გულახდილად


ძვირფასებო,
ჰო, სხვანაირად როგორ მოგმართოთ არც კი ვიცი, ეს ერთადერთია რაც პირზე მომადგა.
ახლა ზიხართ და უკლებლივ ყველას გეღიმებათ, ფიქრობთ იმაზე თუ როგორი დამახასიათებელია ჩემთვის ყველაფრის ასე დაწყება, როგორ ნათლად ჩანს, რომ ვერაფრით მოვიფიქრე რა მეთქვა პირველი და მაშინვე ყველაზე მარტივ გამოსავალს ჩავებღაუჭე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მე არ ვაპირებ ძველებურად ”არაფერზე” საუბარს, დღეს ამ წერილს ექნება თემა და ეს თემა მე ვიქნები, ყოველგვარი ეგოიზმისა და ნარცისიზმის შტრიხების გარეშე, უბრალოდ გიამბობთ იმას რაზე საუბარიც ზოგადად არ მინდა ხოლმე.
არ გატყუებთ როდესაც ვამბობ დავიღალე და ყველაფერი ამის ბრალია მეთქი, არც იმის ილუზია მაქვს, რომ თქვენ ჩემზე ნაკლებად იღლებით, არა, მე კარგად ვხვდები, რომ შესაძლოა არც თქვენ გილხინთ და საღამოობით თქვენც იწვით თავის ხელზე ჩამოდების სურვილით, თუმცა ამის გამო ჩემთან საუბარს, ჩემთან ურთიერთობას თავს არ არიდებთ. ამას კარგად ვხვდები, მესმის კიდეც, ამიტომ თუ დაგიფიქსირებიათ მე არასოდეს ვსაუბრობ ჩემი გადაღლის ხარისხზე, არასოდეს გესაუბრებით იმაზე თუ რაოდენ მომბეზრდა ყველაფერი, მე არ ვსაუბრობ, მხოლოდ გისმენთ, ამიტომ ჩემგან ძალის წესით სიტყვების ამოგლეჯვას თუ არ მოინდომებთ, არც ჩემგან მოისმენთ უკვე ყელში ამოსულ ფრაზას ”ძალიან დავიღალე”, ეს მე ვარ, დიახ მე, რომელიც არასოდეს საუბრობს გატაცებით საკუთარ პრობლემებზე, ზიზღსა თუ აუტანლობაზე, მე ვამჯობინებ ვიყო ჩუმად და გითანაგრძნოთ მაშინ, როდესაც ჩემგან ამას ელოდებით, თუმცა ნუ მაიძულებთ მუდმივად თავი ვიმართლო იმისთვის, რომ ვერაფრით ვაიძულებ საკუთარ თავს მთელი აღტაცებით გესაუბროთ, ნუ მაიძულებთ ვიმეორო დაუსრულებლად, რომ ძალიან დავიღალე, მე სხვა პასუხი უბრალოდ არ მაქვს.
ჰო, საშინლად მაღიზიანებს თანაგრძნობა, ეს რაღაცნაირად მოღუშული სახე, რომლითაც შემომცქერით ხოლმე და კარგად დაზეპირებული სიტყვები, რომლებსაც მეუბნებით, ჰო მე ვერ ვიტან დაუსრულებლად იმაზე საუბარს, რისი დავიწყებაც მინდა, არ მინდა დღეში რამდენჯერმე მოვყვე ის თუ რამდენი პრობლემა მაქვს, ჰო, კიდევ უფრო მეტად არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოყოლის შემდეგ წუთიერი დუმილი მაჩუქოთ და შემდეგ თქვენს ყოველდღიურ პრობლემებზე დამიწყოთ წუწუნი, არ მინდა ამ დროს ვფიქრობდე ნეტავ მალე დავამთავროთ საუბარი, არ მინდა, რომ ამის გაფიქრების შემდეგ თავს ნამდვილ ნაძირალად ვგრძნობდე, ამიტომ შეეშვით ყველა იმ საკითხს, რომელიც ხედავთ, რომ ჩემთვის ძალიან პრობლემურია.
ვერ ვიტან როდესაც ცდილობთ საყვარელი და გადაპრანჭული სიტყვებით მესაუბროთ იმისთვის, რომ თქვენს მიერ დასმული საკითხის მოგვარება ჩემთვის უფრო სასიამოვნო გახადოთ, ვერ ვიტან, როდესაც ვგრძნობ, რომ ძალიან უხეში ვარ, ვერ ვიტან თავის იძულებას, მე უბრალოდ არ შემწევს ძალა იგივეთი გიპასუხოთ, რადგან ამ დროს მგონია, რომ საკუთარ თავს ვღალატობ, უფრო კონკრეტულად კი იმას რაც საკუთარი თავისგან შემრჩა, ნუ მაიძულებთ გესაუბროთ ფერებით, დაუყოვნებლივ გაგცეთ პასუხი, მოგიბოდიშოთ და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ჩემზე ზრუნავთ.
მე შევიცვალე, ეს დიდი ხნის წინ მოხდა, თუმცა ამის შემჩნევა ვერაფრით მოახერხეთ, ვინაიდან მხოლოდ იმის დრო გქონდათ, რომ წუთიერი დუმილით გეგრძნობინებინათ ჩემთვის თქვენი გულწრფელი გვერდში დგომა. ვიცი, კარგად ვხვდები, რომ ჩემი სიცილიც კი საშინლად ყალბია, რომ მე თავს ვარიდებ თქვენთან საუბრისას თვალებში ყურებას, რომ ხშირად ვისვამ სახეზე ხელს იმისთვის, რომ გამოვხატო ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ მეთქი, ნუ გიკვირთ, რომ ძირითადად წერილობით ფორმაში ვამჯობინებ ურთიერთობას, ვინაიდან ამ დროს გაცილებით მარტივია მოგატყუოთ და გითხრათ ის რასაც ჩემგან ელოდებით, გაცილებით მარტივია გითხრათ, რომ კარგად ვარ, გითხრათ, რომ მეც მენატრებით, რომ მიხარია თქვენი გამოჩენა და მით უფრო ნახვა, ნუ გიკვირთ, რომ მე ის აღარ ვარ და არც ვიქნები. ნუ ცდილობთ დამიმტკიცოთ, რომ თქვენში არაფერი შეცვლილა, თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, აღარც თქვენ ხართ ის ვინც იყავით, ჩვენ მხოლოდ იშვიათი გამონათებებიღა შეგვრჩა, იშვიათად ვიბრუნებთ იმ როლს, რომელსაც ადრე ყველაზე ხშირად ვთამაშობდით, ჰო მე ზოგჯერ მიჩნდება სურვილი დავიმალო, ჩავიკეტო საკუთარ ნაჭუჭში, ამიტომაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისეთი მშრალი ვარ, რომ ჩემთან ურთიერთობის ყოველგვარ სურვილს გიკარგავთ.
მე არსად გავრბივარ, არ ვიმალები, უბრალოდ ზოგჯერ ასე ჯობია, ასე მირჩევნია, ზოგჯერ უმჯობესია ვიფიქრო რომ მარტო ვარ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო მწარედ ვენარცხები ხოლმე მიწაზე, ამიტომ ძალიან გთხოვთ თავს ნუ შეიწუხებთ ჩემი მოკითხვით, ნუ იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად თუ მხოლოდ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები და ძალიან გთხოვთ ნურასოდეს მეტყვით, რომ ”ყველაფერი კარგად იქნება”, მეზიზღება ეს ფრაზა, მძულს, ამ დროს ისეთ აგრესიას ვგრძნობ, რომ დარწმუნებული ვარ ეს სახეზეც მეხატება, ამიტომ შეეშვით ჩემ დამშვიდებას, ვინაიდან მე შემწევს ძალა საკუთარ თავს მივხედო, მომეცით უფლება ვიყო ის რაც ვარ, თუნდაც ეს სრულიად ჩუმად ყოფნასა და ბნელ ოთახში ჯდომას გულისხმობდეს.
Advertisements

Strange Things Will Happen


წვიმას აპირებს, არავის უთქვამს იწვიმებსო, არადა აპირებს. ახალი ამოჩემებული სიმღერა მაქვს, ჰოდა ვუსმენ დაუსრულებლად, თან ვგრძნობ როგორ მეჭიმება ძარღვები და როგორ მაწვება ყელში რაღაც, როგორ მწყდება გული იმაზე, რომ არასოდეს მქონია და არც ახლა მაქვს უბრალოდ კარგად ყოფნის უფლება. ეს ხელოვნური ბედნიერებაც, ნაძალადევი სიხარულიც, ყველაფერი იძულებითი და ყალბი საშინლად მომბეზრდა, გახუნდა, უბედურებამაც დაკარგა პირველი ჟრუანტელის მომგვრელი აღფრთოვანება, უხასიათობაც ცხოვრების წესად მექცა, აუტანელი გზავნილებიც და სატელეფონო საუბრებიც არ სრულდება და მე მარტო ვარ.
საკმაო დრო გავიდა მას მერე რაც სრულიად დავკარგე ინტერესი ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, ინტერესი სიახლეების, სხვების ცხოვრების, მეგობრების, სატელეფონო ზარების, სწავლის, მუშაობის მიმართ.
არ მაინტერესებს. ეს ერთადერთია, რისი თქმაც მინდა ყველასთვის განურჩევლად, ხშირად ამ პასუხით ვისტუმრებ ხოლმე საკუთარ თავსაც, ვეუბნები რომ არ მაინტერესებს რას გრძნობს, რაზე ფიქრობს, რა უნდა, სად უნდა, როგორ უნდა ყოფნა, მე არ მაინტერსებს, არ მაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები, რას ელიან ჩემგან, ვისი მოლოდინი გავაწბილე და ვის მოლოდინს გადავაჭარბე, ვის მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში უსიცოცხლო სახე მაქვს და ვის გონია, რომ ისეთი აღარ ვარ როგორიც ვიყავი.
ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე, ყბადაღებულ თემებზე წერა არაფრით გამომდის, ვერაფრით ვაიძულე თავი სხვებისთვის ესეოდენ მნიშვნელოვანი საკითხები ჩემს ნერვებსაც შეეხოს, ჩემი ფიქრის საგანიც გახდეს, მივცე სხვებს ის რასაც მაძლევენ, დავუბრუნო ვალი, ვიყო კეთილგანწყობილი, ინტერესიანად მოვიკითხო, შევწუხდე და გამიხარდეს, გავიღიმო ღიად, ვისაუბრო და სრულ მდუმარებაში არ გავატარო საათები, ყველა დიალოგს მონოლოგის სახე არ მივცე, არ ვუთხრა, რომ ეს გადაღლის ბრალია, არ ვიმართლო თავი იმისთვის რომ ასეთი ვარ, ან ასეთი გავხდი, მინდა გამარჯობის თქმა აუტანელ პროცესს არ წარმოადგენდეს, მოკითხვას არ ვაიძულებდე თავს, გულწრფელი ინტერესით ვუსმენდე ისტორიებს მათ ცხოვრებაზე, განვიცდიდე და მიხაროდეს. მინდა, თუმცა ხშირად, რაღა ხშირად, თითქმის მუდმივად სურვილი არ არის საკმარისი, ეს მხოლოდ უმნიშვნელო დასაწყისია, დასაწყისი, რომელმაც გაგრძელება ვერაფრით ჰპოვა ჩემ ცხოვრებაში.
ესეც ამოჩემებული სიმღერა, რომლის ფონზეც დაიწერა პოსტი (არადა სიმღერის ტექსტი თითქოს პოზიტიურია).

ახალი დღე


ჩემი საწოლის კიბეზე მივაყუდე თავი, კისრის ტკივილი არაფრად ჩავაგდე და გაშტერებულმა დავიწყე მონიტორის თვალიერება. მინდოდა მეთქვა დღეს მძიმე დღე იყო მეთქი, თუმცა მისი სიმძიმის მიზეზს ვერაფრით მივხვდი, არ მიყვარს გლობალურ თემებზე საუბარი, იმაზე რაც ყველასთვის პრობლემატურია და რაზეც ყველა დაუსრულებლად საუბრობს, თუმცა ხშირად ყელში მოწოლილი ემოციების მართვას ვერაფრით ვახერხებ და მრისხანებაში გაზავებული დაღლილობა მაიძულებს დაუფიქრებლად ვისაუბრო იმაზე რაზე საუბარიც სრულიად ზედმეტად მეჩვენება, შემდეგ კი საათი თერთმეტს, რომ გადასცდება არეული გონებითა და უმიზეზოდ დამდგარი სიმთვრალის შეგრძნებით საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუსაყვედურო, ვუსაყვედურო იმის გამო, რომ უკვე ათასჯერ დაშვებული შეცდომა გაიმეორა და არაფრით დამორჩილდა მოსისინე გონებას, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა ჩრდილში დადექი და ენა მუცელში ჩაიგდეო.

ჩემზე ზრუნავენ, ჰო, ამას მეტს ვერაფერს ვუწოდებ, ზრუნავენ ისინი ვისაც არც კი ვიცნობ და ეს მზრუნველობა არაფრით დამიმსახურებია, ზრუნავენ და მეც საკუთარი თავისთვის გამოტანილი მუდმივი შფოთვის განაჩენის შესაბამისად მოსვენებას საბოლოოდ ვკარგავ. ვალდებულებები, ხშირად ეს პატიმრობაზე უარესია, ისე ექცევი უხილავ გისოსებში, რომ ვერც ვერაფერს ატყობ და ვერც ვერაფრის შეცვლას ახერხებ, მხოლოდ დანანებით ადებ საფეთქელს გაყინულ რკინას და ფიქრობ შუბლის არეში გაჩენილ გულის ფეთქვის  შეგრძნებაზე. საათი კი საოცარი სისწრაფით მიიჩქარის შუა ღამისკენ და გაიძულებს გააცნობიერო თუ რა ცოტა დრო რჩება ახალი დღის გათენებამდე.

ხვალ ახალი დღე გათენდება, მოულოდნელობებით აღსავსე მეთქი ვიტყოდი, თუმცა წინდაწინ ვხვდები, რომ მასში განსაცვიფრებელი არაფერი იქნება, ყველაფერი გეგმის მიხედვით, მიუხედავად ჩემი სტაბილურობასა და სიმშვიდეზე მანიაკალური დამოკიდებულებისა ეს ფრაზა საოცარ აგრესიას იწვევს და ერთი ხელის მოსმით ყველაფრის შეცვლისკენ მიბიძგებს, თუმცა იმასაც ძალიან კარგად ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა და მაღვიძარას დარეკვისთანავე გეგმის შესრულებას შესაშური სიჯიუტით შევუდგები, არასოდეს მქონია და არც ახლა მაქვს ცვლილებების შეტანის ნიჭი და უნარი. ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილები მაქვს და ამიტომ ვერაფრით ვახერხებ ვიყო ბედნიერი. როდესაც თავად ცნებაც კი სრულიად უცნობი და გაუგებარია, არ შეიძლება მის მიღწევაზე ზრუნავდე. ჰოდა, დანანებით ვადებ საფეთქელს გაყინულ რკინას და ვფიქრობ შუბლის არეში გაჩენილ გულის ფეთქვის  შეგრძნებაზე.

განაჩენი საკუთარ თავს


ვერაფრით გამოვნახე დრო განაჩენის წასაკითხად, ვერც იმის დასაბუთება შევძელი თუ რატომ დავაწესე ესა თუ ის სასჯელი, უბრალოდ გამოვაცხადე, რომ ასე იქნება და მორჩა.
ახლა კი ვზივარ და ვაგდენ იმ სასჯელების სიას, რომელიც საკუთარ თავს შევუფარდე:
1. ვერასოდეს შეძლებ დაიცვა საკუთარი ინტერესები, იქნები ჩუმად და დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ თავთან გაჩაღებულ კამათში გაატარებ, დავა რა თქმა უნდა არაფრამდე მიგიყვანს და მხოლოდ მღელვარების შეგრძნებას დაგიტოვებს, ყოველთვის იფიქრებ, რომ ხმა უნდა ამოიღო, თუმცა ბოლო მომენტში გაჩუმდები და იფიქრებ, რომ არ ღირს, შემდეგ კი დისკუსიას განაახლებ, ბოლოს მხოლოდ მადლობას იტყვი იქ სადაც ეს სრულიად უადგილოა და ხელებს ჩამოყრი, შენ ხომ იცი, რომ ეს არ შეგიძლია!
2. ვერასოდეს შეძლებ სრულ ტკბობას მიეცე, თუნდაც ერთხელ გადაგდა წინდაუხედავი ნაბიჯი და სულმოუთქმელად დაელოდო შედეგს, ვერასოდეს შეძლებ იყო გულახდილი და საკუთარ თავს თუნდაც ერთხელ უთხრა – კარგი!
3. ვერასოდეს შეძლებ იყო ბედნიერი, ყველა დადებითი მოვლენა მხოლოდ შიშის მომგვრელი იქნება, გაჩენილ სიხარულს ვალდებულებას დაარქმევ და ზიზღით განიმსჭვალები იმის მიმართ რაც ყველაზე სასიამოვნო განწყობის მომტანი უნდა ყოფილიყო;
4. შენ ვერასოდეს შეძლებ გააკეთო ის რაც გინდა, ვერასოდეს შეძლებ გააკეთო არჩევანი, ვერასოდეს შეძლებ თუნდაც ერთხელ გაცურო დინების საწინააღმდეგოდ;
5. შენ ვერასოდეს გაერკვევი საკუთარ სურვილებში, ვერასოდეს შეძლებ თუნდაც ერთხელ მაინც გაიგო რაზე ოცნებობ;
6. ვერასოდეს დააჯერებ საკუთარ თავს, რომ შესაძლოა ხვალინდელი დღე მართლაც არ გათენდეს, შენ ვერასოდეს იქნები მშვიდი;
7. ვერასოდეს შეძლებ მოიწონო საკუთარი გაკეთებული საქმე;
8. ვერასოდეს შეძლებ გადააბიჯო სხვების აზრს და გააკეთო ის რაც შენ მიგაჩნია სწორად, წინასწარ არ განსაჯო ყველა შენი საქციელი და არ იფიქრო იმაზე თუ რას იფიქრებენ სხვები, როგორ განვითარდება მოვლენები…
9. შენ ვერასოდეს შეძლებ თქვა არა სადაც საჭიროა, თქვა ვერ, სადაც არ შეგიძლია და თქვა დიახ სადაც ეს შენთვის ბედნიერების მომტანი იქნება;
10. შენ ვერასოდეს შეძლებ იტირო ისე, რომ ამის არ შეგრცხვეს, იცინო გულიანად და დაუფარავად, ჩამოყალიბდე ვინ ხარ.
11. შენ ვერასოდეს შეძლებ ჩამოწერო ყველა სასჯელი, რომელიც საკუთარ თავს შეუფარდე, სია უსასრულოა. 

