ძვირფასო ადრესატო (ანუ ძვირფას საკუთარ თავს)


ხომ არ ჯობია ოფიციალური დამოკიდებულება შევინარჩუნოთ და ზედმეტად ფამილიარული მიმართვისგან თავი შევიკავოთ, თქვენობითი ფორმით გავაგრძელოთ ურთიერთობა, ვინაიდან ბრძანებითი, უშუალო, მომთხოვნი ტონით საუბარი აშკარად არ იღებს შედეგს და არ ვიცი აქ რამდენად გამოდგება გამოთქმა ”ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვაო”, თუმცა აზრობრივად შეეფერება მოცემულ სიტუაციას.
მაგრამ არა, არც ეს არის შესაძლებელი, თქვენობით მიმართვით საერთოდ ვერ მოახდენ იმის აღქმას, რომ შენ გელაპარაკები და ერთ ყურშიც კი არ შეუშვებ მეორედან გამოშვებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
გასაგებია, რომ აღფრთოვანების შეგრძნება დიდ ხანს არავის მიყვება და ძალიან სწრაფად იღლები, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმის გამეორება, რომ ძალიან დაიღალე და აღარ შეგიძლია ამისთანა რა შვების მომტანია ვერ გავიგე. სამწუხაროა, რომ კარგად იცი, როგორ უნდა გახალისდე და მოხვიდე გონზე, თუმცა ამას ვერ ან არ აკეთებ, ისიც სამწუხაროა, რომ განწყობის მუდმივი კონტროლი შეუძლებელია და აღნიშნული კონტროლის დამყარების ყველა მცდელობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამის შეუძლებლობას და უარესი დაღლილობის შეგრძნება მოაქვს, ჰოდა მაშინ იქნებ ის გააკეთო რაც თავშივე არ არის განწირული წარუმატებლობისთვის. ჰო, ვიცი რაც გაგახსენდა, სადღაც წაკითხული ბრძნული აზრი ამოტივტივდა მაშინვე (”თუკი წიგნი წარუმატებლობებზე არ გაიყიდება ეს წარმატებაა?” მგონი ასე ჟღერდა), რა თქმა უნდა მესმის, რომ ზედაპირული დამოკიდებულება და ყველა სიტყვაზე ასოციაციებით თამაში გაცილებით სახალისოა, თუმცა მგონი ჯობია ისევ ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ.
მალე ერთი თვე გახდება რაც 1 გადაწყვეტილებაც კი არ მიგიღია, თუმცა ძალიან ბევრი რამ გაქვს გადასაწყვეტი. არა და არ დადგა ეს შენი ”ხვალ” და მერე იტყვი ვერ მოვასწარიო. ეს შენი ზედმეტად ბრძნული მსჯელობებიც ამოვიდა ყელში, რომ აღარაფერი ვთქვათ ყველა საკითხის ირგვლივ შეთხზულ დეტექტივებზე, იქნებ შეიგნო ერთხელ და სამუდამოდ, რომ უნდა გაიგო და მიიღო ყველაფერი ისე როგორც არის და ყველგან და ყველაფერში ქვე აზრები არ ეძებო. კი, კი ეგეც ვიცი, რომ ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა, მაგრამ არ შეგიჩნევია, რომ ყველა დეტექტივის საბოლოო კვანძის გახსნის შედეგი შენთვის სახარბიელო არასოდეს არის? და არ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ პარანოიამ თავისი შედეგები გამოიღო, აღარ მიხსენო ეგ შენი მოგონილი პარანოია.
ამიხსენი რად გინდა ამ წიგნებს რომ ყიდულობ თუ არც ერთი მათგანის წაკითხვას მაინც არ აპირებ, რა თქმა უნდა დღესაც იტყვი, რომ დღევანდელი საღამოდან ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ არ მითხრა, რომ ვერ ხვდები იმას თუ როგორ იტყუებ თავს და ყველაფერი დღესაც მხოლოდ Fox Crime-ს ყურებით დამთავრდება. და უი კინაღამ დამავიწყდა, აუცილებლად იტყვი, რომ დაიღალე და გაქვს დასვენების უფლება, ჰოდა მაშინ თავის მოტყუებას მაინც შეეშვი.
იქნებ ისიც ამიხსნა, რომელ ნორმალურ ადამიანს დააქვს ჩანთით საფერფლე?!
არ დაგავიწყდეს რაც შეიძლება ხშირად დადგე სარკესთან და იმეორო, რომ მიგიფურთხებია და არ გაინტერესებს, შემდეგ დაბრუნდე ოთახში და ისევ იმაზე ფიქრი განაგრძო რაც ასე ძალიან არ გაინტერესებდა 2 წუთის წინ. და შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ, რომ არც არაფერი იცვლება იმით შენ მიგიფურთხებია თუ არა, ვინაიდან გამბედაობა არ გეყოფა გააკეთო ის რის შემდეგაც ნამდვილად უინტერესო გახდება მისი არსებობა, არ არსებობა.
არ შეიმჩნიო, რომ აღარაფერი დარჩა იმ ადამიანისგან რაც იყავი და ყოველთვის გაიხუმრე, რომ ”დაბერდი”, ასე უფრო მარტივია, რა საჭიროა პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვით ზედმეტად გადაიღალო თავი.
დროებით.
Advertisements

გამოტყდით!


დაჟინებით მოვითხოვ გამოტყდეს ადამიანი, რომელმაც დამწყევლა. უკვე საკმაოდ აგრილდა, ვცოვრობ მეთერთმეტე სართულზე, ოთახის კარები მუდმივად დაკეტილია და ფანჯარაზე მაქვს ბადე, რომელშიც შემოღწევა მხოლოდ მოლეკულებად დაშლის შედეგადაა შესაძლებელი, მიუხედავად ამისა უკვე მერამდენედ შეძლეს კალიებმა ჩემს საძინებელში შემოღწევა. მოვითხოვ დამნაშავეების გამოვლენას და მათ სამაგალითოდ დასჯას. თქვე კაი ადამიანებო გველები მაინც შემომიგდეთ, ავიტან!

ხიდები დავწვი


ხიდების დაწვა, აფეთქება, განადგურება, თავის დამშვიდების ერთ-ერთი ფორმაა, თავის მიწაში ჩადების, სირაქლემის პოზის მორგების ერთ-ერთი ფორმა. ჩვენ ვწვავთ ხიდებს. და რა არის ამის მიზეზი?! თავს ვისგან ან რისგან ვიცავთ, იმისგან, რომ ჩვენამდე ვეღარ მოაღწიონ, თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვეღარ მივაღწიოთ ხიდის მეორე მხარემდე. თავს ვიცავთ საკუთარი თავისგან, ვისპობთ ყველა შესაძლო გზას იმისკენ, რისი გაკეთებაც გვინდა და არ არის საჭირო ან არ გვინდა, თუმცა ვიცით, რომ წამიერმა, წუთიერმა თუ საათობრივმა გონების დაბინდვამ, გონების არევამ შეძლება გვაიძულოს კვლავ გავიაროთ ეს ხიდი, იმ შემთხვევაში კი თუ აღნიშნული გადასასვლელი, დამაკავშირებელი გზა აღარ იარსებებს, ვერანაირი სისუსტე, გონების არევა ვეღარ გვაიძულებს იმ ტერიტორიაზე გადასვლას, კავშირის აღდგენას იმასთან რისგანაც თავის დაცვას ასეთი მონდომებით ვცდილობთ.

