რა საჭიროა ყველაფერი ვიცოდე?!


საშინელი ზიზღის შეგრძნება რომ შემოგიჩნდება ხოლმე დილიდან და ტვინს ნელ-ნელა და განსაკუთრებული სისასტიკით, რომ უღებს ბოლოს, აი ამ შეგრძნებით გამეღვიძა. ვერ ვხდები დრო ნელა გადის თუ პირიქით ძალიან სწრაფად, ვუყურებ საათს და მომენტებში მეჩვენება, რომ საათი ერთ დროზე გაიყინა, მეორე წუთს კი აღმოვაჩენ, რომ ბოლო ნახევარმა საათმა ძალიან დიდი სისწრაფით გაირბინა.

არასოდეს ასე ძალიან არ მდომებია ძალიან ბევრი საქმის ქონა იმისთვის, რომ საათს აღარ ვუყურო და არ დამრჩეს დრო იმისთვის, რომ ვიფიქრო დროზე. ორი დღის წინ ზუსტად ამ დროს ძალიან იმედიანად ვიყავი განწყობილი და ვფიქრობდი, რომ წინ საკმაოდ დიდი დრო იყო და ის არც თუ ისე სწრაფად გაირბენდა, აღმოჩნდა, რომ შევცდი, დღეს გაცილებით ნაკლები დროის გასვლას ველოდები და ვიცი, რომ ეს რამდენიმე საათი გაცილებით ნელა გავა ვიდრე ის დრო რომელსაც ორი დღის წინ ვებღაუჭებოდი (ამ პატარა აბზაცში დრო ექვსჯერ ვახსენე, არ ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მაგრამ ტავტოლოგიაში ბრალის დადება რა თქმა უნდა სრულიად მართებული იქნებოდა).

არა, დღეს განსაკუთრებული სასოწარკვეთით არ მინდა ადამიანებთან კომუნიკაცია განურჩევლად სქესისა, რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკური შეხედულებისა, ეთნიკური კუთვნილებისა და ა.შ. განსაკუთრებული სასოწარკვეთით მინდა ისევ იმ ადგილზე დაბრუნება ნამეწყრალს (იმედია სწორად ვამბობ), რომ ვუყურებდი და ჩემს გულწრფელ გაოცებას, რომ იწვევდა ერთმანეთში გადახლართული ხეები, მინდა იმ მომენტში დაბრუნება ყავისფერ ბაყაყს, რომ ვუყურებდი და ვმსჯელობდი რამდენად რეალური იყო რომ ის შხამიანი ყოფილიყო და ღირდა თუ არა ზღაპრებში უკვე არა ერთხელ გამოყენებული სიუჟეტის ცხოვრებაში გადმოტანის მცდელობა განმეხორციელებინა, თუმცა ამ მსჯელობის პროცესში მობეზრდა იმ საწყალსაც ლოდინი და სადღაც გაუჩინარდა.

არ ვიცი რატომ ვცდილობდი ასეთი მონდომებით საშინელებათა ფილმებში საშინლად გაცვეთილი სცენარის ცხოვრებაში გადმოტანას, შუაგულ ტყეში შესვლას ზუსტად დაღამებისას და არ ვიცი რატომ მიხაროდა ასეთი სიხარულით ის, რომ მობილური არ იჭერდა.

არ ვიცი რატომ მინდოდა ასე ძალიან გუშინ თბილისში დაბრუნება და კიდევ უფრო მეტად არ მესმის რატომ არ გამიხარდა, რომ დავბრუნდი.

არ ვიცი რატომ უნდება ყველას ჩემთვის მიღწეული სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნების ჩაშხამება და არ მესმის რატომ მიხარია, როდესაც ეს ვიღაც იწყებს ამის კეთებას.

არ ვიცი რატომ ვიჩემებ ფილმებს, რომლებმაც სრულიად საზოგადოებაში აღტაცება გამოიწვია და რატომ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მათ არ უნდა ვუყურო, არც ის მესმის ამ ჩვევის გაცამტვრების ყველა მცდელობა რატომ მთავრდება იმით, რომ ფილმის დაწყებიდან ხუთ წუთში ვამთავრებ მის ყურებას და კვლავ ვინარჩუნებ პოზიციას, რომ მე ამას არ უნდა ვუყურო.

არ ვიცი რატომ მიყვარს ის წარსული, რომელსაც აწმყოში ვერ ვიტანდი.

არ ვიცი ჩემი ყველა პოსტი წერის პროცესში რატომ კარგავს პირვანდელ იდეას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s