ჭირსაც წაუღია


ისე ვეხვევი სიბნელეში, რომ ხელის განძრევასაც ვერ ვახერხებ. არავის ესმის და ვერავინ ხვდება, რომ შექმნილ სიტუაციაში მე უძლური ვარ, ჯიუტად განაგრძობენ ჩემ მოკითხვას, თითქოს გაყუსულები ელოდებიან როდის ვეტყვი გმადლობ, კარგად მეთქი, იმისთვის, რომ შემდეგ საქმეზე გადავიდნენ, მომიყვნენ თავის პრობლემებზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, მიმდინარე მოვლენებზე, მითხრან, რომ გადასარევად არიან, კიდევ ერთხელ მთხოვონ რაღაც, მოითხოვონ, მოვალეობების ისედაც უსასრულო სიას კიდევ ერთი პუნქტი მიუწერონ. მეც, როგორც მჩვევია ჩუმად ვისმენ ყველაფერს, ვიღიმი და თავდაჯერებულად ვპასუხობ, რომ პრობლემა არ არის, რომ მე ამას გავაკეთებ, რომ მე მიხარია ის რაც მათ ახარებს, ბედნიერი ვარ მათი ბედნიერების შემყურე, რომ მტკივა ის რაც მათ, რომ მე არ ვარსებობ, მე არავინ ვარ, არარაობა, რომელსაც ეგოიზმის ნატამალიც კი არ გააჩნია, რომ მე ყოველთვის მზად ვარ ყველაზე ღრმად დავმარხო საკუთარი თავი, საკუთარი სურვილები, საკუთარი პრობლემები, მე არ ვარსებობ, წყვდიადი კი გარს მეხვევა და ფანჯრიდან მონაბერ სიოს დამჭკნარი ყვავილების სუნი მოაქვს, ისეთის ძალაუნებურად ხრწნასა და სიკვდილზე რომ დაგაფიქრებს.
მე ვერ შევძელი ყველაფრის გვერდზე გადადება, მე ვერ შევძელი მოვრგებოდი ყველა მოთხოვნას და ყველასთვის მიმეცა ის რასაც ითხოვდნენ, მე ვერაფრით შევძელი თუნდაც ერთხელ მაინც ეგრძნოთ, რომ ყველაფერი გავაკეთე მათთვის, მათ ტონში აუტანელი უკმაყოფილება იგრძნობა, პრეტენზია, ბრაზი, აგრესია უნებურად საკუთარი თავის სიძულვილისკენ რომ გიბიძგებს, სარკეში ჩახედვის სურვილს რომ გაკარგვინებს, ყელში გაჩხერილ ბურთს რომ გაგრძნობინებს, აუტანლობასა და შეუთავსებლობას.
წარმოუდგენელი სიძულვილით მეზიზღება საკუთარი უუნარობა, მეზიზღება ის, რომ ამდენი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერაფერს მივაღწიე, რომ ვერაფრით დავიმსახურე თუნდაც ერთხელ მაინც წამოერტყათ მხარზე ხელი მეგობრულად.
მთავარია ფეხი არ გადაგიბრუნდეს, სადღაც არ წაიბორძიკო, დახმარება არ ითხოვო, სხვების გეგმები ეჭვქვეშ არ დააყენო, არაფრით გააკეთო ის რაც სხვების მოლოდინს ბზარს გაუჩენს, არასოდეს გახდე დაბრკოლება, დანარჩენი, შენი თავის ჩათვლით ჭირსაც წაუღია.

ბედნიერება რამდენიმე წამით


მარტივად განიჭებ ბედნიერებას, სულ მცირე მონდომება საკმარისია იმისთვის, რომ შენს სახეზე ღიმილი ვიხილო, ჩამოჯდები ხოლმე აღფრთოვანებული და ფიქრობ იმაზე, თუ რამდენიმა მოსალოდნელმა კატასტროფამ ჩაიარა უკვალოდ, რამდენი პრობლემა მოგვარდა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ფიქრობ იმაზე, რომ ეს განწყობაც დროებითია, არა თუ დროებითი არამედ ძალიან ხანმოკლე, თუმცა ღირს ამად.

იშვიათად, თუმცა მაინც ტკბები ისეთი მარტივი მომენტებით როგორებიცაა საშინელი სიცხიდან გრილ ოთახში შესვლა, ტკბები და არც კი იცი, რომ სულ რამდენიმე წამში ამ მოულოდნელად დამდგარ ბედნიერებას ერთი შეუხედავი, თუმცა ძალიან აქტიური ქალბატონი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს, შემდეგ კი გეღიმება, ცდილობ საკუთარ თავში ძალიან ღრმად დამარხო არსაიდან გაჩენილი სიძულვილი ამ ფარატინა არსების მიმართ, ის კი მობუზული ისე უბრუნდება თავის ადგილს, რომ ვერც კი ხვდება რამხელა ზიზღის მორევას ცდილობ, ვერც კი ხვდება, რომ ერთადერთი რისი სურვილიც ამ მომენტში ჭეშმარიტად გაქვს არის ის, რომ ყველაფერი პირდაპირ უთხრა, ყოველგვარი ფილტრის გარეშე, უთხრა ისე, როგორც გინდა, გადაპრანჭული და შეხუჭუჭებული ფრაზების გარეშე, უთხრა, რომ მან ეს ესაა შენში ახლად დაბადებული ბედნიერების პირმშო მოკლა, თუმცა არაფერს ამბობ, ცდილობ თვალი აარიდო და ღრმად ჩაისუნთქო ოდნავ, სასიამოვნოდ სუსხიანი ჰაერის ნარჩენი, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს ოთახში, დანანებით ფიქრობ იმაზე, თუ როგორ ედება სიცხე შენს სხეულს და ხვდები, რომ ძალიან მალე სუნთქვა გაუსაძლისი გახდება, ის კი უგემოვნო, სრულიად შეუფერებელ შავ ჟაკეტს მაგრად შემოიხვევს თავის ჩონჩხივით ტანზე და გაიხუმრებს, რომ გათბა მისი ბებერი ძვლები – არა, არ ვეტყვი, რომ ჯერ ის ახალგაზრდაა, არ ვეტყვი, ნუ სულელობ რა დროს სიბერეა მეთქი, არაფერს ვეტყვი დაე კარგად დაიმშვენოს უხეში ბებრის იარლიყი.

ჩემო მუდმივად ცვალებადო ადრესატო


ჩემო მუდმივად ცვალებადო ადრესატო, დღეს დიდი ვერაფერი დღე იყო, დიახ, სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ ერთი პირობა ისიც ვიფიქრე თუ ჯოჯოხეთში მოვხვდი იქ აუცილებლად ეს სიტუაცია დამხვდება მეთქი. ხშირად ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთი ყველას ინდივიდუალური გვექნება, ისეთი, როგორსაც ვიმსახურებთ და ისეთი, რომლის ატანაც ყველანაირ ძალას აღემატება. ალბათ ეტაპობრივად ვეჩვევით კიდეც იმას, თუ რა სიტუაციაში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება, თუ ამას შეიძლება ცხოვრება ეწოდოს. პირველ რიგში ალბათ დიდ რიგში მოგვიწევს დგომა სანამ გაგვანაწილებენ, თითქოს ჯინაზე ყველაზე შეუფერბლად ჩაცმული ვიდგებით უსასრულო რიგის ბოლოში, ამაყ ნაცნობებსაც მოვკრავთ თვალს, რომლებიც მათი უკვე საყოველთაოდ აღიარებული სიწმინდისთვის სრულიად შეუფერებლად გადმოგვეხავენ, თვალს აგვარიდებენ და იფიქრებენ, რომ ”ასეც იცოდნენ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ”, შემდეგ კი საამური სიარულის მანერით აგვივლიან გვერდს, ჩვენ კი ვიფიქრებთ, რომ მათ დაუმსახურებლად ერგოთ ეს ბედი, შემდეგ კი გაგვეცინება, ვიტყვით, რომ რელიგიით დაკანონებულ კიდევ ერთ წესს ავუარეთ გვერდი და ვიღაც (პრინციპში რაღა ვიღაც, სამოთხის დამსახურებული მკვიდრი) განვსაჯეთ, ზიზღიც კი ვიგრძენით შურში კარგად გაზავებული. რამდენ დღე ღამეს გავატარებთ ასე კედელთან ატუზულები, შემდეგ რამდენ მომენტზე დაგვწყდება გული, იმაზე, რომ ვერაფრით გვეღირსა ნანატრი დასვენება, ვერაფრით გვეღირსა ნანატრი უდარდელობა, ვერაფრით შევძელით გვეთქვა ”შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ შენო!” (ოჰ, ზოგჯერ რა ბანალური ვარ ხოლმე), ფიქრებში წასულს კიდევ ერთი გამვლელი დაგვაბრუნებს რეალობაში, ვერც კი შეგვამჩნევს, ჩვენ კი დანანებით ვიტყვით, რომ შესაძლოა მას სწორედ ის სამოთხე ხვდა წილად, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდით – ალბათ სულ მალე ჩამოჯდება სიმშვიდის შეგრძნებისგან სასიამოვნოდ აფორიაქებული ნათელ ოთახში, ნელი მოძრაობით გადაიწევს თმას და ბედნიერს ჩაეძინება.
ჰო, დღეს დიდი ვერაფერი დღე იყო, მე გაუთავებლად ვფიქრობდი საკუთარ თავზე, გაუთავებლად მებრალებოდა თითოეული ნერვი, რომელსაც შეუბრალებლად აწამებდა ყოველი წამი, გაუთავებლად ვფიქრობდი ჩემზე, გაუთავებლად ვეძებდი გამოსავალს… დღეს დიდი ვერაფერი დღე იყო.

