მაშინებს


”მისი ჩაშავებული თვალები და გაფითრებული სახე მაშინებს, მისი უაზროდ გამხდარი ხელები, გრძელი თითები და დაღლილი გამოხედვა მზარავს, მისი სილუეტი ისე მიზიდავს თითქოს ყველაზე მშვენიერ ზმანებას ვხედავდე.
მე ის მაშინებს, მაშინებს მისი დუმილი, მაშინებს მისი ჩანაწერები, რომლებსაც ბოლომდე არასოდეს ვკითხულობ, მაშინებს ის, რომ მას მე ვიზიდავ, მაშინებს, რომ არასოდეს იშურებს მისთვის ამდენად არა დამახასიათებელ სითბოს, მაშინებს ის, რომ ვალში ვარ და ვერაფრით ვახერხებ მის დავიწყებას.
მე მას ვაშინებ, ჩემი მოხორბლისფრო კანი და მზისგან გაღიავებული თვალებით, ჩემი დაუსრულებელი საუბრითა და ჩემთვის ესოდენ არა დამახასიათებელი სიცივით.
ის ვალშია, მე მისთვის ვსაუბრობ, ის ჩემთვის წერს, როგორც კი დაწერს მე მას ვპასუხობ, როგორც კი ვპასუხობ ის ისევ მწერს, როდესაც მწერს მე საბანს ვიფარებ და ვიტყუები რომ არ წამიკითხავს, ის ამას ხვდება და კედლის უკან იმალება, როგორც კი სათქმელს ჩამოვაყალიბებ მე ვაგრძნობინებ, რომ დროა მომისმონოს, ის რამდენიმე მეტრის დაშორებით დგება და გაბადრული სახით ისმენს ყველაფერს რასაც ვეუბნები, მე სათქმელს ვამთავრებ და ვალმოხდილი ვემზადები წასასვლელად, სამსახურში მისულს ის მე მწერს და მე საღამოსთვის სიტყვას ვამზადებ, ჩვენ ერთმანეთს ვაშინებთ.”
– მხოლოდ ამის სათქმელად დამიძახე?
ვდუმვარ.
– შენ ხომ იცი, რომ ყოველ დაძახებაზე აქ ვერ გავჩნდები, ამიტომ სანამ ჩემს ნახვას მოისურვებ და თან სასწრაფოდ დაფიქრდი რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გაქვს.
ისევ ვდუმვარ და იატაკს ვუყურებ.
მეხუტება და მიდის. მარტო დარჩენისთანავე წერას ვიწყებ.
”მას თხელი ზურგი აქვს, აშოლტილი ფეხები, კუპრივით შავი თმა და მარმარილოსავით თეთრი კანი. ის დაუნდობელია, თუმცა თბილი, მის შეუბრალებლობაში იმხელა სიყვარულია, რომ ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდება ადამიანს, რომელსაც ის არასოდეს უნახავს. მე მიყვარს მისი თითები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც მეხება, მიყვარს მისი ტუჩები, რომლებიც ყოველთვის შინდისფერ-ლურჯ-წითელია, მიყვარს მისი სიმკაცრისგან აკანკალებული ხმა და ამ ხმის გაგონებისას ენის ქვეშ გაჩენილი სირბილის შეგრძნება, აი ისეთი ”შედედებულ რძეს” რომ შეჭამ ბევრს და გადამეტებული სიტკბოსგან რომ გიჩნდება.
ის ისეთივე ახლობელია ჩემთვის, ისეთივე საყვარელი, ისეთივე იშვიათი, როგორიც ბავშვობაში გასინჯული დედაჩემის გაკეთებული ცხელი შოკოლადი.
მე ის მაშინებს.
ჩემი მჭევრმეტყველებისთვის შეუფერებელი მდუმარება ქარიშხლის მოახლოვებას ამცნობს, ჩემი უპასუხო მზერა და ჩახუტებისას უპასუხო ხელები, მუდმივად ჰორიზონტისკენ მიმართული მზერა, როლების გაცვლა, მისი ლაპარაკი და ჩემი წერა.
მე მას ვაშინებ”.
დილით ოთახის კარები იღება, ნაცნობი ჩასუქებული სილუეტი მადებს შუბლზე ხელს და თერმომეტრს იქნევს, რამდენიმე წუთი თავზე მადგას და შემდეგ თავის უაზრო ქიცინით გადის ოთახიდან, მე ბალიშის ქვეშიდან ფურცელი გამომაქვს და ვყნოსავ, მასაც უკვე საავადმყოფოს სუნი აქვს და მეზიზღება. მე ისევ ვწერ.
”მას შუქი მოაქვს, შემოსვლისთანავე ფარდებს წევს და თვალებში მიყურებს, ის ახლაზგარდაა და არასოდეს ვეკითხები ასაკს. ის ისეთი გრილი და სასიამოვნოა, როგორც სისხამ დილით სახეზე მონავარდე ჰაერი, ის ცოცხალია.
მე ის მაშინებს.
მე ხელებიც ნისლიფერი მაქვს, მზიან ამინდსაც უსიცოცხლოს ვხდი, მე მოხუცი ვარ და ის არასოდეს მეკითხება ასაკს. მე ისეთი ნაცრისფერი ვარ, როგორც გასვენების დღეს გათხრილ სამარეზე ჩამოწოლილი ბურუსი, მე მკვდარი ვარ.
მე მას ვაშინებ.”
მოსაღამოვებულს კალმით ხელში მეღვიძება და წერას ვაგრძელებ.
”ჩვენ შევიცვალეთ.
ის მე აღარ მწერს, მე აღარ ვლაპარაკობ.
ის ვალში არ არის და მე საბნის გარეშე მძინავს.
მისი თვალები გაღიავდა და კანზე მზე მოეკიდა.
მე გავფითრდი და თვალები ჩამიშავდა.
ის იშვიათად მელაპარაკება, მე იშვიათად ვწერ.
ის ისევ მშვენიერია, მე ისევ არ ვიცი როგორი ვარ.
ის გაცივდა, მე გავთბი.
ის აღარ მეხუტება, მე კი კარების ყოველი გაღებისას ვხსნი მკლავებს.
მე მზერით ვეძებ და მავიწყდება ჰორიზონტი, ის აღარ მხედავს.
ვეკითხები ასაკს და არ მპასუხობს.
ის წავიდა და აღარ მაშინებს.” 

ბოდვა უსათაუროდ


საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, თვალი ფანჯრისკენ გააპარა და შვებით ამოისუნთქა ”ფარდის გაფარება მაინც არ დამვიწყებია” -ჩაილაპარაკა გაბზარული ხმით. იატაკზე იწვა, ეცადა გაეხსენებინა როდის მოვიდა სახლში მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, თეთრ მაისურს მტვრისგან ფერი ქონდა შეცვლილი, ამრეზით დაიხედა, ნელი მოძრაობით წამოდგა და ლოყას შეეხო, ტკივილი იგრძნო, ”ალბათ მთელი ღამე გაუნძრევლად ვიწექი”, თაროზე დასაკეც სარკეს მოკრა თვალი, აიღო და ნახევრად მძინარე სახით გაუსწორა თვალი საკუთარ თავს, ლოყა შეწითლებული ქონდა და ლამის მთელი იატაკის რელიეფი ეტყობოდა ზედ, ხელით მტვრის რამდენიმე ნამცეცი მოიშორა და თვალებს დააკვირდა, ”ფერი შემეცვალაო” – გაიფიქრა და გამომწვევი მზერა ესროლა სარკეს, ქუთუთოებზე ალაგ-ალაგ შავი ფანქრის კვალი შერჩენოდა ”რას ავიკვიატე ეს ფანქარი ბოლო ხანებში” – თქვა ღიმილ ნარევი სახით და შემდეგ თვითონვე უპასუხა ”მიხდება და იმიტომ”.
მაგიდაზე გაშლილ პატარა ფურცლებს მოკრა თვალი, ახლოს მივიდა და სკამზე ჩამოჯდა ”რამდენი მიწერია” – გაიფიქრა გაკვირვებულმა და მათ დალაგებას შეუდგა, დიდი წვალების შემდეგ აღადგინა თანმიმდევრობა, სათვალე გაიკეთა და კითხვა დაწყო, ფურცლის თავში თარიღი და საათი მიეწერა გაეცინა – ”ალბათ ვიცოდი, რომ დილით ვერაფრით შევძლებდი მოვლენების აღდგენას”.
”დილა მშვიდობისა! ვხედავ უკვე გაიღვიძე, ალბათ დიდ ხანს ცდილობდი აღგედგინა წუხანდელი მოვლენები, მაგრამ ვერაფერი გაიხსენე… ახლა კმაყოფილს გეღიმება, შენივე წინდახედულობა განცვიფრებს, ლამისაა თავზე ხელი გადაისვა და მაგრად ჩაიხუტო, მოეფერო და უთხრა, რომ ის ყველაზე ჭკვიანია, რომ მას მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვს, რომ მან იცოდა ხვალ ვერაფრის გახსენებას შეძლებდა და ამიტომ მოვლენებს წერილობითი ფორმა მისცა… სანამ შემდეგი აბზაცის კითხვას დაიწყებდე შეგიძლია საკუთარ თავს ტაშიც დაუკრა, სარკესთან მიხვიდე და თვალი ჩაუკრა!
არადა ყველაფერი სხვაგვარადაა, არც გიფიქრია გესაუბრა იმაზე რაც დღეს მოხდა (თუმცა დაგინდე და საათი ქაღალდის თავში მივაწერე), წინასწარ ტკბებოდი საკუთარი უსუსურობის შეგრძნებით, რომელიც დილით იატაკზე გაღვიძებულს დაგეუფლებოდა, ზოგჯერ ისე გხიბლავს შენ თავში აღმოჩენილი სისუსტე, რომ ამ სიამოვნებაზე უარი ვერ გითხარი, ჰოდა წუხანდელი მოვლენები შენი ფანტაზიისთვის მიმინდვია, მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, როგორი წარმატებით შეძლებს ის ამ ღამისთვის ჯადოსნური ელფერის მიცემას.
ვწუხვარ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ გვეთქვა ”ცეცხლზე დაწვის კანდიდატი ვარო”, გახსოვს ადრე აღწერას ვკითხულობდით, რის მიხედვით არჩევდნენ ინკვიზიციის დროს ჯადოქრებს (კუდიანები უფრო კარგად ჟღერს, თუ სიტყვის წარმომავლობას არ დააკვირდები), საშუალოზე დაბალი – ამას ვაკმაყოფილებთ (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ), შერეული ფერის თვალები, მომწვანო/მწვანე (ამასაც ვაკმაყოფილებთ, დღეს ყოველშემთხვევაში), ლაქები სხეულზე (ეგრევე მარჯვენა ფეხის წვივისკენ გაგექცა ხო თვალი?!), ცეცხლისფერი თმა – აქ არ გაგვიმართლა! არც ჭორფლი გვაქვს სახეზე. მოკლედ დიდი განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო ჩვენთვის კოცონის დანთება.
უკვე სიგარეტის საამურ სურნელს ვგრძნობ, აი ეს ესაა მოუკიდე ალბათ, ახლა კი თვალების ცეცებით ეძებ საფერფლეს, თუმცა ვერსად ხედავ, დეტალებს არ ჩავუღრმავდები უბრალოდ გეტყვი, რომ ვერ იპოვნი და ამიტომ გაუფრთხილდი შენში შემორჩენილ ენერგიას. ჰო და არ დაგავიწყდეს სული შეუბერო ფურცელს, ხედავ ფერფლის რამდენიმე ნაწილაკი უკვე დაეცა.
გახსოვს რამდენიმე დღის წინ ტუჩზე ლაქა შევამჩნიეთ, ქვედა ტუჩის შუაში ზუსტად, ყავისფერი ლაქა, ხალის მაგვარი რაღაც, მოგვეწონა, რაღაცნაირი სიამოვნებით დავუწყეთ თვალიერება… ამას იმიტომ გეუბნები, რომ ვეჭვობ შეუმჩნევლად, თითქოს შეფარვით უაზროდ გვიყვარდება საკუთარი თავი, ჰო მისი სილუეტის დანახვა ისე გვახარებს, როგორც, როგორც… არ ვიცი, მგონი დიდი ხანია არაფერი გაგვხარებია, თუმცა არ გვინდა ახლა ისევ იმ სისუსტეზე საუბარი, რომელსაც დეპრესია ქვია, მოდი სიყვარულს დავუბრუნდეთ, მე ვერ დავაფიქსირე ზუსტად როდის მოხდა ეს ცვლილება ჩვენში, ალბათ შენც გამოგრჩა ეს მომენტი, თუმცა დღეს დაძინებამდე ჩვენ აღმოჩენა გავაკეთეთ, ჰოდა გილოცავ, შენ როგორც იქნა გიყვარს შენი თავი, ოღონდ სხვანაირად, ისე არა როგორც წარმოგედგინა, თითქოს შენთვის უცხო იყოს ისეთი ინტერესით სწავლობ და ყოველთვის რაღაც სრულიად ახალს და უცნობს პოულობ.
დამავიწყდა მეთქვა დღეს თუ გარეთ გადაწყვეტ გასვლას შეეცადე როგორმე თავი აარიდო ჩვენ კარის მეზობელთან შეხვედრას (თუმცა ეჭვი მაქვს მთელ დღეს კარებთან გაატარებს, რომ არ გამოვეპაროთ) მიზეზებზე ბევრ დროს არ დავხარჯავ, უბრალოდ გეტყვი, რომ გუშინ სახლის კარებს რომ აღებდი გამოგხედა, გამარჯობაც არ გითხრა და წარბ აწეულმა გათვალიერა, ჰო, კიდევ დამავიწყდა მეთქვა, რომ სახლში მოსულმა ტანსაცმელი გამოიცვალე, სხვანაირად გეცვა, ერთ ხელში ღვინის ბოთლი და მეორე ხელში სიგარეტი გეჭირა… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ცეცხლზე დაწვისთვის თუ არ გამოვდგებით, მეზობლების სალაპარაკო თემა აუცილებლად გავხდებით.
ნუ ებრძვი შენ თავს, თუ უნდა რომ ქონდეს იმედი – დაე ქონდეს, თუ უნდა რომ სჯეროდეს ან სწამდეს – დაე სჯეროდეს და სწამდეს, თუ კარგად ყოფნა უნდა – მიეცი ამის უფლება, თუ ღიმილი უნდა – ნუ აიძულებ თავი შეიკავოს, თუ მუსიკა მოენატრა – მოუსმინოს, თუ ცეკვა უნდა – იცეკვოს, თუ ჩვეულებრივია – დაე იყოს ჩვეულებრივი, თუ თავისუფლება უნდა – იყოს თავისუფალი, თუ კანონების დარღვევა არ სურს – ნუ დაარღვევს, თუ საკუთარი თავი მოსწონს – ნაკლს ნუ მოუძებნი, თუ ბედნიერება უნდა – ნუ ეტყვი, რომ სირცხვილია, თუ სენტიმენტალურია – ნუ აუკრძალავ ამას იმ მოტივით, რომ ეს სუსტი ადამიანების თვისებაა, თუ გული უჩქარდება – დაე აუჩქარდეს…”
ამ დროს კითხვა შეწყვიტა, ისევ სიგარეტს მოუკიდა, ფეხები სკამზე აიკეცა, ფანჯრისკენ გაექცა თვალი, ძილი მოერია, მიხვდა, რომ უნდა დაეძინა, ფურცლები აკრიფა მაგიდიდან, ქვაბი გამოიტანა, ჩაყარა შიგნით და ცეცხლი მოუკიდა, ბოლომდე რომ ჩაიწვა აივნიდან გადაუშვა და საძინებელში შებრუნდა. გაიხადა დამტვერილი ტანსაცმელი, სახე ჩამოიბანა, შეძვრა საწოლში და ჩაეძინა.
მაღვიძარამ დარეკა, თვალი გაახილა, მაგვიანდებაო იფიქრა და აბაზანაში შევიდა სწრაფი ნაბიჯით, შხაპის ქვეშ დაფიქრდა რა უცნაური სიზმარი დამესიზმრაო და გაეღიმა.
სამსახურში მიმავალს იმედი შეეპარა, იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მაშინვე უსაყვედურა თავს, იმედს რწმენა მოჰყვა და მას კიდევ უფრო დაჟინებით დაუწყო ბრძოლა, იგრძნო, რომ კარგად იყო და მკაცრად მოუწოდა თავს არ გაქვს ამის უფლებაო, უნდა გაღიმებოდა, რომ ტუჩები მაგრად მოკუმა რა დროს ეს არისო, მხიარული მუსიკის მოსმენა მოუნდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ამისთვის შესაფერისი დრო არ იყო, ცეკვაზე ხომ საერთოდ ფიქრიც ზედმეტად ეჩვენა… 

