Category Archives: სათამაშო მაგიდასთან

სათამაშო მაგიდასთან II


ღამდებოდა, სამსახურიდან დროულად გამოსვლას ვერ ვასწრებდი, საქმე უნდა დამემთავრებინა, ვინაიდან სამსახურის გარეშე ვეღარც თამაშს შევძლებდი, შესაბამისად ყველანაირად ვცდილობდი შემენარჩუნებინა შემოსავლის წყარო, რომელიც საშუალებას მაძლევდა ყოველ საღამოს სანატრელ მრგვალ მაგიდსთან ვმჯდარიყავი და ხელში კარტი მჭეროდა.

იმ დღეს ვერ ვასწრებდი სათამაშოდ წასვლას, ვიფიქრე მოვრჩები მუშაობას და შემდეგ სასმელს ვიყიდი იქნებ დიდი ფიქრის გარეშე დამეძინოს მეთქი. მეორე დღეს კიდევ უფრო მძიმე დღე მელოდებოდა, ვერ ვიტანდი ბევრ სიარულს და ვიცოდი რომ მთელი დღე ხეტიალი მომიწევდა, კატასტროფულად მინდოდა მეორე დღის საღამო რაც შეიძება მოკლე დროში დამგარიყო.
ლუდი ვიყიდე, ყველაზე მეტად ლუდი მეხმარებოდა დაძინებაში, 2 კოლოფი ხელუხლებელი სიგარეტიც მქონდა, მეტი ნამდვილად არ დამჭირდებოდა გათენებამდე.
ლუდს ვსვამდი და აშკარად ვხვდებოდი, რომ მუსიკა შეუფერებელი იყო იმ სიტუაციისთვის, ფრანგული შანსონების ფონზე ლუდის დალევა აშკარად არ იყო კარგი არჩევანი. მუსიკის გამოცვლა სასტიკად არ მინდოდა, განწყობას სრულიად შეესაბამებოდა, ბოლოს ნანახი ფილმი მახსენდებოდა, შესაბამისად ცხოვრებაში განხორციელებული კიდევ ერთი სიუჟეტისგან სიამოვნებას ვღებულობდი, თუმცა სრული ეფექტისთვის 1 ბოკალი წითელი ღვინო იყო აუცილებელი, მე კი პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდი ლუდს. ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს, ღვინო აუცილებლად ღვინის ჭიქით უნდა დამელია შესაბამის სიტუაციაში, შესაბამისი მუსიკის ფონზე, ყველა ალკოჰოლურ სასმელს თავის სასმისი და თავის გარემო შეესაბამებოდა და ვცდილობდი არასოდეს დამერღვია აღნიშნული წესი, დღეს კი აშკარა შეუსაბამობა იყო გარემოსა და ალკოჰოლს შორის, თუმცა უკვე ვეღარაფერს გავაწყობდი და გადავწყვიტე ფიქრები სხვა მიმართულებით წამეყვანა.
კომპიუტერთან ვიჯექი, ფანჯარა ღია მქონდა, შუქი ოდნავ ბჟუტავდა, დაძინებაზე საუბარიც ზედმეტი იყო, უკვე ბევრჯერ ნანახი ფილმების კიდევ ერთხელ ყურება ვცადე, თუმცა მივხვდი, რომ აშკარად არავითარ ინტერესს არ იწვევდა და იძულებით ღონისძიებას გავდა.
ცოტა ხანში გამახსენდა, რომ ჩვენი ზრდილობიანი მოთამაშის სახელი და გვარი ვიცოდი, სრულიად შემთხვევით გავიგე და აბა რაღა დამავიწყებდა, საერთოდ მოთამაშეები ერთმანეთის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობდით, სახელით მიმართვაც კი არ გვჭირდებოდა, უბრალოდ ვიცოდით რომ ყველას თამაშის სურვილი გვქონდა, მეტი არაფერი. მისი სახელი და გვარი კი ვიცოდი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის დიდი წარმატებით ვაგროვებდი საჭირო ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც მაინტერსებდა, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე სულ რამდენიმე დღეში შემეძლო სრული დოსიე შემედგინა ნებისმიერ ადამიანზე, ჰოდა გადავწყვიტე გამომეყენებინა ეს ნიჭი და უფრო მეტი გამეგო.
ბევრი არაფერი, გავიგე მისამართი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი, ოჯახური მდგომარეობა, ელ.ფოსტა.
ვუყურებდი ამ ინფორმაციას და ვერ ვხდებოდი როგორ მოვქცეულიყავი, რა გამეკეთებინა ან გაკეთებინა თუ არა რამე საერთოდ. ეს ადამიანი რაღაცნაირ შიშისა და რიდის შეგრძნებას იწვევდა, თითქოს ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, მაგრამ განსაკუთრებულ აზარტულობაშიც ვერ დასდებდით ბრალს, უბრალოდ ეცვა, თუმცა ძალიან მოწესრიგებულად და გემოვნებით, ხელში ყოველთვის ყვითელი ბლოკნოტი ეჭირა, არასოდეს დამინახავს შიგნით რამე ჩაეწერა, მაგრამ მუდმივად თან დაჰქონდა, რამდენჯერ მიფიქრია იქნებ დარჩეს და ვნახო რა წერია შიგნით მეთქი, მაგრამ ხელიდან არ უშვებდა. მუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ამდენად განსხვავდებოდა, უნდობლობას მაინც არ იწვევდა, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან გამაღიზიანებელი ხდებოდა მისი დახვეწილი საუბრის მანერა.
გადამეტებული ყურადღებით არასოდეს გვაკვირდებოდა, თითქოს არც ანაღვლებდა ირგვლივ რა ხდებოდა, თუმცა მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩვენზე ყველაფერი იცოდა.
ბოლო 1 კვირის მანძილზე სათამაშოდ შავი ხელთათმანით დავდიოდი, ხელიდან არასოდეს ვიხსნიდი, ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ბოლო ფილმის გავლენა იყო, ის პერსონაჟი კი ვისაც ვბაძავდი ქალბატონი იყო, რომელიც გაგიკვირდებათ და ჩემსავით პოკერს თამაშობდა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ის ჩემთან შედარებით გაცილებით წარმატებული იყო. ერთ ხელზე მუდმივად ეკეთა შავი ხელთათმანი, არასოდეს იხსნიდა, ამის გამო მასზე ლეგენდები დადიოდა, რას აღარ ამბობდნენ, ჰოდა გადავწყვიტე ცოტა ხნით ეს როლი მომერგო, იქნებ წარმატებაც მოეტანა. ეს ცვლილება ყველამ შეამჩნია, ყველას აინტერესებდა რა იყო აღნიშნული ნივთის (თუ აქსესუარის) დატვირთვა, კითხვის საპასუხოდ კი ჩემგან მხოლოდ ორაზროვან ღიმილს იღებდნენ, მას კი არაფერი უკითხავს, არც დაინტერესებულა, თუმცა ვიცი რომ შეამჩნია ცვლილება, ან კი როგორ შეიძლებოდა არ შეემჩნია, როდესაც რამდენიმე დღის მანძილზე ეს ყველას სალაპარაკო თემა იყო.
მოკლედ ვიჯექი მაგიდასთან, უკვე მეორე ბოთლ ლუდს ვცლიდი, ფონად ისევ ფრანგული შანსონები უკრავდა. ყოველთვის ასე იყო, როგორი ერთი შეხედვით გიჟური იდეაც არ უნდა ამკვიატებოდა, ვიცოდი, რომ მას აუცილებლად განვახორციელებდი, ბევრს ვიფიქრებდი თუ ცოტას, მაინც მოვიყვანდი სისრულეში.
დილის  5 საათი ხდებოდა, მე მას პირველად მივწერე წერილი ანონიმურად, დიდი არაფერი უბრალოდ მივესალმე.