ხვალამდე


რა მნიშვნელობა აქვს იმას გარეთ ღამეა თუ არა, ანაც იმას, ოთახში მარტო ვარ თუ სხვებთან ერთად, შუქი ანთია თუ ბნელა, ნახევარი ღერი სიგარეტი კიდევ ერთხელ მოვწიე თუ არა, ამინდს შეუფერებლად მივიჩნევ თუ შესაფერისად, ხელები გამომშრალი მაქვს თუ ტენიანი, ამ კონკრეტულ მომენტში არაფერს აქვს მნიშვნელობა… ან იქნებ აქვს, იქნებ საკმაოდ მნშივნელოვანია ის, რომ მომბეზრდა ღია ფანჯარაში ჯდომა მაშინ როდესაც უკიდეგანოდ მცივა, მომბეზრდა შეგრძნება, რომ ხვალ მაღვიძარა დარეკავს, მომბეზრდა თავის იძულება, რომ დაიძინოს, მომბეზრდა გაუთავებლად საკუთარ თავთან ლაპარაკი და მით უფრო კამათი, მომბეზრდა ნახევარი ღერი სიგარეტის აღელვებულად მოწევა, მომბეზრდა ერთი და იგივე ფილმის ყურება, მომბეზრდა მუსიკა, რომელსაც ვუსმენ, მომბეზრდა სავარძელი, რომელშიც ვზივარ, მომბეზრდა ტელეფონის დუმილი, მომბეზრდა შეგრძნება, რომ ყველა მაღიზიანებს, მომბეზრდა გაუთავებელი საყვედურები კარ-გულ-ფიქრ ჩაკეტილობასთან დაკავშირებით, მომბეზრდა ოცნება წითელ ღვინოზე ძილის წინ ანაც ბოთლ შამპანიურზე გამწარებულ გულზე, მომბეზრდა ოცნება სამარისებულ სიჩუმესა და მოხუცებულთა ცხოვრების წესზე, მომბეზრდა კიბე, რომელსაც ყოველ დღე ავდივარ, მომბეზრდა ოცნება საღამოს დადგომაზე, მომბეზრდა სახლში ჯდომა და კიდევ უფრო მეტად მომბეზრდა გარეთ გასვლის წარმოდგენაზე გულის რევის შეგრძნება.

მერამდენე საათია, უფრო კონკრეტულად კი დღეა 1 წერილიც კი არ დამიწერია, დასაწერი არაფერი იყო, თუმცა შემელძლო მეიძულებინა თავი, დავმჯდარიყავი და მელაყბა გაუთავებლად, მელაყბა იმაზე, რომ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს დილით თვალი გავახილე, არა თუ გავახილე, არამედ გავიღვიძე კიდეც, შემდეგ ყავა დავლიე და წავიოცნებე ერთ ღერ სიგარეტზე, ცოტა ხანში ისევ ათასჯერ ნანახი ფილმის ყურება დავიწყე და საშინელი აგრესია ვიგრძენი ტელეფონის ზარის გაგებისას, რომ ვერაფრით შევარჩიე სიმღერა, რომელიც მიმდინარე დღის განწყობას ასახავდა, რომ გაუთავებლად ვამოწმებდი ელ. ფოსტას, რომ მეძინებოდა, რომ ვფიქრობდი ხვალ დამაშვიდებელი უნდა დავლიო მეთქი, რომ აღვფრთოვანდი იმის გაფიქრებისას, თუ მერამდენე დღე გავიდა გამაყუჩებლის გარეშე, რომ ისევ ბევრი ვისაუბრე საკუთარ გეგმებზე, გაკეთებით კი არაფერი გამიკეთებია.

ჰო, გათენდება ხვალინდელი დღე, გათენდება აბა რას იზამს, ყავისფერ მაგიდას მივუჯდები და ვიფიქრებ, რომ შესანიშნავი დროა საკუთარ თავზე სასაუბროდ, ანაც საკუთარ ცხოვრებაზე, თუმცა შესაძლოა ეს ერთი და იგივეც იყოს, ისევ დაჟინებული მზერით მივაჩერდები თითქოს ერთ ადგილზე გაყინულ საათს და აღელვებული, ემოციებით აღსავსე ვიოცნებებ საღამოს დადგომაზე, შემდეგ კი სახლში მოსული ვიფიქრებ თუ რამხელა უზარობაში გავიდა ამდენი საათი, მალევე ვუბრძანებ თავს, რომ ძილის დრო აქვს, ნახევარ ღერ სიგარეტს მოვწევ, საყვარელი ფილმის ფრაგმენტებს შევავლებ თვალს, ვიტყვი, რომ გვიანია და დავიძინებ.

მიმდინარე დღის რამდენიმე წუთი


სიჩუმეა, სრული მდუმარება, თითქოს ეს ესაა დიდმა ქარიშხალმა გადაუარა ყველაფერს და ცოცხალი აღარავინაა. მსიამოვნებს ეს გარემო, ჰო რაღაც სასაფლაოს მაგვარი განწყობა რომ სუფევს ირგვლივ, შფოთვაში არეულ სასიამოვნო სიმშვიდეს მგვრის, ისეთს, რომ მოგინდება სკამზე აუღელვებლად მიესვენო, ხელები ჩამოყარო და ზედმეტი განცდების გარეშე ათვალიერო ირგვლივ ყველაფერი, მერე რა თუ ჰორიზონტამდე სულ რაღაც 4 მეტრია, და არც ცა უერთდება მიწას, თეთრი კედელი ხომ რაღაც აუხსნელი სილამაზით ერწყმის ყავისფერ მაგიდას.
გვერდზე მაგიდასთან უსიცოცხლო გამოხედვით მისჩერებია ერთ წერტილს ხელოვნურად გაქერავებული, სუსტი აღნაგობის ქალბატონი, დილით იმდენი ილაპარაკა მისი ყოველი მოძრაობა აშკარა დაღლილობაში გადასულ კმაყოფილებას ასხივებს, თითქოს ის საბოლოოდ მიიღეს, მოიწონეს და ტაშიც კი დაუკრეს, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ იძულებაში გადასული ზრდილობის დამსახურებაა, ყოველთვის როდესაც ვხვდები, რომ ის ისაა საუბარი უნდა დაიწყოს სურვილი მიჩნდება ყურებზე მაგრად ავიფარო ხელი და არ გავიგო მისი მორიგი განცხადება, შემდეგ კი თვალებს ვხუჭავ ან უბრალოდ ერთ არაფრით გამორჩეულ წერტილს ვაკვირდები, იმისთვის, რომ არ დავინახო რა სახით გასცემენ პასუხს და შემდეგ როგორი ირონიით გადახედავენ ერთმანეთს საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული, დახვეწილობის ეტალონად წოდებული სუბიექტები.
დილიდან საზიზღარ გემოს ვგრძნობ პირში, სიგარეტის, კბილის პასტისა და ყავის გემო ირევა ერთმანეთში და ფრიად უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ალბათ განწყობაც მოქმედებს ამაზე, სისხლი თავისით იშხამება ხოლმე სრული ეფექტის შესაქმნელად.
ოთახში უჰაერობაა, მინდა ვიყვირო ცოტა ხნით მაინც შეწყვიტეთ სუნთქვა და ლაპარაკი მეთქი, მაგრამ ვინაიდან ჯერ კიდევ შერაცხადი მქვია თავს ვიკავებ.
სასიამოვნოდ სასოწარკვეთილი სიმღერების ფონზე ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ ვწევარ ფინიკის პალმის ჩრდილში და როგორ ვუყურებ სიცხისგან ალაპლაპებულ ჰორიზონტს, როგორი უდარდელობა მიპყრობს, როგორი ჩუმი აღფრთოვანება ჩქეფს ძარღვებში იმის გაფიქრებისას, რომ როგორც იქნა მე და ფინიკი შევხდით ერთმანეთს და უდარდელი ბედნიერება ვაჩუქეთ.                                                                                                                                                                         

ბედნიერება ჩემებურად – ოცნება დაღლილობის ჟამს


სადმე მოხუცთა თავშესაფრის მაგვარ დაწესებულებაში მინდა უზრუნველად ცხოვრება, აი ისეთში სადაც მომივლიან, დამილაგებენ ოთახს, მექნება კომფორტი, დილაობით სხვა მაცხოვრებლებთან ერთად ვისაუზმებ, შემდეგ მოსასვენებლად წამოვწვები და მოვუსმენ მუსიკას, ცოტა ხანში ჩამეძინება და შუა დღისკენ გავახელ თვალებს, ცოტას წავიკითხავ და შემდეგ ვერანდაზე გავალ მოსაწევად, სადაც ხალხი იჯდება ზოგი კარტს ითამაშებს, ზოგი ისაუბრებს, ზოგიც წინგნის კითხვით იქნება დაკავებული, გავხედავ ჰორიზონტს, გამიხარდება, რომ ირგვლივ ქალაქის დამღლელი ხმაური არ მექნება შემორტყმული, თვალებს დავხუჭავ და ღრმად ვისუნთქებ, შემდეგ ახალი მობინადრე მომიჯდება და შეეცდება საუბრის გაბმას, მკითხავს სახელს, ოჯახურ მდგომარეობას, მომიყვება თავის ცხოვრებას, მეტყვის, რომ მოსწონს აქაურობა, ახალ ამბებს მაცნობებს, ვისაუბრებთ მსფოლიოში განვითარებულ მოვლენებზე, მე დანანებით გავაქნევ თავს და ვიტყვი, რომ მსოფლიო გაგიჟდა, ზოგი შემეცოდება ზოგზეც ვიტყვი რომ მეტის ღირსია, აღვშფოთდები, დავგმობ, აღტაცებული შეძახილებიც მექნება, მხარზე მეგობრულად ხელს წამოვარტყამ, გავიცინებ და პირზე ხელს ავიფარებ, შემდეგ ვიღაც შეგვახსენებს, რომ სადილის დროა და ჩავალ სასადილოში, გადავწყვეტ, რომ დიდად არ მშია და მხოლოდ ხილის წვენითა და სალათით შემოვიფარგლები. მალე დავტოვებ იქაურობას, მომაძახებენ სად მიდიხარო, მოვატყუებ და ვიტყვი წამოვწები მოვისვენებ მეთქი, სინამდვილეში კი სასეირნოდ გავალ, არ მენდომება ვინმესთან ერთად ყოფნა, დაახლოებით 1 საათი ვისეირნებ და მოვუსმენ მუსიკას, დაღლილი ჩამოვჯდები სადმე და ბალახს მოვწვეტ, ცოტა ხანს ვათამაშებ ხელში და შემდეგ იქვე დავაგდებ მიწაზე, სიგარეტს ამოვიღებ და მადიანად მოვქაჩავ, ბოლოსკენ მწარე გემო აღარ მესიამოვნება და ჩავაქრობ, სანთებელას შევათვალიერებ და მომეწონება, ფეხზე დავიხედავ და მტვერი გამაღიზიანებს, ჩანთაში ჩაგდებულ სარკეს ამოვიღებ და საკუთარ თავს თვალს გავუსწორებ, ცოტას გავეპრანჭები, გახარებული გავიფიქრებ მზე მომკიდებია მეთქი, მალევე ავდგები და გავუყვები სახლისკენ მიმავალ გზას.
კიბეს ავუყვები ფეხაკრეფით, შეუმჩნევლად შევიპარები ოთახში და წამოვწვები, ჩამეძინება, სიცივეს ვიგრძნობ და საბანს დავიფარებ, რამდენიმე საათის განმავლობაში ასე ვიქნები გათიშული, საღამოს გამეღვიძება, ფანჯრისკენ გავაპარებ თვალს და აღმოვაჩენ, რომ დიდი დრო გასულა, ნელი სიო ფარდის თამაშით იქნება დაკავებული, საათს გავხედავ, რამდენი დრო გასულა მეთქი ვიტყვი და კმაყოფილი წამოვჯდები საწოლზე, ყურსასმენებში მუსიკა ისევ ჩართული იქნება, და ისევ მივეყრდნობი ბალიშს და ნამძინარევი სახით დავიწყებ უკვე დაზეპირებული კედლების თვალიერებას, ოთახში შემოსულ შუქზე ხელებს შევათვალიერებ, ისევ აღმოვაჩენ ხელზე ანაბეჭდების მაგვარ კანის რელიეფს, კარებზე კაკუნს გავიგებ, ”ახლავე” მეთქი ვიტყვი და გულში გავიფიქრებ ”ნეტავ, ვის გავახსენდი მეთქი”, ახლად გაცნობილი მობინადრე შემრჩება ხელში, მორიდებულად გამიღიმებს და მკითხავს ხომ არ გაგაღვიძეთო, ვუპასუხებ არა მეღვიძა მეთქი, გამიღიმებს და მკითხავს ვერანდაზე გასვლას ხომ არ ვაპირებ, დავეთანხმები და ჟაკეტს შემოვიცვამ, ხელებს გადავაჯვარედინებ და შეციებული სახით გავყვები დერეფანში, ერთი ორჯერ გამომხედავს, თუმცა არაფერს მეტყვის და კვლავ გააგრძელებს გზას, ვერანდაზე ხალხმმარვლობა დაგვხვდება, საღამოსთვის გაპრანჭულან მეთქი გავიფიქრებ და გამეცინება, თავისუფალ ადგილებს ვიპოვნით და ჩამოვჯდებით, 5 წუთის განმავლობაში ჩუმად ვიქნებით, შემდეგ ამინდზე დაიწყებს საუბარს, მკითხავს საღამოობით აქ სულ ასე გრილა ხოლმეო, ვუპასუხებ, რომ თუ ძალიან არ ცხელა ძირითადად სასიამოვნოდ გრილი საღამოები იცის, ცოტა ხნით ისევ გავჩუმდებით, ამჯერად მე დავარღვევ უხერხულ სიჩუმეს და ვიტყვი წელს ცხელ ზაფხულს გვპირდებიან მეთქი, მხრებს აიჩეჩავს, საპასუხოდ ვერაფერს მოიფიქრებს და თვალს ამარიდებს, თანაც ისეთ სახეს მიიღებს თითქოს ჰორიზონტის ყურებით ტკბება, სინამდვილეში კი სასტიკ დაძაბულობას იგრძნობს, ერთი პირობა თავს უსაყვედურებს კიდეც, რომ ვერაფრით ამიყოლია საუბარში, მეც დაძაბულობა შემიპყრობს, ჟაკეტის ჯიბიდან დამამშვიდებელს ამოვიღებ და უწყლოდ დავლევ, მკითხავს რას სვამო, მე ავუხსნი, რომ კატაბალახასა და პიტნის ნაზავია და მშვენიერ განწყობაზე მაყენებს, შფოთვას მიხსნის მეთქი, გაიკვირვებს არასოდეს მსმენიაო, მე ვუპასუხებ, რომ შესანიშნავი საშუალებაა, არც ძილიანობას იწვევს მეთქი, ამასთან დავამატებ, რომ უძილობის შემთხვევაშიც ნიშნავენ, ის კითხვის დასმას დააპირებს, მოუნდება დააზუსტოს თუ ძილიანობას არ იწვევს უძილობას, როგორ კურნავსო, თუმცა თავს შეიკავებს, მე მივუხვდები და ავუხსნი, რომ უძილობა ხშირ შემთხვევაში შფოთვითაა გამოწვეული, ხოლო ვინაიდან ეს პრეპარატი ამ სიმპტომს ხსნის, შესაბამისად საძილე საშუალებადაც გამოიყენება მეთქი, თავს დამიქნევს, ჰო, მესმისო, ისე მოიქცევა თითქოს ეს თავიდანვე იცოდა და არც უფიქრია მსგავსი კითხვის დასმა, მე გავუღიმებ და ისევ ჰორიზონტს გავხედავ.
მალე ვახშმის დროც მოვა, წამოვდგებით და ჩავუყვებით დაუსრულებელ კიბეს, მაგიდები გარეთ გამოტანილი დაგვხვდება, სუფთა ჰაერზე ვივახშმებთ, მე ისევ სიგარეტის ქაჩვით ვიქნები დაკავებული, გვერდზე მაგიდაზე მსხდომი ცხვირაწეული ქალბატონები უკმაყოფილოდ გაიქნევენ ხელს კვამლის გასაფნტად, ბოდიშს მოვიხდი, გაღიზიანებული სახით გამომხედავენ, ამათვალიერ-ჩამათვალიერებენ, არაუშავსო ნაძალადევი ღიმილით მეტყვიან და ერთმანეთს რაღაცას გადაუჩურჩულებენ, ჩემი ახალი ნაცნობი დაძაბულად შემომხედავს, მე უდარდელად ჩავუკრავ თვალს და ვანიშნებ, ”არ იდარდო, უკვე მიჩვეული ვარ მეთქი”, ჭამას განვაგრძობთ.
კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში ვიქნები სუფთა ჰაერზე, შემდეგ კი დაღლილობას მოვიმიზეზებ, ხვალამდე მეთქი ვეტყვი და გეზს ოთახისკენ ავიღებ. ფანჯარასთან ჩამოვჯდები, რაფას დავეყრდნობი ხელებით და ბავშვობა გამახსენდება, საღამოები რაჭაში და ზაფხულის არდადეგები, გამეცინება, იმის გაფიქრებაზე თუ როგორ ძალიან არ მიყვარდა იქ ყოფნა და როგორი მოუსვენრობა მიპყრობდა ხოლმე, შემდეგ თვალზე ხელს მოვისვამ და ტუჩებს ერთმანეთს მაგრად მივაჭერ და სინანულით ვიტყვი დავბერდი მეთქი, შემდეგ გამეცინება, ასაკს გავიხსენებ და თავს დავიმშვიდებ ”რას ვიზამ, ალბათ ზედმეტად ადრე გადავიღალე ანაც მოხუცი დავიბადე მეთქი”.