ფსკერზე ვართ?!


– ფსკერზე ვართ? – მიჩურჩულა ყურში.
მე არაფერი ვუპასუხე, მხრები ავიჩეჩე შეუმჩნევლად და განვაგრძე წიგნის კითხვა.
– თავს ნუ იკატუნებ, ერთი სიტყვა მაინც თუ გაიგე იქიდან რაც წაიკითხე?!
კვლავ დუმილით ვპასუხობ, ერთ წერტილს ვუკიტკიტებ და ვხვდები, რომ მართლაც არაფერი გამიგია იქიდან რაც წავიკითხე.
ფეხზე დგება, სიარულის მანერაზე ვატყობ, რომ აფორიაქებულია, ცოტა ხანს ბოლთას სცემს, მე კი შეუმჩნევლად ვაპარებ თვალს მისკენ და ვფიქრობ რატომ უკანკალებს ხელები. ნახევარ საათიანი სიჩუმის შემდეგ, სკამზე ადის, მე წიგნს გვერდზე ვდებ და ვუყურებ შეშფოთებული სახით, თუმცა ხმას არ ვიღებ, ის არ მიყურებს, კედელს მისჩერებია, ხელები ისევ უკანკალებს და შემდეგ იწყებს:
”საით მივდივართ? იცი ამ კითხვას რატომაც ვსვამ! შენც მთელი დღეა ამაზე ფიქრობ. ეს თვითგანადგურებისკენ სწრაფვა ალბათ მეტყველებს ჩვენში ჩამოყალიბებული თეორიის სისწორეზე.
აბა დაფიქრდი, ალბათ თითოეულ ჩვენგანს ჩადებული აქვს რაღაც კოდი, შეგნებულად დაბადების მომენტიდან ესწრაფვის ერთ იდეას, მიუყვება გზას, იბრძვის რაღაცისთვის.
ჰოდა, სად არის ჩვენი ადგილი? მაშინ როდესაც ერთნი დაჟინებით იკაფავენ გზას მწვერვალისკენ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს), მეორენი ერთ ადგილს ტკეპნიან და წუწუნებენ, რომ არ უმართლებთ, მესამენი კი…
ჩვენ ზუსტად ის მესამე ჯგუფი ვართ, რომელზეც არსად საუბრობენ, გვმალავენ, თითოეული ჩვენგანი უმეტეს შემთხვევაში ვერც კი ხვდება რა დამღა აქვს დაბადებიდან, ან იქნებ ესეც ერთგვარი დაავადებაა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვიძენთ, სადღაც გვეყრება უკურნებელი სენივით და შემდეგ თავს ვეღარაფერს ვშველით. შენ დიდი ხანია იცი, რომ საკუთარი თავის მიმართ განცდილ ზიზღს მხოლოდ იმიტომ ეძახი ”მუზას” რომ მას რაიმე გამართლება მოუძებნო. შენ კარგად ხვდები, რომ ვერაფრით ეწინააღმდეგები შემოჩენილ ჟინს, რომელიც გაიძულებს ჭაობში უფრო ღრმად ჩაიძირო. და ჰოი საოცრებავ, დღეს ორივე მივხვდით, რა გვინდა, ვინ ვართ, რა ავადმყოფობით ვართ შეპყრობილნი და სად არის შვება.
ბრძოლა თვითგანადგურების წინააღმდეგ – სწორედ ეს არის ყველაზე დიდი თვითგანადგურება, ჩვენ ვისაც ეს ავადმყოფობა გვჭირს, ვერასოდეს ვაცნობიერებთ ამას, ჩვენი ჯგუფის ადამიანები განსაკუთრებული ბრძოლის უნარით გამოირჩევიან და ეს კიდევ უფრო დიდ ზიანს გვაყენებს. რაც უფრო დიდ ხანს არ ვყრით ფარ-ხმალს, მით უფრო დიდ ხანს გვიწევს გაურკვევლობასა და სიბნელეში ყოფნა, როდესაც ყველაფერი გვაიძულებს დავეცეთ და ჩვენ დაჟინებით ვიბრძვით ასადგომად, ეს კიდევ უფრო მეტად წელავს დაცემის სამარცხვინო და მტანჯველ მომენტს, ბოლოს კი მაინც ვეცემით, მთავარია ეს ”ბოლოს” არ იყოს ზედმეტად გვიან.
ჰოდა აბა მიპასუხე ფსკერზე ვართ?
კვირის 6 დღეს ფეხზე დადგომისთვის ბრძოლას ვანდომებთ, თითქოს ის ისაა უნდა გავიმართოთ წელში, რომ მეშვიდე დღეს მუხლი გვეკვეთება და ისევ იქ ვბრუნდებით სადაც ვიყავით, მთელი დღის განმავლობაში საოცარი შეუბრალებლობით ვურტყამთ საკუთარ თავს და მაინც ვხვდებით, რომ ვერ შევძელით მისი საკმარისად გამეტება.
შესაბამისად წრეზე დავდივართ, ერთი და იგივე ადგილს ვუბრუნდებით, მხოლოდ მათგან განსხვავებით ვინც ამ ადგილს უაზროდ ტკეპნის ჩვენ არასწორი მიმართულებით წასული ფიქრთა ნაკადის გამო მთელ დროს ბრძოლაში ვხარჯავთ და მაინც იმ ტალახში ვაგდივართ სადაც ვიყავით.
ფსკერზე ვართ?
დღეს ის მეშვიდე დღეა, რომელიც ყოველთვის გვაძლევს შანსს ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ეს მდგომარეობა, მაგრამ აღნიშნულის გაცნობიერების შეუძლებლობის გამო საკუთარ თავს საკუთარი სიბრალულითვე ერთ გულის ამრევ ჭაობში სამყოფად ვიმეტებთ.
აღიარე, ერთხელ და სამუდამოდ აღიარე ყველაფერი, მიეცი თავს უფლება დაეცეს, დადგეს მუხლებზე, ჩაიძიროს, თუნდაც ერთხელ დაესვენოს ფსკერზე, შეიბრალე ბოლოს და ბოლოს, ოღონდ სწორად შეიბრალე, დღეს ჩვენი თავის შებრალებისკენ მიმავალი გზა სწორედ საკუთარი თავის მიმართ შეუბრალებლობაზე გადის.
მიეცი უფლება ბოლომდე დაეცეს.
ფსკერზე ვართ?
არა, არ ვართ ფსკერზე, არ ვართ და შენ ეს იცი, ჰოდა ზუსტად მაშინ გვეშველება როდესაც ვიქნებით, როდესაც მივხვდებით, რომ ამაზე ღრმად ვეღარ ჩავიძირებით, როდესაც ბეჭებს დავასვენებთ მიწაზე, ვიტყვით, რომ დავეცით, როდესაც ბრძოლა ფსკერსა და მწვერვალს შორის კი არ გაგვყინავს არამედ ფსკერზე დაცემულს გვაიძულებს ავდგეთ.
ადამიანი მხოლოდ მაშინ შეძლებს ადგომას როდესაც დაეცემა, ჰოდა დავეცეთ.
ფსკერზე ვართ?
შენ ხომ იცი, რომ ამას სხვანაირად არაფერი ეშველება, ქვეცნობიერად მიილტვი კიდეც საკუთარი თავის სრული განადგურებისკენ.
ჰოდა, როდესაც გკითხავ ფსკერზე ვართ? და შენ მიპასუხებ ”დიახ ჩვენ ფსეკრზე ვართ”, იმ მომენტიდან დავიწყებთ ადგომას და ჩვენ იმ უიშვიათეს ინდივიდებს შორის აღმოვჩნდებით, რომლებიც მესამე ჯგუფიდან გადავიდნენ პირველში და ფსკერიდან ავიდნენ მწვერვალზე.
ჰოდა, ფსკერზე ვართ? ” 

Advertisements

6 thoughts on “ფსკერზე ვართ?!

  1. მდააა… საინტერესო თეორიაა.
    ახლა რომ გითხრა დაეშვი ფსკერზე-მეთქი, არ მინდა. მინდა არ დაეშვა და ისე წახვიდე მწვერვალისკენ.

    არ დაეშვა, უბრალოდ ჩათვალე, რომ ახლაც ფსკერზე ხარ და წამოდექი 😉 (ვიპოვე გამოსავალი :-D)

    Like

    1. არ გამოვა ეგრე 😀 მაშინ მთელი ჩემი თეორია უნდა დავამსხვრიო და მაწყობს? ჰმმმმ, არა! ჩემი პრინციპი – მე ყოველთვის მართალი ვარ, მაშინაც კი როდესაც ვცდები, ჰოდა თუ ერთხელ რაღაც ჩამოვაყალიბე მერე ნებისმიერ ფასად დავიცავ.

      ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ კონკრეტულ მომენტში სად ვარ, რა მინდა, ვინ ვარ არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ თუ ასეთი სიცხე გაგრძელდება და ნუ კალიებთან ახლო კონტაქტს ვერ ავარიდებ თავს, ფსკერზე არა მაგრამ კუკიაზე ნამდვილად აღმოვჩნდები 😀

      Like

  2. ნწ, უკვე აღარ. ვიყავი და ისევ მექაჩება ფსკერი. მაგრამ რადგან ჯერ არც ზევით არ ამოვსულვარ ე.ი. ფსკეზრ ვითვლები. ჰო და ვართ! ძალიან მაგარია, ამას ფენიქსის თეორიას დავარქმევდი.

    Like

    1. მაგარი სახელია, ზუსტად შეეფერება.

      ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, როგორ უნდა მიხვდე ფსკერზე ხარ თუ არა, ანუ სად გადის ზღვარი. ფსკერი ხომ იდეაში სრული განადგურების სინონიმად უნდა მოვიაზროთ, ჰოდა ე.ი. უნდა დადგეს სიტუაცია, როდესაც უარესი წარმოუდგენელია, უკან (დაბლა) აღარაფერია. ჰმ, არა ჯერ მგონი შორია ფსკერამდე და ისევ სადღაც შუაში ვართ გაჩხერილი.

      Like

  3. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რაც ფსკერი გვგონია, ჯერ მხოლოდ სადღაც შუა წელია და ფსკერამდე კიდევ ბევრია საფრენი.

    და აუცილებელია, აღმასვლა ფსკერიდან დაიწყო? იქნებ, გვირილას არ იყოს, სხვაგვარადაც სცადო? მართლა ფსკერზე მტერი დაეშვა…

    Like

    1. ჩათრევა იცის, აზარტულია, არასოდეს იცი სადამდე შეძლებ დაცემას, საინტერესოა ისე, სადამდე შეუძლია ჩვენ თავს დაცემა და სად არის ზღვარი.
      ჰო, ალბათ არც არის აუცილებელი, თუმცა თუ ზოგადად ადამიანს გააჩნია ბრძოლის უნარი (რაღაც დოზით) ფსკერზე აღმოჩენისას გარანტირებული აქვს აღმა სვლა.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s