ფერმკრთალი


მესამე დღე იყო რაც ქალაქიდან გავიქეცი და საკმაოდ მეჩხერად დასახლებულ სოფელს შევაფარე თავი, არც არავინ მომდევდა და არც არავის ადარდებდა სად წავედი და სად დაიკარგა ჩემი კვალი, თუმცა მე ამას მაინც გაქცევა ვუწოდე. გავექეცი პრობლემებს, რომლებიც მახრჩობდნენ, ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ მისალმებასა და მოკითხვას, გავექეცი სახელმწიფოს, რომელიც გადასახადების გადახდას მთხოვდა, მეგობრებს, რომლებიც ყოველ საღამო სვამდნენ, გავიქეცი და დეკემბრის ნისლში გახვეულ ტყეში ჩაკარგულ სახლს შევაფარე თავი.
პირველმა დღემ ნათლად მაგრძნობინა, რომ არც აქ მელოდებოდა ია ვარდით მოფენილი გზა და უდარდელი ცხოვრება, სახლი დაჟინებით ითხოვდა დალაგებას, ფანჯარა ჩამტვერული იყო და სუსხი მოურიდებლად იჭრებოდა ოთახში, მივხვდი, რომ სანამ უსაქმოდ წამოწოლას შევძლებდი გვარიანად უნდა მეშრომა. ერთი მცირე ზომის ჩანთა მქონდა წაღებული, რომელიც გაკვირვებისგან იატაკზე დავანარცხე და უკმაყოფილო სახით შევუდექი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემ ბინად წოდებული ორომტრიალის დალაგებას.
სახლიდან რამდენიმე მეტრში მაღაზიას მოვკარი თვალი, გადავწყვიტე სასმელი და სიგარეტი მეყიდა, კარები მორიდებულად შევაღე და მხოლოდ თავი შევყავი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ვინმე მაინც იყო ოთახში, კარების ხმაზე თავი ღაჟღაჟა ლოყებიანმა, კარგად ჩაპუტკუნებულმა საშუალო ხნის ქალბატონმა წამოწია, უსიამოვნოდ გამიღიმა და მითხრა შემოდიო, მაშინვე შენობით ფორმაზე გადავიდა, ჩემი დახვეწილი მანერები არ მაძლევდნენ საშუალებას იგივეთი მეპასუხა, შევეცადე მაქსიმალურად ალალად გამეღიმა და მეთქვა არაყი თუ გაქვთ მეთქი, მიპასუხა გვაქვსო და ისე რომ არც კი უკითხავს პირველივე ბოთლი გამომიწოდა ნელი მოძრაობით, მე დავხედე, თუმცა მივხვდი, რომ ალბათ სხვა ალტერნატივა არ იყო და ყოველგვარი კითხვის გარეშე გამოვართვი, სიგარეტიც მინდა მეთქი დავაყოლე, სახეზე გაღიზიანება დაეტყო, ისევ მიბრუნდა და თაროდან სიგარეტი მომაწოდა, არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია თავი იმის კითხვით თუ რომელი სიგარეტი მინდოდა, მეც დავყაბულდი და რაც მომცა იმითაც კმაყოფილი დავრჩი, ფული გადავიხადე და ჩქარი ნაბიჯით გავემართე გასასვლელისკენ, ზურგიდან მწველი მზერა ვიგრძენი, მივხვდი უნდოდა ეკითხა ვინ ვიყავი და ვისთან ჩამოვედი, თუმცა ჩემმა არც თუ ისე მეგობრულმა განწყობამ აიძულა ცნობისმოეყვარეობა დაეოკებინა და მხოლოდ დათვალიერებით შემოფარგლულიყო.
გარეთ გამოსულს ორი მამაკაცი შემხვდა, მეტი არსად არავინ ჩანდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს, ერთმანეთს გადახედეს და გზა განაგრძეს, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ კი გაჩერდნენ და ისევ გულდასმით დამიწყეს თვალიერება, აშკარად არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით.
