Category Archives: ჩემი აგვისტო

ISFP


ბრუნდება.

ჰო, ასე უნდა დამეწყო წერა, მიუხედავად იმისა რომ ჩანაფიქრიც სხვა მქონდა და ფიქრიც სხვა რამით დაკავებული.

საკუთარი თავის შეცნობის სურვილით დავვაადდი, ბევრი რამ წავიკითხე და ყველაფერს თავის კატუნით დავეთანხმე, ნამდვილად ასეა მეთქი, ჰო, ასეა და მერე?

ისიც გავიგე არასწორ ადგილზე რომ აღმოვჩენილვარ და სასწრაფოდ რომ უნდა გადავუხვიო გზიდან, ერთი ეგაა ეს გადასახვევები არსად ჩანს და თუ რამის შეცვლას გადავწყვეტ მთლიანი გზა კუდამოძუებულმა უნდა გავიარო უკან, ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდე და თავიდან დავიწყო სიარული. დროულია? დროული კი არა, ისეთი დაგვიანებულია, ამაზე ფიქრიც სასაცილოდ მეჩვენება. დამაგვიანდა.

ჰო, მე დამაგვიანდა და ის ბრუნდება. ეს ორი რამ კი ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუ მეც დაბრუნებას არ გადავწყვეტ და საბოლოოდ არ გადავუსვამ ხაზს, ყველა იმ მცირეოდენ დეტალს, რომელიც ჯერ კიდევ მეამაყებასავით.

როგორც ფსიქოლოგები წერენ, სიამაყე და პრინციპები ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა, მეც დაუფიქრებლად დავეთანხმე და ლამის ხელი მოვაწერე ყოველი აბზაცის ბოლოს, არადა, საბრალდებო დასკვნასავით ვკითხულობდი. ნუ, პრინციპში, მთლად მასეც არ იყო, ზოგი რამ მსიამოვნებდა კიდეც, მიყვარს როდესაც ჩემზე მესაუბრებიან, არ მიყვარს როცა მეუბნებიან რომ გავრცელებული ტიპი ვარ, თუმცა მეოთხე ადგილზე ყოფნა, დიდი უბედურება არ უნდა იყოს, ან კი რა არის მთელი მოსახლეობის 9%?! არც არაფერი.

მიუნხენში, ლუდის სმისას იმაზე კი არ ვფიქრობდი როგორც იქნა ეს ოცნებაც ავისრულე მეთქი, უფრო იმაზე ვფიქრობდი, რამდენიმე საათში რომ გამომიცხადებენ თბილისში ვეშვებითო, რა უნდა ვქნა მეთქი. სამომავლო გეგმებზე ჩამაფიქრეს და თუ აქამდე მომენტების კოლექციას ვაგროვებდი, მითხრეს დროა ხელშესახები და გრძელვადიანი ნივთების მოგროვება დაიწყოო, მიწაზე მყარად დადგე და ხვალინდელი დღის ან მომდევნო წუთის არ გეშინოდესო. თავით მივექანები 27–სკენ, მივექანები არაფრით, მიწას ოდნავ, მხოლოდ თითის წვერებით ვეხები და მომენტების შეგროვებას ვაგრძელებ.

არადა რა „დიადი მომენტები“ მე მქონია?! ერთი, ჩვეულებრივი, არაფრის მთქმელი, საღამოებისა და დღეების მცირერიცხვოვანი კოლექცია მაქვს.

რთულად „ამოსახსნელიც“ ვყოფილვარ, ჰმ, ან რა ჭირად უნდა ამომხსნას ვინმემ, დალევა მიყვარს და სიგარეტი, ფეხზე დგომაზე ვოცნებობ და მიწის ტერფებზე შეხება როგორია არც კი ვიცი, ამას ალბათ მაშინ გავიგებ მთელი ტანით რომ გავიშხლართები, აუცილებლად უნდა დავიბარო „ჯერ ფეხზე დამაყენეთ“ მეთქი.

ერთნაირი ფსიქოტიპების შეკრებაზე, ვიღაც შემოიპარა და იკითხა, აი თქვენი ტიპის ადამიანს როგორ უნდა შევაყვარო თავიო, მე კი გავიფიქრე, თუ აქ მოხვედი და ამ კითხვას სვამ, უკვე უყვარხარ მეთქი. იქ ეს არ მითქვამს და აქ რა ჭირად დავიწყე გულის გადაშლა კაცმა არ იცის.

Camera 360


თორმეტი


მკითხველად არასოდეს ვარგოდა. როდესაც ჩემი ახალი ფავორიტის ნაწერების წაკითხვა შევთავაზე მითხრა კითხვისას მეგონა შედედებულ სისხლში ვყოფდი ხელებს და თითები ერთმანეთზე მეწებებოდაო. ნაწერებში ავტორს სისხლის არსად უხსენებია, ვიფიქრე რაღაც გამომრჩა მეთქი და თავიდან დავიწყე კითხვა. ძილის წინ ვკითხულობდი და დილაობით დიდ ხანს მეგონა რომ სისხლის გუბეში ვიწექი, არ ვიცი როდიდან, მაგრამ აღმოვაჩინე რომ სისხლი სიბინძურის სინონიმი გახდა ჩემთვის და წარმოვიდგინე კითხვისას როგორ იყურებოდა თითებზე, როგორ კრავდა მუჭს და როგორ გრძნობდა რომ ხელის გაშლისას უკვე გვარიანად გაციებული სისხლი ეწელებოდა თითებზე. გულის რევა ვიგრძენი.

მას შემდეგ გამარჯვებულის სახით მხვდებოდა და ჩვეული სალმის ნაცვლად ხელს მიწვდიდა ხოლმე ჩამოსართმევად, შეუფერებლად ოფიციალური იყო და თითებზე დიდ ხანს მაკვირდებოდა, მე კი ნიშნის მოგებით ვისვამდი წითელ ლაქს, ხელის ჩამორთმევა ემოციური რომ გამეხადა.

ცოტა ხანში გავცივდით, მასაც გაუარა შოკმა და მეც აღარ ვგრძნობდი სისხლის გუბეს გაღვიძებისას. შეხვედრისას ვეხვეოდით ხოლმე ერთმანეთს, ახალ მწერალს ითხოვდა სამსხვერპლოზე. მეც არ დავაყოვნე და საკუთარი თავი მივართვი, ხელნაწერებად გავუშალე მაგიდაზე და მოუთმენლობისგან სიგარეტს მოვუკიდე.

ცხვირი აიბზუა და მითხრა „ჩამოკიდებული კაცი“ რა უაზრო თარგმანიაო, ვუთხარი უკეთესად შენ თარგმნე მეთქი და მიპასუხა „Hanged Man”– ო, გამეღიმა, იქამდე ვჭიმე ტუჩები ყურებისკენ სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდი რომ საპასუხოდ გაღიმებას არ აპირებდა.

