უღიმღამო


აუჩქარებლად ავდივარ კიბეზე, საათს ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არსად მეჩქარება, წინ 9 საათი მაქვს, დამღლელი 9 საათი.
ზაფხულის მოსვლას არ ვაღიარებ, თითქოს არ მინდა დავიჯერო, რომ კიდევ ერთი უღიმღამო ზაფხული დადგა ჩემ ცხოვრებაში, ვიხსენებ რა ხდებოდა შარშან ზუსტად ამ დროს და მეღიმება, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ წინ გადასარევი დასვენება და ემოციებით სავსე დღეები მქონდა, უღიმღამოდ ვფიქრობდი დამღლელ სიცხეზე და თავს ვაჯერებდი ბედნიერი ხარ, ახალი საყვარელი სიმღერა გაქვს მეთქი, საყვარელი და მოგონებებით აღსავსე.
დღეს ის სიმღერა მობეზრებული მაქვს, არ გავუფრთხილდი, გავახუნე, აღარაფერს მაგონებს, მხოლოდ ხელოვნურად თუ წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ვწევარ შუა დღის სიცხეში სასტუმროს ნომერში თვალდახუჭული, მეღიმება, ბედნიერი ვარ, სევდიანად ბედნიერი, ისეთი როგორიც იქ ვარ ხოლმე სადაც ვიყავი, ვგრძნობ, რომ გარეთ სიცარიელეა, ჯერ აქ ყოფნის სეზონი არ დამდგარა და მე ერთადერთი ვარ ვინც ჩათვალა, რომ დრო იყო თუნდაც ცოტა ხნით ჩამომჯდარიყო ზღვის სანაპიროზე, მიუხედავად იმისა, რომ წყალი გაყინულია და სანაპირო ცარიელი, ვგრძნობ, რომ ეს ზუსტად ის მომენტია, რომელიც წარსულში დარჩენისთანავე ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მოგონება გახდება. თითქოს სულ ცოტაღა მაკლია იქამდე, რომ ეს აწმყოში ვიგრძნო, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ღირს, მეშინია, რომ ამით შემდგომ მისი გახსენება უღიმღამო არ გავხადო, ამიტომ თავს ვიკავებ და დაღლილობას ვიჩემებ.
ისევ რეალობას ვუბრუნდები, ოთახს თვალს ვავლებ, ვცდილობ ჟალუზებს მიღმა რაიმე საინტერესო აღმოვაჩინო, თუმცა ახალს ვერაფერს ვხედავ, მოპირდაპირე სახლის სახურავი უცვლელია, კვლავ მზეს ირეკლავს.
ახალი სიმღერა იწყება, თუმცა შეიძლება ძველიც ეწოდოს, ძველი, რომელიც ახლებურად ჟღერს მას შემდეგ, რაც თავიდან აღმოვაჩინე, ამოვიკითხე, ჰო, უცნაურად ჟღერს თუმცა ნამდვილად ასე იყო, იმ წიგნში ამოვიკითხე, რომელმაც თითქმის ყველა აქამდე ცნობილი ”ჩემი საყვარელი წიგნი” ჩაანაცვლა და სტატუსი ამაყად მოირგო.
წელს სხვანაირი ზაფხული იქნება, აგვისტომ ისე დაკარგა ძველებური შარმი, რომ ჯერ არც კი დამდგარა, წინასწარ ვიცი რა და როგორ იქნება და ის რაც არ ვიცი ბევრს არაფერს შეცვლის.
აივანზე გასულს ისევ იმედგაცრუების შეგრძნება მაქვს, კვლავ ვერ შევარჩიე შესაფერისი დრო, ვერაფრით მოვახერხე მარტო დარჩენა.
ჩუმად ვათვალიერებ, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ დაჟინებულ მზერას ვერ ამჩნევს, ჰოდა ვფიქრობ, რომ ვიღაცას მაგონებს, ოღონდ ვერაფრით ვიხსენებ ვის, ალბათ თავის თავს, ვფიქრობ ირონიით, შეუმჩნევლად მეღიმება კიდეც, ან მგონია, რომ მეღიმება, შემდეგ ყურადღება გადამაქვს, ვგრძნობ, რომ არავითარ ინტერესს არ იწვევს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც არავის მაგონებს.
ოთახში შემოსულს სახეზე გრილი ჰაერი მხვდება და სიამოვნებისგან ლამისაა თვალები დავხუჭო და გემრილეად ვთქვა მმმმმ… თუმცა თავს ვიკავებ, ოფიციალურ გამომეტყველებას ვინარჩუნებ და მაგიდას ვუბრუნდები, პირი სიცხისგან გამომშრალი მაქვს, თუმცა წყალს არ ვეკარები, არ მხიბლავს ეს იდეა.
რამდენიმე წუთის წინანდელ შეხვედრას ვატრიალებ დაუსრულებლად მეხსიერებაში, გამხდარია, წვერი მოუშვია, ისევ ისე ხუმრობს, როგორც წლების წინ, ისევ დაბალია – ვხუმრობ – ოთახის ბოლოდან ყვიროდა ჩემ სახელს, არ უნდა მეკითხა აქ რას აკეთებ მეთქი და მითუმეტეს ორჯერ არ უნდა დამესვა ეს კითხვა, რა ჩემი საქმეა?! სიტუაციის გასანეიტრალებლად, რომ ვერაფერი მოვიფიქრე ვთქვი მომენატრე მეთქი, ან ეს რამ მათქმევინა, ვიგრძენი როგორი გაკვირვებით შემომხედეს, არა რა, ეს უადგილო ხელოვნური სითბოს გამოხატვა ძალიან მეხერხება! ბავშვები მოვიკითხე, არც ერთის სახელი არ მახსოვს, ვერც იმას ვიხსენებ სამი ყავს თუ ორი, გოგოები თუ ბიჭები, თუმცა მეუღლის სახელი მახსოვს, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ რამდენჯერმე მყავს ნანახი და რამდენჯერაც ვნახე ორსულად იყო, ისევ ირონიით ვფიქრობ. მოორჩა გავიარეთ! ყოფილი თანამშრომლის ნახვა და რამდენიმე ზედმეტი სიტყვა ნამდვილად არ არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი!!!
წინა ორშაბათს დავუბრუნდეთ, სეირნობას, წინათგრძნობას, რომელიც არ მასვენებდა, ჰალუცინაციებს, რომლებსაც ახლა წინასწარ განჭვრეტის უნარს ვეძახი, უცნობი ადამიანების ნაცნობ სილუეტებს, შესახვევს, რომელთანაც ან 5 წუთის შემდეგ უნდა გამევლო ან 5 წუთით ადრე, თუმცა ვერ განვსაზღვრე დრო, ან კი როგორ უნდა განმესაზღვრა, რა ვიცოდი, რომ ამდენი ხნის შემდეგ მაინც და მაინც იქ, ფეხით ხეტიალის დროს… ყველაფერი უაზროდ დაემთხვა, წიგნი, რომლის კითხვაც დავიწყე, საკუთარი თავის მთავარ პერსონაჟთან გაიგივება (საერთო მართლა ბევრი გვაქვს – ერევა გონება), მისი მეორე პერსონაჟთან გაიგივება (მათაც ბევრი აქვთ საერთო, თუმცა მან უფრო ღრმად შეტოპა და გაცილებით ინდიფერენტულია – არ იშურებს კომენტარს).
ამასობაში ტელეფონი იწყებს წკრიალს, უკმაყოფილო სახით დავყურებ და წინასწარ ვემზადები მომაბეზრებელი საუბრისთვის ვცდილობ არ დამავიწყდეს რაზე ვფიქრობდი, რომ საუბრის დამთავრების შემდეგ ისევ იმ ადგილს დავუბრუნდე.
გული მწყდება, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, კიდევ უფრო მეტად მწყდება გული იმის გამო, რომ ორჯერ წაკითხვაც მოვასწარი, თუმცა სახლში მისულს ვერაფერი შემაჩერებს! კიდევ ერთხელ წავიკითხავ (და არ მაინტერესებს გახუნდება თუ არა ჩემი უსაზღვრო სიყვარული).
წელს უღიმღამო ზაფხული იქნება – იჩემებს გონება, ცდილობს რეალობას არ ავცდე, იცის, რომ შემდეგ მისთვისაც ორმაგად რთული იქნება ფაქტების გადახარშვა და ემოციების მართვა – იქნებ ისევ ამას დავუბრუნდეთ!
მე ვნებდები და ერთი ამოსუნთქვით წარმოვიდგენ როგორ ვზივარ სიცხისგან დატანჯული ფანჯარასთან, ვეწევი ისე, რომ ამას ვერც კი ვაფიქსირებ და ვფიქრობ – წელს უღიმღამო ზაფხულია და კიდევ უფრო უღიმღამო აგვისტო. 

Advertisements

10 thoughts on “უღიმღამო

    1. ალბათ ზაფხულსაც გააჩნია, მქონია ძალიან ბედნიერი ზაფხულებიც (რა უცნაურად ჟღერს მრავლობით რიცხვში 🙂 ) და ზუსტად ამის გამოა ხოლმე ზოგჯერ უღიმღამო, იმიტომ რომ მოლოდინი არ ემთხვევა რეალობას, ზაფხული დასვენებასთან, შვებულებებთან, ჩემ დაბადების დღესთან (მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ არ მიყვარს მეთქი, მაინც მიყვარს) ასოცირდება, კიდევ ბევრ სხვა რამესთან. თუმცა წელს ვიცი, რომ დიდი არაფერი იქნება და ამიტომ ორმაგად უღიმღამოა 🙂

      Like

    1. მართალია, თუმცა საკმაოდ იშვიათად ხდება ისე, რომ არ ვიცოდეთ რა მოხდება ხვალ. თანაც არასოდეს იცი ის რაც მოხდება კარგი იქნება თუ ცუდი, ან ამით თავს ვიმშვიდებთ ან უმჯობესიც კია ზოგჯერ ვიცოდეთ რა მოხდება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა შესაძლოა ხვალ ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყოს 🙂

      Like

  1. ჯერ ერთი, გამიხარდა სიმღერა რომ დაამატე და გამახსენდა, რომ კაი ხანია არ მომისმენია, არადა შენი პეიჯიდან გადავედი პირველად. ხოდა, ამ სიმღერამ მე გამახსენა ახლა რაღაცეები 🙂

    მეორეც, დიზაინის ცვლილებაც შევნიშნე და მომეწონა. აქვე ვიტყვი მესამესაც 😀 ბოლო კომენტარების ვიჯეტი დაამატე ბარემ 😉

    რაც შეეხება პოსტს, მომეწონა, დიდი ინტერესით ჩავიკითხე ბოლომდე. ხოდა, შარშან რომ არ იცოდი წინ გადასარევი დასვენება და ემოციებით დატვირთული დღეები გელოდა, იქნებ წელსაც არ იცი და უკეთესი ზაფხული გელის 😉 ხოდა, წელს მშვენიერი ზაფხული იქნება და კიდევ უფრო მშვენიერი აგვისტო 😉

    P.S. რა წიგნია? დამაინტერესა საშინლად 🙂

    Like

    1. გამიხარდა:
      1. რომ სიმღერა, რომელიც უზომოდ მიყვარს, შენც გიყვარს;
      2. სიმღერა, რომელიც ძალიან ბევრ რამეს მახსენებს, შენც გახსენებს;
      3. რომ მოგეწონა დიაზინი. კიდევ ვგეგმავ რაღაც ცვლილებებს, ვნახოთ.

      😀
      ჰო, შეიძლება ბოლო კომენტარების ვიჯეტიც დავამატო 🙂

      იმედი მაქვს წელსაც სასიამოვნო მოულოდნელობები მელოდება, თუმცა მეეჭვება (მაგრამ გულახდილად ეს ახლა ნაკლებად მანაღვლებს 🙂 )

      პ.ს ეეეჰ, მე ადამიანი, რომელიც მაღალ იდეალებზე ვდებ თავს და ინწელექტუალად მიცნობენ გავგიჟდი ისე შემიყვარდა ბანალური რომანტიული კომედიის ტიპის ამერიკული ბესტსელერი “something borrowed” Emily Giffin 😀 😀 😀

      Like

      1. ხო, ის სიმღერა შენ შემაყვარე 😛
        წიგნითაც საოცრად დავინტერესდი, მოვრჩე გამოცდებას და ვნახავ 😉

        დიზაინს რაც შეეხება, მომწონს 😉 მარა ჩემი აზრით წინა ჰედერი უფრო შენი იყო, ან თვალი მიეჩვია, არ ვიცი 🙂

        Like

        1. აუცილებლად ნახე, ძალიან მომეწონა მე, ფილმიც გამოვიდა იგივე სახელწოდებით 🙂
          რაც შეეხება ჰედერს, ცვლილებების დრო დადგა, ის ძალიან მომბეზრდა 🙂

          Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s