“ღმერთმა მიღების საათები დაასრულა”


საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას მერამდენედ არღვევ აღარც კი გახსოვს, სახლიდან გამოსულს შემთხვევით გახსენდება, რომ უკვე კვირა ღამდება და კიდევ ერთხელ გადადე ის რასაც უკვე თვეზე მეტია გეგმავ. ჩქარი ნაბიჯით კვეთ ქუჩას და ლამპიონებით განათებულ კიბეზე არბიხარ, კარები ღია გხვდება, შიგნით სრული სიბნელეა თუმცა იმედოვნებ, რომ თვალი გატყუებს და 1 სანთელი მაინც დაგხვდება ანთებული, რომელიც თავის მხრივ გაანათებს სრულიად ჩაბნელებულ სივრცეს, სუნთქვაშეკრული შერბიხარ პატარა ოთახში სადაც ყურადღებას არავინ გაქცევს, გეუბნებიან, რომ დაგაგვიანდა, შენ არ იშლი შენსას და ითხოვ, რომ მოგცენ 5 სანთელი, არ გისმენენ, ჯიუტად განაგრძობენ დღიური შემოსავლის დათვლას, შენც დაჟინებით არ იცვლი ფეხს ადგილიდან, თან თვალს აპარებ გარეთ, უშენოდ რომ არ გაიკრიფონ სახლში და მიცემული პირობის შესრულების შანსი კარების ჩაკეტვით არ გააცამტვერონ, უკმეხად გიყურებენ და გეკითხებიან რა გინდაო, შენ იმეორებ რომ 5 სანთელი გჭირდება, აუღელვებლად და აუჩქარებლად გაწვდიან და უკმაყოფილო სახით გარიდებენ თვალს. გახარებული გამოდიხარ და ისევ არბიხარ კიბეზე, ბოლო საფეხურიღა დაგრჩა ასავლელი და ხედავ, რომ შავებში ჩაცმული, გამოპრანჭული ქალბატონი გამოდის გასაღებით ხელში და კეტავს კარებს, რამდენიმე წამით იბნევი, არ იცი რა გააკეთო, შემდეგ კი მოკრძალებით ითხოვ ორი წუთით შეგიშვან, სულ ორი წუთით, წარბაწეული ქალბატონი კი გპასუხობს, რომ ეს შეუძლებელია, უკვე სიგნალიზაცია ჩართეს და კარებიც დაგმანულია, ღმერთმა მიღების საათები დაასრულა. მაშინვე რამდენიმე დღის წინ წაკითხული წიგნის ფრაგმენტი გახსენდება –
”ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ათენა ეკლესიიდან გამოსვლისას, შეიძლება იესოს შეხვდა, ატირებული გადაეხვია და შეშფოთებულმა სთხოვა აეხსნა, რატომ იყო, რომ რაღაც გერბიანი ქაღალდის გამო, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს სულიერებასთან, არ უშვებენ მას რჩეულთა შორის.
იესო შეხედავდა ათენას და შეიძლება ასე ეპასუხა:
-ხედავ, შვილო ჩემო, მეც ეკლესიის კარიბჭის აქეთ ვდგავარ, დიდი ხანია მეც არ მიშვებენ შიგნითო.”

Advertisements

სარკესთან ზურგით


უფანჯრო ოთახი თეთრი კედლებით, სივრცე საკმარისად პატარაა, სარკესთან ზურგით ვდგავარ და აუღელვებლად ვეწევი სიგარეტს, საკუთარი თავის ყურებით დავიღალე, აღარ მინდა ჩემი სილუეტის კიდევ ერთხელ ხილვა, გარედან ხმები შემოდის, კარებს ვეყუდები და ვცდილობს ერთმანეთში არეული ხმებიდან ნაცნობი ტემბრი გამოვარჩიო და გავიგო რაზე საუბრობენ, რამდენად ახლოს დგანან ოთახთან. სიგარეტის კვამლი ნელ-ნელა დაიკლაკნება ოთახში და ცდილობის გასასვლელი იპოვნოს, თუმცა ამაოდ, სივრცე დახურულია და მხოლოდ კარების ჭუჭრუტანიდან თუ შეძლებს ნელი სვლით გაძვრომას.
გარეთ არ გამიხედავს, თუმცა ვგრძნობ, რომ ნაცრისფერი დღეა, ზამთრისთვის ზომიერად სუსხიანი, ვგრძნობ, რომ დროა ხალხმრავალ ოთახს დავუბრუნდე და უკვე გაყინული ყავის ბოლო ყლუპიც დავლიო.
წერილის წერა დავამთავრე, უკვე ჩვეულებად ქცეული ყოველდღიური მიმოწერით დღის მორიგი 1 საათი მოვკალი, დავწერე ყველაფერი რამაც გამიელვა თავში, როგორც ყოველთვის ბევრი ვიფიქრე დასაწყისზე, თუმცა შემდეგ ყველაფერი მარტივად წავიდა, ერთი ამოსუნთქვით დავწერე, შემდეგ თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ ზედმეტად გრძელი და მრავლისმომცველი გამოვიდა იმის კვალობაზე, რომ ეს იყო წერილი არაფერზე. შემდეგ ისევ წინა საახალწლო განწყობისთვის ზედმეტად შეუფერებელ და ბნელ სურათს მივაშტერდი, უსაქმურობისგან დაღლილი ხალხის ყოველგვარ აზრს მოკლებულ საუბრებზე კიდევ ერთხელ გამიჩნდა გულის რევის განცდა და ყურსასმენები ჩამოვიცვი იმის იმედით, რომ როგორმე შევძლებდი მათი ხმების გადაფარვას, მცდელობა რა თქმა უნდა ამაო აღმოჩნდა, დავადგინე, რომ ადამიანები განსაკუთრებული მონდომებით საუბრობენ ყოველგვარ უაზრობაზე, ჭეშმარიტად მნიშვნლოვანი საკითხები მათში ამგვარ აღტკინებას არასოდეს იწვევს, უმიზეზო და უმიზნო დიალოგების თემა კი არასოდეს ელევათ.
ისევ უაზროდ მეძინა, ყოველთვის მინდოდა მთელი ღამის განმავლობაში მძინებოდა ისე რომ ეს მეგრძნო, აი დილისკენ შედარებით ფხიზელი ძილის დროს, ნათლად რომ აღიქვამ, რომ გძინავს და ამით ტკბობას, რომ განიცდი ხოლმე.
ვხვდები, რომ 5 წუთიღა დარჩა და შევძლებ სევდაში გადასული დაღლილობით, მუსიკის ფონზე ტკბობა განვიცადო, ვიმედოვნებ, რომ ქუჩები საკმარისად განათებული იქნება საიმისოდ, რომ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული ტრანსპორტში წიგნის კითხვის უზომოდ სასიამოვნო რიტუალი ვაჩუქო ჩემს თავს.
რაღაცნაირი გულდაწყვეტით ვუყურებ საახალწლოდ მორთულ ვიტრინებს, არ ვიცი რატომ, თუმცა უკვე მერამდენედ ვგრძნობ, რომ ახალი წლის მოლოდინი ყოველთვის დეპრესიულად ბედნიერ შეგრძნებებს იწვევს ჩემში.
დიდი ხანია საკუთარ თავთან აღარ მილაპარაკია, ნაწყენებივით აღარ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ყოველი მცდელობისას ზურგს ვაქცევ მას და ხელით ვანიშნებ, რომ არ მცალია, სახლში მისულს კი ის მუდმივად ჩაძინებული მხვდება, თან სათვალე უკეთია ხოლმე, ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ სცადა ტელევიზორის ყურება, თუმცა რა თქმა უნდა ისევ ჩაეძინა, ჰოდა მეც ვიძინებ. დილით არასოდეს გვაქვს დრო ერთმანეთთან სასაუბროდ, მას მუდმივად სადღაც მიეჩქარება, მე კი საქმიანი სახით ვალაგებ გეგმებს და ვცდილობ არაფერი გამომრჩეს. სამსახურის გზაზე ორივე ვდუმვართ, ის წიგნს კითხულობს, მე კი მუსიკაზე ვფიქრობ, რომელიც დაჟინებით განაგრძობს დაკვრას, ზოგჯერ ფხიზლდება და მეუბნება, წიგნისთვის ზემდეტად შეუფერებელი სიმღერააო, მეც დაღლილობისგან არ მრჩება გაპროტესტების თავი და აუღელვებლად გადავდივარ სხვა სიმღერაზე, ამასობაში ის ისევ კითხულობს და უკვე აღარც ესმის ხმები, რომლებიც მთელი მონდომებით ჩასძახიან ყურში. ჩვენ აღარაფერს ველოდებით, აღარც სული გვეკვრება მოვლენების შესაძლო განვითარების წარმოდგენისას, ჩვენ მშვიდად ვართ, უბრალოდ მშვიდად.