ძვირფასო ადრესატო


ძვირფასო ბატონო, დიახ თქვენ ვისაც შეგიძლიათ მიქელანჯელოს უზადო ქმნილების სახელით დაიკვეხნოთ და ვისაც მე ”მადაგასკარი 2”-ის ასევე არაჩვეულებრივ გმირ მოტო მოტოს შევადარებდი, რატომ გგონიათ, რომ თქვენი ჰორიზონტზე გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში ყველა მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ან იქნებ არც გგონიათ ასე და მე ვაჭარბებ, ვინაიდან ცნობილია, რომ გადაჭარბება, გადამლაშება, გაზვიადება (როგორც გსურთ ისე უწოდეთ, არჩევანში რა თქმა უნდა არ ხართ შეზღუდული) ჩემი ესეოდენ დიადი პერსონის არც თუ ისე არაჩავეულებრივი თვისებაა.
თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ რეინკარნაციის იდეა განავრცოთ და ფინიკის ერთ-ერთი მორიგი პოსტის მუზობის გარდა, თავად მიქელანჯელოს მუზობაზეც წამოაყენოთ პრეტენზია, თუმცა ეს უკანასკნელი ვეჭვობ, რომ საკმაო დავის საგანი გახდება და არ მგონია თქვენ, ესოდენ დაკავებულ ადამიანს ამის დრო გქონდეთ და ალბათ ამჟამად თქვენი ტვინი გაცილებით მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება დატვირთული, თუმცა რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ფინიკის მუზობაც უკვე საკმაო მიღწევას წარმოადგენს და თუ საჭირო გახდება არც მიქელანჯელოს მუზობაზე დავა გახდება საბოლოო ჯამში პრობლემა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ესაა თვალში სრულიად შემთხვევით თქვენი  დამრიგებლის და უდიადესი ადამიანის, თავად თქვენი წრის კვარცხლბეკზე მდგომი ფეტიშის სახელი მომხვდა და თითქოს ეს არ იყო საკმარისი, გვერდიდან საქართველოს საამაყო მეფის სახელიც შემომესმა, რომელიც ამ სახელს უკვე არა ერთხელ აღნიშნულ მიქელანჯოლოს ქმნილებასთან ერთად იზიარებს.
რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მოვიხდიდი ბოდიშს ზედმეტი გულახდილობისა და პირდაპირობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ნაწერის თვალის გადავლების შემდეგ მივხვდი, რომ არც პირდაპირი ვარ და არც გულახდილი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტი ფიქრი მომიწევდა და არც თითები ინავარდებდნენ ასე თავისუფლად კლავიატურაზე.
ეს ესაა მარცხენა თვალი (თუ დავკონკრეტდები ქუთუთო) ამითამაშდა, ვერაფრით დავიმახსოვრე ეს რას ნიშნავს, თუმცა თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იყო დრო აღნიშნულის მნიშვნელობის შესახებ საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას ვფლობდი, მაგრამ რატომღაც გულმა რეჩხი მიყო და გავიფიქრე იქნებ ეს ნიშანია და არ ღირს თქვენს პერსონაზე მაინც და მაინც დიდი მოწიწების გარეშე ფართო მასებში საუბარი. მაგრამ აქვე მინდა დაგამშვიდოთ და მოგახსენოთ, რომ ამ პოსტს არც თუ ისე დიდი საზოგადოება წაიკითხავს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს სიმაღლეზე მდგომი ადამიანები ვერ მოიცლიან ხილის სახელიანი პერსონის მორიგი ნაჯღაბნის წაკითხვისთვის.
ამ პოსტს არც გავაფორმებ არ მინდა ზედმეტად თვალში საცემი გამოვიდეს, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ თქვენ როგორც აღნიშნული უსტარის ადრესატი ამ ნაცოდვილარს არ წაიკითხავთ და თუ მაინც ისე მოხდა, რომ მან თქვენი ყურადღება მიიპყრო, თავს მოვალედ ვთვლი ბოდიში მოვიხადო თქვენი პიროვნების ბოროტად გამოყენებისთვის და იმისთვის რომ მასზე ზედმეტი გაზვიადებით ვისაუბრე, თუმცა უნდა დამეთანხმოთ წასაკითხად არც თუ ისე ცუდია.
Advertisements

რა საჭიროა ყველაფერი ვიცოდე?!


საშინელი ზიზღის შეგრძნება რომ შემოგიჩნდება ხოლმე დილიდან და ტვინს ნელ-ნელა და განსაკუთრებული სისასტიკით, რომ უღებს ბოლოს, აი ამ შეგრძნებით გამეღვიძა. ვერ ვხდები დრო ნელა გადის თუ პირიქით ძალიან სწრაფად, ვუყურებ საათს და მომენტებში მეჩვენება, რომ საათი ერთ დროზე გაიყინა, მეორე წუთს კი აღმოვაჩენ, რომ ბოლო ნახევარმა საათმა ძალიან დიდი სისწრაფით გაირბინა.

არასოდეს ასე ძალიან არ მდომებია ძალიან ბევრი საქმის ქონა იმისთვის, რომ საათს აღარ ვუყურო და არ დამრჩეს დრო იმისთვის, რომ ვიფიქრო დროზე. ორი დღის წინ ზუსტად ამ დროს ძალიან იმედიანად ვიყავი განწყობილი და ვფიქრობდი, რომ წინ საკმაოდ დიდი დრო იყო და ის არც თუ ისე სწრაფად გაირბენდა, აღმოჩნდა, რომ შევცდი, დღეს გაცილებით ნაკლები დროის გასვლას ველოდები და ვიცი, რომ ეს რამდენიმე საათი გაცილებით ნელა გავა ვიდრე ის დრო რომელსაც ორი დღის წინ ვებღაუჭებოდი (ამ პატარა აბზაცში დრო ექვსჯერ ვახსენე, არ ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მაგრამ ტავტოლოგიაში ბრალის დადება რა თქმა უნდა სრულიად მართებული იქნებოდა).

არა, დღეს განსაკუთრებული სასოწარკვეთით არ მინდა ადამიანებთან კომუნიკაცია განურჩევლად სქესისა, რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკური შეხედულებისა, ეთნიკური კუთვნილებისა და ა.შ. განსაკუთრებული სასოწარკვეთით მინდა ისევ იმ ადგილზე დაბრუნება ნამეწყრალს (იმედია სწორად ვამბობ), რომ ვუყურებდი და ჩემს გულწრფელ გაოცებას, რომ იწვევდა ერთმანეთში გადახლართული ხეები, მინდა იმ მომენტში დაბრუნება ყავისფერ ბაყაყს, რომ ვუყურებდი და ვმსჯელობდი რამდენად რეალური იყო რომ ის შხამიანი ყოფილიყო და ღირდა თუ არა ზღაპრებში უკვე არა ერთხელ გამოყენებული სიუჟეტის ცხოვრებაში გადმოტანის მცდელობა განმეხორციელებინა, თუმცა ამ მსჯელობის პროცესში მობეზრდა იმ საწყალსაც ლოდინი და სადღაც გაუჩინარდა.

არ ვიცი რატომ ვცდილობდი ასეთი მონდომებით საშინელებათა ფილმებში საშინლად გაცვეთილი სცენარის ცხოვრებაში გადმოტანას, შუაგულ ტყეში შესვლას ზუსტად დაღამებისას და არ ვიცი რატომ მიხაროდა ასეთი სიხარულით ის, რომ მობილური არ იჭერდა.

არ ვიცი რატომ მინდოდა ასე ძალიან გუშინ თბილისში დაბრუნება და კიდევ უფრო მეტად არ მესმის რატომ არ გამიხარდა, რომ დავბრუნდი.

არ ვიცი რატომ უნდება ყველას ჩემთვის მიღწეული სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნების ჩაშხამება და არ მესმის რატომ მიხარია, როდესაც ეს ვიღაც იწყებს ამის კეთებას.

არ ვიცი რატომ ვიჩემებ ფილმებს, რომლებმაც სრულიად საზოგადოებაში აღტაცება გამოიწვია და რატომ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მათ არ უნდა ვუყურო, არც ის მესმის ამ ჩვევის გაცამტვრების ყველა მცდელობა რატომ მთავრდება იმით, რომ ფილმის დაწყებიდან ხუთ წუთში ვამთავრებ მის ყურებას და კვლავ ვინარჩუნებ პოზიციას, რომ მე ამას არ უნდა ვუყურო.

არ ვიცი რატომ მიყვარს ის წარსული, რომელსაც აწმყოში ვერ ვიტანდი.

არ ვიცი ჩემი ყველა პოსტი წერის პროცესში რატომ კარგავს პირვანდელ იდეას.

Back to black – მერე რა


დავბრუნდი, თუმცა ამაში არც სასიხარულოა რამე და არც განსაცვიფრებელი.
არა ერთხელ დაწერილა და თქმულა, რომ მაშინ როდესაც ყველაზე ნელა გვინდა გავიდეს დრო ყველაზე სწრაფად გადის და პირიქით, ეს ფაქტია, თუმცა ამის ფაქტად ყოფნა და ის, რომ ეს უკვე ყველა სულიერმა ვერბალურად თუ არავერბალურად აღნიშნა არ მართმევს უფლებას მეც გამოვთქვა წუხილი და ამას სამწუხარო რეალობა ვუწოდო.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობია საერთოდ არ დავისვენო ვინაიდან ამ ნანატრი პერიოდის დასრულების შემდეგ ისეთი დეპრესია მემართება, რომ ჯობია საერთოდ შევიკავო თავი.
არადა რა მშვენიერია ყოველი დღის იმ საათზე დაწყება, რომელ საათზეც შენი გონება ინებებს კეთილს და გაიღვიძებს, აუჩქარებლად ადგომა და არავითარი პრობლემები, პატარა შემაწუხებელი ფაქტორის ტვინში შემოძვრომის ფაქტის მომენტალური აღმოფხვრა იმ არგუმენტით, რომ ”ჯერ ამის დრო არ არის, დამთავრდება შვებულება და ამაზე შემდეგ ვიფიქრებ”. მთელი დღის ჩამოფარებულ ფარდებში დივანზე ტელევიზორის წინ გატარება, ტელეფონის ზარების სუფთა სინდისით იგნორირება, ფიქრი იმაზე, რომ როდესაც მოგწყინდება შეგიძლია სადაც გინდა იქ წაეხეტო, ჩაიცვა ის რაც გინდა და უმისამართოდ იყიალო თუნდაც გაცხარებული სამუშაო საათების განმავლობაში, ბედნიერი სახით ჩაუარო ოფისებს და უყურო როგორ მუშაობენ სხვები.
შუაგულ მზეზე, მერე რა რომ სიცხისგან ცოტაც და სული ამოგხდება, ცალ თვალს გაახელ გახედავ ულურჯეს ცას, გუშინდელი შტორმის შემდეგ ნელ-ნელა დაწყნარების პროცესში მყოფ ზღვას და გაიფიქრებ, რომ აუტანელი სიცხის მიუხედავად ბედნიერი ხარ.
მერე რა რომ წვიმს, ქარია და გარეთ გასვლაც კი შეუძლებელია, მაინც არსად ხარ წასასვლელი, შეგიძლია ზედმეტი სინდისის ქენჯნის გარეშე ადგე და დროის გასაყვანად კარტი ითამაშო.
მერე რა თუ უკვე ჩვევაში გაქვს გადასული ელ. ფოსტის შემოწმება და სრულიად უაზრო ”სპამების” მიღების მიზეზს ეძებ, მაგალთად რატომ გონიათ რომ განსაკუთრებულად დაინტერესებული ხარ ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად ფულის შოვნით, ამასაც მალე ივიწყებ და კვლავ უსაქმურობით ტკბობას განაგრძობ. ისიც მალე მიხვდება, რომ აღარ ღირს უინტერესო სპამებით შენთვის თავის შეწყენა და ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება.
მერე რა თუ გზა დამღლელია, გვერდით გულისგამაწვრილებელი ობიექტი მედგრად განაგრძობს შენ ნერვებთან თამაშს, მერე რა თუ გინდება რომ ის ყინულიანი ბოთლი, რომლის დადნობასაც ყველა აქამდე ნაცნობი თუ ჯერ კაცობრიობისთვის უცნობი ხერხებით ცდილობს გამოართვა და გონზე მოსაყვანად პირდაპირ თავში ჩაარტყა, შენ ხომ იცი, რომ ეს სულ რამდენიმე საათში დამთავრდება და ღამის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება ნამდვილად არ ღირს.
მერე რა რომ გარუჯვის სურვილმა საშინელ დამწვრობამდე მიგიყვანა და იმაზე ოცნებობ ხვალინდელ დღეს ცოცხალი შეხვდე, ეს ამად მაინც ღირდა.
მერე რა რომ უკვე აღარც კი გახსოვს მერამდენე წელია ოცნებობ ღამე ზღვაში შესვლაზე და ყოველი დაღამებისას ამის გაკეთება გეზარება და მერე რა რომ არც ეს წელია გამონაკლისი.
მერე რა რომ ხაშურში გავლისას თავში გაგიელვა ერთი ჰამაკი ხომ არ მეყიდა და თბილისში მეთერთმეტე სართულზე ჩემს ოთახში გამეკეთებინაო, ეს ხომ მაინც არ გააკეთე.
მერე რა რომ ცივი ყავის მოტანას 30 წუთზე მეტ ხანს ანდომებენ, შენ ხომ არსად გეჩქარება და თანაც აქ ყველაზე გემრიელი ცივი ყავა აქვთ.
მერე რა რომ არც ამ დაბადების დღემ ჩაიარა ისე როგორც გინდოდა, შემდეგიც ხომ დადგება და ისევ იტყვი ”მერე რა, შემდეგიც ხომ დადგებაო”.
მერე რა რომ კარგად გაქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ეს დროც მალე დამთავრდება და ყველაფერი ისევ ძველებურ, ნაცრისფერ ფერს დაიბრუნებს, ეს დრო ჯერ ხომ არ დამდგარა.
მერე რა რომ დღეს დილით მაღვიძარას ხმის გაგონებაზე მიხვდი, რომ ზემოთ აღნიშნული დრო სწორედაც, რომ დადგა და ხმამაღლა გაიფიქრე ”შეუძლებელია”.

უსაქმურობის ჟამს


მე, ადამიანმა, რომელიც თავს ვდებ (გადაჭარბებული ნათქვამია მაგრამ მაინც) რომ ნანახი მაქვს თითქმის ყველა ღირებული და იაფფასიანი საშინელებათა ფილმი, დღეს პირველად ვუყურე “როზმარის ბავშვს” და აღმოვაჩინე, რომ ძველი ქართული სერიალი “სახლი ძველ უბანში” ამ ფილმის მიხედვითაა გადაღებული, რა თქმა უნდა ვუშვებ იმ შესაძლებლობას, რომ ეს ფაქტი ამ სერიალის გამოსვლის მომენტიდან ფართო მასებისთვის უკვე ცნობილი იყო და საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა, თუმცა გამიკვირდა და თამამად ვუწოდე ამას აღმოჩენა.
აღმოვაჩინე, რომ თუ იგივე რაოდენობით სიგარეტის მოწევას გავაგრძელებ მალე ზუზუნს დავიწყებ (უკვე ვზუზუნებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საწყის ეტაპზე ამას ეშველება).

აღმოვაჩინე, რომ არ ღირდა ჟურნალ “გზაში” წამეკითხა 18 წლის ლევანის აზრი დედამისის მეორედ გათხოვებასთან დაკავშირებით და მითუმეტეს არ უნდა წამეკითხა პასუხი კითხვაზე, რა მოხდებოდა ამ ადამიანის დედასაც, მამამისივით საყვარელი, რომ გაეჩინა (ამ უკანასკნელი ფაქტით ლევანი ამაყობდა), პასუხი შოკისმომგვრელი იყო მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ არც სასიამოვნოდ გავუვოცებივარ, ლევანი მოკლედ და ლაკონურად პასუხობდა ამ კითხვას – “თავს წავაცლი”.
აღმოვაჩინე, რომ shivaree-ს მოსმენა ნებისმიერ განწყობაზე და ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია და არა თუ შემიძლია არამედ მზად ვარ მთელი ცხოვრება ამ სიმღერების ფონზე გავატარო, განსაკუთრებით კი “little black mess”-ს და “john 2,14”-ს გამოვყოფდი.

მიმდინარე შვებულების პერიოდში გადაჭარბებული რაოდენობით fox crime-ის ყურების შედეგად აღმოვაჩინე, რომ კოკა-კოლის სმის დროს გავიფიქრე, რომ სასმელს უცნაური გემო დაჰკრავდა და მაშინვე გამახსენდა, რომ აღნიშნული გამაგრილებელი სასმელის ყიდვის დროს მაღაზიაში კოკა-კოლის ბოთლებს საკმაოდ საეჭვოდ ეთათუნებოდა ახალგაზრდა ყმაწვილი, შემდეგ მივხვდი, რომ პარანოიის მორიგი შემოტევა მქონდა და შევეშვი ჩემი მიზანმიმართულად მოწამვლის თეორიის აგებას. აღმოვაჩინე, რომ ძირითად შემთხვევებში ცოლებს ქმრები და ქმრებს ცოლები კლავენ და თავი ბედნიერად შევრაცხე იმ ფაქტის გამო რომ ამგვარი სტატუსის მქონე ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს.

ჟურნალ “სარკის” 5 წუთიანი გადაკითხვის შედეგად აღმოვაჩინე ქართველი “ჟიგოლოები” და ჩავთვალე, რომ ამ აღმოჩენის გასაკეთებლად აღნიშნული ჟურნალის გადაფურცვლა “ღირდა.”
აღმოვაჩინე, რომ ასაკმა თავისი გაიტანა და ალკოჰოლის მიღება მკლავს, არაყს საერთოდ მირჩევნია წამების გარეშე გვერდზე გავდგე და ტყვია დავიხალო, ნაკლებად მოწამეობრივი სიკვდილით მოვკვდები (მიუხედავად ამისა ვფიქრობ დაძინებამდე 1 ბოკალი ღვინო ხომ არ დამელია).
აღმოვაჩინე, რომ შოკოლადის ტორტში არ არის ბედნიერება.
აღმოვაჩინე, რომ კალიების ჩემდამი ლტოლვა სამწუხარო ფაქტია და ამის წინააღმდეგ ვერაფერს მოვიმოქმედებ.
აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე დღის წინ ნათქვამი I’ve watched so much TV, I can’t even see the color blue…. It’s fantastic – სიმართლეს აღარ შეეფერება, მალე ფერების გარჩევას საერთოდ ვეღარ შევძლებ და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფანტასტიური არაა.

უმნიშვნელო მოვლენები


რა ხდება მნიშვნელოვანი, ისეთი რისი აღნიშვნაც აღნიშვნას იმსახურებს, მოვლენებიდან რომელი უფრო პრიორიტეტულია, ან იქნებ გადაჭარბებულია საპირფარეშოში ხელსახოცების არ არსებობას პრიორიტეტული მოვლენა დავარქვათ, არა ნამდვილად იმის ფონზე, რომ დღეს სავსებით ნორმალურად მივიჩნიე ადამიანისთვის მხოლოდ მისი ასაკის გამო იმედის გადაწურვა და სადღაც ნერვებიც კი მომეშალა ამაზე პრეტენზიის დაფიქსირებაც, რომ ”გაბედეს”, ხელსახოცების უქონლობას განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მოვლენად ვერ ჩავთვლი.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ პოსტში იმ აუტანელ ძაღლზე მინდა საუბარი, რომელიც ყოველ ღამე 2 საათისთვის გულისგამაწვრილებელ ყმუილს იწყებს და 4 საათისთვის ჩუმდება, ალბათ იძინებს (სამსახურში ეგ არ არის წასასვლელი და დილით არც მაღვიძარა გააღვიძებს).

არა, იმაზე საუბარიც ზედმეტად მეჩვენება, რომ ვერ გამიგია, რატომ უჩნდება ხალხს იმის სურვილი რბილი ტუალეტის ქაღალდიდან, კონსტანტინე გამსახურდიას ჩათვლით ყველაფრის ფანები გახდნენ, არ მესმის მაგრამ რა დიდი მოვლენა ისაა, რომ არ მესმის.

იმაზე საუბარი კი ძალიან მინდა, რომ სულ 2 წუთის წინ გავიგე ის რისი გაგებაც ამდენი ხნის განმავლობაში მინდოდა და სიხარულისგან მაკანკალებს, მაგრამ არა ამაზე საუბარი არ არის საჭირო, თუმცა მოვლენა პირადად ჩემთვის ნამდვილად პრიორიტეტულია და კიდევ მივხვდი იმას, რომ ერთი დიდი მადლობა მაქვს გადასახდელი.

ნუ არც იმაზე მინდა საუბარი, რომ ძაღლის ყმუილის გამო გაღვიძებულს კიდევ ერთი იდეა ამეკვიატა და წამოვჯექი საწოლზე და ვტიროდი, მერე მივხვდი, რომ სავარაუდოდ ისევ ”პარანოიის” შემოტევას ჰქონდა ადგილი და დავიძინე, რა იყო სატირალი, მაქსიმუმ დამჩეხონ და არ დამინდონ.

რა თქმა უნდა არც იმაზე ვაპირებ საუბარს, რა თქვა ბ-ნ მ.სააკაშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩუსტებიდან დაწყებული, ზანგებით დამთავრებული და არც ინგა გრიგოლიასადმი წაყენებული ბრალდებებით ვარ ზედმეტად გატაცებული, სოციალურ ქსელებში თუ გამეჩხირება ხოლმე თვალში მეგობრების მიერ ”დაფაბლიშებული ინფორმაცია”, ე.ი. ვიღაცამ (უფრო ვიღაცეებმა) ეს მოვლენები უკვე მიიჩნიეს პრიორიტეტულად და აღარ აქვს აზრი კიდევ ერთხელ ვისაუბრო მათ მნიშვნელობაზე (პირადად ჩემთვის ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მნშივნელოვანია).

იქნებ ისაა მნიშვნელოვანი, რომ მამაჩემს დაბადების დღისთვის პერანგი ვუყიდე და ვფიქრობ ზუსტად ისეთი ხომ არაა როგორიც წინა წელს იყო, ვერ ვანსხვავებ მამაკაცის პერანგებს ერთმანეთისგან, არა პრინციპში როგორ ვერ ვანსხვავებ, წინა წელს სხვა ფერის ზოლები გასდევდა თითქმის დარწმუნებული ვარ, ნუ ის მოეწონა და შესაბამისად ესეც მოეწონება, თუმცა რა დიდად სასაუბრო თემა ესაა არ ვიცი.

ჩემს “desktop wallpaper”-ზე საუბარიც შეიძლება პრინციპში და მის შინაარსზე ღრმა ფსიქოლოგიური მსჯელობაც, თუმცა მარტივადაც შეიძლება იმის თქმა, რომ ბოროტად გაღიმებული, ასეთივე ბოროტი მულტფილმის გმირი, რომელსაც ხელში სისხლიანი ნამცხვრის საჭრელი დანა უჭირავს და ნამცხვრის დამატებას სთავაზობს მსურველებს, ზედმეტი ფსიქოლოგიური მჯელობის გარეშეც ამბობს თავის სათქმელს.

გაპუტულ ქათმიან დაბადების დღის მისალოც ბარათზეც შეიძლება ერთი ორი სიტყვის თქმა, მისი ღრმა აზრობრივი დატვირთვა ხომ მხოლოდ მე როგორც აღნიშნული ბარათის ადრესატს და მის გამომგზავნს გვესმის, ეს კი კიდევ ერთხელ მაფიქრებს, რომ იქნებ ღირდა თავის დროზე განმეხორციელებინა კონკრეტული უცნობი ადამიანისთვის დაბადების დღეზე ყუთით ცოცხალი ქათმის ჩუქების გენიალური იდეა, ან არააა, ალბათ არ ღირდა.

დღეს დილით გაჩენილ სერიალის იდეაზე ხომ არ მესაუბრა, სახელიც მოვიფიქრე ”სიყვარულის მოტეხილი ფრთები” (alas rotas del amor დაახლოებით ასე უნდა ჟღერდეს ესპანურად, თუმცა თავს ვერ დავდებ, თავი გუგლმა დადოს), მაგრამ ვინაიდან სცენარი ჯერ დამუშავების პროცესშია, თავს შევიკავებ და ამას სასიამოვნო სიურპრიზად შემოვინახავ.