 

 

 


სათამაშო მაგიდასთან


თითქოს ყველაფერი მუსიკის ფონზე ვითარდება, უკრავს მუსიკა, რომელიც ასე ძალიან აკლია ცხოვრების ყველა პერიოდს.
ფინანსური დაინტერესებაც თავის როლს თამაშობდა, მეგონა, რომ ყველაზე სწრაფად ასე შეიძლებოდა საჭირო თანხის შოვნა.
იღბლიანი ვიყავი, ყოველთვის მიმართლებდა.
თამაში მარტინის თანხლებით მიყვარდა, კარტის გვერდით ყოველთვის მედო სავსე ჭიქა მარტინი, გამბედაობასა და ხალისს მმატებდა.
ცოტა ხანში მივხვდი, რომ ფინანსური დაინტერესება აღარ იყო მნიშვნელოვანი, მთავარი იყო მეთამაშა, შესაბამის სიტუაციაში ვმჯდარიყავი.
აუცილებლად ღამე უნდა ყოფილიყო, შესაბამისად უნდა ჩამეცვა,
ალკოჰოლი და მუსიკა გონებაში.
რა თქმა უნდა ვაგებდი, ძალიან ბევრს ვაგებდი, განსაკუთრებულ ხიბლს ვხედავდი იმაში, რომ შეიძლება ქუჩაში 10 თეთრის ამარა დავრჩენილიყავი, ეს ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ”შაგრენის ტყავი” მახსენდებოდა. ძალიან მიყვარს წიგნში ამოკითხული თუ ფილმში ნანახი განსაკუთრებით საყვარელი სიუჟეტების ცხოვრებაში გადმოტანა. თუ კარგად დავფიქრდები მივხვდები, რომ შეკოწიწებული ადამიანი ვარ, ყველა საყვარელი პერსონაჟისგან რაღაც მაქვს აღებული, მიმიკებიდან დაწყებული, ჩაცმულობითა და ცხოვრების წესით დამთავრებული, საყვარელი ფილმებისა და წიგნების პერსონაჟების ერთგვარ ნაზავს წარმოვადგენ, ყველაზე მეტად კი ის პერსონაჟი მძლავრობს ჩემში, რომელმაც იმ მომენტის მონაცემებით ყველაზე ბოლომ მიიღო საყვარელის სტატუსი. ალბათ ეს ნიშნავს, რომ ვერ შევდექი, ვერ ჩამოვყალიბდი, ”მე” არ არსებობს, უბრალოდ ერთგვარი ნარევი ვარ.
ქუჩაში 10 თეთრით არასოდეს დავრჩენილვარ, თუმცა არც ბევრი დამკლებია. ერთი საღამოს განმავლობაში შეიძლება გაცილებით მეტი წამეგო, მაგრამ თუნდაც მიზერული მოგება ისეთ კმაყოფილებას მანიჭებდა, რომ გაჩერება გამორიცხული იყო, როგორც ბატონი გრინი იტყოდა, სათამაშო მაგიდის დანახვისას ისე ვცახცახებდი, როგორც უკანასკნელი კახპა დოზის დანახვისას.
თამაში ცხოვრების წესად მექცა.
სახლში მისული, უგონოდ დაღლილი ყოველთვის ვიმეორებდი, რომ ეს ბოლო იყო, ხვალ სამსახურში წასული ამაზე აღარ ვიფიქრებდი და ერთხელ და სამუდამოდ ვიცხოვრებდი ისე, როგორც საზოგადოებაში მიღებული ნორმალური ადამიანი, საღამოს დადგომამდე ვერაფერს ვაკეთებდი, სულ იმაზე ვფიქრობდი რა მეთამაშა, რითი მეთამაშა, ვისი ცხოვრებით მეთამაშა, რა გამერისკა, რომ მიმეღო სასიცოცხლოდ აუცილებელი აზარტით გამოწვეული ადრენალინის შეგრძნება. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან მალე დგება ღამე, საკუთარ თავთან პოლემიკის დასრულებას ვერასოდეს ვასწრებდი, გაცხარებული კამათის პერიოდში უკვე მაგიდასთან ვიჯექი და ფსონებს ვდებდი.
მანამდე მისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, რაღაცნაირ ზიზღის შეგრძნებასაც კი იწვევდა თავისი ზედმეტად დახვეწილი და ზრდილობიანი მანერებით, მოკითხვა და გამარჯობის თქმა არასოდეს ავიწყდებოდა, ყოველთვის მოწესრიგებულად ეცვა, ტონსაც არასოდეს უწევდა, გამართულად საუბრობდა და ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო როგორ შეიძლებოდა ოდესმე ნერვები მოშლოდა, თუნდაც რამდენიმე წამით დაეკარგა საკუთარ თავზე კონტროლი.
ვერ ვიტანდი, ნაძალადევი ღიმილით ვესალმებოდი, მის დანახვაზე ყოველთვის ერთი აზრი მომდიოდა ”ოღონდ ეს არა”, ვცდილობდი რაც შეიძლება სწრაფად დამემთავრებინა სავალდებულო მოკითხვის ფაზა და თამაშზე გადავრთულიყავი, ვინაიდან პირველი ფსონის შემდეგ ის აღარც მახსოვდა, ირგვლივ ადამაინებისგან მხოლოდ სილუეტები რჩებოდა.
ერთ დღესაც მოვიდა და სტანდარტული მოკითხვის მაგივრად აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ვთამაშობდი, ზიზღი მაშინვე კეთილგანწყობით შემეცვალა, რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილება დღესაც ვერ ვხვდები. არ მესმოდა მისნაირ ადამიანს რა უნდოდა ჩვენთან, რა უნდოდა სათამაშო მაგიდასთან, არ ეწეოდა, არ სვამდა, თავს ზედმეტად ხმამაღალი სიცილის უფლებასაც კი არ აძლევდა, ჩვენ კი სიგარეტის ბოლში ვცხოვრობდით, ირგვლივ ალკოჰოლი ტრიალებდა, ვჩხუბობდით, ვიცინოდით, ჩვენ სწორედ ამ მაგიდასთან ვიყავით თავისულფები.
ჩემში ბოლო დროს ნანახი ფილმის ახალი პერსონაჟი ცხოვრობდა, ინტრიგანი, ავანტიურისტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კარტის თამაშთან ერთად ძალიან აზარტული იქნებოდა ჩვენს ზრდილობიან და ამოუცნობ პერსონასთან ინტრიგის გაჩაღება და თამაშის დაწყება.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ შესაძლებელი იყო ადამიანების მიმართ დამოკიდებულება გამჩენოდა. ვწუხვარ რომ შუბლზე არ ეწერა – ”ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ეს ადამიანი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის, იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას.”

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 838 other followers

%d bloggers like this: