Category Archives:

იშვიათი


შიშმა დამიარა, ყელამდე ფერფლში ჩაფლული ვიჯექი ჩემი ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში და ნაცნობი ავადმყოფობის სიმპტომებს ვიკვლევდი. „განმეორებითი დასნებოვნება ძალზედ იშვიათია“ – გავიფიქრე და ამ აზრს მაგრად ჩავებღაუჭე.

სიმშრალე ვიგრძენი, ტუჩები ერთმანეთზე მიმეწება, მეგონა, რომ კანიდან ორთქლი ამდიოდა და ჰაერში ვიფანტებოდი წყლის ნაწილაკებად.

წამოვდექი, პირზე წყალი შევისხი, საკუთარ თავს ყალბად გავუღიმე სარკეში და სახლიდან გასასვლელად მოვემზადე.

10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავი, შეთანხმებისამებრ შევედი ბარში, მაგიდას მივუჯექი და ვინაიდან მივხვდი, რომ დათქმულ დროზე ადრე მომიწია მისვლა დარეკვა გადავიფიქრე, „ბენდი“ უცნაურ მუსიკას უკრავდა, ხმაურიანი გარემოსთვის შეუფერებელს, სოლისტი ქალბატონი კი მიკროფონს გადაღლილი სახით ეკვროდა და ბგერებს ნაძალადევად უშვებდა პირიდან.

სიგარეტს მოვუკიდე, მარტინი შევუკვეთე და მაგიდაზე გაშლილი შაქრის ნაწილაკების თვალიერებით გავერთე. ისე მოვიდა არ შემიმჩნევია, სახესთან ხელი მომიტანა და აქეთ–იქით გააქნია, გაღიმებულმა ავხედე, მანაც საპასუხოდ გამიღიმა, თავით მომღერალ გოგონაზე მიმანიშნა და მკითხა „რას უკრავენო?“, პასუხის გაცემა დავაპირე, თუმცა დამეზარა და მხოლოდ მხრები ავიჩეჩე, თან ხელმეორედ გავუღიმე იმის ნიშნად, რომ უჩვეულო რეპერტუარი მეც შევნიშნე.

სანამ მიმტანი მისგან შეკვეთას იღებდა, დაძაბულობის თავიდან მოსაშორებლად იმ თემებზე დავიწყე ფიქრი, რომლებზეც უნდა მესაუბრა ჩვენი შეხვედრის განმავლობაში უხერხული სიჩუმის თავიდან ასაცილებლად. ისე არაფერი მეზიზღება, როგორც ახლად გაცნობილ ადამიანებთან ხმის ამოუღებლად ჯდომა და სხვადასხვა მიმართულებით ყურება, იმის ნიშნად თითქოს ვერ ვამჩნევდეთ ერთმანეთს. ამ დროს სრულიად გაუცნობიერებლად მეც ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად ამინდზე ვიწყებ საუბარს და როდესაც საკუთარ ბანალურობას ვამჩნევ ლამის მთელი პროგნოზი მაქვს ხოლმე მოყოლილი, მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზს არასოდეს ვადევნებ თვალს, უბრალოდ ყურით მოთრეული ყველა ჭორი მახსენდება, მეხსიერების სანაგვეებს ვჩხრეკ სანამ არ მივადგები ფრაზას „ამბობენ 25–დან უფრო აცივდებაო“, პასუხად მხოლოდ ღიმილს, რომ მივიღებ, დაუყოვნებლივ ვაყოლებ ხოლმე „ესღა გვაკლდა“, ასეთ დროს თანამოსაუბრე უმეტესად თევზის თვალებით მიყურებს და უაზროდ იღიმის, არადა ვიცი, რომ ჩვენი დიალოგის საინტერესო განვითარებაზე ფიქრობს ჩემთან ერთად, მეც ამ უაზრო ფრაზების როშვის დროს პანიკაში ჩავარდნილი ვაწყდები ტვინის უჯრედებს და ვყვირი „რეანიმაცია!!!“.

როგორც იქნა დაასრულა შეკვეთის მიცემა, ხელები მაგიდაზე დადო და შემომხედა „ჩემგან ელოდება საუბრის დაწყებას“ გავიფიქრე და ის ის იყო განგაშის ზარები უნდა შემომეკრა, რომ თავში ისევ ჩემი ავადმყოფობა ამომიტივტივდა, ტუჩები ერთმანეთზე მიმეწება და შიშნარევმა ჟრუანტელმა დამიარა, ამ დროს იმხელა თავისუფლება ვიგრძენი, რომ ყურებამდე გავიღიმე, ჩემმა შესაძლო დიაგნოზმა მასთან საუბრის დაწყების სირთულე მომენტალურად მეასეხარისხოვნად აქცია და ამით ენით აღუწერელი შვება მომგვარა.

ჩემი მიმიკის რადიკალური ცვლილება არც მას დარჩენია მხედველობის მიღმა, ვერ გაბედა ეკითხა „რა მოხდაო?“ სამაგიეროდ გულითადად გამიღიმა.

ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ალაგ–ალაგ ვჩუმდებოდით და კედლებს ვათვალიერებდით შესაშური ინტერესით. მალევე მივხვდი, რომ ზრდილობის წესებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა და სინდისის ქენჯნის გარეშე შემეძლო მეთქვა მეჩქარება მეთქი, ასეც მოვიქეცი, დავემშვიდობე მომავალ შეხვედრამდე და წამოვედი.

ქუჩაში უკვე გვარიანად ციოდა, მოვიბუზე და სახლისკენ ავიღე გეზი. სადარბაზოსთან შევჩერდი, ჩემ მეზობელს მოვკარი თვალი, ორ კაცს მიყავდა, ის კი მთელი ძალით ყვიროდა „ყველაფერი ფერადია, ფერადი, ცისარტყელას ფერებშია სამყარო. ფერადია, ფერადი!!!“ მივხვდი რაც ხდებოდა, თვალები დაბლა ჩავხარე და კიბეს ჩქარი ნაბიჯით ავუყევი. სახლში შევედი და კარები მაგრად დავაჯახუნე, ძლივს ვსუნთქავდი, დაძაბულობისა და გადაღლისგან, ბრონქები მტკიოდა.

ფანჯარასთან მივედი, დავინახე, როგორ დაიძრა მანაქანა. რამდენიმე წუთში კი გარედან მეზობლების საუბარი შემომესმა, კარები გავაღე და სასხვათაშორისოდ ვიკითხე „რა მოხდა?“

„ავადაა“ – მიპასუხა დედამისმა და თვალი ამარიდა.

მივხვდი რაც იგულისხმა, ამიტომ აღარ ჩავძიებივარ, სახლში შევბრუნდი და საძინებლისკენ გავემართე, ფარდები ჩამოვაფარე, საწოლში შევწექი და ჩამეძინა.

რიჟრაჟზე შევფხიზლდი, თითქმის მდუღარე შხაპი მივიღე და სახლიდან გავედი. გაუცნობიერებლად გავაჩერე ტაქსი და ჩემთვის კარგად ნაცნობ მისამართზე ვთხოვე წაყვანა.

ნახევარ საათში ადგილზე ვიყავი, ვიცოდი მიღების საათები არ იყო დაწყებული.

მიმღებში შევედი, მაგიდასთან ნაცნობი სახე დავლანდე, გულიანად გავუღიმე, თითქოს მის მოსაკითხად ვიყავი მისული, მანაც საპასუხოდ გამიღიმა, გამოვკითხე როგორ ხართ მეთქი, ორიოდე სიტყვით მიამბო თავის ამბები და კითხვის ნიშნით შემომხედა, ავუხსენი რისთვისაც ვიყავი მისული, ჩემი მეზობლის სახელი და გვარი გავუწოდე და დავამატე გუშინ მოიყვანეს მეთქი. მკაცრად მიპასუხა ხომ იცი დილით მნახველებს არ ვუშვებთო, „ძალიან მჭირდება მისი ნახვა“ – ვედრების ტონით გავიმეორე, მიმოიხედა და მანიშნა გამომყევიო, ოთახში შემიყვანა, მაგიდასთან დამსვა და მთხოვა დავლოდებოდი. 10 წუთში მასთან ერთად დაბრუნდა, საათზე მიმითითა, მანიშნა დროზე დაამთავრეო და მარტო დაგვტოვა.

მაგიდას ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა, გაუკვირდა ჩემი დანახვა, ამდენი წლის განმავლობაში ერთ სახლში ვცხოვრობდით, თუმცა გამარჯობაც კი არასოდეს გვითქვამს ერთმანეთისთვის, მიუხედავად ამისა მაგიდასთან დაჯდა, გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე, თუმცა არ გავცნობივარ, ვერ ვიტანდი ამ პროცესს და იმიტომ. შემდეგ საზურგეს მიეყუდა, რითიც მანიშნა, რომ მისმენდა. სათქმელი არაფერი მქონდა, არც კი ვიცოდი რა ჭირად მივედი იქ ან იქნებ საკუთარი ეჭვების გადამოწმება მსურდა, საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა.

სიჩუმე დაარღვია – „ფერადია მეთქი ყველაფერი!“

„მე არაფერს ვწყვეტ.“ – ვუთხარი ცინიკური ღიმილით. ვიცოდი, რომ მატყუებდა.

