ვიცხოვრებ მხოლოდ სიკვდილის წინ


სიკვდილის ზუსტი თარიღის ცოდნა, ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც შერაცხად ადამიანს შეუძლია მოიპოვოს სრული თავისუფლება, გააკეთოს ის რაც სურს, განთავისუფლდეს ყველა შემაწუხებელი ვალდებულებისგან, გარისკოს, სანაგვეზე მოისროლოს ყველა ე.წ. ”დაუწერელი ნორმა”, რომელიც მუდმივად ჩარჩოებში აქცევს და თუ შესაძლებელია ბედნიერება და სიკვდილი ერთ წინადადებაში მოვიხსენიოთ, თავს ბედნიერადაც კი იგრძნობს.
არა ერთი ფილმია გადაღებული იმაზე, თუ როგორ იქცევა ადამიანი მას შემდეგ რაც გაიგებს, რომ ის კვდება. ძირითადად ეს გამოიხატება იმაში, რომ იწყებს თავისი ოცნებების (სრულიად ხელშესახები და შესაძლებელი) ასრულებას, ხვდება იმას თუ რამხელა უაზრობაში ცხოვრობდა მთელი ამ დროის განმავლობაში, საკუთარ თავს უწესებდა ნორმებს და ცხოვრობდა ჩარჩოებში, რომლებსაც ვერ იტანდა, შემდეგ კი იწყებს ნამდვილ ცხოვრებას. ძირითადად ადამიანებს არ აქვთ უნარი ე.წ. ”ცხოვრებით ტკბობის” იხსენებენ წარსული განსაკუთრებულად ტკბილად (და ეს მიუხედავად იმისა, ეს წარსული აწმყოდ ყოფნის დროს იწვევდა თუ არა იგივე ტკბობის განცდას) და შესციცინებენ მომავალს, ძირითადად გარკვეულ თარიღებს მაგ. 11 აგვისტოდან გავალ შვებულებაში და კარგად ვიქნები, აი ამ პროექტსაც, რომ დავამთავრებ კარგად ვიქნები, შაბათი, რომ მოვა კარგად ვიქნები და ა.შ. თუმცა საკმარისია ეს დათქმული თარიღი თუ დღე დადგეს, რომ საკუთარ თავს უკვე ახალ ვადას უწესებენ, ისევ მომავალს შესციცინებენ და ეს აწმყო მხოლოდ წარსულის ელფერით მოუტანთ ბედნიერებას.
მაგრამ თუ ადამიანმა იცის, რომ მომავალი აღარ არსებობს, იცის, რომ კონკრეტულ თარიღში დამთავრდება ცხოვრება ის ხვდება, რომ სიცოცხლე არის ზუსტად ის მომენტი რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს და მეტი არაფერი, წარსულმა ჩაიარა, მომავალი აღარ იქნება, არის მხოლოდ დღეს. საინტერესოა რეალურ ცხოვრებაში იმის გაცნობიერება, რომ დასასრული უკვე ახლოსაა იწვევს თუ არა ამ თავისუფლების განცდას თუ ეს მხოლოდ ილუზიაა და ამ დროს ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის სიბრალულს, საშინელ დეპრესიას და პანიკას განიცდის და იმის ნაცვლად, რომ დატკბეს ამ უკანასკნელი მომენტებით, დარჩენილ დროს მხოლოდ საკუტარი თავის დატირებაში ატარებს და ფაქტობრივად უკვე მკვდარია.
ძალიან ძნელია წინასწარ ისაუბრო იმაზე, თუ კონკრეტულ მომენტში როგორ მოიქცევი, წარმოსახვა და ჩვენი შეხედულება ხშირად ძალიან შორს დგას რეალობისგან.
”იცხოვრე ყოველი დღე ისე თითქოს ის უკანასკნელია და ერთ დღეს მართალი აღმოჩნდები” – ძალიან კარგად ჟღერს, არც ჭეშმარიტებისგანაა შორს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ადამიანს ყოველთვის აქვს ხვალიდნელი დღის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს მართლაც არსებობს შანსი იმისა, რომ ხვალ აღარ გათენდეს. და რა მოხდება ადამიანმა მართლაც ისე, რომ იცხოვროს თითქოს ეს დღე უკანასკნელია, მას არ ექნება არავითარი გეგმა, არ წავა სამსახურში (მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ისურვებდა საკუთარი ცხოვრების ბოლო დღის ოფისში ყოველდღიურ რუტინაში გატარებას), დახარჯავს იმ ფულს რაც აქვს, არ შეიძენს არაფერ ღირებულს (რაში სჭირდება?!), იქნება გულწრფელი, იტყვის იმას რასაც ფიქრობს და ა.შ. და რა ხდება მეორე დღეს, გათენდა და ეს ადამიანი კვლავ ცოცხალია, ფაქტი კი ასეთი: არ აქვს სამსახური, არ აქვს გეგმა, არ აქვს ფული, გუშინ ყველაფერი თქვა რასაც ფიქრობდა და ყველაფერ ამასთან ერთად, შესაძლოა დღევანდელი დღეა უკანასკნელი და ისევ ყველაფერი იწყება თავიდან.
აი სიკვდილის თარიღის ზუსტი ცოდნა კი მსგავს გაუგებრობებს გამორიცხავს, ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყოს სრულიად თავისუფალი, განთავისუფლდეს ნორმებისგან, არ იფიქროს იმაზე თუ რას იზამს ხვალ, გააცნობიეროს რომ ცხოვრება გულისხმობს მხოლოდ დღევანდელ დღეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ ბოლო პერიოდს სრულ დეპრესიაში და საკუთარი თავის გლოვაში არ გაატარებს.

Advertisements

2 thoughts on “ვიცხოვრებ მხოლოდ სიკვდილის წინ

  1. ამის თქმა მინდოდა ერთხელ ჩემი პოსტით და არ გამომივიდა… შენი ნათქვამი ისე კარგად იყო დალაგებული, მადლობის თქმა მომინდა, რომ საკუთარ თავში გამარკვიე : ))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s