სამოთხე გარანტიით


თქვენ უკვე იცით თქვენი გარდაცვალების დრო, გაცნობიერებული გაქვთ, რომ საკმაოდ ცოტა დრო გაქვთ დარჩენილი და გსურთ გარანტიების მიღება, ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო გამოსავალს, გარანტირებული სამოთხე, მიუხედავად თქვენი წარსულისა.
ჩვენთან თანამშრომლობისთვის აუცილებელია დარჩენილი გქონდეთ მინიმუმ 40 დღე დედამიწაზე, იმისთვის, რომ მიიღოთ შესაბამისი მომსახურება და გქონდეთ გარანტია.
პირველ რიგში გთხოვთ შეავსოთ ბლანკი და მიუთითოთ თქვენი აღმსარებლობა, თქვენი წარმოდგენა სამოთხესა თუ ჯოჯოხეთზე, თქვენი წინასწარი პროგნოზი, ამჟამინდელი მონაცემებიდან გამომდინარე სად ვარაუდობთ მოხვედრას, გთხოვთ აღწეროთ აღნიშნულის მიზეზები, მიუთითოთ ფაქტები თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს გარდაცვალების შემდეგ თქვენს განაწილებაზე.
მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი, მიზეზი, რომლის გამოც სავარაუდოდ გარდაიცვლებით, დროის სავარაუდო ხანგრძლივობა დარჩენილი გარდაცვალებამდე.
მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ.
სახელი, გვარი: მელანო სანაძე.
დაბადების თარიღი: 11.08.1980 შენიშვნა: აგვისტო მინდოდა დამეწერა, თუმცა 08 უფრო ოფიციალურია ალბათ, ისე კი მე 11 აგვისტოს დავიბადე, ასე უფრო კარგად ჟღერს მიყვარს ზაფხულის ბოლო, ზოგჯერ ყველაზე ცხელი, არდადეგებისა და შვებულებების, გართობისა და ბედნიერების თვე.
გარდაცვალების მიზეზი: პროგრესირებადი დაავადება, მკურნალობას აღარ ვექვემდებარები.
გარდაცვალების სავარაუდო თარიღი: მითხრეს, რომ დაახლოებით 3 თვე მაქვს დარჩენილი, ანუ აგვისტომდე ვერ მივაღწევ (ეს ალბათ არც არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ გული მწყდება და ამიტომ ჩავთვალე აღნიშვნის ღირსად).
აღმსარებლობა: ქრისტიანი, ნუ ალბათ მართლმადიდებელი, თუმცა ისე ქრისტიანი.
თქვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, რამდენად იცავდით დადგენილ წესებს: წესებს ალბათ ნაკლებად ვიცავდი, წირვაზე სკოლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, თუმცა ეკლესიაში დავდიოდი, ოღონდ მაშინ როდესაც ყველაზე ცოტა ხალხი იყო, ლოცვა ძალიან პირადულია და არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ხატთან მისასვლელად და სანთლის ასანთებად რიგში მომიწევს დგომა და ხატთან დგომისას ლოცვის ნაცვლად არ მინდა იმაზე ვფიქრობდე უკან ხალხი როგორი უკმაყოფილებით ელოდება თავის რიგს. მარხვაც არასოდეს დამიცავს, აქაც გამართლება მქონდა, არ მიმაჩნია საჭიროდ რაღაც კონკრეტულ საკვებზე ვთქვა უარი და ამით დავამტკიცო ჩემი რელიგიურობა, ეს არაფერს ცვლის. აღსარებაც ბოლოს სკოლაში ვთქვი, ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ცოდვების მოსანანიებლად და სინანულის დასამტკიცებლად შუამავლები არ მჭირდებოდა. შესაბამისად ზიარებაზეც არ ვყოფილვარ. არც ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ვლოცულობდი, არც საქმის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, იმისა, რომ თავს ქრისტიანი ვუწოდე, თუმცა მართლმადიდებლობა ეჭვქვეშ დავაყენე.
თქვენი აზრით წესების დაცვის შემთხვევაში გარანტირებული გექნებოდათ სამოთხე: ძნელი სათქმელია, ის რაც წინა პუნქტში აღვწერე ალბათ თავის მხრივ იძლევა ამ კითხვაზე პასუხს, თუმცა თუ ჩვენი რელიგიის მიხედვით ვიმსჯელებთ ალბათ კი.
თქვენი მოლოდინი: რთული სათქმელია, წინა ორი პუნქტიდან გამომდინარე ალბათ ჯოჯოხეთი, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ჯოჯოხეთსა და სამოთხეშიც არსებობს დონეები, არ შეიძლება ადამიანები ორ კატეგორიად დაგვყონ, მე არც წმინდანი ვარ და არც სისხლისმსმელი ტირანი.
თქვენი წარმოდგენა სამოთხეზე: ძალიან რთული შეკითხვაა, უმჯობესი იქნებოდა ასასინი, კამიკაძე რომ ვყოფილიყავი გეტყოდით 70 ქალწული, თაფლისა და რძის მდინარე და ედემის ბაღი მეთქი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი რელიგია დახასიათებას არ იძლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მგონია, რომ ყველას ინდივიუდალური სამოთხე გვექნება, უდარდელობა, უპრობლემობა, სილაღე, თავისუფლება, ბედნიერების წარმოუდგენელი განცდა.
თქვენი წარმოდგენა ჯოჯოხეთზე: მეც ისეთივე წარმოდგენა მაქვს, როგორიც სხვებს, სიბნელე, ცეცხლი, ტკივილი, ტანჯვა.
მოკლედ აღწერეთ ის მიზეზები, რომელთა გამოც იმსახურებთ სამოთხეში ყოფნას: მგონი ამ კითხვით ცოდვისკენ მიბიძგებთ (ეს ხუმორობით, ფორმატი ე.წ. ”სმაილების” დაწერის საშუალებას არ იძლევა და  არც ინტერვიუა, რომ დავწერო ”იცინის” მეთქი). არ ვიცი, ცხოვრებაში ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომელიც გარანტირებულ ჯოჯოხეთს დაიმსახურებდა, ხშირად ვნანობდი იმას, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო, ეკლესიაშიც დავდიოდი, კიდევ ბევრი რამ მახსენდება, თუმცა მგონია, რომ თუ აქ ჩამოვთვლი ყველაფერს, მომენტალურად გადავუსვამ ხაზს მათ დადებითობას, ამიტომ თავს შევიკავებ (იქნებ ეს პუნქტი ამოგეღოთ საერთოდ, არ მგონია მართებული იყოს).
მოკლედ აღწერეთ ის მიზეზები, რომელთა გამოც იმსახურებთ ჯოჯოხეთში ყოფნას: ნუ აქ თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო, მიჭირდა დანაპირების შესრულება, მიფიქრია თვითმკვლელობაზე, ვეტანებოდი ალკოჰოლს, არ ვემორჩილებოდი წესებს, ვყოფილვარ შეუბრალებელი, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მეზიზღებოდნენ, ტყუილის გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო, ვეწეოდი (თუმცა ჩემი შეხედულებით ეს ცოდვა არ უნდა იყოს), ოჰ კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება.
საიდან გაიგეთ ჩვენს შესახებ: მეგობარმა მითხრა.
ხელმოწერა: მ.სანაძე
თარიღი: 20.11.2010
***
ერთი კვირის ვადაში დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად, შემდეგ კი დავიწყებთ მუშაობას.
-დიახ, გამარჯობათ, კი მელანო ვარ.
-რა თქმა უნდა მცალია, მოკლედ შევთანხმდით ხვალ 10 საათზე.
***
-ბოდიშს ვიხდი დამაგვიანდა.
-არაფერია – მკაცრი ტონით მიპასუხა კომპანიის წარმომადგენელმა. – გავეცანით თქვენს ანკეტას, რაიმეს დამატებას ხომ არ ისურვებდით?
-არა, მგონი ყველაფერი აღვწერე.
-კარგით, მაშინ გაეცანით ხელშეკრულებას და მოაწერეთ ხელი.
-თანხა ახლავე უნდა გადავიხადო?
-1 კვირის ვადაში ხელშეკრულების გაფორმებიდან.
-კარგით, თუ არ გადაგიხდით კიდევ უფრო დავიმძიმებ მდგომარეობას და 1 ნაბიჯით მივუახლოვდები ჯოჯოხეთს ხომ? – ვიხუმრე.
წარბი აწია და ამომხედა – თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება და დაგეკისრებათ აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა.
არადა ვიხუმრე – გასაგებია, ვიხუმრე უბრალოდ.
პასუხად სრული სიჩუმე მივიღე.
გავეცანი ხელშეკრულებას, დიდი ყურადღებით არც წამიკითხავს, მოვაწერე ხელი და გავუწოდე წარმომადგენელს.
-კარგით მელანო, ახლა წამობრძანდით, თქვენს პირად ინსტრუქტორს შეხვდებით.
-კარგით, დიდი მადლობა.
***
როგორც იქნა ვიღაცამ გამიღიმა, მომესალმა და შემომთავაზა დაჯდომა.
-მელანო, მე ყურადღებით გავეცანი თქვენს ანკეტას, თქვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, სტანდარტულად პირველი ნაბიჯი მოძღვრის პოვნაა, შესაბამისად თქვენ უკვე გყავთ მოძღვარი, რომელსაც დღეს გაიცნობთ და რომელთანაც ივლით, შემდეგ ჩვენ ვიპოვნით მონასტერს სადაც წახვალთ 2 კვირით და იცხოვრებთ იქაური წესებით, იმედია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა.
-ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან მკურნალობას აღარ ვექვემდებარები, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები.
-კი ბატონო – კვლავ გამიღიმა, არადა ამ შემთხვევაში ღიმილი ძალიან უადგილო იყო – ეს არის თქვენი მოძღვრის ტელეფონი, დაუკავშირდით და შეთანხმდით შეხვედრაზე.
-გმადლობ – გამოვართვი ფურცელი.
-მე ხვალ დაგიკავშირდებით.
-კარგით დიდი მადლობა.
***
3 თვეც გავიდა, ეკლესია, წესები, წესები, წესები, სინანული, მონანიება, მონასტერი.
62-ე დღე აღარ გათენებულა, ხელშეკრულება არქივში გაუშვეს, მე საიქიოში, ოღონდ კონკრეტულად სად, ეს კონფიდენციალურია.
Advertisements

6 thoughts on “სამოთხე გარანტიით

    1. ხო საინტერესო ბიზნესია, რაღაც მომენტში ამორალური და რაღაც მომენტში პირიქით, დარჩენილ დროს უმსუბუქებ ადამიანს იმის იმედით, რომ სამოთხეში მოხვდება და სწორად ცხოვრობს. რა ვიცი 🙂

      Like

  1. საინტერესო იყო უდაოდ. ნოვატორობა კი რა მოგახსენო. შუა საუკუნეებში მუშაობდა დაახლოებით ასეთი კანტოები. ყველაზე ცნობილი პროდუქტი ინდუგენციები იყო… რაღაცით ჰგავს ჩვენს საბანკო სექტორს. გადაიხდიდი შესაბამის თანხას და ან კონკრეტულ ჩასადენ ან ჩდენილ ცოდვას გამოისყიდდი, ან ცოტას თუ დაამატებდი სამოთხეშიც მიიჩოჩებდი სითბოსკენ ადგილს 🙂

    Like

    1. მთავარი განსხვავება (ნოვაცია) იმაში მდგომარეობს რომ ამ შემთხვევაში ფულს იხდი არა ცოდვის გამოსყიდვაში ან სამოთხეში მოხვედრაში, არამედ იმაში რომ გყავდეს ინსტრუქტორი (დამხმარე), რომელიც შენი მრწამსიდან გამომდინარე დაგეხმარება ცხოვრების ბოლო დღეების შედეგად დაიმსახურო ადგილი სამოთხეში, ანუ შეწყალებას კი არ ყიდულობ არამედ პირიქით ხარჯავ ფულს იმაში, რომ დაგეხმარონ სწორად ცხოვრებაში. მაშინ როდესაც ფულის აღება და სანაცვლოდ ცოდვების “პატიება” არა თუ ამორალურია, არამედ დანაშაულიცაა, ამ შემთხვევაში მეორე მხარეც არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს აძლევ იმედს და თუ მართლა არსებობს რაღაც შეიძლება შანსსაც აძლევ მოხვდეს სამოთხეში 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s