ჩვეულებრივი ადამიანი


ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, უხაროდა ის რაც ზოგადად უხარია ყველას, წყინდა ის რაც ზოგადად მწუხარებას იწვევს ადამიანში, ბედნიერების შეგრძნებას მის ცხოვრებაშიც საკმაოდ მცირე ვადა ქონდა, ოცნებობდა იმაზე, რაზეც ოცნებობენ ადამიანები, უყვარდა ჩუმად ჯდომა, ვინაიდან უაზრო საუბრებში ჩართვის ნიჭს დაბადებიდან იყო მოკლებული, ვერ იტანდა გამარჯობის თქმას, თუმცა ყოველთვის ამბობდა და ამის გამო ზრდილ ახალგაზრდასაც ეძახდნენ, იყო კეთილგანწყობილი, თუმცა ხშირად ფეთქებადი.
მისი ცხოვრება ჩვეულებრივ მდორედ მიმდინარეობდა, ზამთრის ღრუბლიანი ამინდების გადამკიდე წუწუნებდა, რომ მზეს ვერ ხედავდა.
დილაობით ყავასაც სვამდა და ქიშმიშიან ხაჭოსაც მიირთმევდა.
წერილებსაც წერდა და ზოგჯერ აგზავნიდა კიდეც.
პატარა ოთახში ცხოვრობდა, კედლები სხვადასხვა ფერში ქონდა შეღებილი და მაგიდასთან დიდი ხნის ვადა გასული კალენდარი ეკიდა, კარებზე იმ სიგარეტის სარეკლამო ბუკლეტი ქონდა გამოფენილი, რომელიც არასოდეს მოეწია.
ფეხსაცმელებთან ერთად ღვინის ბოთლს ინახავდა.ტანსაცმელთან ღვინის ჭიქას.
მუდმივად საკუთარი თავის შიშით ცხოვრობდა, ეშინოდა წარუმატებლობის და ამიტომ ხშირდა გამოჩენილ შანსზეც უარს ამბობდა.
კიდევ უფრო მეტად ეშინოდა წარმატების, საკუთარი წარმატების.
ყველა დადებითი მოვლენის სასჯელად ქცევა შესაშური ოსტატობით შეეძლო. თუ გამარჯობას არ ეუბნებოდნენ ნერვიულობდა იმაზე, თუ რამ განაპირობა ეს, თუ ეუბნებოდნენ, იმაზე იწყებდა ნერვიულობას რით დაიმსახურა ეს ჟესტი, თუ განსაკუთრებული კეთილგანწყობით ეუბნებოდნენ, კიდევ უფრო მეტად დარდობდა ამ საკითხზე.
ვერ იტანდა, როდესაც აქებდნენ, ფიქრობდა, რომ ამით მხოლოდ იმის მიღწევას ცდილობდნენ, რომ მისგანაც იგივე პასუხი მიეღოთ, ამიტომ ისევ ნაკისრი ვალდებულებით გამოწვეული დათრგუნვის შეგრძნება უჩნდებოდა ხოლმე.
თუ ხვდებოდა, რომ მის მიმართ განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიდნენ, ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად დაედგინა მიზეზი და გამოესწორებინა ეს.
ყველაზე მეტად გულგრილი ადამიანები უყვარდა, ადამიანები, რომლებიც უემოციო სახით აუვლიდნენ გვერდს, რომლებიც უმეტყველო თვალებით შეხედავდნენ, რომლებიც არასოდეს გამოთქვამდნენ სურვილს ესაუბრათ მასთან, რომლებსაც არც ძულდათ და არც უყვარდათ, რომლებისთვისაც სულ ერთი იყო მან წარმატებას მიაღწია, თუ ჩაფლავდა.
უცნობი ადამიანები უყვარდა, ისინი ვინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მის არსებობაზე წარმოდგენაც არ ქონდათ, ჩვეულებრივი ადამიანები, ისინი ვინც ბედუინების ფორმაში გამოწყობილნი უდაბნოს ფონზე ერთმანეთს ესალმებოდნენ, ისინი ვინც აივანზე გამოსულნი ზღვის ხედით ტკბობის მომენტში სასიამოვნოდ იზმორებოდნენ, ისინი ვინც დგებოდნენ და სამსახურში მიდიოდნენ, ისინი ვინც სახლში ბრუნდებოდნენ, ისინი ვინც იძინებდნენ და იღვიძებდნენ, ისინი ვინც მასავით ვერ იტანდნენ მაღვიძარას, ისინი ვინც ზაფხულზე ოცნებობდნენ და ისინიც ვისაც თოვლი არასდროს ენახა.
ვერ იტანდა იდეალურ ადამიანებს, მათ ვისი ადგილიც მუზეუმში იყო. იდეალები, რომელთა მიხვრა-მოხვრაც კი ხაზს უსვამდა მათ უნაკლობას. ადამიანებს, რომლებიც მასში მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევდნენ. ადამიანებს, რომლებზეც გამუდმებით ფიქრობდა.
ყველაზე მეტად ეშინოდა საკუთარი თავის, იმის, რომ ერთ დღესაც მას მისივე ჩრდილში მოუწევდა ცხოვრება, რომ ერთ დღესაც მისაღწევი აღარაფერი იქნებოდა, რომ წარმატების შემდეგ ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდებოდა, რომ ყოველი მიზნის მიღწევა მას ვალდებულებებს მატებდა, რომ შეცდომების დაშვების უფლება დროთა განმავლობაში საერთოდ აღარ ექნებოდა, რომ მასაც ისევე, როგორც ყველას აუცილებლად მოუწევდა ზენიტიდან მიწაზე დაშვება.
ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო.

Advertisements

2 thoughts on “ჩვეულებრივი ადამიანი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s