უმნიშვნელო მოვლენები


რა ხდება მნიშვნელოვანი, ისეთი რისი აღნიშვნაც აღნიშვნას იმსახურებს, მოვლენებიდან რომელი უფრო პრიორიტეტულია, ან იქნებ გადაჭარბებულია საპირფარეშოში ხელსახოცების არ არსებობას პრიორიტეტული მოვლენა დავარქვათ, არა ნამდვილად იმის ფონზე, რომ დღეს სავსებით ნორმალურად მივიჩნიე ადამიანისთვის მხოლოდ მისი ასაკის გამო იმედის გადაწურვა და სადღაც ნერვებიც კი მომეშალა ამაზე პრეტენზიის დაფიქსირებაც, რომ ”გაბედეს”, ხელსახოცების უქონლობას განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მოვლენად ვერ ჩავთვლი.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ პოსტში იმ აუტანელ ძაღლზე მინდა საუბარი, რომელიც ყოველ ღამე 2 საათისთვის გულისგამაწვრილებელ ყმუილს იწყებს და 4 საათისთვის ჩუმდება, ალბათ იძინებს (სამსახურში ეგ არ არის წასასვლელი და დილით არც მაღვიძარა გააღვიძებს).

არა, იმაზე საუბარიც ზედმეტად მეჩვენება, რომ ვერ გამიგია, რატომ უჩნდება ხალხს იმის სურვილი რბილი ტუალეტის ქაღალდიდან, კონსტანტინე გამსახურდიას ჩათვლით ყველაფრის ფანები გახდნენ, არ მესმის მაგრამ რა დიდი მოვლენა ისაა, რომ არ მესმის.

იმაზე საუბარი კი ძალიან მინდა, რომ სულ 2 წუთის წინ გავიგე ის რისი გაგებაც ამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა და სიხარულისგან მაკანკალებს, მაგრამ არა ამაზე საუბარი არ არის საჭირო, თუმცა მოვლენა პირადად ჩემთვის ნამდვილად პრიორიტეტულია და კიდევ მივხვდი იმას, რომ ერთი დიდი მადლობა მაქვს გადასახდელი.

ნუ არც იმაზე მინდა საუბარი, რომ ძაღლის ყმუილის გამო გაღვიძებულს კიდევ ერთი იდეა ამეკვიატა და წამოვჯექი საწოლზე და ვტიროდი, მერე მივხვდი, რომ სავარაუდოდ ისევ ”პარანოიის” შემოტევას ჰქონდა ადგილი და დავიძინე, რა იყო სატირალი, მაქსიმუმ დამჩეხონ და არ დამინდონ.

რა თქმა უნდა არც იმაზე ვაპირებ საუბარს, რა თქვა ბ-ნ მ.სააკაშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩუსტებიდან დაწყებული, ზანგებით დამთავრებული და არც ინგა გრიგოლიასადმი წაყენებული ბრალდებებით ვარ ზედმეტად გატაცებული, სოციალურ ქსელებში თუ გამეჩხირება ხოლმე თვალში მეგობრების მიერ ”დაფაბლიშებული ინფორმაცია”, ე.ი. ვიღაცამ (უფრო ვიღაცეებმა) ეს მოვლენები უკვე მიიჩნიეს პრიორიტეტულად და აღარ აქვს აზრი კიდევ ერთხელ ვისაუბრო მათ მნიშვნელობაზე (პირადად ჩემთვის ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მნშივნელოვანია).

იქნებ ისაა მნიშვნელოვანი, რომ მამაჩემს დაბადების დღისთვის პერანგი ვუყიდე და ვფიქრობ ზუსტად ისეთი ხომ არაა როგორიც წინა წელს იყო, ვერ ვანსხვავებ მამაკაცის პერანგებს ერთმანეთისგან, არა პრინციპში როგორ ვერ ვანსხვავებ, წინა წელს სხვა ფერის ზოლები გასდევდა თითქმის დარწმუნებული ვარ, ნუ ის მოეწონა და შესაბამისად ესეც მოეწონება, თუმცა რა დიდად სასაუბრო თემა ესაა არ ვიცი.

ჩემს “desktop wallpaper”-ზე საუბარიც შეიძლება პრინციპში და მის შინაარსზე ღრმა ფსიქოლოგიური მსჯელობაც, თუმცა მარტივადაც შეიძლება იმის თქმა, რომ ბოროტად გაღიმებული, ასეთივე ბოროტი მულტფილმის გმირი, რომელსაც ხელში სისხლიანი ნამცხვრის საჭრელი დანა უჭირავს და ნამცხვრის დამატებას სთავაზობს მსურველებს, ზედმეტი ფსიქოლოგიური მჯელობის გარეშეც ამბობს თავის სათქმელს.

გაპუტულ ქათმიან დაბადების დღის მისალოც ბარათზეც შეიძლება ერთი ორი სიტყვის თქმა, მისი ღრმა აზრობრივი დატვირთვა ხომ მხოლოდ მე როგორც აღნიშნული ბარათის ადრესატს და მის გამომგზავნს გვესმის, ეს კი კიდევ ერთხელ მაფიქრებს, რომ იქნებ ღირდა თავის დროზე განმეხორციელებინა კონკრეტული უცნობი ადამიანისთვის დაბადების დღეზე ყუთით ცოცხალი ქათმის ჩუქების გენიალური იდეა, ან არააა, ალბათ არ ღირდა.

დღეს დილით გაჩენილ სერიალის იდეაზე ხომ არ მესაუბრა, სახელიც მოვიფიქრე ”სიყვარულის მოტეხილი ფრთები” (alas rotas del amor დაახლოებით ასე უნდა ჟღერდეს ესპანურად, თუმცა თავს ვერ დავდებ, თავი გუგლმა დადოს), მაგრამ ვინაიდან სცენარი ჯერ დამუშავების პროცესშია, თავს შევიკავებ და ამას სასიამოვნო სიურპრიზად შემოვინახავ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s