მსმენელი


– არ გვინდა ეს სტანდარტული გაცნობის სცენა, ნუ მკითხავთ რამ მომიყვანა თქვენთან, რა მაწუხებს, ან რა შედეგის მიღწევა მინდა, გამივლია თუ არა აქამდე მკურნალობის კურსი და ა.შ. იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დასკვნები შემდეგ თავად გამოიტანეთ. წინასწარ გეტყვით, რომ არ მიყვარს, როდესაც ზედმეტად ბევრ კითხვას მისვამენ, იმასაც მოგახსენებთ, რომ შეუდარებლად შემიძლია სიყალბის აღმოჩენა, ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად გააკეთოთ ყველაფერი რაც გევალებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში ფულს გიხდიან. ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მჭირდება ადამიანი, რომელიც მომისმენს, მომისმენს ბოლომდე, უაზრო ჩართვების გარეშე, ადამიანი, რომლის აზრიც ფეხებზე მეკიდება (შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, უბრალოდ არ გიცნობთ).

დუმს, მშვიდი სახით მიცქერს და ხმას არ იღებს.

მეღიმება:
-იდეალურია, პროფესიონალი უნდა იყოთ, მგონი ზუსტად მიხვდით რას ვგულისხმობ, ოღონდ ნუ გადააჭარბებთ, თორემ ვიფიქრებ, რომ ჩემამდე ბევრი ჩემნაირი გყოლიათ და ამით საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს ერთადერთ რამეს რაც ცხოვრების სტიმულს მაძლევს – ჩემ უნიკალურობას, ამიტომ გირჩევთ ახლავე დაიწყოთ ზრუნვა ”ოქროს შუალედის” პოვნაზე.

დუმს, კვლავ მშვიდი სახით მიცქერს, თუმცა ვატყობ, რომ ცდილობს რაღაც ცვლილება შეიტანოს გამომეტყველებაში.

-შესანიშნავია მგონი გავუგეთ ერთმანეთს. ოღონდ ძალიან გთხოვთ ეს შეშინებული მზერაც მოიშორეთ, გარწმუნებთ, რომ ჩემი პრობლემა აგრესიასთან არავითარ კავშირში არ არის.
კვლავ დუმს, თვალებით მიღიმის და მაგრძნობინებს, რომ შემიძლია განვაგრძო.

-ამ მონოლოგის წაკითხვის შემდეგ მგონი გადამავიწყდა კიდეც აქ რისთვის მოვედი. – ვცდილობ ვიხუმრო, თუმცა მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ მცდელობა ამაოა. -კი ბატონო, განვაგრძოთ, ვხედავ მოირგეთ როლი და არც აპირებთ მისგან გამოსვლას, ჰოდა ძალიან კარგი.

გადახვევას გავაკეთებ, ახლა ერთი სცენა დამიდგა თვალწინ, თქვენ სახლში ხართ, დაღლილი სახით შედიხართ ოთახში, ბავშვებს უღიმით, მეუღლეს თვალებით ანიშნებთ, რომ მოგენატრათ, (დიახ, დიახ ვიცი, რომ დაოჯახებული ბრძანდებით) შემდეგ საჭმელს იმზადებთ და ეუბნებით, რომ დღეს კიდევ ერთი ”გიჟი” პაციენტი გყავდათ, რომელმაც შემოსვლისთანავე მოთხოვნების დაყენება დაიწყო, შემდეგ მოყვებით ჩემზე, ცოტას იხუმრებთ და ყველას ერთად გაგეცინებათ, დანანებით გააქნევთ თავს და იტყვით, რომ შვებულება გჭირდებათ, ამით თქვენ ჩემ კონფიდენციალურობას დაარღვევთ, თუმცა მინდა ახლავე გითხრათ, რომ ეს ნაკლებად მენაღვლება.

პირი გააღო რაღაცის სათქმელად.

-არა, არა, როგორც შევთანხმდით დღეს მე ვსაუბრობ და ძალიან გთხოვთ პატივი სცეთ ჩემ მოთხოვნას, ბავშვებს კი რაც გინდათ ის უთხარით.

მაშ ასე! დღეს მთელი დღე თურქულ სიმღერებს ვუსმენდი, არა ისეთ იაფფასიანს კი არა ახლა თქვენ რომ წარმოიდგინეთ, უკეთესს, ისეთს, როგორიც არასოდეს მოგისმენიათ. ცოტა ხანში მივხვდი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, ჰოდა არჩევანი ორ სიმღერაზე შევაჩერე, რომლებიც სრულად გამოხატავდნენ ჩემ განწყობას.

დილიდან ცხვირში სუნამოს სუნი მაქვს და მგონია, რომ ზედმეტი მომივიდა, თუმცა მომწონს კიდეც ეს ტკბილი სურნელი.

მეგობარს მივწერე, ბევრი არაფერი, უბრალოდ მოვიკითხე, მან კი არ მიპასუხა, აი ასე ადგა და პასუხი უბრალოდ არ გამცა, მაშინვე მიზეზის ძებნა დავიწყე, ოღონდ მას კი არ ვკითხე რა მოხდა მეთქი, არა, ჩემ თავში დავიწყე მიზეზის ძებნა, უფრო კონკრეტულად კი საკუთარი თავი მაშინვე განსასჯელის სკამზე მოვათავსე და დავფიქრდი რაში დამედო ბრალი… ვერაფერი მოვიფიქრე, არაფერი გამახსენდა, ამიტომ თავს გულგრილობა წავუყენე ბრალად.

სითბო მაკლია, არა, ცუდად ვთქვი, სხვანაირად უნდა მეთქვა, ასე გაგიჭირდებათ ჩემი გაგება, სითბო მე მაკლია, ანუ არ მაქვს საკმარისი იმისთვის, რომ გავცე, ამიტომ ცივი ვარ, თუმცა ამ სიცივის გაცემაც მენანება და ძირითადად არაფერს გავცემ, მხოლოდ ვიღებ, ოღონდ მიღებულ სითბოზეც არაფრით ვპასუხობ, პირიქით ზოგჯერ ისეთი აგრესია მიპყრობს ხოლმე, მინდება ვუთხრა, მომწყდნენ თავიდან, არადა აგრესიული ადამიანი არ ვარ, პირიქით ძალიან ჩუმი, უემოციო ვარ ხშირად, არც კონტაქტების დამყარებით ვიკლავ თავს. არ ვიცი ეს რისი ბრალია და ვიმედოვნებ, რომ ამას თქვენი მეშვეობით გავიგებ, ოღონდ ამაში დიაგნოზს არ ვგულისხმობ, წინასწარ გიხდით ბოდიშს იმისთვის რასაც გეტყვით, როდესაც თქვენ დასკვნას მოვისმენ, სწორად გამიგეთ აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი გულახდილი საუბრის შემდეგ მიზეზები თავად ვიპოვნო.

ვჩუმდები, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ ვიღებ. შემდეგ კი ისე, რომ თვალებით ისევ იატაკს ვჭამ, ვაგრძელებ.

გუშინ დერეფანში ახალგაზრდა ქალი შემხვდა, დაბნეული ჩანდა, გადაღლილიც, ეცადა თვალი აერიდებინა ჩემთვის, რაღაცნაირი უხერხულობა გამოსჭვიოდა მისგან, მე ისე შინაურულად მივაბიჯებდი ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ შენობაში, რომ ძალაუნებურად თავი უხერხულად ვაგრძნობინე. ფეხებზე დავუწყე ყურება, არ ვიცი რატომ მომტაცა თვალი მისმა წვივებმა, ახლა თქვენ ალბათ წარმოიდგინეთ გრძელი, თხელი, ლამაზი წვივები, არადა შეცდით, საკმაოდ ხორციანი ქალბატონი იყო სხვათაშორის, არც მის ფეხებში იყო რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი, მაგრამ მომინდა მივსულიყავი და მეთქვა: ”ქალბატონო თქვენ ისე გიხდებათ ეს ფეხსაცმელი”… არ მივედი, არ ვუთხარი, უტაქტობად ჩავთვალე, ახლა კი ვფიქრობ იქნებ ღირდა მივსულიყავი და მეთქვა მისთვის ეს, იქნებ ღირს იშვიათად მაინც გავაკეთო ის რაც ზოგად სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

წერილებს ვწერ, აურაცხელი რაოდენობით წერილებს, ხშირად თავს ვიტყუებ და წარმოვიდგენ, რომ ის ვისაც ამ წერილებს ვწერ ჩემთვის ძვირფასია, არადა არა, ის სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ რამდენიმე წლის წინ დავაჯერე თავი, რომ უნდა შემყვარებოდა და მას შემდეგ ამ ჩვენებას ვაწვები. მომეწონა, როგორც საქონელი ისე შევაფასე, ის ყოველმხრივ აკმაყოფილებდა ”მუზისთვის” აუცილებელ მოთხოვნებს, ჰოდა საკუთარ თავს ვუბრძანე, რომ უნდა შეყვარებოდა. შეუყვარდა? არ ვიცი, ალბათ არა, ვინაიდან ყველაფერი რაც მასში მხიბლავს ჩემი მოგონილია, ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.

დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ არ შევმცდარვარ, მასში იმდენი დადებითი რამ აღმოვაჩინე… თუმცა ეს საგრძნობლად შორდებოდა ჩემი ”მუზის” მოთხოვნებს და ისევ ფანტაზიას მივანიჭე უპირატესობა.