„ძველი, მოკლემეტრაჟიანი ფილმის კადრივით ციმციმებ შავ–თეთრად.“ – ზედმეტად მარტივად დანებდა.

ვერაფერი ვუპასუხე, მეტის გაგება მინდოდა.

„დაგიფიქსირებია, რომ ემოციები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უნდა გააფერადონ, გააყველა–ფერ–ონ, ცისარტყელასავით გადაგვეფარონ, საბოლოო ჯამში გვანაცრისფრებენ?

იცი რას მიპასუხებ ამაზე? იმას, რომ ცისარტყელა მხოლოდ წვიმის შემდეგ ჩნდება, ამით იმედს ჩამისახავ. იმედიც ფერადი გრძნობაა ხომ? ჩვენ ცხოვრებას აფერადებს, ა–მრავალ–ფერ–ოვნებს… შემახსენე შემდეგ რა ემართება?…

ეს ფერადი გრძნობები, სადღაც აგვტყორცნიან ხოლმე და შემდეგ მომენტალურად გვანარცხებენ მიწაზე.

სასაცილოა, ასე კომფორტულად არასოდეს მიგრძვნია თავი, როგორც ახლა.

ჰო, მხევდელობა შავ–თეთრი მაქვს, ოთახში შევალ, ფრანგულ შანსონებს ჩავრთავ, მივწვები საწოლზე და საკუთარი სიმშვიდის შემშურდება კიდეც.

ამასობაში შენ და შენნაირები საახალწლო შუშხუნებივით იფეთქებთ და ფერად ფერებად დაიღვრებით, მხოლოდ ესაა ზეიმს, რომ დაამთავრებთ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება შეგეპარებათ და მოუსვენრობა შეგიპყრობთ ახალი ფერადი ემოციების წყურვილი გადაგრევთ…

მე მშვიდად ვარ.“

„დიდ ხანს არ გაგრძელდება შენი სიმშვიდე. მალე შენი ტვინიდან არასასურველ ფიქრებს ცივი შხაპით განდევნიან, გაიძულებენ იგრძნო საკუთარი უბედურება, სანამ არ აღიარებ, რომ სამყაროს ფერადად დანახვის სურვილით იწვი.“ – ვუპასუხე ჩემთვის უჩვეულო სინანულით.

„ჩვენ განვსხვავდებით!“ – გადმოიხარა და ამრეზით გამიღიმა – „ადამიანით იყავი ავად. ერთი და იგივე ადამიანით ორჯერ არ ავადდებიან ხომ? როგორც სამედიცინო ლიტერატურაში ვკითხულობთ – „განმეორებითი დასნებოვნება ძალზედ იშვიათია“. ძალზედ იშვიათია, ი–შ–ვ–ი–ა–თ–ი! რა ხდება ნაცნობ სიმპტომებს ატყობ საკუთარ თავს? რისთვის მოხვედი ჩემ ფონზე საკუთარი სიფერადე, რომ შეგემოწმებინა? გილოცავ, შენ ძალზედ იშვიათი ხარ!“


მიზეზების გარეშე


შემოდგომის ნაცრისფერი დილა იყო, ნაწვიმარ, სველ ხის იატაკზე ვიწექი, წვიმის წვეთების სახეზე დაიხლართებოდნენ, თვალები დახუჭული მქონდა და ღრმად ვსუნთქავდი. ყოველი ამოსუნთქვისას ყელზე ბასრ, ახლად გაპრიალებულ დანის წვერს ვგრძნობდი, მალე გახშირებული სუნთქვისგან ყელზე თბილი ღვარი ვიგრძენი, პანიკამ შემიპყრო და გამეღვიძა.

ემოციების დაცხრობას დაველოდე, საკუთარ თავთან საუბარი დავიწყე და გადავწყვიტე, რომ დღემდე არსებული ყველა ტრადიციისთვის წერტილი უნდა დამესვა.

ფანჯარა გამოვაღე, ოთახში დამწვარი ფოთლების სუნი შემოვიდა, საბანში გავეხვიე და ღრმა ძილში წასულ „გამომძიებელს“ მივკარი თითი. შეიშმუშნა, რამდენიმე წამში ცალი თვალი გაახილა და უკმაყოფილოდ დაიწყო გამოფხიზლება.

თეორიები მჭირდება მეთქი ვუთხარი მხიარული ხმით და ჭერზე დიდი ხნის წინ მიკრულ ვარსკვლავებს დავუწყე თვალიერება.

წამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა, საფერფლე მივაწოდე და ვთხოვე ჩემთვის შეცდომები შეეხსენებინა.

„ის რაც შენ შეგიძლია, შეუძლია სხვასაც.“ – მითხრა დაუფიქრებლად. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და დაბნეული მზერა ვესროლე.

„ვიცი გონებაში უკვე საბრალდებო დასკვნა დასრულებული გაქვს, გასუსული, ჩასაფრებული ელოდები როდის დაუშვებს შეცდომას, იმისთვის, რომ საბოლოოდ დარწმუნდე საკუთარი ეჭვების სისწორეში. ელოდები და ისეთ ტკბობაში ხარ მთავარი გავიწყდება, თუ შენ შეძელი მისი გამოაშკარავება, იგივეს შეძლებს ისიც. იმაში სდებ ბრალს, რაც თავადაც გააკეთე, შენ კი კარგად იცი, რომ ჭკუით არ ჩამოგივარდება, არც შესაძლებლობებით, ჰოდა, მთავარი მომენტი გამოგრჩა, თუ შენ შეძლებ მისი ბრალის დამტკიცებას იგივეს გააკეთებს ისიც.“

გავჩუმდი, მივხვდი საითაც მიდიოდა ჩვენი საუბარი, ღრმად სუნთქვა დავიწყე, ვხვდებოდი, რომ ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი კატასტროფის მასშტაბებს, დაჟინებით ვებრძოდი პანიკას და რამდენიმე წუთის წინ შუა გზაზე გაწყვეტილი სიზმარი გამახსენდა.

თავის დასამშვიდებელი არგუმენტი მომენტალურად ვიპოვნე და კმაყოფილი ხმით გავაჟღერე: „ჰო, მაგრამ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყო ეჭვი უნდა გაგიჩნდეს, ამ კუთხით კი ნამდვილად უკონკურენტო ვარ, შეუძლებელია მასაც ისეთ დონეზე ქონდეს განვითარებული პარანოია, როგორც მე. შესაბამისად ის არასოდეს გამოიყენებს შესაძლებლობებს, რომლებიც აქვს, ვინაიდან არასოდეს შეიტანს ჩემში ეჭვს.“

„აქაც ცდები“ – მიპასუხა თვითკმაყოფილმა – „ეჭვი დიდი ხნის წინ გაუჩნდა და შენ ეს იცი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი გაღვიძება გადაწყვიტე. ყველაზე დიდი შეცდომა, რომლის დაშვებაც შეგიძლია არის ის, რომ არასათანადოდ შეაფასო მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, ეს სასიკვდილო განაჩენია და მიუხედავად ამ წესის ლამის ზეპირად ცოდნისა შენ უკვე მერამდენედ დაუშვი ეს შეცდომა. მითხარი რატომ გადაწყვიტე შენიღბვა ორი თვის წინ თუ ზუსტად იცოდი შენი სახის დანახვას ვერასოდეს შეძლებდა?“

ტუჩზე ვიკბინე, ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, ყელზე ისევ თბილი ნიაღვარი ვიგრძენი, ისევ გაუმაძღრად დავიწყე ჰაერის ფილმტვებში ჩაშვება, გაღვიძება ვცადე, მაგრამ გამახსენდა, რომ კოშმარი ახლახანს უკვე დამთავრდა.

პანიკა სასიამოვნო ჟრუანტელმა შეცვალა, „დავიღუპე“ ჩავილაპარაკე ჩემთვის, ბავშვობიდან კატასტროფის გაანალიზება აუხსნელ სიამოვნებას მანიჭებდა ხოლმე.

„მოტივი“ – ვთქვი სახეზე გაჩენილი გამარჯვებულის ღიმილით – „მოტივია მთავარი. ეს კი ყველა შემთხვევაში ჩემთვის სასიკეთოდ წყვეტს სიტუაციას.“

„ჰო, მაგრამ შენ მტკიცებულებები არ გაქვს და ჯერ კიდევ ელოდები მის მახეში გაბმას, მაშინ როდესაც თავად უკვე დიდი ხნის წინ გაები მის დაგებულ ხაფანგში და თუ ის ამას გათვლის, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ ვერაფრის დამტკიცებას შეძლებ“ – წამისისინა და ტრიუმფისთვის მოემზადა.

ისევ ავის მომასწავებლად დაიწყეს შიშის ზარებმა რეკვა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემ მიერ დაგებული ხაფანგი უკვე საკმარისზე დიდი დროის განმავლობაში ელოდა ნანატრ სტუმარს, რომელიც არა და არ ჩანდა.

„გაიმარჯვე!“ – მეთქი გამოვცერი კბილებიდან.

აღარაფერი უთქვამს, რამდენიმე წამში უკვე მშვიდად ეძინა.

