გულახდილად


ძვირფასებო,
ჰო, სხვანაირად როგორ მოგმართოთ არც კი ვიცი, ეს ერთადერთია რაც პირზე მომადგა.
ახლა ზიხართ და უკლებლივ ყველას გეღიმებათ, ფიქრობთ იმაზე თუ როგორი დამახასიათებელია ჩემთვის ყველაფრის ასე დაწყება, როგორ ნათლად ჩანს, რომ ვერაფრით მოვიფიქრე რა მეთქვა პირველი და მაშინვე ყველაზე მარტივ გამოსავალს ჩავებღაუჭე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებ ძველებურად ”არაფერზე” საუბარს, დღეს ამ წერილს ექნება თემა და ეს თემა მე ვიქნები, ყოველგვარი ეგოიზმისა და ნარცისიზმის შტრიხების გარეშე, უბრალოდ გიამბობთ იმას რაზე საუბარიც ზოგადად არ მინდა ხოლმე.
არ გატყუებთ როდესაც ვამბობ დავიღალე და ყველაფერი ამის ბრალია მეთქი, არც იმის ილუზია მაქვს, რომ თქვენ ჩემზე ნაკლებად იღლებით, არა, მე კარგად ვხვდები, რომ შესაძლოა არც თქვენ გილხინთ და საღამოობით თქვენც იწვით თავის ხელზე ჩამოდების სურვილით, თუმცა ამის გამო ჩემთან საუბარს, ჩემთან ურთიერთობას თავს არ არიდებთ. ამას კარგად ვხვდები, მესმის კიდეც, ამიტომ თუ დაგიფიქსირებიათ მე არასოდეს ვსაუბრობ ჩემი გადაღლის ხარისხზე, არასოდეს გესაუბრებით იმაზე თუ რაოდენ მომბეზრდა ყველაფერი, მე არ ვსაუბრობ, მხოლოდ გისმენთ, ამიტომ ჩემგან ძალის წესით სიტყვების ამოგლეჯვას თუ არ მოინდომებთ, არც ჩემგან მოისმენთ უკვე ყელში ამოსულ ფრაზას ”ძალიან დავიღალე”, ეს მე ვარ, დიახ მე, რომელიც არასოდეს საუბრობს გატაცებით საკუთარ პრობლემებზე, ზიზღსა თუ აუტანლობაზე, მე ვამჯობინებ ვიყო ჩუმად და გითანაგრძნოთ მაშინ, როდესაც ჩემგან ამას ელოდებით, თუმცა ნუ მაიძულებთ მუდმივად თავი ვიმართლო იმისთვის, რომ ვერაფრით ვაიძულებ საკუთარ თავს მთელი აღტაცებით გესაუბროთ, ნუ მაიძულებთ ვიმეორო დაუსრულებლად, რომ ძალიან დავიღალე, მე სხვა პასუხი უბრალოდ არ მაქვს.
ჰო, საშინლად მაღიზიანებს თანაგრძნობა, ეს რაღაცნაირად მოღუშული სახე, რომლითაც შემომცქერით ხოლმე და კარგად დაზეპირებული სიტყვები, რომლებსაც მეუბნებით, ჰო მე ვერ ვიტან დაუსრულებლად იმაზე საუბარს, რისი დავიწყებაც მინდა, არ მინდა დღეში რამდენჯერმე მოვყვე ის თუ რამდენი პრობლემა მაქვს, ჰო, კიდევ უფრო მეტად არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოყოლის შემდეგ წუთიერი დუმილი მაჩუქოთ და შემდეგ თქვენს ყოველდღიურ პრობლემებზე დამიწყოთ წუწუნი, არ მინდა ამ დროს ვფიქრობდე ნეტავ მალე დავამთავროთ საუბარი, არ მინდა, რომ ამის გაფიქრების შემდეგ თავს ნამდვილ ნაძირალად ვგრძნობდე, ამიტომ შეეშვით ყველა იმ საკითხს, რომელიც ხედავთ, რომ ჩემთვის ძალიან პრობლემურია.
ვერ ვიტან როდესაც ცდილობთ საყვარელი და გადაპრანჭული სიტყვებით მესაუბროთ იმისთვის, რომ თქვენს მიერ დასმული საკითხის მოგვარება ჩემთვის უფრო სასიამოვნო გახადოთ, ვერ ვიტან, როდესაც ვგრძნობ, რომ ძალიან უხეში ვარ, ვერ ვიტან თავის იძულებას, მე უბრალოდ არ შემწევს ძალა იგივეთი გიპასუხოთ, რადგან ამ დროს მგონია, რომ საკუთარ თავს ვღალატობ, უფრო კონკრეტულად კი იმას რაც საკუთარი თავისგან შემრჩა, ნუ მაიძულებთ გესაუბროთ ფერებით, დაუყოვნებლივ გაგცეთ პასუხი, მოგიბოდიშოთ და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ჩემზე ზრუნავთ.
მე შევიცვალე, ეს დიდი ხნის წინ მოხდა, თუმცა ამის შემჩნევა ვერაფრით მოახერხეთ, ვინაიდან მხოლოდ იმის დრო გქონდათ, რომ წუთიერი დუმილით გეგრძნობინებინათ ჩემთვის თქვენი გულწრფელი გვერდში დგომა. ვიცი, კარგად ვხვდები, რომ ჩემი სიცილიც კი საშინლად ყალბია, რომ მე თავს ვარიდებ თქვენთან საუბრისას თვალებში ყურებას, რომ ხშირად ვისვამ სახეზე ხელს იმისთვის, რომ გამოვხატო ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ მეთქი, ნუ გიკვირთ, რომ ძირითადად წერილობით ფორმაში ვამჯობინებ ურთიერთობას, ვინაიდან ამ დროს გაცილებით მარტივია მოგატყუოთ და გითხრათ ის რასაც ჩემგან ელოდებით, გაცილებით მარტივია გითხრათ, რომ კარგად ვარ, გითხრათ, რომ მეც მენატრებით, რომ მიხარია თქვენი გამოჩენა და მით უფრო ნახვა, ნუ გიკვირთ, რომ მე ის აღარ ვარ და არც ვიქნები. ნუ ცდილობთ დამიმტკიცოთ, რომ თქვენში არაფერი შეცვლილა, თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, აღარც თქვენ ხართ ის ვინც იყავით, ჩვენ მხოლოდ იშვიათი გამონათებებიღა შეგვრჩა, იშვიათად ვიბრუნებთ იმ როლს, რომელსაც ადრე ყველაზე ხშირად ვთამაშობდით, ჰო მე ზოგჯერ მიჩნდება სურვილი დავიმალო, ჩავიკეტო საკუთარ ნაჭუჭში, ამიტომაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისეთი მშრალი ვარ, რომ ჩემთან ურთიერთობის ყოველგვარ სურვილს გიკარგავთ.
მე არსად გავრბივარ, არ ვიმალები, უბრალოდ ზოგჯერ ასე ჯობია, ასე მირჩევნია, ზოგჯერ უმჯობესია ვიფიქრო რომ მარტო ვარ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მწარედ ვენარცხები ხოლმე მიწაზე, ამიტომ ძალიან გთხოვთ თავს ნუ შეიწუხებთ ჩემი მოკითხვით, ნუ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად თუ მხოლოდ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები და ძალიან გთხოვთ ნურასოდეს მეტყვით, რომ ”ყველაფერი კარგად იქნება”, მეზიზღება ეს ფრაზა, მძულს, ამ დროს ისეთ აგრესიას ვგრძნობ, რომ დარწმუნებული ვარ ეს სახეზეც მეხატება, ამიტომ შეეშვით ჩემ დამშვიდებას, ვინაიდან მე შემწევს ძალა საკუთარ თავს მივხედო, მომეცით უფლება ვიყო ის რაც ვარ, თუნდაც ეს სრულიად ჩუმად ყოფნასა და ბნელ ოთახში ჯდომას გულისხმობდეს.
Advertisements

6 thoughts on “გულახდილად

  1. ძალიან გთხოვთ თავს ნუ შეიწუხებთ ჩემი მოკითხვით, ნუ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად თუ მხოლოდ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები და ძალიან გთხოვთ ნურასოდეს მეტყვით, რომ ”ყველაფერი კარგად იქნება”, მეზიზღება ეს ფრაზა, მძულს, ამ დროს ისეთ აგრესიას ვგრძნობ, რომ დარწმუნებული ვარ ეს სახეზეც მეხატება, ამიტომ შეეშვით ჩემ დამშვიდებას, ვინაიდან მე შემწევს ძალა საკუთარ თავს მივხედო, მომეცით უფლება ვიყო ის რაც ვარ, თუნდაც ეს სრულიად ჩუმად ყოფნასა და ბნელ ოთახში ჯდომას გულისხმობდეს.
    -yovelive amis wakitxvus mere…qreba survili raimes daweis…მე კი მარტო შენი სახელის დანახვაც კი მახარებს..

    Like

    1. ამის წაკითხვის შემდეგ თავი საშინლად დამნაშავედ ვიგრძენი, თუმცა ეს ის არის რასაც ვგრძნობ და მიუხედავად ამისა ვიმეორებ (საკუთარ თავს ვუმეორებ), რომ მე არ ვარ ცუდი ადამიანი, ალბათ იმიტომ, რომ ხშირად შემიძლია ვაღიარო რომ ნაძირალა ვარ, ან ესეც ჩემი თავდაცვისა და გამართლების ფანდია არ ვიცი.
      ამ პოსტს პრეისტორიაც ქონდა, არც თუ ისე კარგი, პრობლემები, პრობლემები და მე ისევ მარტო ამ ყველაფრის წინაშე, და გამუდმებით კითხვები რა მოხდა? და შემდეგ ”ყველაფერი კარგად იქნება”. არ მინდა, რომ ეს მესმოდეს, მინდა, რომ ცოტა ხნით მარტო ვიყო, არ მინდა იმაზე ლაპარაკი რა მაწუხებს, თუმცა წერილში შესაძლოა გადავამლაშე და ამას არ უარვყოფ.

      Like

  2. მართალია, როდესაც ადამიანი დაგრუზულია, ძალიან რთულია საჭირო სიტყვების მონახვა მისთვის, ხშირ შემთხვევაში დამშვიდება უბრალოდ ჰაერის გამაღიზიანებელი რხევაა ^^

    Like

  3. ვერ მივხვდი რა დავწერო. არადა, მინდა რომ დავწერო!..
    მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სიტუაცია თითქმის ბოლომდე ნაცნობია ჩემთვის და არ ვთვლი რომ გადაამლაშე, უარესად მიფიქრია 🙂
    ხოდა, პირიქით, კაია რომ დაწერე 😉

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s