ძვირფასო ადრესატო – როლები


ძვირფასო ადრესატო,
ვინაიდან დღეს ყველაზე მეტად განუსაზღვრელი და ჩამოუყალიბებელი ხარ მიჭირს პირველი წინადადების დაწერა. გადღაბნილ ფერებს გამსგავსებ, კონტურებიც კი ვერ ყალიბდება, ერთმანეთში არეული მუქი ფერების მასა ხარ, თუმცა შენ მზერას ვარჩევ, თვალები არ გაქვს მაგრამ მზერა, ამას ვერაფრით წაგართმევ.
მუზას აღარ გეძახი, ძალიან ბანალური და რაღაცნაირად მოდური გახდა ეს ფრაზა, თან არ გიხდება, შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე მუზა, სიტყვაც ულამაზოა მ-სა და ზ-ს შერწყმა სასიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, თუმცა მიმოზები მიყვარს. არა, ქალები სახელად მიმოზა კი არა, მიმოზები, ან არა მოიცა, ისევ ტყუილს ვამბობ, არ მიყვარს არც მ-სა და ზ-ს შერწყმა და არც ყვითელ-მწვანეს ნაზავი, ყვავილის არაფერი ეტყობა, ნაყოფს უფრო გავს, არც სურნელება მხიბლავს მათი, მაგრამ ბავშვობაში, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ამოვიჩემე გვეყოფა ეს ვარდებით ტკბობა, მე მაინც ვიქნები ორიგინალურად მიმზიდველი და ჩემ სიყვარულს მიმოზას ვაჩუქებ მეთქი, ერთი პირობა დავიჯერე კიდეც, რომ მიყვარდა, მაგრამ ახლა ნათლად ვხვდები, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ შენ არ იქნები არც ამოჩემებული მიმოზა და აღარც მუზის ეპითეტით შეგამკობ, ისიც გეყოფა, რომ ჩემი უცვლელი ადრესატი ხარ.
ყოველი ახალი წერილის დაწერისას მგონია, რომ უსაზღვროდ მოგაბეზრე თავი, თუმცა ზოგჯერ თავს ვერაფერს ვუხერხებ და ჩემთვის ჩვეული გატაცებით და თითების საამური ნავარდობით ვიწყებ ახალი წერილის წერას.
ხშირად უსაზღვროდ მაღიზიანებს შენი სამაგალითო სტანდარტულობა, ის რომ თითქოს ყველას ჩარჩოში ეტევი, ყველას მოთხოვნას აკმაყოფილებ, ყველა ტაშს გიკრავს და თან ბედნიერი ხარ. თითქოს ყველაფერ დადებითს ასხივებ, დადებითს ანუ იმას რასაც საზოგადოება მიიჩნევს დადებითად, ჩემი კარტი კი ყოველ გაშლაზე საპირისპიროს მეუბნება. ჰო, ვიცი ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვერ ამიტან. ახალი როლი მაქვს, მართალია ცოტა პასიური ანუ სხვა როლების ფონზე მიმდინარე, მაგრამ ყველაზე გრძელვადიანი, თვალებიც კი სხვანაირად მიციმციმებს, როდესაც ამ როლს ვირგებ, იცი როგორი ვხდები, ისეთი შენ რომ ვერ ამიტანდი, მაგრამ მაყურებელი გატაცებისგან ღია პირით, რომ დამიწყებდა თვალიერებას.
შენ ზუსტად ის ხარ ვისაც ყოველთვის აშინებს რას იტყვის ხალხი, ის ხარ ვინც წინასწარ იცის რა პასუხი უნდა გასცეს კითხვას ”რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.” ამ კითხვაზე ალბათ იტყოდი ”სიყვარული და ჯანმრთელობაო”, გამკიცხავ მზერასაც ესროდი იმ თითო ოროლა ადამიანს, რომელიც გაბედავდა და იტყოდა მატერიალური კეთილდღეობაო, ჰოდა გამკიცხე, მე ისევ ვერ ვჯდები შენ სტანდარტებში, ისევ ისეთი უშნო და ზღვარგადასული ვარ შენ ჩარჩოში მოთავსებისას. ჰო, მე ამ კითხვაზე სხვა პასუხს გავცემდი, შენ მეტყოდი, რომ ფულით სიყვარულსა და ჯანმრთელობას ვერ იყიდი, მე კი გიპასუხებ, რომ როგორ ვერ. იყიდი ჯანმრთელობას, იმიტომ, რომ იყიდება, იყიდი სიყვარულს იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც გიყვარს, მათ სიცოცხლეს შენარჩუნება სჭირდება, მათ ბედნიერებას, მათ კარგად ყოფნას შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ იყიდი და თუ შეიძლება ჩემთან არ გინდა მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, იმ როლის თამაში, რომლის გამოც ტაშს გიკრავენ და დამრიგებლურ ტონში საუბარი.
შენ ზუსტად ის ხარ ვისაც ინკვიზიციის ეპიდემიის ნარჩენები შეეყარა დაბადებისას და არაფრის გაგონება აღარ სურს. ჰო, არ გაინტერესებს ჭეშმარიტება, გჯერა იმის რაც გასწავლეს, როგორც გასწავლეს. 

გულახდილი განცხადება


უსინდისოდ ვიტყუები, როდესაც ვცდილობ მოწოლილი აგრესია და ზიზღი ისეთი დადებითი სახელის მქონე სიტყვით შევფუთო, როგორიცაა გულახდილობა. ყველა უარყოფით ემოციას ამ სახელს ვარქმევ და ვცდილობ თავი ვიმართლო. ყოველთვის კი როდესაც ამ საკითხს ვუღრმავდები ვხვდები, რომ ეს მხოლოდ თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი, სად არის ის გულწრფელი და დაუფარავი საუბარი, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობ. ვის ვატყუებ? საკუთარ თავს თუ სხვებს. ვის უნდა ვუთხრა სიმართლე პირველ რიგში, ვის წინაშე უნდა მოვიხსნა ნიღაბი, შევეშვა როლების თამაშს, არ ვისაუბრო დაზეპირებული ფრაზებით? ვის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. მარტივია, სხვებზე საუბარი, ძალიან მარტივია ყველაფრის ნთხევა რაც გულში მაქვს, შეცდომებზე მითითება, კორექტულობის დაცვით მათთვის იმის თქმა, რომ ისინი სრულ არარაობად მიგაჩნია. აი მაშინ კი, როდესაც საქმე მე მეხება, ყველაფერი გაცილებით რთულია, მაშინვე მეკარგება ეს დაუცხრომელი გულახდილი ღაღადის ჟინი, მაშინვე ჩვარი ვხდები და ვცდილობ თემა შევცვალო, მაშინვე სხვების მიმართ გაჩენილ გრძნობებზე გადამაქვს ყურადღება. თავს ვიტყუებ, ესეც მორიგი როლია, რომელიც მოვირგე, გულახდილობას მოწყურებული ადამიანის როლი, პოზა, რომელსაც ვიჭერ და თემა, რომელსაც ვნებიანად ვავითარებ.
მე, რომ გულახდილი ვიყო, იმაზე კი არ დავიწყებდი საუბარს თუ რას ვეტყოდი ლიფტში ზედმეტად ცნობისმოყვარე მეზობელს, რას ვეტყოდი ადამიანებს, რომლებიც ირგვლივ მახვევია, არა, მე რომ გულახდილი ვიყო დავდგებოდი სარკესთან და საკუთარ თავს ვეტყოდი ყველაფერს რასაც მასზე ვფიქრობ, შემდეგ კი ყველას ვეტყოდი ვინ ვარ მე. მარტივია სხვებზე საუბარი და შემდეგ თავ აწეული სიარული, შენიშვნის მიღებისას კი ამაყად თქმა, რომ ეს გულახდილობა იყო და მეტი არაფერი, კარგი რა, ვის ატყუებ, ვის წინაშე გინდა ვალის მოხდა, როდემდე შეიძლება ითამაშო ეს როლი, გეყოფა, უკვე სასაცილოა.
არასოდეს გიფიქრია რატომ ვერასდროს ირგებ დასვენებას? რატომ არ შეგიძლია სახლში დიდ ხანს მარტო ყოფნა? რატომ არ შეგიძლია საწოლში დიდ ხანს წოლა? რატომ არ შეგიძლია თუნდაც ცოტა ხნით იყო უმოქმედოდ? გიფიქრია, გიფიქრია და თან რამდენჯერ. ვისი გეშინია ყველაზე მეტად?! ვისი და საკუთარი თავის, რამდენი მოუნელებელი მოგონება გაქვს, ისეთი ”დრო ყველაფერს კურნავს” გამოთქმას, რომ მომენტალურად აცამტვერებს, რამდენ რამეს ვერ პატიობ საკუთარ თავს, ღმერთიც ამაში გჭირდება, რომ საკუთარი ბრალი როგორმე შეიმსუბუქო, ვიღაცისგან მოითხოვო პატიება, ოღონდ შენ არ მოგიწიოს ყველაფერში ქექვა, დანაშაულის სრული სიმძიმის აღქმა და შემდეგ ამის პატიებაზე ფიქრი.
რას აპროტესტებ? ან ვის უპროტესტებ? საკუთარ თავს? რაში გჭირდება ეს, შენი აზრით რაც უფრო ხშირად გადაუხვევ საკუთარ კანონებს, რაც უფრო ხშირად გაგიჩნდება ზიზღის განცდა შენივე პერსონის (როგორც შენ გიყვარს ხოლმე საკუთარი თავის მოხსენიება) მიმართ, მით უფრო მეტად იგრძნობ რომ ცოცხალი ხარ? ეს თვითგანადგურებით მიღწეული ფიქრი მაღალ იდეალებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრის მომცემია.
გადავიდე შიშებზე? ყველაზე ტაბუ დადებულ თემაზე, სად ინახავ ამ შიშების სიას? ყველაზე ღრმად გაქვს ჩამარხული, რამდენი ეცადე იმისთვის, რომ ისე დაგემალა ვეღარასოდეს მიგეგნო, თუმცა არაფერი გამოგივიდა, პირიქით ყველაზე კარგად ის ადგილი გახსოვს. არა, დღეს შენ კი არა მეც არ ვარ მზად იმისთვის, რომ ეს ადგილი ამოვთხარო, დღის სინათლეზე გამოვიტანო ყველაფერი რაც იქ გაქვს. ეს ჩვენთან ერთად მოკვდება.
თემას უნდა გადავუხვიო, მიყვარს, როდესაც ვამბობ ”ჩვენ” მეთქი, რაღცანაირი სიამაყე ნარევი სითბო მეღვრება – მე და შენ, შენ და მე, ჩვენ. ესეც იმ ერთ-ერთი შიშთაგანია, რომელიც ნაგავსაყრელის ძირზე გვაქვს შენახული, სიმარტოვის შიშის.
ახლა კი შეგიძლია ბრალი დამდო, ვატყობ, როგორ გადაგისერა სახე ღიმილმა, ვიცი, ვიცი რასაც მეტყვი, შენებურად ტონს აუწევ, თვალთმაქცს მიწოდებ, ნიშნის მოგებით მიმითითებ, რომ ამდენი საუბრის შემდეგ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის დატანა შევძელი ფურცელზე, მხოლოდ ზოგადი საუბრებით შემოვიფარგლე, დეტალებს უსინდისოდ ავუარე გვერდი.
დიახ, არ არსებობს არავითარი მე და შენ, შენ და მე, ჩვენ… არსებობს მხოლოდ მე და მე ვერასოდეს ვიქნები გულახდილი, ეს ერთადერთი გულახდილი განცხადებაა, რომლის გაკეთებასაც ოდესმე შევძლებ. 

ისე, უბრალოდ


ჰაერში სიგარეტის სუნი ტრიალებს და მაგიდის გვერდით მიდგმული ღვინის ბოთლი დაუცხრომელ ვნებებს იწვევს. ექსკლუზივია, მისი გახსნა ისეთ არაფრით გამორჩეულ შაბათს როგორიც დღესაა არა მხოლოდ გაუმართლებელია, არამედ დანაშაულის ტოლფასიც კი შეიძლება იყოს.

შიმშილი და უკიდეგანო ძღომის შეგრძნება ისე ცვლიან ერთმანეთს, რომ შუალედური პერიოდი არა და არ დგება. სავარძელში უმეტყველო სახით ზის და ღვინის ბოთლის დასავიწყებლად დაჟინებით ექაჩება სიგარეტს. წაუკითხავი წიგნების მთელი დასტა თვალს ჭრის და ახსენებს, რომ ის ძველებურად უარს აცხადებს განხორციელებული ოცნებებისა და სურვილების ხორცის შესხმაზე და მხოლოდ მოლოდინის შეგრძნებით ტკბობას ეცემა.

ფანჯრიდან შემოსული გრილი სიო მოსაღამოვებას ახსენებს და ეუბნება, რომ კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი ზაფხულის ნანატრი შაბათი გავიდა სრულ უაზრობაში, მან კი კვლავაც ვერ შეძლო ეპოვნა მიზეზი, რომელიც გაამართლებდა საგულდაგულოდ შენახული წითელი ღვინის დალევას.

მოძველებული ტელევიზორის ციმციმი მასში აგონიის შეგრძნებას იწვევს და ახსენდება დღე, როდესაც პირველად შეიტყო ამ სიტყვის მნიშვნელობა და არა მხოლოდ შეიტყო არამედ იხილა კიდეც.

რუსულს მეცადინეობდა, ძველებურ ყავისფერ მაგიდასთან იჯდა და ვერაფრით მოენელებინა, რომ დედას “მშობელთა კრება” დაავიწყდა, ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის დროს აეკიდა უცნაური ფორიაქი და მთელი დღის განმავლობაში შფოთავდა “ნამდვილად რაღაც მოხდაო“. სახლთან მიახლოვებისას სუნთქვის გაძნელება იგრძნო, გაახსენდა, როგორ უყვებოდა მეგობარი მამაჩემი რომ გარდაიცვალა ეზოში შესულს მისი მეგობრების მანქანები მომხვდა თვალში და მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდაო, ჰოდა ისიც სადარბაზოში შესვლამდე დაჟინებით ათვალიერებდა ხალხს და ავტომობილებს, თან სიცივეს აეტანა, ოცნებობდა, რომ არც ერთი ნაცნობი სახე არ ენახა. ეზოში ჩვეული სიწყნარე დახვდა და დამშვიდებულმა აიარა კიბე. სახლში შესული კი მოცელილივით ჩამოჯდა სკამზე და ბედნიერს გაეღიმა, რომ შიში, რომელიც დილიდან უაზროდ აეკიდა, მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგიდასთან იჯდა, საათს უყურებდა, შემდეგ კი ოთახის კედლების თვალიერებას იწყებდა, სახლი, რომელშიც სულ რაღაც 10 დღის გადასული იყო ჯერ კიდევ აღძრავდა დაუცხრომელ ინტერესს. რამდენიმე წუთში დედა გამოვიდა, სულ ცოტა ხანში კი ის უკვე სადარბაზოში იდგა და ელოდებოდა ექიმების მოსვლას, თან გული უფართხალებდა “რაღა მაინც და მაინც დღეს არ მუშაობს ლიფტი” იმეორებდა დაჟინებით. ოთახში შებრუნდა და ცალი თვალი საწოლისკენ გააპარა, სიტყვებს ვერ არჩევდა, მხოლოდ გაძნელებული სუნთქვის ხმა შემოესმა და შემდეგ ხროტინი, ისეთი ყელში რომ გაგეჭედება რაღაც. რამდენიმე დღეში ბებია დაასაფლავეს.