ჰოდა დღეს ვეღარ გავერკვიე ვინ არის ის ჩემთვის, არავინ მეთქი, როცა ვამბობ ვხვდები, რომ საშინლად ვიტყუები. ვეღარც მუზას ვუწოდებ, ის აღარ ბადებს ახალ იდეებს ჩემში, ვერც იმას ვიტყვი, რომ მისი რეალური სახე იმდენად გადასარევი აღმოჩნდა, რომ შემოყვარდა, ჰოდა ვერაფრით შევძელი იმის გარკვევა რა მინდა მისგან, რას ველოდები…

ტუჩებთან თითი მიმაქვს და ვანიშნებ, რომ გაჩუმდეს:

– მე ხომ გითხარით, რომ ვერ ვიტან როდესაც საუბარს მაწყვეტინებენ, როდესაც კითხვებს მისვამენ, როდესაც დასკვნები გამოაქვთ, ხომ გითხარით, რომ არაფერში მჭირდება ეს თქვენი ყბადაღებული და უკვე გადაპრანჭული ფსიქოანალიზი, ამიტომ ბოლომდე მომისმინეთ.

ვიცი რისი კითხვაც გინდოდათ, გსურდათ მესაუბრა დეტალებზე, მეტი მომეყოლა მასზე, გეკითხათ ის რას ფიქრობს ჩემზე…

ვწუხვარ, დღეს მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვაპირებ საუბარს, ამიტომ იმ ინფორმაციით შემოიფარგლეთ, რომელსაც გაწვდით.

ხშირად ვცდილობ გავიგო საბოლოო ჯამში ”ცუდი ადამიანი” ვარ თუ ”კარგი”, მაგრამ დასკვნების გაკეთება ვერაფრით შევძელი, ორივე მხარეს თავისი არგუმენტაცია აქვს, მე კი ეს დაწყევლილი განაჩენი ვერაფრით გამოვიტანე. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ვინმე უფრო მაღლა მდგომი განიხილავს ამ საკითხს, გნებავთ ღმერთი უწოდეთ და გნებავთ სხვა რამ.

იცით, რომელი მწერლების მშურს?! რომლებსაც შეუძლიათ მიუსხდნენ მაგიდას, მოიმარჯვონ კალამი და ფურცელი და დაიწყონ წერა, შემდეგ კი ადგნენ ცოტა ხანს იარონ ოთახში, შემდეგ ისევ წერა განაგრძონ. ასე არასდროს შემეძლო, ჩემი მუზა ძალიან ჭირვეულია, ზოგჯერ ლამისაა სული ამომხადოს დაწერეო, ზოგჯერ კი უკვალოდ ქრება და ზრდილობის გულისთვისაც კი არ მკითხულობს. მე მას ”კახპას” ვეძახი, ნუ მაიძულებთ ახლა ეს დეტალურად განგიმარტოთ, უბრალოდ ასე მომწონს მისი მოხსენიება.

მარტო ვარ, უმეტესად არავინ მყავს, არავინ ვისთან საუბარსაც შევძლებ, ვინც მომისმენს… მარტო ვარ და ხშირად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ზოგჯერ, ისეთ მომენტებში, როდესაც საკუთარი სისუსტე თავს მახსენებს, ვიღაცის საშინელ საჭიროებას ვგრძნობ და მაშინ ვხვდები, რომ ჩემი მხრიდან ბედნიერებაზე საუბარი მსუბუქად, რომ ვთქვათ თავის მოტყუების მცდელობაა. არ ვარ ბედნიერი და მინდა თქვენი სახით ყველას ვუთხრა, რომ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამის გამო, რომ ყველა ფეხებზე მკიდიხართ ვინც ამას უმადურობას უწოდებთ (შეურაცხყოფის გარეშე).

მთელი დღე მეგობრის ლანძღვაში გავატარე, საკუთარ თავს ბრალი ვერ დავუმტკიცე და განტევების ვაცი ხომ უნდა მეპოვნა, ჰოდა ყოყმანის გარეშე შევაწმინდე ხელები, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შევცდი, მან მიპასუხა, იმაზე თბილად ვიდრე ვიმსახურებდი, მომიკითხა…
იშვიათად უმადური ადამიანი ვარ. ვიცი რომ ეს ზოგადად ადამიანების თვისებაა, თუმცა მე ეს გადაჭარბებული დოზით მაქვს.

საერთოდ ვერასოდეს ვახერხებ შუალედის პოვნას, კატეგორიულად რადიკალური ვარ (ხედავთ, როგორი ფრაზა გამოვიდა, მგონი ჩემი ”კახპა” დაბრუნდა)…

ვერ ვიტან, როდესაც თბილად მექცევიან, უფრო სწორად კი ჩემი ”კახპა” ვერ იტანს ამას, მაშინვე იწყებს ჩემოდნის ჩალაგებას და უკვალოდ უჩინარდება, მე კი ის ისე მჭირდება, როგორც არავინ.

მგონი დღეისთვის საკმარისია, შემდეგზე განვაგრძოთ. თქვენ კი სახლში მისულმა რაც გსურთ ის უამბეთ ბავშვებს.

ვემშვიდობები და ვგრძნობ, როგორი შვება ეუფლება მის დაძაბულ სხეულს. 

Advertisements

4 thoughts on “მსმენელი

    1. არ ვგეგმავდი ისეთს, როგორიც გამოვიდა, თუმცა გულახდილია.

      როგორც წესი პოსტის წერის პროცესში რადიკალურად მეცვლება ხოლმე განწყობა, ძირითადად უარესობისკენ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s