სახლში მისვლისთანავე ჩალეწილ ფანჯარაზე ცელოფანი გავაკარი, ეზოში ფიჩხი მოვაგროვე და ფეჩი ავანთე, შემდეგ ტახტზე დაყრილი ნაჭრები პირდაპირ სკამზე მივაფინე და დაღლილი წამოვწექი, პირველი ღერიც გავაბოლე. რამდენიმე წუთში ავდექი და არყის ბოთლი გავხსენი, ჯერ დავსუნე და შემდეგ ჭიქაში ჩამოვისხი, სულმოუთქმელად გადავკარი ერთი ჭიქა და მაქსიმალურად შევეცადე მწველი შეგრძნება ვაჟკაცურად ამეტანა, შემდეგ ისევ ტახტზე მივწექი და განვაგრძე უსახელო სიგარეტის დაჟინებით ქაჩვა.
კარებზე კაკუნი გაისმა, უკვე ბნელოდა, მე კი ტახტზე სიგარეტით ხელში ჩამძინებოდა, ვიფიქრე კიდევ კარგი ხანძარი არ გაჩნდა მეთქი, ერთი შევიკურთხე და საათს შევხედე, საღამოს 9 საათი ხდებოდა, გარეთ ნისლი იყო და უკუნი სიბნელე, ვიკითხე ვინ არის მეთქი და ისე რომ პასუხს არ დავლოდებივარ კარები გავაღე, გარეთ ორი მამაკაცი იდგა, ეტყობოდათ ადგილობრივები იყვნენ, დაბნეულმა შევხედე ისე, რომ ხმა არ ამომიღია, ერთ-ერთმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ხელი გამომიწოდა და გამეცნო, მითხრა დიდი ხანია ამ სახლში აღარავინ გამოჩენილა და გადავწყვიტეთ მოგსალმებოდითო, მეც ნაძალადევად გავიღიმე ისე, რომ კარებს არ მოვშორებივარ და ვუთხარი, ზედმეტმა დაკავებულობამ მაიძულა ბაბუაჩემის სახლი ასე უპატრონოდ დამეტოვებინა მეთქი, გაიკვირვეს, ამდენი წელი როგორ არ ჩამოდიოდითო, ვუთხარი, მარტო ვცხოვრობ და ქალაქის ცხოვრებამ ისე ჩამითრია აქაურობა არც გამხსენებია მეთქი, სახეზე მოუთმენლობა აღებეჭდათ, აშკარად ელოდნენ როდის მოვიპატიჟებდი სახლში, მე კი არ ვაპირებდი გაქცევიდან პირველივე დღესვე ახალი, უსიამოვნო გარეგნობის მქონი მეგობრები შემეძინა. რამდენიმე წამიანი უხერხული დუმილის შემდეგ ისევ ხელი გამომიწოდეს და დამემშვიდობნენ.
შვებით ამოვისუნთქე, იატაკზე დაყრილი ფერფლი ფეხით გავხვეტე და ისევ ტახტზე მივესვენე. მალევე ჩამეძინა და მხოლოდ რიჟრაჟზე გავახილე თვალი.
გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა, ტყისკენ ავიღე გეზი, თან ისევ სიგარეტს ვაბოლებდი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, შორიდან ძაღლის ყეფა შემომესმა, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ამ ცხოველს, არც მათ ვეხატებოდი განსაკუთრებულად გულზე, მოკლედ ვერ ვიტანდით ერთმანეთს, მესმოდა, როგორ მიახლოვდებოდა ყეფის ხმა, ცოტა დავიძაბე თუმცა შევეცადე მაქსიმალურად ამეყვანა თავი ხელში. რამდენიმე წამში ჰორიზონტზე ჩემი მიმართულებით მომავალი ძაღლი შევნიშნე და ადგილზე გავხევდი, უკნიდან ქალბატონის ხმა გავიგე, გაჩერდიო ყვიროდა, ძაღლი მომიახლოვდა და 1 მეტრში გაჩერდა, ავად მიღრენდა მხოლოდ, მალე გულამოვრადნილმა ახალგაზრდა ქალბატონმაც მოირბინა, ძაღლს დაუყვირა და შემდეგ მე შემომხედა, სანამ ხმას ამოიღებდა გულდასმით შემათვალიერა და მითხრა აქაური არ ხარო, გავიფიქრე ამ სოფელში ალბათ ტქვენობითი ფორმის შესახებ არაფერი სმენიათ მეთქი და ვუპასუხე, არა გუშინ ჩამოვედი მეთქი, გაეცინა, ძაღლს ხელით ანიშნა გაიწიეო და ხელი გამომიწოდა, გამეცნო, რაღაც სახელი მითხრა, თუმცა ვერ გავიგე, მეც ხელი გავუწოდე და წასასვლელად მოვემზადე, მითხრა, სასეირნოდ ცუდი დრო აირჩიე, თუ თვითმკვლელობა გინდა ნაკლებად მტკივნეულ მეთოდს მაინც მიმართეო, გამოვხედე, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ისევ გაეცინა და მითხრა, არ მგონია აქ იმისთვის იყო, რომ მგლების დამშეული ხროვა დააპუროო, მეც გამეღიმა, თუმცა არაფერი მიპასუხია. მიხვდა არ მინდოდა კონტაქტში შესვლა და წასავლელად გაემზადა, შემდეგ შემობრუნდა და მითხრა, თქვენ სახლთან ზუსტად 200 მეტრში ვცხოვრობთ მე და ცერბერი შემოგვიარეო, ძაღლის სახელი ბანალური და სასცილო მეჩვენა (ბანალური არა იმიტომ, რომ ცხოვრებაში ბევრ ცერბერს შევხვედრივარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად სახელი იყო ბანალურად მეტყველი), თავი დავუკარი და ჩემი გზა გავაგრძელე.
ტყეში ხეტიალი დიდად არ მესიამოვნა, იმ ქალბატონის ნათქვამიც მიტრიალებდა ტვინში და დაძაბულობამ შემიპყრო. მალევე დავბრუნდი სახლში, შევეცადე გამეხენებინა რა სახელი მითხრა, როცა გამეცნო, შემდეგ გამეცინა ძაღლს თუ ცერბერი ქვია თვითონ ალბათ ლილიტია მეთქი (რატომღაც მაშინვე ეს სახელი გამახსენდა, არადა ამ ადამის პირველ ცოლთან რა მინდოდა ვერაფრით გავიგე).
შემდეგ დავფიქრდი, ალბათ უკვე მთელმა სოფელმა იცის ჩემი აქ ყოფნის მიზეზი მეთქი და დავიზაფრე. ტახტთან თითქმის სავსე არყის ბოთლს მოვკარი თვალი, ტყეში გაცნობილი ქალბატონის მიპატიჟება გამახსენდა და გადავწყვიტე მიმეღო მიწვევა და ჯოჯოხეთში წავსულიყავი სტუმრად.
კარებთან მისვლისას ცერბერის ყეფა შემომესმა, შემდეგ კი ”ლილიტიც” გამოყვა, კარები გამიღო, გამიღიმა და ხელით მანიშნა შემოდიო. ძალიან ფერმკრთალი მეჩვენა, უსიამოვნოდ უელავდა თვალები, ერთი წამით ისიც ვიფიქრე ხომ არ გავბრუნდე მეთქი, თუმცა ისევ ზრდილობამ შემაკავა და მორიდებულად შევყევი სახლში. ბნელოდა მხოლოდ 1 სანთელი ენთო, სკამზე მიმანიშნა დაჯექიო, ხელიდან ბოთლი გამომართვა და ჭიქები გამოიღო, ზედმეტად თავხედი მეჩვენა, თუმცა ამას ხომ არ ვეტყოდი. ცერბერი გახევებული იდგა კარებთან, მეც გამომცდელი მზერა ვესროლე დაძაბულმა თუმცა დილანდელი ცოფმორეული სიბრაზე ვეღარ შევატყვე. ”ლილიტი” მომიბრუნდა და მითხრა, სიგარეტი გექნებაო, დავეთანხმე და უხმოდ გავუწოდე, ცინიკურად გამომხედა და მკითხა გეშინიაო, მე ნაძალადევად გავიღიმე, თუმცა ისევ არაფერი მითქვამს, არც მე მსიამოვნებდა შეშინებული სახით ჯდომა, თუმცა შემოჩენილ დაძაბულობას ვერაფერს ვუხერხებდი.
დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვიჯექით ჩუმად, შემდეგ კი ტყეში სროლის ხმა გაისმა, ლილიტს სახე გაებადრა და აღტაცებით აღნიშნა ”როგორ მიყვარს ეს ტრადიცია და ზოგჯერ როგორ ვწუხვარ, რომ კაცი არ ვარო”, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, და გაოცებულმა შევხედე, მიხვდა, რომ ვერაფერი გავიგე და ამიხსნა დუელს ვგულისხმობო, ცოტა მეუცნაურა, ვიფიქრე ალბათ ორმა ჭიქა არაყმა უკვე იმოქმედა მეთქი და თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა, მიპასუხა ნუ გიკვირთ, ეს ერთადერთია რის გამოც მიყვარს აქაურობაო. მე კიდევ 10 წუთი გავჩერდი მასთან და გადავწყვიტე სახლში დაბრუნება, ვუთხარი რაღაც ვერ ვარ და წავუძინებ მეთქი, კარგიო, სახლიდან გასულმა თავი მოვაბრუნე, უკვე ცოტა მთვრალიც ვიყავი და ვკითხე დილით თქვენი სახელი ვერ გავიგე და მომერიდა მეკითხა, იქნებ თავიდან გამეცნოთ მეთქი, გაღიმებულმა მომაძახა ლილიტიო და კარები დახურა.

Advertisements

14 thoughts on “ფერმკრთალი

  1. აჰააა!.. თურმე სად ყოფილხარ ამდენი ხანი 🙂
    მომეწონა პოსტი ძალიან, სულმოუთქმელად ჩავიკითხე ბოლომდე. მეც სოფელზე დავწერე წეღან სხვათაშორის, ოღონდ უფრო ფოტოები დავდე 🙂
    ხო, ის უნდა მეთქვა, რომ თქვენობითი ფორმის არ არსებობა ძალიან ნაცნობია და სხვათაშორის ძალიან ხშირი… მიმართავ ხალხს თქვენობით და ვითომც არაფერი, საკუთარი თავის დამცირებაც კი გამოდის ისე უხეშად მოგმართავენ ზოგჯერ შენობით. არ ვიცი, იქნებ ვცდები და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ახალ ადამიანებთან მე მიმართვის ”თქვენ” ფორმას ვიყენებ ხოლმე და არაფრით გამომდის უცებ ”შენ”-ზე გადახტომა, მით უმეტეს უფროს ადამიანებთან…

    Like

    1. რაღაცნაირად მომინდა მიყრუებულ სოფელში ყოფნა, ნისლიანი ამინდი და ირგვლივ ტყე, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია 🙂

      Like

    1. სხვათაშორის ასეთი პოსტების წერა ზუსტად იმიტომ მიყვარს, რომ მეც ფილმივით ვხედავ სიტუაციას და მოვლენები ზოგჯერ მოულოდნელად ვითარდება ხოლმე 🙂

      Like

    1. დიდი მადლობა, მეც გილოცავ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ 🙂 მეც ვფიქრობდი როგორ მომელოცა და ვაპირებდი ანალოგიურად კომენტარის სახით დამეტოვებინა შენს ბლოგზე, თუმცა დამასწარი, ეს დღეები კომპიუტერს არ მივკარებივარ 🙂

      Like

    1. მშურს შენი, ვიქნებოდი მეც სადმე სოფელში და ჩუმად შემივძვრებოდი ხოლმე ინტერნეტში, რომ ბოლომდე არ დამეკარგა კავშირი. იმედია კარგად დაისვენებ 🙂

      Like

  2. tako

    ბაბუის სახლი მაქვს, ნისლიც ძალიან ხშირია, გასაღებიც სადღაც ახლოს უნდა მქონდეს,თოვლიც არ არის და მარტივად შევძლებთ ასვლას…ლილიტი არა მაგრამ მსგავსი პერსონაჟიც ბევრი დაგვხვდება. სამწუხარო ის არის, რომ შვებულება არ გვაქვს 😦

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s