ჰო, ასე უნდა დამეწყო წერა, მიუხედავად იმისა რომ ჩანაფიქრიც სხვა მქონდა და ფიქრიც სხვა რამით დაკავებული.
საკუთარი თავის შეცნობის სურვილით დავვაადდი, ბევრი რამ წავიკითხე და ყველაფერს თავის კატუნით დავეთანხმე, ნამდვილად ასეა მეთქი, ჰო, ასეა და მერე?
ისიც გავიგე არასწორ ადგილზე რომ აღმოვჩენილვარ და სასწრაფოდ რომ უნდა გადავუხვიო გზიდან, ერთი ეგაა ეს გადასახვევები არსად ჩანს და თუ რამის შეცვლას გადავწყვეტ მთლიანი გზა კუდამოძუებულმა უნდა გავიარო უკან, ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდე და თავიდან დავიწყო სიარული. დროულია? დროული კი არა, ისეთი დაგვიანებულია, ამაზე ფიქრიც სასაცილოდ მეჩვენება. დამაგვიანდა.
ჰო, მე დამაგვიანდა და ის ბრუნდება. ეს ორი რამ კი ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუ მეც დაბრუნებას არ გადავწყვეტ და საბოლოოდ არ გადავუსვამ ხაზს, ყველა იმ მცირეოდენ დეტალს, რომელიც ჯერ კიდევ მეამაყებასავით.
როგორც ფსიქოლოგები წერენ, სიამაყე და პრინციპები ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა, მეც დაუფიქრებლად დავეთანხმე და ლამის ხელი მოვაწერე ყოველი აბზაცის ბოლოს, არადა, საბრალდებო დასკვნასავით ვკითხულობდი. ნუ, პრინციპში, მთლად მასეც არ იყო, ზოგი რამ მსიამოვნებდა კიდეც, მიყვარს როდესაც ჩემზე მესაუბრებიან, არ მიყვარს როცა მეუბნებიან რომ გავრცელებული ტიპი ვარ, თუმცა მეოთხე ადგილზე ყოფნა, დიდი უბედურება არ უნდა იყოს, ან კი რა არის მთელი მოსახლეობის 9%?! არც არაფერი.
მიუნხენში, ლუდის სმისას იმაზე კი არ ვფიქრობდი როგორც იქნა ეს ოცნებაც ავისრულე მეთქი, უფრო იმაზე ვფიქრობდი, რამდენიმე საათში რომ გამომიცხადებენ თბილისში ვეშვებითო, რა უნდა ვქნა მეთქი. სამომავლო გეგმებზე ჩამაფიქრეს და თუ აქამდე მომენტების კოლექციას ვაგროვებდი, მითხრეს დროა ხელშესახები და გრძელვადიანი ნივთების მოგროვება დაიწყოო, მიწაზე მყარად დადგე და ხვალინდელი დღის ან მომდევნო წუთის არ გეშინოდესო. თავით მივექანები 27–სკენ, მივექანები არაფრით, მიწას ოდნავ, მხოლოდ თითის წვერებით ვეხები და მომენტების შეგროვებას ვაგრძელებ.
არადა რა „დიადი მომენტები“ მე მქონია?! ერთი, ჩვეულებრივი, არაფრის მთქმელი, საღამოებისა და დღეების მცირერიცხვოვანი კოლექცია მაქვს.
რთულად „ამოსახსნელიც“ ვყოფილვარ, ჰმ, ან რა ჭირად უნდა ამომხსნას ვინმემ, დალევა მიყვარს და სიგარეტი, ფეხზე დგომაზე ვოცნებობ და მიწის ტერფებზე შეხება როგორია არც კი ვიცი, ამას ალბათ მაშინ გავიგებ მთელი ტანით რომ გავიშხლართები, აუცილებლად უნდა დავიბარო „ჯერ ფეხზე დამაყენეთ“ მეთქი.
ერთნაირი ფსიქოტიპების შეკრებაზე, ვიღაც შემოიპარა და იკითხა, აი თქვენი ტიპის ადამიანს როგორ უნდა შევაყვარო თავიო, მე კი გავიფიქრე, თუ აქ მოხვედი და ამ კითხვას სვამ, უკვე უყვარხარ მეთქი. იქ ეს არ მითქვამს და აქ რა ჭირად დავიწყე გულის გადაშლა კაცმა არ იცის.
მონეტას ყოველთვის რამდენჯერმე ვაგდებ, მაშინაც კი როცა პირველივე ცდაზე ვიღებ სასურველ შედეგს. პროცესი უფრო მხიბლავს ვიდრე შედეგი, ჭეშმარიტად მნიშვნელოვან საკითხებს არასოდეს ვდებ სასწორზე, მგონია რომ ერთხელ თუ მაინც ითამაშებ საკუთარი ცხოვრებით, ეს ავტომატურად ჩაითვლება ფსონად, შემდეგ კი ყველაფერი ფორტუნაზეა დამოკიდებული. კაზინოდან გამარჯვებული ვერასოდეს გამოხვალ, მთავარია მოგება შეგეძლოს და არასოდეს სთხოვო კრუპიეს კიდევ ერთხელ გაათამაშოს კარტი, იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად მოიგე თუ არა.
ფულზე იმიტომ ვთამაშობ, თამაშის საშუალება რომ მქონდეს, სინამდვილეში კი ყოველი ფსონის უკან ფულზე გაცილებით მეტი დგას.
მკითხავებთან სიარულის ნაცვლად კაზინოში დავდივარ, ფორტუნასთან სასაუბროდ შუამავლები არ მჭირდება.
გუშინ მოგებული ფული, დღეს, თითოეული ფსონის უკან ჩაფიქრებულ სურვილთან ერთად გავანიავე. ჯიბეგაფხეკილი და სურვილებგამოლეული დავბრუნდი სახლში.
სათამაშოდ ფულს კიდევ ვიშოვნი, მთავარია ახალი სურვილების მოფიქრება შევძლო.
***
ყოველი ფსონის ჩამოსვლისას თავი ღმერთი მგონია, ჯიბეში ჩაკუჭული თითოეული ლარი ვიღაცის სულად ვაქციე და დაუნანებლად ვანიავებ.
წერილების წერა უნდა დავიწყო, მოკლე შეტყობინებები ვაგზავნო აღმა–დაღმა „დღეს კარტში წაგაგე“ ან პირიქით.
აი წარმოიდგინე, დღეს შენი სული ფულზე გადავახურდავე, სათამაშო მაგიდას მივუჯექი და შენი დანაწევრებული ცხოვრებით რამდენიმე ხელი ვითამაშე, შენ სამომავლო გეგმებს ხაზი გადავუსვი და ფულთან ერთად, შენთან დაკავშირებული ყველა სურვილი ჩავიბღუჯე ჯიბეში. ერთ მშვენიერ საღამოს, შენი ცხოვრება დაკუჭულ და გაცვეთილ ფულის შეკვრად ვაქციე, დაუნანებლად გაგცვალე სასმელსა და სიგარეტზე, ფორტუნას გავურიგდი და გიყიდე.
