“პარანოიკის” დღიურებიდან, დღე მეორე


ბოლო პერიოდში ღამის 9 საათის შემდეგ საღად აზროვნება უფრო და უფრო რთული ხდება და შუა ღამის დადგომიდან სიტყვა საღი საერთოდ იშლება მეხსიერებიდან და არაადეკვატური ფიქრების, გადაწყვეტილებებისა და დასკვნების კორიანტელი იწყება. ალკოჰოლის დოზა სისხლში ზედმეტად მაღალი არასოდესაა თუმცა ალბათ ნიკოტინიც თავის როლს ასრულებს და საბოლოოდ ზღუდავს რაციონალური განსჯის უნარს. მეორე დღე ყველაზე საშინელია, გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ წესიერად არაფერი გახსოვს და ყველაფერი თითქოს კვამლშია გახვეული, შემდეგ ნელ-ნელა იწყებენსაღამოს მოგონებები მეხსიერებაში  ტივტივს. გონების დაბინდვამდე ერთ-ერთი უკანასკნელი მოგონება მიწისქვეშა გადასასვლელს უკავშირდება, გაუგებარია მზიანი დღის საღამოს საიდან მოხვდა ბურუსი შუა ქალაქის გადასასვლელში, თუმცა სუნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კვამლი არ უნდა ყოფილიყო და თანაც კვამლი ცეცხლის გარეშე?! თუმცა ნისლს სასიამოვნო სიგრილე და ნესტიანობაც ახასიათებს, რაც იმ მომენტში ნამდვილად არ იგრძნობოდა. ე.ი. ერთადერთი ვარიანტი დარჩა, მტვერი, დიდი რაოდენობით მტვერი, დავიჯერო შებინდებისას მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ და გამოგავეს იქაურობა?! თანაც სრული ეფექტისთვის თითქოს არსაიდან საშუალოზე დაბალი, საკმაოდ წონიანი, შავგვრემანი მამაკაცი გამოჩნდა და უხილავად ჩაიარა, ვერც კი ხვდებოდა როგორ უხდებოდა მისი იქ ყოფნა, ქუჩიდან ჩამოსული ლამპიონების შუქით ოდნავ განათებულ და მთლიანად გამტვერილ მიწისქვეშა გადასასვლელს.ფეხს ავუჩქარე, მიუხედავად ჩემი აუხსნელი მიზიდულობისა მსგავსი მისტიური სიტუაციებისადმი თავს კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობდი და რაღაცნაირად ამოვისუნთქე მიწისქვეშიდან რომ ამოვედი და ადამიანები დავინახე. განწყობა შესანიშნავი მქონდა, მგონი ზედმეტად შესანიშნავიც კი, მუსიკაც თითქოს ზუსტად განწყობის შესანარჩუნებლად გადადიოდა ერთი საყვარელი სიმღერიდან მეორეზე, ვფიქრობდი ბუნდოვანი საღამოს გეგმები უფრო ზუსტი გამეხადა და საბოლოოდ ერთ ვარიანტზე შევჯერდი, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა. თითქმის არ მახსოვს როგორ მივედი დანიშნულების ადგილამდე, ამ მომენტამდე თავს დავდებდი, რომ სამარშუტო ტაქსით ვიმგზავრე, თუმცა ვინაიდან ვერაფრით შევძელი ვერც აღნიშნული ტრანსპორტის ნომრის, ვერც გაჩერებისა და ასვლის ან ჩამოსვლის მომენტის აღდგენა, მეხსიერება კიდევ უფრო დავძაბე და გამახსენდა, რომ ტაქსი გავაჩერე, სათვალე დავტოვე სახლში და ნომრებს ვეღარ ვარჩევდი, უკვე ბნელოდა. ტაქსი საერთოდ არ მახსოვს, არც მანქანა, არც მძღოლი, არც ის თუ რაზე ვფიქრობდი გზაში, აი გადმოსვლა კი მახსოვს, დამამახსოვრდა იმიტომ რომ კორპუსამდე მისვლა მოკლე გზით გადავწყვიტე და მტვრიან ბუჩქებში, რომ გავიარე ვიფიქრე ალბათ დავისვარე მეთქი. ღამე სახლში არ ვაპირებდი მისვლას, კბილის ჯაგრისიც კი მქონდა ჩანთაში ჩადებული, თუმცა ღამის დროებით გასათევამდე მისვლისას აღმოვაჩინე, რომ სახლში შემწვარი კარტოფილის ჭამას არაფერი მერჩივნა, თანაც აღმოჩნდა, რომ ჩემი დალაგებული გეგმის არც ერთი პუნქტი არ იყო განხორციელებადი და შესაბამისად დაბრუნება გადავწყვიტე.
მებრძვიან, მიწყობენ, ტელეფონის მოკლე ზარით უკვე მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა, სასწრაფოდ გადავრეკე და მითხრეს, რომ ფაშისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის 71 წლისთავზე, ჩემს ოთახში იპოვნეს კალია, რომლის ლიკვიდაციაც შესაძლებელი გახდა, თუმცა აღნიშნული ობიექტის განადგურების საკითხი უკვე ნაკლებად მაღელვებდა, ვინადან უკვე მერამდენე შემთხვევა ფიქსირდებოდა საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომ მუდმივად დაკეტილ კარებსა და ფანჯარაზე საგულდაგულოდ გამაგრებული ბადის მქონე ოთახში, არც თუ ისე პატარა ზომის ობიექტები ახერხებდნენ შესვლას (რა თქმა უნდა ვერაფერს დავამტკიცებ თუმცა ორი მოსაზრება მაქვს, ეს ან ორგანიზებული ჯგუფის ნახელავია და ან წყევლა მაქვს ალბათ დროა მეორე ვარიანტი განვავრცო საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებითა და პრობლემის გადაჭრის გზის მოძიებისთვის საკითხის საგულდაგულო შესწავლით).
საკმაოდ გვიან მივედი სახლში და ვიფიქრე, რომ კარტოფილის შეწვას უკვე აღარ ჰქონდა აზრი და პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე, უკვე ყველას ეძინა და სრულ სიბნელეში გავიარე გზა ბოლო ოთახამდე. კარებთან კი გავჩერდი და გავიფიქრე, როგორ მეზიზღებოდა უკვე ეს ოთახი, შესვლისთანავე შუქი ავანთე და მოკლული კალიის ნეშთის ნაკვალევის ძიება დავიწყე, თუმცა ამაოდ, ვერაფერი ვიპოვნე.
მივხვდი, რომ ჯერ ვერ დავიძინებდი, ვიფიქრე 2 საათზე დავწვები 5 საათი ძილი მეყოფა მეთქი. გონება უკვე საკმაოდ არეული მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ უწყინარი ლიმონათის გარდა არაფერი მქონდა დალეული. სამზარეულოს მივაშურე, მივხვდი, რომ მშიოდა და აუცილებლად უნდა მეჭამა, ყველაფერი გამოვიღე რაც ვიპოვნე და იშვიათად გემრიელად ვჭამე. მივხვდი, რომ ოთახში შებრუნება იმდენად არ მინდოდა, რომ მზად ვიყავი ღამე სამზარეულოში სკამზე გამეტარებინა, მაგრამ მივბრუნდი. არ ვიცი რატომ, თითქოს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი რომ არაფერი უნდა დამელია (ლუდიც კი) მაგრამ მაცივარში ღვინოს მოვკარი თვალი, ჩაის ჭუიქაში ჩამოვისხი.
ჯერ ჭურჭელი უნდა დამერეცხა და ვიცოდი, წყალი მალე დაწყდებოდა, უკვე ოდნავ მოწანწკარებდა, როგორც იქნა ნორმალური რაოდენობით მოშვება შევძელი და ხელი, რომ შევუშვირე აღმოჩნდა, რომ ცივი წყლის ნაცვლად ცხელი მოდიოდა, ძალიან ცხელი, არადა ცხელი წყალი ბუნებრივად კორპუსში კი არა მთელს უბანში არასოდეს წამოსულა, ვიფიქრე ალბათ მეჩვენება მეთქი და მეორე ხელიც შევუშვურე, არ მეჩვენებოდა.
როგორც იქნა მოვრჩი ჭურჭლის რეცხვას, ჩავაქრე შუქი და სიბნელეში კვლავ ჩემი ოთახისკენ გავემართე, კომპიუტერთან ღვინის ჭიქა დავდგი და ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიჯექი. 2 საათიც მალე გახდა თუმცა შუქის ჩაქრობასა და დაძინებას ვერ ვბედავდი, ყველა მხრიდან კალიების ფრთების ხახუნის ხმა მესმოდა. ჭიქის ბოლომდე გამოცლის შემდეგ მოვიკრიბე ძალა, ჩავაქრე შუქი და ჩემდა გასაოცრად მომენტალურად ჩამეძინა, ან შეიძლება ჩაძინებამდე პერიოდი ამოშლილია მეხსიერებიდან, და თუ ეს ასეა ალბათ ასე ჯობია კიდეც. მთელი ღამე ზურგზე ვწოლილვარ, ასე არადროს მძინავს, გამთენიისას კოშმარისგან შეშინებულს გამეღვიძა, ერთადერთი რაც დამამახსოვრდა იყო, ის რომ მამაჩემი გარდაიცვალა და თავში უაზროდ ჩარჩენილი მქონდა სახელი (თუ წოდება) მამა თეიმურაზი.  მალევე ჩამეძინა და მაღვიძარას ხმის გაგონებამდე მგონი არც კი გავნძრეულვარ.
Advertisements

3 thoughts on ““პარანოიკის” დღიურებიდან, დღე მეორე

  1. როგორი ნაცნობი სიტუაციაა ბოლო აბზაცში… მე გველის მეშინია პანიკურად, მაგრამ არა იმის, რომ მიკბენს და მოვკვდები ან სხვა რამე, უბრალოდ ვიზუალურად ვერ ვიტან, ფოტოზე ან ტელევიზორშიც მეშინია, სათამაშო გველები ხომ საერთოდ მაგიჟებს, მგონი ”გველოფობია” (ისე, კონკრეტული სახელიც აქვს ამ ფობიას როგორც ვიცი, ოღონდ დამავიწყდა ახლა) მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელის და რაღაც ამნაირი სისულეების არ მეშინია და ვისაც ეშინია სასაცილოდ არ მყოფნის ხოლმე, ხშირად მაქვს იმის შეგრძნება, რომ შეიძლება ოთახში აღმოვჩინო საშინელი გველი, უფრო მეტიც, დაწოლისას საბანს რომ წამოვწევ, მგონია იქ დამხვდება აუცილებლად. ხოდა, სიბნელეში არასოდეს ვწვები ლოგინში, ჯერ შევამოწმებ ყველაფერს და მერე ვაქრობ შუქს. ვიცი რომ მაგარი სისულელეა, მარა რა ვქნა, მეშინია ძალიან, უფრო კონკრეტულად კი მეზიზღება ეს არსება და ვერ ვიტაააააააან!..

    Like

    1. გველის პანიკურ შიშს, როგორც ვიცი ოფიოფობია ქვია (თუ არ ვცდები). ხოო აი ფობია სულ სხვა ტიპის შიშია, ობიექტურად რისი გეშინია ძნელი გასაგებია, უბრლოდ გეშინია. კარგად ვაცნობიერებ, რომ კალიას რეალურად არავითარი ზიანის მოყენება არ შეუძლია, მაგრამ ეს სრულიად არაფერს ნიშნავს. მირჩევნია მაგ. ოთახში დამხვდეს გველი ( 🙂 ) ვიცი რისიც უნდა მეშინოდეს, მაგრამ ამის გამო პანიკა არ დამეწყება, ვიდრე კალია, წარმოდგენაზეც კი გული მისკდება, აზროვნების უნარს ვკარგავ კალიის დანახვისას და არც მოკვლა შემიძლია, რაღაც მომენტში შეიძლება შიშისგან გული გამოჩერდეს.

      Like

  2. ზუსტად მასე ვარ მე, ოღონდ გველს და კალიას ადგილებს თუ შევუცვლით შენს კომენტარში 😀
    ოფიოფობიისთვის მადლობა, აწი მეცოდინება მაინც რა ჯანდაბა მჭირს 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s