იდეების მოლოდინში


აი ისევ, ჯერ ნახევარი დღეც არ გასულა, მე კი უკვე გავიყინე, გავჩერდი, იდეები ისევ გაიძურწნენ ტვინიდან და ახლა პირდაფჩენილი მივჩერებივარ კომპიუტერის ეკრანს გასხივოსნების მოლოდინში.
ეს გადაღლის ბრალია, ჰო, ჰო კარგად ვიცი, რომ ყველაფერი ახსნადი და მოგვარებადია, რომ არ უნდა ვიშლიდე ნერვებს, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში არც მიზეზი მაინტერესებს, არც გარემოებები და არც გამოსავლის ძიებაზე დახარჯული ენერგიის შედეგად სრული გამოფიტვის იდეა მხიბლავს.
ვერაფრით ვახერხებ წინ წასვლას, ვგრძნობ, თუმცა რაღა ვგრძნობ, ნათლად ვხვდები, რომ ჩემს მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა ხმის წართმევამდე ყვირის იდიოტიზმი, ყოველგვარ აზრს მოკლებული სისულელე ვარ და არ გაბედო იმის გაფიქრებაც კი, რომ ოდესმე დღის სინათლე ვიხილოო.
იქნებ ხელოვნურმა ენრეგიამ, ანაც ვინმესთან ან რამესთან გარიგებაზე წასვლამ მიშველოს?! ყოველი წუთის, საათის და დღის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტად ვკარგავ მოსვენებას, ვოცნებობ დღეზე, როდესაც თვალს გავახელ და ვიტყვი მე არაფერი მაწუხებს მეთქი.
ოთახში ახლად მოხარშული ყავის სურნელი ტრიალებს, მე კი იმის ნაცვლად რომ არომატით ტკბობას მივეცე დაჟინებით ვიხსენებ იმას, თუ როგორ იპოვნეს ყავის აპარატში მოსუქებული ტარაკნების ჯგუფი, რომლებიც მოხარშული ყავის ორთქლზე პირსახოცშემოკრულები, შუბლზე ისტერიული ოფლის წმენდით ისხდნენ უდარდელად და კმაყოფილი სახეებით ანიშნებდნენ ერთმანეთს იქნებ გვეყოს საუნაში ყოფნა და გარეთ ყავის დასალევად გავიდეთო.
დღეს უნდა დავლიო, სულ ცოტა მაინც, იქნებ ეს ყბადაღებული სტრესიც მოვიხსნა, თუნდაც რამდენიმე საათით. ან არა, არ ღირს, არ ღირს სახლში დამძიმებული მისვლა, საზოგადოებაც ზედმეტად ჭრელი იქნება და თანაც დიდი ხანია რაც ამოვიძულე ალკოჰოლი, მართალს ამბობენ სიყვარულიდან სიძულვილამდე 1 ნაბიჯია, აი უკანა გზა არსებობს თუ არა ამაზე ნამდვილად არაფერი მსმენია.
ყოველი საათის გასვლასთან ერთად ვგრძნობ, როგორ ჩამყვირის ყურში დრო რას აკეთებ გაგვიანდებაო, ყოველი ახალი საათის დადგომასთან ერთად ვუჯდები მაგიდას, ვუყურებ სუფთა ფურცელს, თითქოს გემრიელად ვკალათდები სავარძელში და ის ისაა წერა უნდა დავიწყო, რომ აუხსნელი დანანებით მეღიმება იმის გაფიქრებაზე, რომ დასაწერი ისევ არაფერი მაქვს, ყურსასმენებში კი ტანგოს ერთი სახეობა მეორეს ცვლის.

                                                                                     
Advertisements

არასოდეს დაეცე


არასოდეს დაეცე.

არასოდეს დაეცე იქამდე სადამდეც სხვები, მერე რა თუ ეს სხვები შენს  მეგობრებად იწოდებიან, მერე რა თუ ყოველთვის გეგონა მათი ცხოვრება, ხასიათი სამაგალითო იყო. შურისძიება, სამაგიეროს გადახდა არასოდესაა გამოსავალი, როგორ დიდ სიამოვნებასაც არ უნდა განიჭებდეს მათი უბედურების წარმოდგენა, როგორ ტკბობასაც არ უნდა განიცდიდე მათი ფეხქვეშგათელვის ფანტაზიით, არასოდეს მოიქცე ისე, როგორც ისინი ვინც გულის რევას იწვევენ შენში.

არასოდეს აიძულო თავი გახდეს ისეთი შეუბრალებელი და საზიზღარი როგორიც არასოდეს ყოფილა, არასოდეს გადააბიჯო საკუთარ წესებს თუ ისინი ყოველთვის ამართლებდნენ, არასოდეს იფიქრო, რომ ცდები და აუციელებელია ფეხი აუწყო მათ ვინც ძირს არასოდეს იყურება, მათ ვინც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს, არასოდეს იქცე იმად ვისაც თამამად შეგიძლია უწოდო არარაობა. მთავარია არასოდეს გერქვას ნაგავი, ძილის წინ საკუთარი თავის მიმართ განცდილი ზიზღი არ გახრჩობდეს.

ქ-ნი თინათინის ერთი დილა


ქალბატონი თინათინის ბინაში სამარისებული სიჩუმეა, მხოლოდ ქურაზე დადგმული ცხელი შოკოლადი თუხთუხებს. ის კი აივანზე გასული აწყობს დღის გეგმებს, თანაც ისტერიულად ეწევა სიგარეტს.
მარცხენა ხელის საჩვენებელ თითში მგრძნობელობა დაკარგული აქვს, მხოლოდ კანკალი თუ აიტანს ხოლმე, შემდეგ ჩერდება. დღეს მზიანი დღე იქნებაო ფიქრობს და ცდილობს გაიხსენოს სად დატოვა საყვარელი იასამნისფერი ქოლგა. დღემდე მზიან ამინდში ქოლგა არასოდეს სჭერია, თუმცა სიცხის წარმოდგენაზეც კი უსიამოვნო შეგრძნება იპყრობს, ამიტომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ არაფრად ჩააგდოს საზოგაოდების, უფრო კონკრეტულად კი ამვლელ-ჩამვლელის აზრი და მიუხედავად ამინდისთვის შეუფერებელი ჩაცმულობისა, ისე ჩაიცვას, როგორც მას გაუხარდება.
აივნიდან მოედნაზე შეკრებილ მეზობლებს მოკრა თვალი, საჭირბოროტო საკითხებზე ბჭობდნენ, სართულების რწმუნებულები და ამხანაგობის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, გაეცინა, გაახსენდა განცხადებაში მითითებული რომ ქონდათ დასწრება სავალდებულოაო, დანანებით გაიფიქრა წავსულიყავი, იქნებ თანამდებობისთვის გამომეკრა ხელიო, გაეცინა, სიგარეტი ჩააქრო და ოთახში შებრუნდა.
ოთახში შესვლისთანავე გული აუჩქარდა და მოცელილივით ჩამოჯდა სკამზე, თავი გააქნია და გაიფიქრა ამდენი მოწევა არ შეიძლებაო, შემდეგ დამამშვიდებელს დაუწყო ძებნა, როგორც იქნა მიაგნო და სასწრაფოდ დალია. ღრმად ჩაისუნთქა, რამდენჯერმე ნერწყვიც გადაყლაპა, ცდილობდა დარწმუნებულიყო რომ წამალი საყლაპავში არ ქონდა გაჩხერილი, ცოტა ხანში კი შვებით ამოისუნთქა და უკვე დიდი ხნის წინ გამზადებული შოკოლადი ჩამოისხა ჭიქაში. პირველივე ყლუპზე სახეზე იმედგაცურება გამოეხატა, ისეთს ვერასოდეს აკეთებდა, როგორც თავის დროზე დედამისი, თითქოს, რომელიღაც, ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტს ინახავდა საიდუმლოდ. ბავშვობაში, მომცრო ზომის ჭიქაში უსხამდნენ ხოლმე ქურიდან ახლად გადმოდგმულ შოკოლადს, თუმცა განსაზღვრული ”დოზა” საკმარისი არაოსდეს იყო, დამატებაზე კი გამუდმებით უარს ეუბნებოდნენ, გული გაგიხდება ცუდადო. ახლა არც გულზე დარდობდა და არც ჯანმრთელობაზე ფიქრით იმწარებდა ცხოვრებას, თუმცა აღარც შოკოლადს ქონდა ისეთი გემო, რომელიც დამატების სურვილს გაუღვიძებდა.
ვერაფრით გადაეჩვია უმისამართო წერილების წერას, თანაც გამუდმებით ამტკიცებდა, ძვირფასი ადამიანისთვის განკუთვნილი წერილი აუცილებლად ხელით უნდა დაიწეროსო, ჰოდა არც დავას ქონდა აზრი და არც იმას, რომ წერილს განსაზღვრული ადრესატი არასოდეს ყოლია, ან იქნებ ყავდა კიდეც თუმცა ამას არავის უმხელდა, საკუთარ თავსაც კი.
შუა დღის სიცხე ნელ-ნელა იპარებოდა ოთახში და მზის სხივები დაჟინებით აჭერდნენ მაგიდას, ის ისევ ჩუმად იჯდა, მორიგ ღერს ეწეოდა და ცდილობდა თავი დაერწმუნებინა არ მახსოვს, რომ დღეს ჩემი რამდენიმე წლიანი ლოდინის დასასრულიაო, არც ბედნიერი და გასული წლების გათვალისწინებით არც უბედური დასასრული.
მარცხენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, სიგარეტის მოწევისგან გული ისე აჩქარებოდა, რომ დამამშვიდებელს ყოველგვარი ეფექტი დაეკარგა, უყურებდა თაროზე ხელუხლებლად შემოდებულ წიგნს, რომლის ხელში ჩაგდებამდეც მოუთმენლობა ახრჩობდა და დანანებით ფიქრობდა, რომ მიუხედავად ასაკისა, მან ვერაფრით შეძლო საკუთარ სურვილებში გარკვევა.
საათისკენ გააპარა თვალი, მიხვდა, რომ აგვიანებდა, სასწრაფოდ იყო წასასვლელი ფოსტაში წერილების გასაგზავნად. საძინებლისკენ მიაშურა და საგულდაგულოდ გამზადებულ ტანსაცმელს დაავლო ხელი, 5 წუთში უკვე მზად იყო გასასვლელად. ეზოში ჩასვლისთანავე ქოლგა გაშალა და შეეცადა მოედანთან შეუმჩევლად გაევლო, თუმცა მალევე იგრძნო მეზობლების დაჟინებული მზერა, მიხვდა, რომ ვერაფრით გაეგოთ ”რამ გადარია”, და ამ სიცხეში ქოლგას რა დანიშნულება ქონდა, მისალმებაც კი დაავიწყდათ გაოცებისგან, შემდეგ კი ბრაზმორეულებმა აცნობეს დაგაგვიანდათ თინათინ, შეხვედრას უკვე ვამთავრებთო, მან კი მხოლოდ ღიმილით უპასუხა და გზა ჩქარი ნაბიჯით განაგრძო.

საყვარელი საწამლავით აივანზე გასვლამდე


გვერდზე მაგიდასთან ახალგაზრდა ქალბატონი დაჟინებით აკვირდება კომპიუტერის ეკრანს და ადგილ-ადგილ კომენტარებსაც არ იშურებს მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით. ზოგჯერ ისე აქოთქოთდება ხოლმე მგონია, ნამდვილად დიდი კატასტროფა დაგვატყდა მეთქი თავს, მხოლოდ შემდეგღა აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მორიგ სიუჟეტს უყურა და მისი განხილვის დაუშრეტელი სურვილით შეპყრობილი მაღალ ტონში აკეთებს კომენტარს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
აივანზე გასვლა, რომ არ გაგიხარდება ადამიანს, როგორი ამინდი უნდა იყოს ხომ წარმოგიდგენიათ და მიუხედავად ამისა, ნასიამოვნები სახით, რომ დაბრუნდები ოთახში, ხელში ვარდისფერი ქოლგის თამაშით და სახეზე ახლად მოწეული სიგარეტის შედეგად განცდილი კმაყოფილების გამომეტყველებით, რამ უნდა გაიძულოს მოიშალო ნერვები.
ქალაქში სადილის დრო ახლოვდება და გარშემომყოფების ერთადერთ პრობლემად სასურველი საკვების არჩევაღა დარჩა. ზოგს ასარჩევადაც არ აქვს საქმე და რაც ხელში მოხდვება ან უფრო სწორად რისი საშუალებაც ექნება იმას შეჭამს, ზოგიც დიეტის აკვიატებული იდეით შეწუხებული ხელების ქნევით შეეცდება ტვინიდან საჭმელთან დაკავშირებული ფიქრების განდევნას.
სიახლეებმაც იკლო ბოლო ხანებში, მხოლოდ წამიერი შეშფოთებაღა დამრჩა ცხოვრების სურვილის დასაბრუნებლად, აღარც ეს დაზეპირებული დიალოგები მიზიდავს, მაგრამ სხვა გზა, რომ არ მრჩება სახეზე შეყინული ღიმილით ვსაუბრობ იმაზე თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ახალი, განსაკუთრებული და საინტერესო. თუმცა არც ამ კითხვაზე მაქვს მრავალფეროვანი პასუხი, მეც მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად თავს გავიქნევ ხოლმე და ვამბობ ”რა ვიცი, ისეთი არაფერი” ან ”ყველაფერი ძველებურად” მეთქი, აქვე დავსძენ, რომ გუმანი მკარნახობს ამით გულს დიდად არავის ვწყვეტ, ეს კითხვაც ხომ თითქოს ინერციით აღმოხდებათ ხოლმე და პასუხის მოსმენაზე არც დროის დახარჯვის სურვილი აქვთ და ალბათ არც ენერგია.
აგერ უკვე მერამდენე წელია ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარს ერთი და იგივე ადამიანებთან ვატარებ, მათ კი ვერა და ვერ ისწავლეს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი აღტაცების საგანი ჩემთვის ან სრულიად უინტერესოა ანაც აღმაშფოთებელი, მაინც ჯიუტად განაგრძობენ ჩემგან კომენტარის მოთხოვნას, პასუხის მიღების შემდგომ კი უკმაყოფილოდ მარიდებენ ხოლმე თვალს და თითქოს შეურაცხყოფილი სახით უკირკიტებენ ერთ წერტილს ახალი თანამოსაუბრის არჩევაზე ფიქრით.
გვერდზე მაგიდასთან სასიამოვნო გარეგნობის, თუმცა ტლანქი ხმის ქალბატონი ჰორიზონტზე ახალი ხორცის გამოჩენისთანავე ჩვეულად აქოთქოთდა, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე იქნებ მუსიკა ჩავრთო და შევეცადო მისი ხმა გადავფარო მეთქი, თუმცა შემდეგ წინასწარი იმედგაცრუების წარმოდგენით გულდაწყვეტილმა ჩავხარე თავი და თავს მოვუწოდე შეგუებოდა ბედს.
სულ რამდენიმე წუთიღა დარჩა შეკრებილი და თითქოს ერთი დიადი იდეის ქვეშ გაერთიანებული ადამიანების საჭმელად წასვლამდე, ერთი ორჯერ მეც კი გავაპარე თვალი სტომაქისკენ და ვიფიქრე იქნებ შევუერთდე მეთქი ამ დამშეული ადამიანების რიგებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, კუჭმა კი ზუსტადაც დუმილით მიპასუხა, მაინც ჩავთვალე დღეს გარეთ გასვლა არც თუ ისე კარგი იდეაა მეთქი.
ჰოდა ახლა მეც სულმოუთქმელად ველოდები ამ რამდენიმე წუთის გასვლას, იმისთვის, რომ ჩამოვდგე აივანზე კარებთან ატუზული და შევუდგე საყვარელი საწამლავის დაჟინებულ ქაჩვას.