თვითმკვლელობა პომპეზურად


მიიღე თვითმკვლელობის გადაწყვეტილება (ამ შემთხვევაში აფექტის მდგომარეობას არ ვგულისხმობ) და ალბათ ფიქრობ აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის გზებზე. საინტერესოა რა არის შენი მიზანი, ანუ ამით უბრალოდ სიკვდილი გინდა, თუ ეს ყველაფერი გაცილებით მასშტაბურ ხასიათს ატარებს და ფართო მასებზეა გათვლილი.
ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უნდა სიკვდილი (ნუ რა თქმა უნდა სიტყვა უბრალოდ ძალიან ცუდად ჟღერს, ვინაიდან თითქმის ყოველთვის არსებობს მიზანი) სავარაუდოდ აირჩევს მეტნაკლებად მისაღებ გზას, ალბათ გაითვალისწინებს, ტკივილის ნაკლებობას, სხეულის დაზიანების მინიმუმამდე დაყვანას და ა.შ. მაგ. ვენების გადაჭრა, მედიკამენტების მიღება, თუნდაც ჩამოხრჩობა ან ტყვია საფეთქელში. თუმცა სრულიად გაუგებარია იმ ადამიანების მოტივი, რომლების საკუთარი სიკვდილისგან შოუს ქმნიან. რატომ უნდა გადმოხტე დღის 12 საათზე, კორპუსის 16 სართულიდან და ამ საზარელ სცენას შეასწრო ბავშვები, ყველა კორპუსის მაცხოვრებელი, უბარლოდ მაღაზიაში ჩასული ადამიანი და ა.შ. შემდეგ ეს უახლოესი 10 დღის განმავლობაში ყველას სალაპარაკო თემა იქნება. რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი ყველა უცხომ თუ ნაცნობმა, იხილოს შენი უაზროდ დასახიჩრებული სხეული ნახევრად შიშველ მდგომარეობაში.
რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი გადახტე მდინარეში ხიდიდან სადაც უამრავი ადამიანი ირევა და კვლავ შექმნა შოუ ამ ყველაფრით.
რატომ უნდა აიღო ნომერი სასტუმროში და იქ მოიყვანო შენი გადაწყვეტილება სისრულეში, ამით კი სასტუმროს პერსონალს, იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, დამსვენებლებს, ყველას განაცდევინო საშინელების შეგრძნება, აიძულო იზრუნონ იმაზე, რომ მიხედონ შენს გვამს, იარონ მოწმის სტატუსით და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ დაივიწყონ ეს საზარელი შეგრძნება.
რატომ უნდა ჩაუვარდე მატარებელს და გაუმწარო დარჩენილი ცხოვრება მემანქანეს, შოკში ჩააგდო ყველა მგზავრი, უბრალოდ ახლოს მყოფი, მომსწრე ადამიანი.
თუ სიკვდილი გადაწყვიტე, კეთილი ინებე და ამით უცხო ადამიანების ცხოვრებაში დიდ შავ ლაქას ნუ გააჩენ, ახლობლები სხვა საკითხია, მათი გამწარება შეიძლება მიზანმიმართულად გინდოდეს.
Advertisements

ვიცხოვრებ ხშირად


ხშირად გამიგია გამოთქმა და მეც მითქვამს ”ერთხელ ცხოვრობ და ყველაფერი უნდა გააკეთო ისე როგორც გინდა”, ან უბრალოდ ”ერთხელ ცხოვრობ” და ამით ყველაფერი გასაგებია. თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ ერთხელ ცხოვრობ ყველაფერს რისი გაკეთებაც გინდა ვერ მოასწრებ, აი რამოდენიმეჯერ რომ ცხოვრობდე და შეგეძლოს გეგმას მიჰყვე და თითოეული ცხოვრება სხვადასხვანაირად გაატარო, მაშინ ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნებოდა. მაგ. 1. ეს ჩემი პირველი ცხოვრებაა, აქამდე გეგმაც არ მქონია, არც ცხოვრების წესებში ვიყავი კარგად გარკვეული და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ რა და როგორ, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ დინებასაც მივყვები, რადგან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და მუდმივად ვმერყეობ. კარგით რადგან ეს ჩემი პირველი ცდაა დაე ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც მიდის, ვისწავლე ერთი სპეციალობა, ვმუშაობ სხვა სპეციალობით, ვსწავლობ მესამეს და ა.შ. თუმცა ვინაიდან წინ კიდევ რამოდენიმე ცდა მაქვს, დროა დავგეგმო რა იქნება შემდეგში:

ცხოვრება # 1.1: ვსწავლობ ისევ იურიდიულზე, ვამთავრებ წარმატებით არც ვფიქრობ სხვა პროფესიით მუშაობას, ვიწყებ სტაჟირებას, ვშრომობ მუხლჩაუხრელად წარმატების მისაღწევად. ცოტა ხანში მუშაობას ვიწყებ პროკურატურაში, ნელ-ნელა მივიწევ წინ, არა ერთი საინტერესო საქმე მაქვს უკვე გავლილი, შემდეგ კი დაგროვებული ფინანსებით ვხსნი პირად იურიდიულ სამსახურს (მათ შორის ადვოკატები ყველა მიმართულებით, ნოტარიუსი და კერძო დეტექტივის მომსახურება), მე პირადად მხოლოდ საინტერესო შემთხვევებს ვკიდებ ხელს, ვხვდები, რომ მივაღწიე იმას რაც მინდოდა, სრულიად კმაყოფილი ვარ.

ცხოვრება # 2: ვარ კაბარეს მოცეკვავე, დღის განმავლობაში მძინავს, ღამე ვმუშაობ, ვარ მუდმივად ფორმაში, ჩემი ერთადერთი საზრუნავია გამოვიყურებოდე არაჩვეულებრივად. ირგვლივ მუდამ ხალხი მახვევია (ზოგჯერ ამით ძალიან ვიღლები), შავად შეღებილი თმა, კარე, წითელი პომადა, მაღალი ქუსლები, ჩულქები და მძივებიანი კაბა ჩემი სამუშაო ჩაცმულობაა. ალკოჰოლი, სიგარეტი, მთვრალი სიცილი, დაღლილი ნასვამი პოლიტიკოსები, მაფიოზები, უბრალოდ მდიდარი ადამიანები, შემთხვევით შემოხეტებული მუშა კლასი და ა.შ.

ცხოვრება # 3: ვიბადები კაცად. ბავშვობიდან ვოცნებობ სამხედრო მფრინავობაზე და რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებ ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის. ვაღწევ მიზანს, ვღებულობ სამხედრო წვრთნებში, აღლუმებზე მონაწილეობას. შემდეგ ყველაფერი გაცილებით სერიოზული ხდება და ჩემი პროფესიის გამოყენება მიწევს ომში, მრავალი წარმატებული დღის შემდეგ, ყველაფერი სრულდება, ვიღუპები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. გასვენებაში არა ერთი ჩემი სიკვდილით გულდაწყვეტილი ქალბატონი იყრის თავს ( 🙂 ) ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებენ, გასვენებაში ისვრიან ჩემს საპატივსაცემოდ და შემდეგ რთავენ ჩემს საყვარელ სიმღერას, რომელიც დაკრძალვის ტრაგედიისთვის ზედმეტად მხიარული და შეუფერებელია, რაც კიდევ უფრო დიდ სინანულს იწვევს.

ცხოვრება # 4: ამჟამად ბავშვობიდან მიტაცებს წერა. გაჭირვებულ ოჯახში ვიბადები. ვწერ, ვხლაფორთობ, თუმცა დიდი არაფერი. როგორც იქნა თავს ვაბამ წიგნის დასრულებას და ვაქვეყნებ მას, წარმატება მაქვს. ნელ-ნელა გადის წლები და მუზაც, წერის სურვილიც სადღაც ქრება, აღარც ქალებში ხეტიალი მიზიდავს (უი, ისევ კაცი ვარ) და აღარც საწერ მაგიდასთან ღამეების თენება. ჩემი შემოქმედებაც აღარაა მოთხოვნადი, მთელს ფულს გართობაში ვხარჯავ, ბარმენი კარგად მიცნობს, ბარის მაგიდაზე დანით ჩემი სახელიც კია ამოკაწრული, ყოველ ღამეს ჭიქა არაყთან ვატარებ, ბოლოს სავარაუდოდ მეშლება ღვიძლი და იაფფასიან ნაქირავებ ბინაში ვკვდები, რამოდენიმე დღეში კი ჩემი მეზობლები მპულობენ.

ცხოვრება # 5: პატიოსანი შრომით ბევრს ვერაფერს ვაღწევ ( 😀 ) და ნელ-ნელა მივექანები წუმპეში, ბოლოს ვამთავრებ იმით, რომ ფულის სანაცვლოდ ვკლავ ადამიანებს, ალბათ კრიმინალური სახელიც მექნება მაგ. ”გაუმაძღარი”. დროთა განმავლობაში უკვე ძალიან არასასურველი პერსონა ვხდები ბევრისთვის და ერთ-ერთი მორიგი სამუშაოს შესრულების შედეგად მიჭერენ, ეს კი უკვე სახიფათოა, ციხეში კი ვიღაც ჩემნაირი მკლავს და მეორე დღეს მასმედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტი ”გაუმაძღარი.”

ცხოვრება # 6: ვარ მკითხავი (ცხოვრების საწყისი წლები გამოვტოვოთ), ნაქირავები მაქვს ბინა გარეუბანში, ვცხოვრობ მარტო, მისვია ზედმეტად ბევრი მაკიაჟი, ძირითადად თვალთან შავ ტონალობაში, მაქვს კარტის კოლექცია (მათ შორის ტაროს კარტი), ჩემს სახლში (რომელიც ოფისიცაა) მუდმივად სანთლის და სიგარეტის ერთმანეთში არეული სუნი დგას. ვხვდები, რომ ძალიან გამიმართლა და ჯადოქრებზე ნადირობა ამ დროში აღარაა აქტუალური (თუმცა ცეცხლზე დაწვა საინტერესო დასასრული იქნებოდა). დღეში ათასნაირ ადამიანთან მიწევს შეხება, ზოგს ქმრის დაბრუნება უნდა, ზოგს გათხოვება, ზოგი ეჭვიანობს, ზოგს ბავშვი უნდა, ზოგს უბრალოდ მომავალი აინტერესებს, ზოგიც დარწმუნებულია, რომ ჯადო აქვს გაკეთებული. მეზობლები ვერ მიტანენ, გამარჯობასაც არ მეუბნებიან, სრული სურათისთვის სახლში დიდი რაოდენობით კატები მყავს, ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელად გამოიყურება (შავია მაგრამ ცალთვალა ეს არ არის, ცალთვალა მეორეა ნაცრისფერ ფერებში რომელიცაა). ჩემს კედლებს რომ მიმოავლოთ თვალი, შიშისგან ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ, სულ რაღაც ავისმომასწავებელი სიმბოლოები კიდია.

ცხოვრება # 7: ვარ უფოლოგი, დავდევ ყველა შემთხვევას სადაც შესაძლოა უცხოპლანეტელების კვალი ვიპოვო. ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე მესამე ღამეა ცაზე დაკიდებულ ამოუცნობ ობიექტს ხედავენ, ზოგიც აცხადებს, რომ ამ ობიექტიდან მასთან კავშირი დაამყარეს უცნაურმა არსებებმა, სხეულზე მიყენებულ დაზიანებებს მაჩვენებენ, ზოგიც ამბობს, რომ ღამით როდესაც სახლში ბრუნდებოდა ავტომობილის ძრავამ უბრალოდ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მის წინ ყველაფერი განათდა და ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს, გონზე, რომ მოვიდა უკვე თენდებოდა და საათს, რომ დახედა აღმოაჩინა, რომ ის გაჩერებული იყო. მთელი ცხოვრება მსგავსი შემთხვევების დევნაში გადის, თუმცა ვერაფრის დამტკიცებას ვერ ვახერხებ.

ცხოვრება # 8: ბევრს არაფერს წარმოვადგენ, ვიზრდები მშვიდად, შემდეგ ვქმნი ოჯახს, მყავს ორი შვილი, არ ვმუშაობ სახლში ვარ და დიასახლისობის გარდა არც არაფერი მიტაცებს, სრულ სიმშვიდეში და სტაბილურობაში გადის ჩემი ცხოვრება.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი რეალობისგან ძალიან შორსაა და პოსტი დასაწყისიდან ბოლოსკენ ცოტა სხვა, უფრო წარმოსახვითი მიმართულებით წავიდა, თუმცა გავერთე,

Germany


დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეზობლები ამ კონკრეტულ მომენტში უკვე ხელმოწერებს აგროვებენ ჩემს გასახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამად ღირდა და გერმანიამ მოიგო :)))))))))))))))))))))))))))))

რატომღაც მახსოვს


მახსოვს, სლოვაკეთი, პოდბანსკი საზაფხულო ბანაკი (მაშინ 16 წლის ვიყავი), უამრავი ადამიანი, რომლების გზაც ჩემს გზაზე გადაიკვეთა ერთხელ და ფაქტიურად დარწმუნებული ვარ რომ უკანასკნელად. მახსოვს 930 ნომერი და ორი ადამიანი, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობდი, სახელები აღარ მახსოვს, მახსოვს ის დღე ყველას რომ დავემშვიდობე, გამოვიხურე ჩემი ოთახის (930) კარები, შევხედე და გავიფიქრე, რომ ეს იყო უკანასკნელად, უკანასკნელად ვხედავდი ამ ყველაფერს, აბა მეტი მანდ რაღა მესაქმება, ვიცი, რომ იქ არასოდეს ჩავალ.
მახსოვს მატარებელი და ორი ჰოლანდიელი ბიჭი, რომლებმაც ერთმანეთი მატარებელში გაიცნეს, ფრანგი ცოლ-ქმარი, ქმარი აშკარა არისტოკრატივით რომ გამოიყურებოდა და მეუღლე გაუნათლებელი კეთილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მახსოვს ე.წ. ”ფუნთუშა”, რომელიც უზომოდ ბედნიერი იყო იმით, რომ დასასვენებლად მიდიოდა და ”მარშუტკის” რეპერტუარის შერჩევაში მონაწილეობას ღებულობდა, ბოლოს ჩამოყალიბდა, რომ ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი ღამე მგზავრობოს დროს იქნებოდა სიმღერა ”პად კაიფამ” (ვინ მღერის არ ვიცი).
მახსოვს ნატაშა, რომელიც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იტყუებოდა სასტუმროს მცირეწლოვანი რეცეფციონისტისგან ვარ ფეხმძიმედო, შემდეგ ”მუდურს” შეუვარდა და კომპიუტერის დამტვრევას ლამობდა, მახსოვს, რომ ეს ნატაშა ერთადერთ აღმოჩნდა მთელს სასტუმროში ვისთანაც საერთო ენა ვიპოვეთ და დავმეგობრდით.
მახსოვს სულეიმანი, ამ კაცზე სიტყვა ზვიგენი რატომ მახსენდება არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც აუხსნელ კავშირში იყო.
მახსოვს ის კაცი, სტომატოლოგიურ კლინიკაში, ექიმისგან რომ გამოვიდა შემდეგ ვიზიტზე შეთანხმდა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
მახსოვს ქურთი ბარმენიც, რომელიც ალბათ ჯობია არ მახსოვდეს.
მახსოვს ის რუსი კაცი მშობლებთან ერთად რომ ისვენებდა, დედამისი რომ ურჩევდა რა უნდა ეჭამა, მთელი დღე ჩრდილში, რომ იწვა მზის სხივებს რაიმე რომ არ ევნოთ.
მახსოვს ის, რომელიღაც სლავური ქვეყნის წარმომადგენელი ცხოველივით კაცი, როგორ იყვირა სააკაშვილიო, როცა გაიგო რომ ქართველი ვიყავი.
მახსოვს ის ორი ფრანგი ბიჭი, მეტროდან ამოსულებს, რომ ავეკიდეთ მე და ჩემი მეგობარი, იმდენად სიმპატიურები იყვნენ.
მახსოვს ის კაცი, კუპეში, რომ შემოიხედა, ჩვენი დანახვა, რომ არ ესიამოვნა, გამცილებელს დაჟინებით, რომ სთხოვა კაცებიან კუპეში შეესახლებინათ და უკან მოუხედავად გაეცალა იქაურობას.
მახსოვს ის ჩრდილიც ჩემი უძილობის პერიოდში აშკარად მასაც უძილობა, რომ ქონდა და ერთად (ერთად ნაკლებად მაგრამ მაინც), რომ ვათენებდით ღამეებს, ისე წავიდა ის ჩრდილი ცხოვრებაში თვალიც არ მომიკრავს.
მახსოვს ბარბორა, რომელიც უზომოდ მიშლიდა ნერვებს, სასტიკი ხმით და ქცევის მანერით გამოირჩეოდა.
მახსოვს თეთრ სპორტულებში (ღამე იყო და ფაქტიურად ანათებდა) ჩაცმული ახალგაზრდა, პირზე ხელი, რომ ამაფარა საყვარლად, დანა დამადო და მეჯღანებოდა მობილური მომეციო.
მახსოვს ”ოქროსუბნელი” ალიკა, შეყვარებულის გასასეირნებლად მანქანა, რომ მოიპარა და ვერ მოინელა ამისთვის, რომ დაიჭირეს.
მახსოვს, რიბა, ორ პალმას შორის გაბმულ ჰამაკში მწოლიარე მოკლული ქალის ფანტაზიით.
მახსოვს ის ბიჭი დედამისი, რომ მიიყვანა ანგილოგთან და აივანზე ერთად რომ მოვწიეთ.
კიდევ ბევრი რამ და ბევრი ვინმე მახსოვს, რომლებსაც ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით ერთხელ შევხვდი და 99.99% აღარასოდეს შევხვდები და აღარასოდეს ვნახავ. რამდენ ადამიანთან იკვეთება ჩვენი გზა ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ისე რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ.

თანაგრძნობიდან სრულ გულგრილობამდე


იწყება ყველაფერი იმით, რომ ხვდები დღეიდან გექნება შეხება ადამიანებთან, რომლებიც გულწრფელ თანაგრძნობას და სიბრალულს იმსახურებენ, ხვდები, რომ სამომავლოდ მუდმივად იმაზე მოგიწევს ფიქრი თუ რამდენი ადამიანი დატოვე იმედგაცრუებული, ბედის ანაბარა, სასოწარკვეთილი, მათთან ყოველი შეხებისას ცუდ ხასიათზე დგები.
ეს პერიოდი მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში გრძელდება. ვინმე ვისაც ამ საკითხში უკვე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს შეიძლება მოგიბრუნდეს და სრულიად ცივი სახით გითხრას, რომ მან დროთა განმავლობაში სიბრალულის შეგრძნება სრულიად დაკარგა, არა თუ დაკარგა პირიქით გახდა მკაცრი, მათთან ყოველი შეხება მხოლოდ აგრესიას და ნერვების მოშლას იწვევს. შენ რა თქმა უნდა არ გჯერა, ამბობ, რომ შენ ასეთი არასოდეს გახდები, თავს აჯერებ რომ ეს ინდივიდუალურია, ალბათ იმასაც კი ფიქრობ, რომ შენ გაცილებით კარგი ადამიანი ხარ და მათი გაგება შეგიძლია, გიჟდები იმის წარმოდგენით თუ როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ცივი იყოს, ფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომელთა შეგუებაც შეუძლებელია.
გადის დაახლოებით 1 (შემდეგ 2, 3 და ა.შ.) წელი, და ოოოოო სადღაც გაქრა შენში ის კარგი, დადებითი ემოციით, სიბრალულით განმსჭვალული პიროვნება, არავითარ ემოციას აღარ იწვევს ადამიანი, რომელიც თუნდაც 1 წლის წინ, რომ მოსულიყო შენში იმხელა სიბრალულს გამოიწვევდა, რომ მთელი ღამე მასზე იფიქრებდი, არა უფრო დავკონკრეტედები, ემოციას იწვევს ოღონდ ეს ემოცია დადებითისგან ძალიან შორს დგას, მხოლოდ ნერვები გეშლება, გიჟდები იმაზე თუ რამდენი ”პრეტენზია” აქვს, ესაუბრები მკაცრი ტონით, უხსნი, რომ წუხხარ (ეს უბრალოდ ფრაზაა) მაგრამ მისი დახმარება არ შეგიძლია და შეუძლია ნებისმიერ სხვა გზას მიმართოს. ამთავრებ მასთან ბოლოს და ბოლოს საუბარს და იმაზე ფიქრობ თუ როგორ დაგღალა, როგორ მოგიშალა ნერვები და არავითარი თანაგრძნობა.
რა თქმა უნდა მაინც რჩება ამ კონტინგენტის 1%, რომელიც არ შეიძლება არ შეგეცოდოს და ადამიანური თანაგრძნობა არ გამოიწვიოს, თუმცა ეს მხოლოდ 1%-ია, დანარჩენი 99 კი შენთვის მხოლოდ მორიგი პრობლემა, ნერვების მომშლელი სუბიექტია. მათი უმრავლესობას აგრესიით მოდის, რაც ალბათ შენი მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას განაპირობებს, თუმცა კარგად, რომ დაფიქრდე მათი გაგება შეიძლება, მაგრამ შენ ვინ გაგიგებს, შენ რა შუაში ხარ, შენ დაიღალე, ის კი ისე ცუდად გელაპარაკა და იმდენი პრეტენზია ჰქონდა, რომ სულაც არ არის ღირსი არავითარი სიბრალულის.
მოდის ახალი ადამიანი (ისეთი როგორიც იყავი შენ თავიდან), იწყებს მათთან ურთიერთობას და მწუხარე სახით გეუბნება თუ როგორ ეცოდება ყველა მათგანი, შენ კი მომენტალურად ირგებ იმ, როლს, რომელიც წლების წინ შენთვის მიუღებელი იყო, ამბობდი, რომ შენ ასეთი არასოდეს გახდებოდი და გეცინება.
ცოტა ხანში კურიოზების ძებნას იწყებ, რაღაცნაირი სიმწრით იცინი. გაქვს მსგავსი შემთხვევები: შედიხარ ოთახში და უკან მოგყვება პრეტენზიებით განმსჭვალული ადამიანი, თავიდანვე გაძლევს განმარტებას, რომ არის გიჟი, აქვს ე.წ. თეთრი ბილეთი და ახლაც, რომ მოკლას ვინმე (ვინმე რა ანუ შენ), მას ამისთვის არაფერი ექმუქრება, ლაპარაკობს ხმამაღალ ტონალობაში, შენ ფაქტიურად არაფერი გესმის (არც არის საჭირო, საინტერესოს არაფერს ამბობს), ცდილობ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი სახე მიიღო და თვალს ჩუმად აპარებ კარებისკენ, ფიქრობ იმაზე, საჭიროების შემთხვევაში მოასწრებ თუ არა გამოქცევას 😀
შემდეგ ისევ გესმის ყვირილი, ხვდები, რომ აი ისევ შენთან არიან, ხელში ონკოლოგიური პაციენტი გრჩება, გეჩხუბება, გიყვირის, გიხსნის, რომ აქვს მეოთხე სტადია (უკანასკნელი) ესაჭიროება წამლები და ფული არ აქვს, არადა სიცოცხლე უნდა, არ უნდა სიკვდილი და შენ არ გეცოდება, არც ერთი წუთით არ გეცოდება და ფიქრობ იმაზე, რომ რაც შეიძლება დროზე დაგანებოს თავი, მორჩეს შენს ლანძღვას, ყვირილს და სადაც უნდა იქ წავიდეს, არადა ეს, რომ 3 წლის წინ მომხდარიყო, შესაძლოა მისი საცოდავობით რამოდენიმე ღამე არ გძინებოდა.
ადამიანი ნამდვილად ეჩვევა ყველაფერს, რაც ყოველდღიურობაში გადადის ის პირვანდელ ემოციებს აღარ იწვევს. ისეთი როგორიც გეგონა, რომ არასოდეს გახდებოდი დროთა განმავლობაში იმდენად მარტივად ხდები, რომ აღარც კი გიკვირს.

თქვენი დიაგნოზია ”კიბო”


რა ხდება მას შემდეგ რაც ფორმა 100ა-ში (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), პუნქტში – დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დაიგნოზი – ჩაიწერება რომელიმე ორგანო და გვერდით Cr. (cancer, კიბო). ალბათ პირველი რეაქცია არის საშინელი შიში, ტრაგედიის განცდა, სრული დეპრესია და შემდეგ იწყება ფიქრის გამოსავალზე, გამოსავალზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დარჩენილი წლების კლინიკაში გატარებას გულისხმობს, კლინიკაში სასიარულო დღეების გახანგრძლივებას. ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ მთავრდება რაღაც (ახლანდელი გადმოსახედიდან) ძალიან კარგი და იწყება იმ მომენტის წამოდგენით რაღაც ძალიან ცუდი და საშინელი, ეს ალბათ იგივე სასიკვდილო განაჩენია და როგორც პატიმარი იწყებს აპელაციაზე ზრუნვას ასევე იქცევა პაციენტიც. და აი მიიღება გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყების შესახებ, იწყება ფიქრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ არის გვიან, ამ დროს კი კლინიკა გაჩეჩებს ხელში ”კალკულაციას”, მაშინ კი უკვე ხვდება ადამიანი, რომ მკურნალობის დაწყების გადაწყვეტა საკმარისი არ არის, პირიქით ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ იწყება პრობლემები. ოპერაცია, ქიმიო თერაპია, გამოკვლევები, სტაციონარში წოლა, მედიკამენტები (ქიმიო თერაპიის გარდა), სხივური თერაპია და ა.შ. ყოველ მისვლაზე ახალ კაკლულაციას გახვედრებენ და საჭიროა ახალი გამოსავლის ძიება. ამ დროს სავარაუდოდ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს პაციენტის ასაკი, ფიქრი იმაზე ღირხარ თუ არა იმ თანხად (რაოდენ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს), რომელიც შენზე უნდა დაიხარჯოს, პრობლემის მოგვარებაში უნდა დაიხარჯოს, პრობლემა კი ბოლომდე მოგვარებადი ხშირად არც არის, უბრალოდ ფულს ამ პრობლემის დროში გაწელვაში იხდი, ამ ”პრობლემას” კი შენი სიცოცხლე ქვია.
და რა არის რეალობა, რეალობა არის ის, რომ შენ ხვდები დიაგნოზი დასმულია (განაჩენი გამოტანილია), დარჩენილი წლების მანძილზე იზრუნებ მხოლოდ იმაზე რომ როგორმე ცხოვრების თუნდაც 1 თვეც იჩუქო, ეგუები იმას, რომ ალბათ, რომელიმე ორგანოსთან გამოთხოვებაც მოგიწევს, კლინიკა სახლივით იქნება, დარჩენილი ფული მოხმარდება მხოლოდ წამლებს და კლინიკაში სიარულს და ყველა მომავალ სიხარულს ექნება დეპრესიული ფონი.
თუ კლინიკა, რომელშიც იწყებ მკურნალობას ქ.თბილისის ”ონკოლოგიური საავადმყოფოა” (ლისის ტბა), მოგიწევს სიარული, შენობაში, რომელსაც ადრე მხოლოდ შეპარვით უყურებდი, ფიქრობდი იმაზე, თუ რა საშინლად გამოიყურებოდა შორიდან მთაზე წამოჭიმული ნაცრისფერი შენობა, ხვდები, რომ ის პაციენტები, რომლებიც ამ კლინიკაში დადიოდნენ და შენგან გულწრფელ სიბრალულს იმსახურებდნენ (ყოველი ახალგარზდის დანახვაზე ფიქრობდი, რა ახალგაზრდაა და ნეტავ რა სჭირს), უკვე აღარაფრით განსხვავდებიან, შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, იგივე მზერით აწი სხვები შემოგხედავენ და ის შორეული შიშის მომგვრელი შენობა არც თუ ისე შორეული იქნება.
და მაინც როდესაც ამ დიაგნოზს ვხედავ ძალაუნებურად ყოველთვის პაციენტის ასაკის გრაფისკენ ვაყოლებ თვალს, ვიცი, რომ სიცოცხლე ყველას უნდა, თუმცა როდესაც ასაკში 19 წელი წერია, განსაკუთრებული საშინელების შეგრძნება მეუფლება.
რა თქმა უნდა ეს ჩემი გადასახედიდან დანახული ონკოლოგიური პაციენტის ცხოვრებაა, რა თქმა უნდა არსებობს შემთხვევები, როდესაც სრული გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი და აქ ყველაზე ცუდი ვარიანტია აღწერილი. ადრე მეგონა, რომ ეს დიაგნოზი ახალგარზდა ადამიანებში უკიდურესად დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, ბოლო პერიოდში კი ძლიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანის, ფორმა 100ა ვნახე დიაგნოზის გრაფაში მოკლე ჩანაწერით Cr. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი ალბათ ეს პოსტი დამეწერა.
ერთხელ მეც მივაკითხე ლისის ტბაზე ამ ნაცრისფერ შენობას, კიბეები შესაძლო პაციენტის სტატუსითაც ავიარე (შუა კიბეზე სუნთქვა შემეკვრა), თუმცა საბედნიეროდ იქიდან გამოსულს ხელში Cr.-იანი ცნობა არ მეჭირა.

რატომ ვეწევით სიგარეტს


მოწევა არის გართობა
სიგარეტმა დროთა განმავლობაში უმეტესობისთვის ჩაანაცვლა ბავშვობის კაპრიზები, ანუ ზრდასრული ადამიანი თავს ვეღარ აძლევს ყველა კაპრიზის ასრულების უფლებას, სიგარეტი კი შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ ცოტა ხნით შეწყვიტო მუშაობა. “ხშირად ხდება ისე, რომ უცბად ძალიან იღლები მუშაობით” – აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხული “ის 5 წუთიანი შუალედი კი რომელსაც სიგარეტს ვუთმობ, შესანიშნავი მიზეზია დასასვნებლად, მოწევის გარეშე კი უბრალოდ 5 წუთით ადგილზე ჯდომა არანაირ შვებას არ მაძლევს”.

მოწევა არის ერთგვარი ჯილდო
თითოეულ ჩვენგანს ძალიან აკლია ე.წ. ჯილდო ცხოვრებაში. გვჭირდება ადამიანი რომელიც მხარზე წამოგვარტყამს. სიგარეტი კი არის ერთგვარი საჩუქარი/ჯილდო, რომელსაც საკუთარ თავს ვუკეთებთ იმ სიხშირით რა სიხშირითაც მოვისურვებთ. როდესაც საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე შეგვიძლია ავდგეთ და სიგარეტი მოვწიოთ ანუ გარკვეულწილად მივულოცოთ ჩვენს თავს და საჩუქარი გავუკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია დავპირდეთ ჩვენს თავს “როდესაც ამ საქმეს მოვრჩები, როდესაც დავასრულებ რეპორტის უკანასკნელ გვერდს, მე დავიმსახურებ პატარა გართობას, საჩუქარს, მოვწევ.”
გარდა ამისა სიგარეტი არის სიამოვნება ანუ მაგ. ჭამის შემდეგ სიგარეტი სიამოვნებას 100%-იანს ხდის, ასევე თითოეული ღერი არის პატარა შესვენება დღის განმავლობაში და ა.შ.

სიგარეტი – თანამედროვე ქვიშის საათი
1 ღერის მოწევა ფსიქოლოგიურად ასოცირდება გარკვეული დროის გასვლასთან. ანუ ხშირად ვამბობთ, მაშინ როდესაც ვიღაც იგვიანებს – “ერთ ღერსაც მოვწევ და მერე წავალ.” ერთ-ერთმა გამოკითხულმა დააფიქსირა, რომ “გაცილებით მარტივია უყურო სიგარეტი ნელ-ნელა როგორ იწვება, ვიდრე ყოველ ორ წამში ერთხელ ნერვიულად უყურო საათს და ხელები იფშვნიტო.”
გარდა ამისა სიგარეტით მხოლოდ დროის განსაზღვრა არ ხდება, ასევე იქმნება წარმოდგენა, რომ დრო გაცილებით მარტივად გადის. ამიტომ ხდება, რომ მოლოდინის პერიოდში ჩნდება მოწევის სურვილი. ამიტომაა, რომ ხშირად ჯარისკაცები ბრძანების მიღებამდე საკვებზე მეტად სიგარეტს ეტანებიან.

“სიგარეტთან ერთად მე არ ვარ მარტო”
ჩვენი რესპოდენტები ხშირად აფიქსირებდნენ, რომ მოწევა ძალიან გავს მეგობართან ერთად ყოფნას. ერთ-ერთმა მატგანმა განაცხადა “როდესაც მარტო ვარ და სიგარეტს ვუკიდებ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ აღარ ვარ მარტო…”
მოწევა ასევე ეხმარება ურთიერთობის დაწყებას ანუ დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს რაც ერთად დალევას. ეს უბრალოდ საღამოს კარგი დასაწყისია.

“მე მომწონს კვამლის ყურება”
მწეველისთვის კვამლი, რომელსაც ის უშევბს რაღაც დონეზე წარმოადგენს მის ნაწილს. იგივე მიზეზით უყვართ ადამიანებს სიცივეში სუნთქვის დროს ორთქლის ყურება, ანუ ეს მათ სუნთქვას ხილვადს ხდის. მწეველებს ძალიან უყვართ კვამლის ყურება, ის სხვადასხვა ფორმას იძენს და მათ მოდუნებაში და არასასურველი ფიქრების გაფანტვაში ეხმარება.

“მოწევა მეხმარება ფიქრში”
საკმაოდ ბევრი ადამიანის განცხადებით, მათ არ შეუძლიათ კონცენტრირება, ფიქრი, წერა სიგარეტის გარეშე. ამ დროს ხელიც დაკავებულია და შესაბამისად ფიქრში ხელს არაფერი გიშლის.

“მე ვაბოლებ ჩემს პრობლემებს, კვამლს ვატან”
სიგარეტი ხშირ შემთხვევაში იგივე ეფექტს იძლევა რასაც ტირილი. ანუ სიმძიმის შეგრძნებას ცოტა ხნით მაინც აქრობს. ეს ფიზიკურ მომენტთანაც არის დაკავშირებული, ანუ როდესაც ადამიანი

გაბრაზებულია, დეპრესიაშია მისი სუნთქვა არ არის რითმული, ხოლო სიგარეტი ეხმარება ამ ადამიანებს რითმულად სუნთქვაში. ამ დროს ცოტა ხნით ივიწყებ პრობლემას და გაქვს შეგრძნება, რომ აკეთებ რაღაცას იმისთვის რომ დამშვიდდე.

© Ernest Dichter

უბრალოდ და ადეკვატურობის გარეშე


ისევ წვიმს, ნუ ისევ რა, ბოლო პერიოდში ძალიან ცხელოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 კვირაა კონდიციონერის სანაქებო მუშაობის შემდეგ ვერავითარ სიცხეს ვეღარ ვგრძნობ. ნამდვილად ძალიან გამიხარდებოდა ყველა წვიმა (თუნდაც თოვლი), რომ არა ჩემი მუდმივად გასწორებული თმა, და ჩემი ნაჭრის ე.წ. “ბალეტკები”. დღეს სახლში ვიჯექი მშვიდად და რომც ეწვიმა ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა არც ჩემს თმას და არც ჩემს ჩაცმულობას, თუმცა ხვალ ამინდი უნდა შეიცვალოს, აუცილებლად უნდა გავიდე, უნდა ვიყიდო მინა, გვერდზე ოთახში აგერ უკვე მერამდენე დღეა ფანჯარა თავის პირდაპირ ფუნქციას ვერ ასრულებს და მხოლოდ ხის ჩარჩოა სიმბოლურად შემორჩენილი. რაც მინა დაიმსხვრა მას მერე თითქმის ყოველ დღე წვიმს, დღეს ცოტა დააკლდა წყალს და საბოლოოდ შეიწირავდა ტელევიზორს, ალბათ ნოესაც არ უნერვიულია წარღვნის დროს ისე, როგორც მე ვინერვიულე ამ ფაქტის გამო, სადაც სადმე ცელოფანი ვიპოვე ყველა დანიშნელების გვერდის ავლით გამოვიყენე 🙂 . დამთავრდა პირველი ტაიმი, ვერ გადავწყვიტე ახლა მოვწიო, თუ მას შემდეგ რაც მეორე ტაიმი დაიწყება (ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს) 🙂 15 წუთიც მოვიცადო და შემდეგ განვაგრძო ლუდის დალევა თუ მანამდე გათბება და ჯობია მოცდის გარეშე განვაგრძო სმა (ამასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 🙂 ).

რა მიზეზი უნდა მოვიფიქრო ხვალისთვის მათემატიკის გასაცდენად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რამოდენიმე წუთის წინ აღმოვაჩინე, რომ იტალია ზუსტად იმ დროს თამაშობს, როცა მე მათემატიკაზე ვიქნები. არა გაცდენა კი არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მუდმივად რომ ვაცდენ?! შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემი ე.წ. “ჰობია” რაიმე საგანში მომზადების დაწყება და შემდეგ მიზეზების მოფიქრება გაკვეთილის გასაცდენად. არა ნუ რა პრობლემაა იწვიმოს, ხვალ მაინც არ ვმუშაობ, შესაბამისად იწვიმოს რა, მერე რა 🙂

საფეხბურთო გამონათქვამები


ამ ეტაპზე ვინაიდან ფეხბურთი ძალიან აქტუალურია, შევაგროვე რამოდენიმე სახალისო ფრაზა აღნიშნული სპორტის ირგვლივ:

”ჩვენ გამარჯვებული უკვე გვყავდა თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე, თუმცა შემდეგ მათ ანგარიში გაათანაბრეს.” – Ian McNail

”როდესაც 4-0-ს იგებ, ის თამაში 7-1 არასოდეს უნდა წააგო!” – Lawrie McMenemy Southampton FC-ს მენეჯერი

”და ფარმერმა უკვე 19 გოლი გაიტანა, ზუსტად ორჯერ მეტი წინა სეზონთან შედარებით.” – Gary Lyon ავსტრალიელი კომენტატორი (ალბათ გამრავლების ტაბულაზე არაფერი სმენია 🙂 )

”მოგებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ იგებ.” – Vinny Jones 🙂

”რომის პაპი კათოლიკეა? არა მართლა მაინტერესებს, კათოლიკეა?” – David Beckham

”ჩილეს სამი ვარიანტი აქვს, ან უნდა მოიგოს და ან წააგოს.” – Kevin Keegan

”ეს ცოტა უჩვეულო შოტლანდიის ნაკრებია, რადგან მათ კარგი ფეხბურთელები ყავთ.” – Javier Clemente

”გერმანელებს მხოლოდ 1 ფეხბურთელი ყავთ, რომელიც ჯერ 22 წლისაც კი არ არის, ის 23 წლისაა.” – Kevin Keegan!

”ჩვენ წავაგეთ, იმიტომ რომ არ მოგვიგია.” – Ronaldo

”შენ ან კარგად თამაშობ ან ცუდად, საშუალო არ არსებობს. ჩვენ საშუალოდ ვთამაშობთ.” – Gary Lineker

”არავითარი პრობლემა არ მაქვს თუნდაც ყველა თამაში წავაგოთ, თუ ლიგას მოვიგებთ.” – O.o Mark Viduka

“მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი იტალიურ კლუბში, ისეთი როგორიცაა ბარსელონა.” – Mark Draper Southampton-ის ნახევარმცველი

”იტალიელებს, იტალიის გამარჯვების იმედი აქვთ.” – David Coleman

”თუ ინგლისი ამ მატჩის მოგებას აპირებს, მათ გოლის გატანა მოუწევთ!” – Jimmy Hill

”მე არასოდეს ვაკეთებ კომენტარს მსაჯებთან დაკავშირებით და არც ახლა დავარღვევ ამ ტრადიციას, ამ იდიოტის გამო.”

და ბოლოს ჩემი ფავორიტი, რომელიც უბრალოდ არ ითარგმნება:

“Julian Dicks is everywhere. It’s like they’ve got eleven Dicks on the field.”– Metro Radio -ს კომენტატორი

ტერმინალური სტადია


ტერმინალური სტადია – უკურნებელი დაავადების ან მდგომარეობის სიკვდილისწინა სტადია.

რამოდენიმე დღის წინ მქონდა ზუსტად ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტი გავუშვი ”ონკოპრევენციის ცენტრში” დასაწოლად და მის ახლობლებს ვუთხარი, რომ იქვე შეაფასებდნენ მის მდგომარეობას და თუ ეს არის ტერმინალური სტადია, მაშინ მოთავსდებოდა აღნიშნულ ცენტრში.
რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, რომელსაც სტაციონარში აწვენენ, იმიტომ რომ მისი მდგომარეობა მკურნალობას აღარ ექვემდებარება, შეფასებულია, როგორც ე.წ. ”ტერმინალური სტადია”, და მიდის კლინიკაში არა იმიტომ, რომ უმკურნალონ, ან იმიტომ რომ გადარჩენის 1% მაინც აქვს, არამედ იმიტომ რომ კვდება და უბრალოდ მისი სიკვდილი შედარებით უნდა გაამარტივონ. მიმართავ კლინიკას საიდანაც იცი, რომ გამოგწერენ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ (ან იმისთვის, რომ სახლში გარდაიცვალო) და ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი სტადიაა. ადამიანი იმედს ალბათ არასოდეს კარგავს, სადღაც მაინც სჯერა იმის, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ყველაფერი, თუმცა ობიექტურად ყველაფერი ზუსტადაც, რომ დამთავრდა.
ან გწერენ კლინიკიდან, გეუბნებიან, რომ მკურნალობას აღარ ექვემდებარები და გინიშნავენ მხოლოდ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, აღარაფრის მიღებას და ცდას აზრი აღარ აქვს, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები.

 

 

 

როდის ჩნდება ფიქრი ევთანაზიაზე? ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა საბოლოოდ დაკარგა იმ 1%-ის იმედიც და გადაწყვიტა, რომ დიდი ტანჯვით სიკვდილს ურჩევნია მშვიდად (რამდენადაც ეს შესაძლებელია) და თავისი გადაწყვეტილებით დაასრულოს ყველაფერი?
თუ ევთანაზიის შემთხვევაში რელიგიურ ფაქტორს უბრალოდ დავივიწყებთ საინტერესოა რის გამო იღებს ადამიანი ამ გადაწყვეტილებას, მიდის კლინიკაში და ხელს აწერს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს (მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც მოკვდება), ეს ტკივილისგან განთავისუფლების მცდელობაა? თუ შიშისგან იმის წინაშე, რომ იცი ძალიან მალე მაინც მოკვდები და მუდმივ შიშში ყოფნას გირჩევნია ყველაფერს თავად აკონტროლებდე? ანუ როდესაც იცი, რომ რაღაც ცუდი აუცილებლად უნდა მოხდეს, გირჩევნია რაც შეიძლება სწრაფად ჩაიაროს ამ ცუდმა, ვინაიდან ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ამ მოვლენას ელოდები შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საშინელებაა ვიდრე თავად ის მოვლენა (ალბერ კამიუს ”უცხო”-ში კარგადაა ბოლოში აღწერილი ის თუ როგორ ელოდება ადამიანი სიკვდილს და ყოველი დღე, რომელსაც ის დამატებით ცხოვრობს მხოლოდ ტანჯვაა და მეტი არაფერი).
 

 

 

ასევე არსებობს მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტიც, როდესაც თავს მშვენივრად გრძნობ, 1 წუთითაც არ ელოდები სიკვდილს, მთელ დღეს ეზოში ატარებ, მანქანას რეცხავ, კარგ ხასიათზე ხარ და ვერაფრით დაგაჯერებს ვერავინ იმას, რომ ზუსტად ამაღამ დაგემართება გულის შეტევა, ხვალ აღარასოდეს გათენდება და დილით ლიფტთან განცხადება იქნება გამოკრული იმის შესახებ, რომ შენ გარდაიცვალე.
საბოლოოდ მაიც როგორ ჯობია გამოგიტანონ განაჩენი, გითხრან, რომ ესაა ”ტერმინალური სტადია”, თავად გადაწყვიტო რა და როგორ, თუ უბრალოდ ხვალინდელი დღე აღარ გათენდეს?!