განწყობა


ავადმყოფური ფერი ედო ირგვლივ ყველაფერს, და მოვლენებიც ავადმყოფისთვის სრულიად შესაფერისი სიმპტომებით ვითარდებოდა. პრეტენზიების გამოხატვის უშრეტი სურვილით შეპყრობილი აურაცხელი რაოდენობით ადამიანი უსაქმურად დაეხეტებოდა ოთახიდან ოთახში და ნიშნის მოგებითა და საკუთარი ავტორიტეტის ხაზგასმით აფიქსირებდა პრობლემებად წოდებულ სრულიად უმნიშვნელო მოვლენებზე საკუთარ არაფრის მთქმელ პოზიციას.
უსაქმურობისგან თავმობეზრებული ვიდე უსარგებლო ნივთივით სკამზე და ამრეზით ვათვალიერებდი ირგვლივ ძალიან დაკავებული ადამიანების მოძრაობას. დღე აშკარად შეუმდგარი და ისეთივე უმაქნისი იყო როგორიც მე, ჩვენი განწყობა სავსებით ემთხვეოდა ერთმანეთისას, ნოსტალგიის ხელოვნური გაღვიძების ყველა მცდელობაც სულ რამდენიმე წამში განიცდიდა მარცხს და ყურებ თუ ხელებ ჩამოყრილი უბრუნდებოდა ტვინში იმ საწყის პოზიციას საიდან განვითარებასაც სულ რამდენიმე წამის წინ ცდილობდა.
მოლოდინის შეგრძნებაც ყველაზე შეუფერებელ მომენტში წამოყოფდა ხოლმე თავს და მისგან თავის დაღწევა ყოველ ჯერზე ერთი ორად რთული ხდებოდა. ვოცნებობდი ადგილზე, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ექნებოდა, იმისთვის, რომ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დამედო ჩემი სხეული სკამზე და უემოციო თვალებით მეყურებინა სრულიად უსიცოცხლო ალაგისთვის, შემდეგ კი მე და ამინდი გადავხედავდით ერთმანეთს და ვიტყოდით, რომ კიდევ ერთი ჩვენნაირი ვიპოვნეთ,მერე ნელი მოძრაობით გავხედავდით მკვდრის ფერ დადებულ ჰორიზონტს და კმაყოფილი სახეებით გამოვუშვებდით კვამლს პირიდან.
აბსოლუტური სიმძაფრით ვგრძნობდი, როგორი მონდომებით იწყებდა ძარღვებში  შხამი სისხლის ნაცვლად ჩქეფას, ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავის დაგესვლა წარმოუდგენელი წარმატებით შევძელი.
უკვე დაზეპირებულ 1 წუთიან დიალოგს ვატრიალებდი თავში და ვცდილობდი სიბოხისგან აკანკალებული ხმის ტემბრის გონებაში კარგად ჩაბეჭდვას. ვებღაუჭებოდი ყველა ნიშანს, რომელიც წარმოსახვაში უკვე ათასჯერ გადაღეჭილი სცენარის სიცოცხლეში განხორციელების სულ მცირე ალბათობას მოასწავებდა, თუმცა წინდაწინვე ვიცოდი რომ ვცდებოდი.
საკუთარი ახირებების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ მთელი 30 საათი გადიოდა და ყველაფერი მხოლოდ უარესობიკენ მიიჩქაროდა წარმოუდგენელი ტემპით, ჩემს თავთან დადებული პაქტი და მის მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებაზე უარის თქმა კარგს არაფერს მიქადდა.
წყალსაც განწყობის შესაფერისი მწარე გემო დაჰკრავდა, მე და წარმოდუგენლად შხამიანი განწყობა შეუმჩნევლად ვარიდებდით ერთმანეთს თვალს და ვცდილობდით თავი მოგვეჩვენებინა თითქოს მუსიკის სმენით გართულნი ერთმანეთის არსებობასაც ვერ ვაფიქსირებდით, ყველაფერს ჩვენთვის საყვარელი ნაცრისფერი მიეღო.
შემდეგ ტელეფონმა დარეკა და უემოციოდ მამცნო, რომ ”ესეც გაივლის!”

მშვიდად უინტერესო


წუხელ მოთოვა, დიდი არაფერი, თუმცა გვიან გათენდა ნისლის გამო და სახურავებიც გადათეთრებული იყო, ზუსტად რომელ საათზე არ ვიცი, თუმცა ძილში თვალი გავახილე და მივხვდი, რომ დილით თოვლი დამხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გათენება დაგვიანდა ღამე ძალიან ნათელი იყო, ჰოდა გავიფიქრე ალბათ დილით თოვლი დამხვდება მეთქი და მაშინვე ჩამეძინა.
ეს ესაა აივანზე ვიყავი გასული და სიგარეტის ძალიან მცირე მარაგი კიდევ უფრო შევამცირე, წყლით სავსე საფერფლეში ჩავაქრე კიდევ ერთი ღერი, გემრიელად გამოვუშვი კვამლი და კომპიუტერთან დავბრუნდი, თუმცა ოთახში შემოსვლის შემდეგ სუნთქვის გართულება ვიგრძენი, ეს ალბათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ბრალია, ოთახში იმდენად თბილა, რომ სასუნთქი ჰაერიც აღარ არის.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მინდოდა, გარიგებასავით გვქონდა მე და ამინდს დადებული, დეკემბერი მზიანი უნდა ყოფილიყო და ბოლომდე შემძლებოდა არ მეღიარებინა ზამთრის დადგომა, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა აღნიშნული პაქტი გაგვეგრძელებინა მარტამდე, ამინდმა ცივი უარი მითხრა და თავისი შეხედულებისამებრ განაგრძო ცხოვრება. ჰოდა მეც არ დამრჩა სხვა გზა და ჩემთვის ასე საძულველი ზამთრის ტანსაცმელი ჩავიცვი.
გამაყუჩებლების ისეთი დოზა მაქვს მიღებული, რომ გაბრუებული ვარ, დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, ეტყობა ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ მაღვიძარა ტექნიკური გაუმართავობის გამო დღეს უარს იტყოდა საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე.
2 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ”არც ერთი წვეთი ალკოჰოლი”, სისრულეში მოვიყვანე 8 იანვარს, წინ ღვინით სავსე ჭიქა მედგა მე კი მხოლოდ სიგარეტის დაჟინებული ქაჩვით შემოვიფარგლე.
უკვე მერამდენედ მივატოვე წიგნის კითხვა შუა გზაზე არ ვიცი, ჩემმა ტრანსპორტში კითხვის გატაცებამ მხოლოდ ერთ კვირას გასტანა, ენთუზიაზმით აღებული წიგნი კი ისევ თაროს დაუბრუნდა, ოღონდ ამ შემთხვევაში ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ყოველ დღე, რომ არ შემახსენოს თავი.
მოკლედ ისევ ისეთი მშვიდად უინტერესო ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი. მოსაწერიც არაფერია გარდა იმისა, რომ ბაღში ნუში არ აყვავებულა, არც გაზაფხულია, თუმცა მთაწმინდაზე ცა დღეს ნამდვილად დაწვა.