველება შემენარჩუნებინა), ჰოდა ამოვიღე სიგარეტი და გავაგრძელე მზესთან თამაში (არა ეს ქალბატონი, აშკარად არ გამოდგება ჩემ მუზად – კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა თავში), როდესაც ვიღაც მამაკაცი მოვიდა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მკითხა სიგარეტი ხომ არ გაქვთო, მეც რა თქმა უნდა გავუწოდე კოლოფი, როდესაც მითხრა იქნებ სანთებელაც გქონდეთო (ოჰ, რა ორიგინალურია – არ ჩერდებოდა ჩემი გონება) მეც კვლავ დავეთანხმე და ისიც გავუწოდე, არც ამაზე გაჩუმდა და მითხრა იქნებ თქვენ თავად მომიკიდოთ, მე ძალიან სველი ვარო (უუუუუუუ – წავისისინე ფიქრით), კვლავ ვერაფერი ვიეჭვე და მოვუკიდე, ის კი კვლავ არ იძვროდა ადგილიდან, შემდეგ მითხრა წამობრძანდით ბუნგალოში გავიდეთ რამე დავლიოთო, იქვე კი მისი შვილი თამაშობდა სილაში, მისკენ გავაპარე თვალი, მითხრა ჰო, შვილთან ერთად ვარ ჩამოსულიო, შემდეგ პირდაპირ ხელების თვალიერებაზე გადავედი და მარცხენა ხელის არა თითზე ქორწინების ბეჭედი შევნიშნე, ვინაიდან მარჯვენა ხელი ჯერ კიდევ თავისუფალი ქონდა ჩავთვალე, რომ ალბათ აღარ ყავდა მეუღლე, თუმცა ვუთხარი მიპატიჟებას ვერ მივიღებ მეთქი, ბავშვთან ვიყავი დასაბრუნებელი. აქ დაამთავრა ისტორიის მოყოლა, მინდოდა მეთქვა შენამდე ჩემ თვალწინ სხვა ქალთანაც სცადა მეთქი ბედი, მაგრამ თავი შევიკავე, არ მინდოდა მისი ბედნიერების ხელყოფა, თითოეულ ჩვენგანს ხომ ასე ძალიან სჭირდება სჯეროდეს, რომ ის განსხვავებული და ერთადერთია, ჰოდა ენას კბილი დავაჭირე, გულიანად გავიღიმე და ვუთხარი „ვაა“ მეთქი, ჩემ გულწრფელობაში ეჭვი არ შეუტანია და კიდევ უფრო გახარებულმა დატოვა ოთახი.

შუა დღეს, ბუნგალოსთან გავიარე, გვერდზე ოთახის მკვიდრი ქალბატონი შევნიშნე, ლუდს მიირთმევდა „გალუმპულ მამაკაცთან“ (რა ეპითეტებით აღარ შევამკე) ერთად, დანახვისთანავე ხელი დამიქნია, სხვა გზა არ მქონდა და მივედი მაგიდასთან, მიმიპატიჯეს და ლუდი ჩამომისხეს, ვიუარე არ მინდა მეთქი, მამაკცმა, რომელიც არც გამცნობია მითხრა, რატომ არ სვამ მუსულმანი ხარო, ხუმრობას ვერ მივხვდი, სახე ამელეწა, არა იმიტომ, რომ ეს შეურახმყოფელი იყო ჩემთვის, არავითარ შემთხვევაში, არამედ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ უზრდელობად, უტაქტობად ჩავთვალე ამგვარი ხუმრობა, ადამიანებს რელიგიის მიხედვით არასოდეს ვყოფდი, მიხვდა, რომ არ ვაპირებდი სიცილს და მითხრა ვიხუმრე, თუმცა ალბათ უკბილოდო, მეც დავივიწყე ზრდილობის ნორმები და დავეთანხმე, ნამდვილად დიდი ვერაფერი ხუმრობა იყო მეთქი, შემდეგ გვარი მკითხა, ვინაიდან დასამალი არაფერი მქონდა, ვუთხარი და კითხვის ნიშნით შევხედე, მითხრა ძალიან ნაცნობი სახე გაქვსო, ვუპასუხე თქვენ არა მეთქი, შემდეგ ერთი ორი უაზრო დასკვნა გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიღაც მსახიობს მამსგავსებდა და ძალიან „ქარიზმატული“ სახე მქონდა (ეს უკანასკნელი ფრაზა რუსულად მითხრა, მიზეზს ვერ მივხვდი, თუმცა არც ეს მესიამოვნა, არასოდეს მესმოდა რა საჭიროა, როდესაც ორი ერთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანი ვსხედვართ და სხვა ენაზე ვიწყებთ საუბარს, მეზიზღება ეს მატრაკვეცობა), მე არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავიღიმე, ჩემ ახლად გამომცხვარ მეგობარს კი ვუთხარი, რომ მგონი დრო იყო სასტუმროში დასაბრუნებლად, ბავშვი ოთახში ელოდებოდა, დამეთანხმა და გავუყევით გზას, მე მასქიმალურად ზრდილობიანად და კეთილგანწყობილად დავემშვიდობე უცნობს და უკანმოუხედავად გავეცალე იქაურობას. – ჰოდა უკნიდან სწორედ ამ მამაკაცის ხმა შემომესმა, რაღაცნაირად განსხვავებული მეტყველების მანერა ქონდა, მაშინვე ვიფიქრე ისე უნდა გავეცალო აქაურობას, რომ არ მივესალმო მეთქი, ადგა ჩემ მაგიდას აუარ-ჩაუარა მე კი დაჟინებით არ ვაშორებდი თვალს ჩემ წინ მდგომ თეფშს, თუმცა შევნიშნე, რომ თითქმის ბნელ სასადილო ოთახში კურპივით შავი მზის სათვალით გადაადგილდებოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის ჭეშმარიტ უკუღმართობაში, მალევე დავამთავრე საუზმე და გეზი პირდაპი სანაპიროსკენ ავიღე, გარუჯვა მინდოდა, მიყვარს, როდესაც ვაკვირდები, როგორ იცვლის ჩემი კანი ფერს და როგორი ნიჭიერებით გადადის ღია ხორბლისფერიდან მუქ ხორბლისფერში.

