3 წლით უკან


თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღაც ხელს მკრავდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მაბრუნებდა წარსულში. უხილავ წრეზე დავდიოდი და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მიჭირდა თავ აწეულს გამევლო ათასჯერ გავლილი გზა.
მეგონა, რომ ამას გადავაბიჯე, რომ შევძელი თავი შემეკავებინა, რომ ამჯერად ვერავინ შეძლებდა (როგორ ძლიერადაც არ უნდა ეკრა ხელი) ისევ იმ ჭაობში აღმოვჩენილიყავი, რომელშიც ვცხოვრობდი.
სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ ვცდებოდი, მოვლენების მართვა ხშირად შეუძლებელია, უმეტესად ფაქტის წინაშე გვიწევს დგომა და თავის მტვრევა იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.
3 წელი, ზუსტად ეს დრო სჭირდება იმას, რომ წარსული შემოიჭრას აწმყოში. შარშან ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი, პირიქით მიხაროდა კიდეც, ოღონდ არავის ვუტყდებოდი, ალბათ ხვდებოდნენ მაგრამ ეს არასოდეს გამიხმოვანებია (ან იქნებ გავახმოვანე კიდეც, ამ წინადადების წერისას 1 წლის წინანდელი სცენა დამიდგა თვალწინ: – მე აივანზე ვზივარ, გრილად, სიგარეტს ვეწევი მოკუნტული, უმეტყველოდ გავყურებ სივრცეს და სიტყვები ყელში მეჩხირება, თუმცა მეშინია, რომ უკვე გადღეჭილ თემაზე საუბრით ყველას ვაბეზრებ თავს, სიტყვებს ვწონი და ისე ვამბობ, თუმცა რაღაც მომენტში კონტროლს ვკარგავ და ვაცხადებ, რომ ”მიხარია”. ჰო, ჰო ნამდვილად ასე ვთქვი, ანუ არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ სხვებსაც გამოვუტყდი).
ვერ გავთვალე, გამომრჩა, რომ 1 წელიწადში კიდევ ერთი 3 წლიანი ციკლი დასრულდებოდა და თავიდან მომიწევდა წარსულში დაბრუნება, ოღონდ ამჯერად სიტყვა ”მიხარია” ისეთი უადგილო იქნებოდა, როგორც არასდროს.
არ მიხარია, არა თუ არ მიხარია, არამედ ამას ყველაფერი მირჩევნია.
* * *
მაისია, 2011 წლის მაისი, მუსიკა მაქვს ჩართული და აუხსნელ ბედნიერებას ვგრძნობ (აქვე მინდა განვაცხადო, რომ ახსნადი ბედნიერება მგონი არასდროს მიგრძვნია), მეგობარს ვწერ ”იმდენად კარგად ვარ ნამდვილად რაღაც მოხდება” მეთქი, რამდენიმე წუთში ტელეფონი რეკავს, მე ვპასუხობ, იქიდან კი მეუბნებიან ”კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, თქვენ ყველაფრის თავიდან გავლა მოგიწევთ, მხოლოდ გაორმაგებულ ხარისხში”. მე ვჩუმდები და ინერციით ვიმეორებ ”უი, ვაიმე..” შემდეგ ვემშვიდობები და ვრთავ მუსიკას. მეგობარს ვწერ, ”მე ისეთი მართალი ვიყავი, როგორც არასდროს” (ეს ”ისე აგიხდეს ყველაფრის” ჩემებური ვერსიაა). იგივე სიმღერას ვუსმენ, იმ სიმღერას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მაიძულებდა წარმოსახვით ვმდგარიყავი მაგიდაზე და მეცეკვა, სიმღერა იგივეა განცდა რადიკალურად განსხვავებული, ვხვდები, რომ მას აწი სხვა დატვირთვა ექნება, მისი ყოველი მოსმენისას საშინელ სიმძიმეს ვიგრძნობ, ”მე კიდევ ერთი მხიარული სიმღერა მოვკალი” ვიმეორებ.
საღამოა, სახლში მისულს სახიდან ყალბი ღიმილი არ მშორდება, ვემზადები მთელი დღის დამუშავებული ტექსტის სათქმელად, რომლის ლაიტმოტივიც ”ყველაფერი კარგად იქნებაა”. –არადა, როგორ მეზიზღება ეს არაფრის მთქმელი ფრაზა – ვილანძღები სადარბაზოში. ოთახში შესვლისთანავე ვიწყებ მონოლოგს, ბოლოსკენ ვგრძნობ, რომ საკუთარი თავიც კი დავაჯერე ამ აბსურდული გამოსვლის ჭეშმარიტებაში.
* * *
1 თვე ისე გადის ვერაფერზე ვყალიბდები, თითქოს მასხრად მიგდებენ, ვიღაც იმედის ნაპერწკალს გამიჩენს, მეორე კი მაშინვე ფეხქვეშ თელავს.
სამშაბათია და ვგრძნობ, რომ ”დღეს გამადწყვეტ სიტყვას მოვისმენ”.
ამ ”გადამწყვეტი სიტყვის ავტორი” (დახეულ იასამნისფერ მაისურში გამოწყობილი, ექსტრავაგანტული მამაკაცი) მხარზე ხელს მადებს და მეუბნება ”კეთილი იყოს შენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, წელს ყველაფერი ორმაგად რთული იქნება”.
* * *
ეგოისტი ვარ, ვოცნებობ იმაზე, რომ მის ადგილზე მე ვიყო, მაშინ დეპრესიის უფლებას საკუთარ თავს აუღელვებლად მივცემდი.
 
