ძვირფასო ადრესატო – როლები


ძვირფასო ადრესატო,
ვინაიდან დღეს ყველაზე მეტად განუსაზღვრელი და ჩამოუყალიბებელი ხარ მიჭირს პირველი წინადადების დაწერა. გადღაბნილ ფერებს გამსგავსებ, კონტურებიც კი ვერ ყალიბდება, ერთმანეთში არეული მუქი ფერების მასა ხარ, თუმცა შენ მზერას ვარჩევ, თვალები არ გაქვს მაგრამ მზერა, ამას ვერაფრით წაგართმევ.
მუზას აღარ გეძახი, ძალიან ბანალური და რაღაცნაირად მოდური გახდა ეს ფრაზა, თან არ გიხდება, შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე მუზა, სიტყვაც ულამაზოა მ-სა და ზ-ს შერწყმა სასიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, თუმცა მიმოზები მიყვარს. არა, ქალები სახელად მიმოზა კი არა, მიმოზები, ან არა მოიცა, ისევ ტყუილს ვამბობ, არ მიყვარს არც მ-სა და ზ-ს შერწყმა და არც ყვითელ-მწვანეს ნაზავი, ყვავილის არაფერი ეტყობა, ნაყოფს უფრო გავს, არც სურნელება მხიბლავს მათი, მაგრამ ბავშვობაში, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ამოვიჩემე გვეყოფა ეს ვარდებით ტკბობა, მე მაინც ვიქნები ორიგინალურად მიმზიდველი და ჩემ სიყვარულს მიმოზას ვაჩუქებ მეთქი, ერთი პირობა დავიჯერე კიდეც, რომ მიყვარდა, მაგრამ ახლა ნათლად ვხვდები, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ შენ არ იქნები არც ამოჩემებული მიმოზა და აღარც მუზის ეპითეტით შეგამკობ, ისიც გეყოფა, რომ ჩემი უცვლელი ადრესატი ხარ.
ყოველი ახალი წერილის დაწერისას მგონია, რომ უსაზღვროდ მოგაბეზრე თავი, თუმცა ზოგჯერ თავს ვერაფერს ვუხერხებ და ჩემთვის ჩვეული გატაცებით და თითების საამური ნავარდობით ვიწყებ ახალი წერილის წერას.
ხშირად უსაზღვროდ მაღიზიანებს შენი სამაგალითო სტანდარტულობა, ის რომ თითქოს ყველას ჩარჩოში ეტევი, ყველას მოთხოვნას აკმაყოფილებ, ყველა ტაშს გიკრავს და თან ბედნიერი ხარ. თითქოს ყველაფერ დადებითს ასხივებ, დადებითს ანუ იმას რასაც საზოგადოება მიიჩნევს დადებითად, ჩემი კარტი კი ყოველ გაშლაზე საპირისპიროს მეუბნება. ჰო, ვიცი ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვერ ამიტან. ახალი როლი მაქვს, მართალია ცოტა პასიური ანუ სხვა როლების ფონზე მიმდინარე, მაგრამ ყველაზე გრძელვადიანი, თვალებიც კი სხვანაირად მიციმციმებს, როდესაც ამ როლს ვირგებ, იცი როგორი ვხდები, ისეთი შენ რომ ვერ ამიტანდი, მაგრამ მაყურებელი გატაცებისგან ღია პირით, რომ დამიწყებდა თვალიერებას.
შენ ზუსტად ის ხარ ვისაც ყოველთვის აშინებს რას იტყვის ხალხი, ის ხარ ვინც წინასწარ იცის რა პასუხი უნდა გასცეს კითხვას ”რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.” ამ კითხვაზე ალბათ იტყოდი ”სიყვარული და ჯანმრთელობაო”, გამკიცხავ მზერასაც ესროდი იმ თითო ოროლა ადამიანს, რომელიც გაბედავდა და იტყოდა მატერიალური კეთილდღეობაო, ჰოდა გამკიცხე, მე ისევ ვერ ვჯდები შენ სტანდარტებში, ისევ ისეთი უშნო და ზღვარგადასული ვარ შენ ჩარჩოში მოთავსებისას. ჰო, მე ამ კითხვაზე სხვა პასუხს გავცემდი, შენ მეტყოდი, რომ ფულით სიყვარულსა და ჯანმრთელობას ვერ იყიდი, მე კი გიპასუხებ, რომ როგორ ვერ. იყიდი ჯანმრთელობას, იმიტომ, რომ იყიდება, იყიდი სიყვარულს იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც გიყვარს, მათ სიცოცხლეს შენარჩუნება სჭირდება, მათ ბედნიერებას, მათ კარგად ყოფნას შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ იყიდი და თუ შეიძლება ჩემთან არ გინდა მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, იმ როლის თამაში, რომლის გამოც ტაშს გიკრავენ და დამრიგებლურ ტონში საუბარი.
შენ ზუსტად ის ხარ ვისაც ინკვიზიციის ეპიდემიის ნარჩენები შეეყარა დაბადებისას და არაფრის გაგონება აღარ სურს. ჰო, არ გაინტერესებს ჭეშმარიტება, გჯერა იმის რაც გასწავლეს, როგორც გასწავლეს. 

