ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი


ორი წლის წინანდელი ივლისის რომელიღაც დღეს მაგონებს დღევანდელი დღე, იგივე შეგრძნება, იგივე მუსიკა და ისევ სიცარიელე. გადაწყვეტილება მივიღე, მე მივიღე. ნუ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება ობიექტურ ჭრილში სამწუხაროდ უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მე ამას გადაწყვეტილებას ვეძახი. და რამე შეიცვალა? არა არაფერი, ისევ ის დამპალი შეგრძნება, ისევ ის განწყობა და არავითარი განსხვავება, არც სასიამოვნო და არც უსიამოვნო, უბრალოდ იგივე.

მუდმივად წრეზე დავდივართ, შეკრულ წრეზე, გვგონია რომ რაღაც ეტაპს გავცდით და წლების შემდეგ იგივე მეორდება, პერსონაჟები იცვლებიან, მაგრამ მოვლენების განვითარების სცენარი იგივეა. რაღაც იყო, შემდეგ გაქრა, ამოიშალა, წარსული დაერქვა, გავცდით და რამდენიმე წელიწადში იყო ისევ არის ხდება.

მუსიკა მოითხოვს სიგარეტს, სიგარეტი მოითხოვს მუსიკას, ორივე ერთად შესაბამის გარემოს, მოსაღამოვებას და ირგვლივ მყოფი სასტიკად ზედმეტი ადამიანების აღგვას პირისაგან მიწისა.

არაფერს ველოდები, არაფერს, მოლოდინის შეგრძნების დამღლელობა ზოგადად ცნობილია, თუმცა ზოგჯერ სწორედ ეს მოლოდინის პერიოდი ჯობია იმას რასაც ელოდები, დღეს კი არაფერს ველოდები, უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ მიმდინარე ცხოვრებას და მიხარია რომ ფონად ისევ ის სიმღერა ჟღერს, დღეს ჩემი ცხოვრების მუსიკალური გაფორმება აშკარად იდეალურია.

არ ვიცი საიდან და რატომ გამახსენდა ამ მომენტში ჩემი ბავშვობის იდეა წიგნის დაწერასთან დაკავშირებით, მინდოდა, რომ დამეწერა წიგნი, რომელიც მხოლოდ პროლოგისგან იქნებოდა შემდგარი, აი შლი ფურცლებს და ჯერ კიდევ პროლოგია, გადიხარ ბოლოსკენ და ისევ პროლოგია და ბოლოს აღმოაჩენ, რომ წიგნი ბოლომდე წაიკითხე, წიგნი კი არც კი დაწყებულა.

რა თქმა უნდა არც აღნიშნული იდეა იყო გამონაკლისი და არც მის განხორციელებაზე მიფიქრია, ისევე, როგორც მეხსიერებაში შემორჩენილ ათასობით იდეაზე, რომლებიც ხელუხლებელნი დარჩნენ, ზოგი ხმამაღლაც კი არასოდეს გამოთქმულა, ადამიანთა ყურსაც კი არ მოუსმენია, შენს საკუთარ ყურსაც კი არასოდეს მოუსმენია, თუმცა ჩამოყალიბდა, განვითარდა, შეიძლება მოიწონე კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც სანაგვეზე აღმოჩნდა.

არა და არ დგება ეს მონატრებული ნოემბრის სუნით გაჟღენთილი წვიმიანი დღეები, მთელი დღის განმავლობაში ნისლი რომ არ შორდება ქუჩას, მთელი დღის განმავლობაში რომ ცრის, რომ გიკარგავს გარეთ გასვლის უკანასკნელ სურვილსაც კი და რომ განიჭებს ბედნიერებას ის რომ არც არსად ხარ წასასვლელი, მსგავსი ვალდებულება არ გაგაჩნია და თუ გადაწყვეტ, რომ მიწა მაინც ღირსია დღესაც იგრძნოს შენი ფეხის შეხება, ამას მხოლოდ შენი სურვილით გააკეთებ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

არა და არ დადგა ეს ნანატრი ”ეს დღე, რომ მოვა კარგად ვიქნები” , უფრო სწორად აგერ უკვე რამდენჯერ დადგა და რამდენჯერ ჩაიარა ისე, რომ ეს ბედნიერი შეძახილი არ გამოუწვევია, მსგავსი სურვილიც კი არ მოუტანია, გათენდა, თუმცა დათქმული და გადაწყვეტილი, ვალდებულებითი ბედნიერება მაინც არ დამდგარა.

თავის მართლებითი ტონით საუბარი რა თქმა უნდა მომაბეზრებელია, ყველა მოგონების აღწერამდე იმის დაწერა, რომ ”არ ვიცი ეს რატომ გამახსენდა”, მომაბეზრებელია, მაგრამ მართლა არ ვიცი საიდან გამახსენდა ”გივი შადური”, თუმცა ამის შემდეგ სავსებით ლოგიკურად გაჩნდა მოგონება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული წიგნის წაკითხვის შემდეგ ყველაზე მძაფრ შეგრძნებად დამრჩა სურვილი მემუშავა სასაფლაოზე და მეწერა ეპიტაფიები. ამ სამსახურს ჩემს წარმოსახვაში მუდმივად მშვიდი დეპრესიის, უდარდელი დეპრესიის განწყობა მოაქვს და ალბათ სწორედ ეს უდარდელობა, სიმშვიდე და დეპრესია მიზიდავდა (და მიზიდავს).

დიახ, ჩვენ ალბათ ვერ ვისწავლით ყოველი დღით ტკბობას, ყოველი გათენებით, ყოველი წამით თავის ბედნიერად გრძნობას, თუმცა მე დღეს სწორედაც, რომ აღნიშნული აღტკინებული ბედნიერების უქონლობით განვიცდი საოცარ სიამოვნებას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s