Category Archives:

მსმენელი


- არ გვინდა ეს სტანდარტული გაცნობის სცენა, ნუ მკითხავთ რამ მომიყვანა თქვენთან, რა მაწუხებს, ან რა შედეგის მიღწევა მინდა, გამივლია თუ არა აქამდე მკურნალობის კურსი და ა.შ. იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დასკვნები შემდეგ თავად გამოიტანეთ. წინასწარ გეტყვით, რომ არ მიყვარს, როდესაც ზედმეტად ბევრ კითხვას მისვამენ, იმასაც მოგახსენებთ, რომ შეუდარებლად შემიძლია სიყალბის აღმოჩენა, ნუ ჩათვლით თავს ვალდებულად გააკეთოთ ყველაფერი რაც გევალებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში ფულს გიხდიან. ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მჭირდება ადამიანი, რომელიც მომისმენს, მომისმენს ბოლომდე, უაზრო ჩართვების გარეშე, ადამიანი, რომლის აზრიც ფეხებზე მეკიდება (შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, უბრალოდ არ გიცნობთ).

დუმს, მშვიდი სახით მიცქერს და ხმას არ იღებს.

მეღიმება:
-იდეალურია, პროფესიონალი უნდა იყოთ, მგონი ზუსტად მიხვდით რას ვგულისხმობ, ოღონდ ნუ გადააჭარბებთ, თორემ ვიფიქრებ, რომ ჩემამდე ბევრი ჩემნაირი გყოლიათ და ამით საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს ერთადერთ რამეს რაც ცხოვრების სტიმულს მაძლევს – ჩემ უნიკალურობას, ამიტომ გირჩევთ ახლავე დაიწყოთ ზრუნვა ”ოქროს შუალედის” პოვნაზე.

დუმს, კვლავ მშვიდი სახით მიცქერს, თუმცა ვატყობ, რომ ცდილობს რაღაც ცვლილება შეიტანოს გამომეტყველებაში.

-შესანიშნავია მგონი გავუგეთ ერთმანეთს. ოღონდ ძალიან გთხოვთ ეს შეშინებული მზერაც მოიშორეთ, გარწმუნებთ, რომ ჩემი პრობლემა აგრესიასთან არავითარ კავშირში არ არის.
კვლავ დუმს, თვალებით მიღიმის და მაგრძნობინებს, რომ შემიძლია განვაგრძო.

-ამ მონოლოგის წაკითხვის შემდეგ მგონი გადამავიწყდა კიდეც აქ რისთვის მოვედი. – ვცდილობ ვიხუმრო, თუმცა მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ მცდელობა ამაოა. -კი ბატონო, განვაგრძოთ, ვხედავ მოირგეთ როლი და არც აპირებთ მისგან გამოსვლას, ჰოდა ძალიან კარგი.

გადახვევას გავაკეთებ, ახლა ერთი სცენა დამიდგა თვალწინ, თქვენ სახლში ხართ, დაღლილი სახით შედიხართ ოთახში, ბავშვებს უღიმით, მეუღლეს თვალებით ანიშნებთ, რომ მოგენატრათ, (დიახ, დიახ ვიცი, რომ დაოჯახებული ბრძანდებით) შემდეგ საჭმელს იმზადებთ და ეუბნებით, რომ დღეს კიდევ ერთი ”გიჟი” პაციენტი გყავდათ, რომელმაც შემოსვლისთანავე მოთხოვნების დაყენება დაიწყო, შემდეგ მოყვებით ჩემზე, ცოტას იხუმრებთ და ყველას ერთად გაგეცინებათ, დანანებით გააქნევთ თავს და იტყვით, რომ შვებულება გჭირდებათ, ამით თქვენ ჩემ კონფიდენციალურობას დაარღვევთ, თუმცა მინდა ახლავე გითხრათ, რომ ეს ნაკლებად მენაღვლება.

პირი გააღო რაღაცის სათქმელად.

-არა, არა, როგორც შევთანხმდით დღეს მე ვსაუბრობ და ძალიან გთხოვთ პატივი სცეთ ჩემ მოთხოვნას, ბავშვებს კი რაც გინდათ ის უთხარით.

მაშ ასე! დღეს მთელი დღე თურქულ სიმღერებს ვუსმენდი, არა ისეთ იაფფასიანს კი არა ახლა თქვენ რომ წარმოიდგინეთ, უკეთესს, ისეთს, როგორიც არასოდეს მოგისმენიათ. ცოტა ხანში მივხვდი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, ჰოდა არჩევანი ორ სიმღერაზე შევაჩერე, რომლებიც სრულად გამოხატავდნენ ჩემ განწყობას.

დილიდან ცხვირში სუნამოს სუნი მაქვს და მგონია, რომ ზედმეტი მომივიდა, თუმცა მომწონს კიდეც ეს ტკბილი სურნელი.

მეგობარს მივწერე, ბევრი არაფერი, უბრალოდ მოვიკითხე, მან კი არ მიპასუხა, აი ასე ადგა და პასუხი უბრალოდ არ გამცა, მაშინვე მიზეზის ძებნა დავიწყე, ოღონდ მას კი არ ვკითხე რა მოხდა მეთქი, არა, ჩემ თავში დავიწყე მიზეზის ძებნა, უფრო კონკრეტულად კი საკუთარი თავი მაშინვე განსასჯელის სკამზე მოვათავსე და დავფიქრდი რაში დამედო ბრალი… ვერაფერი მოვიფიქრე, არაფერი გამახსენდა, ამიტომ თავს გულგრილობა წავუყენე ბრალად.

სითბო მაკლია, არა, ცუდად ვთქვი, სხვანაირად უნდა მეთქვა, ასე გაგიჭირდებათ ჩემი გაგება, სითბო მე მაკლია, ანუ არ მაქვს საკმარისი იმისთვის, რომ გავცე, ამიტომ ცივი ვარ, თუმცა ამ სიცივის გაცემაც მენანება და ძირითადად არაფერს გავცემ, მხოლოდ ვიღებ, ოღონდ მიღებულ სითბოზეც არაფრით ვპასუხობ, პირიქით ზოგჯერ ისეთი აგრესია მიპყრობს ხოლმე, მინდება ვუთხრა, მომწყდნენ თავიდან, არადა აგრესიული ადამიანი არ ვარ, პირიქით ძალიან ჩუმი, უემოციო ვარ ხშირად, არც კონტაქტების დამყარებით ვიკლავ თავს. არ ვიცი ეს რისი ბრალია და ვიმედოვნებ, რომ ამას თქვენი მეშვეობით გავიგებ, ოღონდ ამაში დიაგნოზს არ ვგულისხმობ, წინასწარ გიხდით ბოდიშს იმისთვის რასაც გეტყვით, როდესაც თქვენ დასკვნას მოვისმენ, სწორად გამიგეთ აქ იმისთვის ვარ, რომ საკუთარი გულახდილი საუბრის შემდეგ მიზეზები თავად ვიპოვნო.

ვჩუმდები, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ ვიღებ. შემდეგ კი ისე, რომ თვალებით ისევ იატაკს ვჭამ, ვაგრძელებ.

გუშინ დერეფანში ახალგაზრდა ქალი შემხვდა, დაბნეული ჩანდა, გადაღლილიც, ეცადა თვალი აერიდებინა ჩემთვის, რაღაცნაირი უხერხულობა გამოსჭვიოდა მისგან, მე ისე შინაურულად მივაბიჯებდი ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ შენობაში, რომ ძალაუნებურად თავი უხერხულად ვაგრძნობინე. ფეხებზე დავუწყე ყურება, არ ვიცი რატომ მომტაცა თვალი მისმა წვივებმა, ახლა თქვენ ალბათ წარმოიდგინეთ გრძელი, თხელი, ლამაზი წვივები, არადა შეცდით, საკმაოდ ხორციანი ქალბატონი იყო სხვათაშორის, არც მის ფეხებში იყო რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი, მაგრამ მომინდა მივსულიყავი და მეთქვა: ”ქალბატონო თქვენ ისე გიხდებათ ეს ფეხსაცმელი”… არ მივედი, არ ვუთხარი, უტაქტობად ჩავთვალე, ახლა კი ვფიქრობ იქნებ ღირდა მივსულიყავი და მეთქვა მისთვის ეს, იქნებ ღირს იშვიათად მაინც გავაკეთო ის რაც ზოგად სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

წერილებს ვწერ, აურაცხელი რაოდენობით წერილებს, ხშირად თავს ვიტყუებ და წარმოვიდგენ, რომ ის ვისაც ამ წერილებს ვწერ ჩემთვის ძვირფასია, არადა არა, ის სინამდვილეში არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ რამდენიმე წლის წინ დავაჯერე თავი, რომ უნდა შემყვარებოდა და მას შემდეგ ამ ჩვენებას ვაწვები. მომეწონა, როგორც საქონელი ისე შევაფასე, ის ყოველმხრივ აკმაყოფილებდა ”მუზისთვის” აუცილებელ მოთხოვნებს, ჰოდა საკუთარ თავს ვუბრძანე, რომ უნდა შეყვარებოდა. შეუყვარდა? არ ვიცი, ალბათ არა, ვინაიდან ყველაფერი რაც მასში მხიბლავს ჩემი მოგონილია, ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.

დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ არ შევმცდარვარ, მასში იმდენი დადებითი რამ აღმოვაჩინე… თუმცა ეს საგრძნობლად შორდებოდა ჩემი ”მუზის” მოთხოვნებს და ისევ ფანტაზიას მივანიჭე უპირატესობა.

ჰოდა დღეს ვეღარ გავერკვიე ვინ არის ის ჩემთვის, არავინ მეთქი, როცა ვამბობ ვხვდები, რომ საშინლად ვიტყუები. ვეღარც მუზას ვუწოდებ, ის აღარ ბადებს ახალ იდეებს ჩემში, ვერც იმას ვიტყვი, რომ მისი რეალური სახე იმდენად გადასარევი აღმოჩნდა, რომ შემოყვარდა, ჰოდა ვერაფრით შევძელი იმის გარკვევა რა მინდა მისგან, რას ველოდები…

ტუჩებთან თითი მიმაქვს და ვანიშნებ, რომ გაჩუმდეს:

- მე ხომ გითხარით, რომ ვერ ვიტან როდესაც საუბარს მაწყვეტინებენ, როდესაც კითხვებს მისვამენ, როდესაც დასკვნები გამოაქვთ, ხომ გითხარით, რომ არაფერში მჭირდება ეს თქვენი ყბადაღებული და უკვე გადაპრანჭული ფსიქოანალიზი, ამიტომ ბოლომდე მომისმინეთ.

ვიცი რისი კითხვაც გინდოდათ, გსურდათ მესაუბრა დეტალებზე, მეტი მომეყოლა მასზე, გეკითხათ ის რას ფიქრობს ჩემზე…

ვწუხვარ, დღეს მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვაპირებ საუბარს, ამიტომ იმ ინფორმაციით შემოიფარგლეთ, რომელსაც გაწვდით.

ხშირად ვცდილობ გავიგო საბოლოო ჯამში ”ცუდი ადამიანი” ვარ თუ ”კარგი”, მაგრამ დასკვნების გაკეთება ვერაფრით შევძელი, ორივე მხარეს თავისი არგუმენტაცია აქვს, მე კი ეს დაწყევლილი განაჩენი ვერაფრით გამოვიტანე. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ვინმე უფრო მაღლა მდგომი განიხილავს ამ საკითხს, გნებავთ ღმერთი უწოდეთ და გნებავთ სხვა რამ.

იცით, რომელი მწერლების მშურს?! რომლებსაც შეუძლიათ მიუსხდნენ მაგიდას, მოიმარჯვონ კალამი და ფურცელი და დაიწყონ წერა, შემდეგ კი ადგნენ ცოტა ხანს იარონ ოთახში, შემდეგ ისევ წერა განაგრძონ. ასე არასდროს შემეძლო, ჩემი მუზა ძალიან ჭირვეულია, ზოგჯერ ლამისაა სული ამომხადოს დაწერეო, ზოგჯერ კი უკვალოდ ქრება და ზრდილობის გულისთვისაც კი არ მკითხულობს. მე მას ”კახპას” ვეძახი, ნუ მაიძულებთ ახლა ეს დეტალურად განგიმარტოთ, უბრალოდ ასე მომწონს მისი მოხსენიება.

მარტო ვარ, უმეტესად არავინ მყავს, არავინ ვისთან საუბარსაც შევძლებ, ვინც მომისმენს… მარტო ვარ და ხშირად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ზოგჯერ, ისეთ მომენტებში, როდესაც საკუთარი სისუსტე თავს მახსენებს, ვიღაცის საშინელ საჭიროებას ვგრძნობ და მაშინ ვხვდები, რომ ჩემი მხრიდან ბედნიერებაზე საუბარი მსუბუქად, რომ ვთქვათ თავის მოტყუების მცდელობაა. არ ვარ ბედნიერი და მინდა თქვენი სახით ყველას ვუთხრა, რომ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ ამის გამო, რომ ყველა ფეხებზე მკიდიხართ ვინც ამას უმადურობას უწოდებთ (შეურაცხყოფის გარეშე).

მთელი დღე მეგობრის ლანძღვაში გავატარე, საკუთარ თავს ბრალი ვერ დავუმტკიცე და განტევების ვაცი ხომ უნდა მეპოვნა, ჰოდა ყოყმანის გარეშე შევაწმინდე ხელები, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ შევცდი, მან მიპასუხა, იმაზე თბილად ვიდრე ვიმსახურებდი, მომიკითხა…
იშვიათად უმადური ადამიანი ვარ. ვიცი რომ ეს ზოგადად ადამიანების თვისებაა, თუმცა მე ეს გადაჭარბებული დოზით მაქვს.

საერთოდ ვერასოდეს ვახერხებ შუალედის პოვნას, კატეგორიულად რადიკალური ვარ (ხედავთ, როგორი ფრაზა გამოვიდა, მგონი ჩემი ”კახპა” დაბრუნდა)…

ვერ ვიტან, როდესაც თბილად მექცევიან, უფრო სწორად კი ჩემი ”კახპა” ვერ იტანს ამას, მაშინვე იწყებს ჩემოდნის ჩალაგებას და უკვალოდ უჩინარდება, მე კი ის ისე მჭირდება, როგორც არავინ.

მგონი დღეისთვის საკმარისია, შემდეგზე განვაგრძოთ. თქვენ კი სახლში მისულმა რაც გსურთ ის უამბეთ ბავშვებს.

ვემშვიდობები და ვგრძნობ, როგორი შვება ეუფლება მის დაძაბულ სხეულს. 


ჩვენ


საკუთარი ხმის მოსმენა მსიამოვნებს. ასე არასდროს ვყოფილვარ, პირიქით გაუცხოვების განცდა მქონდა ხოლმე და მორცხვად ვხრიდი თვალებს, შემდეგ კი უიმედოდ ვაპროტესტებდი, მე ასეთი ხმა არ მაქვს მეთქი.
დღეს ყველაფერი შეიცვალა, მიყვარს ჩემი თუნდაც ჩამწერისგან დამახინჯებული, მოგუდული ხმის ტონალობა, უცხოობასა და სიახლოვეს შორის არსებული განცდა მეუფლება.
საკუთარი თავის შორიდან თვალიერება შევიყვარე.
ზედმეტი გულღიაობა დავიწყე, გულახდილობას ვერ დავარქმევ თუმცა რაღაც დოზით სიმართლის ლაპარაკს შევეჩვიე და ეს მაშფოთებს.
ვერასოდეს ვავლებდი ზღვარს საჭირო და არა საჭირო ინფორმაციის გაცემას შორის, ან პირში წყალს ვიგუბებდი და ერთ სიტყვასაც ვერავინ დამაცდენინებდა ანაც პირიქით მოვაღებდი ხოლმე პირს და ვსაუბრობდი დაუსრულებლად. შემდეგ გადავეჩვიე ამას, ვცდილობდი თავი შემეკავებინა მოსახერხებელ მომენტში და არაფერი მეთქვა იმაზე, რაზე საუბარიც არ მიმაჩნდა გამართლებულად. დღეს დილით კი აღმოვაჩინე, რომ წითელი ღილაკი, რომელსაც ”სდექ” აწერია, ისევ გამოვიდა მწყობრიდან.
***
ის ქალია ამ სიტყვის ყველაზე სტანდარტული გაგებით. საუბრობს იმაზე, რაზე საუბარიც ზოგადად ამ სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ ხოლმე, მოვლენების აღწერის მანერაც ისეთი ფემინური აქვს, რომ ერთი წამითაც კი ვერ გაივლებ გულში, რომ ის თამაშობს.
მსახიობობა უყვარდა, ამ კუთხით საკუთარი თავის განვითარებაზე არასოდეს უზრუნია, მაგრამ ისე ბავშვურად უყვარდა, რომ თავს როლების თამაშის უფლებას ვერასოდეს ართმევდა.
შემდეგ ხანგრძლივი პერსონაჟი იპოვნა და შეიფერა, ყოველ დილით თვალის გახელისას ხვეწავდა მას და საღამოს საკუთარი თავის თამაშის შემდეგ ისეთი ოსტატობით ირგებდა ამ ნიღაბს, რომ ლამის იყო სარკეთან მისულიყო და საკუთარი სილუეტისთვის ჰაეროვანი კოცნა გაეგზავნა, თუმცა ეს ქმედება მის ახლად შეთითხნილ, უფრო კონკრეტულად კი დიდი ოსტატობით გამოძერწილ პერსონაჟს აღარ შვენოდა.
ის ქალია, ისეთი დახვეწილი და სიფრიფანა, რომ არ შეიძლება არ შეგიყვარდეს. მისი ნელსურნელება დიდ ხანს რჩება კედლებს სადაც მან გავლა მოასწრო, ოთახში შევლისთანავე სიამოვნებისგან მინაბული მზერით კითხულობ: ”აქ იყო?”, არავინ გეკითხება ვინო ისე გპასუხობენ, რომ ”დიახ”. მათში გაჩენილი აღფრთოვანების შეგრძნება ისეთი მონდომებით ანადგურებს სისხლში შერეულ ყველაზე გავრცელებულ შხამის სახეობას, რომ მას არავითარ შანსს არ უტოვებს, მისი არ შურთ, მას ეთაყვანებიან.
სახლში მისული საკუთარ სილუეტს დიდ ხანს აკვირდება, იცის, რომ ყველა კუთხეში მიმალული მისივე მოგონილი პერსონაჟი მალე ისეთი სისწრაფით შთანთქავს მას, რომ ის ვეღარ შეძლებს დილამდე საკუთარი მთლიანობით ტკბობას, მხოლოდ მაგიდასთან მჯდომი დააკვირდება ხელებს და ვნებიანად მოიკვნეტს ტუჩს, როდესაც თავისივე თითების სინაზეს შეავლებს თვალს.
მისი პერსონაჟი ტლანქია.

***

შენ ისეთი უმანკო ხარ, რომ საკუთარ თავს სარკეში თვალს ვერასოდეს უსწორებ. ლამაზ კაბაში გამოწყობილი ირგებ ბავშვური სიარულის მანერას რათა სხვებმა ვერაფერი გაივლონ გულში.საუბრისას თვალებში არასოდეს მიყურებ, ცდილობ თავი მომაჩვენო თითქოს კედლების თვალიერებით ისე გაერთე, რომ სულ გადაგავიწყდა ჩემთვის თვალის გასწორება. მეც არ გაკვირდები, ვიცი დაძაბულობა გიპყრობს და სიტყვების პოვნა ყოველი წუთის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო გიჭირს. დუმილი გაშფოთებს, ყოველთვის, როდესაც ხვდები, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, თვალებში ისეთი შიში გესახება, რომ მაშინვე ვიწყებ ახალ თემაზე საუბარს.

შენ არასოდეს საუბრობ ამინდზე, შენში არსებულ უმანკოებასთან ერთად ძალიან გიყვარს შენივე განსხვავებულობა.

ასაკთან ერთად გაურკვევლობა გიპყრობს და ვერაფრით გაგიგია საიდან გაჩნდა შენში ლტოლვა მამაკაცების ყურადღებისკენ.

***

მის პერსონაჟს ახალი გატაცება ყავს. სულ უფრო ხშირად მსტუმრობს და მე ვერაფრით ვუტყდები, რომ შემიყვარდა, ვატყუებ, რომ არაფერი ვიცი მისი ფემინურობის შესახებ. შენ ეჭვიანობ, შენი უმანკოებისთვის სრულიად შეუფერებელი გრძნობები გჭამენ და გიკვირს საკუთარი უძლურება მისი მომხიბლავობის მიმართ.
ვიცით, რომ მალე ქალბატონი ვენერა გვეწვევა და სამივეს გვეტყვის თითო კომპლიმენტს, მე ისეთივე მზერით დავიწყებ იატაკის თვალიერებას, როგორი მზერითაც უარვყოფდი ხოლმე საკუთარ ხმაზე საკუთრების უფლებას. შენ გაიბადრები და შეეცდები შენში მიძინებული ბავშვი გააღვიძო და უმანკოდ იტყვი ”გმადლობთ”-ს. ის შესაშური გულღიაობით უპასუხებს მას, ქათინაურითვე უპასუხებს, მხარზე ხელს შეახებს ნაზად და ეტყვის ”ქალბატონო ვენერა, თქვენ შეუდარებელი ხართ”. ამას მათი შეხმატკბილებული კისკისი მოყვება და ჩვენ ვიეჭვიანებთ. 


მაშინებს


”მისი ჩაშავებული თვალები და გაფითრებული სახე მაშინებს, მისი უაზროდ გამხდარი ხელები, გრძელი თითები და დაღლილი გამოხედვა მზარავს, მისი სილუეტი ისე მიზიდავს თითქოს ყველაზე მშვენიერ ზმანებას ვხედავდე.
მე ის მაშინებს, მაშინებს მისი დუმილი, მაშინებს მისი ჩანაწერები, რომლებსაც ბოლომდე არასოდეს ვკითხულობ, მაშინებს ის, რომ მას მე ვიზიდავ, მაშინებს, რომ არასოდეს იშურებს მისთვის ამდენად არა დამახასიათებელ სითბოს, მაშინებს ის, რომ ვალში ვარ და ვერაფრით ვახერხებ მის დავიწყებას.
მე მას ვაშინებ, ჩემი მოხორბლისფრო კანი და მზისგან გაღიავებული თვალებით, ჩემი დაუსრულებელი საუბრითა და ჩემთვის ესოდენ არა დამახასიათებელი სიცივით.
ის ვალშია, მე მისთვის ვსაუბრობ, ის ჩემთვის წერს, როგორც კი დაწერს მე მას ვპასუხობ, როგორც კი ვპასუხობ ის ისევ მწერს, როდესაც მწერს მე საბანს ვიფარებ და ვიტყუები რომ არ წამიკითხავს, ის ამას ხვდება და კედლის უკან იმალება, როგორც კი სათქმელს ჩამოვაყალიბებ მე ვაგრძნობინებ, რომ დროა მომისმონოს, ის რამდენიმე მეტრის დაშორებით დგება და გაბადრული სახით ისმენს ყველაფერს რასაც ვეუბნები, მე სათქმელს ვამთავრებ და ვალმოხდილი ვემზადები წასასვლელად, სამსახურში მისულს ის მე მწერს და მე საღამოსთვის სიტყვას ვამზადებ, ჩვენ ერთმანეთს ვაშინებთ.”
- მხოლოდ ამის სათქმელად დამიძახე?
ვდუმვარ.
- შენ ხომ იცი, რომ ყოველ დაძახებაზე აქ ვერ გავჩნდები, ამიტომ სანამ ჩემს ნახვას მოისურვებ და თან სასწრაფოდ დაფიქრდი რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გაქვს.
ისევ ვდუმვარ და იატაკს ვუყურებ.
მეხუტება და მიდის. მარტო დარჩენისთანავე წერას ვიწყებ.
”მას თხელი ზურგი აქვს, აშოლტილი ფეხები, კუპრივით შავი თმა და მარმარილოსავით თეთრი კანი. ის დაუნდობელია, თუმცა თბილი, მის შეუბრალებლობაში იმხელა სიყვარულია, რომ ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდება ადამიანს, რომელსაც ის არასოდეს უნახავს. მე მიყვარს მისი თითები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც მეხება, მიყვარს მისი ტუჩები, რომლებიც ყოველთვის შინდისფერ-ლურჯ-წითელია, მიყვარს მისი სიმკაცრისგან აკანკალებული ხმა და ამ ხმის გაგონებისას ენის ქვეშ გაჩენილი სირბილის შეგრძნება, აი ისეთი ”შედედებულ რძეს” რომ შეჭამ ბევრს და გადამეტებული სიტკბოსგან რომ გიჩნდება.
ის ისეთივე ახლობელია ჩემთვის, ისეთივე საყვარელი, ისეთივე იშვიათი, როგორიც ბავშვობაში გასინჯული დედაჩემის გაკეთებული ცხელი შოკოლადი.
მე ის მაშინებს.
ჩემი მჭევრმეტყველებისთვის შეუფერებელი მდუმარება ქარიშხლის მოახლოვებას ამცნობს, ჩემი უპასუხო მზერა და ჩახუტებისას უპასუხო ხელები, მუდმივად ჰორიზონტისკენ მიმართული მზერა, როლების გაცვლა, მისი ლაპარაკი და ჩემი წერა.
მე მას ვაშინებ”.
დილით ოთახის კარები იღება, ნაცნობი ჩასუქებული სილუეტი მადებს შუბლზე ხელს და თერმომეტრს იქნევს, რამდენიმე წუთი თავზე მადგას და შემდეგ თავის უაზრო ქიცინით გადის ოთახიდან, მე ბალიშის ქვეშიდან ფურცელი გამომაქვს და ვყნოსავ, მასაც უკვე საავადმყოფოს სუნი აქვს და მეზიზღება. მე ისევ ვწერ.
”მას შუქი მოაქვს, შემოსვლისთანავე ფარდებს წევს და თვალებში მიყურებს, ის ახლაზგარდაა და არასოდეს ვეკითხები ასაკს. ის ისეთი გრილი და სასიამოვნოა, როგორც სისხამ დილით სახეზე მონავარდე ჰაერი, ის ცოცხალია.
მე ის მაშინებს.
მე ხელებიც ნისლიფერი მაქვს, მზიან ამინდსაც უსიცოცხლოს ვხდი, მე მოხუცი ვარ და ის არასოდეს მეკითხება ასაკს. მე ისეთი ნაცრისფერი ვარ, როგორც გასვენების დღეს გათხრილ სამარეზე ჩამოწოლილი ბურუსი, მე მკვდარი ვარ.
მე მას ვაშინებ.”
მოსაღამოვებულს კალმით ხელში მეღვიძება და წერას ვაგრძელებ.
”ჩვენ შევიცვალეთ.
ის მე აღარ მწერს, მე აღარ ვლაპარაკობ.
ის ვალში არ არის და მე საბნის გარეშე მძინავს.
მისი თვალები გაღიავდა და კანზე მზე მოეკიდა.
მე გავფითრდი და თვალები ჩამიშავდა.
ის იშვიათად მელაპარაკება, მე იშვიათად ვწერ.
ის ისევ მშვენიერია, მე ისევ არ ვიცი როგორი ვარ.
ის გაცივდა, მე გავთბი.
ის აღარ მეხუტება, მე კი კარების ყოველი გაღებისას ვხსნი მკლავებს.
მე მზერით ვეძებ და მავიწყდება ჰორიზონტი, ის აღარ მხედავს.
ვეკითხები ასაკს და არ მპასუხობს.
ის წავიდა და აღარ მაშინებს.” 


ბოდვა უსათაუროდ


საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, თვალი ფანჯრისკენ გააპარა და შვებით ამოისუნთქა ”ფარდის გაფარება მაინც არ დამვიწყებია” -ჩაილაპარაკა გაბზარული ხმით. იატაკზე იწვა, ეცადა გაეხსენებინა როდის მოვიდა სახლში მაგრამ ვერაფრით გაიხსენა, თეთრ მაისურს მტვრისგან ფერი ქონდა შეცვლილი, ამრეზით დაიხედა, ნელი მოძრაობით წამოდგა და ლოყას შეეხო, ტკივილი იგრძნო, ”ალბათ მთელი ღამე გაუნძრევლად ვიწექი”, თაროზე დასაკეც სარკეს მოკრა თვალი, აიღო და ნახევრად მძინარე სახით გაუსწორა თვალი საკუთარ თავს, ლოყა შეწითლებული ქონდა და ლამის მთელი იატაკის რელიეფი ეტყობოდა ზედ, ხელით მტვრის რამდენიმე ნამცეცი მოიშორა და თვალებს დააკვირდა, ”ფერი შემეცვალაო” – გაიფიქრა და გამომწვევი მზერა ესროლა სარკეს, ქუთუთოებზე ალაგ-ალაგ შავი ფანქრის კვალი შერჩენოდა ”რას ავიკვიატე ეს ფანქარი ბოლო ხანებში” – თქვა ღიმილ ნარევი სახით და შემდეგ თვითონვე უპასუხა ”მიხდება და იმიტომ”.
მაგიდაზე გაშლილ პატარა ფურცლებს მოკრა თვალი, ახლოს მივიდა და სკამზე ჩამოჯდა ”რამდენი მიწერია” – გაიფიქრა გაკვირვებულმა და მათ დალაგებას შეუდგა, დიდი წვალების შემდეგ აღადგინა თანმიმდევრობა, სათვალე გაიკეთა და კითხვა დაწყო, ფურცლის თავში თარიღი და საათი მიეწერა გაეცინა – ”ალბათ ვიცოდი, რომ დილით ვერაფრით შევძლებდი მოვლენების აღდგენას”.
”დილა მშვიდობისა! ვხედავ უკვე გაიღვიძე, ალბათ დიდ ხანს ცდილობდი აღგედგინა წუხანდელი მოვლენები, მაგრამ ვერაფერი გაიხსენე… ახლა კმაყოფილს გეღიმება, შენივე წინდახედულობა განცვიფრებს, ლამისაა თავზე ხელი გადაისვა და მაგრად ჩაიხუტო, მოეფერო და უთხრა, რომ ის ყველაზე ჭკვიანია, რომ მას მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვს, რომ მან იცოდა ხვალ ვერაფრის გახსენებას შეძლებდა და ამიტომ მოვლენებს წერილობითი ფორმა მისცა… სანამ შემდეგი აბზაცის კითხვას დაიწყებდე შეგიძლია საკუთარ თავს ტაშიც დაუკრა, სარკესთან მიხვიდე და თვალი ჩაუკრა!
არადა ყველაფერი სხვაგვარადაა, არც გიფიქრია გესაუბრა იმაზე რაც დღეს მოხდა (თუმცა დაგინდე და საათი ქაღალდის თავში მივაწერე), წინასწარ ტკბებოდი საკუთარი უსუსურობის შეგრძნებით, რომელიც დილით იატაკზე გაღვიძებულს დაგეუფლებოდა, ზოგჯერ ისე გხიბლავს შენ თავში აღმოჩენილი სისუსტე, რომ ამ სიამოვნებაზე უარი ვერ გითხარი, ჰოდა წუხანდელი მოვლენები შენი ფანტაზიისთვის მიმინდვია, მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, როგორი წარმატებით შეძლებს ის ამ ღამისთვის ჯადოსნური ელფერის მიცემას.
ვწუხვარ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ გვეთქვა ”ცეცხლზე დაწვის კანდიდატი ვარო”, გახსოვს ადრე აღწერას ვკითხულობდით, რის მიხედვით არჩევდნენ ინკვიზიციის დროს ჯადოქრებს (კუდიანები უფრო კარგად ჟღერს, თუ სიტყვის წარმომავლობას არ დააკვირდები), საშუალოზე დაბალი – ამას ვაკმაყოფილებთ (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ), შერეული ფერის თვალები, მომწვანო/მწვანე (ამასაც ვაკმაყოფილებთ, დღეს ყოველშემთხვევაში), ლაქები სხეულზე (ეგრევე მარჯვენა ფეხის წვივისკენ გაგექცა ხო თვალი?!), ცეცხლისფერი თმა – აქ არ გაგვიმართლა! არც ჭორფლი გვაქვს სახეზე. მოკლედ დიდი განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო ჩვენთვის კოცონის დანთება.
უკვე სიგარეტის საამურ სურნელს ვგრძნობ, აი ეს ესაა მოუკიდე ალბათ, ახლა კი თვალების ცეცებით ეძებ საფერფლეს, თუმცა ვერსად ხედავ, დეტალებს არ ჩავუღრმავდები უბრალოდ გეტყვი, რომ ვერ იპოვნი და ამიტომ გაუფრთხილდი შენში შემორჩენილ ენერგიას. ჰო და არ დაგავიწყდეს სული შეუბერო ფურცელს, ხედავ ფერფლის რამდენიმე ნაწილაკი უკვე დაეცა.
გახსოვს რამდენიმე დღის წინ ტუჩზე ლაქა შევამჩნიეთ, ქვედა ტუჩის შუაში ზუსტად, ყავისფერი ლაქა, ხალის მაგვარი რაღაც, მოგვეწონა, რაღაცნაირი სიამოვნებით დავუწყეთ თვალიერება… ამას იმიტომ გეუბნები, რომ ვეჭვობ შეუმჩნევლად, თითქოს შეფარვით უაზროდ გვიყვარდება საკუთარი თავი, ჰო მისი სილუეტის დანახვა ისე გვახარებს, როგორც, როგორც… არ ვიცი, მგონი დიდი ხანია არაფერი გაგვხარებია, თუმცა არ გვინდა ახლა ისევ იმ სისუსტეზე საუბარი, რომელსაც დეპრესია ქვია, მოდი სიყვარულს დავუბრუნდეთ, მე ვერ დავაფიქსირე ზუსტად როდის მოხდა ეს ცვლილება ჩვენში, ალბათ შენც გამოგრჩა ეს მომენტი, თუმცა დღეს დაძინებამდე ჩვენ აღმოჩენა გავაკეთეთ, ჰოდა გილოცავ, შენ როგორც იქნა გიყვარს შენი თავი, ოღონდ სხვანაირად, ისე არა როგორც წარმოგედგინა, თითქოს შენთვის უცხო იყოს ისეთი ინტერესით სწავლობ და ყოველთვის რაღაც სრულიად ახალს და უცნობს პოულობ.
დამავიწყდა მეთქვა დღეს თუ გარეთ გადაწყვეტ გასვლას შეეცადე როგორმე თავი აარიდო ჩვენ კარის მეზობელთან შეხვედრას (თუმცა ეჭვი მაქვს მთელ დღეს კარებთან გაატარებს, რომ არ გამოვეპაროთ) მიზეზებზე ბევრ დროს არ დავხარჯავ, უბრალოდ გეტყვი, რომ გუშინ სახლის კარებს რომ აღებდი გამოგხედა, გამარჯობაც არ გითხრა და წარბ აწეულმა გათვალიერა, ჰო, კიდევ დამავიწყდა მეთქვა, რომ სახლში მოსულმა ტანსაცმელი გამოიცვალე, სხვანაირად გეცვა, ერთ ხელში ღვინის ბოთლი და მეორე ხელში სიგარეტი გეჭირა… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ცეცხლზე დაწვისთვის თუ არ გამოვდგებით, მეზობლების სალაპარაკო თემა აუცილებლად გავხდებით.
ნუ ებრძვი შენ თავს, თუ უნდა რომ ქონდეს იმედი – დაე ქონდეს, თუ უნდა რომ სჯეროდეს ან სწამდეს – დაე სჯეროდეს და სწამდეს, თუ კარგად ყოფნა უნდა – მიეცი ამის უფლება, თუ ღიმილი უნდა – ნუ აიძულებ თავი შეიკავოს, თუ მუსიკა მოენატრა – მოუსმინოს, თუ ცეკვა უნდა – იცეკვოს, თუ ჩვეულებრივია – დაე იყოს ჩვეულებრივი, თუ თავისუფლება უნდა – იყოს თავისუფალი, თუ კანონების დარღვევა არ სურს – ნუ დაარღვევს, თუ საკუთარი თავი მოსწონს – ნაკლს ნუ მოუძებნი, თუ ბედნიერება უნდა – ნუ ეტყვი, რომ სირცხვილია, თუ სენტიმენტალურია – ნუ აუკრძალავ ამას იმ მოტივით, რომ ეს სუსტი ადამიანების თვისებაა, თუ გული უჩქარდება – დაე აუჩქარდეს…”
ამ დროს კითხვა შეწყვიტა, ისევ სიგარეტს მოუკიდა, ფეხები სკამზე აიკეცა, ფანჯრისკენ გაექცა თვალი, ძილი მოერია, მიხვდა, რომ უნდა დაეძინა, ფურცლები აკრიფა მაგიდიდან, ქვაბი გამოიტანა, ჩაყარა შიგნით და ცეცხლი მოუკიდა, ბოლომდე რომ ჩაიწვა აივნიდან გადაუშვა და საძინებელში შებრუნდა. გაიხადა დამტვერილი ტანსაცმელი, სახე ჩამოიბანა, შეძვრა საწოლში და ჩაეძინა.
მაღვიძარამ დარეკა, თვალი გაახილა, მაგვიანდებაო იფიქრა და აბაზანაში შევიდა სწრაფი ნაბიჯით, შხაპის ქვეშ დაფიქრდა რა უცნაური სიზმარი დამესიზმრაო და გაეღიმა.
სამსახურში მიმავალს იმედი შეეპარა, იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მაშინვე უსაყვედურა თავს, იმედს რწმენა მოჰყვა და მას კიდევ უფრო დაჟინებით დაუწყო ბრძოლა, იგრძნო, რომ კარგად იყო და მკაცრად მოუწოდა თავს არ გაქვს ამის უფლებაო, უნდა გაღიმებოდა, რომ ტუჩები მაგრად მოკუმა რა დროს ეს არისო, მხიარული მუსიკის მოსმენა მოუნდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ამისთვის შესაფერისი დრო არ იყო, ცეკვაზე ხომ საერთოდ ფიქრიც ზედმეტად ეჩვენა… 

3 წლით უკან


თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღაც ხელს მკრავდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მაბრუნებდა წარსულში. უხილავ წრეზე დავდიოდი და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მიჭირდა თავ აწეულს გამევლო ათასჯერ გავლილი გზა.
მეგონა, რომ ამას გადავაბიჯე, რომ შევძელი თავი შემეკავებინა, რომ ამჯერად ვერავინ შეძლებდა (როგორ ძლიერადაც არ უნდა ეკრა ხელი) ისევ იმ ჭაობში აღმოვჩენილიყავი, რომელშიც ვცხოვრობდი.
სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ ვცდებოდი, მოვლენების მართვა ხშირად შეუძლებელია, უმეტესად ფაქტის წინაშე გვიწევს დგომა და თავის მტვრევა იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.
3 წელი, ზუსტად ეს დრო სჭირდება იმას, რომ წარსული შემოიჭრას აწმყოში. შარშან ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი, პირიქით მიხაროდა კიდეც, ოღონდ არავის ვუტყდებოდი, ალბათ ხვდებოდნენ მაგრამ ეს არასოდეს გამიხმოვანებია (ან იქნებ გავახმოვანე კიდეც, ამ წინადადების წერისას 1 წლის წინანდელი სცენა დამიდგა თვალწინ: – მე აივანზე ვზივარ, გრილად, სიგარეტს ვეწევი მოკუნტული, უმეტყველოდ გავყურებ სივრცეს და სიტყვები ყელში მეჩხირება, თუმცა მეშინია, რომ უკვე გადღეჭილ თემაზე საუბრით ყველას ვაბეზრებ თავს, სიტყვებს ვწონი და ისე ვამბობ, თუმცა რაღაც მომენტში კონტროლს ვკარგავ და ვაცხადებ, რომ ”მიხარია”. ჰო, ჰო ნამდვილად ასე ვთქვი, ანუ არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ სხვებსაც გამოვუტყდი).
ვერ გავთვალე, გამომრჩა, რომ 1 წელიწადში კიდევ ერთი 3 წლიანი ციკლი დასრულდებოდა და თავიდან მომიწევდა წარსულში დაბრუნება, ოღონდ ამჯერად სიტყვა ”მიხარია” ისეთი უადგილო იქნებოდა, როგორც არასდროს.
არ მიხარია, არა თუ არ მიხარია, არამედ ამას ყველაფერი მირჩევნია.
* * *
მაისია, 2011 წლის მაისი, მუსიკა მაქვს ჩართული და აუხსნელ ბედნიერებას ვგრძნობ (აქვე მინდა განვაცხადო, რომ ახსნადი ბედნიერება მგონი არასდროს მიგრძვნია), მეგობარს ვწერ ”იმდენად კარგად ვარ ნამდვილად რაღაც მოხდება” მეთქი, რამდენიმე წუთში ტელეფონი რეკავს, მე ვპასუხობ, იქიდან კი მეუბნებიან ”კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, თქვენ ყველაფრის თავიდან გავლა მოგიწევთ, მხოლოდ გაორმაგებულ ხარისხში”. მე ვჩუმდები და ინერციით ვიმეორებ ”უი, ვაიმე..” შემდეგ ვემშვიდობები და ვრთავ მუსიკას. მეგობარს ვწერ, ”მე ისეთი მართალი ვიყავი, როგორც არასდროს” (ეს ”ისე აგიხდეს ყველაფრის” ჩემებური ვერსიაა). იგივე სიმღერას ვუსმენ, იმ სიმღერას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მაიძულებდა წარმოსახვით ვმდგარიყავი მაგიდაზე და მეცეკვა, სიმღერა იგივეა განცდა რადიკალურად განსხვავებული, ვხვდები, რომ მას აწი სხვა დატვირთვა ექნება, მისი ყოველი მოსმენისას საშინელ სიმძიმეს ვიგრძნობ, ”მე კიდევ ერთი მხიარული სიმღერა მოვკალი” ვიმეორებ.
საღამოა, სახლში მისულს სახიდან ყალბი ღიმილი არ მშორდება, ვემზადები მთელი დღის დამუშავებული ტექსტის სათქმელად, რომლის ლაიტმოტივიც ”ყველაფერი კარგად იქნებაა”. -არადა, როგორ მეზიზღება ეს არაფრის მთქმელი ფრაზა – ვილანძღები სადარბაზოში. ოთახში შესვლისთანავე ვიწყებ მონოლოგს, ბოლოსკენ ვგრძნობ, რომ საკუთარი თავიც კი დავაჯერე ამ აბსურდული გამოსვლის ჭეშმარიტებაში.
* * *
1 თვე ისე გადის ვერაფერზე ვყალიბდები, თითქოს მასხრად მიგდებენ, ვიღაც იმედის ნაპერწკალს გამიჩენს, მეორე კი მაშინვე ფეხქვეშ თელავს.
სამშაბათია და ვგრძნობ, რომ ”დღეს გამადწყვეტ სიტყვას მოვისმენ”.
ამ ”გადამწყვეტი სიტყვის ავტორი” (დახეულ იასამნისფერ მაისურში გამოწყობილი, ექსტრავაგანტული მამაკაცი) მხარზე ხელს მადებს და მეუბნება ”კეთილი იყოს შენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, წელს ყველაფერი ორმაგად რთული იქნება”.
* * *
ეგოისტი ვარ, ვოცნებობ იმაზე, რომ მის ადგილზე მე ვიყო, მაშინ დეპრესიის უფლებას საკუთარ თავს აუღელვებლად მივცემდი.
 

ავადმყოფურად კარგად


ვერაფრით ვხვდები რა მაიძულებს თავი ამდენად კარგად ვიგრძნო, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფრის მიუხედავად იმდენად ოპტიმისტური განწყობა მაქვს, რომ ლამისაა ვიფიქრო ცოტაც და ბედნიერი ვიქნები მეთქი.
ეს ალბათ ის შემთხვევაა როდესაც, იმდენად ბევრი პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებელ მოგვარებას, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით კარგავს მნიშვნელობას და ავადმყოფურად კარგად ხარ.
სიგარეტის მოწევას აღარ აქვს ძველებურად სამგლოვიარო სახე, პირიქით უდარდელად ვეყრდნობი აივნის მოაჯირს და სიამოვნებით ვუშვებ კვამლს, შესაშურად მშვიდი სახე მაქვს და საკუთარ თავთან გამართული დიალოგებიც კმაყოფილებას მანიჭებს.
მახსენდება ბავშვობაში დიდ ხანს ჩუმად რომ ვიჯექი მეკითხებოდნენ რაზე ფიქრობო, პასუხი ყოველთვის ერთი მქონდა – არაფერზე. მეუბნებოდნენ როგორ შეიძლება არ ფიქრობდეო?! ამაზე ვჩუმდებოდი და ვაგრძელებდი ჩემთვის ჯდომას. დღეს ვხვდები, რომ არ ესმოდათ ის თუ რას ვპასუხობდი, თითქოს არ მისმენდნენ, ინერციით თუ აღმოხდებოდათ ხოლმე ეს კითხვა და პასუხსაც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, არადა მე ხომ არ ვამბობდი არ ვფიქრობ მეთქი, ვამბობდი, რომ ვფიქრობდი არაფერზე, უბრალოდ უმნიშვნელო საკითხებზე, ანაც ყურადღებას არ ვაქცევდი იმას რაც უეცრად გამიელვებდა თავში, ჰოდა ამას ვარქმევდი ზუსტად არაფერს.
დღესაც ასე ვარ, იმას რაზეც ახლა ვფიქრობ სახელი უბრალოდ არ აქვს, ალბათ ამიტომ მიჭირს სიტყვების მოძებნა, ზოგჯერ ერთი ამოსუნთქვით ვაბამ ხოლმე წინადადებებს ერთმანეთს, განურჩევლად იმისა თემა მაქვს თუ არა, დღეს კი ამას ვერაფრით ვახერხებ, ათასობით იდეა ირევა თავში, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს თემა, ეს ისევ ის არაფერია, რაც ბავშვობაში იყო.
თითქოს ჩამოვრჩი დროს, აი რომ გათენდა და თვალი გავახილე იმის შემდეგ წინ წასვლა ვერაფრით მოვახერხე, არც საღამოს დადგომას ვეტრფი და არც დაღამებას ველოდები, თითქოს ისევ დილის შვიდი საათია და თვალი ახალი გახელილი მაქვს.
იმდენად დიდი რწმენა მაქვს საკუთარი თავის, რომ ლამისაა ხელი ჩავკიდო და ვთხოვო თუ შეიძლება წამიყვანე მეთქი. არავინ მჭირდება, არავის გვრედში დგომის მოთხოვნილება არ მაქვს, არც არავის მზერას ვეძებ, არც ტაშს ველოდები, არც მეგობრულ ჟესტებს, არც ღიმილს, არც ზარს, არც ხმას, არც ხელის ჩამორთმევას და მით უმეტეს გადახვევას, არაფერს ველოდები, უფრო კონკრეტულად კი არავისგან ველოდები არაფერს და ეს დამოუკიდებლობის განცდაც თითქმის იგივეა რაც ნირვანა (მერე რა თუ არც ის ვიცი ზუსტად თუ რა არის ნირვანა).
ვხვდები იმას, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია თავს საჭიროდ გრძნობდე, რომ აუცილებელია გქონდეს საქმე, პრობლემები, აუცილებელია გახსოვდეს, რომ ცოცხალი ხარ და სიმშვიდისა და სტაბილურობისგან გულის რევას არ გრძნობდე ყველასა და ყველაფრის მიმართ.
მე ვგრძნობ როგორ ვიხარჯები, ვგრძნობ, რომ ჩემი ცხოვრება დივანზე წოლა არ არის და არასოდეს იქნება, ვხვდები, რომ ჩემი ენით აღუწერელი ლტოლვა არაფრის კეთებისა და სიმშვიდისკენ იგივეა რაც ცეცხლისკენ სწრაფვა, მე არ მჭირდება უმოქმედო, მშვიდი, სტაბილური, ქმედუუნარო, უპრობლემო ადამიანი, მე ბედნიერებისთვის სულ ცოტა შხამი უბედურების სახით და მოსუვენრობა, პრობლემები და გადაუდებელი აუცილებლობა მჭირდება.
და ეს დამოუკიდებლობის განცდაც თითქმის იგივეა რაც ნირვანა. 

ძვირფასო ადრესატო – მე, შენ და ზაქარია


სულზე უტკბესო, წერილის დასაწყისს უკვე მესამედ ვცვლი, ჯერ იყო და იმით დავიწყე შენთვის რაღაც მაქვს მეთქი მოსაყოლი, არადა რა უნდა მომეყოლა, არც არაფერი, შემდეგ ფსიქიურ აშლილობაზე დავიწყე სჯა-ბაასი და დამავიწყდა, ცოტა ხანში კი აღმოვაჩინე, რომ ამ თემაზე ერთი აბზაცის შემდეგ თავიდან დავიწყე გატაცებით საუბარი და მივხვდი, რომ იქ უფრო უხდებოდა ვიდრე აქ (არა მაინც რას ავიკვიატე ეს სიგიჟე), ჰოდა მომიწია კიდევ ერთხელ დამეწერა პირველი აბზაცი, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (სადღაც 3- 5 წუთი ჯამში) მივხვდი, რომ არაფრის მომფიქრებელი არ ვიყავი და დასაწყისის არ ქონა ვაქციე დასაწყისად.
რამდენიმე დღის წინ თვალი მოგკარი, ზურგით იდექი თუ მიდიოდი ზუსტად არ მახსოვს, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ შენ არ იყავი ანუ ჯამში ისე გამოვიდა, რომ არც თვალი მომიკრავს და არც მინახიხარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ის ვინც შენ მეგონე ძალიან გგავდა, თუმცა სხვანაირად ეცვა, ალბათ შენ ასე არ ჩაიცმევდი. არა, ცუდად კი არა, უბრალოდ სხვანაირად, თუმცა შენი ჩაცმის სტილით გადარეული არასოდეს ვყოფილვარ, ეს სამკუთხედად ამოჭრილი მაისურები ლამის ბავშვობიდან მეზიზღება, შენ კი მგონი მიდრეკილი ხარ მსგავსი ჩაცმისკენ, ან იქნებ არასწორად მახსოვს, არა, არა ერთი ყავისფერი ზედა ნამდვილად ასეთი გქონდა, აი მაშინ გეცვა ნანგრევებიდან რომ გამოდიოდი. უი, რა ტრაგიკულად ჟღერს, არადა დიდი არაფერი უბრალოდ სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდი ახლად ნაყიდ თუ ნაქირავებ ფართში და ხელებგაშლილი ცდილობდი ისე გამომძვრალიყავი, რომ თავიდან ფეხებამდე მტვერში ამოგანგლული არ წასულიყავი სახლში. მოიცა ეს რამდენი ხნის წინ იყო, ჰმმმმ, არა, არ მახსოვს, თუმცა გუმანი მკარნახობს ნოემბერი უნდა ყოფილიყო, ან იქნებ ვცდები კიდეც, რა ნოემბერი, რის ტკბილი ნოემბერი.
ბოლოს რომ გნახე რაღაცნაირად დაჩაჩანაკებული მეჩვენე, ერთი პირობა შემეცოდე კიდეც, შემდეგ მივხვდი, რომ შესაცოდად არ გქონდა საქმე და ხელი ჩავიქნიე. არა, როგორ მიყვარს ხოლმე რა შენი შეცოდება, ეს რაღაც უცნაური თვისება მაქვს. საერთოდ ამ ბოლო პერიოდში ვფიქრობ, რომ ფსიქიური აშლილობა უნდა მქონდეს, თუმცა ვინაიდან ამას ვაცნობიერებ ე.ი. საქმე არც თუ ისე ცუდადაა, ან იქნებ ამით თავს ვიმშვიდებ და სინამდვილეში ვერაფერს ვაცნობიერებ, ან იქნებ თავის გაგიჟება მინდა და ამ გაცნობიერებულ ჭეშმარიტებას გაუცნობიერებელს ვუწოდებ, რომ თამამად ვთქვა შეურაცხადი ვარ მეთქი, ან ის, რომ მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო ჩემი სიგიჟე, თავისთავად უკვე მოწმობს იმას, რომ უკვე აღარაფრის დამტკიცება არ მჭირდება და ეს ასეცაა, ან იქნებ ესეც მორიგი ფანდია, ანაც რა ვიცი რამდენი ან არის ამ სიტუაციაში…
ჰმმმ, არაა, პრინციპში გიჟი არ უნდა ვიყო!
დღეს 8 ივნისია, ამით იმის თქმა მინდა, რომ 8 რიცხვია და ამით იმის თქმა მინდა, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, უფრო კონკრეტულად კი უნდა მომხდარიყო, აბა აწი რაღას მოხდება, თუმცა ეს შენთან კავშირში მგონი არასოდეს ყოფილა, თუ იყო, არა, არა ჭეშმარიტად იყო, ისე, რომ ეს შენ არ იცოდი, ან იქნებ იცოდი კიდეც და ამ რვიანის უხილავი ჯაჭვებით ვარ დაკავშირებული… მგონი ისევ დროა წინა აბზაცს მივუბრუნდე და განვავრცო შეურაცხადობის თეორია.
ამ კონკრეტულ მომენტში სიგარეტის მოწევის სურვილი ისე შემომაწვა, რომ შენზე ფიქრის უნარი წამერთვა, პრინციპში არც აქამდე ვიკლავდი თავს, მაგრამ მაინც.
უი, დამავიწყდა შენთვის მომეყოლა ბატონი ზაქარია გახსოვს?! ან რას გემახსოვრება, მგონი არც იცნობ, ჰოდა დღეს ვნახე, წვერი მოუშვია და საერთოდ არ გგავს, არადა თან გგავს, რითი გგავს არ ვიცი ოღონდ. ჰოდა გამოჩნდება თუ არა მაშინვე შენ მახსენდები ხოლმე, არადა სულ სხვანაირია, შენგან განსხვავებული და ამავე დროს თითქმის შენ ხარ. რაღაც საკუთარი საქმე წამოუწყია და თავი უფრო მაღლა უჭირავს ვიდრე ადრე, თუმცა მაინც უბრალოა, უბრალო და თან ძვირფასი, ძვირფასი შავი წვერით, თან შენნაირი. ცოტა ხნის წინ, რომ ვნახე მაშინ საიქიოზე ვფიქრობდი, დაწერა მინდოდა, თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა, ჰოდა წარმოვიდგინე, რომ აი საიქიოს მისაღებში ვდგავარ, ველოდები როდის მომაქცევს მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი გოგონა ყურადღებას, ვხვდები, რომ ჩემს გადანაწილებას პირი არ უჩანს, კედელზე ვარ აყუდებული, არადა წინასწარ ვიცი, რომ ჯოჯოხეთში მიკრავენ თავს (ეს ზუსტად ისე ვიცი, როგორც ის, რომ გიჟი ვარ, ანუ შეგიძლია ივარაუდო, რომ არ ვიცი), ჰოდა დანანებით ვფიქრობ რა შეუფერბლად ვარ ჩაცმული, ამასობაში კი ბატონი ზაქარია მოდის გაბრწყინებული სახით და გულის წყვეტა ორმაგდება, ის კი ვერც კი მამჩნევს, ერთს გადმომხედავს და ურიგოდ უშვებენ სამოთხეში… სულ ეს იყო, მეტი ვერაფრის მოფიქრება შევძელი, ზუსტად ამიტომ ვერ დავწერე ვერაფერი.
ჰოდა ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ყოველივეს შენთან კი არაფერი აქვს საერთო, მაგრამ ზაქარია მაინც გგავს და მაშინ მახსენდები, როდესაც ის მოდის, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება, ანუ არ მახსენდები… დღეს რატომ გამახსენდი? იმიტომ რომ გუშინ გნახე, ანუ კი არ გნახე ვიღაც ვნახე ვინც გგავდა, ანუ იმიტომ რომ გუშინ არ მინახიხარ…
მოკლედ ილოცე, რომ ზაქარია ხშირად შემობრწყინდეს ხოლმე ჩემთან, იმისთვის, რომ გამახსენდე და ამასობაში მისკენ გავაპარო თვალი. ან თუ გინდა ნუ ილოცებ, რა ვიცი. 

გარდაუვალია


გარდაუვალია, გარდაუვალია, გარდაუვალია – ვიმეორებ დაჟინებით და ნერვიული ნაბიჯით ვცემ ბოლთას, წამით ვჩერდები იატაკს უმეტყველო მზერას ვესვრი, შემდეგ ისევ ჯიუტად ვაგრძელებ ბუტბუტს.
ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ, ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო მეტად მიჭირს, თუმცა დაჯდომას ვერაფრით ვახერხებ.
ფიქრები ერთმანეთში საოცარი სისწრაფით ირევა, სიბნელე კი ნელ-ნელა იპარება ოთახში, თითქოს ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს, მაგიდაზე ყავით სავსე ჭიქა დგას, ოთახიც მისი არომატითაა გაჟღენთილი, სიგარეტი საფრეფლეში ნელი წვით იწვის და კვამლში ხვევს ოდნავ განათებულ ოთახს.
თითქოს მიზანმიმართულად ჩავრთე მუსიკა, რომელიც მაიძულებს ვიფიქრო, რომ აუცილებელია დავნებდე, აუცილებელია თუნდაც სულ ცოტა ხნით ვიგრძნო უიმედობა, რომელსაც დაჟინებით ვებრძვი.
მოცელილივით ვეშვები ძირს, მაგიდას თავს ვაყუდებ და ვფიქრობ, რომ სულ ცოტა რჩება სრული დამარცხების აღიარებამდე, სახეზე კმაყოფილება ნარევი სინანული მეხატება.
ისევ ჯიუტად ვიწყებ – გარდაუვალია, გარდაუვალია, გარდაუვალია – თან მუსიკას ვაყოლებ თითებს და ნათლად ვგრძნობ, როგორი უმეტყველო მიხდება მზერა, თითქოს სულ ცოტაც და თამამად ვიტყვი, რომ მკვდარი ვარ, სიამოვნებისგან აკანკალებული ხმით ვიმეორებ, რომ მალე დადგება მომენტი, როდესაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ჩამოვყრი ხელებს და ისე მივესვენები მაგიდას, რომ საკუთარი თავის დასარწმუნებლად ყოველგვარ აზრს მოკლებული ბუტბუტიც არ დამჭირდება.
არა სასურველ ფიქრებს ვებრძვი, ტონს უფრო და უფრო მეტად ვუწევ, რომ როგორმე გადავფარო მათი ხმა.
გულს მირევს საკუთარ თავში აღმოჩენილი ეგოიზმი, ყოველთვის ვიცოდი მისი არსებობა, თუმცა უფლებას არასოდეს ვაძლევდი თავისუფლად ეპარპაშა, ახლა კი დრო იხელთა და იმხელა ხმაზე კივის, რომ ვხვდები მართვის სადავეები ხელიდან გამისხლტა. 

ეჭვები


დღე მორიგი დეტექტივის შეთხზვით დაიწყო, ისეთით, როგორიც მჩვევია ხოლმე, ეჭვებმა გამცრა და მივხვდი, რომ ისევ იმ პოზიციას ვუბრუნდებოდი, რომელშიც ადრე ხშირად ვიყავი ხოლმე.

შევისეირნე, თითქოს ფეხი შემიცდა, ჰო, თითქოს, არადა მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად გავაკეთე ეს, ერთი შეხედვით ყველაფერი ძველებურად დამხვდა, ჩემი გაუჩინარების შემდეგ არაფერი შეცვლილიყო, თუმცა მალევე მივხვდი, რომ საერთო ფონს რაღაც აკლდა და ახალმა იდეებმა გამიელვა თავში. უსიამოვნო შეგრძნება დამრჩა, თავი ვაიძულე დაეჯერებინა, რომ ეს უბრალო შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი. თითქოს არც ვიცოდი, ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა, ისევ თავის მართლებას შევუდექი, წამებში ჩამოყალიბებული როლის მორგება და ტექსტის დაზეპირება დავიწყე, გეგონება ვინმე ოდესმე მომთხოვდა პასუხს ერთი უმნიშვნელო ნაბიჯისთვის.

იქნებ! ვაი და… ამ ფრაზებით ვიწყებ ხოლმე ფიქრს, შემდეგ კი რამდენიმე წუთში ერთი შეხევდით სრულიად ლოგიკურ ისტორიას ვქმნი არაფრიდან, დარჩენილი დრო ამ ისტორიის გაშალაშინებას ხმარდება, საბოლოოდ კი თითქმის ვრწმუნდები საკუთარი აბსურდული ზღაპრის რეალობასთან შესაბამისობაში და საყვედურებს არ ვიშურებ.

ლამისაა დავჯდე და გაყუსული დაველოდო იმას თუ რა მოხდება. წარმოსახვა თითქმის ყოველთვის ცდება რეალობას, კარგად ჩამოყალიბებული სცენარებიც მალე ისეთი დაუჯერებელი ხდება ხოლმე, რომ ვერაფრით ვხვდები რამ მაიძულა თუნდაც ერთი წუთით მერწმუნა – არ ვცდები მეთქი.

ხშირად ზუსტად იმას მეუბნებიან რისი მოსმენაც მინდა, მიმეორებენ დაჟინებით “მართალი ხარ და არაფერს იგონებო”, თავს მიქნევენ, მიღიმიან, არადა აშკარად ვხვდები, რომ ამით მხოლოდ საუბრის დროზე დამთავრებას ცდილობენ, მაიძულებენ დავეთანხმო, სასიამოვნოდ გამეღიმოს და ვუთხრა, კარგი ვნახოთ რა მოხდება მეთქი.

არ ვიქცევით სწორად, როდესაც ვცდილობთ ერთმანეთის კეთილგანწყობა ტყუილითა და მსახიობური ნიჭის გამოვლინებით მოვიპოვოთ. არ ვიქცევით სწორად, როდესაც თითქმის ათასი პროცენტით ვართ დარწმუნებული ახლობელი ადამიანის ფანტაზიის აბსურდულობაში და მაინც დაჟინებით ვუქნევთ თავს ყალბი ღიმილით, არ ვიქცევით სწორად, როდესაც ვაიძულებთ დაგვიჯერონ. არ ვიქცევით სწორად, როდესაც მარტივ გამოსავალს ვეძებთ და ვცდებით, მაშინ, როდესაც გვგონია სასიამოვნო ტყუილი ჯობია სიმართლის თქმასო. ეს არ არის კარგი საქციელი, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად ასე ვიქცევით.

ერთი სული მქონდა მეთქვა ცეცხლს ეთამაშები მეთქი, მეთქვა, რომ ამას მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლებოდა ქონოდა, ღიმილნარევი ხმით მეგრძნობინებინა, რომ არ ღირს, თუმცა ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე იმიტომ, რომ ვერაფრით გავიგე ღირდა თუ არა წამოვგებოდი პროვოკაციას და შემეტოპა იქამდე საიდან თავის დაღწევასაც ვეღარ შევძლებდი. ახლაც ნათლად ვხვდები, რომ საკმარისი იყო თუნდაც ერთი სიტყვით მეგრძნობინებინა გავიგე რაზე საუბრობთ მეთქი, რომ ყოველი მორიგი გამოხმაურება მაიძულებდა მოწოლილი ემოციების გამო გადამედგა დაუფიქრებელი ნაბიჯები, ამაში ხომ ვერავინ შემედრება.

ამიტომ ვარჩიე ვყოფილიყავი ჩუმად, ხშირად ხომ ეს უემოციობა ყველაზე მეტად მოქმედებს ნერვებზე, ჰოდა ამაყად მივმართე ამ ხერხს. არ მაინტერესებს მეთქი ვიმეორებ და ვიწყებ კიდეც ამის დაჯერებას, თუმცა ისევ რაღაცას ველოდები. ველოდები არა იმიტომ, რომ კარგი რამ უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ ხშირად ეს მოლოდინი ყველაზე კარგი გასახსენებელია ხოლმე.

აკრძალვები არ ამართლებს, უმეტეს შემთხვევაში ეს სრულიად არა საჭირო ბიძგიც კია, რომელიც გაიძულებს გადაუხვიო ყველა ნორმას. დარღვევის ჟინი არ გაძლევს მოსვენებას.

რა მოხდა? მოხდა კი საერთოდ რამე? სინამდვილეში არაფერი, ისევ ეჭვებმა გამცრა უსიამოვნოდ.


ახალი დღე


ჩემი საწოლის კიბეზე მივაყუდე თავი, კისრის ტკივილი არაფრად ჩავაგდე და გაშტერებულმა დავიწყე მონიტორის თვალიერება. მინდოდა მეთქვა დღეს მძიმე დღე იყო მეთქი, თუმცა მისი სიმძიმის მიზეზს ვერაფრით მივხვდი, არ მიყვარს გლობალურ თემებზე საუბარი, იმაზე რაც ყველასთვის პრობლემატურია და რაზეც ყველა დაუსრულებლად საუბრობს, თუმცა ხშირად ყელში მოწოლილი ემოციების მართვას ვერაფრით ვახერხებ და მრისხანებაში გაზავებული დაღლილობა მაიძულებს დაუფიქრებლად ვისაუბრო იმაზე რაზე საუბარიც სრულიად ზედმეტად მეჩვენება, შემდეგ კი საათი თერთმეტს, რომ გადასცდება არეული გონებითა და უმიზეზოდ დამდგარი სიმთვრალის შეგრძნებით საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ვუსაყვედურო, ვუსაყვედურო იმის გამო, რომ უკვე ათასჯერ დაშვებული შეცდომა გაიმეორა და არაფრით დამორჩილდა მოსისინე გონებას, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა ჩრდილში დადექი და ენა მუცელში ჩაიგდეო.

ჩემზე ზრუნავენ, ჰო, ამას მეტს ვერაფერს ვუწოდებ, ზრუნავენ ისინი ვისაც არც კი ვიცნობ და ეს მზრუნველობა არაფრით დამიმსახურებია, ზრუნავენ და მეც საკუთარი თავისთვის გამოტანილი მუდმივი შფოთვის განაჩენის შესაბამისად მოსვენებას საბოლოოდ ვკარგავ. ვალდებულებები, ხშირად ეს პატიმრობაზე უარესია, ისე ექცევი უხილავ გისოსებში, რომ ვერც ვერაფერს ატყობ და ვერც ვერაფრის შეცვლას ახერხებ, მხოლოდ დანანებით ადებ საფეთქელს გაყინულ რკინას და ფიქრობ შუბლის არეში გაჩენილ გულის ფეთქვის  შეგრძნებაზე. საათი კი საოცარი სისწრაფით მიიჩქარის შუა ღამისკენ და გაიძულებს გააცნობიერო თუ რა ცოტა დრო რჩება ახალი დღის გათენებამდე.

ხვალ ახალი დღე გათენდება, მოულოდნელობებით აღსავსე მეთქი ვიტყოდი, თუმცა წინდაწინ ვხვდები, რომ მასში განსაცვიფრებელი არაფერი იქნება, ყველაფერი გეგმის მიხედვით, მიუხედავად ჩემი სტაბილურობასა და სიმშვიდეზე მანიაკალური დამოკიდებულებისა ეს ფრაზა საოცარ აგრესიას იწვევს და ერთი ხელის მოსმით ყველაფრის შეცვლისკენ მიბიძგებს, თუმცა იმასაც ძალიან კარგად ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა და მაღვიძარას დარეკვისთანავე გეგმის შესრულებას შესაშური სიჯიუტით შევუდგები, არასოდეს მქონია და არც ახლა მაქვს ცვლილებების შეტანის ნიჭი და უნარი. ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილები მაქვს და ამიტომ ვერაფრით ვახერხებ ვიყო ბედნიერი. როდესაც თავად ცნებაც კი სრულიად უცნობი და გაუგებარია, არ შეიძლება მის მიღწევაზე ზრუნავდე. ჰოდა, დანანებით ვადებ საფეთქელს გაყინულ რკინას და ვფიქრობ შუბლის არეში გაჩენილ გულის ფეთქვის  შეგრძნებაზე.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 944 other followers

%d bloggers like this: