prince charming is a dick, bring on the frogs


ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, აუცილებლად ვიყალიბებთ წარმოდგენას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კარგი იქნება თუ ცუდი, გავერთობით თუ არა და ა.შ. გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ ჩვენი მოლოდინები რეალობას თითქმის არასოდეს ემთხვევა. ალბათ შეუძლებელია წინასწარ და 100%-ანი სიზუსტით განსაზღვრო რა და როგორ იქნება. იმიტომ კი არა, რომ შესაძლოა ქუჩაში გასულს სრულიად შემთხვევით აგური დაგეცეს (ეს გამოთქმა ძალიან მოდურია და ამიტომ გამოვიყენე), არამედ იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებასა და კონკრეტულ მომენტში ყველაფერი სხვანაირად, დაუგეგმავად ვითარდება. ეს არც კარგია და არც ცუდი.

მალე შვებულებაში გავდივარ და ვერ ჩამოვყალიბდი რა ვაკეთო ორი კვირის განმავლობაში. 3 ვარიანტი მაქვს:

1. წავიდე მეგობრებთან ერთად ზღვაზე, სადაც მხოლოდ წყვილები იქნებიან და თავი ზედმეტად ვიგრძნო, ვუყურო მათ ფერებას, იმას თუ როგორ ვერ ძღებიან ერთმანეთის ყურებით, ვითომ წაკინკლავდებიან და შემდეგ შერიგდებიან ”ჩემი ბარტყის” (აქ რა თქმა უნდა ვამლაშებ) ძახილით, შემდეგ კი ღამე შევიდე ოთახში და დილამდე ვუყურო ჭერს.

2. წავიდე მარტო, სადმე გადაკარგულში მაგ. აბასთუმანში, ბორჯომში, ვიქირავო ბინა და სადღაც ერთი კვირის განმავლობაში ვიყო ჩემთვის. გავიღვიძო რომელ საათზეც მინდა, საღამოობით ვისეირნო, შემდეგ მივიდე სახლში, ვუსმინო მუსიკას და ჩამეძინოს.

3. ვიყო თბილისში, მიწაზე ფეხი არ დავადგა, გამოვიკეტო სახლში, გავსკდე ძილით, ფილმების ყურებით და ტელევიზორით.

ვარიანტი 1 – აშკარად არ მხიბლავს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლოა ჩემი წარმოსახვა რეალობას სასიამოვნოდ არ დაემთხვეს, იქნებ ღირდეს კიდეც.

ვარიანტი 2 – ძალიან მხიბლავს, მაგრამ ეჭვი მაქვს რეალობას უსიამოვნოდ არ დაემთხვევა.

ვარიანტი 3 – რეალობასთან ყველაზე ახლოს დგას.

წარმოდგენილ ვარიანტებს თავი რომ დავანებოთ, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ხშირად არც მოგონებები ემთხვევა რეალობას. აბა დაფიქრდით, თითქმის არასოდეს გვახსენდება ყველაფერი ისე როგორც სინამდვილეში იყო. ხშირად, ის რაც მოცემულ მომენტში კატასტროფად გვეჩვენებოდა, დროთა განმავლობაში სასაცილო და სასიამოვნო გასახსენებელია ხოლმე.

მომკალით და ვერაფრით ვიგებ როგორ შეიძლება სასიამოვნო შეგრძნება მქონოდა მაშინ, როდესაც ოპერაციას ვიკეთებდი. დღეს კი, როცა იმ დღის მოვლენებს ვიხსენებ, აი, მანქანას კლინიკაში, რომ მივდიოდი, რეგისტრაციის გავლას, იმას თუ რამდენი სუნამო დავისხი (რომლის სუნიც შემდეგ სამწუხაროდ იოდმა გადაფარა), წითელ ჩუსტებს, რომლებიც სახელდახელოდ წავიღე და ქალბატონს, რომელიც პალატაში, ოპერაციის მოლოდინში იმდენს მელაპარაკებოდა რომ ჩემთვის მშვიდად ნერვიულობის საშუალებასაც არ მაძლევდა, ის ცუდი განცდა აღარ მეუფლება, რაღაც მომენტებზე მეღიმება კიდეც და სადღაც ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოცდილება იყო.

თუმცა რა თქმა უნდა არსებობს, მოვლენები, რომლებიც საკუთარ რეალურ სახეს არასოდეს კარგავენ და ემოციები, წლების გასვლის მიუხედავად უცვლელია.

P.S. დიახ, მე ვაკავშირებ სათაურთან ამ პოსტს.

Advertisements