“ნამდვილად უნდა დავლიო” – ფიქრების თავიდან გასაყრელად ისევ ღვინის ბოთლის თვალიერებას შეუდგა და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით მოუღო ბოლო ტელევიზორის მტანჯველ აგონიას. სიგარეტი კედელზე მიაწვა და ვნებააშლილი გაემართა მაგიდისკენ.

დილით სავარძელში გაეღვიძა, სიმძიმე იგრძო, აბაზანაში შესულს კი საკუთარი სილუეტი მოხვდა თვალში, ტუჩები ლურჯი ქონდა, მაისურზე კი რამდენიმე წითელი წვეთი ეტყობოდა. მაშინვე უკან შებრუნდა, სავარძლის გვერდით ცარიელი ღვინის ბოთლი მოხვდა თვალში.  სკამზე ჩამოჯდა და გაიფიქრა “მე კიდევ ერთი გამორჩეული დღის ქონის შანსი წავართვი საკუთარ თავს“. ბოთლის ძირზე შერჩენილ სითხეს იმედიანად გაუსწორა თვალი, რამდენიმე წამში კი ტუჩის ჭრილიდან მოშინდისფრო წვეთი გაემართა ნიკაპისკენ.

3 წლით უკან


თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღაც ხელს მკრავდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მაბრუნებდა წარსულში. უხილავ წრეზე დავდიოდი და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მიჭირდა თავ აწეულს გამევლო ათასჯერ გავლილი გზა.
მეგონა, რომ ამას გადავაბიჯე, რომ შევძელი თავი შემეკავებინა, რომ ამჯერად ვერავინ შეძლებდა (როგორ ძლიერადაც არ უნდა ეკრა ხელი) ისევ იმ ჭაობში აღმოვჩენილიყავი, რომელშიც ვცხოვრობდი.
სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ ვცდებოდი, მოვლენების მართვა ხშირად შეუძლებელია, უმეტესად ფაქტის წინაშე გვიწევს დგომა და თავის მტვრევა იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.
3 წელი, ზუსტად ეს დრო სჭირდება იმას, რომ წარსული შემოიჭრას აწმყოში. შარშან ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი, პირიქით მიხაროდა კიდეც, ოღონდ არავის ვუტყდებოდი, ალბათ ხვდებოდნენ მაგრამ ეს არასოდეს გამიხმოვანებია (ან იქნებ გავახმოვანე კიდეც, ამ წინადადების წერისას 1 წლის წინანდელი სცენა დამიდგა თვალწინ: – მე აივანზე ვზივარ, გრილად, სიგარეტს ვეწევი მოკუნტული, უმეტყველოდ გავყურებ სივრცეს და სიტყვები ყელში მეჩხირება, თუმცა მეშინია, რომ უკვე გადღეჭილ თემაზე საუბრით ყველას ვაბეზრებ თავს, სიტყვებს ვწონი და ისე ვამბობ, თუმცა რაღაც მომენტში კონტროლს ვკარგავ და ვაცხადებ, რომ ”მიხარია”. ჰო, ჰო ნამდვილად ასე ვთქვი, ანუ არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ სხვებსაც გამოვუტყდი).
ვერ გავთვალე, გამომრჩა, რომ 1 წელიწადში კიდევ ერთი 3 წლიანი ციკლი დასრულდებოდა და თავიდან მომიწევდა წარსულში დაბრუნება, ოღონდ ამჯერად სიტყვა ”მიხარია” ისეთი უადგილო იქნებოდა, როგორც არასდროს.
არ მიხარია, არა თუ არ მიხარია, არამედ ამას ყველაფერი მირჩევნია.
* * *
მაისია, 2011 წლის მაისი, მუსიკა მაქვს ჩართული და აუხსნელ ბედნიერებას ვგრძნობ (აქვე მინდა განვაცხადო, რომ ახსნადი ბედნიერება მგონი არასდროს მიგრძვნია), მეგობარს ვწერ ”იმდენად კარგად ვარ ნამდვილად რაღაც მოხდება” მეთქი, რამდენიმე წუთში ტელეფონი რეკავს, მე ვპასუხობ, იქიდან კი მეუბნებიან ”კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, თქვენ ყველაფრის თავიდან გავლა მოგიწევთ, მხოლოდ გაორმაგებულ ხარისხში”. მე ვჩუმდები და ინერციით ვიმეორებ ”უი, ვაიმე..” შემდეგ ვემშვიდობები და ვრთავ მუსიკას. მეგობარს ვწერ, ”მე ისეთი მართალი ვიყავი, როგორც არასდროს” (ეს ”ისე აგიხდეს ყველაფრის” ჩემებური ვერსიაა). იგივე სიმღერას ვუსმენ, იმ სიმღერას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მაიძულებდა წარმოსახვით ვმდგარიყავი მაგიდაზე და მეცეკვა, სიმღერა იგივეა განცდა რადიკალურად განსხვავებული, ვხვდები, რომ მას აწი სხვა დატვირთვა ექნება, მისი ყოველი მოსმენისას საშინელ სიმძიმეს ვიგრძნობ, ”მე კიდევ ერთი მხიარული სიმღერა მოვკალი” ვიმეორებ.
საღამოა, სახლში მისულს სახიდან ყალბი ღიმილი არ მშორდება, ვემზადები მთელი დღის დამუშავებული ტექსტის სათქმელად, რომლის ლაიტმოტივიც ”ყველაფერი კარგად იქნებაა”. –არადა, როგორ მეზიზღება ეს არაფრის მთქმელი ფრაზა – ვილანძღები სადარბაზოში. ოთახში შესვლისთანავე ვიწყებ მონოლოგს, ბოლოსკენ ვგრძნობ, რომ საკუთარი თავიც კი დავაჯერე ამ აბსურდული გამოსვლის ჭეშმარიტებაში.
* * *
1 თვე ისე გადის ვერაფერზე ვყალიბდები, თითქოს მასხრად მიგდებენ, ვიღაც იმედის ნაპერწკალს გამიჩენს, მეორე კი მაშინვე ფეხქვეშ თელავს.
სამშაბათია და ვგრძნობ, რომ ”დღეს გამადწყვეტ სიტყვას მოვისმენ”.
ამ ”გადამწყვეტი სიტყვის ავტორი” (დახეულ იასამნისფერ მაისურში გამოწყობილი, ექსტრავაგანტული მამაკაცი) მხარზე ხელს მადებს და მეუბნება ”კეთილი იყოს შენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, წელს ყველაფერი ორმაგად რთული იქნება”.
* * *
ეგოისტი ვარ, ვოცნებობ იმაზე, რომ მის ადგილზე მე ვიყო, მაშინ დეპრესიის უფლებას საკუთარ თავს აუღელვებლად მივცემდი.
 

