ჯალათი


გილიოტინა (თავის მოკვეთა), საწამლავის კოქტეილი, სახრჩობელა – განათებული სახით მიუყვებოდა ბნელ ნესტიან დერეფანს და თან თითებზე ითვლიდა სიკვდილით დასჯის სახეობებს.
ჯალათი – დიდი ვერაფერი სახელი მომიფიქრეს, ზედმეტად უხეშად ჟღერს, მაშინ როდესაც მკვლელი ნაკლებად საზარელი და შეურაცხმყოფელია.
ვინაიდან ჩემს სახეს განაჩენის აღსრულების დროს ნიღაბი ამშვენებს მაღაზიაში პურის საყიდლად შესულს ზიზღითა და ამრეზით არავინ მიყურებს, თუმცა ყოველთვის ვიძაბები, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი თანდასწრებით ერთმანეთს ყურში უჩურჩულებენ ხოლმე რამეს, მგონია, რომ ჩემზე საუბრობენ ან გრძნობენ რომ ხელებზე სისხლის სუნი ამდის, რამდენჯერაც არ უნდა დავიბანო ხელი ამ სუნს მაინც ვერ ვიშორებ.
დღეს კიდევ ერთი ”შოუ” იგეგმება, ქალაქის ცენტრი კვლავ გადაჭედილი იქნება და ტვინის წამღებ ზუზუნში მომიწევს მუშაობა.
გუშინდელ სადღესასწაულო საღამოზე გაცნობილი ქალბატონი ჩემი მგრძნობიარე და უსაზღვროდ რომანტიული პერსონით აღფრთოვანებას ვერ მალავდა და თავგამოდებული კიცხავდა ყველას ვინც ადამიანის სისხლში ითხვრიდა ხელებს, მეც რას ვეტყოდი, არ მგონია მართებული იყოს გაცნობისთანავე ერთი სტროფი სასიყვარული ლექსის თქმის შემდეგ ღიმილით იმის განმარტება, რომ სიკვდილი და სხვისი სისხლით ხელების მოთხვრა შენი სამსახურია და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ხედავ. საღამოს ალბათ პირველი პაემნად წოდებული შეხვედრა გვექნება, რა სიმბოლურია რაც უფრო სწრაფად ამოხდება სული დღევანდელი შოუს სულისჩამდგმელ იდიოტს მით უფრო მეტი დრო მექნება თავის მოსაწესრიგებლად.
ამასობაში ქალაქის ცენტრსაც მიუახლოვდა, – განაჩენის აღსრულებამდე ჯერ კიდევ ორი საათია დარჩენილი აქ კი უკვე იმდენ ადამიანს მოუყრია თავი, რომ ნემსი არ ჩავარდება. შემდეგ იტყვიან, რომ ჩვენ ვართ არაადამიანები, სისხლის მსმელები, მკვლელები, ცხოველები – მათგან განსხვავებით ტკბობას მაინც არ განვიცდი და არც ბედნიერი ღიმილით მივეშურები სახლში საქმის დამთავრების შემდეგ, ეს უბრალოდ სამსახურია და ვცდილობ იმაზე ვიფიქრო, რომ ყველა ვისი საიქიოში გასტუმრებაც ჩემი ნახელავია ალალად იმსახურებდა ამას.
კარნავალებზე დიდი ენთუზიაზმით ირგებენ ხოლმე ჩემს როლს, უგემოვნოდ ჩამოიცვამენ ნიღაბს და დადიან ამაყად ”ჯალათის ფორმაში გამოწყობილები”, მეორე დღეს კი ენას იტყავებენ ჯალათების ლანძღვით.
ვინ იცის იქნებ კარგ საქმესაც ვაკეთებ, საზოგადოებას ვწმენდ არასასურველი სუბიექტებისგან და ამასთან თუ მართლაც არსებობს რაიმე იქნებ საკუთარი სიკვდილით ცოდვების გამოსყიდვაშიცც ვეხმარები და ჩემი ხელი სამოთხისკენ მიმავალ გზას უხსნის თითოეულ მათგანს.
რამდენიმე ახალგაზრდა სადღესასწაულოდ გამოწყობილ ქალბატონს ადგილი სულ წინა რიგებში დაუკავებია და მოუთმენლად ელოდებიან როდის დაიწყება სანახაობა, სანაძლეოს დავდებ, საქმის შესრულებას რომ შევუდგები თვალებზე ხელს აიფარებენ, თუმცა შეფარვით მაინც გამოაპარებენ თვალს რათა უცქირონ ყველაფერს და ერთი დეტალიც კი არ გამორჩეთ შემდეგ ერთმანეთს მხარზე დაადებენ თავს და სევდიანად წაიჩურჩულებენ ”რა საშინელებაა”, მლიქვნელები, თუ ამის ყურება არ უნდოდათ და არ შეეძლოთ დილიდან შუაგულ მზეზე რისთვის იხრუკებიან წინა რიგებში ადგილის დასაკავებლად.
როგორც ყოველთვის შეკრებილ საზოგადოებაში მოუთმენლობა იგრძნობა, ერთი სული აქვთ დაამტკიცონ როგორი ლმობიერები და ჰუმანურები არიან, ქმრებს, საქმროებს მიეხუტონ ღონემიხდილები, შემდეგ კი ამ ”ვაჟკაცებმა” გამკიცხავი მზერა მესროლონ და გადაფსკვნილები გაემართონ სახლში ვიშვიშით. გულახდილ და დაუფარავ გრძნობებს მხოლოდ დამნაშავისა და მსხვერპლის ახლობლები გამოხატავენ, მხოლოდ ისინი არ იწუხებენ თავს თეატრალიზებული დადგმა გაათამაშონ ხალხის დასანახად.

უკვე გვიანდება თუმცა დამნაშავე არადა არ მოჰყავთ, ჯერ კიდევ მღვდელს აბარებს აღსარებას, რას საუბრობენ ამდენს გაუგებარია, თუ ასეთი მორწმუნე იყო თავის დროზე ეფიქრა იმაზე რასაც აკეთებდა, თუ 14 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ ეზიარა ჭეშმარიტებას.

როგროც იქნა, მოყავთ, ხალხი ახმაურდა, მეც აუღელვებლად მოვემზადე… ყველაფერი სცენარის მიხედვით განვითარდა, თუმცა პაემანზე დამაგვიანდა, ისტერიულად ვიბანდი ხელებს ნახევარი საათის განმავლობაში, რომ მივედი წასული დამხვდა, რაღა მაინც და მაინც მე შემხვდა ქალისთვის შეუფერებლად პუნქტუალური აწ უკვე არ შემდგარი შეყვარებული.


Advertisements

4 thoughts on “ჯალათი

  1. საცოდავი ”ჯალათი”… ვეთანხმები ყველაფერში და საერთოდაც, მე თუ მკითხავ დამკვეთია დამნაშავე და არა შემსრულებელი, ფილმებში ნანახ ჯალათებსაც არანაირი უარყოფითი ემოცია არ გამოუწვიათ ჩემთვის არასდროს, ყოველთვის იმაზე ვბრაზობდი, ვინც მოინდომა რომ ჯალათს მოეკლა ეს ადამიანი. მაგრამ ყოველთვის ყველაზე მეტად შეკრებილი ხალხი მაღიზიანებს, თითქოს თვითონ წმინდანები არიან და ეცოდებათ, აბა იქ რისთვის დგანან? ეს არ ეხება მარტო ფილმებს და ჯალათებს, ზოგადადაც ასე ხდება, ხალხი, იგივე ბრბოა, რომელიც აყრის კონკრეტულ ადამიანს ტალახს და მერე თვითონვე უკვირს…

    Like

    1. სხვათაშორის ერთი ფილმია, სახელი არ მახსოვს, კრისტინა რიჩი თამაშობს, ზუსტად იმ ადამიანებზეა რომლებიც ქრისტეს წამებისას იქ მხოლოდ იმიტომ იყვნენ, რომ ეყურებინათ სანახაობისთვის ანუ არც ჯვარცმის მომხრენი იყვნენ და არც მოწინააღმდეგეები, უბრალოდ საყურებლად მივიდნენ და ისინი ითვლებიან ყველაზე საშინელ ადამიანებად. საკმაოდ საინტერესო სიუჟეტია, ყველგან სადაც ადამიანი კვდება წინასწარ მიდიან უბრალოდ იმიტომ რომ უყურონ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s