მშვიდად უინტერესო


წუხელ მოთოვა, დიდი არაფერი, თუმცა გვიან გათენდა ნისლის გამო და სახურავებიც გადათეთრებული იყო, ზუსტად რომელ საათზე არ ვიცი, თუმცა ძილში თვალი გავახილე და მივხვდი, რომ დილით თოვლი დამხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გათენება დაგვიანდა ღამე ძალიან ნათელი იყო, ჰოდა გავიფიქრე ალბათ დილით თოვლი დამხვდება მეთქი და მაშინვე ჩამეძინა.
ეს ესაა აივანზე ვიყავი გასული და სიგარეტის ძალიან მცირე მარაგი კიდევ უფრო შევამცირე, წყლით სავსე საფერფლეში ჩავაქრე კიდევ ერთი ღერი, გემრიელად გამოვუშვი კვამლი და კომპიუტერთან დავბრუნდი, თუმცა ოთახში შემოსვლის შემდეგ სუნთქვის გართულება ვიგრძენი, ეს ალბათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ბრალია, ოთახში იმდენად თბილა, რომ სასუნთქი ჰაერიც აღარ არის.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მინდოდა, გარიგებასავით გვქონდა მე და ამინდს დადებული, დეკემბერი მზიანი უნდა ყოფილიყო და ბოლომდე შემძლებოდა არ მეღიარებინა ზამთრის დადგომა, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა აღნიშნული პაქტი გაგვეგრძელებინა მარტამდე, ამინდმა ცივი უარი მითხრა და თავისი შეხედულებისამებრ განაგრძო ცხოვრება. ჰოდა მეც არ დამრჩა სხვა გზა და ჩემთვის ასე საძულველი ზამთრის ტანსაცმელი ჩავიცვი.
გამაყუჩებლების ისეთი დოზა მაქვს მიღებული, რომ გაბრუებული ვარ, დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ეტყობა ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ მაღვიძარა ტექნიკური გაუმართავობის გამო დღეს უარს იტყოდა საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე.
2 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ”არც ერთი წვეთი ალკოჰოლი”, სისრულეში მოვიყვანე 8 იანვარს, წინ ღვინით სავსე ჭიქა მედგა მე კი მხოლოდ სიგარეტის დაჟინებული ქაჩვით შემოვიფარგლე.
უკვე მერამდენედ მივატოვე წიგნის კითხვა შუა გზაზე არ ვიცი, ჩემმა ტრანსპორტში კითხვის გატაცებამ მხოლოდ ერთ კვირას გასტანა, ენთუზიაზმით აღებული წიგნი კი ისევ თაროს დაუბრუნდა, ოღონდ ამ შემთხვევაში ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ყოველ დღე, რომ არ შემახსენოს თავი.
მოკლედ ისევ ისეთი მშვიდად უინტერესო ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი. მოსაწერიც არაფერია გარდა იმისა, რომ ბაღში ნუში არ აყვავებულა, არც გაზაფხულია, თუმცა მთაწმინდაზე ცა დღეს ნამდვილად დაწვა.

Advertisements

6 thoughts on “მშვიდად უინტერესო

    1. 1 კვირის განმავლობაში მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი ტრანსპორტში, თუმცა შემდეგ რატომღაც გული ვეღარ დავუდე. ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ ერთი და იგივე წიგნის კითხვა მესამედ დავიწყე, თუმცა ინტერესი ვერა და ვერ გამოიწვია 😦

      Like

  1. კაი, მაშინ თავიდან გეტყვი 😀
    ზოგჯერ მშვიდად უინტერესოდ ყოფნა ჯობია აფორიაქებულად (მშვიდის ანტონიმი ეს გამახსენდა :-D) და საინტერესოდ ყოფნას 😉
    ”არც ერთი წვეთი ალკოჰოლი” ზოგადად კაია სისრულეში რომ მოიყვანე, მაგრამ ზოგჯერ მაინც კაია 😉
    თოვლს კიდე არაუშავს, მიუხედავად იმისა, რომ მე ცივი ამინდების და მით უმეტეს თოვლის დიდი მოყვარული არ ვარ, წელს ისე მომენატრა,შევეგუები, მოვიდეს ოღონდ…
    და წიგნს რაც შეეხება, შეეცადე გააგრძელო, უჩემოდაც გეცოდინება, რომ სულ სხვა სამყაროში გადადიხარ ამ დროს და რაღაც-რაღაცეები საერთოდ გავიწყდება 😉
    ხოდა, წარმატებები :-*

    Like

    1. ამ წიგნს ვერა და ვერ დავუდე გული, არადა იდეაში თემა, რომელზეც ავტორი წერს ზოგადად ჩემთვის საინტერესოა.
      რაც შეეხება ალკოჰოლს, ცხოვრებაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მიყვარს, თუმცა რა თქმა უნდა ეს დიდ ხანს არ გასტანს, უბრალოდ ახალი გასართობი ვიპოვე – მთვრალი ხალხის სავსებიტ ფხიზელი გონებით თვალიერება 🙂
      ვნახოთ სადამდე გასტანს ჩემი მშვიდი და უინტერესო განწყობა 🙂
      მადლობა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s