ფერადად


მაშინ როდესაც მუსიკა თავისუფლად განაგრძობს დაკვრას და ვტკბები მოულოდნელად დამდგარი ბედნიერების შეგრძნებით, მაშინ როდესაც ტელეფონი არ რეკავს და პრობლემებსაც დავავიწყდი, მაშინ როდესაც ვგრძნობ, რომ ჩემში დიდი ხნის წინ ჩაბუდებული აგრესია სადღაც უკვალოდ გაუჩინარდა და აღარც ბრაზი მახრჩობს, მაშინ როდესაც ვხვდები, რომ ირგვლივ ჩამოწოლილი ნაცრისფერი ბედნიერი ფერებით შეიცვალა, მაშინ როდესაც მუსიკას უდარდელად ვაყოლებ ფეხს და უმიზეზოდ მეღიმება, ვფიქრობ იმაზე თუ როგორ დავბრუნდე იქ სადაც ვიყავი, დავბრუნდე იქ სადაც ყოფნა მაიძულებდა ჩემი ყველა აზრი ღირებული ყოფილიყო, დავბრუნდე იქ სადაც არსაიდან გაჩენილი ზიზღი იყო საფუძველი მქონოდა შექმნის უნარი, იქ სადაც შემეძლო მეფიქრა იმაზე თუ როგორ უხდებოდა ჩემში კარგად გამჯდარ დამპალ შეგრძნებას ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
დანანებით ვფიქრობ იმაზე თუ როგორ მომედო სახეზე ღიმილი, იმაზე თუ როგორ შევძელი ერთ დღეს ავმდგარიყავი და მეთქვა, რომ არ მაქვს უბედურების საფუძველი, დანანებით ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი განწყობა შინაგან ხრწნას აღარ გავს, იმაზე, რომ მხიარულ სიმღერებზე სისხლი ძველებურად მიდუღდება, იმაზე რომ წარსულის დამპალი მოგონებებიც კი მხოლოდ სიცილის საფუძველი გახდა.
მინდა თუნდაც რამდენიმე წუთით შევძლო აუღელვებლად ვუყურო კედელს, ვიფიქრო საკუთარ არარაობაზე, იმაზე, რომ დაღლილობის შეგრძნებამ თავისი გაიტანა, იმაზე, რომ შექმნილ სიტუაციას არაფერი ეშველება, იმაზე, რომ მე ისევ ის ადამიანი ვარ, ადამიანი, რომელიც უძილობით იტანჯება, ადამიანი, რომელიც ყოველ დილით ირგვლივ მხოლოდ ნაცრისფერს ხედავს, ადამიანი, რომელსაც დაუსრულებლად შეუძლია იფიქროს ამაოებაზე.
მე აღარ ვიცნობ ადამიანს, რომელიც წერდა:
დილით ძალიან დაზაფრულმა გავიღვიძე, მთელი ღამის განმავლობაში ვებრძოდი შემოჩენილ შიშის შეგრძნებას, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოვიდა, უბრალოდ ძილშიც კი ვგრძნობდი, როგორი შეშინებული ვიყავი, როგორ მეპარებოდა ის დამპალი შეგრძნება, რომელიც ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად მშხამავს, შეგრძნება, რომელიც არ ვიცი საიდან ჩნდება, შეგრძნება, რომელიც მისისინებს აუღელვებლად, მეუბნება, რომ არაფერს ვაკეთებ ისე როგორც უნდა ვაკეთებდე, რომ საკუთარი თავისთვის მიცემულ ყველა პირობას ერთი ხელის მოსმით ვანადგურებ, რომ თავის მოტყუება უკვე ერთფეროვან ყოველდღიურობად მექცა, მისისინებს, რომ ამ დაღლილობას აღარაფერი ეშველება, რომ ყველა მცდელობა აზრს მოკლებულია.
დასვენებაც არ მინდა, საკუთარ თავთან უსაქმოდ დარჩენის იდეაც ძალიან მაშინებს, ვცდილობ როგორმე თავი ავარიდო დიალოგს, მინდა ისევ ძველებურად მეძინოს, აუღელვებლად მეძინოს, არაფერზე ვფიქრობდე, არაფერი მაწუხებდეს, ვფიქრობდე, რომ ვიმსახურებ ძილს, დასვენებას, ვინაიდან ძალიან დავიღალე, მინდა, მჯეროდეს რომ მე ჯერ კიდევ შემიძლია ავდგე და გავაკეთო ის რაც მევალება, ის რასაც საკუთარი თავისგან მოვითხოვ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია საერთო ენა გამოვნახო იმ ადამიანთან რომელიც ვიყავი, როგორმე შემოვირიგო და დავარწმუნო, რომ დროა დაბრუნდეს.
და მაინც მუსიკა თავისუფლად განაგრძობს დაკვრას და ვტკბები მოულოდნელად დამდგარი ბედნიერების შეგრძნებით.
 