ვწერდი – „სანამ ჩემი მეგობრის ყოვლისმომცველი ზიზღი შთანთქავდა მისდამი განცდილ ემოციას, მოასწრო და მითხრა „ბედი თითოეულ ჩვენგანს აძლევს სამ მასწავლებელს, სამ მეგობარს, სამ მტერს და სამ დაუვიწყარ საყვარელს, მაგრამ ეს თორმეტი ყოველთვის ირგებს ვიღაცის როლს და ჩვენ ვერასოდეს ვხვდებით რომელი მათგანი რომელია…“ გამეღიმა, იმის ნიშნად რომ მომეწონა, შემდეგ ბევრი ვიფიქრე და ვუპასუხე უაზრობაა მეთქი, რატომო არ უკითხავს და თავადვე განვაგრძე „ვინ დაადგინა რომ მაინც და მაინც სამნი უნდა იყვნენ თუ ვერასოდეს ვიგებთ ვინ ვინაა, ვინ დაადგინა რომ გადაცმულები ანაც სხვის ნიღაბ მორგებულები გვხვდებიან თუ შეუძლებელია მათი ნამდვილი ვინაობის გარკვევა. თუ ადამიანს იმდენად აქვს შესისხლხორცებული ნიღაბი, რომ მისი მოხსნის შემდეგ სახე აღარ ექნება, ეს ნიშნავს რომ მას ნიღაბი არ აქვს.“ ისევ არაფერი მიპასუხა, მეც გავჩუმდი და მივხვდი რომ ეს ფრაზა ზედმეტად გამოვშიგნე და სასიამოვნო მოსასმენისგან ორგანოების ამაზრზენ კორიანტელად ვაქციე.“

თითებზე დაიხედა, მივხვდი რომ ისევ სისხლმა გაუელვა თავში და ნიშნის მოგებით ვუთხარი: „მხოლოდ იმიტომ რომ ავტორს სიტყვა „გამოშიგვნა“ აქვს გამოყენებული, მისი ნაწერის კითხვისას თავს სისხლის გუბეში არ უნდა გრძნობდე.“

კითხვა განაგრძო და ისე რომ არ შემოუხედავს მიპასუხა: „გუშინ სახლიდან გასვლისას ხელი მომყვა კარებში, მტკივა და პერიოდულად ვაკვირდები ხოლმე.“ რამდენიმე წინადადება წაიკითხა და შემდეგ დაამატა „პარანოიას მკურნალობა სჭირდება, სპეციალისტის შერჩევაში დაგეხმარები.“

პასუხი არ გამიცია.

წერა დიდი ხნის დავიწყებული მქონდა, ამიტომ იყო ნელ–ნელა სიმშვიდე რომ შემეპარა და ვიფიქრე „ის რისი კეთებაც არ ვიცი, შეძულებელია ვინმეს მოეწონოს მეთქი“… ფიქრებში სიჩუმე რომ ჩამოვარდა და განცხრომას რომ მივეცი, მოულოდნელად გველივით შემომეპარა იმედი: „ეს ისეთი უკუღმართია…“

კითხვა დაამთავრა და მთხოვა კარტი გამიშალეო.

სიგარეტს მოვუკიდე და გავიფიქრე თუ გაშლისას მაგიდაზე ბოლო კარტად „ჩამოკიდებული კაცი“ დაჯდება საკუთარ თავს ერთ სურვილს შევუსრულებ მეთქი.

„ისე მართლაც რა უაზრობაა…“ სიგარეტის კვამლს გამოაყოლა სიტყვები.

„რა?“ ვკითხე ისე რომ კარტისთვის თვალი არ მომიცილებია.

„აი წარმოიდგინე. შენ თუ ვიღაცის მასწავლებელი ხარ ის შენთვის საპასუხოდ აუცილებლად მასწავლებელი უნდა იყოს? მოსწავლეების რაოდენობაზე არაფერი ეწერა, არც ურთიერთდამოკიდებულებაზე. მაგ. ჩემი დაუვიწყარი სამი საყვარლისთვის მე შეიძლება მასწავლებელი ვიყო?“

ორივეს გაგვეცინა, თემა მე გავაგრძელე:

„ან ეს სამი რა საჭიროა? იქნებ ფაზებად გადიან? ანუ მთელი ცხოვრების მანძილზე ჯამში სულ 3 მნიშვნელოვან ადამიანს ხვდები, ყველაფერი მეგობრობით იწყება, შემდეგ ჩხუბობთ და სამკვდრო–სასიცოცხლოდ ეკიდებით ერთმანეთს, შემდეგ რატომღაც ისე ხდება რომ მისი საყვარლები ხდებით და ბოლოს რაღაცას ასწავლით ერთმანეთს.“

„მეტი რაღა უნდა გასწავლოს თუ მეგობარიც იყო, მტერიც და შეუდარებელი საყვარელიც?!“ – აღშფოთდა.

„დანარჩენები?“

„ვინ დანარჩენები? 3 არ არის საკმარისი?“

გამეცინა და ვუპასუხე – „დანარჩენი ადამიანები ჩვენ გზაზე, დანარჩენებს რა როლი აქვთ? ზეროები არიან და მხოლოდ ამ თორმეტი პერსონაჟის ირგვლივ ვტრიალებთ?“

„ამაზე სიბრძნე დუმს!!“ – მიპასუხა ღიმილით.

მეათე კარტი გავხსენი და ცალი ფეხით დაკიდებული კაცის ფიგურა შემრჩა ხელში.

„შენ რომელი ხარ?“ – ვკითხე სიგარეტის ქაჩვით.

„მთელი იდეა ისაა რომ არ უნდა იცოდე.“ – მიპასუხა და ხელებზე დაიხედა.


მკითხველი


კითხვას მივეჩვიე, მკითხველად ჩამოვყალიბდი, სხვების აზრებით გამოვიტენე თავი და შედეგად წერა დამავიწყდა.

კინოთეატრებში დარიგებული პიტნის წითელი კანფეტები არ ამომდის თავიდან, წარწერით – „როდის მომიყვანთ?“ „შემოდგომაზე!“

გადავერთე, ისევ მეორე პლანზე გადავწიე საკუთარი თავი და სხვების თავბრუდამხვევი ცხოვრებით დავიწყე არსებობა.

ეჭვები მკლავს, მგონია რომ ჩემი რჩეული პერსონაჟი უჩემოდ უტყდება სიყვარულში ჩემზე გვარიანად ახალგაზრდა ქალბატონს, დაუსრულებლად იმეორებს ერთსა და იმავეს და მეც დაუსრულებლად ვიმედოვნებ რომ სხვა პასუხს მიიღებს, არადა არაფერი იცვლება.

***

ყურადღებით მისმენს, ლამის ვევედრები რომ რამე დამინიშნოს, ისეთი სიცოცხლის სურვილს რომ დამიბრუნებს. მაცდის საუბარს, არ მაწყვეტინებს, ასე მგონია არსად ეჩქარება მეთქი და ვცდილობ მისი უჩვეულო სიმშვიდიდან აზრი გამოვიტანო, თუმცა ამაოდ.

ბოლოს შეუმჩნევლად მიღიმის და მეუბნება: – ეს თქვენი ხასიათია, საკუთარი თავისგან ვერავინ განგკურნავთ.

მეც ვიღიმი საპასუხოდ, ვიღიმი იმიტომ რომ არასოდეს მეგონა ამას სხვა თუ მეტყოდა, არადა ეს სცენარი ათასჯერ მაინც მქონდა გათამაშებული გონებაში.

სიტყვა სიყვარულზე ვარდება, მისგან ისევ ორაზროვან დუმილს ვიღებ პასუხად. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ მპასუხობს – თქვენთვის სიყვარული, ჩვენ კი ამას აკვიატებას ვეძახით.

ვინ თქვენ მეთქი ვაპირებ ვკითხო, მაგრამ ვხვდები რომ პასუხი ისედაც ნათელია.

საკუთარ თავზე დაკვირვება უნდა ვაწარმოო, ამას მირჩევს და ვხვდები რომ მართალია, მეუბნება – „გაიხსენე ყველა ის პერიოდი როდესაც თავს კარგად, ბედნიერად გრძნობდი, შემდეგ დაფიქრდი მიზეზებზე რომლებიც გაიძულებდნენ ასე ყოფილიყავი, მერე დაჯექი და პარალელები გაავლე, საერთო იპოვნე. საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ დაგეხმარება, სხვების მოდელს შენზე ვერავინ მოარგებს, პირველ რიგში ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა ბედნიერებისთვის, ნუ შეიზღუდავ თავს, თამამი მიზნები დაისახე.“

კარგი რეცეპტია – ვფიქრობ ჩემთვის – ჰო კარგი რეცეპტია, მაგრამ საკუთარი თავის უუნარობას რა მოვუხერხო?!

***

–        ხომ იცი გაზაფხული ყველა ქუჩაზე ერთად არასოდეს დგება, ასე რომ იყოს აუცილებლად დაიწყებოდა ტიტრები და ცხოვრების დასასრულს ვიზეიმებდით კადრის კუთხეში მიკუჭულები. შენ სიგარეტით ხელში იდგებოდი, თავი გექნებოდა მაღლა აწეული და ხელები ცისკენ აშვერილი, მე იქვე ვიქნებოდი ჩამომჯდარი, იდიოტური ღიმილით დაგაკვირდებოდი, იდიოტური ოღონდ ბედნიერი ღიმილით.

–        და ფონად აუცილებლად დაუკრავდა რომელიმე სიმღერა ალბომიდან Odessey & Oracle. – ვპასუხობ მე.

–        და მაინც რამდენი წყვილი გამოუტყდა ერთმანეთს სიყვარულში პიტნის კანფეტით?

–        და შემოდგომაზე რამდენმა იქორწინა?

ალჟირში წასვლა მომინდა.


თინათინ


„თინათინ“ – წაიჩურჩულა და გულიანად გაეღიმა, იფიქრებდი ელოდება როდის უპასუხებსო, სიგარეტი მოქაჩა და გაიმეორა „თინათინ!“ – ტონი უფრო მომთხოვნი გაუხდა, თითქოს გამოღვიძებას ცდილობდა. ახლა უკვე ხმით გაეცინა და სავარძელზე გემრიელად მოკალათდა.

„თინათინ, იდგებოდი ახლა კარებთან ფოსტალიონის მოლოდინში. მისი ყოველი გამოჩენისას გარეთ გავარდებოდი და კითხავდი „ჩემთვის არაფერია?“ უარის ნიშნად თავს გააქნევდა, შემდეგ კი გულითადი მეგობარივით გეტყოდა „იქნება თინათინ, აუცილებლად იქნება“-ო. შენც მოხუცი ფოსტალიონის სიტყვებით დაიმედებული შებრუნდებოდი სახლში და ჩაის დაისხამდი მოჩუქურთმებულ ჭიქაში. შემდეგ საწერ მაგიდას მიუჯდებოდი და კიდევ ერთი წერილის წერას დაიწყებდი. დიდ ხანს იფიქრებდი შესავალზე, ათასჯერ მაინც გადაშლიდი ერთი და იგივე წინადადებას, ბოლოს მოაბამდი თავს დასაწყისს და დაწერდი. „საკუთარი სახელის ვნებიან სიყვარულში გამოვიჭირე თავი, ასე მგონია მე რომ მიხდება ისე არავის მოუხდება მეთქი, ვზივარ ახლა გიჟივით სავარძელზე და საკუთარ თავს ვუმეორებ „თინათინ, თინათინ, თინათინ….“ სახლში ჯდომა არ უხდება ჩემ ფრიად პრეტენზიულ განწყობას, იფეთქებს ხოლმე და შემდეგ ყელი მტკივაო წუწუნებს, ავად ვარო იჩემებს და მიმეორებს ნამდვილად დავიხოცებითო. იქამდე არ ჩერდება სანამ ამის დაჯერებას არ დავიწყებ, შიში, რომ შემეპარება ხოლმე მეცინება ყველაფერზე რასაც გადამეტებულ ყურადღებას ვანიჭებდი.

ჩემთვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზა დასასრულზე გადის, მთავარია აღფრთოვანება მეჩქარებოდეს, ჩვეულებრივ დღეებში კი ვგრძნობ, რომ თავბრუდამხვევი ბედნიერების მოსაპოვებლად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დრო მაქვს, ჰოდა რაღას ვიჩქარო?!

ოჰ, როგორ ვერ ვიტან კითხვას რა არის ბედნიერება? თქვენ ალბათ პირიქით ხომ? რატომღაც მგონია, რომ თქვენში აღმოჩენილი სრულყოფილება სხვა ადამიანების საუკეთესო თვისებების მსგავსებაზე გადის. უაზროდ ვპრანჭავ წინადადებებს, სინამდვილეში კი მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენ თქვენი დახვეწილი ნორმალურობის ხარჯზე იზიდავთ ყველას. რა არის მეთქი ბედნიერება? ბავშვობაში ბედნიერება მუსიკალური ზარდახშა იყო, რომელშიც ბალერინა ცეკვავდა და რომელიც არასოდეს მქონია. დღეს გამახსენდა და ისე მომინდა თითქოს ისევ პატარა ბავშვი ვიყო. მაშინვე გავიფიქრე საკუთარ თავს ვუყიდი და გავახარებ მეთქი, მაგრამ მგონია, რომ მისი მაგიური დატვირთვისთვის აუცილებელია ის საჩუქრად მივიღო. სულელურად ჟღერს ხომ? კი ნამდვილად ასეა, ამიტომაცაა, რომ ვზივარ და ვიმეორებ „თინათინ! თინათინ! თინათინ…“

წინა წერილში ჩემ ახალ გატაცებაზე გწერდით, არაფრით გგავთ და ამით მომნუსხა მეთქი, დღეს დავიჩემე, რომ ზედმეტად ფემინურია, ქალური კი არა, ფემინური! ძვირფასი კახპასავით გამომწვევი და მაცდური, ღამეს, რომ გაატარებ და ამრეზით, რომ დატოვებ საწოლში, მოსაღამოვებისას კი ისევ მასთან რომ გაექანები ისეთი. ჰოდა, სანამ მოსაღამოვდება გეტყვით, რომ შემზიზღდა.“

მორჩებოდი წერილის წერას და სასწრაფოდ დალუქავდი კონვერტს. მეზობელი გესტუმრებოდა დის შვილთან ერთად, გოგონას შენ ოთახში შეიპატიჟებდი და გამოკითხავდი „უცხოეთის“ ამბებს, გამომწვევი ღიმილით გეტყოდა შენ „ადრესატს“ გადავეყარე ქუჩაში ახალგაზრდა ქალბატონთან ერთადო, დაამატებდა ბედნიერები ჩანდნენო და მოჩუქურთმებულ ჭიქას მიიტანდა ტუჩის წვერთან.

ჰო, ყველაფერი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ასეთი მარტივი, რომ არ გაეხადათ.“

გაჩუმდა, წამოიზლაზნა სავარძლიდან, მაგიდასთან მივიდა, Facebook-ის ფანჯარა გაშალა და Sent messages კიდევ ერთხელ გადაიკითხა, შემდეგ search-ში სახელის პირველი რამდენიმე ასო ჩაწერა.

Image


11 აგვისტო


ავდგები, გამოვაღებ ფანჯარას, ცოტა ხანს ვუყურებ ჰორიზონტს, სიგარეტს მოვუკიდებ, ვიფიქრებ არაფერზე და შემდეგ წასასვლელად დავიწყებ მზადებას. ქუჩაში გასულს მზე თვალს მომჭრის და ვიფიქრებ მიმდინარე დღის აუტანლობაზე. ხალხის თვალიერებით გართულს დამავიწყდება ყველაფერი რაც არ მაძლევს მოსვენებას. შემაწუხებს მოსალოდნელი დადებითი ემოციების აუტანლობა და ვიოცნებებ დღეზე როდესაც ყველაფერი წარსულის მაღალ თაროებზე აღმოჩნდება ”უახლესი ისტორიის” განყოფილებაში. მომენატრება დღე, წამი, როდესაც კოჭამდე წყალში ვიდექი, ვუყურებდი როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ სილა, მაშინ ყველაზე მძაფრად ვიგრძენი აწმყო.
გავიხსენებ როგორ ველოდი ამ დღეს და გავიმეორებ, რომ მოლოდინი არასოდეს ემთხვევა რეალობას. ისევ ისეთი ურჩი ვიქნები, როგორც ყოველთვის და დავგმობ ყველა დაკისრებულ მოვალეობას, ვიფიქრებ რომ ყველაფრის სანაგვეზე მოსროლა ნიშნავს თავისუფლებას, შემდეგ კი საკუთარ თავს ირონიულად შევახსენებ, რომ დღეს მაინც არ მაქვს მისი მოტყუების უფლება.
ჩემი კახპად წოდებული მუზა წაისისინებს, რომ მას გულს ურევს ყველაფერი რაც ბედნიერების ნიშანს ატარებს, მეტყვის, რომ თუ არ მოვიშლი ამ დადებითი ემოციებით ცხოვრების მცდელობის მავნე ჩვევას ისე გაუჩინარდება, რომ მის კვალს ვერასოდეს მივაგნებ, მე ვუპასუხებ, რომ შეუძლია ახლავე წავიდეს, სინამდვილეში კი შემაშინებს აზრი – მის გარეშე ფიქრი არაფერზე, ისეთი ცარიელი იქნება, რომ ის საკუთარი სახელის გამართლებას დაიწყებს. ის მე წამიკითხავს და ამაზრზენი ღიმილით მაგრძნობინებს, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, მე შევწყვეტ პროტესტს, თუმცა წავიჩურჩულებ ”ზოგჯერ მჭირდება მისი ნაცრსიფერი კლანჭებიდან თავის დაღწევა.”
შემაწუხებს ატმის, კოფეინისა და ნიკოტინის ერთმანეთში არეული გემო, პირველივე შემხვედრ სახლში ვიქირავებ ოთახს და საბანში გავეხვევი. ტელეფონი აწკრიალდება, დიდ ხანს ვიფიქრებ ვუპასუხო თუ არა, ბოლოს იძულებით ვიტყვი დაზეპირებულ ”გისმენთ”-ს და შემდეგ, ისე, რომ ერთ სიტყვასაც ვერ გავიგებ, დაზეპირებულ ”გმადლობთ”-ს ვაჩუქებ თანამოსაუბრეს და დავემშვიდობები.
გაღვიძებულს შემაწუხებს ფიქრი ადამიანებზე, რომლებიც მეძებენ, სარკესთან დავდგები ნახევრად გახდილი და დიდ ხანს ვუყურებ საკუთარ სილუეტს, ბოლოს როდესაც დავრწმუნდები, რომ შევიცვალე ჩავიცვამ ყველაზე არაფრით გამორჩეულ ტანსაცმელს და საწოლთან ჩამოვჯდები.
შემაშინებს საღამოს მოახლოვება.
დიდ ხანს ვიჯდები ფიქრებში გართული, შემდეგ წინა დღით შერჩეულ კაბას ჩავიცვამ, სარკეს თვალს ავარიდებ და წავალ იქ სადაც სანიმუშოდ ვითამაშებ მორგებულ როლს.
სახლიდან გასულს თავში გამიელვებს იმედიანად ნათქვამი ”რაღაც მოხდება.” ჩემი კახპა კი უჩვეულოდ თბილი ხმით მეტყვის ”გილოცავ”, რამდენიმე წამით გაჩუმდება და დააყოლებს ”დღეს შენ გაქვს უჩემოდ ცხოვრების უფლება”. მე მას მოღალატეს ვუწოდებ, თუმცა მივხვდები, რომ ის მართალია.
ქუჩაში შემხვედრ ნაცნობს გამარჯობის ნაცვლად ვეტყვი, რომ ”დღეს 11 აგვისტოა”, ის დაბნეული გამიღიმებს და მეტყვის ”დიახ”, დამშვიდობებას ვერ მოასწრებს ისე გავცდები და საკუთარ თავს გავუმეორებ ”დღეს 11 აგვისტოა”.
აღარ შემაწუხებს ფიქრი შეუსრულებელ მოვალეობებზე, პირველივე მაღაზიაში ვიყიდი სასმელს და ოთახში დავბრუნდები. მაშინ კი როდესაც სისხლი გამალებით დაიწყებს ძარღვებში დუღილს, ავდგები და წავალ იქ სადაც ვიცი, რომ მელოდებიან.

3 წლით უკან


თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღაც ხელს მკრავდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მაბრუნებდა წარსულში. უხილავ წრეზე დავდიოდი და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მიჭირდა თავ აწეულს გამევლო ათასჯერ გავლილი გზა.
მეგონა, რომ ამას გადავაბიჯე, რომ შევძელი თავი შემეკავებინა, რომ ამჯერად ვერავინ შეძლებდა (როგორ ძლიერადაც არ უნდა ეკრა ხელი) ისევ იმ ჭაობში აღმოვჩენილიყავი, რომელშიც ვცხოვრობდი.
სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ ვცდებოდი, მოვლენების მართვა ხშირად შეუძლებელია, უმეტესად ფაქტის წინაშე გვიწევს დგომა და თავის მტვრევა იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.
3 წელი, ზუსტად ეს დრო სჭირდება იმას, რომ წარსული შემოიჭრას აწმყოში. შარშან ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავდი, პირიქით მიხაროდა კიდეც, ოღონდ არავის ვუტყდებოდი, ალბათ ხვდებოდნენ მაგრამ ეს არასოდეს გამიხმოვანებია (ან იქნებ გავახმოვანე კიდეც, ამ წინადადების წერისას 1 წლის წინანდელი სცენა დამიდგა თვალწინ: – მე აივანზე ვზივარ, გრილად, სიგარეტს ვეწევი მოკუნტული, უმეტყველოდ გავყურებ სივრცეს და სიტყვები ყელში მეჩხირება, თუმცა მეშინია, რომ უკვე გადღეჭილ თემაზე საუბრით ყველას ვაბეზრებ თავს, სიტყვებს ვწონი და ისე ვამბობ, თუმცა რაღაც მომენტში კონტროლს ვკარგავ და ვაცხადებ, რომ ”მიხარია”. ჰო, ჰო ნამდვილად ასე ვთქვი, ანუ არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ სხვებსაც გამოვუტყდი).
ვერ გავთვალე, გამომრჩა, რომ 1 წელიწადში კიდევ ერთი 3 წლიანი ციკლი დასრულდებოდა და თავიდან მომიწევდა წარსულში დაბრუნება, ოღონდ ამჯერად სიტყვა ”მიხარია” ისეთი უადგილო იქნებოდა, როგორც არასდროს.
არ მიხარია, არა თუ არ მიხარია, არამედ ამას ყველაფერი მირჩევნია.
* * *
მაისია, 2011 წლის მაისი, მუსიკა მაქვს ჩართული და აუხსნელ ბედნიერებას ვგრძნობ (აქვე მინდა განვაცხადო, რომ ახსნადი ბედნიერება მგონი არასდროს მიგრძვნია), მეგობარს ვწერ ”იმდენად კარგად ვარ ნამდვილად რაღაც მოხდება” მეთქი, რამდენიმე წუთში ტელეფონი რეკავს, მე ვპასუხობ, იქიდან კი მეუბნებიან ”კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, თქვენ ყველაფრის თავიდან გავლა მოგიწევთ, მხოლოდ გაორმაგებულ ხარისხში”. მე ვჩუმდები და ინერციით ვიმეორებ ”უი, ვაიმე..” შემდეგ ვემშვიდობები და ვრთავ მუსიკას. მეგობარს ვწერ, ”მე ისეთი მართალი ვიყავი, როგორც არასდროს” (ეს ”ისე აგიხდეს ყველაფრის” ჩემებური ვერსიაა). იგივე სიმღერას ვუსმენ, იმ სიმღერას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მაიძულებდა წარმოსახვით ვმდგარიყავი მაგიდაზე და მეცეკვა, სიმღერა იგივეა განცდა რადიკალურად განსხვავებული, ვხვდები, რომ მას აწი სხვა დატვირთვა ექნება, მისი ყოველი მოსმენისას საშინელ სიმძიმეს ვიგრძნობ, ”მე კიდევ ერთი მხიარული სიმღერა მოვკალი” ვიმეორებ.
საღამოა, სახლში მისულს სახიდან ყალბი ღიმილი არ მშორდება, ვემზადები მთელი დღის დამუშავებული ტექსტის სათქმელად, რომლის ლაიტმოტივიც ”ყველაფერი კარგად იქნებაა”. -არადა, როგორ მეზიზღება ეს არაფრის მთქმელი ფრაზა – ვილანძღები სადარბაზოში. ოთახში შესვლისთანავე ვიწყებ მონოლოგს, ბოლოსკენ ვგრძნობ, რომ საკუთარი თავიც კი დავაჯერე ამ აბსურდული გამოსვლის ჭეშმარიტებაში.
* * *
1 თვე ისე გადის ვერაფერზე ვყალიბდები, თითქოს მასხრად მიგდებენ, ვიღაც იმედის ნაპერწკალს გამიჩენს, მეორე კი მაშინვე ფეხქვეშ თელავს.
სამშაბათია და ვგრძნობ, რომ ”დღეს გამადწყვეტ სიტყვას მოვისმენ”.
ამ ”გადამწყვეტი სიტყვის ავტორი” (დახეულ იასამნისფერ მაისურში გამოწყობილი, ექსტრავაგანტული მამაკაცი) მხარზე ხელს მადებს და მეუბნება ”კეთილი იყოს შენი დაბრუნება 3 წლის წინანდელ ზაფხულში, წელს ყველაფერი ორმაგად რთული იქნება”.
* * *
ეგოისტი ვარ, ვოცნებობ იმაზე, რომ მის ადგილზე მე ვიყო, მაშინ დეპრესიის უფლებას საკუთარ თავს აუღელვებლად მივცემდი.
 

უღიმღამო


აუჩქარებლად ავდივარ კიბეზე, საათს ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არსად მეჩქარება, წინ 9 საათი მაქვს, დამღლელი 9 საათი.
ზაფხულის მოსვლას არ ვაღიარებ, თითქოს არ მინდა დავიჯერო, რომ კიდევ ერთი უღიმღამო ზაფხული დადგა ჩემ ცხოვრებაში, ვიხსენებ რა ხდებოდა შარშან ზუსტად ამ დროს და მეღიმება, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ წინ გადასარევი დასვენება და ემოციებით სავსე დღეები მქონდა, უღიმღამოდ ვფიქრობდი დამღლელ სიცხეზე და თავს ვაჯერებდი ბედნიერი ხარ, ახალი საყვარელი სიმღერა გაქვს მეთქი, საყვარელი და მოგონებებით აღსავსე.
დღეს ის სიმღერა მობეზრებული მაქვს, არ გავუფრთხილდი, გავახუნე, აღარაფერს მაგონებს, მხოლოდ ხელოვნურად თუ წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ვწევარ შუა დღის სიცხეში სასტუმროს ნომერში თვალდახუჭული, მეღიმება, ბედნიერი ვარ, სევდიანად ბედნიერი, ისეთი როგორიც იქ ვარ ხოლმე სადაც ვიყავი, ვგრძნობ, რომ გარეთ სიცარიელეა, ჯერ აქ ყოფნის სეზონი არ დამდგარა და მე ერთადერთი ვარ ვინც ჩათვალა, რომ დრო იყო თუნდაც ცოტა ხნით ჩამომჯდარიყო ზღვის სანაპიროზე, მიუხედავად იმისა, რომ წყალი გაყინულია და სანაპირო ცარიელი, ვგრძნობ, რომ ეს ზუსტად ის მომენტია, რომელიც წარსულში დარჩენისთანავე ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მოგონება გახდება. თითქოს სულ ცოტაღა მაკლია იქამდე, რომ ეს აწმყოში ვიგრძნო, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ღირს, მეშინია, რომ ამით შემდგომ მისი გახსენება უღიმღამო არ გავხადო, ამიტომ თავს ვიკავებ და დაღლილობას ვიჩემებ.
ისევ რეალობას ვუბრუნდები, ოთახს თვალს ვავლებ, ვცდილობ ჟალუზებს მიღმა რაიმე საინტერესო აღმოვაჩინო, თუმცა ახალს ვერაფერს ვხედავ, მოპირდაპირე სახლის სახურავი უცვლელია, კვლავ მზეს ირეკლავს.
ახალი სიმღერა იწყება, თუმცა შეიძლება ძველიც ეწოდოს, ძველი, რომელიც ახლებურად ჟღერს მას შემდეგ, რაც თავიდან აღმოვაჩინე, ამოვიკითხე, ჰო, უცნაურად ჟღერს თუმცა ნამდვილად ასე იყო, იმ წიგნში ამოვიკითხე, რომელმაც თითქმის ყველა აქამდე ცნობილი ”ჩემი საყვარელი წიგნი” ჩაანაცვლა და სტატუსი ამაყად მოირგო.
წელს სხვანაირი ზაფხული იქნება, აგვისტომ ისე დაკარგა ძველებური შარმი, რომ ჯერ არც კი დამდგარა, წინასწარ ვიცი რა და როგორ იქნება და ის რაც არ ვიცი ბევრს არაფერს შეცვლის.
აივანზე გასულს ისევ იმედგაცრუების შეგრძნება მაქვს, კვლავ ვერ შევარჩიე შესაფერისი დრო, ვერაფრით მოვახერხე მარტო დარჩენა.
ჩუმად ვათვალიერებ, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ დაჟინებულ მზერას ვერ ამჩნევს, ჰოდა ვფიქრობ, რომ ვიღაცას მაგონებს, ოღონდ ვერაფრით ვიხსენებ ვის, ალბათ თავის თავს, ვფიქრობ ირონიით, შეუმჩნევლად მეღიმება კიდეც, ან მგონია, რომ მეღიმება, შემდეგ ყურადღება გადამაქვს, ვგრძნობ, რომ არავითარ ინტერესს არ იწვევს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც არავის მაგონებს.
ოთახში შემოსულს სახეზე გრილი ჰაერი მხვდება და სიამოვნებისგან ლამისაა თვალები დავხუჭო და გემრილეად ვთქვა მმმმმ… თუმცა თავს ვიკავებ, ოფიციალურ გამომეტყველებას ვინარჩუნებ და მაგიდას ვუბრუნდები, პირი სიცხისგან გამომშრალი მაქვს, თუმცა წყალს არ ვეკარები, არ მხიბლავს ეს იდეა.
რამდენიმე წუთის წინანდელ შეხვედრას ვატრიალებ დაუსრულებლად მეხსიერებაში, გამხდარია, წვერი მოუშვია, ისევ ისე ხუმრობს, როგორც წლების წინ, ისევ დაბალია – ვხუმრობ - ოთახის ბოლოდან ყვიროდა ჩემ სახელს, არ უნდა მეკითხა აქ რას აკეთებ მეთქი და მითუმეტეს ორჯერ არ უნდა დამესვა ეს კითხვა, რა ჩემი საქმეა?! სიტუაციის გასანეიტრალებლად, რომ ვერაფერი მოვიფიქრე ვთქვი მომენატრე მეთქი, ან ეს რამ მათქმევინა, ვიგრძენი როგორი გაკვირვებით შემომხედეს, არა რა, ეს უადგილო ხელოვნური სითბოს გამოხატვა ძალიან მეხერხება! ბავშვები მოვიკითხე, არც ერთის სახელი არ მახსოვს, ვერც იმას ვიხსენებ სამი ყავს თუ ორი, გოგოები თუ ბიჭები, თუმცა მეუღლის სახელი მახსოვს, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ რამდენჯერმე მყავს ნანახი და რამდენჯერაც ვნახე ორსულად იყო, ისევ ირონიით ვფიქრობ. მოორჩა გავიარეთ! ყოფილი თანამშრომლის ნახვა და რამდენიმე ზედმეტი სიტყვა ნამდვილად არ არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი!!!
წინა ორშაბათს დავუბრუნდეთ, სეირნობას, წინათგრძნობას, რომელიც არ მასვენებდა, ჰალუცინაციებს, რომლებსაც ახლა წინასწარ განჭვრეტის უნარს ვეძახი, უცნობი ადამიანების ნაცნობ სილუეტებს, შესახვევს, რომელთანაც ან 5 წუთის შემდეგ უნდა გამევლო ან 5 წუთით ადრე, თუმცა ვერ განვსაზღვრე დრო, ან კი როგორ უნდა განმესაზღვრა, რა ვიცოდი, რომ ამდენი ხნის შემდეგ მაინც და მაინც იქ, ფეხით ხეტიალის დროს… ყველაფერი უაზროდ დაემთხვა, წიგნი, რომლის კითხვაც დავიწყე, საკუთარი თავის მთავარ პერსონაჟთან გაიგივება (საერთო მართლა ბევრი გვაქვს - ერევა გონება), მისი მეორე პერსონაჟთან გაიგივება (მათაც ბევრი აქვთ საერთო, თუმცა მან უფრო ღრმად შეტოპა და გაცილებით ინდიფერენტულია – არ იშურებს კომენტარს).
ამასობაში ტელეფონი იწყებს წკრიალს, უკმაყოფილო სახით დავყურებ და წინასწარ ვემზადები მომაბეზრებელი საუბრისთვის ვცდილობ არ დამავიწყდეს რაზე ვფიქრობდი, რომ საუბრის დამთავრების შემდეგ ისევ იმ ადგილს დავუბრუნდე.
გული მწყდება, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, კიდევ უფრო მეტად მწყდება გული იმის გამო, რომ ორჯერ წაკითხვაც მოვასწარი, თუმცა სახლში მისულს ვერაფერი შემაჩერებს! კიდევ ერთხელ წავიკითხავ (და არ მაინტერესებს გახუნდება თუ არა ჩემი უსაზღვრო სიყვარული).
წელს უღიმღამო ზაფხული იქნება – იჩემებს გონება, ცდილობს რეალობას არ ავცდე, იცის, რომ შემდეგ მისთვისაც ორმაგად რთული იქნება ფაქტების გადახარშვა და ემოციების მართვა - იქნებ ისევ ამას დავუბრუნდეთ!
მე ვნებდები და ერთი ამოსუნთქვით წარმოვიდგენ როგორ ვზივარ სიცხისგან დატანჯული ფანჯარასთან, ვეწევი ისე, რომ ამას ვერც კი ვაფიქსირებ და ვფიქრობ - წელს უღიმღამო ზაფხულია და კიდევ უფრო უღიმღამო აგვისტო. 


