ემოცია


საშინელ ქარში, აივანზე, ვალის მოხდის მიზნით მოწეული მეორე ღერი სიგარეტის შედეგად დატოვებულ მწარე გემოს თაფლიანი ყავის ტკბილი და ასოციაციებით სავსე სურნელი ცვლის. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ბურდღუნებ – “წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო.” კარგად ხვდები, რომ ამ ფრაზის ავტორიც ისეთივე მდგომარეობაში იმყოფებოდა როგორშიც ახლა შენ ხარ, ცდილობდა რაიმე გამართლება მოეძებნა თავისი საქციელისთვის და ასეთივე დაჟინებით ბურდღუნებდა აღნიშნულ ფრაზას.
გულწრფელი მწუხარებით აუწყე გონებას, რომ ამჯერად განსასჯელის სკამზე ალკოჰოლის მოთავსება ვერ მოხერხდებოდა. “ჰოდა მაშინ მოათრიე ის დეგენერატი ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, როდემდე შეიძლება ვითმინოთ მისი უპასუხისმგებლო საქციელი, როდემდე შეიძლება ვაგო პასუხი ემოციის მიერ ჩადენილ ყოველგვარ აზრს მოკლებულ ქმედებებზე. იქნებ შენც ერთხელ და სამუდამოდ მიხვდე, რომ ამ შენს ცივილურ სასამართლო გარჩევებს არავითარი შედეგი არ მოაქვს და დაფიქრდე ლინჩის წესის ან სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე. ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ ცირკს.” ტელეფონის ზარი გაისმა, შვებით ამოისუნთქე, სულ რამდენიმე წუთით მაინც შეძლებ შესვენების გამოცხადებას, ნელი მოძრაობით გაემართე საპასუხოდ, “ჰო მიდი უპასუხე, არავინ დაგასწროს, შენთვის არ უთქვამთ, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრის განმავლობაში ტელეფონზე საუბარი მსუბუქად რომ ვთქვათ უზრდელობაა?!”
საუბარი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.
ყველა დანაშაულს აქვს მოტივი, ხოლო ვინაიდან ამ შემთხვევაში მოტივი არ იკვეთება, არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა – განაცხადე ნიშნის მოგებით.
“ოჰ, როგორც ვხედავ მიძინებულმა იურისტმა გაიღვიძა, ბრავო მაესტრო, ბრავო. თქვენთვის არ უთქვამთ, რომ იდიოტებს მოტივი არ სჭირდებათ?! იქნებ შენც გააცნობიერო ერთხელ და სამუდამოდ, რომ ოცნება იურისტობაზე დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს და უკვე დიდი ხანია დროა თავი შეუმდგარი იურისტების მრავალრიცხვოვან რიგებს მიაკუთვნო.”
იდიოტიზმი დაავადებაა, ხოლო შეურაცხადი ადამიანის დამნაშავედ ცნობა არ შეიძლება. – მიუგე მშვიდი ხმნით.
“ჰოდა მაშინ, მიუსაჯე იძულებითი სამკურნალო ღონისძიება და გაამწესე აქვე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, გიჟების ადგილი მანდაა. ერთხელაც იქნება ორივეს დაგვასამარებს და მერე ნუ მოხვალ ჩემთან საწუწუნოდ, წინასწარ იცოდე, რომ ყოველგვარი სიბრალულისა და სინდისის ქენჯნის გარეშე გეტყვი “მე ხომ გაფრთხილებდი” მეთქი.”
მასაც მოვუსმინოთ, ყველას აქვს დაცვის უფლება.
“კარგით ქალბატონო თემიდა, როგორც თქვენ იტყვით, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ არაადეკვატური აზრების რახა-რუხი და თავი მოვაჩვენოთ, რომ უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში რაც მოვისმინეთ არ იყო საკმარისი და ვერ ვძღებით მისი სმენით.”
განსასჯელის სკამიდან ნელი მოძრაობით წამოდგა თავდახრილი ემოცია და ცახცახით ჩაესვენა მოწმის სავარძელში.
პროკურორის როლში მყოფმა გონებამ უკმაყოფილოდ დაამთქნარა, თავი ნიკაპს დააყრდნო და წაიბურდღუნა “ერთი კვირა დღე მაქვს და ისიც არ შემარგეს.”
“მე არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ განხორციელებული ყველა ქმედება იყო მართლზომიერი და არ წარმოადგენდა დანაშაულს.” – განსაცვიფრებელი სიმტკიცით დაიწყო ჩვენების მიცემა ემოციამ.
გაოგნებულმა გონებამ თავი წამოწია და წაისისნა “უყურე შენ, რამდენი რამე უსწავლია, ეს უკვე საინტერესოა.”
“დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელი იყო თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ მოვქცეულიყავით ადამიანურად, გულახდილად გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება, რაციონალური მსჯელობისგან მიღწეული რობოტიზმის სიტუაციიდან დავბრუნებოდით ადამიანურ საწყისს, ვყოფილიყავით ის რაც ვართ, გაგვექრო ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, შეგვეწყვიტა მორგებული მკაცრი და უგრძნობი ადამიანის როლის თამაში. იქნებ დღეს მაინც მიხვდეთ, რომ ამისთვის არც ალკოჰოლია საჭირო და არც დამამშვიდებელი საშუალებები, ეს ვართ ჩვენ, როდემდე შეიძლება საკუთარ თავს ავუკრძალოთ თავისი სურვილის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებები და არა გონების მიერ დაწესებული ნორმებით იმოქმედოს მუდმივად, როდემდე?!”
“და შენ, უკაცრავად თქვენ – გაეცინა – გგონიათ, რომ შექმნილი სიტუაცია იწვევს კმაყოფილების შეგრძნებას და თქვენს მიერ დაუფიქრებელი და თვითნებური საქციელის შედეგები სახარბიელოა?”- ჩაერთო გონება.
“დიახ, მე მივიჩნევ, რომ სწორედ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ სისრულეში მოყვანილი გადაწყვეტილება არათუ სწორი იყო, არამედ პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებს. რომ არა თქვენი მუდმივი შენიშვნები და მითითებები შესაძლოა დღეს ბედნიერებიც კი ვყოფილიყავით, თუმცა თქვენ დაჟინებით განაგრძობთ ჩვენში ეჭვის გაღვივებას, განაგრძობთ ნელ-ნელა შხამვას, მუდმივად ბრალს გვდებთ დაუფიქრებელ საქციელში. სად ბრძანდებოდით მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება განხივლაზე იყო გამოტანილი? რატომ მაშინ არ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია?!”
“ეს ალბათ რიტორიკული შეკითვხაა და პასუხს არ საჭიროებს.” – ჩაიქირქილა გონებამ და კატეგორიული მზერა გესროლა.
“პასუხის გაცემა, რომ შეგძლებოდათ ცინიზმის გარეშე დააფიქსირებდით თქვენს პოზიციას, თუმცა ვინაიდან არავითარი გამართლება არ გაგაჩნიათ, ამ საცოდავ ხერხს მიმართეთ თავის დასაცავად, მე მეცოდებით, გულწრფელად მეცოდებით.”
გონებამ ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოდგა, შენ ჩაქუჩს დაავლე ხელი და სიწყნარე მოითხოვე.
“საღამო იყო, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებით ვიყავი დაკავებული, იმ საკითხების მოგვარებით, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და დრო არ მქონდა თქვენი მორიგი ტუტუცობა გამეკონტროლებინა, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ჩვენ, ისედაც თავზე საყრელად გვაქვს პრობლემები. დრო იხელთეთ და შეეცადეთ დაგემტკიცებინათ, რომ თქვენც შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღებაში თქვენი როლი ითამაშოთ, მოგინდათ ხაზი გაგესვათ, რომ თქვენ არა გამოუყენებელი ხარახურა და პრობლემების სათავე, არამედ ჩვენი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხართ, დღეს კი ჩვენ ვალდებულები ვართ, დიახ ჩვენ ვართ ვალდებული ვაგოთ პასუხი თქვენი არასრულფასოვნების კომპლექსით გამოწვეულ, სასწრაფოდ მოსაგვარებელ პრობლემაზე.” – დაასრულა გამოსვლა გაცხარებულმა გონებამ.
“ვინაიდან ჩვენ ადამიანი გვქვია და არა მანქანა, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია ზოგჯერ მაინც მოვიქცეთ დაუფიქრებლად და ამით გამოწვეული სისხლის ადუღება ვიგრძნოთ, ვინაიდან ჩვენ ადამიანობას ვუწოდებთ ემოციებს და არა გამჭრიახობას, ჩემი არსებობა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორიც თქვენი, ვინაიდან ტვინი კომპიუტერსაც აქვს თუმცა მას ადამიანს არ ვუწოდებთ, მე ვარ ის რის გამოც შენ წილად გხვდა ბედნიერება გერქვას ადამიანი.”
ტაშის დაკვრა გინდოდა, თუმცა გონების გამყინავი მზერა იგრძენი და თავი შეიკავე.
სასამართლო დაასრულეთ. გონება მიხვდა, რომ განსასჯელის ბოლო სიტყვებიდან გამომდინარე მისი სიკვდილით დასჯის მოთხოვნა მსუბუქად, რომ ვთქვათ უადგილო იქნებოდა, მან დემონსტრაციულად დატოვა სასამართლო დარბაზი.
ემოცია უდანაშაულოდ სცანი.
გამოსასვლელში გონება გელოდებოდა, თან ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს, გაგიღიმა და გითხრა “ძალიან მოკლე დროში კვლავ მოგვიწევს შეკრება.” შემდეგ სიგარეტი ფეხით გასრისა და გაგეცალა.

Advertisements

2 thoughts on “ემოცია

  1. უი… საცოდავი გონება 🙂 ეს ხუმრობით, ისე კი მართლაც, ”როდემდე შეიძლება საკუთარ თავს ავუკრძალოთ თავისი სურვილის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებები და არა გონების მიერ დაწესებული ნორმებით იმოქმედოს მუდმივად, როდემდე?!”

    Like

    1. ჰო, ზოგჯერ ალბათ ჯობია დავივიწყოთ პრაგმატული მითითებები და გავაკეთოთ ის რისი გაკეთებაც უბრალოდ გვინდა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s