გულახდილი განცხადება


უსინდისოდ ვიტყუები, როდესაც ვცდილობ მოწოლილი აგრესია და ზიზღი ისეთი დადებითი სახელის მქონე სიტყვით შევფუთო, როგორიცაა გულახდილობა. ყველა უარყოფით ემოციას ამ სახელს ვარქმევ და ვცდილობ თავი ვიმართლო. ყოველთვის კი როდესაც ამ საკითხს ვუღრმავდები ვხვდები, რომ ეს მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი, სად არის ის გულწრფელი და დაუფარავი საუბარი, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობ. ვის ვატყუებ? საკუთარ თავს თუ სხვებს. ვის უნდა ვუთხრა სიმართლე პირველ რიგში, ვის წინაშე უნდა მოვიხსნა ნიღაბი, შევეშვა როლების თამაშს, არ ვისაუბრო დაზეპირებული ფრაზებით? ვის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. მარტივია, სხვებზე საუბარი, ძალიან მარტივია ყველაფრის ნთხევა რაც გულში მაქვს, შეცდომებზე მითითება, კორექტულობის დაცვით მათთვის იმის თქმა, რომ ისინი სრულ არარაობად მიგაჩნია. აი მაშინ კი, როდესაც საქმე მე მეხება, ყველაფერი გაცილებით რთულია, მაშინვე მეკარგება ეს დაუცხრომელი გულახდილი ღაღადის ჟინი, მაშინვე ჩვარი ვხდები და ვცდილობ თემა შევცვალო, მაშინვე სხვების მიმართ გაჩენილ გრძნობებზე გადამაქვს ყურადღება. თავს ვიტყუებ, ესეც მორიგი როლია, რომელიც მოვირგე, გულახდილობას მოწყურებული ადამიანის როლი, პოზა, რომელსაც ვიჭერ და თემა, რომელსაც ვნებიანად ვავითარებ.
მე, რომ გულახდილი ვიყო, იმაზე კი არ დავიწყებდი საუბარს თუ რას ვეტყოდი ლიფტში ზედმეტად ცნობისმოყვარე მეზობელს, რას ვეტყოდი ადამიანებს, რომლებიც ირგვლივ მახვევია, არა, მე რომ გულახდილი ვიყო დავდგებოდი სარკესთან და საკუთარ თავს ვეტყოდი ყველაფერს რასაც მასზე ვფიქრობ, შემდეგ კი ყველას ვეტყოდი ვინ ვარ მე. მარტივია სხვებზე საუბარი და შემდეგ თავ აწეული სიარული, შენიშვნის მიღებისას კი ამაყად თქმა, რომ ეს გულახდილობა იყო და მეტი არაფერი, კარგი რა, ვის ატყუებ, ვის წინაშე გინდა ვალის მოხდა, როდემდე შეიძლება ითამაშო ეს როლი, გეყოფა, უკვე სასაცილოა.
არასოდეს გიფიქრია რატომ ვერასდროს ირგებ დასვენებას? რატომ არ შეგიძლია სახლში დიდ ხანს მარტო ყოფნა? რატომ არ შეგიძლია საწოლში დიდ ხანს წოლა? რატომ არ შეგიძლია თუნდაც ცოტა ხნით იყო უმოქმედოდ? გიფიქრია, გიფიქრია და თან რამდენჯერ. ვისი გეშინია ყველაზე მეტად?! ვისი და საკუთარი თავის, რამდენი მოუნელებელი მოგონება გაქვს, ისეთი ”დრო ყველაფერს კურნავს” გამოთქმას, რომ მომენტალურად აცამტვერებს, რამდენ რამეს ვერ პატიობ საკუთარ თავს, ღმერთიც ამაში გჭირდება, რომ საკუთარი ბრალი როგორმე შეიმსუბუქო, ვიღაცისგან მოითხოვო პატიება, ოღონდ შენ არ მოგიწიოს ყველაფერში ქექვა, დანაშაულის სრული სიმძიმის აღქმა და შემდეგ ამის პატიებაზე ფიქრი.
რას აპროტესტებ? ან ვის უპროტესტებ? საკუთარ თავს? რაში გჭირდება ეს, შენი აზრით რაც უფრო ხშირად გადაუხვევ საკუთარ კანონებს, რაც უფრო ხშირად გაგიჩნდება ზიზღის განცდა შენივე პერსონის (როგორც შენ გიყვარს ხოლმე საკუთარი თავის მოხსენიება) მიმართ, მით უფრო მეტად იგრძნობ რომ ცოცხალი ხარ? ეს თვითგანადგურებით მიღწეული ფიქრი მაღალ იდეალებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრის მომცემია.
გადავიდე შიშებზე? ყველაზე ტაბუ დადებულ თემაზე, სად ინახავ ამ შიშების სიას? ყველაზე ღრმად გაქვს ჩამარხული, რამდენი ეცადე იმისთვის, რომ ისე დაგემალა ვეღარასოდეს მიგეგნო, თუმცა არაფერი გამოგივიდა, პირიქით ყველაზე კარგად ის ადგილი გახსოვს. არა, დღეს შენ კი არა მეც არ ვარ მზად იმისთვის, რომ ეს ადგილი ამოვთხარო, დღის სინათლეზე გამოვიტანო ყველაფერი რაც იქ გაქვს. ეს ჩვენთან ერთად მოკვდება.
თემას უნდა გადავუხვიო, მიყვარს, როდესაც ვამბობ ”ჩვენ” მეთქი, რაღცანაირი სიამაყე ნარევი სითბო მეღვრება – მე და შენ, შენ და მე, ჩვენ. ესეც იმ ერთ-ერთი შიშთაგანია, რომელიც ნაგავსაყრელის ძირზე გვაქვს შენახული, სიმარტოვის შიშის.
ახლა კი შეგიძლია ბრალი დამდო, ვატყობ, როგორ გადაგისერა სახე ღიმილმა, ვიცი, ვიცი რასაც მეტყვი, შენებურად ტონს აუწევ, თვალთმაქცს მიწოდებ, ნიშნის მოგებით მიმითითებ, რომ ამდენი საუბრის შემდეგ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის დატანა შევძელი ფურცელზე, მხოლოდ ზოგადი საუბრებით შემოვიფარგლე, დეტალებს უსინდისოდ ავუარე გვერდი.
დიახ, არ არსებობს არავითარი მე და შენ, შენ და მე, ჩვენ… არსებობს მხოლოდ მე და მე ვერასოდეს ვიქნები გულახდილი, ეს ერთადერთი გულახდილი განცხადებაა, რომლის გაკეთებასაც ოდესმე შევძლებ. 

