„თინათინ“ – წაიჩურჩულა და გულიანად გაეღიმა, იფიქრებდი ელოდება როდის უპასუხებსო, სიგარეტი მოქაჩა და გაიმეორა „თინათინ!“ – ტონი უფრო მომთხოვნი გაუხდა, თითქოს გამოღვიძებას ცდილობდა. ახლა უკვე ხმით გაეცინა და სავარძელზე გემრიელად მოკალათდა.
„თინათინ, იდგებოდი ახლა კარებთან ფოსტალიონის მოლოდინში. მისი ყოველი გამოჩენისას გარეთ გავარდებოდი და კითხავდი „ჩემთვის არაფერია?“ უარის ნიშნად თავს გააქნევდა, შემდეგ კი გულითადი მეგობარივით გეტყოდა „იქნება თინათინ, აუცილებლად იქნება“-ო. შენც მოხუცი ფოსტალიონის სიტყვებით დაიმედებული შებრუნდებოდი სახლში და ჩაის დაისხამდი მოჩუქურთმებულ ჭიქაში. შემდეგ საწერ მაგიდას მიუჯდებოდი და კიდევ ერთი წერილის წერას დაიწყებდი. დიდ ხანს იფიქრებდი შესავალზე, ათასჯერ მაინც გადაშლიდი ერთი და იგივე წინადადებას, ბოლოს მოაბამდი თავს დასაწყისს და დაწერდი. „საკუთარი სახელის ვნებიან სიყვარულში გამოვიჭირე თავი, ასე მგონია მე რომ მიხდება ისე არავის მოუხდება მეთქი, ვზივარ ახლა გიჟივით სავარძელზე და საკუთარ თავს ვუმეორებ „თინათინ, თინათინ, თინათინ….“ სახლში ჯდომა არ უხდება ჩემ ფრიად პრეტენზიულ განწყობას, იფეთქებს ხოლმე და შემდეგ ყელი მტკივაო წუწუნებს, ავად ვარო იჩემებს და მიმეორებს ნამდვილად დავიხოცებითო. იქამდე არ ჩერდება სანამ ამის დაჯერებას არ დავიწყებ, შიში, რომ შემეპარება ხოლმე მეცინება ყველაფერზე რასაც გადამეტებულ ყურადღებას ვანიჭებდი.
ჩემთვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზა დასასრულზე გადის, მთავარია აღფრთოვანება მეჩქარებოდეს, ჩვეულებრივ დღეებში კი ვგრძნობ, რომ თავბრუდამხვევი ბედნიერების მოსაპოვებლად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დრო მაქვს, ჰოდა რაღას ვიჩქარო?!
ოჰ, როგორ ვერ ვიტან კითხვას რა არის ბედნიერება? თქვენ ალბათ პირიქით ხომ? რატომღაც მგონია, რომ თქვენში აღმოჩენილი სრულყოფილება სხვა ადამიანების საუკეთესო თვისებების მსგავსებაზე გადის. უაზროდ ვპრანჭავ წინადადებებს, სინამდვილეში კი მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენ თქვენი დახვეწილი ნორმალურობის ხარჯზე იზიდავთ ყველას. რა არის მეთქი ბედნიერება? ბავშვობაში ბედნიერება მუსიკალური ზარდახშა იყო, რომელშიც ბალერინა ცეკვავდა და რომელიც არასოდეს მქონია. დღეს გამახსენდა და ისე მომინდა თითქოს ისევ პატარა ბავშვი ვიყო. მაშინვე გავიფიქრე საკუთარ თავს ვუყიდი და გავახარებ მეთქი, მაგრამ მგონია, რომ მისი მაგიური დატვირთვისთვის აუცილებელია ის საჩუქრად მივიღო. სულელურად ჟღერს ხომ? კი ნამდვილად ასეა, ამიტომაცაა, რომ ვზივარ და ვიმეორებ „თინათინ! თინათინ! თინათინ…“
წინა წერილში ჩემ ახალ გატაცებაზე გწერდით, არაფრით გგავთ და ამით მომნუსხა მეთქი, დღეს დავიჩემე, რომ ზედმეტად ფემინურია, ქალური კი არა, ფემინური! ძვირფასი კახპასავით გამომწვევი და მაცდური, ღამეს, რომ გაატარებ და ამრეზით, რომ დატოვებ საწოლში, მოსაღამოვებისას კი ისევ მასთან რომ გაექანები ისეთი. ჰოდა, სანამ მოსაღამოვდება გეტყვით, რომ შემზიზღდა.“
მორჩებოდი წერილის წერას და სასწრაფოდ დალუქავდი კონვერტს. მეზობელი გესტუმრებოდა დის შვილთან ერთად, გოგონას შენ ოთახში შეიპატიჟებდი და გამოკითხავდი „უცხოეთის“ ამბებს, გამომწვევი ღიმილით გეტყოდა შენ „ადრესატს“ გადავეყარე ქუჩაში ახალგაზრდა ქალბატონთან ერთადო, დაამატებდა ბედნიერები ჩანდნენო და მოჩუქურთმებულ ჭიქას მიიტანდა ტუჩის წვერთან.
ჰო, ყველაფერი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ასეთი მარტივი, რომ არ გაეხადათ.“
გაჩუმდა, წამოიზლაზნა სავარძლიდან, მაგიდასთან მივიდა, Facebook-ის ფანჯარა გაშალა და Sent messages კიდევ ერთხელ გადაიკითხა, შემდეგ search-ში სახელის პირველი რამდენიმე ასო ჩაწერა.






















February 5th, 2012 at 12:10
მე კიდევ ბავშვივით მომინდა, ჩავბღუჯო ზარდახშა და მოგირბენინო
))
February 5th, 2012 at 12:28
მე კიდევ ამ კომენტარის შედეგად გადასარევ განწყობაზე დავდექი
)
February 5th, 2012 at 19:57
ჩემი სახნია <3
ქართული ფილმი იყო. ”დელფინი”. გახსოვს?
ზარდახშა პირველად იქ ვნახე.
სულ მინდოდა.
და დაბ.დღეებზე რომ მივდიოდი, ყველას ვჩუქნიდი, თან რამდენჯერმე არჩევნის წინაშე ვდგებოდი: იქნებ არ ვაჩუქო, იქნებ დავიტოვო?
მაგრამ მაინც ყველას ვჩუქნიდი.
წლების მერე დედამ მაჩუქა.
მაგრამ უკვე აღარ მინდოდა.
და დედას ეწყინა, რომ არ გამიხარდა.
ეტყობა ”მალფუჭებელ პროდუქტად ვაქციე”
თუ ოდესმე გადაგაწყდი, შენ გაჩუქებ
February 5th, 2012 at 20:34
რამდენი გრამატიკული შეცდომა დამიშვია :/
February 5th, 2012 at 21:10
არც ერთი შეცდომა არ დამიფიქსირებია (არადა იცი ეს რა იშვიათია?!)

))))
მახსოვს
ჰო, სეხნია
ვიმედოვნებ, რომ ოდესმე აუცილებლად გადავაწყდებით ერთმანეთს, ძალიან მაინტერესებ
February 5th, 2012 at 22:00
მუსიკალური ზარდახშები იშოვება ნეტა კიდე? ერთხელ რაღაც ფილმში ვნახე და ძალიან მინდოდა, თუმცა ოცნებას ვერ დავარქმევ
February 5th, 2012 at 23:02
ვეძებე ამაზონზე, არის ოღონდ არა ისეთი როგორიც მინდა
ჩელენტანოს აქვს “ჭირვეულის მორჯულებაში”
February 10th, 2012 at 06:06
სულ რამდენი პოსტია ამ ბლოგზე?
February 10th, 2012 at 10:01
221
February 12th, 2012 at 05:51
ე.ი. ერთი წელი დამჭირდება თავიდან რომ დავყვე და დღეში ერთი პოსტი მაინც წავიკითხო.ჰმ…. დავიწყოთ…
February 13th, 2012 at 10:48