Advertisements

2 thoughts on “ძვირფასო ადრესატო – როლები

  1. ფულით ყველაფრის და სიყვარულის ყიდვაც რომ არის შესაძლებელი ამაში ბოლომდე გეთანხმები–ეს აქსიომაა.
    რაც შემეხება მე –ანუ მკითხველს –ანუ ჩვენ: მართალია, სტანდარტულები ვართ და ყველას ჩარცოებსი ვეტევით, მაგრამ მთავარი ის არის , რომ ყველას ჩარჩოს თავისი ხიბლი აქვს. ასე მაგალითად ერთი სამზარეულოში კიდია კედელზე და სადილობისას სასიამოვნო განწყობაზე მაყენებს, მეორე მისაღებ ოთახშია და როცა ყავას და სიგარეტს ვაგემოვნებ მის ამოუცნობ დეტალებს დაუსრულებლად ვაკვირდები ხოლმე. მესამე დარბაზში, ოფიციალური სტუმრების მიღების დროს მილამაზებს ინტერიერს და გარკვეულ რესპექტაბელურ იმიჯს მიქმნის სნობი ნაცნობების თვალში.
    აბა ეხა მიპასუხე: ცუდია ეს მრავალფეროვნება ? 🙂

    Like

    1. გააჩნია, ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერს გააჩნია. ანუ 1. გააჩნია ვისი ჩარჩოა ეს ან ვისი სტანდარტები – თუ საკუთარი სტანდარტებია, მათში აუცილებლად უნდა იყოს რაღაც განსხვავებული და პირადული და არა ყბადაღებული, შესაბამისად ეს დადგენილი ჩარჩო თავის მხრივ უკვე ნიშნავს გარკვეულ თავისუფლებას, ზღუდეების დაწესებას შენი პირადი დამოკიდებულება სჭირდება, ხოლო ის რაც შენია და პირადია, შენზეა მორგებული უკვე თავის მხრივ რაღაც უნიკალურს შეიცავს. 2. სხვების დადგენილი ჩარჩოები და სხვების დადგენილი სტანდარტები – ”გასაოცარია, ის ჩემსას ზუსტად ემთხვევა” – არც ესაა პრინციპში ცუდი ვარიანტი, ანუ შენ და საზოგადოება ერთნაირად უყურებთ უმრავლეს საკითხს, შესაბამისად ამაშიც არის გარკვეული თავისუფლება. 3. ისევ სხვების დადგენილი ჩარჩოები – ”მე მჯერა, რომ მეც ზუსტად ასეთ ჩარჩოებს შევქმნიდი” – ეს თავი მოტყუებაა, იმის მცდელობა, რომ როგორმე დაიჯერო შენი და საზოგადოების სურვილების იდენტურობა (ეს არც თუ კაი ვარიანტია) და 4. ”სხვა გზა არ მაქვს, უნდა ჩავჯდე ამ ჩარჩოებში” – ამას კომენტარი არ სჭირდება.
      ჰოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ წესები, ჩარჩოები, ზღუდეები, კანონები, სტანდარტები და ეს ცუდი არ არის, რა თქმა უნდა ისე როგორც სახელმწიფო ვერ იარსებებს კანონის გარეშე ისე ვერ იარსებებს ინდივიდი წესების გარეშე – და ეს აქსიომაა 🙂 მაგრამ აქ გააჩნია, რომელ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ყველას დადგენილ სტანდარტს ხელოვნურად ერგები (რაოდენ მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს) ეს აღარ არის სასიამოვნო მრავალფეროვნება, საბოლოო ჯამში ციხეში დღეში რამდენიმე საკანი რომც გამოიცვალო მაინც ციხეში იქნები 🙂
      ჰოდა ყველაფერს გააჩნია.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s