დილა


ქალბატონმა თამრიკომ დღეს უჩვეულოდ ადრე გაიღვიძა, ჩემს მაღვიძარასაც დაასწრო ახმაურება, სახიდან ნამძინარევი გამომეტყველება ჩამოიბანა და სამზარეულოსკენ გაემართა, თავიდან ფეხაკრეფით დადიოდა ოთახიდან ოთახში, შემდეგ კი მობეზრდა მოჩვენებასავით ჩაბნელებულ ოთახებში სიარული და კატეგორიული ნაბიჯებით დაიწყო არეული სახლის დალაგება, მადუღარას შემაწუხებელ სტვენაზეც არ აღელვებულა, სამზარეულოში შესულს ყველაფერი დაორთქლილი დახვდა, ფანჯრებზეც გაციებული წყალი ნელ-ნელა იღვრებოდა იატაკის მიმართულებით, ხელების ფშვნეტით მივიდა ქურასთან და რამდენიმე წამში მადუღარაც დადუმდა.
ბატონ რევაზს ქალბატონი თამრიკოს უჩვეულოდ ადრე დაწყებული დილა მხედველობიდან არ გამოპარვია, თუმცა მოერიდა ჯერ კიდევ რიჟრაჟზე დაეკაკუნებინა კარებზე მხოლოდ გამარჯობის სათქმელად და ნამძინარევი სახით, მთქნარებით გამოვიდა აივანზე, ღრმად ჩაისუნთქა ვითომ სუფთა ჰაერი, ხელები გაამოძრავა, შემდეგ ცოტა წაივარჯიშა და სახლში შებრუნდა, მაშინვე როი შეეგება კუდის ქიცინით, თავზე ხელი გადაუსვა, მეორე ხელით კი ძლიერად მოიფშვნიტა თვალი და ნელი ნაბიჯით გაემართა ჩასაცმელად.
ნანასაც გაუღვიძია, სასტიკად ვერ იტანს, როდესაც ქალბატონ ნანას ვეძახი, ჰოდა მეც შევუნარჩუნებ ახალგაზრდობის ილუზიას და უბრალოდ ნანას დავუძახებ, ბექას ოთახში შევიდა, ფარდები გადაწია და კატეგორიული ხმით უთხრა, რომ სკოლაში აგვიანებდა. შემდეგ ხალათის სწორებით სამზარეულოში შევიდა და პურზე კარაქის წასმა დაიწყო, აივანზე გამოსულ რევაზს შეხედა და გაეცინა, რევაზი დილის ვარჯიშისა და სუფთა ჰაერის ყლაპვის შემდეგ იდგა და გემრიელად აბოლებდა, თან გაშტერებული უყურებდა თამრიკოს სამზარეულოს ფანჯრებს, ცოტა ხანს იდგა ნანა ჩაფიქრებული, უკვე ნახევრად გაციებულ ჩაის დაჟინებით ურევდა კოვზით და ფიქრობდა, რომ ქეთოსთვის უნდა დაერეკა, აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ არ ცდებოდა და მოეყოლა, როგორი სახით უცქერდა ბატონი რევაზი ქალბატონ თამრიკოს.
ქალბატონმა თამრიკომ უჯრაში წლების წინ ჩადებული სიგარეტი იპოვნა, გაღიმებული სახით ამოიღო თითქმის ბოლომდე დაკუჭული და სიძველისგან გაყვითლებული კოლოფი, შიგნით ორი ღერი სიგარეტი იდო ხელუხლებლად, კოლოფი უჯრაში აღარ დაუბრუნებია, ყავა ჩამოისხა და ნეტარებით შეისუნთქა მისი არომატი, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, ღრმად ჩაისუნთქა და სევდიანი ღიმილით დააყრდნო თავი დანაოჭებულ ხელს, ოთახში სიგარეტის სუნი დადგა, დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაშტერებული უყურებდა ახლად შეთეთრებულ სამზარეულოს კედელს და მშვიდად აბოლებდა სიგარეტს, შემდეგ წამოდგა და გარდერობისკენ გაემართა, საგანგებოდ შენახული ”გასასვლელი კაბა” გამოიღო და ჩაიცვა, მონატრებულ მაღალ ქუსლებზეც შედგა და სარკესთან ჩამოჯდა, ყავა დააგემოვნა და სარკესთან დადებულ დიდი ხნის ხელუხლებელ მაკიაჟს მოკიდა ხელი, თვალზე ფანქარი წაისვა, ისე როგორც ადრე ისვამდა ხოლმე, შემდეგ ტუჩის საცხსაც გადასწვდა ანთებული თვალებით, გრძელი საყურეც ჩამოიკიდა, ფეხზე წამოდგა და სარკის წინ დადგა, დიდ ხანს უყურა თავის სილუეტს და დარჩენილი 1 ღერი სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან, ისევ სარკესთან ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ახალგაზრდული გამომწვევობით დაიწყო მოწევა.
ბატონი რევაზი ისევ აივანზე იდგა, სიცივისგან უკვე ტუჩებიც გალურჯებოდა, თუმცა ფეხს არ იცვლიდა და ჯიუტად განაგრძობდა ქალბატონი თამრიკოს სამზარეულოს ფანჯრის თვალიერებას, თამრიკო კი არა და არ ჩანდა.
ნანას ბავშვი უკვე გაშვებული ყავდა სკოლაში და დაჟინებით კრეფდა ქეთოს ნომერს, თუმცა არავინ პასუხობდა, თან ცალ თვალს ბატონი რევაზისკენ აპარებდა და ეღიმებოდა.
ქალბატონი თამრიკო სარკესთან იჯდა და საკუთარ სახეს დაკვირვებით ათვალიერებდა, ზოგჯერ ხელს აპარებდა თვალისკენ და ნაოჭს ისწორებდა.

Advertisements

2 thoughts on “დილა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s