ჩემი შეთქმულება (”პარანოიკის” დღიურებიდან)


დღეს ადრე დაბნელდება, ამინდია ცუდი, დილიდანვე ეტყობოდა, რომ იწვიმებდა, თან ელვისა და ქუხილის გარეშე, შემოდგომის წვიმით იწვიმებდა, ჰოდა გაამართლა ჩემმა პროგნოზმა, მართალია შესაბამისი ზომები არ მიმიღია, მაგრამ ხომ მაინც ვიცოდი, ეს უკვე ნიშნავს რაღაცას. ან იქნებ ვიცოდი იმიტომ რომ გუშინ მითხრეს სინოპტიკოსები ხვალიდან აგრილებას ვარაუდობენო, მაგრამ არაა, მსგავსი ინფორმაციების მე არასოდეს მჯეროდა და შესაბამისად არც ყურად ვიღებდი ხოლმე, ეს ჩემი დაკვირვებული თვალისა და 24 წლიანი გამოცდილების შედეგია მხოლოდ.

დღეს ვიკრიბებით, დაბნელებაც სწორედ ამიტომ ვახსენე, გვიანობამდე დაცდა არ მოგვიწევს, ბოლოს და ბოლოს შავი მესა ხომ არ გვაქვს ჩასატარებელი აუცილებლად შუა ღამეს რომ დაველოდოთ, ადრე დაბნელდება, თან პარასკევია დალევენ და ჩვენთვის არ ეცლებათ, არც კი გავახსენდებით, ან არც დალევენ და ოჯახური ვახშმით შემოიფარგლებიან, თუმცა ის რომ ვერ მოიცლიან მაინც ფაქტია, ჰოდა რაღას ველოდოთ ამ დაღამებას, 8 საათისთვის უკვე შეგვიძლია დავჯდეთ სათათბიროდ. ადგილი უცვლელია რა თქმა უნდა, ისევ იქ სადაც თავდაპირველად მოვილაპარაკეთ, ვიცი ძალიან გიყვარს ეს ზედმეტი კონსპირაცია, მაგრამ ისე მაინც ნუ მოიქცევი და ჩაიცვამ რომ ყველას ყურადღების ცენტრში მოექცე, არაა საჭირო დღეს გამოიყენო შენი ნაირ-ნაირი ქუდებისა და თავსაფრების უხვი კოლექცია, ის სპეციალურად ამ დღისთვის ნაყიდი “პლაში” მოირგო ტანზე და დაღამებულზე, უფრო სწორად მთელი დღე მზე რომ არ გამოჩენილა ისეთი დღის დაღამებულზე მზის სათვალესაც ნუ გაიკეთებ. კარგი, პარიკის გამოყენება შეიძლება, მოირგე შენი ნანატრი გრძელი შავი თმა და ამაყად გამოიარე ქუჩაში, ძალიან გამომწვევიც ნუ იქნები ოღონდ.

ადრეც გეუბნებოდი ეჭვი მაქვს გვისმენენ მეთქი და ახლა დავრწმუნდი ამაში, სულ რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, რომ ბოლო პერიოდში სომბრეროები მაქვს აკვიატებული, სულ ამაზე ვფიქრობდი, იქნებ არა ერთხელ გავაჟღერე ხმამაღლაც. გუშინ მოვრჩი მუშაობას, როგორც იქნა მივახრიგინე მთელი 9 საათი და ქუჩაში გასულს, სომბრეროებით დამშვენებულმა რამდენიმე კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა ჩამიარა, ვამბობდი ჩემი გაგიჟება უნდათ მეთქი, არ გჯეროდა.

სპეციალურად გამოვეწყვე შავებში, დილიდან ვიქმნი განწყობას ჩვენი შეხვედრისთვის, გეგმა საბოლოოდ უნდა დავამუშავოთ და და ვადებიც დავთქვათ მისი განხორციელების, აი ის ვერ გავითვალისწინე, რომ ქოლგა ვარდისფერი მაქვს, აღარც მახსოვდა, არადა არ მინდა გაწუწული მოვიდე, დღეს მნიშვნელოვანი თარიღია.

სულ უკან ვიხედები, ვგრძნობ, რომ გვსწავლობენ, გვისმენენ, გვითვალთვალებენ.

გუშინდელმა ჩანაფიქრმა გაამართლა, შედეგი იმავე დღეს მივიღეთ, თუმცა კარგად ვხვდები, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

იმალება, გრძნობს, რომ ვაპირებ როლები გავცვალოთ და მონადირის როლი ამჯერად მე მოვირგო, არც გარბის, უბრალოდ იმალება, თუმცა მე მაინც ვგრძნობ მის აღელვებისა და შიშისგან გახშირებულ ცხელ სუნთქვას, თან დღეს გრილა და ორმაგად იგრძნობა ეს ოშხივარი.

დილიდან დაიწყეს! 7 საათიც არ იყო ხველის ხმამ გამაღვიძა, თითქოს იხრჩობოდა ვიღაც ისე ახველდება, შემეცოდა, აგონიას გავდა ეს ყველაფერი, მთელი დილა მესმოდა ეს ხმა, შხაპის ქვეშ მოვისვენე მხოლოდ. სახლიდან გამოსულმა ამოვისუნთქე, თუმცა სამსახურში მოსულს ისევ ეს ხმა შემომესმა, მთელი დღეა ვიღაც ახველებს.

ღამე როგორც კი თვალს გავახელ შუქს აქრობენ, როგორც კი ხვდებიან რომ შევფხიზლდი, მთელს ქალაქს აბნელებენ, გეუბნებოდი დიდი ხნით ადრე უნდა გადაგვედგა რადიკალური ნაბიჯები, თუმცა იმედია, რომ არც ახლაა გვიან.

მაგას მაინც ნურაფერს ეტყვი, ნურავის ეტყვი რას ვაპირებთ, არც ჩვენს შეხვედრაზე წამოგცდეს რამე, ყველა გვითვალთვალებს, ყველა ელოდება ჩვენგან ინფორმაციის მიღებას, რომ შემდეგ მშვიდად დაასრულონ მთელი თამაში, მე კი არ მინდა ყელზე მდუღარე სისხლის ჩამოღვრა ვიგრძნო.

არ დაიგვიანო, სიგარეტის კოლოფი არ დაგრჩეს მაგიდაზე მაშინდელივით, გელოდები 8 საათზე სარკესთან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s