Advertisements

6 thoughts on “3 წლით უკან

  1. რასაკვირველია რეალურად რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რა პონტია მე მგონი იცი?
    ეგ ყველაფერი სხვა კანონზომიერებას მიაწერე და ეგ ციკლიც მოიშლება თვისით. ანუ წრეზე კი არ დაატრიალო, არამედ მიაწერე იმას რომ გზაა ასეთი, რომელიც დიდი ალბათობით შეიცვლება…

    Like

    1. ალბათ შეიცვლება. რატომღაც ბავშვობიდან ვიტენიდი თავში იდეას, რომ წრეზე დავდივარ, ყველაფერი რა თქმა უნდა იდენტურად არ ვითარდება, მაგრამ არც ბევრი უკლია. ხოლო ეს 3 წლიანი შუალედი მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე, როდესაც შარშანდელ ზაფხულზე დავფიქრდი და პარალელი 2007 წელთან გავავლე, შემდეგ კი წლევანდელი მოვლენები შევდარე 2008 წლის ზაფხულს, ყველაფერი მეორდება ოღონდ ოდნავ სახეცვლილი (წელს გაუარესებული ვარიანტია). თუმცა იქნებ მართალი ხარ და ეს გამეორება არ არის, უბრალოდ ასე უნდა ხდებოდეს, თავის მხრივ რაც დღეს ხდება წარსულში მომხდარი ფაქტების გაგრძელებაა და არა გამეორება.

      Like

      1. მნიშვნელობა რის მიხედვით ენიჭება რამე მოვლენას ან ფაქტს? სახელი როგორ ერქმევა კონკრეტულს?
        შენ როგორ კანონზომიერებას დაიჭერ და რეალურად როგორ ახსნასაც მოუძებნი მომხდარს იქიდან გამომდინარე არაა ეგ?
        ხოდა საქმე სწორედ იმაში გახლავს,finiki, ჩვენ რამდენად შეგვიძლია რეალობასთან მიახლოებული დასკვნების გაკეთება.

        ცოტა ჩავხლართე, მაგრამ, ხო გესმის რასაც ვამბობ

        Like

        1. სავსებით გეთანხმები, ყველაფერს თავად ვუძებნით ახსნას და თავად ვარქმევთ სახელს, აი რომ ავდგე და შევეშვა პარალელების გავლებას, უბრალოდ ჩავთვალო რომ ყველაფერი ლოგიკურად ხდება, ჯაჭვი არსებობს, პრინციპში რაღაც დონეზე ასეცაა, მაშინ ჩავთვლი რომ ამაში არაფერია განსაკუთრებული, ეს ჩვეულებრივი, ლოგიკურად ახსნადი მოვლენაა და მეტი არაფერი.
          ეს წრე, რომელსაც ვიგონებ შეიძლება ერთგვარი მცდელობაა იმის, რომ ცხოვრებას რაღაც განსხვავებული ელფერი მივცე, რაღაცით გამორჩეული გავხადო, ისეთ შემთხვევებშიც კი რომლებშიც სახარბიელო არაფერია. ან მეორე ვარიანტი ხშირად ისე ვიჭედავთ რაღაცას თავში, რომ შემდეგ ყველაფერი თითქოს სცენარის მიხედვით ხდება.

          Like

    1. ალბათ მართლა ძალიან ხშირად ვუყურებ სიტუაციას პესიმისტურად, მაგრამ რაშია იცი საქმე მგონი ნაწერი ყოველთვის უფრო პესიმისტურია ხოლმე ვიდრე ჩემი განწყობა რეალურად, არ ვიცი. თუმცა არის მომენტები, როდესაც არაფრის არ მჯერა და არაფრის გაგონება არ მინდა 😐

      აუცილებელად!!! 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s