წავიდა


წავიდა. წუხელ ღრმად მეძინა და ისე გაიძურწა ვერაფერი გავიგე. წასვლის წინ ყველაფერი მიალაგა, თუმცა ნივთების ჩალაგება როდის მოასწრო არც კი ვიცი. გასაღები მაგიდაზე ჰქონდა დატოვებული, ალბათ ამით იმის თქმა უნდოდა, რომ აღარ დაბრუნდება. საფერფლეც დაუცლია, ნაგავიც კი გაუყოლებია, არადა ვფიქრობდი დილით, რომ ავდგები ჩემს დაჭმუჭნულ ხელნაწერებს ამოვიღებ ურნიდან იქნებ რაიმე ღირებულის პოვნა შევძლო მეთქი, ბოლომდე ვერ მოიშალა ეს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის სენი, მაინც ყველაფერი თავის გემოზე გადაალაგა და ისე წავიდა, რომ ერთი თუნდაც ძალიან მოკლე წერილიც კი არ დაუტოვებია, ფურცელზე ერთი ”ნახვამდის” ან ”მშვიდობით” დაწერას რაღა უნდოდა, მაგრამ არა, ამის დრო არ დარჩა, ზედმეტად იყო დაკავებული.
მთელი ღამე კოშმარები მტანჯავდა, ალბათ ვგრძნობდი კიდეც ან იქნებ სულაც რამე წამალი დამალევინა, არ მოერიდებოდა, ალბათ იფიქრა მშვიდად ჩავალაგებ და აუღელვებლად გავეცლები აქაურობასო. მეგონა, რომ ყუთში ვიწექი, ხის ყუთში, ვგრძნობდი, როგორ შავდებოდა და ლპებოდა კანი, როგორ ვიხრწნებოდი ნელ-ნელა, თუმცა არაფრის გაკეთება შემეძლო. მიუხედავად მთელი საზარლობისა შეშინებულს არ გამღვიძებია, ბოლომდე ვითმინე გახრწნისა და ლპობის საშინელება, ნამდვილად რაღაც ჩამიყარა ძილის წინ მორთმეულ ანანასის წვენში.
კლინიკაში ყოფნისას რამდენჯერმე დამირეკა როდის მოხვალო, ვუთხარი ვერ ვლაპარაკობ ახლა და მოგვიანებით დამირეკე მეთქი, თუმცა ვერაფრით გავაგებინე, ალბათ ამ დროსაც ნივთების მოგროვებით იყო დაკავებული და ეშინოდა შემთხვევით არ დავდგომოდი თავზე, მე კი გაშეშებული ავყურებდი ჭერს, ხელები მკვდარივით გულზე მქონდა დალაგებული და საკუთარ თავს დაჟინებით ჩავძახოდი ცოტაც მოითმინე მეთქი.
სახლში მისულს შემატყო, რომ დაღლილი და გაწამებული სახე მქონდა, მითხრა დღეს წერას არ აქვს აზრი წვენი დალიე და დაიძინე, იქნებ გამოძინებამ გიშველოს და დილით ახალი იდეებით გაგეღვიძოსო, დავეთანხმე, ვგრძნობდი, რომ ზედმეტად მზრუნველი იყო, თუმცა განსჯის უნარი მქონდა დაკარგული და ვიფიქრე ერთი დღე მაინც მივცემ თავს უფლებას უბრალოდ დავისვენო მეთქი.
ძილის წინ მაგიდაზე მიმოფანტულ ნაწერებს მაინც გადავავლე თვალი, ფრიად გავღიზიანდი ღირებული ვერაფერი, რომ ამოვიკითხე დავკუჭე და სანაგვეში გადავყარე დაუნანებლად, ვუსაყვედურე კიდეც, ძველებური შარმი და მომხიბვლელობა დაკარგე და მალე ჩემთან ერთად შენც უმაქნისი და ისტორიულ სანაგვეზე დაუნანებლად მოსროლილი აღმოჩნდები მეთქი, პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თბილად გამიღიმა და მითხრა, ტონს დაუწიე, ცუდად გახდებიო. არა უნდა მეფიქრა, რომ აშკარად ზედმეტად კეთილგანწყობილი იყო, ძველი საყვედურებიც არ ახსენდებოდა, უნდა მცოდნოდა, რომ ისიც, როგორც ყველა დანარჩენი ჩვეულებრივი საკუთარ თავზე შეყვარებული, მოღალატის პოტენციალით გაჯერებული ნაძირალა იყო.
ღვინო მოვიკითხე, რამდენიმე დღის წინ ბოთლში რომ ჩავტოვე სად წავიდა მეთქი, მითხრა ალბათ უკვე აღარ დაილევა, ნახევრად ცარიელ ჭურჭელში ღვინო ფუჭდება და დაძმარებული იქნებაო, ჩხუბის თავი აღარ მქონდა, მხოლოდ გავაფრთხილე არ გადააგდო მის გარეშე წერა არ შემიძლია მეთქი და დასაწოლად მომზადება დავიწყე.
დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტკბილად წამისისინა, იმდენ ღვინოს სვამ მე რაღაში გჭირდები არ მესმისო, ვუთხარი, რომ ზედმეტად დაღლილი ვიყავი ამაზე საკამათოდ და ვთხოვე დილამდე თავი დაენებებინა.
ცუდად ვექცეოდი ალბათ, თუმცა ის ყოველი დღის გასვლასთან ერთად კარგავდა პირვანდელ მომხიბვლელობას, აღარ აღძრავდა ძველებურ გრძნობებს, აღარც კალამი დადიოდა ფურცელზე საოცარი სისწრაფით და აღარც იდეები მახრჩობდნენ, ის თავის ფუნქციას კარგავდა, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად რჩებოდა.
ათასი როლი მაინც ჰქონდა მორგებული ჩემთან თანაცხოვრების პერიოდში, ვინ აღარ იყო, სად აღარ ცხოვრობდა, რა ენაზე აღარ საუბრობდა, თუმცა მისი რეალური სახე მუდმივად უცვლელი და ხელშეუხებელი რჩებოდა, მას ყოველგვარი თამაშისა და ნაირ-ნაირ პერსონაჟად ქცევის გარეშე ყველაზე მეტი იდეის გაღვიძება შეეძლო.
ბნელ ოთახში კუთხეში უყვარდა ხოლმე ჯდომა და ცინიკური რეპლიკებით თავის გართობა, კარგად ხვდებოდა, რომ მეც მისგან სწორედ ამას ველოდი, ჰოდა გველურ სისინს არასოდეს წყვეტდა. არ ვეწევიო მარწმუნებდა, თუმცა ვიცოდი, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაშინ როდესაც საქმით გართული ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული მას უყურადღებოდ ვტოვებდი, ჩუმად მპარავდა სიგარეტს და აივანზე გასული სწრაფად ეწეოდა. ვერ ვიტანდი მის ამ სიყალბეს, თუმცა გაჩენილი დროებითი სიძულვილი და ყელში მოწოლილი სიბრაზე კიდევ უფრო შველოდა ჩემს უიმედო მდგომარეობას.
ახლა კი ვიდე, ყველაფერი გვალვის შედეგად გამომშრალ, დამსკდარ ნიადაგს გავდა ირგვლივ, სრული სიცარიელე სუფევდა. ვიდე და ველოდი, როდის ინებებდა ჩემი გონება კეთილს და როდის შექმნიდა იმას რაც მის მალევე ჩანაცვლებას და მუზის სტატუსის მორგებას შეძლებდა.

Advertisements

6 thoughts on “წავიდა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s