ოთახში ავბრუნდი, მაშინვე აივანს მივაშურე, ჩამოვჯექი სკამზე, ჩამოვისხი წვენი, მოვუკიდე სიგარეტს და ნეტარებით აღსავსე თვალებით გავუშტერე თვალი ზღვას. მადიანად გამოვუშვი კვამლი პირიდან, სიგარეტი ჩავაქრე და წიგნი გადავშალე, ქეი რედფილდ ჯემისონის „ღამდება მალე – თვითმკვლელობის გაგება“-ს ვკითხულობდი, წიგნი თავისი შინაარსით დასვენების ამაფორიაქებლად სასიამოვნო დღეებთან არავითარ კავშირში იყო, თუმცა იმდენი წლის განმავლობაში მსურდა მისი წაკითხვა, რომ თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე საკუთარ თავს ამ ინტერესის დაკმაყოფილებაზე უარი ვერაფრით ვუთხარი. ყოველი თავის დამთავრებისას ვფიქრობდი, რომ ეს ჭეშმარიტად საუკეთესო ნაშრომი იყო ამ თემაზე, თითქოს ყველაფერი რასაც ვკითხულობდი ერთი ერთზე ემთხვეოდა ჩემ შეხედულებას, ისტორიები კი, რომლებიც წიგნში იყო აღწერილი ნამდვილად შემაშფოთებლად საინტერესო და ამოუხსნელი იყო. მივხვდი, რომ ყელში არა ერთხელ მოწოლილი თვითმკვლელობის სურვილი მხოლოდ ბავშვური გართობა იყო და მეტი არაფერი, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას გაცილებით მტკიცე პოზიცია და დაბინდული გონება სჭირდება. თვალი მარცხენა ხელის ვენისკენ გამექცა, თითქმის უხილავ იარას დავუწყე თვალიერება, გამახსენდა წერილი, რომელიც მაგიდაზე დავტოვე იმ დღეს, მაშინ ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და თითოეული პრობლემა გადაუჭრელი, თითოეული მოვლენა სევდიანი და მთლიანად სიცოცხლე აზრს მოკლებული  მეგონა. წერილში რას ვწერდი ვერაფრით გავიხსენე, მგონი უბრალოდ ბოდიშს ვიხდიდი და მეტი არაფერი. შევიკეტე აბაზანაში, შევიტანე სამართებელი, მოვუშვი ცხელი წყალი, ავავსე წითელი ჯამი, დავდგი სარეცხი მანქანაზე, ჩავყავი ხელი, რომელიც წყლისგან ნელ-ნელა შეუდარებელ სირბილეს იძენდა, თითები კი ყოველი წუთის გასვლასთან ერთად ნაოჭდებოდა, არ მინდოდა სიკვდილი, მხოლოდ მიმდინარე უაზრობის დასრულება მსურდა, პრობლემების ერთი ხელის მოსმით გადაჭრა, ამიტომ ვერ ვბედავდი სამართებელი მიმეტანა ვენასთან და აუღელვებლად გადმომეშვა ძარღვებიდან შინდისფერი სითხე (როგორც მეფისტოფელი ამბობდა „და მაინც სისხლი სხვა თვისების მქონე წვენია“), წყალი კი ცივდებოდა, რამდენიმე წუთში საკუთარ თავს შემოვუძახე შენ ვალდებული ხარ ეს გააკეთო მეთქი და ოდნავ, ნაზად შევეხე მაჯას, წყალმა ფერი იცვალა, დავფრთხი, მწველმა შეგრძნებამ შემაშინა, მსურდა თუ სიკვდილი იყო დროულად მაინც დასრულებულიყო ყველაფერი, რომ შემდეგ სამარცხვინო პანიკისთვის დრო არ დამრჩენოდა, გონს მალევე მოვეგე, მეორე შეხება უფრო მძლავრი იყო, წყალი კიდევ უფრო ჟანგისფერი გახდა, ჰაერში სისხლის სუნი ვიგრძენი, ამასობაში აბაზანის კარებზე კაკუნი გაისმა, დავფრთხი, ყველაზე მეტად შემაშინა იმან, რომ თუ ახლა ვიღაც წამასწრებდა ფაქტზე ვერასოდეს შევძლებდი ამ სირცხვილის ჩამორეცხვას, თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობა ყველაზე დიდ სირცხვილად მიმაჩნდა, ახლავე გამოვალ მეთქი გავძახე, წყალი გადავღვარე, სამართებელი დავმალე, მაჯა მოვიბანე და  დაფუფქულივით გავვარდი აბაზანიდან, მაშინვე სპირტი დავისხი ჭრილობაზე, ხელი თავსაფრით შევიხვიე და აკანკალებული შევედი ოთახში, შიში მთელი ღამის განმავლობაში არ მტოვებდა, იმის შიში, რომ შესაძლოა ვენა მქონდა დაზიანებული და ძილში, გაუცნობიერებლად დავლევდი სულს, მეორე დილა, რომ გათენდა მივხდვი, რომ შიში უსაფუძვლო იყო და მე საკუთარი ხელით დავეხსენი საკუთარი სურვილითვე მოპატიჟებულ სიკვდილს. არ მესიამოვნა ამის გახსენება, ახლანდელი გადასახედიდან მივხვდი, რომ ეს მცდელობა სრულიად არა სერიოზული იყო, თუმცა შესაძლოა ფატალურადაც დამთვარებულიყო. არ მიყვარს, როდესაც გადაწყვეტილება არ მომყავს სისრულეში, მეზიზღება საკუთარი სიმხდალე, ზოგჯერ შუა გზაზე ვხვდები, რომ მიღებული გადაწყვეტილება, დასახული მიზეზი სავსებით არა სწორია, მაგრამ ვინაიდან ერთხელ ასე ჩავთვალე საჭიროდ, თავს მოვალედ ვთვლი საქმე ბოლომდე მივიყვანო ხოლმე. „მე ეს რადიკალიზმი და საკუთარი უაზრო კანონები დამღუპავს“ – წავიჩურჩულე და ისევ ზღვის თვალიერებით გავერთე, მივხვდი, რომ ასეთი მშვიდი, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, ამინდი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც „ბანანთევზას ამინდშია“ აღწერილი.

საღამომდე კითხვით ვიყავი გართული, საკუთარი უდარდელობის ლამის მშურდა კიდეც (როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს), სანაპირო უკვე ცარიელი იყო, ზღვა კი ღამისგან ჩაშავებული და შიშისმომგვრელი – „ეს მომენტი უნდა გავყინო, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ“ – განვაცხადე ხმამაღლა, კიბე ფეხაკრეფით ჩავიარე, უკანა კარებიდან ქურდივით გავიპარე სანაპიროზე, ქვები მოვაგროვე, ჯიბეებში ჩავიწყვე (უფრო სიმბოლურად, ვიდრე სიმძიმისთვის) და ნელი სვლით შევედი წყალში, ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა იყო, ის რომ არავინ იქნებოდა ვინც ამ ისტორიის ბოლოს იტყოდა „ისე, როგორც ვირჯინია ვულფი“.

 

Advertisements

9 thoughts on “იდეალურად

    1. მეც იმდენ ხანს ველოდებოდი შვებულებას, რომ ჩავჯდომოდი გადარჩეულ წიგნებს. დანაწევრებულად ვერასოდეს ვკითხულობ, თუ ვიწყებ კითხვას მაშინ ბოლომდე უნდა ჩავუჯდე. ნამდვილად მძიმე წიგნია, თუმცა განწყობას არ მიშხამავს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იდეების წყარო კი ნამდვილად არის.

      Like

  1. მთავარია, რომ განწყობას არ გიშხამავს და წერის ხასიათზე გაყენებს.

    მეც მაქვს საშვებულებო წიგნები. აი, სამსახურისკენ გზად, მანქანაში ან კაბინეტში რომ ვერ წაიკითხავ, ისეთები. დაგემოვნებით კითხვას რომ ითხოვენ.

    Like

  2. ეჰ, ბანანა თევზი…

    ეს შენი პოსტიც ზუსტად იმ წიგნებივით წავიდა ახლა, მთელი ყურადღებით რომ უნდა გადაეშვა და თითოეულ ფრაზას გემრიელად ყლაპავ. რაღაცნაირი იყო…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s