სიტყვები აღარ მყოფნის, დავდუმდი, ცხოვრებაში პირველად მაქვს ამდენი სათქმელი და ვერაფერს ვამბობ. შავებში ჩაცმულ სიმშვიდეს ვგრძნობ, მშვიდად ვარ, ემოციებისგან დაცლილი და ყველაზე დიდ კმაყოფილებას განვიცდი რაც კი აქამდე განმიცდია.
განწყობის ხელოვნურად შექმნა აღარაფერში მჭირდება, თავისით იბადება, ყალიბდება და მიპყრობს.
არაფერს ვაპროტესტებ, არაფერი მაწუხებს, ცარიელი ვარ, ცარიელი და ბედნიერი.
დამშვიდობება ასეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა, ყოველგვარი გამარჯვებულისთვის დამახასიათებელი აღტკინების გარეშე ვზეიმობ დასასრულს.
გულწრფელ სინანულს განვიცდი, მეცოდება ყველა ვისაც ახლა ჩემსავით შავებში ჩაცმულს ახალი ემოცია არ იპყრობს. აღმოჩენების გაკეთება არასოდესაა გვიან, ახალი ემოციების შობის უნარს არასოდეს ვკარგავ, ყველაფერი განცდილი არასოდეს გვაქვს.
საკუთარ ნაწერს ვავლებ თვალს და ვხვდები რომ უხარისხო გავხდი, ვხვდები და არ ვწუხვარ, თვალის გახელისთანავე მივხვდი რომ სიტყვებით ვერაფრის გადმოცემას შევძლებდი, მივხვდი და ის ემოცია დამენანა რომელიც არსად არასოდეს დარჩება, არ აიხსნება, არ გადმოიცემა და ერთ დღეს ვეღარც გავიხსენებ. გული დამწყდა, დამენანა და კმაყოფილმა გავიღიმე, კმაყოფილმა იმიტომ რომ არსებობს რაღაც რაც უნდა იგრძნო, აუხსნელად, გადმოუცემლად, გაუზიარებლად იგრძნო და სინანულის გარეშე დაემშვიდობო შესაფერის დროს.
ნაცრისფრად გათენდა, შავები ჩავიცვი და სიმშვიდეში ავირიე.
დღეს უსახელო დღეა, უმიზნო, უმიზეზოდ გათენებული, მხოლოდ ჩემთვის შექმნილი მოვლენებით. ის თავდახრილი და შავ–წითელში არეული ფიგურა გავხდი რომლად ქცევასაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი.
უგემური გემოს არ ქონას უნდა ნიშნავდეს, საკუთარ თავს უგემურს ვუწოდებდი, გემოს არ მქონეს, არც ტკბილს, არც მჟავეს, არც მწარეს, უბრალოდ უგემურს.
ნაცრისფრად გათენდა, როგორც ახალი შთაგონება მიმღერის დღეს ჩრდილი არ მაქვს.
ვეწევი, ვეწევი და ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ ვერ შექმნეს შედევრი რომ შთაგონება ქონდათ ზედმეტად ძლიერი. დაუმორჩილებლად ცდილობდნენ სიტყვებით აღეწერათ ტალღა რომელმაც წალეკა ყველა ემოცია და ვერ გადმოსცეს, დადუმდნენ ისე როგორც დავდუმდი მე.
ჩემი ახალი მუზა წყევლად მომევლინა, დამამშვიდა, განმაახლა, ნალოლიავებ ფიგურას დამამსგავსა, ამავსო და დამადუმა.
კალამი გვერდზე გადავდე, ფეხმორთხმით დავჯექი და საწერად გამზადებულ ხელში სიგარეტი მოვიმარჯვე, პირიდან სიტყვების ნაცვლად კვამლი გამოვუშვი, ხელზე მელნის ნაცვლად სიგარეტის კვალი მაქვს.






















March 29th, 2012 at 15:22
ძალიან მომეწონა და მეცნო:(
March 29th, 2012 at 17:08
მიხარია რომ მოგეწონა.
March 29th, 2012 at 15:32
გულზე მომხვდა. ისიც, რომ უსიტყვოდ მინდა იწერებოდეს ქმნილებები, ისიც, რომ ზედმეტი შთაგონება ახლა ხელს მიშლის ბანალურობისკენ არ გავიტყუო საქმე, ის შეგრძნებაც, რომ ყოველი მოგონება თუ არ გავამატერიალურე სიტყვით, ფიზიკურ ჩარჩოში არ შემოვსაზღვრე, დაიწრიტება. ანუ გულზე მომხვდა.
March 29th, 2012 at 17:10
“ისიც, რომ ზედმეტი შთაგონება ახლა ხელს მიშლის ბანალურობისკენ არ გავიტყუო საქმე” – ზუსტად გადმოეცი, ზუსტად!
April 15th, 2012 at 22:01
bevrs etevi xo?
April 17th, 2012 at 10:04
ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ბევრს, თუმცა გააჩნია