მორიგი მონოლოგი


მახსოვს მეცხრე კლასის დამთავრებას აღვნიშნავდით, ბანკეტის მაგვარი რაღაც გვქონდა და სადღაც ღამის 12 საათისთვის სკოლის დირქტორმა გვითხრა, ღამის 3 საათზე ადამიანი ყველაზე გულახდილია და ამ დროს ნათქვამი ყველა სიტყვა თითქმის ასი პროცენთით შეესაბამება ჭეშმარიტებასო, არ ვიცი ეს რატომ ჩამრჩა ამდენ ხანს და რატომ მახსოვს დღემდე, თუმცა ფაქტია, რომ ღამის თეთრად თენებისას აურაცხელი რაოდენობით გაურკვეველი ფიქრები იყრიან თავს და ხშირად სავსებით სხვაგვარად ვაზროვნებთ, ეს ზოგჯერ სიმთვრალესაც კი გავს ხოლმე.
აღნიშნულის ცოდნა შემდეგ არა ერთხელ გამოვიყენე ოღონდ ვიღაცისგან სიმართლის გასაგებად კი არა, პირიქით იმისთვის, რომ ჩემგან მოესმინათ გულახდილი პასუხები ყველა კითხვაზე, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ეს ვერ ან არ გამოიყენეს, ან გამოიყენეს კიდეც, მაგრამ გონება ისე მქონდა არეული, რომ არ დამამახსოვრდა, მოკლედ ამას ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან არც კი მახსოვს ბოლოს როდის გავათენე ღამე.
ნაწერს აშკარად ეტყობა, რომ ის ღამის 3 საათზე არ არის დაწერილი, ვინაიდან მტკნარ სიცრუეს შეიცავს წინა აბზაცის ბოლო წინადადება, კარგად მახსოვს როდის გავათენე ღამე, თუმცა ვინაიდან მაშინ არავისთან მისაუბრია და მხოლოდ სკამზე ჩამომჯდარი წიგნის კითხვით შევიქცევდი თავს, ამიტომ ამას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მივანიჭე.
შემდეგ დრო გავიდა და აწ უკვე მრავალჯერ აღნიშნულმა საათმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა, ახლა კი ის უბრალოდ მორიგი დროა 24 საათის განმავლობაში.
ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო და არაფრის მთქმელ მოვლენებს შეუძლიათ ხოლმე ჩვენში სადღაც დამარხული დადებითი განწყობის გაღვიძება. საკმაოდ საზიზღარი და დამღლელი დღის შემდეგ, დეპრესიულ და დაშრეტილ განწყობაზე ვიჯექი ტაქსში, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჯერ კიდევ შეეძლო რამეს ჩემი განწყობის უკეთესობისკენ შეცვლა. ვუსმენდი, გადამცემით როგორ საუბრობდნენ მძღოლები, შემდეგ კი ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე უსურვეს, სათითაოდ ყველა გამოდიოდა ხაზზე და კეთილი სურვილებით ემშვიდობებოდა დასასვენებლად წასულ მძღოლს, არ ვიცი რატომ, თუმცა გულწრფელი პოზიტივი ვიგრძენი მათ ხმაში, ჰოდა განწყობაც სრულიად მოულოდნელად შემეცვალა.
განრისხებული და საყოველთაო ჟლეტის სურვილით შეპყრობილი წერილობითი მიმართვის შემდეგ, სიძულვილისა და წმინდა წყლის ზიზღის შეგრძნება ნელ-ნელა სადღაც ქრებოდა და დამღლელი სიმშვიდე მეპარებოდა, ვიცოდი, რომ ყელში მოწოლილი სიბრაზე ძალიან მალე გაივლიდა და ყოველი სიტყვა, რომელიც უშრეტ სიძულვილს გამოხატავდა გარშემომყოფთა მიმართ საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი დისკმფორტის და შეუთავსებლობის გრძნობით შეიცვლებოდა, თუმცა საკუთარ თავს მედგრად ვუმეორებდი, რომ ყველას გვქონდა უფლება თუნდაც სულ რამდენიმე წუთით დაგვეკარგა კონტროლი და გვეთქვა ის რაც შემდგომში ისევ ჩვენთვის გახდებოდა სასჯელი.
სახლში მისულს, რატომღაც ზედმეტად ფილოსოფიური აზრები მაწუხებდა და განუწყვეტლივ ვფიქრობდი იმაზე თუ რაოდენ ეგოისტი ვიყავი, ყველა ქმედება, რომელიც საპირისპიროს დამტკიცების საშუალებას მაძლევდა კიდევ უფრო ამტკიცებდა იმ იდეას, რომ უკიდეგანოდ ეგოისტი ვარ. სხვების დახმარების სურვილიც მხოლოდ იმიტომ მიჩნდება, რომ ვიგრძნო საკუთარი ქმედებით გამოწვეული კმაყოფილება, შემდეგ კი ვთქვა, რომ მე არც თუ ისე ცუდი ადამიანი ვარ.
Advertisements

5 thoughts on “მორიგი მონოლოგი

  1. რატომღაც ბოლო აბზაცის არ მჯერა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში და მეორეც, შენ რომ მაგას ფიქრობდი და ამბობდი, მაგ დროს ღამის სამი საათი არ იქნებოდა ჯერ 😉

    კარგად უთქვამ შენს დირექტორს, მგონი მართლა ასეა… გარდა ამისა, დავაკვირდი, რომ სამი საათის მერე უფრო კარგად ”მეწერინება”, ანუ ნაწერი გულწრფელიცაა, თან გულიდან მოდის და ზუსტად ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდოდა… არა, უნდა დავიწყო ღამეების გათენება 😉

    Like

    1. კი, ნამდვილად ასეა ყოველთვის განსხვავდება დღის და ღამის ჩანაწერები ერთმანეთისგან, თუმცა ამას გულწრფელობას ვერ დავარქმევ ეს მე გონების არევას უფრო მაგონებს, ისევე როგორც სიმთვრალე, არ ვეთანხმები აზრს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანები იმას ამბობენ რასაც ფიქრობენ, პირიქით ამ დროს რაციონალური განსჯის უნარი მკვეთრად დაქვეითებულია და კონტროლის მექანიზმის სრული მოშლა ხდება, ამ დროს კი ყველა ის სისულელე რასაც ადამიანი წერს ან ამბობს სავსებით არ შეეფერება სინამდვილეს, თუმცა დროებითი გონების დაბნელებით შესაძლოა საკმაოდ საინტერესოდ დაინახო მოვლენები და აღწერო ისინი 🙂
      მეც მაინტერესებს, როგორი იქნება ჩანაწერი ღამის სამ საათზე, თუმცა ვერაფრით მოვახერხებ ამ დრომდე გავძლო და არ დავიძინო 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s