თუ ყველაფერი კარგად არ იქნება


გადავწყვიტე გადამჭრელი ზომები მიმეღო, საკუთარ თავზე ამეღო მთელი პასუხისმგებლობა და თავად ვყოფილიყავი ყველაფრის ორგანიზატორი. ვხვდებოდი, რომ სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვიდოდა, რომ უფრო დიდი შეცდომის დაშვება შეგვეძლო, რომ ერთხელ გამოჩენილი გულგრილობის შედეგის გამოსწორებაზე სხვა ვერავინ იზრუნებდა.
ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერ რაც შემეძლო, ისიც კი რაც არ შემეძლო, არ წარმომედგინა. საკუთარ თავს დაუფიქრებლად გადავაბიჯე, ჩვეული სიჩუმე დავივიწყე, ხმა ამოვიღე, არა მარტო ამოვიღე, ტონსაც კი ავუწიე, მოთხოვნები ჩამოვაყალიბე, ვთქვი, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი. მაშინ ჯერ კიდევ ვერ წარმომედგინა, რომ უსიტყვოდ დამეთანხმებოდნენ, რომ ამას არავინ გააპროტესტებდა, რომ მეტყოდნენ ”კარგიო”. ალბათ იმედიც კი მქონდა, სადღაც ძალიან ღრმად მჯეროდა, რომ არ მომცემდნენ ამის უფლებას, რომ მაიძულებდნენ მხოლოდ მეორე ხარისხოვანი როლი მეთამაშა.
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, წარმოუდგენლად დამყოლი ხასიათი გამოავლინა თითოეულმა მათგანმა, ალბათ შეშინდნენ, ვერ გაბედეს, ერჩივნათ კიდეც, რომ სხვას ემართა სიტუაცია. მეც უკან დასახევი გზა მოვიჭერი, საკუთარი ნებით შევტოპე ბოლომდე და არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს უკან. დღეს უკვე დაგვიანებულია, ძალიან დაგვიანებული, ვეღარაფერს შევცვლი, პროცესი დაწყებულია და ისღა დამრჩენია, რომ საკუთარ თავს არ ჩამოვრჩე, თუნდაც ინერციით განვაგრძო მოქმედება.
მანქანაში ვზივარ, პეიზაჟები იცვლება, ვფიქრობ გზაზე, რომელზეც მივდივარ, მახსენდება, რომ ამ გზაზე უბედური არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით ბედნიერება და სიხარული ცვლიდნენ ხოლმე ერთმანეთს, მოუთმენლობა, მოულოდნელობებით აღსავსე მომავლის შეგრძნებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, მე ისევ მანქანაში ვზივარ, ისევ იმ გზაზე ვარ, ოღონდ სხვაგან მივდივარ, უკან ნერვიულობისგან გახშირებული სუნთქვის ხმა მესმის, გვერდით უსიტყვოდ მართავენ საჭეს, მე კი თავი მაქვს შუშაზე მიდებული და ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვითამაშო არჩეული როლი, რომ მთავარია სისუსტე არ შემეპაროს, რომ მე უნდა ვისაუბრო, მივიღო გადაწყვეტილება, ვიჩხუბო თუ ეს საჭირო გახდება, იქიდან კი იმ შედეგით წამოვიდე, რომელიც მინდა.
ეზოში შესული ვგრძნობ, რომ სუნთქვა მიჭირს, თუმცა არაფერს ვიმჩნევ, სხვებს ვამშვიდებ, ხმა მებზარება, თუმცა ვცდილობ ეს ლაფსუსი მაღალ ტონში საუბრით გადავფარო, ჩუმად ვიმეორებ, რომ ”მე ეს შემიძლია”.
ისევ მანქანით გამოვლილ გზაზე ვფიქრობ, იმაზე რომ გარეთ ზაფხულია, რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო მაგრამ არ არის. მეშინია იმის, რაც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება.
ოთახში შესულს ”დასაკარგი არაფერი მაქვს” გრძნობა მაქვს და არავის ვაძლევ უფლებას ისაუბროს, ვსვამ აურაცხელი რაოდენობით კითხვებს, ირონიულ მზერაზე ირონიულადვე ვპასუხობ, გვერდზე ვიხედები და გული მტკივა, როდესაც ვგრძნობ, როგორი უმწეო სახით მიყურებს, როგორ ელოდება იმას თუ რას ვიტყვი და რას მიპასუხებენ, ჩუმდება როდესაც ვეუბნები, რომ უნდა გაჩუმდეს.
ყოველთვის პირიქით იყო, მაშინაც კი როდესაც რამდენიმე წლის წინ კიბეზე ასვლისას, პანიკისგან სუნთქვა შემეკვრა, მამშვიდებდა, საკუთარ თავზე იღებდა სიტუაციის მართვას – ”რა სწრაფად გავცვალეთ როლები” – ვფიქრობ საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი სიბრალულის შეგრძნებით.
ოთახიდან გამოსული ვხვდები, რომ მე ეს შევძელი, რომ ხუთიანზე შევასრულე როლი, რომ მე ყველა ვიყავი საკუთარი თავის გარდა.
ისევ მანქანაში ვარ და ნერვებისგან აზრებს ვერ ვაყალიბებ. ნახევარ საათში ისევ ჩვეულ სიტუაციაში ვბრუნდები, გრილი ჰაერი მეხება სახეზე და ვგრძნობ, რომ რაციონალური განსჯის უნარი მიბრუნდება, ვხვდები, რომ ყველა გზა მოჭრილია, რომ გადაწყვეტილება მივიღე, ერთპიროვნულად მივიღე, მიუხედავად რისკებისა მე გადაწყვეტილება მივიღე და ყველა მე შემომცქერის.
დამშვიდებულს შიშის შეგრძნება მეპარება, ვხვდები, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი იდეალურად არ წავა მე მომიწევს ”განსასჯელის” სკამზე ჯდომა, რომ საკუთარი თავის ბრალმდებელი ვიქნები და სხვები თითს გამოიშვერენ ჩემი მიმართულებით. მე ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. 

მელანი


თვალი გავახილე, ჯერ კიდევ ბუნდოვნად ვხედავდი, ჭერს დავუწყე დაჟინებით თვალიერება, რამდენიმე ლაქა შევნიშნე, სხვადასხვა ფორმის და შეფერილობის იყო თითოეული მათგანი, თვალები დავხუჭე და შევეცადე მაქსიმალური სიზუსტით აღმედგინა მათი გარშემოწერილობა, პირველი თითქმის იდენტური იყო, მეორეზე დიდ ხანს ვიფიქრე, თვალებზე ხელი დავიფარე, იმისთვის, რომ კონტურები უფრო გასარჩევი გამეხადა და ფერი გამემუქებინა. ლაქები ნელ-ნელა უფრო გასარჩევი გახდა, თუმცა თეთრი ფონი ვერაფრით შევქმენი, ყველაფერი გულისამრევად საზიზღარ ყავისფერში იყო არეული.
გარედან ფეხის ხმა შემომესმა, უფრო და უფრო უახლოვდებოდა ოთახს, მომენტალურად გვერდი ვიცვალე, საბანი ლამის თავზე გადავიფარე და თვალები დავხუჭე. გავიგე როგორ გაიღო კარები, დაკაკუნება არც უცდიათ ”სად გაიზრდნენ?!” გავიფიქრე ბრაზმორეულმა, რამდენიმე წამში მივხვდი, რომ არც ვსუნთქავდი (არ ვიცი დაძაბულ მომენტებში რატომ ვიკრავ სუნთქვას, ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებ), ვიგრძენი როგორ მოუახლოვდა საწოლს ვიღაც, თვალი ოდნავ შევახილე და ფეხებზე დავხედე, შავი ფეხსაცმელი ეცვა, საშუალო ქუსლზე, საკმაოდ შეუხედავი წვივები ქონდა, კოჭი თითქმის არ ჩანდა, ფეხსაცმელს ტალახის რამდენიმე წვეთი შერჩენოდა, დღეს არ წვიმდა, ე.ი. კარგად ვერ გაწმინდა, ან არ გვთვლის იმის ღირსად, რომ ჩვენთან მოწესრიგებული მოვიდეს, იქნებ გამოსაცვლელები მოაქვს და სახლში წასვლის წინ იცვლის კიდეც, აშკარად მარტოხელა ქალის ფეხები ქონდა, მოუვლელი, ალაგ-ალაგ თმა შერჩენოდა, დაახლოებით 40 წლის უნდა ყოფილიყო, ვერაფრით მივხვდი რომელი იყო – ”ლელაა? არა ლელა იმდენად ორიენტირებულია გათხოვებაზე, რომ ასეთ ლაფსუსს არ დაუშვებდა, პაციენტებსაც კი ეპრანჭება. ანუ ”მადმუაზელ ლუიზა” უნდა იყოს? მას შემდეგ რაც ქმარს გაშორდა უფრო და უფრო შეუხედავი გახდა, მახსოვს როგორ მოვკარი ყური სამზარეულოში ლელას, რომ ეჭორავებოდა ნამდვილად ”ვიღაც ყავსო”, ლელა კი თავს იგიჟებდა გეჩვენებაო, მაშინ ვიფიქრე იქნებ ის ვინმე ლელაა მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არა ლოგიკურ ჯაჭვს ვკრავდი”. ამ ფიქრებში ისე გავერთე, რომ მივხვდი ოთახში აღარავინ იყო, საწოლის გვერდით კი წყლით სავსე ჭიქა და რამდენიმე აბი წამალი დამხვდა, გამიხარდა (ყოველ დილით მიხაროდა), რომ მენდობოდნენ, იცოდნენ, რომ საკუთარ თავს არაფერს დავუშავებდი, სიამოვნებით დავლევდი ყველაფერს რასაც მომცემდნენ, ამიტომ იყო რომ არც უცდია ჩემი გაღვიძება ”საყვარელი, მადმუაზელ ლუიზა (ეეჰ, როგორ დაბრუნდა მადამობიდან, მადმუაზელობაში)”.
ძირს ფურცლები მქონდა მიმოფანტული, კალამიც სადღაც მომესროლა, ზოგზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა, ზოგი ცარიელი იყო, ზოგიც დაჭმუჭნული, კალამი კი თითქმის ისეთივე სავსე იყო, როგორც 1 თვის წინ. ვეღარ ვწერდი, 2 წარმატებული წიგნის შემდეგ, ვეღარაფერს დავაყენე საშველი, ორ სიტყვასაც კი ვერ ვაბამდი ერთმანეთს. მაგიდის თავზე რამდენიმე ფურცელი მქონდა კედელზე მიკრული, იდეები მეწერა, რომელთა განვითარებაც ვერაფრით მოვახერხე, ლელა ყოველ შემოსვლაზე უსირცხვილოდ ჩამოდგებოდა ხოლმე და კითხულობდა უაზრო ღიმილით, წვეტიან კბილებს შემომანათებდა და საღეჭი რეზინის ტკაცუნით მიტოვებდა წამალს. მადმუაზელ ლუიზას ვუყვარდი, მეკითხებოდა ”როგორ მიდის საქმეებიო”, ფანჯარას მიღებდა ხოლმე და გაპროტესტებას, რომ ვიწყებდი მკაცრად მიყურებდა, ”ვერ ხედავ რა ფერმკრთალი ხარ, ცოტა ჰაერი და მზე გჭირდებაო”.
წამალი დავლიე და მაგიდას მივუჯექი, არც ჩამიცვამს, პირდაპირ წერისთვის მოვემზადე, ერთი საათი ვიჯექი და ვერაფერი მოვიფიქრე, კალამს ფურცელს ვუბრახუნებდი, ალაგ-ალაგ მელნის კვალიც ეტყობოდა. უკვე 1 წელი გადიოდა მას შემდეგ რაც არაფერი, 1 ფურცელიც კი არ დამეწერა, ფეხს ნერვიულად ვურტყამდი მაგიდას ”მე არ ვარ მწერალი” ვიმეორებდი და ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა ყელში ბრაზი. უცებ საწოლის უკან შენახული შპრიცი გამახსენდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამოვაცალე ლელას ჯიბიდან, გაუხსნელი იყო, არც კი ვიცოდი რაში მჭირდებოდა, თუმცა იდეამ გამიელვა თავში, ავიღე შპრიცი, კალამი გავტეხე და ”გული” ამოვიღე, შპრიცი გავუყარე და მელანი შპრიცში გადავიტანე, შემდეგ წკიპურტი მივარტყი (ისე, როგორც ექიმები ურტყამენ ხოლმე ბუშტების გასაქრობად), ვენასთან მივიტანე და ნელ-ნელა  რამდენიმე წვეთი ლურჯი სითხე შევუშვი სისხლში. კანი მომეთხვარა, შპრიცი ძირს დავაგდე და კმაყოფილი ღიმილით წავიჩურჩულე ”მე მწერალი ვარ, ძარღვებშიც კი მელანი მიჩქეფს!”

ყურადღება!


კიბეზე უდარდელად ავრბივარ და ემოციებს ვასხივებ, ყველას ვესალმები განურჩევლად იმისა ვიცნობ თუ არა, რეაქციას არ ველოდები თვალებს დაბლა ვხრი და ვაგრძელებ გზას, რამდენიმე წამში უკან ვიხედები და ვუყურებ, როგორი გაოცებით მიღიმიან. სიცხეს ვგრძნობ და ხელებს ვუყურებ, ვაკვირდები ძარღვების განლაგებას და მომწონს ლურჯად დახაზული შეხორბლისფრებული კანი.
ოთახში სიცილით შემოვდივარ, ხმამაღლა ვამბობ ”გამარჯობას” და მაგიდასთან ვჯდები, თვალებს რამდენიმე წამით ისევ დაბლა ვხრი და შემდეგ ვერთობი იმით, რომ ყველა მე მიყურებს. ვგრძნობ როგორ ცდილობენ ჩემში დანახული ბედნიერება სადღაც მიჩქმალონ, მცდელობას არ აკლებენ, რომ როგორმე ისევ საკუთარი თავის ჩრდილი გამხადონ, მე ამ დროს უკვე მუსიკას ვუსმენ და თავის მოძრაობით ვაგრძნობინებ, რომ ამჟამად ჩემ ცხოვრებას შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება აქვს და მათი ყველა მცდელობა ამაოა, ყველა დავალება სანაგვეზე მოსროლილი.
მაგიდაზე ავდივარ, ყველას მზერა ჩემსკენაა მომართული და ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი თავს ძალას ატანს და მეკითხება ”რას აკეთებ?” სახეზე ბრაზში არეული განცვიფრება ეტყობა, მე საჩვენებელი თითი მიმაქვს ტუჩთან და ვანიშნებ, რომ ენას კბილი უნდა დააჭიროს, ვგრძნობ, როგორ იღებს ჰაერის მარაგას იმისთვის, რომ კიდევ ერთი წინადადების გადაბმა შეძლოს, თუმცა არ ვაცდი და ვიწყებ: ”მეზიზღება თქვენი ორმაგი სტანდარტები, ოღონდ ეს ზიზღი დღეს მე საერთოდ არ მშხამავს, პირიქით ისეთ თავისუფლებას მაგრძნობინებს, როგორზეც თქვენ ვერასოდეს იოცნებებთ. მეზიზღება რომ ვერასოდეს ახრეხებთ საკუთარი პოზიციის დაცვას, კიდევ უფრო მეტად მეზიზღება, როდესაც ამას ყვირილით ცდილობთ და ჭკუა არ გყოფნით არგუმენტების მოსაფიქრებლად, მეზიზღება, როდესაც პასუხს ვერ მცემთ და მაიძულებთ, რომ გავჩუმდე იმაზე მინიშნებით, რომ აქ ჩემი უფლებები ამოიწურა და უნდა ვიცოდე ”ჩემი ადგილი” (გეთანხმებით, აქ ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის). მეზიზღება, თქვენი ყალბი კარგ ხასიათზე ყოფნა და თქვენი ნარკოტიკული დამოკიდებულება სხვების ფეხქვეშ გათელვით მიღებულ სიამოვნებაზე, გულს მირევს თქვენი არასრულფასოვნება, გულს მირევს, რომ ამის დამალვას სხვების ჩაგვრის ხარჯზე ცდილობთ, მეზიზღება თქვენი სნობიზმი და ტუჩებდაბურცული საუბრები, მეზიზღება როდესაც გეზიზღებით თუ კარგ ხასიათზე ვარ, მეზიზღება როდესაც გულის ამრევად ყალბად ეფერებით ბავშვებს და ვალის მოხდის მიზნით ერთმანეთში ცვლით ფრაზებს ”ვაიმე, რა საყვარელია”, მეზიზღება, როდესაც მათ ”ბასასუნას” ”ბარდღაჩუნას” ”ლეკვს” ეძახით. მეზიზღება როდესაც იმასაც კი მამადლით რაც მეკუთვნის, მეზიზღება როდესაც მაიძულებთ ვიფიქრო რომ თქვენთან ვალში ვარ, მეზიზღება, როდესაც ლამისაა ყველას აულოკოთ უკანალი ვინც თქვენზე ოდნავ მაღლა დგას, ოღონდაც კი რამეს მიაღწიოთ, ამ დროს მიჩნდება სურვილი გითხრათ, რომ ამის ხარჯზე მიღწეული ”წარმატების” დედა ვატირე! მეზიზღება როდესაც ვერ ხვდებით რაზე ვსაუბრობ და უმეტყველო თვალებით მიქნევთ თავს სინამდვილეში კი ერთი სიტყვაც არ გესმით და საკუთარი წესების და სტანდარტების გამო კითხვას ვერ სვამთ. მეზიზღება, როდესაც ვხვდები, რომ სიამოვნებისგან ლამისაა კვნესა დაიწყოთ ვიღაცის შეცდომას თუ პოულობთ, მეზიზღება ის რომ საკუთარ თავს ხელოვნურად აიძულებთ იყოს უბედური და შემდეგ სხვებსაც წამლავთ ამის გამო. მეზიზღება თქვენი ჩაკეტილი აზროვნება, ის, რომ სექსიც კი ერთმანეთში გაქვთ, ვინაიდან ერთი ნაბიჯით იქით გახედვასაც კი ვერ ბედავთ. მეზიზღება როდესაც მხოლოდ თქვენი ჩამპალი შეხედულების გამო შეგიძლიათ თქვათ, რომ სიკვდილის პირას მყოფი ახალგაზრდა ადამიანი იმსახურებს ამას. მეზიზღება შიში, რომელსაც თქვენ თვალებში ვხედავ, სიმხდალე, როდესაც მორიგი აზრის დაბრეხვების შემდეგ თქვენი ავტორიტეტები არ გეთანხმებიან, კიდევ უფრო მეტად მეზიზღება, როდესაც იდიოტური ღიმილით მაშინვე აცხადებთ, რომ შეცდით. მეზიზღება, რომ ათასობით ახალგაზრდას უზღუდავთ აზროვნებას, უკვეცავთ ჰორიზონტს, ჩარჩოებში სვამთ, სტანდარტებს უწესებთ და შემდეგ გაკვირვებული კითხულობთ რატომ არ არის ბედნიერი. მიმიფურთხებია, თქვენი აზრისთვის, მიმიფურთხებია თქვენი სტანდარტებისთვის, მიმიფურთხებია თქვენი ”ერუდიციისა” და ”ინტელექტისთვის”, მიმიფურთხებია თქვენი ”დონისთვის”. ახლა კი 5 წუთიან ბედნიერებას გაჩუქებთ!” და ვრთავ მუსიკას ბოლო ხმაზე, ვიღებ სიგარეტს ვუკიდებ, თვალდახუჭული ვუშვებ კვამლს და თან მუსიკას ფეხს ვაყოლებ.

ერთჯერადი მუზები


იდიოტური ღიმილი არ მშორდება სახიდან, სასიამოვნოდ აფორიქარებული ვარ, გეგონება დღეს რაღაც განსაკუთრებული დღე იყოს. უაზროდ ბედნიერი ვარ.
მახსენდება გოგონა, რომელსაც თითქმის ყოველ დილით ვხედავ, ძირითადად ყვითელი მაისური აცვია, უბრალოდ ყვითელი კი არა ოქროსფერი ბრჭყვიალებით მორთული, ნაზი მიხვრა-მოხვრა აქვს, მოწესრიგებული ფრჩხილ-თითი, მზის სათვალე (მეჩვენება, რომ მისი ჩაცმულობისა და ზედმეტად გამომწვევი ტუჩებისთვის გადამეტებულად კაცური, ”ამერიკელ შერიფული”). დღეს ტრანსპორტში ამოსვლისას მხარი კარებზე წამოედო და მოუშიშვლდა, აღმოვაჩინე, რომ მაისურს ბიუსტჰალტერის ფერსაც უხამებს და აღფრთოვანებულმა გავაგრძელე მისი თვალიერება.
შემდეგ მეორე ახლაგაზრდა ქალბატონი ამოგოგმანდა, მასაც ვიცნობ, ხშირად იკვეთება ხოლმე ჩვენი გზები სამსახურის გზაზე, ხელოვნურად გაქერავებული თმა ძირითადად უკან აქვს გადაწეული, გამხდარია, შეიძლება სიფრიფანაც კი ეწოდოს, მგონია, რომ მისი წარბებისა და თმის ფერის მკვეთრი აცდენა მაინც და მაინც მომხიბვლელი არ უნდა იყოს, თუმცა მაშინვე ქეით უინსლეტი მახსენდება, არ ვიცი ეს ქალბატონი ვინმესთვის სილამაზის ეტალონია თუ არა, მაგრამ რა ჩემი საქმეა, ჰოდა ენას მუცელში ვიგდებ, უფრო კონკრეტულად კი ამ სიფრიფანა არსებაზე ფიქრს ვწყვეტ და გაუცნობიერებლად მის ახალ (დარწმუნებული ვარ, რომ ახალია) ოქროსფერ ზედატანს ვაკვირდები.
ვაგრძელებ ფანჯრიდან ყურებას, გაჩერებაზე 25-30 წლის გოგონა (თუმცა გუმანი მკარნახობს, რომ მისთვის უფრო მისაღები იქნება თუ ქალბატონად მოვისხენიებ) დგას, კოჭამდე მწვანე კაბა აცვია, ხელში ყვავილები უჭირავს, მგონია, რომ ვარდებია, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, საათს ვუყურებ, ჯერ მხოლოდ ცხრაა, ალბათ კარებთან დაახვედრეს, ან იქნებ ვინმესთან მიაქვს?! – მკარნახობს გონება საქმიანი ტონით. – შავი ფეხსაცმელი აცვია, დაბალ ქუსლზე, ისეთზე ადრე რომ ეცვათ ხოლმე (ხოლო თუ გაინტერესებთ ამ ადრეში რას ვგულისხმობ, თვალი შეავლეთ ჩემი სყვარელი ევა ბრაუნის ჩაცმულობას – გმადლობ!), გრძელი ხუჭუჭა თმა აქვს, გაშლილი და უკან გადაწეული, მაღალია და საკმაოდ გამხდარი, თუმცა კაბა მისი ტანის გარშემოწერილობის ზუსტი აღქმის საშუალებას არ იძლევა, ერთი ფეხი გვედზე აქვს ოდნავ გამოწეული და მეორეს ეყრდნობა, კანი თეთრი აქვს, ლოყები შეწითლებული, უფრო სწორად კი შევარდისფრებული და უხდება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქალბატონი დღემდე ელოდება პრინცს (თეთრ რაშზე, თუ მის გარეშე), თუმცა არ ვიცი რატომ და არც იმაზე ვიწუხებ თავს, რომ გავიგო და ვაგრძელებ სხვა პერსონაჟების ძიებას.
გზაზე 55-60 წლის ქალბატონი გადადის, გასაოცრად სწორხაზოვანი სიარულის მანერით, ძველებური კაბა აცვია, მწვანე ფონზე წითელი ყვავილებით, ფეხსაცმელი გემოვნებით აქვს შერჩეული, ძალიან ქალურია და ამავე დროს მგონია, რომ უზომოდ კომფორტული, თანაც კაბას ძალიან უხდება. მანქანებს არც უყურებს, იცის, რომ მისი გზაა და ამიტომ არ აინტერესებს არავინ და არაფერი, თავი ზემოთ აქვს აწეული (თავი და არა ცხვირი!), თმა ჩალისფრად აქვს შეღებილი, ტუჩთან ხალი აქვს, იცის, რომ ძალიან უხდება და იფერებს, ისეთია თვალის გაყოლება, რომ მოგინდება. ალბათ გრძნობს კიდეც ამას და ამაყი მზერით მიყრის თვალს თვალში, ვიბნევი და დარცხვენილი ვიყურები სხვა მიმართულებით.
ამასობაში კარები იღება და ნელი მოძრაობით დაახლოებით 70 წლის მამაკაცი ამოდის, შესაშურად მოწესრიგებული, ოდნავ მხრებში მოხრილი, ხელებზე რუჯი აქვს და თეთრ პერანგს საშინლად უხდება ან თეთრი პერანგი უხდება მას, შავი სათვალე უკეთია, ჭაღარა თმა უკან აქვს გადავარცხნილი, ვუყურებ და ვფიქრობ ”ახალგაზრდობაში ძალიან მექალთანე და ე.წ. ”კაი ტიპი” იქნებოდა”. ფეხზე დგება, ამით ხაზს უსვამს, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მოხუცი, მის წინ მდგომ დაახლოებით 30 წლის ქალბატონს მიუთითებს სკამზე ”თქვენ დაბრძანდითო”, მშურს მისი.

ისევ – იდიოტური ღიმილი არ მშორდება სახიდან.