ჩემ უკვე გვარიანად მობერებულ ვირთხას კუდში ჩავავლე ხელი და მთელი ძალით მოვქაჩე ჩემკენ, მტვრიანი თათები მაგიდის ზედაპირზე გაახახუნა და მძიმედ გამოსრიალდა ხაოიან საფარზე. მოსუქებულ გვერდებში ხელი ჩავავლე და ცარიელ ფურცელს მივაჩერდი. ფიქრებში ისევ საკუთარი ცხოვრების ამოცანების ამოხნას შევუდექი და ციფრები გავშალე.
როცა თავში ერთი ღირებული აზრიც კი არ მომდის და დასაწერი არაფერი მაქვს , ჩემი წითელთვალება ვირთხა ისე მიძალიანდება, ადგილიდან ძლივს ვძრავ ხოლმე.
ჭიდაობა რომ მომბეზრდა, ფეხსაცმლის ყუთიდან გამოჩრილ არყის ბოთლს შევეჩეხე თვალით და გაზავებაზე ფიქრი დავიწყე, კარადებში მტვრის მეტს რომ ვერაფერს გადავეყარე, მაცივრის ზედა თაროზე შემოდებულ ნახევრად გამოწურულ ლიმონს დავავლე ხელი და საბოლოოდ ამოვხადე სული.
ტანში სითბო პირველი ყლუპისთანავე ჩამეღვარა და კმაყოფილი სახით მივუბრუნდი მაგიდას, სადაც ჩემი მსუქანი და გატრუნული ვირთხა მელოდა.
მაგიდაზე გაშლილი ციფრები უჯრაში ჩავკუჭე და ისევ ცარიელ ფურცელს მივაშტერდი. ნაცრისფერ ვირთხას თავში საჩვენებელი თითი ორჯერ ჩავუკაკუნე და საგანგებოდ შეძენილ პორტსიგარს დავუწყე თვალიერება, დარჩენილი სიგარეტის ღერები გადავთვალე, ერთი ღერი ტუჩზე ჩამოვიკიდე და სანთებელა გავაჩხაკუნე.
ზარის ხმა გაისმა, მძიმედ წამოვდექი სავარძლიდან და უკითხავად გავაღე კარები, ხელში ქანცგაწყვეტილი ფოსტალიონი შემრჩა, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყოველ დღე მოდიოდა ჩემთან. ზრდილობიანად გამიღიმა, მეც ცალყბად მოვიკითხე და ულაპარაკოდ მოვუწერე ხელი გზავნილის „ჩაბარებაზე“. მაგიდასთან მიბრუნებულმა მოუთმენლად დავგლიჯე კონვერტი და პატარა ფურცელი ამოვაძვრინე. წერილის ტექსტი სტანდარტული იყო „ელ.ფოსტა შეამოწმე.“
მე ელექტრონულ ურთიერთობებს ვერ ვიტანდი, ის მოძველებულ მიმოწერას, არც ერთი ვიშლიდით ჩვენსას, ჰოდა 2 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ტექსტს მწერდა, მე კი დაჟინებით ვუბრუნებდი პასუხს, „მომწერე რა გინდა!“ სამსახურში მისვლისას, მისგან მოსულ ყველა გზავნილს წაუკითხავად ვშლიდი და ველოდებოდი როდის ინებებდა კეთილს და სათქმელს ადამიანური ფოსტით გამომიგზავნიდა, ის კი ყოველ ჯერზე მიბრუნებდა გაუხსნელ კონვერტებს.
ალკოჰოლი რომ მომეკიდა, თავი ვერ შევიკავე და ჩემ ვირთხას ვეცი, რა გასაკვირია რომ ის ნამდვილი ვირთხასავით მოიქცა, თათები აიშვირა და ისე თავისუფლად გამოსრიალდა მაგიდაზე, რომ რამდენიმე წამში უკვე მის ელექტრონულ გზავნილს ვუყურებდი.
ბევრი არაფერი შეცვლილა, ხელი ისევ ჩემი ვირთხის ზურგზე მქონდა შემოდებული და ისევ ცარიელ ფურცელს მივშტერებოდი. საინტერესოა მთელი ორი წელი ცარიელ ფურცელს მიგზავნიდა თუ თავიდან მაინც იწუხებდა ხოლმე თავს წერილის შინაარსზე ფიქრით.
კიდევ ერთი ილუზია მივახვრჩვე, მარჯვენა ხელში არყის ბოთლი მოვიგდე, მარცხენაში პორტსიგარი.
გატრუნული ვირთხა ისევ თათებით ებღაუჭებოდა მაგიდას.
სანამ გარიგებაზე წასვლას შემომთავაზებდა, კარგად შემათვალიერა, ოთახის ყველა კუთხე–კუნჭული გულდასმით შეისწავლა და ჩამოსაჯდომად შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. მისი მოსვლა არ გამკვირვებია, ვერ ვიტყვი ველოდი მეთქი, თუმცა ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, ადრე თუ გვიან ისევ ჩამომიჯდებოდა საწერ მაგიდასთან და ფურცლების მთელ დასტას გამომიწვდიდა ხელმოსაწერად. ჰო, ნამდვილად ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა, თუმცა ბოლომდე მჯეროდა რომ ამჯერად მაინც ვიტყოდი უარს მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, სიმკაცრენარევი ტონით მივახვედრებდი რომ მისი დრო წავიდა, ამაყად გავუსვამდი ხაზს საკუთარ ასაკსა და ჩემი აზრით უკვე „საკმარის“ გამოცდილებას, იმასაც დავამატებდი რომ ყელამდე ვარ და დიდი ხანია ახალი ცხოვრება დავიწყე, ახალი ცხოვრება მის მიერ შემოთავაზებული, საეჭვო ტექსტით შედგენილი კონტრაქტების გარეშე.
ჰოდა იმას ვამბობდი რომ მოურიდებლად ჩამომიჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და უკითხავად მოუკიდა სიგარეტს, არადა ოთახში აღარ ვეწეოდი, განსაკუთრებული სისუსტის ჟამს თუ გამოვაღებდი ხოლმე ფანჯარას და მთელი ტანით გადაწოლილი გამოვუშვებდი კვამლს ქუჩაში, მან კი თავხედურად ამოაძვრინა ჯიბიდან სანთებელა, სიგარეტის ღერიც ჩვეულებისამებრ რამდენჯერმე დააკაკუნა მაგიდაზე და მილულული თვალებით მოქაჩა კიდეც. არც ეს გამიპროტესტებია, გადაღლას ვუჩიოდი და ახალ, დამყოლი ადამიანის როლს ვირგებდი მთელი მონდომებით.
