ფერადად


მაშინ როდესაც მუსიკა თავისუფლად განაგრძობს დაკვრას და ვტკბები მოულოდნელად დამდგარი ბედნიერების შეგრძნებით, მაშინ როდესაც ტელეფონი არ რეკავს და პრობლემებსაც დავავიწყდი, მაშინ როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემში დიდი ხნის წინ ჩაბუდებული აგრესია სადღაც უკვალოდ გაუჩინარდა და აღარც ბრაზი მახრჩობს, მაშინ როდესაც ვხვდები, რომ ირგვლივ ჩამოწოლილი ნაცრისფერი ბედნიერი ფერებით შეიცვალა, მაშინ როდესაც მუსიკას უდარდელად ვაყოლებ ფეხს და უმიზეზოდ მეღიმება, ვფიქრობ იმაზე თუ როგორ დავბრუნდე იქ სადაც ვიყავი, დავბრუნდე იქ სადაც ყოფნა მაიძულებდა ჩემი ყველა აზრი ღირებული ყოფილიყო, დავბრუნდე იქ სადაც არსაიდან გაჩენილი ზიზღი იყო საფუძველი მქონოდა შექმნის უნარი, იქ სადაც შემეძლო მეფიქრა იმაზე თუ როგორ უხდებოდა ჩემში კარგად გამჯდარ დამპალ შეგრძნებას ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
დანანებით ვფიქრობ იმაზე თუ როგორ მომედო სახეზე ღიმილი, იმაზე თუ როგორ შევძელი ერთ დღეს ავმდგარიყავი და მეთქვა, რომ არ მაქვს უბედურების საფუძველი, დანანებით ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი განწყობა შინაგან ხრწნას აღარ გავს, იმაზე, რომ მხიარულ სიმღერებზე სისხლი ძველებურად მიდუღდება, იმაზე რომ წარსულის დამპალი მოგონებებიც კი მხოლოდ სიცილის საფუძველი გახდა.
მინდა თუნდაც რამდენიმე წუთით შევძლო აუღელვებლად ვუყურო კედელს, ვიფიქრო საკუთარ არარაობაზე, იმაზე, რომ დაღლილობის შეგრძნებამ თავისი გაიტანა, იმაზე, რომ შექმნილ სიტუაციას არაფერი ეშველება, იმაზე, რომ მე ისევ ის ადამიანი ვარ, ადამიანი, რომელიც უძილობით იტანჯება, ადამიანი, რომელიც ყოველ დილით ირგვლივ მხოლოდ ნაცრისფერს ხედავს, ადამიანი, რომელსაც დაუსრულებლად შეუძლია იფიქროს ამაოებაზე.
მე აღარ ვიცნობ ადამიანს, რომელიც წერდა:
დილით ძალიან დაზაფრულმა გავიღვიძე, მთელი ღამის განმავლობაში ვებრძოდი შემოჩენილ შიშის შეგრძნებას, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოვიდა, უბრალოდ ძილშიც კი ვგრძნობდი, როგორი შეშინებული ვიყავი, როგორ მეპარებოდა ის დამპალი შეგრძნება, რომელიც ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად მშხამავს, შეგრძნება, რომელიც არ ვიცი საიდან ჩნდება, შეგრძნება, რომელიც მისისინებს აუღელვებლად, მეუბნება, რომ არაფერს ვაკეთებ ისე როგორც უნდა ვაკეთებდე, რომ საკუთარი თავისთვის მიცემულ ყველა პირობას ერთი ხელის მოსმით ვანადგურებ, რომ თავის მოტყუება უკვე ერთფეროვან ყოველდღიურობად მექცა, მისისინებს, რომ ამ დაღლილობას აღარაფერი ეშველება, რომ ყველა მცდელობა აზრს მოკლებულია.
დასვენებაც არ მინდა, საკუთარ თავთან უსაქმოდ დარჩენის იდეაც ძალიან მაშინებს, ვცდილობ როგორმე თავი ავარიდო დიალოგს, მინდა ისევ ძველებურად მეძინოს, აუღელვებლად მეძინოს, არაფერზე ვფიქრობდე, არაფერი მაწუხებდეს, ვფიქრობდე, რომ ვიმსახურებ ძილს, დასვენებას, ვინაიდან ძალიან დავიღალე, მინდა, მჯეროდეს რომ მე ჯერ კიდევ შემიძლია ავდგე და გავაკეთო ის რაც მევალება, ის რასაც საკუთარი თავისგან მოვითხოვ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია საერთო ენა გამოვნახო იმ ადამიანთან რომელიც ვიყავი, როგორმე შემოვირიგო და დავარწმუნო, რომ დროა დაბრუნდეს.
და მაინც მუსიკა თავისუფლად განაგრძობს დაკვრას და ვტკბები მოულოდნელად დამდგარი ბედნიერების შეგრძნებით.
 


Advertisements

3 thoughts on “ფერადად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s