ვიცხოვრებ ხშირად


ხშირად გამიგია გამოთქმა და მეც მითქვამს ”ერთხელ ცხოვრობ და ყველაფერი უნდა გააკეთო ისე როგორც გინდა”, ან უბრალოდ ”ერთხელ ცხოვრობ” და ამით ყველაფერი გასაგებია. თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ ერთხელ ცხოვრობ ყველაფერს რისი გაკეთებაც გინდა ვერ მოასწრებ, აი რამოდენიმეჯერ რომ ცხოვრობდე და შეგეძლოს გეგმას მიჰყვე და თითოეული ცხოვრება სხვადასხვანაირად გაატარო, მაშინ ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნებოდა. მაგ. 1. ეს ჩემი პირველი ცხოვრებაა, აქამდე გეგმაც არ მქონია, არც ცხოვრების წესებში ვიყავი კარგად გარკვეული და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ რა და როგორ, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ დინებასაც მივყვები, რადგან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და მუდმივად ვმერყეობ. კარგით რადგან ეს ჩემი პირველი ცდაა დაე ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც მიდის, ვისწავლე ერთი სპეციალობა, ვმუშაობ სხვა სპეციალობით, ვსწავლობ მესამეს და ა.შ. თუმცა ვინაიდან წინ კიდევ რამოდენიმე ცდა მაქვს, დროა დავგეგმო რა იქნება შემდეგში:

ცხოვრება # 1.1: ვსწავლობ ისევ იურიდიულზე, ვამთავრებ წარმატებით არც ვფიქრობ სხვა პროფესიით მუშაობას, ვიწყებ სტაჟირებას, ვშრომობ მუხლჩაუხრელად წარმატების მისაღწევად. ცოტა ხანში მუშაობას ვიწყებ პროკურატურაში, ნელ-ნელა მივიწევ წინ, არა ერთი საინტერესო საქმე მაქვს უკვე გავლილი, შემდეგ კი დაგროვებული ფინანსებით ვხსნი პირად იურიდიულ სამსახურს (მათ შორის ადვოკატები ყველა მიმართულებით, ნოტარიუსი და კერძო დეტექტივის მომსახურება), მე პირადად მხოლოდ საინტერესო შემთხვევებს ვკიდებ ხელს, ვხვდები, რომ მივაღწიე იმას რაც მინდოდა, სრულიად კმაყოფილი ვარ.

ცხოვრება # 2: ვარ კაბარეს მოცეკვავე, დღის განმავლობაში მძინავს, ღამე ვმუშაობ, ვარ მუდმივად ფორმაში, ჩემი ერთადერთი საზრუნავია გამოვიყურებოდე არაჩვეულებრივად. ირგვლივ მუდამ ხალხი მახვევია (ზოგჯერ ამით ძალიან ვიღლები), შავად შეღებილი თმა, კარე, წითელი პომადა, მაღალი ქუსლები, ჩულქები და მძივებიანი კაბა ჩემი სამუშაო ჩაცმულობაა. ალკოჰოლი, სიგარეტი, მთვრალი სიცილი, დაღლილი ნასვამი პოლიტიკოსები, მაფიოზები, უბრალოდ მდიდარი ადამიანები, შემთხვევით შემოხეტებული მუშა კლასი და ა.შ.

ცხოვრება # 3: ვიბადები კაცად. ბავშვობიდან ვოცნებობ სამხედრო მფრინავობაზე და რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებ ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის. ვაღწევ მიზანს, ვღებულობ სამხედრო წვრთნებში, აღლუმებზე მონაწილეობას. შემდეგ ყველაფერი გაცილებით სერიოზული ხდება და ჩემი პროფესიის გამოყენება მიწევს ომში, მრავალი წარმატებული დღის შემდეგ, ყველაფერი სრულდება, ვიღუპები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. გასვენებაში არა ერთი ჩემი სიკვდილით გულდაწყვეტილი ქალბატონი იყრის თავს ( 🙂 ) ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ, გასვენებაში ისვრიან ჩემს საპატივსაცემოდ და შემდეგ რთავენ ჩემს საყვარელ სიმღერას, რომელიც დაკრძალვის ტრაგედიისთვის ზედმეტად მხიარული და შეუფერებელია, რაც კიდევ უფრო დიდ სინანულს იწვევს.

ცხოვრება # 4: ამჟამად ბავშვობიდან მიტაცებს წერა. გაჭირვებულ ოჯახში ვიბადები. ვწერ, ვხლაფორთობ, თუმცა დიდი არაფერი. როგორც იქნა თავს ვაბამ წიგნის დასრულებას და ვაქვეყნებ მას, წარმატება მაქვს. ნელ-ნელა გადის წლები და მუზაც, წერის სურვილიც სადღაც ქრება, აღარც ქალებში ხეტიალი მიზიდავს (უი, ისევ კაცი ვარ) და აღარც საწერ მაგიდასთან ღამეების თენება. ჩემი შემოქმედებაც აღარაა მოთხოვნადი, მთელს ფულს გართობაში ვხარჯავ, ბარმენი კარგად მიცნობს, ბარის მაგიდაზე დანით ჩემი სახელიც კია ამოკაწრული, ყოველ ღამეს ჭიქა არაყთან ვატარებ, ბოლოს სავარაუდოდ მეშლება ღვიძლი და იაფფასიან ნაქირავებ ბინაში ვკვდები, რამოდენიმე დღეში კი ჩემი მეზობლები მპულობენ.

ცხოვრება # 5: პატიოსანი შრომით ბევრს ვერაფერს ვაღწევ ( 😀 ) და ნელ-ნელა მივექანები წუმპეში, ბოლოს ვამთავრებ იმით, რომ ფულის სანაცვლოდ ვკლავ ადამიანებს, ალბათ კრიმინალური სახელიც მექნება მაგ. ”გაუმაძღარი”. დროთა განმავლობაში უკვე ძალიან არასასურველი პერსონა ვხდები ბევრისთვის და ერთ-ერთი მორიგი სამუშაოს შესრულების შედეგად მიჭერენ, ეს კი უკვე სახიფათოა, ციხეში კი ვიღაც ჩემნაირი მკლავს და მეორე დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტი ”გაუმაძღარი.”

ცხოვრება # 6: ვარ მკითხავი (ცხოვრების საწყისი წლები გამოვტოვოთ), ნაქირავები მაქვს ბინა გარეუბანში, ვცხოვრობ მარტო, მისვია ზედმეტად ბევრი მაკიაჟი, ძირითადად თვალთან შავ ტონალობაში, მაქვს კარტის კოლექცია (მათ შორის ტაროს კარტი), ჩემს სახლში (რომელიც ოფისიცაა) მუდმივად სანთლის და სიგარეტის ერთმანეთში არეული სუნი დგას. ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა და ჯადოქრებზე ნადირობა ამ დროში აღარაა აქტუალური (თუმცა ცეცხლზე დაწვა საინტერესო დასასრული იქნებოდა). დღეში ათასნაირ ადამიანთან მიწევს შეხება, ზოგს ქმრის დაბრუნება უნდა, ზოგს გათხოვება, ზოგი ეჭვიანობს, ზოგს ბავშვი უნდა, ზოგს უბრალოდ მომავალი აინტერესებს, ზოგიც დარწმუნებულია, რომ ჯადო აქვს გაკეთებული. მეზობლები ვერ მიტანენ, გამარჯობასაც არ მეუბნებიან, სრული სურათისთვის სახლში დიდი რაოდენობით კატები მყავს, ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელად გამოიყურება (შავია მაგრამ ცალთვალა ეს არ არის, ცალთვალა მეორეა ნაცრისფერ ფერებში რომელიცაა). ჩემს კედლებს რომ მიმოავლოთ თვალი, შიშისგან ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ, სულ რაღაც ავისმომასწავებელი სიმბოლოები კიდია.

ცხოვრება # 7: ვარ უფოლოგი, დავდევ ყველა შემთხვევას სადაც შესაძლოა უცხოპლანეტელების კვალი ვიპოვო. ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე მესამე ღამეა ცაზე დაკიდებულ ამოუცნობ ობიექტს ხედავენ, ზოგიც აცხადებს, რომ ამ ობიექტიდან მასთან კავშირი დაამყარეს უცნაურმა არსებებმა, სხეულზე მიყენებულ დაზიანებებს მაჩვენებენ, ზოგიც ამბობს, რომ ღამით როდესაც სახლში ბრუნდებოდა ავტომობილის ძრავამ უბრალოდ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მის წინ ყველაფერი განათდა და ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს, გონზე, რომ მოვიდა უკვე თენდებოდა და საათს, რომ დახედა აღმოაჩინა, რომ ის გაჩერებული იყო. მთელი ცხოვრება მსგავსი შემთხვევების დევნაში გადის, თუმცა ვერაფრის დამტკიცებას ვერ ვახერხებ.

ცხოვრება # 8: ბევრს არაფერს წარმოვადგენ, ვიზრდები მშვიდად, შემდეგ ვქმნი ოჯახს, მყავს ორი შვილი, არ ვმუშაობ სახლში ვარ და დიასახლისობის გარდა არც არაფერი მიტაცებს, სრულ სიმშვიდეში და სტაბილურობაში გადის ჩემი ცხოვრება.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი რეალობისგან ძალიან შორსაა და პოსტი დასაწყისიდან ბოლოსკენ ცოტა სხვა, უფრო წარმოსახვითი მიმართულებით წავიდა, თუმცა გავერთე,

Advertisements

10 thoughts on “ვიცხოვრებ ხშირად

  1. sevdiani

    რამდენიმე ცხოვრება მომეწონა 🙂 ეგებ უდაბნოში მოხეტიალე ბედუინადაც სცადო დაბადება (უი აქაც კაცი იქნები) 🙂

    Like

  2. პირველი მაწყობს მე. პროკურატურა ჩემი ოცნება, მიზანი და ყველაფერია.
    უკიდურეს შემთხვევაში მერვეზეც ტანახმა ვარ.
    და მინდა კაცი ვიყო ოღონდ არ მოვკვდე 😀

    Like

    1. რატომ თუ მოკვდები უფრო საინტერესო არ იქნება? მერე თავიდან სხვა სცენარით დაიწყებ ცხოვრებას 🙂 სულ ერთი და იგივე მოსაბეზრებელია, როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეს შენი საქმე 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s