შეუცვლელი


სხვების ცხოვრება შემახსენებს რომ მე ჩემი მაქვს. სხვების ბედნიერ ფოტოებს იმისთვის ვუყურებ რომ საკუთარი არ დამავიწყდეს. იდეალისტი ვარ და დალაქული ტანსაცმელი მაცვია. მომთხოვნი ვარ და თან ზედმეტად მორიდებული, მოვითხოვ ხოლმე ოღონდ უხმოდ. მე და ჩემნაირებს, ანუ მე, განსხვავებულობა გვიყვარს, გაუჟღერებელი იდეების გაჟღერებას შედეგად მქუხარე ტაში რომ მოსდევს ისეთი. არასოდეს ვფიქრობ რატომ გრძნობენ თავს ასე შინაურულად ჩემი აზრები სხვის თავში, არასოდეს ვფიქრობ იმიტომ რომ კარგად ვიცი განსხვავებულობაც ერთგვარი ილუზიაა და სინამდვილეში ყველა იდენტური დეტალებისგან შევდგებით, ერთი ეგაა განსხვავებული კომბინაციები გვაქვს ხოლმე და მიუხედავად ამ ყბადაღებული უნიკალურობის დაუოკებელი ჟინისა მთელ ცოვრებას ჩვენნაირების ძებნაში ვატარებთ. სხვებს ვასწავლით როგორ გახდნენ ჩვენნაირები და გულში ვიმედოვნებთ რომ მცდელობა ამაო იქნება, ვიღაც ვერასოდეს გახდება მე, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა (!) ერთნაირი დეტალებისგან აგვაწყვეს, კომბინაცია აუცილებლად იქნება უნიკალური.

შეუცვლელობის სინდრომით ვარ ავად და ჩემნაირებს ვეძებ, ანუ მათ ვისაც ვერ შეცვლიან. იმ ადამიანებს ვეძებ ვისაც ვერ შეცვლიან და ვხვდები რომ ესეც პირობითია და გააჩნია საიდან შეხედავ.

მომავლის ცოდნა მინდა და არა დაგეგმვა, ცოდნაც იმისთვის მინდა რომ შევცვალო.

ჩემთვის ვიჯექი და ჩვეული უემოციო სახით ვუშვებდი კვამლს პირიდან. მხარზე ხელი დამადო, სიცივისგან გამომშრალი ტუჩები მომიტანა ყურთან და მოურიდებლად, შენობით ფორმაში მკითხა “გინდა გიმკითხავო?”

მინდოდა. მაინტერესებდა ისევ ხმლების დედოფალი ვიქნებოდი თუ არა.

– გახუნებული ხარ. – მითხრა და ჩემ სიგარეტს გადასწვდა.

– შენი თმის ფერივით? – ვკითხე მე.

– ჰო. – მიპასუხა მოჯღანული ღიმილით და დააყოლა – არ წახვალ.

– სად?

– არ წახვალ, წინასწარ ემოციებს დასჯერდები და უარს იტყვი, იმ წუმპეში ამჯობინებ ყოფნას რომელშიც თავს უკვე ისე გრძნობ როგორც სახლში. ნიჭიერი ხარ.

– გმადლობ და რისი ნიჭი მაქვს?

– საკუთარი თავის დასამარების.

გამეღიმა. მართალი იყო, არსად წასვლას ვგეგმავდი და არც მოსალოდნელი ცვლილებების წარმოდგენისას მეკვროდა სუნთქვა, მხოლოდ ამოჩემებულ მისამართზე დავდიოდი, ყოველი დაზეპირებული ნაბიჯი მძულდა და გადახვევის ყველა მცდელობას სადღაც ვჩქმალავდი. სასურველს მანამ ვჩიჩქნიდი სანამ სულის ამოხდამდე მისული არ შემიძულებდა. არასოდეს მსურს ისინი ვისაც ვძულვარ.

– უნდა წავიდე? – ვკითხე და სიგარეტი საფერფლეზე დავაწვი. მონეტის აგდება რომ შემძლებოდა აუცილებლად ავაგდებდი და საკუთარ თავს იმის სურვილში გამოვიჭერდი რომ ფორტუნას ეთქვა “უნდა წახვიდე”. გამოვიჭერდი და საკუთარი სისულელის შემრცხვებოდა.

მხრები აიჩეჩა “არ ვიცი”–ს ნიშნად და დამწვარი თმის ბოლოების თვალიერება დაიწყო.

კარტი არ გამიშალა ისე გაეცალა იქაურობას. ვერ გავიგე ისევ ხმლების დედოფალი ვიყავი თუ დამაქვეითეს.

 

About these ads

About finiki

I don't have to be careful, I've got a gun! View all posts by finiki

7 responses to “შეუცვლელი

  • მერც ანნა ბლუმი

    გადაწყვეტილების არმიღებაც უკვე გადაწვეტილების მიღებაა

    • finiki

      გეთანხმები. მაგრამ როდესაც ყოველთვის ამჯობინებ მიყვე დინებას ეს გადაწყვეტილების მიღების ყველაზე უსუსური ფორმაა ალბათ.

  • jfljg.

    “მომავლის ცოდნა”- ვფიქრობ ღრმად განვითარებული ლოგიკით მიიღწევა და ისეთი საშინელი უარყოფითი მხარეები აქვს, რომ სიგიჟემდე მიყავს ადამიანი, შეიძლება ვცდები:)

    • finiki

      ლოგიკით მომავლის ბოლომდე განჭვრეტა შეუძლებელია ალბათ, თუმცა შედეგები გეთანხმები რომ შესაძლოა სავალალო იყოს :)

  • Rusa

    მე ვამბობ ხოლმე, რომ ყველაფერზე კარგად საკუთარი თავის ჭამა გამომდის :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 919 other followers

%d bloggers like this: