კარგად


ადგომისთანავე თვალი ფანჯრისკენ გააპარა, დიდი ვერაფერი ამინდიაო იფიქრა, საწოლის გვერდით წაქცეულ ცარიელ ღვინის ბოთლს მოკრა თვალი და სიგარეტის ძებნა დაიწყო, ბალიშის ქვეშიდან სანთებელა გამოაძრვინა, ნახევრად დაკუჭული სიგარეტის კოლოფიდან უკანასკნელი ღერიც ამოიღო და სწრაფად მოუკიდა.
მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს შეავლო თვალი, ვერაფრით გაიხსენა რატომ იყო ასეთი აურზაური, ადგომა ძალიან ეზარებოდა, თუმცა იმდენად დაინტერესდა წუხანდელი შემოქმედებით, რომ სწრაფად წამოხტა საწოლიდან მივიდა მაგიდასთან, დაავლო ფურცლებს ხელი და ისევ საბნის ქვეშ შეძვრა, სითბო რომ შეეპარა სხეულში, ოდნავ წამოიწია, ბალიშს მიეყრდნო და თანმიმდევრობა დაკარგული და ნახევრად დაკუჭული ფურცლების დალაგება დაიწყო, აზრობრივი კავშირი ვერაფრით იპოვნა, თუმცა მიხვდა დასაწყისი რომელი იყო და გატაცებით დაიწყო კითხვა.
ფურცლებს ღვინის ლაქები ეტყობოდა და მელანიც ოდნავ გადაშლილი იყო, არც განსაკუთრებით მარტივად გასარჩევი ხელი ქონდა, თუმცა წაკითხვა არ გასჭირვებია, თითქოს კი არ კითხულობდა უბრალოდ შესცქეროდა ფურცელს და სიტყვები თავად ტივტივდებოდნენ მეხსიერებაში.
ადრესატი გადაშლილი იყო, ბევრი ეწვალა სახელის წაშლაზე, რამდენიმე მსხვილი ხაზით გადაეხაზა, ვერაფრით გაეგო საკუთარ თავს უმალავდა რამეს თუ ელოდა, რომ ვინმე მისი ნაჯღაბნის მოსაპარად მის ხუხულაში გადაწყვეტდა შესვლას, მიხვდა რომ ამაზე ფიქრს და საკითხის გარშემო დამღლელ მსჯელობას არავითარი აზრი არ ქონდა, ჰოდა შესაბამისად კითხვა განაგრძო.
”დღეს ჩემთან ფაქტობრივად არ გათენებულა, ფარდები მთელი დღის განმავლობაში ჩამოფარებული მქონდა, შენ კი ალბათ გახსოვს, რომ მე სახლიდან არც თუ ისე ხშირად გავდივარ, ჰოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საათმა დარწმუნებით მამცნო უკვე დაღამდაო ფარდები გადავწიე, ვიფიქრე იქნებ ზამთარი დღეს მაინც დაემსგავსა თავის თავს და მოთოვა მეთქი, თუმცა გარეთ ისევ ზამთრის მზიანი დღის შემდეგ დაღამებული უჟმური საღამო დამხვდა, თავი დავიმშვიდე, ჯერ კიდევ არის დრო მეთქი და რამდენიმე კვირის წინ საგანგებოდ ნაყიდ წითელ ღვინოს წავეპოტინე. რას აღვნიშნავ? შენთვის არ მითქვამს, რომ უკვე დიდი ხანია დასალევად განსაკუთრებული მიზეზი აღარ მჭირდება?! დღევნადელი თარიღიც კი არ ვიცი, კალენდარს შევხედე, რომელიც რატომღაც ავადმყოფურად გაყვითლებული მეჩვენა, დავფიქრდი, მინდოდა გამეხსენებინა იანვარი იყო თუ თებერვალი, თუმცა არჩევანი ვერც ერთზე შევაჩერე, შემდეგ კი წელს შევხედე 2009 ეწერა, სანაძლეოს ჩამოვდივარ უკვე დიდი ხანია 2009 წელი აღარ არის, თუმცა რატომ ვფიქრობ ასე არ ვიცი, ალბათ კალენდარი თავისი ვიზუალური სიბერით ამტკიცებს აგერ უკვე რა ხანია ჩემი ჩამოხსნის დროაო.
ადრეც გეუბნებოდი მონატრების შეგრძნება ჩემთვის უცხოა მეთქი, ეს ადამიანების მიერ მოგონილი მითი მგონია დღემდე, ამიტომ ნუ ჩათვლი, რომ ეს უმიზეზო წერილი იმის აღიარებაა, რომ მომენატრე, არამც და არამც, შემოქმედებით კრიზისს განვიცდი, ჰოდა ვიფიქრე იქნებ კარგად დავიწყებული მეგობრის (შენ გიყვარდა ასე რომ გეძახდი, ჩემთვის ამ სიტყვის მნიშვნელობაც დღემდე გაუგებარი დარჩა) გახსენება და პატარა მოსაკითხი წერილის დაწერა, მიძინებულ შემოქმედს გააღვიძებს მეთქი ჩემში, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით მსგავსს ვერაფერს ვგძრნობ. შენ არ იდარდო, ჩვეულებრივი მოკვდავები ვერასოდეს შეძლებენ იწოდებოდნენ ჩემს მუზად, ამ საკითხში ალკოჰოლი უკონკურენტოა.
არა, ეს არ ყოფილა ამ წერილის იდეა, არც მიფიქრია კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი იმისთვის, რომ ყველაფერი რაც ადამიანს ადამიანად ხდის ჩემთვის უცხოა, პირიქით მე ყველაზე ადამიანური წერილის მოწერა მინდოდა, თუმცა ამ დროებით თემიდან გადახვევის დაუშრეტელ სურვილს ვერაფერი მოვუხერხე და თავი მოვალედ ჩავთვალე მეთქვა ის რასაც წლების წინ ასეთივე შესაშური სიჯიუტით ვიმეორებდი ”მე იგივე ვარ”.
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც მივხვდი, მართალი იყავი როდესაც მეუბნებოდი სრულიად მარტო დარჩები და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი, რომ გაგიჩნდება სარკეში საკუთარ თავს დაუწყებ ლაპარაკსო, თუმცა ამას უბედურებას ვერ ვუწოდებ, დამიჯერე საკუთარ თავზე უკეთესი მსმენელი და მოსაუბრე არ არსებობს, იდეალურად ვუგებთ ერთმანეთს, თუმცა მართლაც სამწუხაროა, რომ დიდი ხანია არავისგან გამიგია თუნდაც ძალიან ყალბი მოკითხვის სიტყვები ”როგორ ხარ?”.
როგორ ვარ? კარგად მეთქი ვერ ვიტყვი, რაღაცნაირი მოკლე და სრულიად უმარილო პასუხი იქნება, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ და თუ სურვილი გექნება თავად განსაჯე.”
კითხვა შეწყვიტა. გვერდით გადადო ფურცლები, ისევ სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ სანთებელა აანთო, ფურცლები ჯამში ჩაყარა და ჩაიბურდღუნა ”კარგად ვარ, კარგად.”

Advertisements

5 thoughts on “კარგად

  1. როგორ ხარ? (არაა ყალბი მოკითხვა ეს;-))
    ხო, ახლა დაახლოებით მივხვდი რაში ყოფილა საქმე… რამდენი ხანია ველოდები შენსგან ახალ პოსტებს…

    და შენი პირობა სად გაქრა არ დალევაზე? თოვლი უნდა მოვიდეს მალე, ასე იტყობინებიან დიიიდი სინოპტიკოსები 😉

    Like

    1. მე არ ვსვამ, ეს სვამს, არც თოვლი მინდა, ამას უნდა, სახლიდან გასვლა ამას არ უწევს და სამსახურში წასვლა 🙂
      კარგად ვარ, კარგად 🙂 გმადლობ. თავად? 🙂

      Like

    1. იდეაში ცოტა ძნელია იმის ჩამოყალიბება თუ რას ნიშნავს სიტყვა კარგად, თუმცა ობიექტურად თუ შევაფასებ მდგომარეობას ალბათ კარგად ვარ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s