Advertisements

2 thoughts on “გულახდილი განცხადება

  1. შენს კითხვას ლოგიკურად თავადვე პასუხობ. მთავარი ის არის : გჭირდება კიი რამეში ისეთი მავნებელი რამ როგორიც გულახდილობაა? გულახდილობას (ბოლომდე) უახლოესი მეგობრებისგანაც კი არ ვითხოვ, საკუთარ თავთანაც კი არ მინდა ბოლომდე გულახდილი რომ ვიყო და იცი რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური იქნები და ყველაფერს ნეგატიურს რასაც აღწერ მაინც სიყალბის და კატეგორიულობის ნიღაბი ექნება. გულახდილობაში ალბათ რეალობის რაციონალურ აღქმას და ამ აღქმულის გადმოცემას გულისხმობ. რაციონალურად აფასებ კიი რეალობას? მე პირადად მგონია რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ აფასებს მას ობიქტურად, რადგან ამისი უნარი რომ გვქონდეს უფრო მეტი სიახლოვე დაგვჭირდება იმ აუხსნელ სიკეთესთან და სიყვარულთან რასაც ღმერთი ქვია.
    ვაიმე… ძალიან მომწონს შენი პოსტები უფრო და უფრო. ვგიჟდები მოაზროვნე ადამიანებზე! ლამაზი ხარ!

    Like

    1. ეს კომენტარი დილით წავიკითხე, ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე, შემდეგ კიდევ წავიკითხე, შემდეგ კიდევ, საკმაოდ საინტერესო იყო. ბოლო პერიოდში ავიკვიატე ეს გულახდილობის თემა, თუმცა არ დავფიქრებულვარ რაში მჭირდება ეს, ამ კომენტარის შემდეგ დავფიქრდი. ეს ალბათ იმაში მჭირდება, რომ საკუთარ თავს ”თავისუფლების” ილუზია შევუქმნა, ვინაიდან ზოგადად ძალიან შეზღუდულები ვართ, ყოველთვის რაღაც სტანდარტებში ვექცევით, ბოლოს კი ეს სრულ ავტომატიზაციამდე მიდის, ეგ მდგომარეობა კი მეზიზღება. შესაბამისად იმას მაინც თუ შევძლებ, რომ ზოგჯერ ვიყო გულახდილი ეს თუნდაც ცოტა ხნით მაიძულებს ვიფიქრო, რომ თავისუფალი ვარ, ეს ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც მინდა ალბათ ვიყო გულახდილი. პირველად ამაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც Mary and Max-ს ვუყურე. ჰოდა შედეგად მივედი იქამდე, რომ საკუთარ თავს კიდევ ერთი კანონი დავუწესე ”უნდა იყო გულახდილი” (რეალურ ცხოვრებაში აქაც მოვიკოჭლებ), ჰოდა მივედი ისევ იქამდე, რომ ამით თავისუფლება არ მიიღწევა.

      კიდევ ამაში გეთანხმები სრულიად: საკუთარ თავთანაც კი არ მინდა ბოლომდე გულახდილი რომ ვიყო და იცი რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური იქნები და ყველაფერს ნეგატიურს რასაც აღწერ მაინც სიყალბის და კატეგორიულობის ნიღაბი ექნება.

      მოკლედ შენი კომენტარის შედეგად საკმაოდ საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე.

      ძალიან საინტერესო კომენტარი იყო, დიდი ხანია საკუთარ ბლოგზე კომენტარს ასე არ დავუფიქრებივარ.

      და ბოლოს გმადლობ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s