Advertisements

კრიზისი


დაძაბულობა.
გაშეშებული ვზივარ სკამზე, და გაშტერებული თვალებით დავყურებ მაგიდას, ვაკვირდები ხელებზე როგორ მებერება ძარღვები და როგორ იწყებს გული ფეთქვას, თითქოს რაღაც გასკდა, აფეთქდა და მოედო ყველაფერს, ვგრძნობ როგორ ვფითრდები.
გარეთ ნისლია, წვიმის ხმა შემოდის ოთახში და მუსიკის ჩართვის სურვილს საბოლოოდ კლავს. ისევ კარგად მივიწყებული იდეები ცოცხლდება, იდეები, რომლებიც თავის დროზე რაციონალურმა განსჯის უნარმა სანაგვეზე მოისროლა. თავიდან იწყებენ თავში ტივტივს და დაჟინებით ითხოვენ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას. საათიც თითქოს ერთ ადგილზეა გაყინული, თუმცა წუთები დადგენილი გრაფიკის მიხედვით იცვლება, გულში წამებს ვითვლი, ჩუმად ვიმეორებ ერთი, ორი, სამი და ასე დაუსრულებლად, ვცდილობ დროის მიმდინარეობა შევიგრძნო, გავაცნობიერო როგორ იქცევიან წამები წუთებად და წუთები საათებად, ხელებს დავყურებ და წარმოვიდგენ, როგორ მეცლება ქვიშა თითებიდან, ნელი მოძრაობით, როგორ იყრება ძირს, როგორ გადის დრო, როგორ ვუბრუნდები იმას საიდან თავის დაღწევასაც ვცდილობდი.
წვიმამაც გადაიღო, გარეთ სრული სიჩუმეა, თითქოს ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, ყველა აზრი, რომელიც თავში მომდის მგონია, რომ მოპარულია, ბანალურია, უკვე გავლილი და ძველია. ყველა იდეა, რომელიც აღტაცებას იწვევს, რამდენიმე წამში კარგავს პირვანდელ მომხიბვლელობას და მაშინვე ნაცრისფერი და არაფრით გამორჩეული ხდება, ყველაფერი ფერმკრთალდება. ვგრძნობ, რომ ჩემი იდეები, ჩემი აზრები უკვე სადღაც მაქვს მოსმენილი, ვიღაცის მიერ უკვე არა ერთხელ გაჟღერდა, რომ ვიღაცამ უკვე იფიქრა ამაზე, თქვა ან არც თქვა იმიტომ, რომ არ ჩათვალა საკმარისად მიმზიდველად. სიტყვათა წყობაც მეორდება.
აღმოჩენების გაკეთების უნარიც დროთა განმავლობაში დაქვეითდა, ვეღარაფერს ამჩნევს, არაფერი ესმის, სადღაც კუთხეშია მიმწყვდეული და კედელს ეყუდება, ჩუმად ზის და ფიქრობს საკუთარ უმაქნისობაზე, იმაზე, რომ დროთა განმავლობაში იმათ რიცხვში მოხვდა, რომლებიც უფუნქციოდ განისვენებენ ტვინის ნაგავსაყრელზე, სადაც სიბნელეში ზიან და ფიქრობენ საკუთარ არარაობაზე.
სიკვდილი, საკმაოდ ვრცელი ცნებაა, გულის გაჩერება, ტვინის სიკვდილი, ფიზიოლოგიური გარდაცვალება, სრული დაშრეტვა და გამოფიტვა. მაშინ როდესაც ყველაფერი კარგავს ფუნქციას, თითოეული სიტყვა უკვე სიძველისგან გახუნებულია, თითოეული აზრი უმაქნისი, თითოეული იდეა მოძველებული.

203 სიტყვით


თავისუფალი მოძრაობით მოვკალათდი სავარძელში და გაყინული მზერით დავიწყე კედლების თვალიერება, რამდენიმე ლაქა შევნიშნე და ვიფიქირე, რომ იდეალური არაფერია, მაშინვე მიქელანჯელოს ქმნილება გამახსენდა და ჩავთვალე, რომ დასკვნების გაკეთებას ვჩქარობდი.
კარები გაიღო და სიგარეტის ნაზი ქაჩვით, ნაცრისფერ ქურთუკში გამოწყობილი ქალი შემობრძანდა ოთახში, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა, მე კი ისე, რომ მუსიკა არ გამომირთავს, გავუღიმე და ვუთხარი, რომ არ მეცალა. ხელი ამიწია დამშვიდობების ნიშნად და ისეთივე სიმსუბუქით გავიდა ოთახიდან, როგორც შემოვიდა.
მაგიდაზე სიგარეტის ფერფლი შევნიშნე, ზიზღნარევი სახით შევუბერე სული და ახალ ღერს მოვუკიდე.
მუსიკა უკრავდა თავისთვის, და მივიწყებული შეგრძნებები მოქონდა, ის შეგრძნებები, რომელთა გახუნების შიშითაც ამ მელოდიებს იშვიათად ვუსმენდი, ყოველი მოსმენისას შიშით ვდუმდებოდი და ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ ასოციაიციების გაცოცხლების ძალა ჯერ კიდევ შესწევდა თითოეულ მათგანს, შემდეგ კი კმაყოფილი სახით ვეშვებოდი სავარძელში და გაშტერებული მზერით ვცდილობდი ყველაფერი ფილმივით მენახა და თავიდან მეგრძნო.
ოთახი ოდნავ განათებული იყო, ფარდები როგორც ყოველთვის საგულდაგულოდ მქონდა ჩამოფარებული და ფეხშიშველი, თავისუფლების შეგრძნებით ვცემდი ბოლთას, მომენტებში კი მელოდიას ვაყოლებდი ნაბიჯებს და მაშინვე სიგარეტის ძებნას ვიწყებდი.
ცხელოდა, აგვისტოსთვის დამახასიათებელი სიცხე იყო, მარტო ყოფნის დარჩენილ დღეებს ვითვლიდი და ვცდილობდი, რომ თითოეული ღვინის ყლუპის საშუალებით მომეკლა შემოჩენილი ფსიქიური აშლილობის შიში.
ვიცოდი, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საამურ მოგონებას ვქმნიდი, რომ თითოეული თვალის დახამხამება, ამოსუნთქვა, ნაბიჯი იყო იმ წარსულის აწმყო, რომელიც სულ რამდენიმე საათში თავდავიწყებით შემიყვარდებოდა.

ჩვეულებრივი ადამიანი


ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, უხაროდა ის რაც ზოგადად უხარია ყველას, წყინდა ის რაც ზოგადად მწუხარებას იწვევს ადამიანში, ბედნიერების შეგრძნებას მის ცხოვრებაშიც საკმაოდ მცირე ვადა ქონდა, ოცნებობდა იმაზე, რაზეც ოცნებობენ ადამიანები, უყვარდა ჩუმად ჯდომა, ვინაიდან უაზრო საუბრებში ჩართვის ნიჭს დაბადებიდან იყო მოკლებული, ვერ იტანდა გამარჯობის თქმას, თუმცა ყოველთვის ამბობდა და ამის გამო ზრდილ ახალგაზრდასაც ეძახდნენ, იყო კეთილგანწყობილი, თუმცა ხშირად ფეთქებადი.
მისი ცხოვრება ჩვეულებრივ მდორედ მიმდინარეობდა, ზამთრის ღრუბლიანი ამინდების გადამკიდე წუწუნებდა, რომ მზეს ვერ ხედავდა.
დილაობით ყავასაც სვამდა და ქიშმიშიან ხაჭოსაც მიირთმევდა.
წერილებსაც წერდა და ზოგჯერ აგზავნიდა კიდეც.
პატარა ოთახში ცხოვრობდა, კედლები სხვადასხვა ფერში ქონდა შეღებილი და მაგიდასთან დიდი ხნის ვადა გასული კალენდარი ეკიდა, კარებზე იმ სიგარეტის სარეკლამო ბუკლეტი ქონდა გამოფენილი, რომელიც არასოდეს მოეწია.
ფეხსაცმელებთან ერთად ღვინის ბოთლს ინახავდა.ტანსაცმელთან ღვინის ჭიქას.
მუდმივად საკუთარი თავის შიშით ცხოვრობდა, ეშინოდა წარუმატებლობის და ამიტომ ხშირდა გამოჩენილ შანსზეც უარს ამბობდა.
კიდევ უფრო მეტად ეშინოდა წარმატების, საკუთარი წარმატების.
ყველა დადებითი მოვლენის სასჯელად ქცევა შესაშური ოსტატობით შეეძლო. თუ გამარჯობას არ ეუბნებოდნენ ნერვიულობდა იმაზე, თუ რამ განაპირობა ეს, თუ ეუბნებოდნენ, იმაზე იწყებდა ნერვიულობას რით დაიმსახურა ეს ჟესტი, თუ განსაკუთრებული კეთილგანწყობით ეუბნებოდნენ, კიდევ უფრო მეტად დარდობდა ამ საკითხზე.
ვერ იტანდა, როდესაც აქებდნენ, ფიქრობდა, რომ ამით მხოლოდ იმის მიღწევას ცდილობდნენ, რომ მისგანაც იგივე პასუხი მიეღოთ, ამიტომ ისევ ნაკისრი ვალდებულებით გამოწვეული დათრგუნვის შეგრძნება უჩნდებოდა ხოლმე.
თუ ხვდებოდა, რომ მის მიმართ განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიდნენ, ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად დაედგინა მიზეზი და გამოესწორებინა ეს.
ყველაზე მეტად გულგრილი ადამიანები უყვარდა, ადამიანები, რომლებიც უემოციო სახით აუვლიდნენ გვერდს, რომლებიც უმეტყველო თვალებით შეხედავდნენ, რომლებიც არასოდეს გამოთქვამდნენ სურვილს ესაუბრათ მასთან, რომლებსაც არც ძულდათ და არც უყვარდათ, რომლებისთვისაც სულ ერთი იყო მან წარმატებას მიაღწია, თუ ჩაფლავდა.
უცნობი ადამიანები უყვარდა, ისინი ვინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მის არსებობაზე წარმოდგენაც არ ქონდათ, ჩვეულებრივი ადამიანები, ისინი ვინც ბედუინების ფორმაში გამოწყობილნი უდაბნოს ფონზე ერთმანეთს ესალმებოდნენ, ისინი ვინც აივანზე გამოსულნი ზღვის ხედით ტკბობის მომენტში სასიამოვნოდ იზმორებოდნენ, ისინი ვინც დგებოდნენ და სამსახურში მიდიოდნენ, ისინი ვინც სახლში ბრუნდებოდნენ, ისინი ვინც იძინებდნენ და იღვიძებდნენ, ისინი ვინც მასავით ვერ იტანდნენ მაღვიძარას, ისინი ვინც ზაფხულზე ოცნებობდნენ და ისინიც ვისაც თოვლი არასდროს ენახა.
ვერ იტანდა იდეალურ ადამიანებს, მათ ვისი ადგილიც მუზეუმში იყო. იდეალები, რომელთა მიხვრა-მოხვრაც კი ხაზს უსვამდა მათ უნაკლობას. ადამიანებს, რომლებიც მასში მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევდნენ. ადამიანებს, რომლებზეც გამუდმებით ფიქრობდა.
ყველაზე მეტად ეშინოდა საკუთარი თავის, იმის, რომ ერთ დღესაც მას მისივე ჩრდილში მოუწევდა ცხოვრება, რომ ერთ დღესაც მისაღწევი აღარაფერი იქნებოდა, რომ წარმატების შემდეგ ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდებოდა, რომ ყოველი მიზნის მიღწევა მას ვალდებულებებს მატებდა, რომ შეცდომების დაშვების უფლება დროთა განმავლობაში საერთოდ აღარ ექნებოდა, რომ მასაც ისევე, როგორც ყველას აუცილებლად მოუწევდა ზენიტიდან მიწაზე დაშვება.
ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო.

ფიქრების მცირე წრე


მაშინ, როდესაც მთელი ქალაქის დასაქმებული საზოგადოება მადიანად ილუკმებოდა და ეტაპობრივად საათიკენ აპარებდა თვალს, მე მარტო ვიჯექი ოთახში და ვფიქრობდი ქათმებზე. არა, განსაკუთრებული კი არაფერი ხდებოდა მათ თავს, ან კი რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ თვალში გვარი ქათამაძე მომხვდა და მეც უნებურად ფიქრით მათთან წავედი. მაშინვე თეთრი დედალი დამიდგა თვალწინ, არ ვიცი ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ თეთრი დედლები მრავლად მყავს ნანახი, ხოლო შავებზე მხოლოდ ანდაზაში თუ ჭკუის დასარიგებელ გამოთქმაში მსენია რამე.
ოთახის მიმდებარე ტერიოტორიაზე უცხო სილუეტს მოვკარი თვალი, შავებში ჩაცმული, საშუალო სიმაღლისა და ასაკის მელოტი მამაკაცი იყო, საკმაოდ წვრილი თვალებით, კი გამიკვრიდა ჩემი მხედველობის პატრონმა ამდენის გარჩევა როგორ შევძელი მეთქი, თუმცა გადავწყვიტე, რომ ამაზე ზედმეტად ტვინის დაღლა არ ღირდა. უსიამოვნო გარეგნობა ქონდა, მთლად მეფისტოფელის როლის სათამაშოდ ვერ გამოდგებოდა, თუმცა მორიგი განკაცებული ხანში შესული დემონის პერსონაჟის განსახიერებას კი ალბათ შეძლებდა წარმატებით.
არც ამაზე მიფიქრია ბევრი, მალევე გაეცალა იქაურობას და არც განსაკუთრებული მუზა გაუღვიძებია ჩემში, ჰოდა ისევ ცარიელ ოთახს დავუბრუნდი.
მალევე ეს სიცარიელე გამაძღარი და შეღონებული გამომეტყველებით მოსიარულე ნაცრისფერ პალტოში ჩაცმულმა მამაკაცმა შეავსო, გამიხარდა მეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა არც ბევრი მინერვიულია.
თავში განუწყვეტლივ მიტრიალებდა სიტყვები, რომლებიც შექმნილ სიტუაციასთან და ერთმანეთთან არავითარ კავშვირში არ იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში დაჟინებით  ვცდილობდი მათ საუბარში გამოყენებას. ჩემდა სამწუხაროდ ან საბედნიეროდ (ვინ იცის შემდეგ ამ სიტყვების გამოყენების გამო რამდენი მავანი იხითხითებდა ზურგს უკან) ეს ვერ მოვახერხე. ან კი როგორ უნდა მომეხერხებინა ოფიციალურ საუბარში ისეთი სიტყვების გამოყენება როგორებიცაა ”ქორფა”, ”ჩარფუზანა” და ”ბუნჩალაობა” (ეს უკანასკნელი ჩემი მოგონილი მგონია, თუმცა თავს რა თქმა უნდა ვერ დავდებ და ნურც პლაგიატში დამადანაშაულებს ვინმე).
პარასკევი იყო, ვფიქრობდი, რომ დღეს ჭეშმარიტ ზეიმს მოაწყობდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს როგორც მუშათა ისე მსმელ კლასს მიაკუთვნებდნენ, ჰოდა ქალაქის ყველა ბარსა თუ კაფეში გამართავდნენ ჩარფუზანას და ქორფა ქალებთან ერთად იბუნჩალავებდნენ.
ოთახიც ნელ-ნელა შეიმოსა ნაირ-ნაირ ფერებში გამოწყობილი ადამიანებით, რომლებსაც ვერ გაეგოთ ცუდ ხასიათზე იყვნენ თუ მხოლოდ მსუბუქ დაღლილობას განიცდიდნენ.
ჩემი მუდმივად წრეზე სიარულის დაუშრეტელი სურვილი თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და ფიქრებით ისევ ქათმებისკენ მივყავდი.