დამარცხებას არასოდეს ვაღიარებ, მაშინაც კი როდესაც ყველაფერი ცხადია, ყველა საშუალება გამოყენებული და რამის შეცვლა თეორიულადაც კი შეუძლებელია. ჟინი, მთელი ცხოვრება აუხსნელი ჟინით ვიტანჯები, მიყვარს როდესაც ჩემი ცხოვრება ემოციებს აფრქვევს, გამარჯვებისა და დამარცხების ჟინი მკლავს, იქაც კი ვიბრძვი სადაც ამის საჭიროება არ არსებობს, ინტრიგებს ვხლართავ, სიტუაციას ვთვლი და ზოგჯერ სრულიად მიზანმიმართულად ვუშვებ შეცდომებს, დაღუპვის პირას ყოფნა კმაყოფილების ენით აღუწერელ განცდას მანიჭებს. თითოეულ მოვლენას ვაზვიადებ, მნიშვნელობებით ვტვირთავ, ეს სასიცოცხლო აუცილებლობად ვაქციე.

ბანალური, ათასჯერ ნაცხოვრები სიტუაციების ფობიით ვიტანჯები, ამიტომაცაა, რომ ბრალდებულად და პროკურორად რომ ვიყოფი, ეჭვმიტანილად და გამომძიებლად, თავი ყოველთვის ტრიბუნაზე მგონია, მაშინაც კი როდესაც უბრალო, ყოველდღიურ თემებზე ვსაუბრობ.

აკვიატებები ჩვევაში გადამდის, ადამიანებს კი სრულიად უმიზეზოდ ვიკვიატებ, მათგან ახალ სახეს ვძერწავ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვებრძვი, იქამდე სანამ არ მივხვდები, რომ ზედმეტი მომივიდა, შემდეგ საკუთარ უდანაშაულობას საკუთარ თავსვე ვუმტკიცებ, რადგან არასოდეს, არავინ ირჯება საიმისოდ, რომ უკვე საზოგადოდ ცნობილ, ჩემ მიერ „დანაშაულად“ შერაცხულ ქმედებაში დამდოს ბრალი. არადა თავის მართლებაში შეუდარებელი ვარ.

დღეს კი ტრადიციებს მოვუღე ბოლო, ამიტომ ჩემი შემდეგი ნაბიჯი უჩვეულო იქნება, გულახდილად ვაღიარებ იმას, რომ დამარცხება გადამეტებული ნათქვამია, რომ საკუთარ შეცდომებს მახე მხოლოდ იმიტომ ვუწოდე, რომ მორიგი აკვიატება საინტერესო მოწინააღმდეგედ შემერაცხა.

თავისუფლებით განცდილი ბედნიერება ოთახის ყველა კუნჭულში იმალება. მეც კმაყოფილი ვზივარ სავარძელში, მსიამოვნებს ფანჯრიდან შემოსული სუსხი, კვამლში არეული სურნელით ახალი დღის გათენებას, რომ მამცნობს, სიგარეტის ახალთახალ ღერს ვათამაშებ ხელში, საკუთარ თავს გულახდილობის უფლებას ვაძლევ და ყველა წინადადებას ვამთავრებ ფრაზით „მერე რა?!“

გიფიქრია, რომ ბედნიერება ყველაზე გემრიელი მაშინაა, როდესაც მიზეზი არ აქვს? აი ასეთ, უბრალო, არსაიდან მოსულ ბედნიერებას განვიცდი, თავისუფლებაში, რომ ირევა ისეთს.


ოთხნი


”დასაჯეთ მოღალატე!” – ხმის ჩახლეჩვამდე ყვირის გონება.
ვცდილობ სახიდან ის კეთილშობილი ღიმილი არ მოვიშორო, რომელიც მაშინ ვაქციე საფირმოდ, როდესაც კალიგულასა და ნერონს შემადარეს.
იმდენი ადამიანის ცხოვრების უნებლიე მოწმე ვარ, რომ მათი ისტორიის მთავარ გმირობასაც კი ვიჩემებ ხოლმე.
მაყურებლებში ვცოხვრობთ, გულშემატკივრებისა და სისხლიმსმელების დეფიციტს განვიცდით, შუშის თვალებით ვუყურებთ ყველაფერს და ცეცხლი გვენთება, როდესაც საქმე სანახაობაზე მიდგება.
ძვალი გადმოგვიგდეთ, ძვალი!
ისევ გონებას ვუბრუნდები, მორცხვად ვკითხულობ, რომელი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გესლიანად იღიმება და დუმილით მანიშნებს, რომ თავადაც ვიცი.
დიახ, ვიცი. მიუხედავად მისი შეუბრალებელი ხასიათისა, ვიცი, რომ ის არასოდეს ამაცილებს ეშაფოტზე ”კეთილმოსურნეებისგან” განსხვავებით.
ჩიხში ვარ, მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი მიღებს ბოლოს და სისხლში შხამის მცირე ბურთულებად იშლება, ფეთქდება, მრავლდება და მწამლავს. საკუთარ თავში ორიოდ დღის წინ აღმოჩენილ ”საღ განსჯას” ვუხმობ და დაჟინებით მოვითხოვ დამარწმუნოს, რომ მე არ ვარ წინასწარმეტყველი, და ასეც, რომ იყოს არ შეიძლება შეუცდომლად ისაუბრო ჯერ არ მომხდარ მოვლენებზე, ბოლოს და ბოლოს ღმერთი ხომ არ ვარ?! ღმერთი არ ვარ, მაგრამ მზად ვარ თუნდაც ახლავე, მიმდინარე მომენტში ჩამოვდო თავი აყროლებულ გილიოტინაზე და ვთქვა, რომ თუ ჩემი ჯერ კიდევ ”სპეტაკი მოღალატე”, არ მიღალატებს, მომკვეთონ თავი, ვარცხნილობაზეც კი არ ვიზრუნებ, ჭირსაც წაუღია ჩემი ნალოლიავები თმა.
კეთილშობილი ”მე” ნელი მოძრაობით ეცემა ძირს ცნობისმოყვარეობის ცელის მოქნევისას, სისხლის მსმელი ”მე” ტალახიან ფეხებს იწმენდს მასზე, ორივეს ერთად კი მაყურებელი თელავს.
ბოლოს სამივე, ერთ მთლიანობად შეკრული დავჯდებით არენასთან, მოვუკიდებთ სიგარეტს და სახეზე ნაცრისფერი გადაგვკრავს. შურისმაძიებელი დაუპატიჟებლად მოვა და იკითხავს გვერდზე სკამი თავისუფალია თუ არა, სამივე ერთხმად დავეთანხმებით, და სიგარეტს შევთავაზებთ, ის კი მადლობის ნიშნად ჩანთიდან არაყს ამოაძვრენს.
ტაშით, კივილ-წივილთა და სტვენით შევხვდებით სცენაზე გამოჩენილ ”ანგელოზს”, რომლის  დაცემაც ახლახანს ვიწინასწარმეტყველეთ. გამოვა, თავდაჯერებულ ღიმილს გვესვრის და გვიღალატებს.
”დასაჯეთ მოღალატე!” – სისინებს სისხლის მსმელი.
”იქნებ ვაპატიოთ?” – მორცხვად კითხულობს კეთილშობილი.
”ბრავო.” – ყვირის მაყურებელი.
”ვნებათა ცეცხლის გავლის შემდეგ ცივად მოვუღოთ ბოლო.” – ღიმილიანი ხმით გვთავაზობს შურისმაძიებელი.
მონაცვლებით ვისვრით იდეებს.
მოღალატე კი გამარჯვებული სახით გვიყურებს და გვაგრძნობინებს, რომ მან ეს ესაა მოკლა ჩვენი განუმეორებლობა.
”ჩვენ ყველაფერი გვეპატიება”. – აგრძელებს შურისმაძიებელი.
”ჩვენც ხომ იგივე გავაკეთეთ რამდენიმე საათის წინ. უსამართლობაა მხოლოდ მას ერქვას მოღალატე.” – საოცარი სიმტკიცით იწყებს წინააღმდეგობის გაწევას კეთილშობილი.
”მოკეტე! ჩვენი ქმედება ღალატის სახელს არასოდეს ატარებს. მე არ მივიჩნევ, რომ სხვებსაც ზუსტად იმდენის უფლება აქვთ რამდენიც ჩვენ, მთავარი ხომ მოტივია?

ბრალი მოტივის გარეშე გაგიგიათ?
ჩვენი თითოეული ქმედების მოტივი კი აბსოლუტური კეთილშობილებაა და მისი უარყოფით კონტექსტში მოხსენიება უკვე წარმოადგენს დანაშაულს.” – უმეტყველო თვალებით პასუხობს სისხლის მსმელი.
”ბრავო!” – არ ჩუმდება მაყურებელი.
”სწორს ამბობს, იქნებ ვნებები ჩაცხრეს და მივხვდეთ, რომ ის ამად არ ღირს.” – ხავსს ეჭიდება კეთილშობილი.
”ჰო, ცივ გონებაზე უკეთესი ვარ.” – უდარდელად პასუხობს შურისმაძიებელი.
”ბრავო!” – მაყურებელი უცვლელია.
”მე კი მგონია, რომ სწორედ მოწოლილი გრძნობების გადმოხეთქვას უნდა შეეწიროს.” – ამბობს სისხლის მსმელი.
ვერ ვთანხმდებით.
ემოციები ცხრება, მთვრალი შურისმაძიებელი დაუმშვიდობებლად მიდის და სახლში მისული გაუხდელად იშოტება საწოლზე, რამდენიმე წამში უკვე მშვიდად სძინავს.
მაყურებელი მორიგ სანახაობამდე გვემშვიდობება.
კეთილშობილებას ზედმეტი მოუვიდა და თმაგაწეწილი თავით ეყრდნობა მაგიდას.
სისხლისმსმელი დანანებით ეჭიდება ემოციებს და აგრესიას ეხვეწება ”ერთი ჭიქაც დავლიოთო.”
ოთახში სიძულვილი შემოდის და ოთხივე მასში ვერთიანდებით.


ქ-ნი საშლელი


ყოველ დღე სკამზე დაუფარავი ინდიფერენტულობით ვიყავი ხოლმე მიწოლილი და ვუსმენდი ადამიანებს, რომლებიც რიგ-რიგობით ყვებოდნენ იმას თუ რას ნანობდნენ.
შუა საუბარში ჩავეჩრებოდი ხოლმე და მავედრებელი ტონით ვიღებდი მოწევის ნებართვას, წარბ აწეულნი გადმომხედავდნენ შემდეგ კი უხმოდ აგრძელებდნენ ერთმანეთის ”ჭირ-ვარამის” გაზიარებას.
ყოველი ახალი წევრის შემომატებისას ფეხზე ვდგებოდი და მარი ივიტის სახელით ვეცნობოდი, ხელს გავუწვდიდი ხოლმე, მათგან კი მხოლოდ მსუბუქ სალამს ვიღებდი, შემდეგ ისინიც დანარჩენებივით ვერ მიტანდნენ, მე კი ცოცხალი თავით არ ვტოვებდი იქაურობას.

 ***

ოთახში დაგვიანებით შევედი, შარვლიდან მტვერი ჩამოვიფერთხე,  ჩვეული ”მიმიფურთხებია” სახით გავიღიმე და სკამზე მივწექი, საზურგეზე ჩამოვდე თავი, ფეხები წინ წავწიე, უდარდელად გადავაჯვარედინე და ჭერის თვალიერება დავიწყე, ცოტა ხანში სიჩუმემ შემაწუხა, წამოვჯექი, სიგარეტი ძირს დავაგდე და ფეხით გავსრისე, ხმას არავინ იღებდა.
”ან თქვი აქ რა გინდა და თითოეული ჩვენგანივით მოიქეცი ან დატოვე აქაურობა.” – მკაცრად გამოსცრა ”სინანულის დედოფალმა” კბილებიდან, თავიდან ფეხებამდე მონაზონივით შემოსილმა, წითელ ლოყება, თვალებ ჩაცვენილმა ახალგაზრდა დედაკაცმა, რომელიც ყველაზე მეტ ცრემლს ღვრიდა, ყველაზე მეტს საუბრობდა, ყველაზე მეტ რჩევას აფრქვევდა, ყველაზე მეტად იყო მონდომებული სხვების სანუგეშოდ, სეანსის დასრულების შემდგომ კი გვერდზე ბარში მიდიოდა დასალევად, ორ საათში უკვე ლამის საცვლების ამარა ცეკვავდა მაგიდაზე, მისი ”მონაზვნის ტანსაცმელი” კი აქეთ-იქით მაგიდებზე იყო მიმოფანტული. ამას სპეციალურად აკეთებდა, წინა ღამისთვის საკუთარ თავს შემდეგი ღამით სჯიდა და ასე დაუსრულებლად, სინანულის დოზის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. სხვებს კი მისთვის ხელის გულები არასოდეს ენანებოდათ.
მე ჩემი საფირმო ღიმილით გადავხედე, ისევ სკამზე ჩამოვჯექი:
”ვინ არის მარი ივიტი?”
”სახელი და გვარი საჭირო არ არის.” შემაწყვეტინა სინანულის დედოფალმა.
”დამშვიდდით ქალბატონო პატიოსნებავ, ეს ფსევდონიმია.” – ვუპასუხე მე – ”საღამოს ერთად ხომ არ დაგველია?” – ვკითხე და თვალი ჩავუკარი.
პერანგის საყელოსთან ხელი მიიტანა და მაგრად მოიჭირა ყელზე. პასუხის გაცემა არ ვაცადე და განვაგრძე:
”მარი ივიტი, იგივე საშლელი, სასიამოვნოა!
რას ვნანობთ? თუმცა, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეკითხა რას ნანობთ მეთქი. ჰო, გაკვირვებულ სახეებს ნუ მიიღებთ, მე ყურადღებით გისმენთ ყოველ დღე, ვიცი თითოეული მიზეზი, რომლის გამოც აქ ხართ, თუმცა ეს კითხვა მაინც არ მაძლევს მოსვენებას. თავმოყვარეობა, თითოეულ ჩვენგანს ეს გადაჭარბებული დოზით აქვს. გზები კი რომლებითაც ვცდილობთ ჩავახშოთ შემოჩენილი შეგრძნება, ”ეს რა ჩავიდინე” შეგრძნება უმეტესად ახალი სანანებელი ქმედების ბიძგს წარმოადგენს, ამიტომაცაა წრეზე, რომ დავდივართ, დავდივართ და ყოველ საღამოს წრეზე ვსხდებით ერთმანეთის მოსასმენად.
ეს ავადმყოფობაა.
ჩვენ ყველაზე დამღუპველი ფორმით ვართ ავად. ის რასაც ვნანობთ საკმარისად საშინელი არასოდესაა იმისთვის, რომ თუნდაც მღვდელთან მივიდეთ და მოვინანიოთ, იმისთვის, რომ ერთხელ ჩავიდინოთ და შემდეგ დრომ თავის საქმე გააკეთოს. ჩვენ ისინი ვართ ვინც ყველაზე უმნიშვნელო, სასაცილოდ წვრილ მიზეზებზე ღვრის ცრემლებს და იგლეჯს ნერვებს, ჩვენ არც მიტევება გვჭირდება, ვინაიდან დანაშაული მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ჩავიდინეთ, საკუთარი თავმოყვარეობის წინაშე, ამიტომაცაა, რომ ერთადერთი რასაც შეუძლია გვანუგეშოს ეს იმის გაცნობიერებაა, რომ ჩვენნაირები არსებობენ, მხოლოდ ჩვენ არ ვიმეორებთ ერთი და იგივე შეცდომას, არ ვდგამთ ერთი და იგივე ნაბიჯს ათასჯერ, ათი ათასჯერ, მილიონჯერ…
დავლიე, მოკითხვა მომინდა, გულწრფელი სიხარულით ვკითხე როგორ ხარ მეთქი, შევაქე, ტაში დავუკარი, მოვეფერე… პასუხმა არ დამაკმაყოფილა, ზედმეტად ცივი იყო, ვალის მოხდით განმსჭვალული, მობეზრებული, თავიდან მოშორებაზე ორიენტირებული… გავბრაზდი, თუმცა მალე ჩამეძინა, იმაზე ფიქრით ჩამეძინა, რომ ხვალინდელი დღე არასოდეს გათენდებოდა… რამდენიმე საათში ირიჟრაჟა, თვალები ვჭყიტე და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ იდიოტია და ჭკუას არასოდეს სწავლობს.
კარგ ხასიათზე ვიყავი, გიჟივით ვიხარხარე, ზედმეტად ბევრი ვიცეკვე, ზედმეტად გამომწვევი ვიყავი, ცუდად გავხდი, ეს ყველამ შეამჩნია…. ვიჩხუბე, უმიზეზოდ, ან დაფარულ მიზეზს ავხადე ფარდა…
შემეცოდა, საკუთარი თავმოყვარეობისგან გამოწვეულ სიცივეზე გული ამერია და დავთბი, პასუხი არ მიმიღია…
ჩვენი თავმოყვარეობა კივის და მიძინებულ სინანულს ნემსების გაყრით აღვიძებს, მის გადასაფარად მას ახალ დარტყმას ვაყენებთ და ის ახალი ძალით იწყებს ”ეს რა ჩავიდინეს” გაღვიძებას, მალე ოთახში ”იდიოტი ვარ” შემოდის… ახალი მიზეზი გვჭირდება ამის დასავიწყებლად.
ბოლოს წუმპეში ვართ და ველოდებით მომენტს, როდესაც უარესი შეუძლებელი იქნება, ასეთი მომენტი კი არასოდეს დგება.
მარი ივიტს ყოველ დილით ხვდება წერილი მარი ივიტისგან, დალუქული კონვერტით, ბალიშის ქვეშ ამოდებული. წერილს ხსნის შიგნით კი ცარიელი ფურცელი დევს, საშლელის ნამცეცებში ამოგანგლული. ფურცლის ბოლოს კი მარი ივიტის ხელმოწერაა.
სინანულის შეგრძნება დავკარგე, მანამ სანამ ჩემი თავმოყვარეობა ლამის წიხლით შედგება ხოლმე მას, ფურცელზე ვწერ ყველა მიზეზს, რომლის გამოც მეორე დილით მარი ივიტს სიკვდილი მოენატრება, შემდეგ ვიღებ საშლელს, მთელი მონდომებით ვშლი ყველაფერს, დილით კი მარი ცარიელია, ცარიელი, თავისუფალი და მარტივი.”
სიგარეტს ვუკიდებ, სინანულის დედოფალს საშლელს ვუწვდი და კარებს ვიხურავ. 

 


tête-à-tête


გული დაუნდობლად მირტყამს ყელში და მაჯაზე პულსის ცემა უკვე თვალისთვის შესამჩნევი ხდება, საათი ყოველი წამის გასვლას ჩხაკუნით მამცნობს მე კი ჩემი ოთახის იატაკზე უდარდელობის ნიღბით შემოსილი ვწევარ, შენელებული კადრივით ვუშვებ კვამლს პირიდან და უხილავი ღიმილი დამთამაშებს სახეზე.
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი დანარჩენი ცხრისგან განსხვავებით გაყინულია და მომაკვდავივით ფართხალებს უკონტროლოდ. დროის გასვლას არ ვიმჩნევ, წუთში ერთხელ ვყლაპავ ნერწყვს და წარმოვიდგენ როგორ მოძრაობას აკეთებს ამ დროს ჩემი ყელი. უკვე მეხუთე დღეა დამამშვიდებლის გარეშე, საფერფლის გვერდით მწვანე აბებით სავსე შეკვრა მიდევს და შეუმჩნევლად ვაპარებ მისკენ თვალს. დღეს უფრო ცოცხალი და ბედნიერების შანსით განმსჭვალული ვარ, ვიდრე 5 დღის წინ, თუმცა პულსი მატყობინებს, რომ ”საკმარისია”.
ოთახის კარი იღება და ის შემოდის, თეთრ სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი, კვამლის ოდნავ შესამჩნევი ღრუბელი ადგას თავზე და უსიტყვოდ მიყურებს, მე თვალს ვარიდებ და ვაგრძნობინებ, რომ მეძინება, ის კი ფეხს არ იცვლის, მხოლოდ სიგარეტის მოსაქაჩად გაწევს ხოლმე თავს და ტუჩების გვერდზე მიბურნებით უშვებს კვამლს. ხელში წყლით სავსე ჭიქა უჭირავს, იხრება და დამამშვიდებლის ფირფიტის გვერდით ტოვებს, წარმოვიდგენ მის გრძელ თითებს და ნაოჭებს ვითვლი, მარჯვენა ხელის ცერზე, ზუსტად მოხრის ადგილზე 3 ღარი აქვს, ყველასგან განსხვავებული სამი ჭრილი.
შუა ღამეს გადასცდა, თვალებს ვახელ და ვხვდები, რომ წამოდგომის დროა, გვერდზე მდგომ უკვე კედლებზე ჰაერის ბუშტებ გაჩენილ წყალს ვიღებ და ერთი ამოსუნთქვით ვსვამ.
შავებში გამოწყობილი მივუყვები ბნელ დერეფანს და ნერვიულობისგან შეუბრალებლობაში გადასული სიცილის შეკავებას ვცდილობ. კარებზე ვაკაკუნებ და ისე, რომ პასუხს არ ველოდები ოთახში შევდივარ. მაგიდასთან ზის, შუქი მხოლოდ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებს უნათებს, სახეს ვერ ვხედავ და ვეუბნები ”რომ ბანალურობისგან უგემოვნოში გადასული სცენა დადგა”. მაგიდასთან ვჯდები, ქუსლს მაგრად ვაჭერ იატაკს, ის შუქისკენ იხრება, ვუყურებ მის სანიმუშოდ დავარცხნილ თმას და ირონიულად მეწევა ტუჩი მარჯვენა ყურისკენ.
მაგიდაზე სიგარეტს და სანთებელას ვდებ, ერთ ღერს ჩემთვის ვიღებ, შემდეგ კი კოლოფს ვუწვდი, ხელის გაქნევით მეუბნება უარს, არაყს მისხამს და ჭიქას იღებს ხელში, მე თვალებში ვუყურებ და ერთი ამოსუნთქვით ვსვამ, სახეს ვაკონტროლებ და ვცდილობ უსიამოვნო განცდა გარეგნული იერსახის შეცვლის გარეშე ავიტანო, არც ის იმჩნევს მწველ შეგრძნებას, მაგიდაზე დებს ხელებს, საზურგეს ეყრდნობა და მანიშნებს, რომ მელოდება.
ფეხზე ვდგები, ბოთლს ვიღებ, ოთახის ბნელ კუთხეში ვჯდები და დამშვიდებული იმით, რომ ჩემ სახეს ვერავინ ხედავს ვიწყებ.
”აღიარებითი ჩვენება გჭირდებოდა?! სიმართლე?! კი ბატონო, მიიღებ. ვერ ვიტან კმაყოფილების შეგრძნებას, გულს მირევს საკუთარი დაბნეულობა, რომელიც ამ დროს მეუფლება, არ ვიცი როგორ მოვიქცე და ღამეებს საწოლის თავზე წლების წინ მიწებებულ ვარსკვლავების ყურებაში ვატარებ, რამდენიმე საათს ანათებენ, შემდეგ ნელ-ნელა შეუმჩნევლობაში გადადიან, სადღაც 4 საათისკენ კი მათი დანახვა მხოლოდ გონებაში კარგად ჩაბეჭდილი სურათის აღდგენით შემიძლია. ჰო, ვერ ვიტან დილით თვალები, რომ მეწვის და გულის გამაყრუებელი ბრახუნით, რომ ვხვდები დამამშვიდებლის დალევა ერთადერთი გზაა. ამიტომ ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავს ამ გადამეტებულ ბედნიერებას ვამჩნევ, ვცდილობ მიზეზი, რომელმაც მაიძულა ეს მეგრძნო ფეხქვეშ გავთელო. დაგიფიქსირებია, რამდენად უინტერესონი არიან ბედნიერი ადამიანები?! არაფრით გამორჩეულ მასას წარმოადგენენ და იდიოტური ღიმილი არ შორდებათ სახიდან. ერთი ნაკლებად ცნობილი მწერლის შემოქმედება მიყვარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ყველა ოცნება ახდა და ის ბედნიერია, როდესაც მისი ახალი წიგნი შევიძინე, თვალის მომჭრელად მხიარული იყო, აი გადაშლიდი და ოთახი ცისარტყელის ფერებით ივსებოდა, ბანალური, უინტერესო, რომანი, რომელიც საზოგადოებამ მის ყველაზე ცუდ ნამუშევრად სცნო. რა მოხდა შემდეგ? რა მოხდა და იმედგაცრუება ბრაზში გადავიდა, ბრაზი აგრესიაში, აგრესია დეპრესიაში, რამდენიმე წელიწადში მისი ახალი წიგნი გამოვიდა, შედევრი იყო. ისიც ხომ იცი, რომ ყველა ბედნიერი ადამიანი ერთნაირია, უბედურება კი ზოგადადაა მიდრეკილი უნიკალურობისკენ.
კმაყოფილებას თან ყოველთვის ახლავს ვალდებულება, შემდეგ კითხვები – ”როგორ აჯობებს?” ”როგორ მოვიქცე?” ”რა ვთქვა?” ”რა დავწერო?” ”რა ვუპასუხო?” … დამღლელია. არასოდეს გიფიქრია, რომ შენი ყველაზე დიადი ქმნილება იქნებოდა შენივე ჯალათი? აი დღის შუქს ანახებ და შემდეგ ტაშის გამაყრუებელ ხმაში ხვდები, რომ ეს დასასრულია, რომ საკუთარ თავს ზედმეტად დიდი მოთხოვნა დაუწესე, შემდეგ ფიქრობ როგორ მოიქცე, გაქცევა არ შეგიძლია, ის ვინც ერთხელ იყო ზენიტში ვერასოდეს შეძლებს უარი თქვას ამაზე, ამიტომ ცდილობ, რაც უფრო მეტს ცდილობ, მით უფრო ნათლად ხვდები, რომ რეგრესის დაღმართზე მიგორავ სინათლის სისწრაფით.
ვერ ვიტან კმაყოფილების შეგრძნებას, ვერ ვიტან შანსს, რომელსაც ვიღებ, ვერ ვიტან როდესაც ვხვდები, რომ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს – გამოვიყენო შანსი და დავიტანჯო იმაზე ფიქრით თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, თუ დავიტანჯო იმაზე ფიქრით თუ რატომ ვთქვი უარი შემდეგი ნაბიჯის გადადგმაზე. შედეგად იმდენად დიდ დროს ვანდომებ ფიქრს, რომ აღარ მიწევს გადაწყვეტილების მიღება. შემდეგ კი ოთახის ბნელ კუთხეში ვჯდები ხოლმე არყის ბოთლით და თავს ვიმართლებ.”

 


სიხშირისგან მობეზრებული


სიხშირისგან მობეზრებული, გაიშვიათების იდეით შეპყრობილი და წარმოსახვაში უკვე დავიწყებას მიცემული ვიჯექი საწოლთან, რომელზე ოცნებაც მანამ მხდიდა სულს სანამ მივუახლოვდებოდი, შემდეგ კი ჩვეულებრივ მაღალ ფეხებზე მდგომი სარეცელის იარლიყს ირგებდა და მე სისხლისგან ალკოჰოლთან შეზავებულ ნაერთს ვქმნიდი.

ჩემში მორიგ მსხვერპლზე მონატრებული ემოციების ვალად გაცემის მოტრფიალე იღვიძებდა, ნელა, ზოზინით, მისთვის ესოდენ არა დამახასიათებელი სიმშვიდით. პირველივე გაღიმებაზე მივხვდი, ახალი ობიექტი უკვე ნაპოვნი ყავდა და მისი ვინაობის შეთანხმებასაც კი არ აპირებდა ჩემთან. ჩემდა გასაოცრად, საკუთარი უხარისხობისგან თავ მობეზრებულს მიმაჩნდა, რომ ის არც იყო ვალდებული რამე შეეთანმხებინა, ამიტომ ამრეზით ვანიშნე შეგიძლია დაიწყო მეთქი.

მსხვერპლი – არადა რა შეუფერებელი სახელია, მთელი პროცესის განმავლობაში ის ტკბობას ეცემა, საკუთარ თავზე შეყვარებული, გლუკოზის დოზის მოლოდინში საკუთარ ტუჩებს კვნეტს, და მხრებს იკოცნის, რატომ მხრებს? იმიტომ რომ იქ სხვანაირი კანია და უცნაური შეგრძნება. ჰოდა მერე რა თუ ამ ტკბობის პროცესში იმასაც ხვდება, რომ ამ ენით აღუწერელი სიამოვნების სათავის წინაშე ვალი აქვს დასაბრუნებელი, თანაც პროცენტით?! ჰო, მერე რა. დააბრუნებს, დააბრუნებს აბა რას იზამს, თუმცა ამით მის თვითკმაყოფილებას არაფერი დააკლდება. ჰოდა, მე უბრალოდ ის ვარ ვისაც უშრეტი დოზით ემოცია აქვს და სხვებისთვის არ ენანება, თუმცა იმისთვის, რომ ის უშრეტი იყოს, მათი დაბრუნებაა საჭირო, დაბრუნება გაზრდილი რაოდენობით.

ოჰ, როგორ ვერ იტანს მათ ვინც, ემოცების მიღების შემდეგ უკვალოდ უჩინარდება და ვალის დაბრუნებას არც ფიქრობს. ვერ იტანს, ვერ ვიტან, მოკლედ ვერ ვიტანთ. ყველაფერი მსხვერპლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ან ვენდობით და ან არა. თუმცა თუ ერთხელ არ ჩათვალა საჭიროდ ვალის დაბრუნება, ამას მეორე, მესამე, მეოთხე ჯერზე აუცილებლად გააკეთებს.

სიგარეტს მოვუკიდე, ერთფეროვნებიდან, შეუბრალებლობამდე მივედი მეთქი გავიფიქრე და სიხშირისგან მოსაბეზრებელში გადასული ღიმილით გამეღიმა, როგორია ასეთი ღიმილი? როგორი და ჯერადობის გათვალისწინებით უკვე ყელში ამოსული, მრავალფეროვნების ნიშან-წყალი, რომ არ ეტყობა ისეთი.

 

 

 

 


ფინიკურად


ჩემი სიჩუმით გადაღლილი უკმაყოფილო სახით შემომხედავ და მკითხავ ”ჩემზე წერ?” მე ხელით განიშნებ, რომ არ მცალია და წერას განვაგრძობ, გაციებულ ყავას მიუბრუნდები და დიდ ყლუპს გააკეთებ, შემდეგ სიგარეტის კოლოფს დასწვდები და მხრებში მოხრილი დაიწყებ მოწევას.
რამდენიმე წუთს ჩუმად ვიჯდები, შემდეგ ავდგები და ღვინოს შემოგთავაზებ, შენ ეჭვნარევი მზერით შემომხედავ და მეტყვი, რომ არ ღირს, თვალს ჩემი მაგიდისკენ გააპარებ და მედიკამენტებზე მანიშნებ შეფარვით, მე გამეცინება და გკითხავ ”დიდი ხანია, რაც ჩემ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყე?” არაფერს მიპასუხებ, ასანთს გაკრავ და პირიდან მძიმედ გამოუშვებ კვამლს, აღარაფერს გეტყვი, ოთახიდან გავალ და რამდენიმე წუთში ღვინის ბოთლითა და ჭიქებით დავბრუნდები, მაგიდასთან დავჯდები და ინსტიქტურად ხელი პულსისკენ გამექცევა, გაგეღიმება, თვალს ამარიდებ, მე კი ნიშნის მოგებით ჩამოვისხამ ღვინოს და ჭიქას სწრფად გამოვცლი, სკამზე გადავწვები დაღლილი სახით და კმაყოფილი გეტყვი, რომ ბედნიერი ვარ. შენ არაფერს მიპასუხებ, საერთოდ არაფერს და დანანებით გაგეცინება. ”საკმარისია” გეტყვი მე, მაგიდას დავეყრდნობი და დავამატებ ”თუ რამე გაქვს სათქმელი მითხარი!” თვალებს დაბლა დახრი, ისევ ცინიზმი გადაგკრავს სახეზე და მიპასუხებ: ”შენ ხომ ისედაც იცი რაც უნდა გითხრა, ჰოდა რა საჭიროა ენერგიის დახარჯვა?!” პასუხის გაცემას, რომ დავაპირებ, მანიშნებ გაჩუმდიო და განაგრძობ: ”შენ ის არ ხარ გუშინ ლექციას, რომ მიკითხავდა ერთფეროვანი და მკვდარი ხარო? შენ ის არ ხარ გუშინ, რომ მითხრა შენი თითოეული სიტყვა წინასწარ ვიცი, თითოეული მზერა, ნაბიჯი, ამოსუნთქვა, ღიმილი, ყველაფერი ზეპირად მაქვს ნასწავლი და თუ ჩემი გაოცება გინდა გაჩუმდიო? განა შენ არ მეუბნებოდი, რომ ჩემი სახელით მოხსენიება ზედმეტი პატივი იქნება და აწი მომბერზდის დაგიძახებო? დიახ, შენ ის ხარ, ვინც მაიძულებს ყოველი დღე, ყოველი ღამე ამ მაგიდასთან გავატარო, ვინც მაიძულებს ვუყურო სიჩუმეს და ვინც მეუბნება, რომ მუზადაც აღარ გამოვდგები. შენ ის ხარ ვისი ტუჩებიდანაც სიტყვა იდეალური შეურაცხმყოფელად ჟღერს, ჰო, მე ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როდესაც ამ სახელით მომიხსენიებ, ჭირსაც წაუღია შენი იდეალები.
ჯიბეში ხელებს ჩავიწყობ, მაგრად მივაწვები სკამის საზურგეს და გკითხავ: ”ეს აჯანყების მცდელობაა?”
”ხედავ რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე? უწყინარ დიალოგსაც კი აჯანყებას უწოდებ? ბრავო ქალბატონო დიქტატორო, ბრავო. და სად არის ამ დროს თქვენი საიდუმლო პოლიცია?”
”გესტაპოს გულისხმობ?” გკითხავ ანთებული თვალებით და გამეცინება.
”ხედავ რა ბანალური ხარ, სახელის მოფიქრებაც კი ვერ შეძელი, ვერ გასცდი ჰიტლერისეულ გერმანიას.”
”დაამთავრე, თუ კიდევ გაქვს რამე სათქმელი?” გკითხავ და წამოვდგები, შენ დაბნეულ მზერას დავიჭერ და განვაგრძობ: ”რაში მდებ ბრალს? იმაში, რომ სიმართლეს გეუბნები? იმაში, რომ სრული არარაობიდან იდეალად გაქციე? ამას მსაყვედურობ?”
”ვწუხვარ, მაგრამ შენი წერის ხარისხიდან გამომდინარე ვგონებ იდეალიდან ისევ არარაობად ვიქეცი. ის კი ვისითაც გინდა ჩემი ჩანაცვლება უშენოდ იქცა სრულყოფილებად.”
გავჩუმდები, დერეფანში გავალ, შენ ქურქს მოვიტან და გეტყვი ”მომავალ შეხვედრამდე!”
შენ ღიმილი გადაგისერავს სახეს და მიპასუხებ ”მე აქ აღარაფერი მესაქმება”.
კარებს გაიხურავ, მე საწერ მაგიდას მივუჯდები, ღვინოს ჩამოვისხამ და ვიტყვი ”დაბრუნდება”


მტრები


მე მის მტრებთან ვმეგობრობ. არა, ვმეგობრობ გადაჭარბებული ნათქვამია, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა მათით აღფრთოვანებული ვარ მეთქი. ჰო, ჭეშმარიტად მნიშვნელოვან ადამიანებს, განსაცვიფრებლად გამორჩეული მტრები ყავთ.

გაგიგიათ ადამიანის შეფასება იმით თუ როგორი მტრები ყავს მას? მე გამიგია, ეს თვისება ბოლო პერიოდში შევნიშნე საკუთარ თავს და გამიკვირდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ არავის სურდა შენი ჩაძირვა ე.ი. მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებდი, ჰოდა, გადავწყვიტე ამით დამეწყო ირგვლივ მყოფების შეფასება. გასაკვირია, თუმცა ის ვისი მტრებიც განსაკუთრებულად მიყვარს,ასეთი ადამიანების მტრობას არც იმსახურებს, ეს კი მაიძულებს ეჭვი შევიტანო ჩემი აღფრთოვანების ობიექტების გამორჩეულობაში.

მას გულის ამრევად ჭრელი წრე ყავს, ახლა წრეც გადაჭარბებულ ნათქვამად მეჩვენა, უფრო თაყვანისმცემლები მოუხდებოდა ამ ფრაზას, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ან გააკეთებს, ოვაციებს მისთვის არასოდეს იშურებენ. ყველაზე მეტად კი მძულს იმის ყურება თუ როგორ ცდილობს თითოეული მტერთაგანის გული პირფერობით მოიგოს, მან ალბათ არ იცის, რომ ყოველი წარმატებული მცდელობისას, მისი ფასი ნელ-ნელა ეცემა. თუმცა ეს მსჯელობა თავისთავად ძალიან სუბიექტურია, ამიტომ იქნებ უღირდეს კიდეც ქარის საწინააღმდეგოდ ფურთხება და საკუთარი თავის ტალახში ამოსვრა ერთი დიადი მიზნის მისაღწევად – ის ყველას უნდა უყვარდეს. და თქვენ გინდათ, რომ ყველას უყვარდეთ? ზედმეტად ბევრ ტკბილს, რომ შეჭამთ გულის რევის საშინელი შეგრძნება ხომ ყოველთვის გტანჯავთ? ჰოდა დადებითმა ემოცეიბმაც მოყირჭება იციან.

არ ვიცი როდის მოხდა ეს, მაგრამ ერთ დღეს მეც აღმოვაჩინე, რომ იმ გადამეტებული შაქრის დოზის ნაწილი ვიყავი, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აიძულებდა მას ეთქვა, რომ გული ერევა. ჰოდა, მაშინ გადავწყვიტე, რომ სანამ ეს დღე დადგებოდა მანამ უნდა გავცლოდი მის მეხოტბეთა რიგებს, ასეც მოვიქეცი და ახლა ვხვდები, რომ უმეტესად ჩემი აღფრთოვანება ისეთივე ყალბი იყო, როგორც მისი პასუხი ამ ჟესტზე.

ადამიანები ჩვევაში გადამდის, უცნაურად ჟღერს, თუმცა ასეა. ის დროთა განმავლობაში ჩემ ერთ-ერთ მავნე ჩვევად იქცა, მომბეზრდა, მაგრამ რამდენი მობეზრებული ჩვევა გვაქვს, რომლის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგვიდგენია?! აქაც ვამლაშებ, როგორც ყოველთვის, მის გარეშე ცხოვრება წარმომიდგენია, ვცხოვრობ კიდეც, არც ის მაწუხებს, რომ მისი გამოსვლის მოსასმენად შეკრებილი ადამიანების რიგებს მეც ვუერთდები საღამოობით, თუმცა ვცდილობ შეუმჩნევლად გავიპარო ტაშის კვრის მომენტში, იმიტომ, რომ ხელების ერთმანეთზე რტყმის სურვილი აღარ მიჩნდება, მისი მტრები კი იმასაც არ კადრულობენ, რომ პომიდვრები დაუშინონ, ცოტას გაერთობოდა კაცი.

მე მისი მტრებით აღფრთოვანებული ვარ. რა თქმა უნდა იყო დრო, როდესაც მეც ცხოველური ჟინითა და საკუთარი ხელის გულების დანდობის გარეშე ვუკრავდი ტაშს და არც სტვენას ვთაკილობდი, მაგრამ ვიყავი კი მაშინ გულახდილი? თუ ვალს ვუბრუნებდი, ან იქნებ პირიქით ვალს ვაძლევდი, იმიტომ, რომ კარგად ვიცოდი ჩამასესხებდა. ასეც მოიქცა, ზედმეტად თავდაჯერებული ნათქვამია, მაგრამ მე თითქმის არასოდეს ვცდები ადამიანებში, პირველ ჯერზე გამარჯვებულის ღიმილი მომეფინა სახეზე, მერე და მერე მივხვდი, რომ მისი აღფრთოვანებაც საკუთარი სიდიადის ხაზგასმას ემსახურებოდა მხოლოდ, ჰოდა ვინ იყო მსხვერპლი? მე თუ ის? ორივე თუ არც ერთი? მიზნები განსხვავებული გვქონდა, შედეგი გასაოცრად იდენტური. ბოლოს მოგვბეზრდა.

თუმცა მე მისი მტრებით აღფრთოვანებული ვარ.


ახალი იდეების კვების პროცესში


ვერ ვიტან დაჭრილი ხის სუნს, რაღაცნაირი უსიამოვნო ჟრიალი მიპყრობს ხოლმე. კიდევ უფრო მეტად ვერ ვიტან სისხლის სურნელს, პირში ჟანგისა და სიმლაშის შეგრძნებას, რომ ტოვებს. ამ ორის კომბინაცია კი ნამდვილად მომაკვდინებელ ნაზავს ქმნის.
დილიდან ამეკვიატა აზრი, რომ სადღაც სისხლით გაჟღენთილი გამომშრალი ხის ნაფოტი გდია და მთელი დღეა ვცდილობ ამ შეგრძნებას ვებრძოლო.
დიახ, როგორც მეფისტოფელმა თქვა, სისხლი ნამდვილად სხვა თვისების მქონე წვენია.
დილით ორი აბი დამამშვიდებელი დავლიე, რაღაცნაირი იმედის განცდა მეუფლება ხოლმე, როდესაც კატაბალახას სურნელით გაჟღენთილ მწვანე შეფერილობის კაფსულას ვათამაშებ ხელში და ვიცი, რომ სულ ცოტა ხანში სისხლი მოწოლილ ემოციებს მასში გახსნილი სითხით დაუწყებს ბრძოლას.
ეჭვის საზიზღარი შეგრძნება მეპარება ძარღვებში. როდესაც ხელჩასაჭიდი არაფერი გაქვს მილიონობით თეორია ირევა ერთმანეთში, შენ კი იმედის ბოლო ნაპერწკალს ებღაუჭები და ცდილობ მათში ყველაზე სასურველზე შეაჩერო არჩევანი, შემდეგ კი თავიც დაირწმუნო აღნიშნული თეორიის სანდოობასა და რეალობასთან სრულ შესაბამისობაში.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც უეცრად ღრმა ძილიდან გამოიღვიძებ და ცდილობ მიხვდე ის რაც გაწუხებს დაგესიზმრა თუ მართლა მოხდა, იმდენად ბევრჯერ გაქვს სცენარი გონებაში გადაღეჭილი, რომ ვერაფრით მიმხვდარხარ სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის. შემდეგ იმეორებ, რომ არაფერი მოგჩვენებია, დანამდვილებით იცი, რომ საკუთარი თავის საიდუმლოდ შენახვის ყველა მცდელობა ნელ-ნელა უშედეგო ხდება და სულ მალე ხალხით გადაჭედილი დარბაზის წინაშე მოგიწევს იმის აღიარება, რომ გიპოვნეს.
ვერაფრით გამიგია რატომ ვაიძულებ თავს მუდმივად პირში წყალ ჩაგუბებული იდგეს და ჩრდილიდან ადევნოს თვალი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, შემდეგ კი კარგად შენიღბული გამოცხადდეს ქალაქის ტრიბუნაზე და დაუსრულებლად ისაუბროს ყველაფერზე რაც ნახა, მოისმინა, მოიწონა ან დაგმო.
ისევ იდეალებზე სასაუბროდ მექაჩება ენა. არსებებზე, რომლებიც განსაკუთრებული ცვალებადობით გამოირჩევიან და როგორც წესი გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრს არასოდეს ტოვებენ. ყოველთვის იმას გაძლევენ რისი მიღებაც გინდა და რაც ყველაზე მთავარია ამას მანამ აკეთებენ, სანამ თავად გააცნობიერებ აღნიშნულის სურვილს.
ერთ-ერთი მათგანი საკუთარი თავის გამჟღავნების გარეშეც კი ახერხებს ამ ტიტულის მორგებას. მასთან ბრძოლა უკვე მოდად იქცა საზოგადოებაში, რომელიც ჩემი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს, თუმცა მიუკერძოებელი მხარე ადვილად მიხვდება, რომ ეს ძიძგილაობაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება -როგორმე თავადაც მოექცნენ მისი ყურადღების ქვეშ და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვონ. რომელ მხარეს წარმოვადგენ მე? არც ერთს, მე ის ვარ ვის იდეებსაც კვება სჭირდება, უზარმაზარ სცენაზე გამოჩენილი თვითნასწავლი იდეალი და მასზე გამიჯნურებული საზოგადოება კი საუკეთესო საკვებს წარმოადგენს. 


არჩევანი


- სიმშვიდე, დასვენება, სიხარული ისეთი შეგრძნებებია, რომლებსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ყველაფრის განადგურება. დანდობა არ იციან, განსაკუთრებულად ჭირვეული ხასიათითაც კი გამოირჩევიან და ვერაფრით ეწყობიან სხვებს, ცხვირს აიბზუებენ ხოლმე და შემოსასვლელში მანამ დგანან სანამ ყველას არ გაყრიან ოთახიდან, შემდეგ კი გამარჯვებული სახით იწყებენ შენში ცხოვრებას.

ვჩუმდები, პასუხს ველოდები. თუმცა ამას არ ვაგრძნობინებ, არ მინდა მიხვდეს, რომ მასზე იმდენად ვარ დამოკიდებული, რომ საკუთარ აზრებზეც კი მისი თანხმობა მჭირდება.

ის ხმას არ იღებს, ჩვეული სერიოზულობით უყურებს მაგიდას და თითების მოძრაობით მახვდრებს, რომ შემიძლია განვაგრძო.

მეც ჯიუტად არ ვიღებ ხმას და ვცდილობ გამომეტყველებით ვანიშნო, რომ დროა მან ისაუბროს, სინამდვილეში კი სათქმელი უბრალოდ არაფერი მაქვს.

ნახევარ საათიანი დუმილის შემდეგ, ხმას იღებს, ოღონდ ამინდზე არ მესაუბრება, არა, მეუბნება, რომ ხვდება რაოდენ ძნელია ჩემთვის ამ ყველაფერზე საუბარი და მთავაზობს, რომ ყველაფერი რაც გულში მაქვს დავწერო, შემდეგ კი ნაწერის სახით გადავცე მას.

თავს ვერ ვიკავებ და მეღიმება, ის კი იმასაც ვერ ხვდება, რომ საუბარი უბრალოდ კი არ მიჭირს, არა, სასაუბრო თემა აღარ მაქვს.

მალევე ვიშორებ იდიოტურ ღიმილს სახიდან და ვეუბნები, რომ შესანიშნავი იდეაა.

საღამოს ვჯდები აივანზე, მესმის ზღვის ტალღების ხმა, ზღვიდან მონაბერ ჰაერს გამალებით ვსუნთქავ და ვფიქრობ რა დავწერო.

ცოტა ხანს გაუნძრევლად ვზივარ და უმეტყველო სახით გავყურებ ჰორიზონტს, შემდეგ კი თითქოს ტვინში რაღაც ფეთქდება და ვიწყებ წერას:

“წერა ყოველთვის მაშინებდა, რატომღაც მეგონა, რომ საუბრისას როგორი დიდი სისულელეც არ უნდა თქვა ამის გამოსწორება შეიძლება, ან ამაზე უბრალოდ არ გაამახვილებენ ყურადღებას, წერა კი სულ სხვა საქმეა, ისეთი კრიტიკული თვალით წონიან შენს ყოველ სიტყვას, რომ სულ პატარა შეცდომაც ნაცარტუტად გაქცევს.

შთაგონება (რომელიც ხშირად მუზაში მერევა, არადა ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა) ყოველთვის უდროო დროს მეწვევა ხოლმე, მაშინ როდესაც არც კალამი მაქვს, არც ფურცელი, არც სიტუაცია. ვცდილობ ხოლმე მაგრად ჩავიბეჭდო ტვინში ის რასაც იმ მომენტში დავწერდი. თუმცა ხელსაყრელი დროის დადგომისთანავე ვერაფრის გახსენებას ვახერხებ, ახლაც განუხორციელებელი იდეა, უფრო კონკრეტულად კი ფურცელზე გადატანამდე გარდაცვლილი იდეა ამომიტივტივდა თავში – იდეალებზე უნდა დამეწერა, ამაზე არასოდეს მიფიქრია, ერთხელ კი სიგარეტის დაჟინებით ქაჩვისას მეგობარმა მითხრა, რომ იდეალისტი, პერფექციონისტი ვარ, ყველასგან ყველაფერს ვითხოვ, მათ შორის საკუთარი თავისგანაც. იმ საღამოს ბევრი ვიფიქრე, მივხვდი, რომ არ ცდებოდა და იმდენი ჭეშმარიტად ლამაზი წინანდადება მომივიდა თავში, რომ ლამის იყო საკუთარი ხელები ხელები ჩამეკოცნა, ის ხელები, რომლებიც ამ წინადადებებს ფურცელზე გადაიტანდნენ. იმ ღამით გაღიმებულს ჩამეძინა, იმის მოლოდინში, რომ დილა ჩემ კიდევ ერთ ნამუშევარს გამოიტანდა დღის სინათლეზე…. გაღვიძებულს კი საკუთარი შთაგონების განყოფილება ისეთი ცარიელი დამხვდა, რომ შიგნით ობობის ქსელსაც კი ვერავინ იპოვნიდა.

ჰო, სიხარული, ბედნიერება, სიმშვიდე, უსაქმურობა, უპრობლემობა მაშინებს, ყველაფერი ის რაც ზოგადად დადებითი იდეის მატარებელია. მაშინებს ზედმეტად მზიანი ადგილები, ადგილები სადაც მხოლოდ ბედნიერი ადამიანები არიან. ჩემ შთაგონებასთან ბედნიერება (ყველა თავი შემადგენელი ნაწილით) არ მეგობრობს.

გუშინ წიგნს ვკითხულობდი თვითმკვლელობაზე, თითქმის ყველა ცნობილი თვითმკვლელი მწერლის ისოტორია იყო განხილული, მათი წინა სასიკვდილო წერილებიც ვნახე და პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ისინი დაუოკებელ ლტოლვას განიცდიდნენ დეპრესიისკენ. ალბათ თითოეული მათგანი ხვდებოდა, რომ უბედურება, სევდა, დაღლილობა, ბრაზი, აგრესია, რომელსაც განიცდიდნენ მათი ქმნილებებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ ამბობდა თითოეული მათგანი უარს მედიკამენტების მიღებაზე.

აბა წარმოიდგინეთ, ცოტაც და კიდევ ერთი შედევრის ბოლო გვერდზე, ბოლო სიტყვას დაუსვამ წერტილს და გასუსული დაელოდები ტაშს, რომელიც იცი რომ არ დააყოვნებს, ამ დროს კი ექიმები გინიშნავენ პრეპარატს, რომელიც ბედნიერებასა და სიცოცხლით ტკბობას გპირდება, დილით იღვიძებ, სრულიად მოულოდნელად ხვდები, რომ ის მტანჯველი შეგრძნება გულს რომ გიჭამდა სადღაც გაქრა, არც შენი ფიქრებია საშინლად ნაცრისფერი და არც ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივები გაცოფებს, დასვენებული, გახარებული უჯდები მაგიდას და ის ისაა ბოლო თავის დაწერას უნდა შეუდგე, რომ აღმოაჩენ დასაწერი აღარაფერი გაქვს, ისეთი ცარიელი და ჩვეულებრივი ხარ როგორც არასდროს, მაგრად იხედები გონებაში და გახსენდება წუხელ როგორ მიალაგა ტვინის ყველა ოთახი ბედნიერებამ, როგორ დააწკრიალა ყველაფერი, როგორ გადწია ფარდები, როგორ გაიძულა გაგხსნოდა შუბლი და გაგეღიმა, გახსენდება და სწრაფად გარბიხარ ყველაზე ბოლო ოთახში, გული გეკუმშება, როდესაც მისკენ მიმავალი დერეფანიც თვალის მომჭრელად ნათელია და კედლებიც სხვადასხვა მხიარულ ფერებშია გადაღებილი, კარებზე აბრა აღარ არის, ადრე აშკარად გახსოვს შავით თეთრზე ეწერა “შთაგონება”, გული ყელში გიცემს და აღებ კარებს, შიგნით სიცარიელეა, ვიღაცას ვარდიფერი ფარდები ჩამოუკიდია ფანჯარაზე და სუფთა ჰაერიც ურცხვად იჭრება ოთახში. პანიკა გიპყრობს, ათასჯერ მაინც კითხულობ შენს თითოეულ ნაწერს და ძველებურ შეგრძნებებს ვეღარ იბრუნებ, თითქოს ყველაფერი რაზეც მასში საუბრობდი შენთვის ნაცნობი არასოდეს ყოფილა. იმ მომენტიდან წყვეტ მედიკამენტის მიღებას და ცოტა ხანში ნაცრისფერი ძველებურად გაღელვებს.

დიახ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამას გრძნობდა თითოეული მათგანი, თუმცა წერილებში ამაზე არასოდეს საუბრობდნენ.

მე არასოდეს ვყოფილვარ მწერალი, თუმცა იმისთვის, რომ დავრჩე იმად ვინც ვარ ბედნიერება არაფერში მჭირდება და თუ ოდესმე მთხოვთ არჩევანის გაკეთებას მას აუცილებლად საკუთარი თავის შენარჩუნების სასარგებლოდ გავაკეთებ, დაე მას უბედურების პირმშო უწოდეთ.

მხოლოდ ამის თქმა მინდოდნა, სამწუხაროა, რომ მეცნიერებამ დღემდე ვერ შეძლო ბედნიერებისთვის ფრთების შეკვეცა, ვერ შეძლო მისთვის აკრძალვების დაწესება, ვინაიდან ერთი დაავადების მკურნალობის შედეგად მეორეს აჩენთ, იმ ადამიანს კლავთ ვინც თქვენთან სამკურნალოდ მოიყვანეს, სხვა ბანალური, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სუბიექტით ანაცვლებთ და ეს გიხარიათ კიდეც.”


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 940 other followers

%d bloggers like this: