28 ქველთობისა


შუაგულ მზეზე, გავარვარებულ მიწაზე მივაბიჯებდი, უკვე ათასჯერ მაინც მქონდა გამოცდილი ის თუ რას ნიშნავდა ასეთ სიცხეში ქუჩაში გასვლისთანავე სიგარეტის მოწევა, თანაც სწრაფად, თითქოს ვიღაც მოგდევდეს, გაჩქარებდეს. მოწევის დასრულებისთანავე ირგვლივ ყველაფერი ტრიალს იწყებს და ნაბიჯებს მძიმედ ადგამ, ცოტაც და გული წაგივა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ახლაც იგივე შეგრძნებით მომიწევდა თერთმეტი სართულის ჩავლა და ქუჩაში სიარული, თავი ვერ შევიკავე და ნიშნისმოგებით გავაბოლე.
საშინლად მიხაროდა წარსულის თითქმის უკვე დავიწყებული ჩრდილების ჰორიზონტზე თვითნებური გამოჩენა, როგორც ყოველთვის მუსიკას ვუსმენდი და არც ის მაწუხებდა, რომ მხარზე გადაკიდებული ჩანთა აშკარად ზედმეტად მძიმე იყო.
შემდეგღა გამახსენდა, რომ დღესასწაული იყო, საკმაოდ დიდი, თუმცა მის სიდიდეს ყველა თავისი მრწამსის მიხედვით აფასებს ალბათ. გავიფიქრე ის ისევ ჩვეულ სამაგალითო ადამიანის როლს ირგებს სავარაუდოდ და გაცოცხლებული იდეალის ყველა სავალდებულო ქმედებას ხუთიანზე ასრულებს მეთქი, ალბათ არც ვცდებოდი, თუმცა ამის გადამოწმება ვერ მოვახერხე, ან ამას რა მნიშვნელობა ქონდა.
როგორც ყოველთვის პარალელებს ვავლებდი იმასთან თუ რას ვაკეთებდი ზუსტად 1 წლის წინ, ზუსტად იმ დღეს, შემდეგ იმასთან თუ სად ვიყავი ზუსტად 5 წლის წინ და ა.შ. დღეს კი ბედნიერი ვიყავი, იმით, რომ შაბათი იყო და მე ჩემი მძიმე ჩანთით ქალაქს ვტოვებდი, მერე რა რომ მხოლოდ 2 დღით, ხომ მაინც ვტოვებდი, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მიუხედავად ჩემი ბედნიერების მიზეზისა, მე არ ვიჯდებოდი დახურულ სივრცეში მომავალი სატყუარას მოლოდინში, თანაც ეს ხომ იდეალური ადამიანების იდეალური დღე იყო და შესაბამისად დროის დეფიციტი აშკარად აისახებოდა სატყუარას გადმოგდების მცდელობაზე.
არც შევმცდარვარ, რა თქმა უნდა ვერ მოიცალეს, ან რას მოიცლიდნენ ეს ხომ გადასარევი დღე იყო საკუთარი სანიმუშო არსებობის ხაზგასმისთვის.
მიხაროდა, რომ დრო მაინც გამოვნახე და ჩემი შინდისფერი თავსაფარი მოვიხვიე ყელზე, მიხაროდა, რომ მიუხედავად პაპანაქებისა მაინც ავიარე უზომოდ ბევრი საფეხური, მიხაროდა, რომ ცხელოდა და სანთლები ხელში მადნებოდა, მიხაროდა, რომ ძალიან ცოტა ხალხი დამხვდა, მიხაროდა, რომ გუშინდელი დღის 1 წამის გახსენება ღიმილს მგვრიდა, მიხაროდა, რომ იმედი მქონდა და მიხაროდა, რომ მძიმე ჩანთა მეკიდა მხარზე და მაინც მივდიოდი.

მიხაროდა, რომ ფანჯრიდან ვხედავდი როგორ ცვლიდა ერთი სიმინდის ყანა მეორეს, მახსენდებოდა ბავშვობაში, როგორ მიყვარდა უზარმაზარ ყანაში შესვლა და ხეტიალი, იმის გაცნობიერება, რომ არსებობდა შიგნით დაკარგვის თუნდაც ერთი შანსი მაინც. მინდოდა ცოტა ხნით ჩამოვსულიყავი და ისევ მეხეტიალა. 

თავში განუწყვეტლივ მიტრიალებდა ”მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს”.
Advertisements

One thought on “28 ქველთობისა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s