8 წუთი


რამდენიმე წუთი რჩება, სულ რამდენიმე წუთი, ამოცანის შესასრულებლად. ფეხს ნერვიულად ვათამაშებ ისე რომ ვერც ვგრძნობ, მეზიზღება გუშინ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი მოთმინების უნარი, რომელმაც 24 საათიც კი ვერ გაძლო. გარშემომყოფების თანაგრძნობით სავსე მზერაც საშინელ გულის რევას იწვევს მხოლოდ, ნაძალადევი მადლობის თქმა, გამარჯობა და დამშვიდობება.
სულ რამდენიმე წამში შეუძლია ყველაფერს პირვანდელი მნიშვნელობის დაკარგვა და სრულ არარაობად ქცევა, მძულს ის, რომ ერთი გულახდილი პასუხის გაცემაც კი არ შემიძლია. ვერ ვიტან არაფრის მთქმელ მზერას, რომელსაც ჩემი მისამსრთით ისვრიან, ვერ ვიტან, რომ არ აწუხებთ ის, რომ სახეზე სრული სიცხადით მაქვს აღბეჭდილი საშინელი მოუთმენლობა, ვერ ვიტან, რომ თავს არ თვლიან ვალდებულად თუნდაც ძალიან ყალბი ვალდებულებითი თანაგრძნობა და მწუხარება გამოხატონ.
ვერავის ვერ ვიტან, პირველ რიგში კი საკუთარ თავს მეთქი ალბათ უნდა დამეწერა, თუმცა არც ეს იქნება სიმართლე, როგორ ძალიანაც არ უნდა უხდებოდეს ეს ფრაზა ახლა ამ ტექსტს.
დღეს ჩემი საყვარელი ნაცრისფერიც მეზიზღება, საშინელი საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი სიყვითლე დაჰკრავს აქაურობას, თვალებში რომ გაჭყიტავს და უეცრად, რომ ბნელდება ყველაფერი სიჭრელსგან. ვერ ვიტან იმის გაფიქრებას, რომ ისევ მომიწევს თავის ხელში აყვანა, რომ ისევ მომიწევს უმეტყველო მზერით თეთრი ჭერის ყურება, რომ ისევ მომიწევს კითხვაზე კარგად ვარ თუ არა მოჯღანულად გავიღიმო და ვთქვა კარგად მეთქი.
ვერ ვიტან, რომ არ მყოფნის ნერვები ვაკეთო ის რაც საჭიროა, ვერ ვიტან იმის ყურებას თუ როგორ მალე მეცლება დრო ხელიდან მაშინ როდესაც მინდა, რომ გაიწელოს, ვერ ვიტან იმას, თუ როგორ ნათლად ვგრძნობ ტკივილი როგორ ეხება ჩემს ნერვებს, ვერ ვიტან იმას, რომ არ მიხარია, როდესაც წამალი მოქმედებას იწყებს, ვერ ვიტან, როდესაც გამოხატავენ თანადგომას და კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან, როდესაც ამას არ აკეთებენ.
მძულს გვერდით უმაქნისად დადებული ტელეფონი, მძულს, რომ ჩუმადაა და თავს არავინ მახსენებს, კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან იმის წარმოდგენას, რომ მალე დარეკავს და ვალდებული ვიქნები ავდგე.
ვერ ვიტან, რომ საკუთარი თავისგან მოვითხოვ იმას რაც არ მინდა და არ შემიძლია, ვერ ვიტან, როდესაც ვირწმუნებ თავს ყველაფერი შესაძლებელია მეთქი, ვერ ვიტან, როდესაც ამ ფრაზის თქმისთანავე თავში აურაცხელი რაოდენობით იდეა მოდის იმის შესახებ თუ რა არ არის შესაძლებელი.
ვერ ვიტან, რომ მხიარულ ნოტაზე განწყობილს წერის სურვილი არასოდეს მიჩნდება, ვერ ვიტან, როდესაც ძალით ვკლავ ჩემში არაფრიდან გაჩენილ ოპტიმიზმს მისი დაკარგვის შიშით.

გამაყუჩებლის მიღებიდან 15 წუთის გასაყვანად დაწერილი პოსტი არაფერზე


მთელი ღამის განმავლობაში გაშტერებული ვუყურებდი ფანჯარას, ძალიან დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ირჟრაჟა, შენობებზე ალაგ-ალაგ მზის მოწითალო სხივები გამოჩნდა. საათისთვის არ შემიხედავს, ველოდი როდის დარეკავდა მაღვიძარა იმისთვის, რომ ნიშნის მოგებით მეთქვა დაგაგვიანდა დიდი ხანია მღვიძავს მეთქი.

ტკივილგამაყუჩებელი ახალი მიღებული მქონდა, დროის გასვლას ველოდებოდი და მიმიკის გასწორება მიჭირდა, ვოცნებობდი სიგარეტზე, თუმცა ადგომა არ შემეძლო, არც მინდოდა.
მციოდა, თუმცა ჰაერი რომელსაც ვსუნთქავდი ზემდეტად ცხელი იყო, ხელი ცხვირთან მქონდა მიტანილი, და ყოველი ამოსუნთქვისას კანი მეწვოდა.
ვგრძნობდი, როგორ იწყებოდა ახალი წრე, როგორ ვიდექი ისევ მრავალჯერ განვლილი გზის დასაწყისში, მუსიკა, რომელიც ყურში დაჟინებით ჩამყვიროდა პირველი მაცნე იყო იმის, რომ ყველაფერი იწყებოდა თავიდან.
კვირა თენდებოდა, არც კი ვიცი რატომ მქონდა მაღვიძარა დაყენებული, სად ვიყავი წასასვლელი, ნანატრი კვირა დღე თენდებოდა, თუმცა უსაქმურობისა და საკუთარ თავთან დარჩენის შიში იმდენად მზაფრავდა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი დამეძინა.
ყოველთვის ვოცნებობდი დავმჯდარიყავი პატარა კათოლიკური ეკლესიის სააღმსარებლოში და მეთქვა ყველაფერი რაც თავში მომივიდოდა. მეგონა, რომ ის ძალიან პატარა დაშორება შენსა და მღვდელს შორის ყველაფერს გაცილებით მარტივს გახდიდა, მეგონა რომ შევძლებდი თავისუფლად მესაუბრა, მეგონა, რომ არ მექნებოდა შეგრძნება, რომ ვიღაც მადგას თავზე და სულში მიძვრება, ვერ დავინახავდი, როგორ ეცვლება სახეზე გამომეტყველება, როდესაც რაღაც ისეთს ვეუბნები რაც მისთვის მიუღებელია, ვიჯდებოდი ჩემთვის მშვიდად, პატარა ფანჯარასთან და ვისაუბრებდი, ვიტყოდი ყველაფერს რისი თქმაც მინდოდა.
არადა აღსარების თქმა არასოდეს მდომებია, ბავშვობაშიც ამას მხოლოდ მოვალეობის გამო ვაკეთებდი ალბათ, ამ იდეაში მხოლოდ პატარ ხის სააღმსარებლოში დაჯდომა და თავისუფალი ლაყბობის სურვილი მიზიდავდა, ასე ვიცი ხოლმე სრულიად უაზრო იდეების ამოჩემება და შემდეგ მათზე ოცნებას ვიწყებ.

წავიდა


წავიდა. წუხელ ღრმად მეძინა და ისე გაიძურწა ვერაფერი გავიგე. წასვლის წინ ყველაფერი მიალაგა, თუმცა ნივთების ჩალაგება როდის მოასწრო არც კი ვიცი. გასაღები მაგიდაზე ჰქონდა დატოვებული, ალბათ ამით იმის თქმა უნდოდა, რომ აღარ დაბრუნდება. საფერფლეც დაუცლია, ნაგავიც კი გაუყოლებია, არადა ვფიქრობდი დილით, რომ ავდგები ჩემს დაჭმუჭნულ ხელნაწერებს ამოვიღებ ურნიდან იქნებ რაიმე ღირებულის პოვნა შევძლო მეთქი, ბოლომდე ვერ მოიშალა ეს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის სენი, მაინც ყველაფერი თავის გემოზე გადაალაგა და ისე წავიდა, რომ ერთი თუნდაც ძალიან მოკლე წერილიც კი არ დაუტოვებია, ფურცელზე ერთი ”ნახვამდის” ან ”მშვიდობით” დაწერას რაღა უნდოდა, მაგრამ არა, ამის დრო არ დარჩა, ზედმეტად იყო დაკავებული.
მთელი ღამე კოშმარები მტანჯავდა, ალბათ ვგრძნობდი კიდეც ან იქნებ სულაც რამე წამალი დამალევინა, არ მოერიდებოდა, ალბათ იფიქრა მშვიდად ჩავალაგებ და აუღელვებლად გავეცლები აქაურობასო. მეგონა, რომ ყუთში ვიწექი, ხის ყუთში, ვგრძნობდი, როგორ შავდებოდა და ლპებოდა კანი, როგორ ვიხრწნებოდი ნელ-ნელა, თუმცა არაფრის გაკეთება შემეძლო. მიუხედავად მთელი საზარლობისა შეშინებულს არ გამღვიძებია, ბოლომდე ვითმინე გახრწნისა და ლპობის საშინელება, ნამდვილად რაღაც ჩამიყარა ძილის წინ მორთმეულ ანანასის წვენში.
კლინიკაში ყოფნისას რამდენჯერმე დამირეკა როდის მოხვალო, ვუთხარი ვერ ვლაპარაკობ ახლა და მოგვიანებით დამირეკე მეთქი, თუმცა ვერაფრით გავაგებინე, ალბათ ამ დროსაც ნივთების მოგროვებით იყო დაკავებული და ეშინოდა შემთხვევით არ დავდგომოდი თავზე, მე კი გაშეშებული ავყურებდი ჭერს, ხელები მკვდარივით გულზე მქონდა დალაგებული და საკუთარ თავს დაჟინებით ჩავძახოდი ცოტაც მოითმინე მეთქი.
სახლში მისულს შემატყო, რომ დაღლილი და გაწამებული სახე მქონდა, მითხრა დღეს წერას არ აქვს აზრი წვენი დალიე და დაიძინე, იქნებ გამოძინებამ გიშველოს და დილით ახალი იდეებით გაგეღვიძოსო, დავეთანხმე, ვგრძნობდი, რომ ზედმეტად მზრუნველი იყო, თუმცა განსჯის უნარი მქონდა დაკარგული და ვიფიქრე ერთი დღე მაინც მივცემ თავს უფლებას უბრალოდ დავისვენო მეთქი.
ძილის წინ მაგიდაზე მიმოფანტულ ნაწერებს მაინც გადავავლე თვალი, ფრიად გავღიზიანდი ღირებული ვერაფერი, რომ ამოვიკითხე დავკუჭე და სანაგვეში გადავყარე დაუნანებლად, ვუსაყვედურე კიდეც, ძველებური შარმი და მომხიბვლელობა დაკარგე და მალე ჩემთან ერთად შენც უმაქნისი და ისტორიულ სანაგვეზე დაუნანებლად მოსროლილი აღმოჩნდები მეთქი, პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თბილად გამიღიმა და მითხრა, ტონს დაუწიე, ცუდად გახდებიო. არა უნდა მეფიქრა, რომ აშკარად ზედმეტად კეთილგანწყობილი იყო, ძველი საყვედურებიც არ ახსენდებოდა, უნდა მცოდნოდა, რომ ისიც, როგორც ყველა დანარჩენი ჩვეულებრივი საკუთარ თავზე შეყვარებული, მოღალატის პოტენციალით გაჯერებული ნაძირალა იყო.
ღვინო მოვიკითხე, რამდენიმე დღის წინ ბოთლში რომ ჩავტოვე სად წავიდა მეთქი, მითხრა ალბათ უკვე აღარ დაილევა, ნახევრად ცარიელ ჭურჭელში ღვინო ფუჭდება და დაძმარებული იქნებაო, ჩხუბის თავი აღარ მქონდა, მხოლოდ გავაფრთხილე არ გადააგდო მის გარეშე წერა არ შემიძლია მეთქი და დასაწოლად მომზადება დავიწყე.
დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტკბილად წამისისინა, იმდენ ღვინოს სვამ მე რაღაში გჭირდები არ მესმისო, ვუთხარი, რომ ზედმეტად დაღლილი ვიყავი ამაზე საკამათოდ და ვთხოვე დილამდე თავი დაენებებინა.
ცუდად ვექცეოდი ალბათ, თუმცა ის ყოველი დღის გასვლასთან ერთად კარგავდა პირვანდელ მომხიბვლელობას, აღარ აღძრავდა ძველებურ გრძნობებს, აღარც კალამი დადიოდა ფურცელზე საოცარი სისწრაფით და აღარც იდეები მახრჩობდნენ, ის თავის ფუნქციას კარგავდა, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად რჩებოდა.
ათასი როლი მაინც ჰქონდა მორგებული ჩემთან თანაცხოვრების პერიოდში, ვინ აღარ იყო, სად აღარ ცხოვრობდა, რა ენაზე აღარ საუბრობდა, თუმცა მისი რეალური სახე მუდმივად უცვლელი და ხელშეუხებელი რჩებოდა, მას ყოველგვარი თამაშისა და ნაირ-ნაირ პერსონაჟად ქცევის გარეშე ყველაზე მეტი იდეის გაღვიძება შეეძლო.
ბნელ ოთახში კუთხეში უყვარდა ხოლმე ჯდომა და ცინიკური რეპლიკებით თავის გართობა, კარგად ხვდებოდა, რომ მეც მისგან სწორედ ამას ველოდი, ჰოდა გველურ სისინს არასოდეს წყვეტდა. არ ვეწევიო მარწმუნებდა, თუმცა ვიცოდი, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაშინ როდესაც საქმით გართული ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლული მას უყურადღებოდ ვტოვებდი, ჩუმად მპარავდა სიგარეტს და აივანზე გასული სწრაფად ეწეოდა. ვერ ვიტანდი მის ამ სიყალბეს, თუმცა გაჩენილი დროებითი სიძულვილი და ყელში მოწოლილი სიბრაზე კიდევ უფრო შველოდა ჩემს უიმედო მდგომარეობას.
ახლა კი ვიდე, ყველაფერი გვალვის შედეგად გამომშრალ, დამსკდარ ნიადაგს გავდა ირგვლივ, სრული სიცარიელე სუფევდა. ვიდე და ველოდი, როდის ინებებდა ჩემი გონება კეთილს და როდის შექმნიდა იმას რაც მის მალევე ჩანაცვლებას და მუზის სტატუსის მორგებას შეძლებდა.

