სუსხიანი დღეების შემდეგ


დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც თავი დავაღწიე ქალაქს სადაც ერთფეროვნება, ვალდებულებები და დაღლილობა არ მაძლევდა შესაძლებლობას თავი ბედნიერად მეგრძნო.
დიდი ხანია რაც ტელეფონის ზარი აღარ გამიგია, არ დავმჯდარვარ კომპიუტერთან, არ წამიკითხავს არავითარი სიახლე, არავის მოვუკითხივარ.
დიდი ხანი გავიდა რაც გადავწყვიტე დროა საკუთარ არაფრის მთქმელ არსებობას ხაზი გადავუსვა და ყველაფერი თავიდან დავიწყო მეთქი.
ვიცოდი, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით შეცვლა სიახლისგან გამოწვეული ბედნიერების შეგრძნების მომტანი იქნებოდა, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ცხოვრების თავიდან დაწყება, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ მაშინ დგება ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ის ბედავს გააკეთოს მხოლოდ ის რაც სურს.
ვიცოდი, საკუთარ თავს უზადოდ ვიცნობდი და კარგად ვიცოდი, რომ ტკბობა სწორედ მაშინ დამთავრდებოდა, როდესაც კარგად ყოფნისთვის მიღებული ყველა ზომა ვალდებულება გახდებოდა, თუმცა მაინც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ საკუთარი ახირებების, სურვილების განუხილველად ასრულება არასოდეს გახდებოდა მობეზრების საგანი, ამას არასოდეს დაერქმეოდა ვალდებულება.
ხშირ შემთხვევაში ის რაც ყველაზე მეტად გვსურს სასჯელი ხდება ხოლმე, შეუძლებელია მუდმივად ის აკეთო რაც გინდა, რაც უბრალოდ გაგიელვებს თავში, არასოდეს უთხრა საკუთარ თავს უარი, ეს ცხოვრების წესად აქციო და ამას ვალდებულება, მოვალეობა არ დაარქვა.
აგერ უკვე მერამდენე დღე გადიოდა რაც ვცდილობდი კარგად გამომეძინა, თუმცა აკვიატებული აზრები, მსჯელობა საკუთარ თავთან, ის შეგრძნება, რომ ადრე ადგომა აღარ წარმოადგენდა სავალდებულო ქმედებას, რომ მაღვიძარა აღარ დარეკავდა, მოსვენებას არ მაძლევდა და როგორც კი დღის სინათლე შემოიპარებოდა ხოლმე ოთახში მაშინვე ვახელდი თვალს, შემდეგ კი იწყებოდა მტანჯველი ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ბოლოს კი ვაღიარებდი დამარცხებას და ვეგუებოდი აზრს, რომ მე და დილის ტკბილი ძილი ვერასოდეს გავუგებდით ერთმანეთს.
ყურში გამუდმებით მესმოდა ტელეფონის ზარის ხმა, რომელიც დაჟინებით რეკდა, მეჩვენებოდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოვტოვე, ვფიქრობდი იმაზე რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად მინდოდა, სიმშვიდის განცდა ისევ აუხდენელ ოცნებად რჩებოდა, ისევ წარსულში დარჩენილი ვალდებულებებით ვცხოვრობდი.
საშინელი მოუთმენლობის შეგრძნება მეუფლებოდა მაშინ როდესაც ვფიქრობდი წიგნებზე რომელთა ყიდვაც რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ მინდოდა, ახლა კი მქონდა საშუალება ეს სრუვილიც განხორციელებადი გამეხადა, თუმცა მაშინვე ვგრძნობდი, რომ წიგნებს ყიდვის შემდეგ მხოლოდ თაროზე საგულდაგულოდ გამოყოფილი ადგილის დამშვენება მოუწევდათ, რომ რელობად ქცეულ ოცნებას ის ელფერი დაეკარგებოდა რაც აქამდე ქონდა და ისევ ვალდებულების შეგრძნებით გაწვალებული მათი შემხედვარე მხოლოდ გაღიზიანებას ვიგრძნობდი და მეტს არაფერს.