მხოლოდ ჩვენ ვიცით, მხოლოდ ჩვენ გვესმის, რამდენი ხნის ფიქრის შედეგად, ან პირიქით სპონტანური გადაწყვეტილებით, თუმცა დიდი იმედგაცრუებითა და სინანულით ვასხამთ ბენზინს და ვუკიდებთ ასანთს, ვაჭერთ ღილაკს და ვაფეთქებთ ერთადერთ დამაკავშირებელ გზას. და რა ხდება ამის შემდეგ, ვღებულობთ შვებას?! ახლა როცა შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაში რომ აღარ არსებობს უკან დასახევი გზა, აღარ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის შანსი, მოვსპეთ ის ერთადერთი მისადგომი, რომლითაც შეგვეძლო თუნდაც არასაჭირო, მაგრამ კონკრეტულ მომენტში სასურველი ნაბიჯები გადაგვედგა.
არა, ესეც მხოლოდ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი, ისევ თავს ვაჯერებთ, რომ ახლა შეგვიძლია თავისუფლად ამოვისუნთქოთ, რომ აწი ვეღარც ჩვენამდე მოაღწევენ და ვერც ჩვენ გადავალთ მეორე მხარეს, ვაიძულებთ საკუთარ თავს ამის დაჯერებას, მაგრამ სადღაც მაინც გვახსენებს თავს ეჭვი, იმის ეჭვი, რომ შესაძლოა სწორად არ მოვიქეცით, შესაძლოა არ ღირდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, შესაძლოა ვიჩქარეთ, შესაძლოა ზედმეტად რადიკლაური გადაწყვეტილება მივიღეთ.
და დგება ყველაზე საშინელი მომენტი, ჩვენი ძალისხმევით თუ მის გარეშე აღმოვაჩენთ, რომ სადღაც ერთი ბილიკი გამოგვრჩა, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, ჩვენი ე.წ. ნაჩქარევი, რადიკალური ნაბიჯის შეცვლა და ვდგებით ისევ დილემის წინაშე. განა ტყულა ვიწვალეთ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, ტყუილა ვიტანჯეთ? მაგრამ მეორეს მხრივ შანსი მოგვეცა გამოვასწოროთ ის რასაც განსაკუთრებული სისუსტის მომენტებში შეცდომას ვეძახით.
გზა, რომელიც გავიარე(თ):
  • დილის 6 საათზე, თითქოს გონებაში რაღაც აფეთქდა, მომენტალურად გავახილეთ თვალები (რა კარგია, რომ იმ მომენტში ვერავინ გვხედავდა, არ არსებობს მოწმე, რომლემაც ჩვენს თვალებში ჩამდგარი პანიკა დაინახა), გაგვახსენდა ის, რაც ჯობდა, რომ არ გაგვხსენებოდა, გონებას უნდა გააჩნდეს იმდენი ჭკუა, რომ მსგავსი მოვლენები, მსგავსი ქმედებები ყოველგვარი განხილვისა და გასაჩივრების უფლების გარეშე ამოშალოს მეხსიერებიდან. რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა შოკი, პანიკა, არაადეკვატური ფიქრები.
  • ნელ-ნელა ვიწყებთ თავის დამშვიდებას, ნელ-ნელა ვხვდებით, რომ დროს ვეღარ დავაბრუნებთ, ვერც მეხსიერებიდან ამოვშლით ვერაფერს, ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა სასწრაფოდ გამოსავლის პოვნა ან ისეთი მიზეზის მოფიქრება, რომლითაც თავს დავიმშვიდებთ და ვიტყვით, რომ ”მიგვიფურთხებია”.
  • ასეთ მიზეზს ვერ ვპოულობთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაჟინებით ვუმეორებთ საკუთარ თავს, რომ ”ცხოვრებაში არაფერი უნდა ინანო”, რომ ვინაიდან ეს გააკეთე ე.ი. გინდოდა და მორჩა. მცდელობა ამაოა, არგუმენტი სუსტია, გონება დაჟინებით უარყოფს მას.
  • ვხვდებით, რომ თავს ვერ დავიმშვიდებთ ე.ი. მოქმედებაა საჭირო, მოქმედებაზე გადასვლისთვის კი აუცილებელია პასუხი მოგვთხოვონ იმისთვის რაც გავაკეთეთ, პასუხს კი არ მოგვთხოვენ, ე.ი. თავი უნდა დავიცვათ, უნდა გავაკეთოთ ის რაც ჩვენ მოგგვგრის შვებას, სხვებს და მათ შორის მეორე მხარესაც, თავში ქვა უხლიათ.
  • ერთადერთ ქმედება, რომელმაც შესაძლოა სიმშვიდე მოგვიტანოს, თუნდაც სრული არა, მაგრამ სიმშვიდე რაღაც დოზით, არის ხიდების დაწვა, ყველა დამაკავშირებელი გზის აფეთქება. ამასობაში კამათს ვიწყებთ საკუთარ თავთან, ვიწყებთ ფიქრს, რომ ჯერ ბოლომდე არ გვღვიძავს, ჯერ საღად ვერ ვაზროვნებთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება კი მხოლოდ საღ გონებაზე შეიძლება. თუმცა დრო არ გვაქვს, დროში ვიწვებით, არ უნდა გათენდეს! კვირა დღე თენდება, ე.ი. დრო შედარებით მეტი გვაქვს, დღეს არ მოუწევთ ადრე გაღვიძება, ჩვენ უპირატეოსბა გვაქვს, რამდენიმე საათიანი უპირატესობა.
  • გათენდა, დრო აღარ იცდის, გადაწყვეტილება სისრულეში ან ახლავე უნდა მოვიყვანოთ, ან შემდეგ გვიან იქნება. ჯერ კიდევ ვერ ვაზროვნებთ სრულიად საღად, მაგრამ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვხვდებით, რომ ორივე შემთხვევაში შესაძლოა ძალიან ვინანოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.
  • ნიადაგი მომზადებულია, მხოლოდ ერთი ხელის მოქმედებაა საჭირო და შეგვეძლება ვთქვათ, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხელი არ გვემორჩილება, თუმცა გარკვეული ყოყმანის შემდეგ მაინც ვდგამთ ამ ნაბიჯს.
  • დიდი ვერაფერი შეგრძნებაა, მართალია უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, მაგრამ ნანატრი შვება არა და არ მოდის.
  • ცოტა ხანში ვეგუებით იმას, რომ მართალია ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯი საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ დროულად შევძელით რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და სწორად მოვიქეცით, მიუხედავად დანაკარგებისა სწორად მოვიქეცით.
  • და აი ყველაზე საშინელი წუთიც დგება, გამოგვრჩა, რაღაც გამოგვრჩა, ბილიკი დავტოვეთ, გაუცნობიერებლად მაგრამ მაინც დავტოვეთ და რაც ყველაზე საშინელია ამ ბილიკს ვერაფერს მოვუხერხებთ, ნებისმიერ მომენტში შეგვეძლება დავუკავშირდეთ იმ მხარეს, რომელთან კავშირის გაწყვეტაც ამდენი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა.

”პარანოიკის” დღიურებიდან


როგორ ძალიან გვიყვარს თავის დამშვიდება და როგორ ძალიან ვერ ვიტანთ, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ უბრალოდ თავის დამშვიდების ამაო მცდელობა გვაქვს. როგორი მონდომებით ვიწყებთ არასასურველი მოგონებების მეხსიერებიდან წაშლაზე ზრუნვას და როგორ ვიღლებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ამ თავშივე განწირულმა მცდელობამ ეს მოგონებები კიდევ უფრო დეტალური და მკაფიო გახადა. როგორ ძალიან გვინდა, თუნდაც სულ რამდენიმე საათით დავაბრუნოთ დრო და შევცვალოთ ვიღაცისთვის შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო, ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. როგორი დიდი მონდომებით ვუმეორებთ საკუთარ თავს, რომ ”ცხოვრებაშია არაფერი უნდა ინანო”, ”რაც მოხდა, მოხდა ე.ი. საჭირო იყო”, ინერციით განვაგრძობთ ამ ფრაზების გამეორებას, სანამ გულის რევამდე არ მივალთ, სანამ სიტყვების გამართვას ვეღარ შევძლებთ.

როგორ ძალიან გვიხარია ნებისმიერი ახალი პრობლემის აღმოჩენა, რომელზეც შეგვიძლია გადავერთოთ და აღარ ვიფიქროთ იმაზე, რაც უკვე გვაგიჟებს, როგორ ძალიან გვიხარია, როდესაც ამ ესეოდენ საზიზღარ მოგონებებში ნათელ მომენტებს ვაწყდებით და როგორი შხამნარევი ღიმილი გვედება სახეზე, როდესაც ამ მომენტებს კვლავ წასაშლელად გამზადებული მოგონებები ანაცვლებენ და დროებით გამოჩენილ შვებას ორმაგი სიძულვილით ახშობენ.

როგორ გვიხარია, როდესაც შანსი გვეძლევა ვისაუბროთ იმაზე, რომ დროის დაბრუნება, რომც შეიძლებოდეს არაფერს შევცვლიდით და თუნდაც ათასი შანსი მოგვცემოდა ათასჯერვე ასე მოვიქცეოდით, და ვის ვატყუებთ? საკუთარ თავს? არა ჩვენ ხომ ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ არც საკუთარი თავის მოტყუება შეგვიძლია, გარშემომყოფებს? და რა აზრი აქვს? მათთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა და ამაზე გაუთავებელი ლაპარაკით, მათ მნიშვნელობას თუნდაც ისევ სხვების თვალში მხოლოდ ვზრდით და მეტი არაფერი.

როგორი დაჟინებით მოვითხოვთ საკუთარი თავისგან გონს მოეგოს და დაივიწყოს ის რაც იყო, არაფერი ხომ არ ყოფილა? მერე რა მოხდა? თუმცა ჩვენივე თავი ხომ ყოველთვის გვიძალიანდება და ამ კითხვებზე პასუხებს არასდროს გვცემს, უბრალოდ ცინიკურად ეღიმება, სახელით მივმართავთ თავს, ვუბრძანებთ, რომ სხვა რამეზე გადაერთოს, ვეუბნებით რომ ასე აღარ შეიძლება, პასუხად კი ისევ ის ცინიკური ღიმილი, მან ხომ კარგად იცის, რომ ენერგიას ტყუილა ვხარჯავთ, რომ არაფერი გვეშველება.

როგორ გვიხარია, როდესაც ვხვდებით, რომ თუ წინააღმდეგობის გაწევას შევეშვებით, უბრალოდ ჩამოვყრით ხელებს და თუდნაც რამდენიმე დღე დასჭირდეს ჩვენს ყველა ფიქრს მივუშვებთ ნებაზე, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ხომ მოგვბეზრდება არა?! და როგორი გულისწყვეტის შეგრძნება გვაქვს, როდესაც თეთრი დროშის აწევიდან 5 წუთის გასვლის შემდეგ ვხვდებით, რომ ეს გაუსაძლისია და ამის ნებაზე მიშვება არ შეიძლება, ისევ თავიდან ვიწყებთ ბრძოლას.

როგორ გვიხარია, როდესაც ვიღაც ამ თემას თუნდაც შემთხვევით, თუნდაც გაკვრით ეხება, მაშინვე ვიწყებთ ამ საკითხზე ჩაფრენას და ვცდილობთ მაქსიმალურად ყველაფერი ვთქვათ რისი თქმაც გვინდა, რა თქმა უნდა სიმართლის გარდა.

როგორ უდარდელად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენ ეს არ გვადარდებს, როგორ გვიკვირს რომ არ გვრცხვენია, როდესაც ამ ტყუილს ასეთი დამაჯერებელი ტონით ”ვასაბუთებთ”, როგორ გვიხარია, რომ შეგვიძლია ვუთხრათ ყველას ”თქვენ, რომ არ გაგეხსენებინათ, მე ეს არც კი მახსოვდა”, შემდეგ რაღაც მომენტში ვატყობთ, რომ შევტოპეთ, რომელიღაც წამს კონტროლი გაგვისხლტა ხელიდან და მას მერე რამდენი ხანია გაუჩერებლად ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არ გვადარდებს, ვხვდებით, რომ უკვე ზედმეტი მოგვივიდა, ვცდილობთ სათქმელი დავამთავროთ, გავიქცეთ და მიწაში ჩავყოთ თავი, რომ ცოტა ხანს მაინც არ დავინახოთ არავინ.

როგორ ძალიან გვიხარია, რომ ღამდება, რომ შესაძლოა დაგვეძინოს და მერამდენედ გვიცრუვდება იმედი, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ თურმე ღამე ყველაზე ცუდი პერიოდია, ძილს არც კი ვახსენდებით, ან ჩვენ არ გვახსენდება ის, ფიქრისთვის კი ოოოო რამდენი დრო გვაქვს და არც თენდება.

გაუბრალოებული პარანოია


დიახ, რაოდენ გასაკვირიც (ან პირიქით) არ უნდა იყოს მეთევზეები ისევ თევზაობენ და მე ისევ ძველებური შურნარევი ინტერესით ვუყურებ მათ უდარდელობას, დილა ისევ თაფლიანი ყავით იწყება და მას ისევ მოაქვს მარკესისეული შეგრძნებები, წითელ ფეხსაცმლიანმა მამაკაცმა ან გადაწყვიტა სახლიდან აღარ გამოვიდეს ან ტანსაცმელი გამოიცვალა და აღარ ექცევა ჩემი გაფაციცებული ყურადღების ქვეშ.

გამოცხადებული და აღიარებული პარანოიის შედეგებმა განელება დაიწყეს, აღარ მოაქვთ აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული.

ისევ ეს გლამურული საუბრები ტანსაცმელზე, მაკიაჟზე, პარიზზე, კანზე, ნიუ იორკზე და ა.შ. უკაცობით გამოწვეული ვერბალური რწყევა სექსზე, წყვილებზე, კაცებზე, მათ ჩაცმულობასა და მიმზიდველობაზე. მაინც ვერ გავიგე რა გახდა ერთი ენერგიული ჯეელის პოვნა ამ გამწარებული ქალებისთვის, რომ ჩვენც დავისვენოთ და მათაც შვებით ამოისუნთქონ.

ისევ დროის გასვლის უკვე პერმანენტული პრობლემა, ამჟამად სურვილი, რომ რაც შეიძლება ნელა გავიდეს ან თუ გადის ნაყოფიერად მაინც გაირბინოს მისმა შემადგენელმა ყოველმა წუთმა და საათმა.

დაბნეული ვიზაჟისტი გოგონა და მარკეტინგის მენეჯერის ფლირტის თავშივე განწირული მცდელობა, მას კარგად ესმის ვინც არ რისკავს ის არც შამპანიურს სვამს, თუმცა მე ხომ ვიცი, რომ შამპანიურის დალევის შანსი მას არც ამ მცდელობის შემთხვევაში აქვს.

ყველა ცდილობს რაღაცით თავი მოიწონოს, ზოგს ბრჭყვიალა მაისური აცვია და თითქოს მისი თვალისმომჭრელი ბრჭყვიალება არ იყოს საკმარისი ამაზე საუბრობს გაუთავებლად, ზოგი თავის შესაშური სამომავლო გეგმებით ცდილობს საკუთარ თავზე წარმოდგენის გაზრდას, ზოგი უბრალოდ ხითხითებს და ამით უსვამს ხაზს თავის პერსონას.

აღარც გონების დაბინდვა და მზის ჩასვლასთან ერთად გამქრალი განსჯის უნარი წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს, ჩაიარა იმ სარისკო გადაწყვეტილებების მიღების ეიფორიამ, ვერც ვერაფერს გადავწყვეტ და ვერც ვერაფერს მოვიყვან სისრულეში, მაქსიმუმ იმას მივაღწიო რომ მეორე დილით გაღვიძება გამიჭირდეს.

გუშინ დღე რაღაც ბედნიერი ღიმილით დაიწყო, დღეს ყელის საშინელი ტკივილით.

“პარანოიკის” დღიურებიდან, დღე მეორე


ბოლო პერიოდში ღამის 9 საათის შემდეგ საღად აზროვნება უფრო და უფრო რთული ხდება და შუა ღამის დადგომიდან სიტყვა საღი საერთოდ იშლება მეხსიერებიდან და არაადეკვატური ფიქრების, გადაწყვეტილებებისა და დასკვნების კორიანტელი იწყება. ალკოჰოლის დოზა სისხლში ზედმეტად მაღალი არასოდესაა თუმცა ალბათ ნიკოტინიც თავის როლს ასრულებს და საბოლოოდ ზღუდავს რაციონალური განსჯის უნარს. მეორე დღე ყველაზე საშინელია, გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ წესიერად არაფერი გახსოვს და ყველაფერი თითქოს კვამლშია გახვეული, შემდეგ ნელ-ნელა იწყებენსაღამოს მოგონებები მეხსიერებაში  ტივტივს. გონების დაბინდვამდე ერთ-ერთი უკანასკნელი მოგონება მიწისქვეშა გადასასვლელს უკავშირდება, გაუგებარია მზიანი დღის საღამოს საიდან მოხვდა ბურუსი შუა ქალაქის გადასასვლელში, თუმცა სუნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კვამლი არ უნდა ყოფილიყო და თანაც კვამლი ცეცხლის გარეშე?! თუმცა ნისლს სასიამოვნო სიგრილე და ნესტიანობაც ახასიათებს, რაც იმ მომენტში ნამდვილად არ იგრძნობოდა. ე.ი. ერთადერთი ვარიანტი დარჩა, მტვერი, დიდი რაოდენობით მტვერი, დავიჯერო შებინდებისას მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ და გამოგავეს იქაურობა?! თანაც სრული ეფექტისთვის თითქოს არსაიდან საშუალოზე დაბალი, საკმაოდ წონიანი, შავგვრემანი მამაკაცი გამოჩნდა და უხილავად ჩაიარა, ვერც კი ხვდებოდა როგორ უხდებოდა მისი იქ ყოფნა, ქუჩიდან ჩამოსული ლამპიონების შუქით ოდნავ განათებულ და მთლიანად გამტვერილ მიწისქვეშა გადასასვლელს.ფეხს ავუჩქარე, მიუხედავად ჩემი აუხსნელი მიზიდულობისა მსგავსი მისტიური სიტუაციებისადმი თავს კომფორტულად მაინც ვერ ვგრძნობდი და რაღაცნაირად ამოვისუნთქე მიწისქვეშიდან რომ ამოვედი და ადამიანები დავინახე. განწყობა შესანიშნავი მქონდა, მგონი ზედმეტად შესანიშნავიც კი, მუსიკაც თითქოს ზუსტად განწყობის შესანარჩუნებლად გადადიოდა ერთი საყვარელი სიმღერიდან მეორეზე, ვფიქრობდი ბუნდოვანი საღამოს გეგმები უფრო ზუსტი გამეხადა და საბოლოოდ ერთ ვარიანტზე შევჯერდი, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა. თითქმის არ მახსოვს როგორ მივედი დანიშნულების ადგილამდე, ამ მომენტამდე თავს დავდებდი, რომ სამარშუტო ტაქსით ვიმგზავრე, თუმცა ვინაიდან ვერაფრით შევძელი ვერც აღნიშნული ტრანსპორტის ნომრის, ვერც გაჩერებისა და ასვლის ან ჩამოსვლის მომენტის აღდგენა, მეხსიერება კიდევ უფრო დავძაბე და გამახსენდა, რომ ტაქსი გავაჩერე, სათვალე დავტოვე სახლში და ნომრებს ვეღარ ვარჩევდი, უკვე ბნელოდა. ტაქსი საერთოდ არ მახსოვს, არც მანქანა, არც მძღოლი, არც ის თუ რაზე ვფიქრობდი გზაში, აი გადმოსვლა კი მახსოვს, დამამახსოვრდა იმიტომ რომ კორპუსამდე მისვლა მოკლე გზით გადავწყვიტე და მტვრიან ბუჩქებში, რომ გავიარე ვიფიქრე ალბათ დავისვარე მეთქი. ღამე სახლში არ ვაპირებდი მისვლას, კბილის ჯაგრისიც კი მქონდა ჩანთაში ჩადებული, თუმცა ღამის დროებით გასათევამდე მისვლისას აღმოვაჩინე, რომ სახლში შემწვარი კარტოფილის ჭამას არაფერი მერჩივნა, თანაც აღმოჩნდა, რომ ჩემი დალაგებული გეგმის არც ერთი პუნქტი არ იყო განხორციელებადი და შესაბამისად დაბრუნება გადავწყვიტე.
მებრძვიან, მიწყობენ, ტელეფონის მოკლე ზარით უკვე მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა, სასწრაფოდ გადავრეკე და მითხრეს, რომ ფაშისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის 71 წლისთავზე, ჩემს ოთახში იპოვნეს კალია, რომლის ლიკვიდაციაც შესაძლებელი გახდა, თუმცა აღნიშნული ობიექტის განადგურების საკითხი უკვე ნაკლებად მაღელვებდა, ვინადან უკვე მერამდენე შემთხვევა ფიქსირდებოდა საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომ მუდმივად დაკეტილ კარებსა და ფანჯარაზე საგულდაგულოდ გამაგრებული ბადის მქონე ოთახში, არც თუ ისე პატარა ზომის ობიექტები ახერხებდნენ შესვლას (რა თქმა უნდა ვერაფერს დავამტკიცებ თუმცა ორი მოსაზრება მაქვს, ეს ან ორგანიზებული ჯგუფის ნახელავია და ან წყევლა მაქვს ალბათ დროა მეორე ვარიანტი განვავრცო საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებითა და პრობლემის გადაჭრის გზის მოძიებისთვის საკითხის საგულდაგულო შესწავლით).
საკმაოდ გვიან მივედი სახლში და ვიფიქრე, რომ კარტოფილის შეწვას უკვე აღარ ჰქონდა აზრი და პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე, უკვე ყველას ეძინა და სრულ სიბნელეში გავიარე გზა ბოლო ოთახამდე. კარებთან კი გავჩერდი და გავიფიქრე, როგორ მეზიზღებოდა უკვე ეს ოთახი, შესვლისთანავე შუქი ავანთე და მოკლული კალიის ნეშთის ნაკვალევის ძიება დავიწყე, თუმცა ამაოდ, ვერაფერი ვიპოვნე.
მივხვდი, რომ ჯერ ვერ დავიძინებდი, ვიფიქრე 2 საათზე დავწვები 5 საათი ძილი მეყოფა მეთქი. გონება უკვე საკმაოდ არეული მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ უწყინარი ლიმონათის გარდა არაფერი მქონდა დალეული. სამზარეულოს მივაშურე, მივხვდი, რომ მშიოდა და აუცილებლად უნდა მეჭამა, ყველაფერი გამოვიღე რაც ვიპოვნე და იშვიათად გემრიელად ვჭამე. მივხვდი, რომ ოთახში შებრუნება იმდენად არ მინდოდა, რომ მზად ვიყავი ღამე სამზარეულოში სკამზე გამეტარებინა, მაგრამ მივბრუნდი. არ ვიცი რატომ, თითქოს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი რომ არაფერი უნდა დამელია (ლუდიც კი) მაგრამ მაცივარში ღვინოს მოვკარი თვალი, ჩაის ჭუიქაში ჩამოვისხი.
ჯერ ჭურჭელი უნდა დამერეცხა და ვიცოდი, წყალი მალე დაწყდებოდა, უკვე ოდნავ მოწანწკარებდა, როგორც იქნა ნორმალური რაოდენობით მოშვება შევძელი და ხელი, რომ შევუშვირე აღმოჩნდა, რომ ცივი წყლის ნაცვლად ცხელი მოდიოდა, ძალიან ცხელი, არადა ცხელი წყალი ბუნებრივად კორპუსში კი არა მთელს უბანში არასოდეს წამოსულა, ვიფიქრე ალბათ მეჩვენება მეთქი და მეორე ხელიც შევუშვურე, არ მეჩვენებოდა.
როგორც იქნა მოვრჩი ჭურჭლის რეცხვას, ჩავაქრე შუქი და სიბნელეში კვლავ ჩემი ოთახისკენ გავემართე, კომპიუტერთან ღვინის ჭიქა დავდგი და ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ვიჯექი. 2 საათიც მალე გახდა თუმცა შუქის ჩაქრობასა და დაძინებას ვერ ვბედავდი, ყველა მხრიდან კალიების ფრთების ხახუნის ხმა მესმოდა. ჭიქის ბოლომდე გამოცლის შემდეგ მოვიკრიბე ძალა, ჩავაქრე შუქი და ჩემდა გასაოცრად მომენტალურად ჩამეძინა, ან შეიძლება ჩაძინებამდე პერიოდი ამოშლილია მეხსიერებიდან, და თუ ეს ასეა ალბათ ასე ჯობია კიდეც. მთელი ღამე ზურგზე ვწოლილვარ, ასე არადროს მძინავს, გამთენიისას კოშმარისგან შეშინებულს გამეღვიძა, ერთადერთი რაც დამამახსოვრდა იყო, ის რომ მამაჩემი გარდაიცვალა და თავში უაზროდ ჩარჩენილი მქონდა სახელი (თუ წოდება) მამა თეიმურაზი.  მალევე ჩამეძინა და მაღვიძარას ხმის გაგონებამდე მგონი არც კი გავნძრეულვარ.

მეთევზეები, თაფლიანი ყავა, მეზობლები, მოკლედ ”პარანოიკის” დღიურებიდან


მაშინვე როგორც გადავწყვიტე, რომ აღარ ღირდა განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა შემოჩენილი პარანოიისა და დევნის მანიისადმი, ახალი საინტერესო მოვლენების (თუ შეიძლება ამ ყველაფერს მოვლენა ვუწოდოთ) აღმოჩენა დავიწყე. გაცილებით საინტერესოა სამსახურისკენ მიმავალი გზა მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერს დაკვირვებული თვალით უყურებ (ზედმეტად დაკვირვებულითაც კი).
პირველი რაც ძალიან მომხვდა თვალში იყო ხანში შესული ყავისფერ პერანგსა და შარვალში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც სისხლივით წითელი (სისხლი მთლად წითელი არ არის ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ შედარებად ღირდა) ფეხსაცმელი ეცვა და ამაყად მიაბიჯებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ (შესაძლოა მთლად ტელევიზიის წინ არა და პოლიციის განყოფილების წინ, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ისტორია ამ კაცზე აქვე მთავრდება).
მართალია პარანიოიასა და დევნის მანიასთან (თუ სინდრომთან) მტკვარში მდგომ მეთევზეებს არავითარი კავშირი არ აქვთ (ნუ არც იმ წითელ ფეხსაცმლიან მამაკაცს ჰქონდა ამასთან კავშირი მაგრამ მაინც), მაგრამ მათზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა, აგერ უკვე მეორე დღეა (ანუ პარანოიის გაოფიციალურებამდე 1 დღით ადრე) ვაფიქსირებ, როგორ უდარდელად დგანან კოჭამდე წყალში შუაგულ მზეზე და ელოდებიან, როდის დაიჭერენ თევზს, ვაღიარებ, რომ მშურს მათი, კაცობრიობისთვის ყველა ნაცნობი შურის ფორმით და შესაძლოა აქამდე უცნობითაც, ვინ იცის. დიდი სიამოვნებით ვიდგებოდი მათთან ერთად, მაგრამ ეს არა იმიტომ რომ ჩემში ყოველთვის ვხედავდი მეთევზის პოტენციალს, რომელსაც მხოლოდ ხელის შეწყობა სჭირდებოდა და ბოლოს ზვიგენებზე ნადირობასაც კი მიჰყობდა ხელს, და “discovery”-ზეც არა ერთხელ აჩვენებდნენ, არამედ იმიტომ, რომ არ მინდა ხოლმე იქ წასვლა სადაც მივდივარ და სანაცვლოდ მეთევზეობასაც, რომ დავანებოთ თავი, დილის ცხრა საათზე ზოოპარკშიც კი გავისეირნებდი.
მეზობლებზეც მინდა ორი სიტყვის თქმა, რომლებიც არც ადრე გამოირჩეოდნენ მოკრძალებულობითა და განსაკუთრებული მორიდებულობით, თუმცა ”პარანოიკის” სტატუსის მორგების შემდეგ მათმა კითხვება უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინეს და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ. არა, უნდა ვაღიარო, რომ მცდარი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ეს ე.წ. ”პარანოიის გაოფიციალურება” გუშინ საღამოს მოხდა და შესაბამისად პირველი საეჭვო პიროვნება ჩემი მეზობელი აღმოჩნდა (რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე მიუხედავად იმისა, რომ 13 წელია ლიფტში შეხვედრისას დაკითხვის ფორმით საუბარი ჩვეული მოვლენაა, ჰოდა ვინაიდან არ ვიცი მისი სახელი მას ქვედა ლილის (სახელი შეცვლილია) ქმარს ვეძახი), ჩემი მონდომებული მცდელობის მიუხედავად, რომ როგორმე გავცდენოდი (საშინელი დაღლილობის მიუხედავად ძალიან სწრაფად ავიარე აღმართი) და ლიფტში მის გარეშე შევსულიყავი, რათა 10 სართულის განმავლობაში მის კითხვებზე პასუხების გაცემა არ გამხდარიყო საჭირო, არაფერი გამოვიდა და უკნიდან მომაძახა ლიფტში რომ შეხვალ დამელოდე, უჩემოდ არ წახვიდეო, რაღას ვიზამდი, პარანოია პარანოიაა და ზრდილობა მეორე საკითხია, ჰოდა დაველოდე.ამ ისტორიას აღარ გავაგრძელებ, უინტერესო იქნება, ვინაიდან ყველაფერი ჩვეულებრივი (ფილმებსა თუ რეალურ ცხოვრებაში ნანახი) დაკითხვის სცენარით წავიდა.
დილით რძიანი და თაფლიანი ყავა დავლიე (თავი შეიკავეთ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან, ვიცი, რომ არავის აინტერესებს რა ვჭამე და რომელ საათზე, თუმცა ამ ყავის დალევას სხვა აზრი უნდა მოვაყოლო, ჰოდა გაითვალისწინეთ, რომ ამ აზრის გამო ვარღვევ ტრადიციას და საკვებსა და სასმელზე ვიწყებ საუბარს), ყავის კეთებისა და მისი დაგემოვნების პროცესში გაბრიელ გარსია მარკესის ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების მოგონების ჟამს ”გამახსენდა, იქაა სწორედ მომენტი თაფლიან ყავაზე რომ საუბრობს, ჰოდა მას შემდეგ უაზროდ მაქვს ეს თითქოს ძალიან უმნიშვნელო მომენტი ჩარჩენილი. მგონი სათქმელისგან ცოტა შორს წავედი, თუმცა უნდა ვაღიარო სათქმელი ბევრი მაქვს და ჩემი განცხადება როგორც მინიმუმ სკანდალური იქნება მეთქი ვერ ვიტყვი, მოკლედ ყავის დალევისას მარკესი გამახსენდა და ვიფიქრე ამაზე პოსტი ხომ არ დამეწერა მეთქი, მაგრამ რა უნდა დავწერო ან რატომ უნდა დამეწერა მეორე საკითხია და მოკლედ შევეშვები ამ თემის ქექვას.
ნამდვილად ვერ ვხვდები ნეტა მოვწონვარ?-ით, როგორ მოხვდა ვიღაც გზააბნეული ჩემს ბლოგზე, უკვე დიდი ხნის წინ დაწერილ თემაში, რომელსაც სენტიმენტალურ გრძნობებთან არავითარ კავშირი არ ქონია და სამსახურსა და შვებულებაზე იყო დაწერილი, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს კითხვა გამიჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ აღიარებულმა სულიერმა (თუ ფსიქიურმა) აშლილობამ თავისი შედეგი გამოიღო და ავადმყოფურად დაკვირვებული გავხდი.
პ.ს. Just because you’re not paranoid doesn’t mean they’re not out to get you.