მორიგი მონოლოგი


მახსოვს მეცხრე კლასის დამთავრებას აღვნიშნავდით, ბანკეტის მაგვარი რაღაც გვქონდა და სადღაც ღამის 12 საათისთვის სკოლის დირქტორმა გვითხრა, ღამის 3 საათზე ადამიანი ყველაზე გულახდილია და ამ დროს ნათქვამი ყველა სიტყვა თითქმის ასი პროცენთით შეესაბამება ჭეშმარიტებასო, არ ვიცი ეს რატომ ჩამრჩა ამდენ ხანს და რატომ მახსოვს დღემდე, თუმცა ფაქტია, რომ ღამის თეთრად თენებისას აურაცხელი რაოდენობით გაურკვეველი ფიქრები იყრიან თავს და ხშირად სავსებით სხვაგვარად ვაზროვნებთ, ეს ზოგჯერ სიმთვრალესაც კი გავს ხოლმე.
აღნიშნულის ცოდნა შემდეგ არა ერთხელ გამოვიყენე ოღონდ ვიღაცისგან სიმართლის გასაგებად კი არა, პირიქით იმისთვის, რომ ჩემგან მოესმინათ გულახდილი პასუხები ყველა კითხვაზე, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ეს ვერ ან არ გამოიყენეს, ან გამოიყენეს კიდეც, მაგრამ გონება ისე მქონდა არეული, რომ არ დამამახსოვრდა, მოკლედ ამას ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან არც კი მახსოვს ბოლოს როდის გავათენე ღამე.
ნაწერს აშკარად ეტყობა, რომ ის ღამის 3 საათზე არ არის დაწერილი, ვინაიდან მტკნარ სიცრუეს შეიცავს წინა აბზაცის ბოლო წინადადება, კარგად მახსოვს როდის გავათენე ღამე, თუმცა ვინაიდან მაშინ არავისთან მისაუბრია და მხოლოდ სკამზე ჩამომჯდარი წიგნის კითხვით შევიქცევდი თავს, ამიტომ ამას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ მივანიჭე.
შემდეგ დრო გავიდა და აწ უკვე მრავალჯერ აღნიშნულმა საათმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა, ახლა კი ის უბრალოდ მორიგი დროა 24 საათის განმავლობაში.
ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო და არაფრის მთქმელ მოვლენებს შეუძლიათ ხოლმე ჩვენში სადღაც დამარხული დადებითი განწყობის გაღვიძება. საკმაოდ საზიზღარი და დამღლელი დღის შემდეგ, დეპრესიულ და დაშრეტილ განწყობაზე ვიჯექი ტაქსში, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჯერ კიდევ შეეძლო რამეს ჩემი განწყობის უკეთესობისკენ შეცვლა. ვუსმენდი, გადამცემით როგორ საუბრობდნენ მძღოლები, შემდეგ კი ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე უსურვეს, სათითაოდ ყველა გამოდიოდა ხაზზე და კეთილი სურვილებით ემშვიდობებოდა დასასვენებლად წასულ მძღოლს, არ ვიცი რატომ, თუმცა გულწრფელი პოზიტივი ვიგრძენი მათ ხმაში, ჰოდა განწყობაც სრულიად მოულოდნელად შემეცვალა.
განრისხებული და საყოველთაო ჟლეტის სურვილით შეპყრობილი წერილობითი მიმართვის შემდეგ, სიძულვილისა და წმინდა წყლის ზიზღის შეგრძნება ნელ-ნელა სადღაც ქრებოდა და დამღლელი სიმშვიდე მეპარებოდა, ვიცოდი, რომ ყელში მოწოლილი სიბრაზე ძალიან მალე გაივლიდა და ყოველი სიტყვა, რომელიც უშრეტ სიძულვილს გამოხატავდა გარშემომყოფთა მიმართ საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი დისკმფორტის და შეუთავსებლობის გრძნობით შეიცვლებოდა, თუმცა საკუთარ თავს მედგრად ვუმეორებდი, რომ ყველას გვქონდა უფლება თუნდაც სულ რამდენიმე წუთით დაგვეკარგა კონტროლი და გვეთქვა ის რაც შემდგომში ისევ ჩვენთვის გახდებოდა სასჯელი.
სახლში მისულს, რატომღაც ზედმეტად ფილოსოფიური აზრები მაწუხებდა და განუწყვეტლივ ვფიქრობდი იმაზე თუ რაოდენ ეგოისტი ვიყავი, ყველა ქმედება, რომელიც საპირისპიროს დამტკიცების საშუალებას მაძლევდა კიდევ უფრო ამტკიცებდა იმ იდეას, რომ უკიდეგანოდ ეგოისტი ვარ. სხვების დახმარების სურვილიც მხოლოდ იმიტომ მიჩნდება, რომ ვიგრძნო საკუთარი ქმედებით გამოწვეული კმაყოფილება, შემდეგ კი ვთქვა, რომ მე არც თუ ისე ცუდი ადამიანი ვარ.

დიახ, თქვენ სრული არარაობა ხართ


თქვენ ვისაც გგონიათ, რომ თქვენი წარმოსახვაში ჩამოყალიბებული და უკვე შეუმჩნევლად აყროლებული ავტორიტეტის ხაზგასმით სასურველ შედეგს მიიღებთ.
ვისაც გგონიათ, რომ თქვენი თავხედობა, უტაქტო საუბრის მანერა მოგცემთ მიზნის მიღწევის სრულ გარანტიას.
თქვენ ვისაც პრინციპის გამო შეგიძლიათ გულზე ხელი დაიკრიფოთ და უყუროთ როგორ განვითარდება მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ საქმე თქვენთვის ახლობელ ადამიანს ეხება.
თქვენ ვისაც მიგაჩნიათ, რომ შეურაცხმყოფელი გამოსვლებით კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს დაიპრყობთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანების კიბეზე სულ ზედა საფეხურისკენ გაიკვლევთ გზას.
თქვენ ვისაც გგონიათ, რომ თქვენი საუბრის მანერა მხოლოდ თქვენი ხელშეუხებელი და დიადი ავტორიტეტის გამოხატულებაა და გგონიათ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება გულის რევის განცდა მით უფრო მნიშვნელოვანი გახდებით.
თქვენ ვისაც გგონიათ, რომ მუქარა რაიმე დადებითის მომტანი იქნება.
თქვენ ვისაც საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა გაქვთ, რომ ჰაერივით გჭირდებათ ეს სხვა ადამიანების ხარჯზე ყოველ დღიურად განიმტკიცოთ, თქვენ ვისაც საქმე არ გაქვთ, თუმცა ყველაზე დაკავებული ადამიანის იარლიყს იმშვენებთ ყოველ დილით სარკის წინ.
სინამდვილეში არაფერს წარმოადგენთ, აბსოლუტური არარაობა ბრძანდებით, ყოველ დღიურად ამაოდ ცდილობთ თუნდაც საკუთარი თავი დააჯეროთ საპირისპიროში, ცდილობთ როგორმე აღმოფხვრათ შეგრძნება, რომელიც ჩაგძახით რაოდენ უსუსური და გულის ამრევი ბრძანდებით. დიახ, თქვენ სრული არარაობა ხართ.