საბოლოოდ ვხვდებოდი იმას, რომ მე მოვლენებით ტკბობა მხოლოდ წარმოსახვაში შემეძლო, მხოლოდ მოლოდინის, დაგეგმვის და განხორციელების პერიოდით შემეძლო სიამოვნების მიღება, მიღწული მიზნები კი ყოველგვარ მიმზიდველობას კარგავდნენ და წამიერად ბარდებოდნენ გაუფერულებულ წარსულს.
ისევ გაზაფხულის სასიამოვნო შეგრძნება დაჰკარვდა ამინდს. ზამთარი აშკარად შეუმდგარი იყო, თუმცა ეს აღარ მაღელვდებდა, პირიქით მიხაროდა კიდეც, საკმაოდ ახალგაზრდულ ასკაში შუა ხნის ადამიანისთვის დამახასიათებელი სენი მქონდა აკიდებული, უგემოვნო ქოთნებში ჩარგული ყვავილებისა და მცენარეების კოლექციას ვაგროვებდი მთელი მონდომებით, ჰოდა მიხაროდა მზიანი და თბილი ამინდები მათთვის მხოლოდ ხელის შემწყობი იქნება მეთქი.
სრულიად აუხსნელი და ყოველგვარ მიზეზს მოკლებული დადებითი და თბილი განწყობა მეპარებოდა, სიხარულსაც კი ვგრძნობდი მომენტებში, თუმცა ამის მიზეზს ვერაფრით ვხვდებოდი. ალბათ ამინდიც თამაშობდა თავის როლს, თუმცა ეს მხოლოდ ამით არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული. დილიდან ერთი მეორის მიყოლებით სასიამოვნო, თუმცა სრულიად უმნიშვნელო მოგონებები ტივტივდებოდა მეხსიერებაში. მახსენდებოდა, როგორ განვიცდიდი საჩვენებელ თითზე დაუპატიჟებლად მეჭეჭი, რომ გამომდიოდა, როგორი დაჟინებით ვცდილობდი გამეხსენებინა ღამე, როდესაც ცაზე ვარსკვლავებს ვითვლიდი (თუმცა უშედეგოდ, მსგავსი ვერაფერი გავიხსენე), შემდეგ მეზობლის მითითებისამებრ სასწაული მონდომებითა და მისტიურობის შეგრძნებით როგორ მოვიპარე კარტოფილის ქერქი, როგორ ჩავედი ეზოში, როგორ ვიყურებოდი გამუდმებით უკან, რომ არავის დავენახე (იფიქრებდით ნამდვილად არაა კარგ საქმეზე გამოსულიო), როგორ მივედი ერთ-ერთ არაფრით გამორჩეულ ხესთან, საზეიმოდ გამოწყობილმა შეთქმულის სახით როგორ გავთხარე მიწა და შიგნით ეს ქერქი ჩავმარხე, თან რაღაცას ვბუტბუტებდი, თუმცა ვერაფრით ვიხსენებდი რას. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ ამან იმოქმედა და მეჭეჭიც მალევე უკვალოდ გაუჩინარდა, ან იქნებ ესეც პლაცებოს ეფექტი იყო, დღემდე ვერაფრით გამეგო, თუმცა გამიხარდა, რომ ჯერ კიდევ შემეძლო არაფრისმთქმელი, უმნიშვნელო მოგონებებით ტკბობა განმეცადა.
მრავალი დღე გადიოდა მას შემდეგ რაც ყველაფრის დასავიწყებლად თავი დავაღწიე იმ დროისათვის ჩვეულ ყოველდღიურობას, მრავალი დღე გადიოდა მას შემდეგ რაც ვფიქრობდი, რომ ეს უდაოდ იქნებოდა კმაყოფილებისა და თუნდაც მცირედი ბედნიერების მომტანი, მრავალი დღე გადიოდა მას შემდეგ რაც ჩამოფარებულ ფარდებში ვიჯექი და ყოველგვარი კავშირი მქონდა გაწყვეტილი ერთფეროვან ვალდებულებებით აღსავსე ცხოვრებასთან, მრავალი დღე გადიოდა და ყოველ დღე ვრწმუნდებოდი, რომ წარსულისგან თავის დაღწევას ვერაფრით შევძლებდი, თუმცა ეს დღე სხვებისგან სრულიად გამორჩეული იყო, მოულოდნელად, გაუფრთხილებლად მეპარებოდა აუხსნელი ოპტიმიზმისა და სიმშვიდის, ბედნიერი სიმშვიდის შეგრძნება.
თითქოს ვიდექი შუაგულ მზეზე და უდარდელად ვუბერავდი სულს ბაბუაწვერას.

 

Advertisements

5 thoughts on “სუსხიანი დღეების შემდეგ

  1. shenma postmma gamaxsena es leqsi…
    თავი დავახწიე,-
    სიყვარულისგან ვარ თავისუფალი!
    ახლა შემიძლია სახლში დავპატიჟო
    მხოლოდ და მხოლოდ საჭირო სტუმარი…
    გამოვჯანმრთელდი, აღარ ვარ ავად,
    ახლა გულგრილად უნდა ვუცქირო
    ნაცნობთა ვარამს,
    ანუ სიყვარულზე გამეცინოს და
    ჩავაგდო არად…
    წაჩხუბებული მეზობლის ბავშვები
    ვეღარ შევამჩნიო,
    ანუ ერთმანეთს აღარ შევარიგო:
    ასე ნათქვამი ისედაც გავიგო,
    მხოლოდ დაბარებული ამბავი წავიღო:
    მუდამ მოვიგო, არარა წავაგო-
    მხოლოდ საკუთარი კედელი ავაგო…
    სადილს არ ვუყო ზედმეტი მარილი,
    გამიჩნდეს მხოლოდ საჭირო წადილი…
    აღარც ჩემს გამო ეჭვი და ჭორები,
    აღარც მაგ თვალების ჭიაკოკონები,
    აღარც ცოდვების სიმძიმე ულევი
    ღალატით, ანუ დიდი ერთგულებით:
    აღარც მუხლის მოყრა ლოცვით და ვედრებით,
    აღარც თვალთაგან ცხელი შადრევნები…
    ვარ არც უბედური, არც ბედნიერი,
    ანუ-ზომიერი,სწორედ ისეთი, მოკეთე რომ მირჩევს
    გულისხმიერი,
    აღარ აღმომხდება ბგერა უნებლიე
    მკერდისმიერი,
    აღარც ნეტარება ყურში ჩურჩულითა,
    ხმით მშვენიერიტ,
    ავწონ-დავწონი ყველა სათქმელს
    და არასათქმელს,
    ნაცნობ-უცნობის დახარისხებით
    დავიღლი ტვინს და დავატყვევებ
    საკუთარ აზრებს…
    სიყვარულის დავიდარაბას-
    ფერად სიზმრებს და ფერად სურვილებს
    ერთად მოვუყრი თავს, ჟანგისფერ ბორკილს დავადებ,
    ოდნავღა ფეთქავს საიდუმლო ჩემი სევდისა
    და ნასუფრალზე ჩემი გულუხვი სიყვარულისა
    ჯერაც ბალახობს..გამოვჯანმრთელდი!
    მომისამძიმრეთ…
    იქნებ ახლა ვგავარ ავადმყოფს.! (მზია ხეთაგური)

    Like

  2. ბოლო აბზაცისთვის ღირდა ყველაფერი მე ვფიქრობ 😉 გადაწყვეტილებაც მშვენიერია…

    და მაინც, კი ხარ მართალი რომ ამბობ – ”ხშირ შემთხვევაში ის რაც ყველაზე მეტად გვსურს სასჯელი ხდება ხოლმე, შეუძლებელია მუდმივად ის აკეთო რაც გინდა, რაც უბრალოდ გაგიელვებს თავში, არასოდეს უთხრა საკუთარ თავს უარი, ეს ცხოვრების წესად აქციო და ამას ვალდებულება, მოვალეობა არ დაარქვა.” მაგრამ მიუხედავად ამისა, კაია რომ რაღაც-რაღაცეებისაგან დასვენების საშუალება გაქვს და არ უნდა გამოტოვო ეს შანსი მგონი და ასე არ ჩაუღრმავდე სიტუაციას 🙂 (მე რომ ვამბობ ამას, სასაცილოა, მარა ”სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო” და :-D)

    Like

    1. ჰოო, ეს პოსტი ორი დღის განმავლობაში იწერებოდა, სრულიად განსხვავებულ განწყობაზე ვიყავი ორივე დღეს. მგონი მოვიდა ნანატრი ოპტიმიზმი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჭეშმარიტად საზიზღარი დღე იყო.
      თუმცა, მართლაც რომ ხშირად ყველა ახდენილი ოცნება სასჯელი ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში 🙂

      Like

  3. ამ ოპტიმიზმში მაინც გაურიე ბოლოს ხო? მარტო შენს ცხოვრებაში არ ხდება ასე, უბრალოდ ხანდახან სხვა თვალით უნდა შევხედოთ მოვლენებს. ზუსტად ამიტომ ჩავერთე იმ თეგ-თამაშში და ცოტა მოგვიანებით დავწერ შედეგებს 😉 იქ ვიტყვი სათქმელს 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s