არჩევანი


– სიმშვიდე, დასვენება, სიხარული ისეთი შეგრძნებებია, რომლებსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ყველაფრის განადგურება. დანდობა არ იციან, განსაკუთრებულად ჭირვეული ხასიათითაც კი გამოირჩევიან და ვერაფრით ეწყობიან სხვებს, ცხვირს აიბზუებენ ხოლმე და შემოსასვლელში მანამ დგანან სანამ ყველას არ გაყრიან ოთახიდან, შემდეგ კი გამარჯვებული სახით იწყებენ შენში ცხოვრებას.

ვჩუმდები, პასუხს ველოდები. თუმცა ამას არ ვაგრძნობინებ, არ მინდა მიხვდეს, რომ მასზე იმდენად ვარ დამოკიდებული, რომ საკუთარ აზრებზეც კი მისი თანხმობა მჭირდება.

ის ხმას არ იღებს, ჩვეული სერიოზულობით უყურებს მაგიდას და თითების მოძრაობით მახვდრებს, რომ შემიძლია განვაგრძო.

მეც ჯიუტად არ ვიღებ ხმას და ვცდილობ გამომეტყველებით ვანიშნო, რომ დროა მან ისაუბროს, სინამდვილეში კი სათქმელი უბრალოდ არაფერი მაქვს.

ნახევარ საათიანი დუმილის შემდეგ, ხმას იღებს, ოღონდ ამინდზე არ მესაუბრება, არა, მეუბნება, რომ ხვდება რაოდენ ძნელია ჩემთვის ამ ყველაფერზე საუბარი და მთავაზობს, რომ ყველაფერი რაც გულში მაქვს დავწერო, შემდეგ კი ნაწერის სახით გადავცე მას.

თავს ვერ ვიკავებ და მეღიმება, ის კი იმასაც ვერ ხვდება, რომ საუბარი უბრალოდ კი არ მიჭირს, არა, სასაუბრო თემა აღარ მაქვს.

მალევე ვიშორებ იდიოტურ ღიმილს სახიდან და ვეუბნები, რომ შესანიშნავი იდეაა.

საღამოს ვჯდები აივანზე, მესმის ზღვის ტალღების ხმა, ზღვიდან მონაბერ ჰაერს გამალებით ვსუნთქავ და ვფიქრობ რა დავწერო.

ცოტა ხანს გაუნძრევლად ვზივარ და უმეტყველო სახით გავყურებ ჰორიზონტს, შემდეგ კი თითქოს ტვინში რაღაც ფეთქდება და ვიწყებ წერას:

“წერა ყოველთვის მაშინებდა, რატომღაც მეგონა, რომ საუბრისას როგორი დიდი სისულელეც არ უნდა თქვა ამის გამოსწორება შეიძლება, ან ამაზე უბრალოდ არ გაამახვილებენ ყურადღებას, წერა კი სულ სხვა საქმეა, ისეთი კრიტიკული თვალით წონიან შენს ყოველ სიტყვას, რომ სულ პატარა შეცდომაც ნაცარტუტად გაქცევს.

შთაგონება (რომელიც ხშირად მუზაში მერევა, არადა ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა) ყოველთვის უდროო დროს მეწვევა ხოლმე, მაშინ როდესაც არც კალამი მაქვს, არც ფურცელი, არც სიტუაცია. ვცდილობ ხოლმე მაგრად ჩავიბეჭდო ტვინში ის რასაც იმ მომენტში დავწერდი. თუმცა ხელსაყრელი დროის დადგომისთანავე ვერაფრის გახსენებას ვახერხებ, ახლაც განუხორციელებელი იდეა, უფრო კონკრეტულად კი ფურცელზე გადატანამდე გარდაცვლილი იდეა ამომიტივტივდა თავში – იდეალებზე უნდა დამეწერა, ამაზე არასოდეს მიფიქრია, ერთხელ კი სიგარეტის დაჟინებით ქაჩვისას მეგობარმა მითხრა, რომ იდეალისტი, პერფექციონისტი ვარ, ყველასგან ყველაფერს ვითხოვ, მათ შორის საკუთარი თავისგანაც. იმ საღამოს ბევრი ვიფიქრე, მივხვდი, რომ არ ცდებოდა და იმდენი ჭეშმარიტად ლამაზი წინანდადება მომივიდა თავში, რომ ლამის იყო საკუთარი ხელები ხელები ჩამეკოცნა, ის ხელები, რომლებიც ამ წინადადებებს ფურცელზე გადაიტანდნენ. იმ ღამით გაღიმებულს ჩამეძინა, იმის მოლოდინში, რომ დილა ჩემ კიდევ ერთ ნამუშევარს გამოიტანდა დღის სინათლეზე…. გაღვიძებულს კი საკუთარი შთაგონების განყოფილება ისეთი ცარიელი დამხვდა, რომ შიგნით ობობის ქსელსაც კი ვერავინ იპოვნიდა.

ჰო, სიხარული, ბედნიერება, სიმშვიდე, უსაქმურობა, უპრობლემობა მაშინებს, ყველაფერი ის რაც ზოგადად დადებითი იდეის მატარებელია. მაშინებს ზედმეტად მზიანი ადგილები, ადგილები სადაც მხოლოდ ბედნიერი ადამიანები არიან. ჩემ შთაგონებასთან ბედნიერება (ყველა თავი შემადგენელი ნაწილით) არ მეგობრობს.

გუშინ წიგნს ვკითხულობდი თვითმკვლელობაზე, თითქმის ყველა ცნობილი თვითმკვლელი მწერლის ისოტორია იყო განხილული, მათი წინა სასიკვდილო წერილებიც ვნახე და პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ისინი დაუოკებელ ლტოლვას განიცდიდნენ დეპრესიისკენ. ალბათ თითოეული მათგანი ხვდებოდა, რომ უბედურება, სევდა, დაღლილობა, ბრაზი, აგრესია, რომელსაც განიცდიდნენ მათი ქმნილებებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ ამბობდა თითოეული მათგანი უარს მედიკამენტების მიღებაზე.

აბა წარმოიდგინეთ, ცოტაც და კიდევ ერთი შედევრის ბოლო გვერდზე, ბოლო სიტყვას დაუსვამ წერტილს და გასუსული დაელოდები ტაშს, რომელიც იცი რომ არ დააყოვნებს, ამ დროს კი ექიმები გინიშნავენ პრეპარატს, რომელიც ბედნიერებასა და სიცოცხლით ტკბობას გპირდება, დილით იღვიძებ, სრულიად მოულოდნელად ხვდები, რომ ის მტანჯველი შეგრძნება გულს რომ გიჭამდა სადღაც გაქრა, არც შენი ფიქრებია საშინლად ნაცრისფერი და არც ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები გაცოფებს, დასვენებული, გახარებული უჯდები მაგიდას და ის ისაა ბოლო თავის დაწერას უნდა შეუდგე, რომ აღმოაჩენ დასაწერი აღარაფერი გაქვს, ისეთი ცარიელი და ჩვეულებრივი ხარ როგორც არასდროს, მაგრად იხედები გონებაში და გახსენდება წუხელ როგორ მიალაგა ტვინის ყველა ოთახი ბედნიერებამ, როგორ დააწკრიალა ყველაფერი, როგორ გადწია ფარდები, როგორ გაიძულა გაგხსნოდა შუბლი და გაგეღიმა, გახსენდება და სწრაფად გარბიხარ ყველაზე ბოლო ოთახში, გული გეკუმშება, როდესაც მისკენ მიმავალი დერეფანიც თვალის მომჭრელად ნათელია და კედლებიც სხვადასხვა მხიარულ ფერებშია გადაღებილი, კარებზე აბრა აღარ არის, ადრე აშკარად გახსოვს შავით თეთრზე ეწერა “შთაგონება”, გული ყელში გიცემს და აღებ კარებს, შიგნით სიცარიელეა, ვიღაცას ვარდიფერი ფარდები ჩამოუკიდია ფანჯარაზე და სუფთა ჰაერიც ურცხვად იჭრება ოთახში. პანიკა გიპყრობს, ათასჯერ მაინც კითხულობ შენს თითოეულ ნაწერს და ძველებურ შეგრძნებებს ვეღარ იბრუნებ, თითქოს ყველაფერი რაზეც მასში საუბრობდი შენთვის ნაცნობი არასოდეს ყოფილა. იმ მომენტიდან წყვეტ მედიკამენტის მიღებას და ცოტა ხანში ნაცრისფერი ძველებურად გაღელვებს.

დიახ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამას გრძნობდა თითოეული მათგანი, თუმცა წერილებში ამაზე არასოდეს საუბრობდნენ.

მე არასოდეს ვყოფილვარ მწერალი, თუმცა იმისთვის, რომ დავრჩე იმად ვინც ვარ ბედნიერება არაფერში მჭირდება და თუ ოდესმე მთხოვთ არჩევანის გაკეთებას მას აუცილებლად საკუთარი თავის შენარჩუნების სასარგებლოდ გავაკეთებ, დაე მას უბედურების პირმშო უწოდეთ.

მხოლოდ ამის თქმა მინდოდნა, სამწუხაროა, რომ მეცნიერებამ დღემდე ვერ შეძლო ბედნიერებისთვის ფრთების შეკვეცა, ვერ შეძლო მისთვის აკრძალვების დაწესება, ვინაიდან ერთი დაავადების მკურნალობის შედეგად მეორეს აჩენთ, იმ ადამიანს კლავთ ვინც თქვენთან სამკურნალოდ მოიყვანეს, სხვა ბანალური, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სუბიექტით ანაცვლებთ და ეს გიხარიათ კიდეც.”

Advertisements

2 thoughts on “არჩევანი

  1. “სამწუხაროა, რომ მეცნიერებამ დღემდე ვერ შეძლო ბედნიერებისთვის ფრთების შეკვეცა,”– ვინ იტყოდა ამას უკეთესად თუ არა შენ. ნიკოლ კიდმანის ერთ–ერთი პერსონაჟი გამახსენდა გენიალური სიტყვებით: “იმ ცხოვრებით ვცხოვრობ რომელიც არ მინდა, მაგრამ საკუთარს არავინ მაძლევს”. სამწუხაროდ… არა საბედნიეროდ…არა…არ ვიცი მაგრამ ასეა. 🙂

    Like

    1. სამწუხაროდ ბალანსის დაცვაა ხოლმე ძალიან რთული, ან არჩევანის გაკეთება – რომელი ჯობია – როცა იცი რომ არც ერთი ალტერნატივა არ არის გამოსავალი, და ორივე შემთხვევაი მცდარ არჩევანს გააკეთებ.
      შვებულებაში ვარ და ქეი რედფილდ ჯემისონის night falls fast – understanding suicide-ს ვკითხულობ, ეს საუკეთესო წიგნია რაც ამ თემაზე წამიკითხავს, ყველა ცნობილი თვითმკვლელის ისტორიაა განხილული, უბრალო ადამიანების ისტორიებიც. ძალიან საფუძვლიანადაა დეპრესია და თვითმკვლელობა შესწავლილი. ზოგადად თუ ეს თემა გაინტერესებს, მართლა არაჩვეულებრივი წიგნია.

      ჰო და მახარებს შენი კომენატრები ჩემ პოსტებზე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s