ბავშვობის რამდენიმე წიგნი


ფეხზე დაიხედა, მუხლთან გახეული შარვალი ეცვა, უზომოდ დიდი მაუსრი ლამის მუხლამდე წვდებოდა და მისი სიწითლე საერთოდ არავითარ კავშირში არ იყო ლურჯ ჩუსტებთან და ნაცრისფერ ჟაკეტთან. გავროში გაახსენდა, როგროც ყოველთვის სრულიად აუხსნელი (ან ზოგიერთისთვის სავსებით ახსნადი და ადეკვატური) ასცოიაციები უჩნდებოდა, ღიმილით წაიჩურჩულა ”ბონაპარტისტნი სახრჩობელაზე და ყველაფერი რიგზე იქნება!” გაეცინა, გაახსენდა წიგნის კითხვის დროს მამამისს რომ დასდევდა ამ შეძახილით, ვინაიდან მამა ნაპოლეონის დიდი მოტრფიალე იყო.
ცოტა იწვალა მარიუსის შეყვარებულის სახელის გახსენებაზე, თუმცა მალევე აღიდგინა, კოზეტი, ჰო კოზეტი, თვალწინ დაუდგა როგორი გატაცებით კითხულობდა იმ თავს სადაც მარიუსი სასიყვარულო წერილებს უტოვებდა კოზეტს ბაღში.
წიგნი ჟან ვალჟანს ეძღვნებოდა, მას კი ყველაზე ნაკლებად ეს პერსონაჟი მოსწონდა, მოიცადეთ იმ პოლიციელს რა ერქვა სისხლს რომ უშრობდა მთელი წიგნის განმავლობაში? ჟავერი, ჰო ჟავერი, მისი სახელის ხსენებისას თვალწინ მაშინვე საშინლად გამხდარი, ყელზე ბურთი რომ ემჩნევათ ხოლმე (არ მახსოვს რა ქვია), ნაცრისფერი, პალტოში გამოწყობილი მამაკაცის მკაცრი სილუეტი (თუ შეიძლება ადამიანის სილუეტს მკაცრი ეწოდოს) დაუდგა.
რა სიმწრით კითხულობდა ლამის 50 ფურცლიან მონასტრის აღწერას, მოვლენები ერთ ადგილზე რომ გაყინა ავტორმა და აღნიშნული მონასტრის თითოეული კედლის ნაკაწრის თითო აბზაციან აღწერას რომ შეუდგა.
კოზეტზე და სასიყვარულო წერილებზე, კვლავ ბავშვობაში წაკითხული და რატომღაც ძალიან ჩარჩენილი ”უთავო მხედრის” ერთ-ერთი საყვარელი თავი გაახსენდა, მგონი თავს ”მიყვარხარ, მიყვარხარ” ერქვა, და მგონი ამავე თავში იყო მომენტი ლუზია პოინდექსტრი აივანზე რომ იდგა და მორის ჯერალდის გამოჩენისას ავტორს რაღაც ამდაგვარი ეწერა ”მას ისიდორას კოცნით ეწვოდა ტუჩები”-ო. არა, ვერ იტანდა ვერც მორის ჯერალდს და ვერ სულელ ლუიზა პოინდექსტრს, აი კასიუს კოლჰაუნი კი სულ სხვა ამბავი იყო, ჯერ მარტო მისი ინიციალები ”კ.კ” რად ღირდა, დონა ისიდორასადმიც გააჩნდა სიმპათია რაღაც დოზით, მაგრამ კასიუს კოლჰაუნს ვერავინ შეედრებოდა.
”ტომ სოიერიდან” შემორჩენილი მკვდარი კატის სასაფლაოზე წათრევის იდეა დღემდე არ ასვენებდა და ყოველი ავადმყოფობის დროს დაჟინებით იმეორებდა ”ცერა თითზე  განგრენა მაქვს”.
ლილე, ლაშა-გიორგის ლილე, რაჭაში იყო ”ლაშარელას” რომ კითხულობდა, მაშინ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ლაშა-გიორგი საქართველოს მეფეებში მის ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იწვევდა, ის საშინელი მომენტი ლილეს, რომ თმა შეკრიჭეს დღმდე მწარედ ახსოვს, ის მომენტი კი როდესაც აღმოაჩინა, რომ ლილე მოკვდა (მართლა მოკვდა) ალბათ არასოდეს დაავიწყდება. ამავე წიგნში იყო რომანი ”დიდი ღამე”, ჰოდა როგორც ”ლაშარელას” კითხვის შედეგად შეუყვარდა ლაშა-გიორგი, ისე ამ რომანის კითხვის შედეგად შეიძულა რუსუდანი.
შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძე გაახსენდა, კითხვის დროს ვერაფრით რომ ჩამოყალიბდა დავით დადიანი უფრო მოსწონდა თუ ნიკოლოზ ბარათაშვილი, ბოლოს მაინც დავით დადიანის მხარე დაიჭირა და სასტიკად აღიზიანებდა ტატოს ყოველი გამოჩენა. ის მომენტი კი როდესაც ჯვრის წერისას ეკატერინე ჭავჭავაძეს გული წაუვიდა და როგორც ავტორმა თქვა ”დავით დადიანის მკლავებში ჩაესვენა” დღესაც განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევდა.
გრაფი მონტე კრისტო, რამხელა ინტერესით ელოდებოდა მესამე ტომზე გადასვლას, მესამე ტომში ედმონ დანტესს ხომ შურისძიება უნდა დაეწყო. ბუნდოვნად ახსოვდა წიგნში ის მომენტი, რომელშიც აღწერილია, როგორ სვამდა ბ-ნ გრაფი შხამს პატარ-პატარა დოზებით რათა შეჩვეოდა, თავადაც გაუჩნდა სურვილი იგივე ექსპერიმენტი საკუთარ თავზეც ჩაეტარებინა, რა კარგია, რომ ეს იდეა ვერ განახორციელა დღეს ალბათ არც იქნებოდა ცოცხალი, ან საერთოდ რად უნდოდა ამ ოხერი იმუნიტეტის გამომუშავება შხამზე, ვის უნდა მოეწამლა და რატომ გაუგებარია.
ბესიკ გაბაშვილის თავგადასავალი, ვერც დიდ ანას იტანდა და ვერც პატარას, არც ერეკლე უყვარდა და არც დედოფალი, არც თავად ბესიკით იყო დიდად გატაცებული, აი ლევანი კი. ოჰ ლევანი რომ არ მოეწამლათ… ვერ იჯერებდა რომ ლევანი მოკლეს.
პ.ს. კიდევ ძალიან ბევრი წიგნის გახსენება შეიძლება.
პ.პ.ს არ ვიცი წერა მესამე პირში რატომ გადავწყვიტე, მაგრამ რახან ასეა იყოს.
Advertisements

4 thoughts on “ბავშვობის რამდენიმე წიგნი

  1. რა საყვარლად გიწერია… სხვათაშორის ტომ სოიერზე მეც იგივე სურვილი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი კატის სასაფლაოზე წათრევის ფაქტი სასაცილოდ მიმაჩნდა 🙂 თვალწინ მიდგას ტომის და ჰეკლბერი ფინის საუბარი, თან მკვდარ კატას რომ მოათრევს 🙂 თითქოს წაკითხული კი არა, ნანახი მქონდეს, ოღონდ რეალურ ცხოვრებაში…
    ჩემდა სასირცხოდ უნდა ვაღიარო, რომ ჟან ვალჟანს და მის ცხოვრებას, ანუ ამ რომანს არ ვიცნობ კარგად, გადმოცემით ვიცი მარტო 😦 ხოდა, სულ მინდა წაკითხვა და ვერ მოვაბი თავი რატომღაც 😦 არადა, აშკარად სირცხვილია…

    Like

    1. გესიამოვნება წაკითხვა, კარგი წიგნია ნამდვილად, თუმცა ის 50 ფურცლიანი მონასტრის აღწერა არასოდეს დამავიწყდება, ბოლოს უკვე ნევრული შეტევა დამემართა 🙂

      Like

  2. ლევანი ვერაფრით გავიხსენე, ვინ არის 😐
    თმის შეჭრაზე მე სულ გამსახურდიას თამარი მახსენდება, “მთვარის მოტაცებაში”, ისეთი შეგრძნება მქონდა წაკითხვისას, თითოს მე მაჭრიდნენ თმას.

    უცნაური დამთხვევაა, სანამ შენს ბლოგზე შემოვიდოდი, ვფიქრობდი, ნეტავ ახლა რამე კარგი ქართული წიგნი მომცა–მეთქი.
    ძალიან მესიამოვნა ეს პოსტი. მადლობა.

    Like

    1. ლევან ბატონიშვილი ერეკლე II-ის ვაჟი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, წიგნის მიხედვით მოწამლეს, ჰოდა დღემდე მახსოვს როგორ ძალიან დამწყდა გული 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s