და მან კამათლები აყარა ჰაერში. ჩემი საყვარელი წიგნის ამოჩემებული მომენტის მსგავსად ორივე ქუჩაში ვიდექით, დაღმართზე.
სურვილი არ ჩაგვიფიქრებია, საერთო სურვილი არ გვქონდა და იმიტომ, სხვადასხვა მიმართულებით გაგვექცა ფიქრი და სანამ დაღმართზე ჩვენი ჩაუფიქრებელი სურვილის ასრულებაზე პასუხისმგებელი კამათელი მიგორავდა ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდით რომ ჩემი საყვარელი წიგნის ამოჩემებული მომენტისგან განსხვავებით ერთ გუნდში არ ვიყავით, უფრო პირიქით ან მე მოვიგებდი ან ის.
ვერცერთმა მოვიგეთ, თამაში ფრედ დამთავრდა, ან უფრო სწორად ორივემ წავაგეთ და ჩემი საყვარელი წიგნისგან განსხვავებით კამათლები თვითონ წაიღო.
ყველაფერი ვნებით დაიწყო, უპასუხო ვნებით. შემდეგ მზრუნველობითი მომენტი გამიჩნდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მეზრუნა, მეზრუნა მასზე და იმაზე ვისზეც არჩევანი შეაჩერა და ვისთან ერთადაც იფიქრებდა სურვილებს, გულწრფელად მინდოდა მათი ისტორიის სცენარის ავტორი ვყოფილიყავი და გამენებივრებინა, მინდოდა და ვიგრძენი რომ ასეთი ამორალური არასოდეს ვყოფილვარ.
არადა მორალი არაფერ შუაში იყო, არც წესები, არც საყვარელი წიგნის სიუჟეტი და არც ის რომ ვინმეზე ზრუნვა მინდოდა, თავმობეზრებული ვიდექი ნაცნობ აღმართზე და მაშინ რომ დაღმართად მეჩვენებოდა ახლა სულის შემხუთველ დაღლილობას მპირდებოდა მხოლოდ.
ჰო, შუაში არაფერი იყო, არც მე ვიყავი არაფერ შუაში, თუმცა თავს მაინც ზედმეტად ვგრძნობდი, კადრს მიღმა უნდა დავრჩენილიყავი და საჭიროებისას მეყვირა „სტოპ“.
ვიყვირე, ვიყვირე და თან არა ერთხელ, ერთი ეგაა ყური არავინ მათხოვა, ისე განაგრძეს შესისხლხორცებული როლის თამაში ლამის იყო ბრავოს ძახილით თავად დავუფინანსე საოცნებო თაფლობის თვე.
ისე ჩემი წიგნი რომ ყოფილიყო აუცილებლად დავწერდი რა უაზრო სახელია მეთქი ეს თაფლობის თვე, დავწერდი და ერთი წინადადებით კი არ შემოვიფარგლებოდი განვავრცობდი ამ იდეას და თაფლის გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევასაც აღვწერდი. მერე საკუთარ თავს შევედავებოდი და ვეტყოდი ზედმეტი რომ არ მოუვიდეთ ალბათ ამიტომაა 10 დღით რომ შემოიფარგლებიან ხოლმე მეთქი.
ჩემი წიგნი არ იყო და ამიტომ მდუმარედ ვუყურებდი სხვისი სცენარით გადაღებულ კადრებს, მაღალი ხარისხით შესრულებულ როლებსა და გულისამაჩუყებელ სიუჟეტს.
არადა ჩემ საყვარელ წიგნში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ჩემი საყვარელი გმირი ჩემსავით იჯდა სამზარეულოში მაგიდის ფეხთან და ჩემნაირად უშვებდა კვამლს პირიდან, იჯდა და სიუჟეტი ისე ვითარდებოდა ვიცოდი აუცილებლად მოხდებოდა რამე, მე კი ისე დამაღამდა ტელეფონსაც კი არ დაურეკავს, საფერფლემ კი შემახსენა რომ უნდა დამეცალა და დასაძინებლად წავსულიყავი.
მაშინ რომ სურვილი არ ჩამეფიქრებინა დღეს მოგებული ვიქნებოდი. არ ღირს საკუთარი სურვილების ფსონად ჩამოსვლა, ფულზე თამაში ჯობია.






















May 8th, 2012 at 14:02
ბოლო ფრაზა ისეთია, ცხოვრების გაკვეთილადაც გამოდგება
May 10th, 2012 at 11:21
ამ კომენტარის შემდეგ შევხედე პოსტის ბოლო ფრაზას, არ მახსოვდა. ჰო, მართალი ხარ
May 9th, 2012 at 11:05
ჩემს სულში ნუ იქექები, ბრუტუს
May 10th, 2012 at 11:22
შენ რო იქექები კაია?!
May 19th, 2012 at 01:57
sakutar nawerebs tu xshirad waikitxav sakutar tavs dainaxav…
magram es xom aravis unda !
May 21st, 2012 at 10:38
რატომ?! მე საიმოვნებით ვკითხულობ საკუთარ ნაწერებს და მიყვარს საკუთარი თავის დანახვა
May 21st, 2012 at 13:11
magram yoveltvis gaq shishi rame iseti ar agmoachino sakutar tavwshi rac ar mogewoneba
May 21st, 2012 at 15:22
ყველაფერი ბუნებრივია ვერ მოგეწონება, თუმცა ამას შეგუებული ვარ