მაგიდის კუთხეში საგულდაგულოდ მიჭუჭყნულ ბანქოს შეკვრას მოკრა თვალი, სიგარეტი კბილებით დაიჭირა და ორივე ხელით გადაწვდა, თან ცალი თვალი ფრთხილად მოჭუტა, აქაოდა კვამლი არ შემივიდესო. კოლოფიდან გადმოსრიალებული კარტი სათითაოდ გაშალა მაგიდაზე და ტუზები გადაარჩია, რაღაც ჩაიბუტბუტა და ისევ ერთმანეთში არია, აალებული ღერი სახელდახელოდ მიცუნცულებული საფერფლის კიდეზე ჩამოდო და გამომწვევად გამომხედა, ვიცოდი რაც უნდა ეთქვა, ჰოდა არ ვაცადე, დავასწარი, „უკვე ჩავიფიქრე“ მეთქი ვუთხარი და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი ვიგრძენი. ოთახი ისედაც სავსე იყო კვამლით და დასაკარგი რომ აღარაფერი მქონდა მეც მადიანად დავიწყე სიგარეტის ქაჩვა, თან ყოველი ნაფაზის შემდეგ აალებულ ბოლოს ვაკვირდებოდი და თვალით ვზომავდი კიდევ რამდენ ხანს მეყოფოდა მოკიდებული ღერი. აუჩქარებლად, სიამოვნებისთვის მოწევა ვერ ვისწავლე, ყოველ ჯერზე ისტერიულად ვეწაფებოდი ხოლმე ფილტრიდან ნაზად გადმოკლაკნილ კვამლს და გახშირებული სუნთქვით ვუშვებდი პირდაპირ ფილტვებში, ფილტვებიდან კი დაუყოვნებლივ გარეთ.
საფერფლეს ოდნავ შევეხე თითებით, ფერფლი ამეკიდა ხელზე და უსიამოვნოდ მომემანჭა სახე, მეორე ხელით დავიწყე კანის წმენდა და სულ გადამავიწყდა რომ სურვილი მქონდა ჩაფიქრებული. არადა მართლა ჩავიფიქრე, დიდი მცდელობის მიუხედავად ვერაფრით ვთქვი უარი ტვინში გაელვებულ და ტანში გაჟრიალებულ სურვილზე, ჩავიფიქრე და სიგარეტის ისტერიული ქაჩვით გავისუსე ვერდიქტის მოსასმენად. ცხვირი აიბზუა, კარტი მაგიდაზე დაყარა და თავი დანანებით გააქნია, „ასეც ვიცოდი“ მეთქი ჩავილაპარაკე ჭვარტლიანი ტუჩებით და მის მოსასმენად მივწექი სკამის საზურგეზე.
თავზე ხელი გადაისვა, აუჩქარებლად გადმოიხარა ჩემკენ და სათნოდ გამიღიმა, ისედაც წვრილი ტუჩები ძაფებად ექცა, მე კი მის ნაოჭებად ქცეულ სახის კანზე შევაჩერე მზერა, შუაზე გაყოფილი ნიკაპიდან ლოყებზე ავცოცდი, თვალის ჩაცვენილ უპეებზე ღარები დავთვალე და ჩაყვითლებულ სკლერებზე გავიყინე, სანამ რამეს იტყოდა პიჯაკის ჯიბეს დასწვდა ხელით და თეთრი, სათუთად დაკეცილი ცხვირსახოცი ამოიღო, პირთან მიიტანა და ჩაახველა, პასუხად თავი რამდენჯერმე გავაქნიე იმის ნიშნად სასმელი არაფერი მაქვს მეთქი, სასწრაფოდ მოიშორა ცხვირსახოცი გალურჯებული ტუჩებიდან და ისევ კარგად ნაცნობი ღიმილი მესროლა.
ასე ხდება ხოლმე, შეჩვევევას ვუთამამდებით, ბოლოს კი ისე გვიჯდება სისხლში მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია, ამაზე ვერაგი რამ არ არსებობს, გველივით გვეპარება, გვამშვიდებს, შიშის ზარებსაც ნელ–ნელა ადუმებს და ადამიანებს ისეთ ახლობლებად აქცევს ლამისაა მათ ყოველ გამოჩენაზე სიხარულით ტაში შემოვკრათ, ძნელია ჩვევაში გადასული ადამიანების გარეშე ცხოვრება, დიდი ხანია მისი ძაფებად ქცეული ტუჩებისგან მოხაზული ღიმილი აღარ მინახავს, მიუხედავად იმისა რომ ენით აღუწერლად მძულდა, თან ისეთი მონატრების შეგრძნება მქონდა მზად ვიყავი იქვე გადავხვეოდი, მაგრად ჩამეკრა გულში და ყურში მეჩურჩულა „სად იყავი ამდენ ხანს“ მეთქი.
არეულ ფიქრებს წესრიგისკენ რომ მოვუწოდე, თავის ხელში აყვანის ნიშნად შეკრული მუშტი მივიტანე პირთან და ორჯერ ჩავახველე, საუბრის დაწყებას არც ის ჩქარობდა და მეც მისი დროულად გასტუმრებისა და მასთან კიდევ დიდ ხანს დარჩენის სურვილს შორის გახლეჩილი ჩამოყალიბებას ვლამობდი.
თავი ხელში რომ ავიყვანე კიდევ ერთხელ მივხვდი რისთვისაც მესტუმრა, გაღიმებულმა მოვუკიდე სიგარეტს და ვუთხარი „არაფერში მჭირდება!“
ისევ ღიმილმა გადაუსერა სახე, წარბი აწია და ძირს მიგდებულ საქაღალდეს წაეპოტინა, რამდენიმე გვერდიანი, აკინძული ხელშეკრულება გამომიწოდა და გულის ჯიბიდან მუქი მწვანე, პრიალა ზედაპირის მქონე კალამი ამოიღო, მე კი რამდენიმე წუთის წინ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ჩაფიქრებული სურვილის მსგავსად მივიტანე მარჯვენა ხელი თითქოს ზეპირად ნასწავლი ტექსტით სავსე ფურცლებთან და ხელი მოვაწერე, წერტილი დავსი და ტანში მონატრებულმა ჟრუანტელმა დამიარა.
საკუთარი სურვილით დავთანხმდი იგივე სენის შეყრას რამაც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შხამით უხვად გამიჯერა სხეულის თითოეული უჯრედი. ვადაგასული ხელშეკრულების პირობით ნაყიდ ადამიანს იმდენ ხანს ვებღაუჭე სანამ ნაცრისფერ, ფანქრით მოხაზულ ჩონჩხს არ დავამსგავსე, სანამ სიცოცხლის ყველა ნიშანი არ გამოვწოვე, სანამ სიმშვიდე არ შემეპარა მისგან შემორჩენილი უკანასკნელი ემოციის ტანჯვით გარდაცვალების მომენტში. ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ როგორც მაშინ, აგონიაში მყოფ გრძნობას რომ დავაფარე ბალიში სახეზე და ერთი საათი ვაჭერდი ცხვირზე იმის შიშით შემთხვევით არ გადარჩეს მეთქი, ერთდროულად გამოშიგნულიც, გარდაცვლილიც, დამპალიც ვიყავი და ახალდაბადებულიც. მიწაც კი არ მიმიყრია ისე გაიხრწნა ჩემ ბალიშზე, ძვლებზე გადაკრული დაფლეთილი კანის გროვად იქცა და ოთახი ააყროლა.
ყველაფერი თავიდან დავიწყე, საკუთარი სურვილით მოვიყუდე შხამით სავსე ჭიქა და გემრიელად გამოვცალე, ისევ სურვილების ჩაფიქრება დავიწყე და არაფრის მთქმელი ნიშნებით არსებობას მივეცი. შვიდიანების შემორჩენილი ყუთი მოვიკიდე ზურგზე და ბაზარში ხუთიანების მცირე გროვაზე გადავცვალე. გავწითლდი და ხელშეკრულების ტექსტი ავიკრიფე ტანზე, ხელი მოვიწერე და ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე სული ვიყიდე.
ზაფხული კვამლივით დაიკლაკნება ჩემ ირგვლივ, მხურვალე ტუჩები მოაქვს ყურთან და მეუბნება რომ „მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა“.
ნაბიჯებში დღეებს გულისხმობს, უკუღმა ათვლა დაიწყო, სულ ცოტაც და „სტარტ“–ზე ვიქნებით.
რამდენიმე დღეა იღბალი არსად შემხვედრია. ალბათ ავცდით ერთმანეთს, ან მე გამოვედი ზედმეტად გვიან, ან ის გავიდა ზედმეტად ადრე. პირველად ჩემ დაბადების დღეზე გამოჩნდა, მოტეხილი ფეხით, მთვრალ მდგომარეობაში გადავეყარეთ ერთმანეთს, მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ გავიფიქრე მეცნობა მეთქი. იმ დღეს ბედნიერი ვიყავი, თუმცა დამავიწყდა რომ ჩემი ბედნიერების მაცნე კოჭლია, რომ სიმთვრალეში მეორე სართულიდან გადავარდა, თუმცა იღბლიანი იყო და გადარჩა, შემდეგ ჩემი ბედნიერების მაცნე გახდა და ჯოხი გადააგდო.
ნაბიჯები ვახსენე, მას შემდეგ რაც 00:00 საათი ოფიციალურად შესრულდა და 3 ივლისი დადგა, ყოველი ახალი წამი დანიშნულების პუნქტთან მაახლოვებს, სულ ცოტაც და მყარად დავდგები, წინსვლას შევწყვეტ და გავიყინები.
თავი უკან მაქვს გადახრილი და გაშლილი ხელებით ვტრიალებ, ბრუნებს ვაკეთებ და ყოველ წერტილს თავიდან ვუბრუნდები, ემოციებიც ისე ცოცხლდება თითქოს არასდროს გამნელებია. წარმოიდგინე მთელ ცხოვრებას ერთ ადგილზე რომ ატარებდე, ბრუნავდე დაუსურლებლად და ამასობაში კედლები იცვლებოდეს, ახალი ფერები, ნახატები, სურათები, დეტალები ჩნდებოდეს, ცვლილებებს ეძახდე მაგრამ მაინც იმავე ადგილზე ტრიალებდე სადაც პირველად დადექი და ნელა აიღე „სტარტი“, ნიადაგი მოსინჯე და შემდეგ სისწრაფეს მოუმატე. ერთხელ თუ დაიწყე ვეღარ გაჩერდები, რომც გაჩერდე ყველაფერი მაინც განაგრძობს ტრიალს და გულის რევის სპაზმს გაგძნობინებს.
დღეს მე და იღბალი ვერ შევხვდით ერთმანეთს, მე მისი სახლის კარები ვიცი და საღამოს უნდა ვესტუმრო, თუ სხვა გამიღებს უნდა ვთხოვო დაუძახონ, სახელს თუ მკითხავენ ოდნავ გავწითლდები და ვეტყვი რომ არ ვიცი, იმედი მაქვს პასუხად გამიღიმებენ და ცხვირწინ არ მომიხურავენ კარებს, დღეს ყველაზე მეტად მჭირდება ბედნიერების მაცნე, დანიშნულების პუნქტთან პირისპირ აღმოჩენამდე აუცილებლად უნდა ვნახო. ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, ალბათ ამით გაუფასურების განაჩენი გამომაქვს, ვაუფასურებ და თავად არ იცის.
ერთ დღეში ყველა ფაზა გავიარე, შეგუებამდე რომ მივედი ფაზებს მიღმა აღმოვჩნდი და სადღაც ჩავრჩი, შემდეგ მითხრეს რომ ეს იყო შეგუება, თურმე ფაზა კი არ ყოფილა ფაზების იქით რაც მოდის ის. გამიხარდა ნორმიდან რომ არ გადავუხვიე და მეწყინა კიდევ ერთხელ რომ შემახსენეს „ყველა“–ში შენც მოიაზრებიო. შემდეგი ფაზით დავინტერესდი და მითხრეს ამის იქით აღარაფერიაო, დიდი ვერაფერი დასასრული ქონია მეთქი წავილუღლუღე და გავიფიქრე რომ არაფერი იცოდნენ ჩემზე.
იმაზე მეტი სცოდნიათ ვიდრე მეგონა. შეგუებულები ბედნიერებას არ განიცდიან, საერთოდ არაფერს განიცდიან, იმიტომ რომ შეგუება მდორე ემოციაა, უაზროდ მიმდინარეობს და გულის აჩქარების შანსს არ გიტოვებს.
არადა ვის რაში არგია ეს გულის აჩქარება? მონოტონური ბაგა–ბუგი მირჩევნია ყველაფერს. მერე რა რომ კარდიოგრამა სხვა რამეს აჩვენებს, ფეხებზე მკიდია რას ფიქრობენ ავტომატები ჩემ გულზე, მე ვიცი რომ შეგუება მდორე ემოციაა და მე ზუსტად იმ ფაზაში ვარ, რომელსაც ფაზებს მიღმა ყოფნას უწოდებენ.
გულის დარტყმების შეჯიბრი მოვაწყოთო შემომიჩნდა, ფონეიდოსკოპები დავიჭირეთ და ერთმანეთის გულის ცემის დათვლა დავიწყეთ. მაჯობა! მე უფრო ხშირი გულისცემა მქონდა, შემდეგ აიკვიატა გულს გიჩქარებო და შემეშინდა რომ მართალი იყო.
არასწორად დათვალა იმ ნაძირალამ, დამშვიდობებისას პულსზე მოვუჭირე ხელი და საკუთარს შევადარე, გავბრაზდი და ფაზების წრეზე წავედი.
– ტირილის დროს ცრემლები ორთქლდება? – მივაძახე.
– ალბათ. – მიპასუხა მოგუდული ხმით და სიგარეტის მოსაკიდებლად გაჩერდა.
– ე.ი. თეორიულად შესაძლებელია რომ წვიმის დროს ვიღაცეების ცრემლებიც გვაწვიმს.
– ალბათ. – გამიმეორა.
მთელი დღე სისულელეებს ვროშავდი, არადა ყველაზე მეტად ამ სენტიმენტალურ მარაზმებს ვერ ვიტან.
ფონეიდოსკოპი ავიღე და ქუჩაში გავედი.
– შეიძლება თქვენი გულისცემა დავთვალო? – ვკითხე პირველივე შემხვედრს… პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა.
ერთი მოხუცი დავიყოლიე და თვლა დავიწყე. ჩემზე ცოცხალი იყო.
სხვისთვის ნათქვამი აღფრთოვანების ფრაზა ამეკიდა დილიდან და ტუჩებიდან გადმოხეთქვას ცდილობს.
აღფრთოვანება ვახსენე, გაღმერთებას უნდა გავდეს რაღაცით, მაგრამ ზედმეტად მიწიერია. ისეთი, ჭუჭყში გასვრილი ქალის სილუეტი რომ დაგიგდება თვალწინ, მადიანად შემოფლეთილი კაბით და ვნების მოსათოკად ტუჩს რომ მოიკვნეტ.
ახალ ჩრდილს ავედევნე ფიქრებით, მისი სიტყვები მაგრად ჩავიბეჭდე გონებაში და ტექსტის გამოსახულებად ვიქეცი, მთელ სხეულზე მისი ნააზრევი დავიწერე და კისერზე გამოსახულ ვარსკვლავს შევეხე თითებით, იმ ვარსკვლავს წარმოსახვით უკვე მერამდენე თვეა კანში რომ მაქვს ჩამკვდარი.
საკუთარი არაფერი მაქვს და ყოველთვის სხვისი მინდა, სხვისას ვისაკუთრებ და კლანჭებში მოქცევისთანავე ვკარგავ ინტერესს, სხვების ტრფობის ტრფობა მიყვარს. არა, მიყვარს გადაჭარბებული ნათქვამია, გადაჭარბებული და ზედმეტად ნაზი გრძნობით აღსავსე, კი არ მიყვარს, ჟინი მიჩნდება, დაუოკებელი, მოუთოკავი ჟინი.
– როგორი იყავი ადრე? – მეკითხება აციმციმებული თვალებით და მატყობს რომ მთვრალი ვარ.
– ზომიერად ტკბილი. – ვპასუხობ ინტერესის გარეშე.
– ახლა? – არ მეშვება, იხრება და მეგობრულად მუხლზე მადებს ხელს.
– როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო შენთან ყოფნა რომ არ მომინდება ისეთი. – ვამბობ აუღელვებლად.
ცივი შხაპი მჭირდება, სხვისთვის ნათქვამი სიტყვებისგან მოდებული სიცხე რომ მოვიშორო, გავგრილდე და საღად აზროვნება შევძლო.
ერთდროულად იმდენი ემოცია მიპყრობს გადარჩევას ვერ ვასწრებ, ყველაზე ამაღლებულიდან ვიწყებ და გასხივოსნებული მივექანები ქვესკნელისკენ, ტანის ნელი მიხვრა–მოხვრით, აღფრთოვანებითა და გმობით, სიყვარულითა და სიძულვილით, ვნებითა და სინაზით.
– როგორი ხარ? – ისევ ჩემკენ იხრება.
– სპირტისთვის გადამეტებულად ტკბილი, ზედმეტი რომ არ უნდა მოგივიდეს ისეთი. – ვეუბნები და ვგრძნობ რომ უკვე სხვა ტალღაზე ვარ.
უნდა ვიცეკვო. ცხოვრებას მისი უმნიშვნელობა ცეკვით უნდა დავუმტკიცო, უნდა ვაგრძნობინო რომ „ფეხებზე მკიდია“ ყველაფერი, უნდა დავუმტკიცო და ვიცეკვო. შემდეგ ცივი შხაპი მივიღო და ფრჩხილების კვნეტას შევუდგე, ტუჩებზე გადავიდე და ჭრილობა ვიწვალო, იქამდე სანამ ყველა მოპარულ ფრაზას არ განვდევნი ტვინიდან. სანამ სხვების ინტიმური დიალოგების ტრანსკრიპტისგან არ გავწმენდ სხეულს, სანამ კისერზე ვარსკვლავს არ დავიხატავ.
– მთვრალი ვარ თუ ავად? – ვეკითხები და ახლა მე ვიხრები მისკენ.
– ორივე. – მეუბნება ღიმილით.
– უნდა გეკითხა ამას რატომ მეკითხებიო. – ვეუბნები იმედგაცრუებული ტონით.
– ამას რატომ მეკითხები? – სწრაფად იღებს სერიოზულ სახეს.
– ახალი აკვიატება მაქვს. მინდა დაველოდო, სახლთან დავხვდე, გავაჩერო და ვთხოვო, შევევედრო არასოდეს შეწყვიტოს იმ უცნობი ქალის საჯარო სიყვარული, რომლითაც ვსულდგმულობ. უნდა დავუჩოქო არასოდეს მოერიდოს მათი გრძნობების სცენაზე გამოტანას, მუხლებში უნდა ჩავუვარდე.
– მთვრალი ხარ.
– ავად ვარ.
უნდა ვიცეკვო, ჰო, უნდა ვიცეკვო, ცხოვრებას მისი უმნიშვნელობა ცეკვით უნდა დავუმტკიცო.
„მიყვარს ყველა ვისაც ვუყვარვარ.“ – მითხრა და ფანჯარასთან შეჩერდა. – „შენ გინდა მითხრა, რომ ეს ტყუილია?“
გამეცინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას მიპასუხებდა. სწორად ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და ეწყინა, ამან გამახარა, შურისძიების სურვილით ვიყავი განმსჭვალული, მინდოდა ფეხქვეშ გამეთელა მისი კეთილგანწყობა, კეთილშობილება, ყველა გრძნობა, რომელიც „სიკეთესთან“ იყო კავშირში.
„ტყუილი… რა შუაშია ტყუილი, რატომ ხდი სიყვარულს საზიაროს მეთქი ეს ვიკითხე“ – ვუპასუხე მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ.
„ყველა ვისაც ვეუბნები, რომ მიყვარს, მიყვარს ერთნაირად.“
„ამას ვგულისხმობ, საკუთარ გრძნობას აუფასურებ. ის რაც ყველას აქვს ნაკლებად მოთხოვნადია ხოლმე.“ – შევეცადე ამეხსნა.
„ხელები ყველას გვაქვს, მაგრამ ვისაც არ აქვს უბედურია, მაშინ მითხარი რა ღირს წყვილი ხელი?“ – მითხრა და საათისკენ გაექცა თვალი.
„უაზრო მაგალითია.“ – ვუპასუხე და გავიფიქრე, რომ ჩემდა გასაოცრად საინტერესო პასუხი გამცა.
„ხედავ?!“ – მითხრა გამარჯვებული სახით, მაჯის საათს დახედა და განაგრძო – „უნდა წავიდე.“
გავუღიმე და დავემშვიდობე.
ვიცოდი, რომ 7 საათზე ქონდა შეხვედრა.
წიგნების მაღაზიის მფლობელი იყო, თავადაც წერდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით ქალბატონებში. ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე შეხვედრას მართავდა მკითხველებთან, წინასწარ მომზადებულ რამდენიმე ფურცლიან ნაშრომს კითხულობდა ხოლმე.
სწრაფად ჩავიცვი, გასაღები ავიღე ხელში და კარები გამოვიჯახუნე.
ათობით ადამიანი ირეოდა ოთახში, ის კი მაგიდასთან იჯდა და ფურცლებს ჩაჰყურებდა, თავისუფალ სკამს მოვკარი თვალი, მაგიდაზე სასმელი იდო, მოვიხიბლე გარემოს გაფორმებით, მარტინი ავიღე და უკანასკნელ სკამზე ჩამოვჯექი.
რამდენიმე წუთში უკვე ყველა ადგილზე იჯდა.
გაიღიმა, თმა მარცხენა ხელით გადაიწია, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ნაიარევს მოვკარი თვალი, რომელზეც არასოდეს არაფერი უთქვამს და რომელიც გონების დაბინდვამდე მიყვარდა. ნერვიულმა კანკალმა ამიტანა, ტანზე ეკალმა დამაყარა და შევეცადე ღრმად მესუნთქა, უცნაური განწყობა დამეუფლა, ისეთი დამპალ წინათგრძნობად რომ ვნათლავ ხოლმე.
მუსიკა ჩართო, მაგიდაზე სანათი ედგა, გარეთ უკვე გვარიანად ბნელოდა და მისი სახის გარჩევა ვეღარ შევძელი.
ისევ თმა გადაიწია, ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა „მოგესალმებითო“ და ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო კითხვა.
„უკიდეგანო გადაღლის შეგრძნებით მიწოლილიყო სავარძელზე, სიცივისგან გამსკდარ ტუჩს იქამდე კვნეტდა სანამ სისხლის მლაშე გემო არ იგრძნო, საჩვენებელი თითი მიიტანა პირთან და სისხლით შეფერადებულ ანაბეჭდებს დაუწყო თვალიერება.
ადამიანების ქონის მანიით იყო ავად. ყველა ვისაც ისურვებდა, ვისაც თითს დაადებდა მისი უნდა გამხდარიყო ნებისმიერ ფასად.
…იმედგაცრუებები ერთი მეორის მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს.
***
ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. თოვლის ბაბუის არასოდეს სჯეროდა, მისთვის არასოდეს უთქვამთ არსებობსო, როდესაც გაიგო, უკვე იცოდა, რომ მითს უყვებოდნენ.
ბალიშის ქვეშ რამდენიმე შოკოლადი დამალა ბავშვობის ყველაზე სანუკვარი მოგონების გაცოცხლების მიზნით, იმ შოკოლადების გემო დღემდე ახსოვდა, არასოდეს უკითხავს ვინ დატოვა ისინი იქ, სიმართლის მოსმენა არ სურდა და იმიტომ.
„დალახვროს ეშმაკმა“ – ჩაილაპარაკა – „ნუთუ ასეთი რთული იყო ტყუილის თქმა?!“
სარკესთან მივიდა, თითის წვერებზე აიწია, საკუთარ თავს გამომცდელი მზერა ესროლა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ნაზად ააყოლა ფეხი მუსიკას და თვალები დახუჭა.
დიდ ხანს ემზადებოდა ამ დღისთვის, დღისთვის, როდესაც ნაძვის ხეს დადგამდა და პირველ სათამაშოს ჩაუთქვამდა სურვილს.
საკუთარი სურვილების გამო სირცხვილით იწვოდა, ამიტომ არასოდეს, არასოდეს ჩაუთქვამს ის რაც ნამდვილად უნდოდა.
„ეს ეგოიზმია“ – იმართლებლდა ხოლმე თავს – „გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს ვიდრე ჩემი ხუშტური.“
წელს სხვანაირი იყო, საკუთარი თავისთვის გაძვირფასებული, შეუდარებელი, გემრიელი.
მალე მისი ტუტუცი ხუშტურების წელი დგებოდა.
წითელი არაფრით გამორჩეული ბურთი აათამაშა ხელში, ჯერ კიდევ შიშველ ნაძვის ხესთან მივიდა და პირველივე ტოტზე დაკიდა.
***
რამდენიმე წელიწადში მისი ნაძვის ხე ათობით წითელ ბურთს ითვლიდა, ათობით ადამიანის სული ეკიდა მის სახლში წინა საახალწლოდ.
ადამიანების ქონის მანიით იყო ავად.
მოძველებული სულები ჩამოხსნა ტოტებიდან და ნამსხვრევებად აქცია.
კაკუნი შემოესმა, არავის ელოდა, დამფრთხალმა გაიხედა ჭუჭრუტანიდან და ნაცნობ, კარგად დავიწყებულ სილუეტს მოკრა თვალი. კარები ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გააღო, ხელში მისი ბურთი ეჭირა დასამსხვრევად გამზადებული.
სახლში შეიპატიჟა, წინ გაუძღვა და სავარძელზე მიუთითა. სიგარეტს მოუკიდა და გამომწვევად დაიწყო ბურთის ხელში თამაში.
„ეს ესაა სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანე“ – უთხრა კმაყოფილი ხმით.
„გეშლება. დიდი ხანია.“ – უპასუხა იმან ვის სულსაც ხელში უაზროდ ათამაშებდა.
ბურთს ხელი გაუშვა და ის წითელ ნამსხვრევებად გაიფანტა ოთახში.
„წელს ჩემი სურვილი სანაგვეზე მოისროლეს.“ – წაისისინა – „მე კი არასოდეს ვმეორდები.“
მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ იატაკზე ნამსხვრევებად გაშლილმა უცნობმა ფურცელი გაუწოდა „დღეს ამას წავიკითხავ“ – უთხრა დაძაბული ხმით.
„რაზე წერ? ბედნიერებაზე? სასწაულებზე? ჯადოსნურ არსებებზე? ახალ წელზე? სიყვარულზე?“ – იკითხა ამრეზით, რამდენიმე წუთში კი განაგრძო – „საზოგადოს ვერაფერს ვიტან, მძულს ემოციები, რომლებიც ნაწილებად იშლება ირგვლივ და ათასობით ადამიანი გულმოდგინედ კრეფს.“
უცნობი კარებამდე მიაცილა და ახალი ბურთის თვალიერება დაიწყო „ვინ? ვინ? ვინ?…“ ჩურჩულებდა ბრაზმორეული ხმით.
დიდ ხანს იდგა გაუნძრევლად, შემდეგ ნაძვის ხესთან მივიდა, ბურთი ტოტზე ჩამოკიდა „არავინ“–ო რამდენჯერმე გაიმეორა და ოთახში გაშლილ ნამსხვრევებზე შიშველი ფეხით გაიარა.
საწოლში შეწვა, ბალიში აწია, შოკოლადები დაყარა და ემოციებისგან დაცლილს ჩაეძინა.“
გარეთ გამოვედი, აკანკალებული ხელით მოვუკიდე სიგარეტს და ქუჩას გავუყევი.
„ თუ სული არ არსებობს, თუ სიკვდილი სიკვდილია და არა გარდაცვალება, მაშინ ყველა ფიქრი, რომელიც არასოდეს გამიხმოვანებია, არსად დამიწერია, არავისთვის მითქვამს, არ დამიხატავს, ჩემთან ერთად მოკვდება?!
არადა, უკვდავებას დაგპირდი!“ – დავწერე ფურცელზე, საწერი მაგიდის თავთან გავიკარი, სიგარეტს მოვუკიდე და საათს შევხედე. ვაგვიანებდი, სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გავედი.
12 საათზე უკვე კარებთან ვიდექი, ბინა # 38, კარები ჩაპუტკუნებულმა, თავიდან ფეხებამდე საღებავით მოთხვრილმა მამაკაცმა გამიღო, მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ შეხვედრაზე დამთანხმდა, ვიცოდი ჭირვეული ხასიათი ქონდა. მომესალმა და სავარძელზე მიმითითა, ჩამოვჯექი, სიგარეტი ამოვიღე კოლოფიდან, გადმოიხარა და მომიკიდა, გავუღიმე მადლობის ნიშნად, ჩავახველე და ვუთხარი:
„მე კი გითხარით, რომ შეკვეთებზე არ ვმუშაობ“- შემაწყვეტინა მან.
„ვიცი და ამის მიუხედავად გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა. კარგად გადავიხდი.
მე არც ხატვის ნიჭი მაქვს, არც წერის, არც მუსიკას ვქმნი, მოკლედ ხელოვანი ჩემზე არ ითქმის.
აქამდე მეგონა, რომ ჩემი იდეები, გრძნობები, ფიქრები აჩუქებდნენ უკვდავებას იმას, ვისაც უკვდავებას დავპირდი. ახლა კი ვფიქრობ, რომ სხეულთან ერთად კვდება ყველაფერი, ხელშესახები ქმნილებების გარდა. მინდა, რომ ჩემი გრძნობები, ის ვისაც უკვდავებას დავპირდი ხელშესახები გახადოთ, მოგიყვეთ მასზე, თქვენ კი დახატოთ.
მინდა ნაცრისფერი სხეული ქონდეს, შავი თვალები, თხელი თითები, სევდიანი ღიმილი, მომნსუხველი მზერა, მინდა მის ფეხქვეშ ეგებოდეს სამყარო, მიდა კვარცხლბეკზე იდგეს სიამაყის გარეშე, მინდა, რიჟრაჟი იყოს, მინდა ტაშს უკრავდნენ, მინდა ერთბაშად აღფრთოვანებასა და ზიზღს იწვევდეს, მინდა სისხლისფერი ტუჩები ქონდეს, მინდა ირგვლივ მზე იღვრებოდეს.“
***
წამოვედი, ორი საათი ხდებოდა, ტაქსი გავაჩერე და თხუთმეტ წუთში უკვე ადგილზე ვიყავი, მაგიდას მივუჯექი, საათს დავხედე, ოფიციანტს ყავა ვთხოვე და ხალხის თვალიერება დავიწყე, 5 წუთში შემომიერთდა, მომესალმა, დააზუსტა მე ვესაუბრე თუ არა ტელეფონზე, მსუბუქი ღიმილით დავეთანხმე, ხელი გავუწოდე კეთილგანწყობის ნიშნად. კაპუჩინო შეუკვეთა, სიგარეტს მოუკიდა და ღიმილით მანიშნა, რომ შემეძლო დამეწყო.
„მინდა წიგნი დაწეროთ, რომანის შეკვეთა მინდა. ვიცი უცნაური თხოვნაა, მაგრამ მინდა წიგნი იმაზე დაწეროთ ვინც ჩემი მუზა იქნებოდა წერის ნიჭი, რომ მქონოდა.
უკვდავებას შევპირდი, შედევრი ვუწოდე, ახლა კი მგონია, რომ სიკვდილის შემდეგ ჩემი გრძნობების ფასი იმდენივე იქნება, რამდენიც ჩემი სხეულის, ხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
მინდა დაწეროთ იმაზე ვისაც უმიზეზოდ აღმერთებენ, ვინც მაიძულა შემყვარებოდა საკუთარი თავი და შემდეგ მაგრძნობინა, რომ მე არაფრით გამორჩეული, მორიგი, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი. ჰო, შეუდარებელი კეთილგანწყობით გააკეთა ეს. მინდა დაწეროთ ადამიანზე, რომლის სიყვარულსაც ეპიდემიას ვეძახი და რატომღაც იდიოტურად მჯერა, რომ მე განსაკუთრებულად მიყვარს. არადა ასეა, აბა მითხარით, რომელი მისი თაყვანისმცემელი გადაწყვეტდა მასზე რომანი შეეკვეთა თქვენთვის?!
მინდა დაწეროთ იმაზე ვისი პირით მონათხრობი დეპრესიაც კი სანუკვარ ოცნებად იქცევა. მინდა დაწეროთ იმაზე ვინც ჩემი აზრით ნაძირალაა, სხვების აზრით კი ღვთაება.
მინდა დაწეროთ ფეტიშზე.
მინდა მისგან შედევრი შექმნათ. მინდა შეპირებული უკვდავება ვაჩუქო.“
ბევრი ვისაუბრეთ, დაინტერესდა, შევთანხმდით, რომ ყოველ კვირას ვივლიდი მასთან და მოვუყვებოდი მის „ახლად გამომცხვარ მუზაზე“.
***
სახლში დავბრუნდი, სავარძელზე მივესვენე.
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს გამოიყენო მაგია სხვისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ! – ეს წესი ზეპირად ვიცოდი, ყოველთვის ვოცნებობდი მის დარღვევაზე და დაპირებული სასჯელი ფეხებზე მეკიდა. თუმცა სასაცილო იყო ის, რომ მისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში ყველაზე დიდი სმხვერპლის გაღება თავად მომიწევდა – თავმოყვარეობა და სიამაყე! ორი გრძნობა, რომელიც იმად მქმნიდა ვინც ვიყავი, ჰოდა ისიც კი არ მიღირდა ამად.
ხელში საკუთარი „სასიკვდილო განაჩენი“ მეჭირა.
კედლიდან ფურცელი ჩამოვხსენი, კიდევ ერთხელ გადავიკითხე.
„თუ სული არ არსებობს, თუ სიკვდილი სიკვდილია და არა გარდაცვალება, მაშინ ყველა ფიქრი, რომელიც არასოდეს გამიხმოვანებია, არსად დამიწერია, არავისთვის მითქვამს, არ დამიხატავს, ჩემთან ერთად მოკვდება?!
არადა უკვდავებას დაგპირდი!“
მუსიკა ჩავრთე და წერა განვაგრძე.
„უკვდავებას დაგპირდი და მეგონა, რომ საკუთარი გამორჩეული, იდეალური სიყვარულით უკვე გაჩუქე ის. ახლა ვხვდები, რომ ეს ტყუილია.
მინდა უკვდავება გაჩუქო, შენგან შექმნილი სრულყოფილების მშობელი ვიყო და ამით საკუთარი თავი ვიხსნა დავიწყებისგან.
ეს ესაა მაგიის ყველაზე დიდი კანონი დავარღვიე – შენი თავისუფალი ნების წინააღმდეგ წავედი! თუმცა ამაზე პასუხს ვერავინ, ვერასოდეს მაგებინებს.
დასაწყისი უღიმღამო იყო, ვერაფერი გავიგე, შუა გზაში მყოფმა კი გადავწყვიტე, რომ სანაცვლოდ დასასრული იქნებოდა გრანდიოზული, იმის დასასრული, რასაც განსაკუთრებულად სენტიმენტალური ადამიანების აზრით დასასრული არ აქვს.
მიყვარს დიდი ხნის „ტყვეობის“ შემდეგ თავისუფლება, რომ შემეპარება ხოლმე, სიამოვნებით რომ მინათდება თვალები, მზერა ისევ ცივი და უემოციო, რომ მიხდება და სიგარეტის თითოეულ მოქაჩვას მთელი ტანით, რომ ვგრძნობ.
დასასრულის წარმოდგენაზე კმაყოფილებისგან ტუჩს ვიკვნეტ, სათნოდ ვიღიმი ყოველთვის, როდესაც „ის“ თავად მიბიძგებს ფინიშისკენ, ტაშს ვუკრავ და ბრავოს ძახილით ლამისაა ხმა სამუდამოდ დავკარგო, თუმცა მომწონს როდესაც დაძაბულობისგან ხმა მეცვლება, მიბოხდება, უცხოობის შეგრძნება მაქვს ხოლმე, მე კი ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემ სხეულს ჩემთვის უცხო და ახალი პერსონაჟები სტუმრობენ.
დანამდვილებით ვიცი, რომ წინა ცხოვრებაში მეც ის ვიყავი, ვინც მოუთმენლად ელოდა სასწაულის დასაწყისს და დასასრულის წარმოდგენაზეც კი ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ის ვიყავი ვისაც სჯეროდა, რომ სამყარო იყოფოდა სამად – მე, ის და ყველა დანარჩენი. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა სამყარო ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ორ ნაწილად იყოფა, წინა ცხოვრებისგან განსხვავებით კი, მისი სამად დაყოფის სურვილით არ ვიწვი.
მგონია, რომ ნახევრებად, მეოთხედებად, მეათედებად ვიბადებით ხოლმე, შემდეგ ქვეცნობიერად მივისწრაფვით გამთლიანებისკენ, გზად იმდენ უსარგებლო ნახევარს ვირგებთ, რომ ძებნის ინსტინქტი გვიქვეითდება და ბოლოს ბედს ვეგუებით – დიდად არ მიხდება, მაგრამ არაფერია არგუმენტით. მრავალი ცხოვრების შემდეგ კი იმდენ ნაწილად ვართ გაფანტული სამყაროში, რომ გამთლიანების იდეა შეუსრულებელ მისიად გვეჩვენება და წინა ცხოვრებებში განცდილი გადაღლსიგან დამოუკიდებლობის ფასს ვიგებთ – „დაე, ერთ დროს მთლიანობად შეკრულმა და შემდეგ გაფანტულმა მეებმა ერთმანეთი უჩემოდ იპოვნონ, მე ამ ცხოვრებაში სასწაულები აღარ მჭირდება.“ ერთ დღეს კი იმდენად მოგვბეზრდება ეს დაუსრულებელი ძიების პროცესი, რომ ყველა მთლიანობად ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა გონმა ნაწილაკად ჩაგვიფიქრა და უკანასკნელ ცხოვრებას ვიცხოვრებთ. სად წავალთ შემდეგ? სადმე სადაც, არ გვეტყვიან, რომ დაუსრულებელი პროექტი ვართ.
დასასრული ვახსენე, ჰო, ჩემი წინა ცხოვრებებისგან განსხვავებით დასასრულის აღნიშვნა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, ოღონდ თუ ღმერთი გწამთ ამას ქელეხს ნუ უწოდებთ, ნუ შეურაცხყოფთ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ზეიმს, ან უფრო ზეიმებს.
მტანჯველი სენისგან ვთავისუფლდები, ცინიკური ღიმილით ვუყურებ ყველას ვინც იმის მოხდენას ცდილობს, ვინც მიუხედავად მრავალცხოვრებიანი გამოცდილებისა ვნებიანობის ჟამს საკუთარ ნაწილაკად მივიჩნიე და სულელურად, თითქოს გამოუცდელი, სამყაროში ახლად გატყორცნილი, ტუტუცი მოლეკულა ვყოფილიყავი ისე შემიყვარდა.
ისევ ავცდი დასასრულის იდეას, არადა დღეს უნდა ვიზეიმო.
იმას ვამბობდი, როგორ მიყვარს ჯერ კიდევ საკუთარ განუმეორებლობაში დარწმუნებული, ათრთოლებული დაუსრულებელი პროექტების ნახვა, რომლებიც იმას იზომავენ გასახდელში ვინც კინაღამ სამუდამოდ დამიბნელა გონება და კიდევ ერთი სიცოცხლისთვის გამწირა.