ძვირფასო ადრესატო – მე, შენ და ზაქარია


სულზე უტკბესო, წერილის დასაწყისს უკვე მესამედ ვცვლი, ჯერ იყო და იმით დავიწყე შენთვის რაღაც მაქვს მეთქი მოსაყოლი, არადა რა უნდა მომეყოლა, არც არაფერი, შემდეგ ფსიქიურ აშლილობაზე დავიწყე სჯა-ბაასი და დამავიწყდა, ცოტა ხანში კი აღმოვაჩინე, რომ ამ თემაზე ერთი აბზაცის შემდეგ თავიდან დავიწყე გატაცებით საუბარი და მივხვდი, რომ იქ უფრო უხდებოდა ვიდრე აქ (არა მაინც რას ავიკვიატე ეს სიგიჟე), ჰოდა მომიწია კიდევ ერთხელ დამეწერა პირველი აბზაცი, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (სადღაც 3- 5 წუთი ჯამში) მივხვდი, რომ არაფრის მომფიქრებელი არ ვიყავი და დასაწყისის არ ქონა ვაქციე დასაწყისად.
რამდენიმე დღის წინ თვალი მოგკარი, ზურგით იდექი თუ მიდიოდი ზუსტად არ მახსოვს, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ შენ არ იყავი ანუ ჯამში ისე გამოვიდა, რომ არც თვალი მომიკრავს და არც მინახიხარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ვინც შენ მეგონე ძალიან გგავდა, თუმცა სხვანაირად ეცვა, ალბათ შენ ასე არ ჩაიცმევდი. არა, ცუდად კი არა, უბრალოდ სხვანაირად, თუმცა შენი ჩაცმის სტილით გადარეული არასოდეს ვყოფილვარ, ეს სამკუთხედად ამოჭრილი მაისურები ლამის ბავშვობიდან მეზიზღება, შენ კი მგონი მიდრეკილი ხარ მსგავსი ჩაცმისკენ, ან იქნებ არასწორად მახსოვს, არა, არა ერთი ყავისფერი ზედა ნამდვილად ასეთი გქონდა, აი მაშინ გეცვა ნანგრევებიდან რომ გამოდიოდი. უი, რა ტრაგიკულად ჟღერს, არადა დიდი არაფერი უბრალოდ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდი ახლად ნაყიდ თუ ნაქირავებ ფართში და ხელებგაშლილი ცდილობდი ისე გამომძვრალიყავი, რომ თავიდან ფეხებამდე მტვერში ამოგანგლული არ წასულიყავი სახლში. მოიცა ეს რამდენი ხნის წინ იყო, ჰმმმმ, არა, არ მახსოვს, თუმცა გუმანი მკარნახობს ნოემბერი უნდა ყოფილიყო, ან იქნებ ვცდები კიდეც, რა ნოემბერი, რის ტკბილი ნოემბერი.
ბოლოს რომ გნახე რაღაცნაირად დაჩაჩანაკებული მეჩვენე, ერთი პირობა შემეცოდე კიდეც, შემდეგ მივხვდი, რომ შესაცოდად არ გქონდა საქმე და ხელი ჩავიქნიე. არა, როგორ მიყვარს ხოლმე რა შენი შეცოდება, ეს რაღაც უცნაური თვისება მაქვს. საერთოდ ამ ბოლო პერიოდში ვფიქრობ, რომ ფსიქიური აშლილობა უნდა მქონდეს, თუმცა ვინაიდან ამას ვაცნობიერებ ე.ი. საქმე არც თუ ისე ცუდადაა, ან იქნებ ამით თავს ვიმშვიდებ და სინამდვილეში ვერაფერს ვაცნობიერებ, ან იქნებ თავის გაგიჟება მინდა და ამ გაცნობიერებულ ჭეშმარიტებას გაუცნობიერებელს ვუწოდებ, რომ თამამად ვთქვა შეურაცხადი ვარ მეთქი, ან ის, რომ მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო ჩემი სიგიჟე, თავისთავად უკვე მოწმობს იმას, რომ უკვე აღარაფრის დამტკიცება არ მჭირდება და ეს ასეცაა, ან იქნებ ესეც მორიგი ფანდია, ანაც რა ვიცი რამდენი ან არის ამ სიტუაციაში…
ჰმმმ, არაა, პრინციპში გიჟი არ უნდა ვიყო!
დღეს 8 ივნისია, ამით იმის თქმა მინდა, რომ 8 რიცხვია და ამით იმის თქმა მინდა, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, უფრო კონკრეტულად კი უნდა მომხდარიყო, აბა აწი რაღას მოხდება, თუმცა ეს შენთან კავშირში მგონი არასოდეს ყოფილა, თუ იყო, არა, არა ჭეშმარიტად იყო, ისე, რომ ეს შენ არ იცოდი, ან იქნებ იცოდი კიდეც და ამ რვიანის უხილავი ჯაჭვებით ვარ დაკავშირებული… მგონი ისევ დროა წინა აბზაცს მივუბრუნდე და განვავრცო შეურაცხადობის თეორია.
ამ კონკრეტულ მომენტში სიგარეტის მოწევის სურვილი ისე შემომაწვა, რომ შენზე ფიქრის უნარი წამერთვა, პრინციპში არც აქამდე ვიკლავდი თავს, მაგრამ მაინც.
უი, დამავიწყდა შენთვის მომეყოლა ბატონი ზაქარია გახსოვს?! ან რას გემახსოვრება, მგონი არც იცნობ, ჰოდა დღეს ვნახე, წვერი მოუშვია და საერთოდ არ გგავს, არადა თან გგავს, რითი გგავს არ ვიცი ოღონდ. ჰოდა გამოჩნდება თუ არა მაშინვე შენ მახსენდები ხოლმე, არადა სულ სხვანაირია, შენგან განსხვავებული და ამავე დროს თითქმის შენ ხარ. რაღაც საკუთარი საქმე წამოუწყია და თავი უფრო მაღლა უჭირავს ვიდრე ადრე, თუმცა მაინც უბრალოა, უბრალო და თან ძვირფასი, ძვირფასი შავი წვერით, თან შენნაირი. ცოტა ხნის წინ, რომ ვნახე მაშინ საიქიოზე ვფიქრობდი, დაწერა მინდოდა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა, ჰოდა წარმოვიდგინე, რომ აი საიქიოს მისაღებში ვდგავარ, ველოდები როდის მომაქცევს მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი გოგონა ყურადღებას, ვხვდები, რომ ჩემს გადანაწილებას პირი არ უჩანს, კედელზე ვარ აყუდებული, არადა წინასწარ ვიცი, რომ ჯოჯოხეთში მიკრავენ თავს (ეს ზუსტად ისე ვიცი, როგორც ის, რომ გიჟი ვარ, ანუ შეგიძლია ივარაუდო, რომ არ ვიცი), ჰოდა დანანებით ვფიქრობ რა შეუფერბლად ვარ ჩაცმული, ამასობაში კი ბატონი ზაქარია მოდის გაბრწყინებული სახით და გულის წყვეტა ორმაგდება, ის კი ვერც კი მამჩნევს, ერთს გადმომხედავს და ურიგოდ უშვებენ სამოთხეში… სულ ეს იყო, მეტი ვერაფრის მოფიქრება შევძელი, ზუსტად ამიტომ ვერ დავწერე ვერაფერი.
ჰოდა ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ყოველივეს შენთან კი არაფერი აქვს საერთო, მაგრამ ზაქარია მაინც გგავს და მაშინ მახსენდები, როდესაც ის მოდის, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება, ანუ არ მახსენდები… დღეს რატომ გამახსენდი? იმიტომ რომ გუშინ გნახე, ანუ კი არ გნახე ვიღაც ვნახე ვინც გგავდა, ანუ იმიტომ რომ გუშინ არ მინახიხარ…
მოკლედ ილოცე, რომ ზაქარია ხშირად შემობრწყინდეს ხოლმე ჩემთან, იმისთვის, რომ გამახსენდე და ამასობაში მისკენ გავაპარო თვალი. ან თუ გინდა ნუ ილოცებ, რა ვიცი. 
Advertisements

4 thoughts on “ძვირფასო ადრესატო – მე, შენ და ზაქარია

  1. “ბოლოს რომ გნახე რაღაცნაირად დაჩაჩანაკებული მეჩვენე, ერთი პირობა შემეცოდე კიდეც, შემდეგ მივხვდი, რომ შესაცოდად არ გქონდა საქმე და ხელი ჩავიქნიე. არა, როგორ მიყვარს ხოლმე რა შენი შეცოდება, ეს რაღაც უცნაური თვისება მაქვს”
    ———–მაინც რა უცნაურები ვართ ქალები…ვის ჭირდება ჩვენი შეცოდება? და მაინც გვეცოდება ყველა…მე,ვაფასებ შენში ამ თვისებას…მე მიყვარს შენი ნაწერების კითხვა,ნუ მომანატრებ ხოლმე თავს…კარგად წერ,ამიტომ ბევრი უნდა წერო….

    Like

    1. ჰო და რაც მთავარია არც თავად მიაჩნიათ თავი საცოდავად, ჩვენ კი ვიჩემებთ ცოდოაო.
      დიდი მადლობა, მახარებს შენი კომენტარების კითხვა ყოველთვის.

      Like

  2. ვერ წარმოიდგენ როგორ ვისიამოვნე ამ პოსტით. საერთოდაც, ეს წერილები ყველაზე მეტად მომწონს.
    ნანგრევებიდან გამოსვლა კაი იყო და გახსენების მიზეზი, მეც მასე მახსენდება ხოლმე ვიღაც-ვიღაცეები 😀 ისე, ეს ქუჩაში მიმსგავსების პერიოდი კაი ხნის წინ გადავლახე, თორემ გავრეკავდი მეგონა 😀

    Like

    1. სხვათაშორის მეც ძალიან ვერთობი ხოლმე ამ წერილების წერით, ყველაფერს ვარახუნებ რაც თავში მომდის 🙂
      ჰო, სრულიად დაუკავშირებელი მიზეზებით მახსენდება ხოლმე ხან ვინ და ხან ვინ 🙂 ეს მიმსგავსება მეც გადალახული მქონდა, თუმცა რატომღაც იმ დღეს რეციდივი აღმენიშნა 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s