ქ-ნი თინათინის ერთი დილა


ქალბატონი თინათინის ბინაში სამარისებული სიჩუმეა, მხოლოდ ქურაზე დადგმული ცხელი შოკოლადი თუხთუხებს. ის კი აივანზე გასული აწყობს დღის გეგმებს, თანაც ისტერიულად ეწევა სიგარეტს.
მარცხენა ხელის საჩვენებელ თითში მგრძნობელობა დაკარგული აქვს, მხოლოდ კანკალი თუ აიტანს ხოლმე, შემდეგ ჩერდება. დღეს მზიანი დღე იქნებაო ფიქრობს და ცდილობს გაიხსენოს სად დატოვა საყვარელი იასამნისფერი ქოლგა. დღემდე მზიან ამინდში ქოლგა არასოდეს სჭერია, თუმცა სიცხის წარმოდგენაზეც კი უსიამოვნო შეგრძნება იპყრობს, ამიტომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ არაფრად ჩააგდოს საზოგაოდების, უფრო კონკრეტულად კი ამვლელ-ჩამვლელის აზრი და მიუხედავად ამინდისთვის შეუფერებელი ჩაცმულობისა, ისე ჩაიცვას, როგორც მას გაუხარდება.
აივნიდან მოედნაზე შეკრებილ მეზობლებს მოკრა თვალი, საჭირბოროტო საკითხებზე ბჭობდნენ, სართულების რწმუნებულები და ამხანაგობის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, გაეცინა, გაახსენდა განცხადებაში მითითებული რომ ქონდათ დასწრება სავალდებულოაო, დანანებით გაიფიქრა წავსულიყავი, იქნებ თანამდებობისთვის გამომეკრა ხელიო, გაეცინა, სიგარეტი ჩააქრო და ოთახში შებრუნდა.
ოთახში შესვლისთანავე გული აუჩქარდა და მოცელილივით ჩამოჯდა სკამზე, თავი გააქნია და გაიფიქრა ამდენი მოწევა არ შეიძლებაო, შემდეგ დამამშვიდებელს დაუწყო ძებნა, როგორც იქნა მიაგნო და სასწრაფოდ დალია. ღრმად ჩაისუნთქა, რამდენჯერმე ნერწყვიც გადაყლაპა, ცდილობდა დარწმუნებულიყო რომ წამალი საყლაპავში არ ქონდა გაჩხერილი, ცოტა ხანში კი შვებით ამოისუნთქა და უკვე დიდი ხნის წინ გამზადებული შოკოლადი ჩამოისხა ჭიქაში. პირველივე ყლუპზე სახეზე იმედგაცურება გამოეხატა, ისეთს ვერასოდეს აკეთებდა, როგორც თავის დროზე დედამისი, თითქოს, რომელიღაც, ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტს ინახავდა საიდუმლოდ. ბავშვობაში, მომცრო ზომის ჭიქაში უსხამდნენ ხოლმე ქურიდან ახლად გადმოდგმულ შოკოლადს, თუმცა განსაზღვრული ”დოზა” საკმარისი არაოსდეს იყო, დამატებაზე კი გამუდმებით უარს ეუბნებოდნენ, გული გაგიხდება ცუდადო. ახლა არც გულზე დარდობდა და არც ჯანმრთელობაზე ფიქრით იმწარებდა ცხოვრებას, თუმცა აღარც შოკოლადს ქონდა ისეთი გემო, რომელიც დამატების სურვილს გაუღვიძებდა.
ვერაფრით გადაეჩვია უმისამართო წერილების წერას, თანაც გამუდმებით ამტკიცებდა, ძვირფასი ადამიანისთვის განკუთვნილი წერილი აუცილებლად ხელით უნდა დაიწეროსო, ჰოდა არც დავას ქონდა აზრი და არც იმას, რომ წერილს განსაზღვრული ადრესატი არასოდეს ყოლია, ან იქნებ ყავდა კიდეც თუმცა ამას არავის უმხელდა, საკუთარ თავსაც კი.
შუა დღის სიცხე ნელ-ნელა იპარებოდა ოთახში და მზის სხივები დაჟინებით აჭერდნენ მაგიდას, ის ისევ ჩუმად იჯდა, მორიგ ღერს ეწეოდა და ცდილობდა თავი დაერწმუნებინა არ მახსოვს, რომ დღეს ჩემი რამდენიმე წლიანი ლოდინის დასასრულიაო, არც ბედნიერი და გასული წლების გათვალისწინებით არც უბედური დასასრული.
მარცხენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა, სიგარეტის მოწევისგან გული ისე აჩქარებოდა, რომ დამამშვიდებელს ყოველგვარი ეფექტი დაეკარგა, უყურებდა თაროზე ხელუხლებლად შემოდებულ წიგნს, რომლის ხელში ჩაგდებამდეც მოუთმენლობა ახრჩობდა და დანანებით ფიქრობდა, რომ მიუხედავად ასაკისა, მან ვერაფრით შეძლო საკუთარ სურვილებში გარკვევა.
საათისკენ გააპარა თვალი, მიხვდა, რომ აგვიანებდა, სასწრაფოდ იყო წასასვლელი ფოსტაში წერილების გასაგზავნად. საძინებლისკენ მიაშურა და საგულდაგულოდ გამზადებულ ტანსაცმელს დაავლო ხელი, 5 წუთში უკვე მზად იყო გასასვლელად. ეზოში ჩასვლისთანავე ქოლგა გაშალა და შეეცადა მოედანთან შეუმჩევლად გაევლო, თუმცა მალევე იგრძნო მეზობლების დაჟინებული მზერა, მიხვდა, რომ ვერაფრით გაეგოთ ”რამ გადარია”, და ამ სიცხეში ქოლგას რა დანიშნულება ქონდა, მისალმებაც კი დაავიწყდათ გაოცებისგან, შემდეგ კი ბრაზმორეულებმა აცნობეს დაგაგვიანდათ თინათინ, შეხვედრას უკვე ვამთავრებთო, მან კი მხოლოდ ღიმილით უპასუხა და გზა ჩქარი ნაბიჯით განაგრძო.


გვერდზე ოთახი ცარიელია


ოთახში ჯდომა და მუსიკის ფონზე მოწევა, ეს ერთადერთი იყო რასაც დასვენებას ეძახდა.
დიდი ხანი იყო მას შემდეგ გასული, რაც საკუთარ თავთანაც კი ვერ ახერხებდა გულახდილი ყოფილიყო, არა სასურველი, დაუპატიჟებელი ფიქრების თავიდან გასაყრელად უმნიშვნელო დეტალებს აკვირდებოდა და ცდილობდა მათ მხატვრულ განვითარებას, ფიქრობდა იმაზე თუ როგორ გავდა სიგარეტის კვამლი ღრუბელს, როგორ ენატრებოდა ასეთი ღრუბლიანი და ნისლიანი დღეები, როგორ სურდა სადღაც შორიდან ქარს ვიოლინოს ხმა მოეტანა და წარმოედგინა როგორ ხატავდა სიგარეტის კვამლი მუსკოსის გამხდარ სილუეტს, რომელიც ჩაბნელებულ ოთახში იდგა, თვალები მაგრად ქონდა დახუჭული, კბილებს ერთმანეთს აჭერდა და ცდილობდა ემოციებით დატვირთულს გულის ხმა რომელიმე კლასიკური მუსიკის დაკვრით გადაეფარა.
ცდილობდა წარმოედგინა როგორ ღამდებოდა, როგორ ხატავდა სიგარეტით სილუეტებს, ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ სხვებისთვის უხილავის დანახვა ჯერ კიდევ შეეძლო, რომ მუზა ჯერ კიდევ იჯდა გვერდზე ოთახში და ფეხი ფეხზე გადადებული უდარდელად შესცქეროდა წლების წინ ნაყიდ ნახატს, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარდა, ნახატს, რომელზეც თითქოს სიგარეტის კვამლით დახატული, მოხუცი გამხდარი წალბატონი იჯდა სკამზე, მასაც მუზასავით ფეხი ფეხზე გადაედო და ისიც ეწეოდა, ალბათ საკუთარ თავს ამსგავსებდა და ამიტომ უყვარდა მისი ყურება, წარმოიდგენდა როგორ დაბერდებოდა, როგორ მოიხრებოდა წელში, თუმცა ისე გაქრა, ისე წავიდა, ისე გაუჩინარდა, რომ სახეზე ერთი ნაოჭიც კი არ გასჩენია.
მზე დაუპატიჟებლად იჭრებოდა ოთახში და დაჟინებით უმეორებდა, რომ გაზაფხული მოვიდა. ვერასოდეს გაეგო, რატომ უჭირდა ასე ძალიან მარტივი მომენტებით ტკბობა, რატომ ოცნებობდა მზიან ამინდებში ნისლზე და წვიმის დროს, რატომ ფიქრობდა მზეზე.
კარგად მივიწყებულ, ერთ დროს სამაგიდო წიგნს უყურებდა დაჟინებით და ფიქრობდა დღეები როგორ ცვლიდნენ მას, ჯიუტად ებღაუჭებოდა დროს, თავს აჯერებდა, რომ მისი შეცვლა არაფერს შეეძლო, რომ სიბერეში მასაც შეეძლებოდა ეთქვა ”მე იგივე ვარ მარად და მარადო”. თუმცა მაშინ როდესაც წლების წინანდელ ნაწერებს კითხულობდა ხვდებოდა, რომ ყოველი გასული დღე საპირისპიროს ამტკიცებდა.
ოთახში შემოჭრილ ნიავს მხოლოდ მანქანების ხმა შემოქონდა და ხვდებოდა, რომ გარეთ ცხოვრება დუღდა, არავის ეცალა ვიოლინოსთვის, არავის ახსოვდა, რომ მას შემდეგ რაც გვერდზე ოთახში სიცარიელემ დაისადგურა ის გამუდმებით ეძებდა სხვების მუზას, ცდილობდა მასშიც შემოჭრილიყო ის გრძნობა რაც სხვებს აიძულებდათ შეექმნათ ღირებული.
საკუთარ თავში აღმოჩენილ ბედნიერების ნიჭს ვერაფრით ეგუებოდა, მისი თავიდან მოშორების მცდელობა იმდენად ჯიუტი იყო, რომ აღარც სამყაროს შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ერთი მეორის მიყოლებით ახვედრებდა იმედგაცრუებებს, ატყობინებდა, რომ მისი სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ უბედურების მიზეზი არასოდეს გამოელეოდა. დადებითი განწყობა კი ფეხაკრეფით დაიარებოდა ტვინში და სიხარული ჩქეფდა ძარღვებში, ის უძლური იყო.
ჩამოყალიბებულ იდეალებსაც დიდი ხნის წინ დაევიწყებინათ ის, დღეები ისე გადიოდა ერთი წამითაც კი არ ახსენდებოდათ.
მუზაც ალბათ სადღაც ტკბებოდა ცხოვრებით და უბედურებისა და ბნელ ოთახში ჯდომისგან გათეთრებულ კანზე მზე ეკიდებოდა.
”დაბრუნდება, ისიც დაბრუნდება ერთ დღეს, ისევე როგორც ყველა დაბრუნდა, აგვისტოში შემოაღებს კარებს, თეთრებში ჩაცმული შემოვა და დანანებით შემომხედავს, გადამისვამს თავზე გარუჯულ ხელს და მეტყვის საკუთარ თავს შეხედეო, შემდეგ კი ბედნიერი გაიხურავს კარებს და ბავშვს სასეირნოდ ბაღში გაიყვანს.”


203 სიტყვით


თავისუფალი მოძრაობით მოვკალათდი სავარძელში და გაყინული მზერით დავიწყე კედლების თვალიერება, რამდენიმე ლაქა შევნიშნე და ვიფიქირე, რომ იდეალური არაფერია, მაშინვე მიქელანჯელოს ქმნილება გამახსენდა და ჩავთვალე, რომ დასკვნების გაკეთებას ვჩქარობდი.
კარები გაიღო და სიგარეტის ნაზი ქაჩვით, ნაცრისფერ ქურთუკში გამოწყობილი ქალი შემობრძანდა ოთახში, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა, მე კი ისე, რომ მუსიკა არ გამომირთავს, გავუღიმე და ვუთხარი, რომ არ მეცალა. ხელი ამიწია დამშვიდობების ნიშნად და ისეთივე სიმსუბუქით გავიდა ოთახიდან, როგორც შემოვიდა.
მაგიდაზე სიგარეტის ფერფლი შევნიშნე, ზიზღნარევი სახით შევუბერე სული და ახალ ღერს მოვუკიდე.
მუსიკა უკრავდა თავისთვის, და მივიწყებული შეგრძნებები მოქონდა, ის შეგრძნებები, რომელთა გახუნების შიშითაც ამ მელოდიებს იშვიათად ვუსმენდი, ყოველი მოსმენისას შიშით ვდუმდებოდი და ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ ასოციაიციების გაცოცხლების ძალა ჯერ კიდევ შესწევდა თითოეულ მათგანს, შემდეგ კი კმაყოფილი სახით ვეშვებოდი სავარძელში და გაშტერებული მზერით ვცდილობდი ყველაფერი ფილმივით მენახა და თავიდან მეგრძნო.
ოთახი ოდნავ განათებული იყო, ფარდები როგორც ყოველთვის საგულდაგულოდ მქონდა ჩამოფარებული და ფეხშიშველი, თავისუფლების შეგრძნებით ვცემდი ბოლთას, მომენტებში კი მელოდიას ვაყოლებდი ნაბიჯებს და მაშინვე სიგარეტის ძებნას ვიწყებდი.
ცხელოდა, აგვისტოსთვის დამახასიათებელი სიცხე იყო, მარტო ყოფნის დარჩენილ დღეებს ვითვლიდი და ვცდილობდი, რომ თითოეული ღვინის ყლუპის საშუალებით მომეკლა შემოჩენილი ფსიქიური აშლილობის შიში.
ვიცოდი, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საამურ მოგონებას ვქმნიდი, რომ თითოეული თვალის დახამხამება, ამოსუნთქვა, ნაბიჯი იყო იმ წარსულის აწმყო, რომელიც სულ რამდენიმე საათში თავდავიწყებით შემიყვარდებოდა.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 830 other followers

%d bloggers like this: